შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მაშინ, აგვისტოს იმ ხუთ დღეს...


9-08-2016, 16:30
ავტორი sopiko
ნანახია 1 575

მაშინ, აგვისტოს იმ ხუთ დღეს მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა, თუმცაღა მეშინოდა გარშემომყოფების შეშინებული გამომეტყველების, უცნაური ხმების, გადამეტებული მზრუნველობის და ტელევიზორში გამოცხადებული ამბების, რომელთა გააზრებაც არ შემეძლო...
ახლა, წლების შემდეგ ვიცი, რამხელა საფრთხის ქვეშ ვიყავით და ამ წუთებში მეშინია იმის, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო... უბრალოდ ყველამ, როცა ამ სიტყვებს წაიკითხავთ, ღმერთს მადლობა გადაუხადეთ და პირჯვარი გადაიწერეთ...
-ღმერთო, მადლობა, რომ გადაგვარჩინე!
და მერე შუბლზე, გულზე, მარჯვენა მხარზე, მარცხენა მხარზე....

08.08.2008.
სეირნობის შემდეგ შინ რომ ვბრუნდებით, დედა ტელევიზორს რთავს. უცებ სახე ეცვლება და მობილურით სადღაც რეკავს, მერე კი ამბობს, რომ ჩვენი მეზობლის სოფელი დაბომბეს. შემდეგ ვიგებთ, რომ ის ოჯახი ახლა რუსთავშია, მაგრამ რჩება მთავარი და საშინელი სიმართლე... ომი დაიწყო. რა არის ომი, ეს დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა მაინც ვცბები და ჩემი დის მხარეს ვიწევი. მარი სულ ვერაფერს ხვდება და ტელევიზორის ეკრანს თვალს არ აშორებს.
დედა მამას ურეკავს თბილისში. მათ საუბარს ყურს არ ვუგდებ და დასაძინებლად ვემზადები. მჯერა, რომ ხვალ გათენდება თუ არა, ყველაფერი ისევ ჩვეულებრივ იქნება და დედის ფორიაქიც სადღაც გაქრება.
სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
09.08.2008.
მეორე დღეს დედა შედარებით დამშვიდებულია. ბებო არაფერს გვეუბნება. მე და მარი იქვე ვთამაშობთ. შუადღისას მამა რომ ჩამოდის, ძალიან მიხარია, თუმცა მალევე ვატყობ, რომ იმ ღიმილის უკან, რომელსაც სახიდან ჩემს დასანახად არ იშორებს, რაღაც იმალება. მამას მანქანა ეზოში არ შემოყავს და ამბობს, რომ თბილისში უნდა წავიდეთ. ბებო უარს აცხადებს. ის თვლის, რომ აქ საშიში არაფერია, მაგრამ ჩვენი წასვლა კი რატომღაც აუცილებლად მიაჩნია. მამას სხვა გზა არ აქვს. დედის გადარწმუნებას ვერაფრით ახერხებს და მე და მარი მშობლებთან ერთად მანქანით თბილისის გზას ვადგებით. გზაში ჯარისკაცის ფორმაში გამოწყობილ ბიჭებს ვხედავ. მამა ერთ-ერთს ხილით სავსე ტომარას აძლევს, ის კი უღიმის და მადლობას უხდის. ვერ ვხვდები, რა საჭიროა, რომ უცნობ ადამიანს რამე ვაჩუქოთ.
თბილისში რომ ჩავდივართ, მამა საწვავის საშოვნელად სადღაც მიდის. მე ჩემს კურდღელთან მინდა, არადა მისი წამოყვანის უფლება არ მომცეს. ბებია კი შემპირდა, რომ ძალიან კარგად მიხედავდა, მაგრამ ვიცი, რომ მასთან თამაში რამდენიმე დღეშიც კი მომენატრება.
ღამდება. მამა არ ჩანს. დედა ფანჯარას არ შორდება. მე ტახტზე ვზივარ, მარი კი თავის პატარა საწოლში. დედა სახლში შემორბის და ჩვენ გვერდით ჯდება, თან მობილურს ყურიდან არ იშორებს. მინდა ვკითხო, თუ მამა რატომ არ მოდის, მაგრამ არ ვეკითხები.
უცებ რაღაც გრუხუნის ხმა ისმის. დედა ისევ აივანზე გადის და მეც უკან მივყვები. თბილისის ზღვაზე ბანაკდებიან ალბათო, ბუტბუტებს ის და ხელში ავყავარ.
მე და მარის დაძინება არ გვინდა, მაგრამ დედა საწოლში ძალით გვაწვენს. ველოდები, თუ როდის მოვა მამა და ზარის ხმას რომ ვიგებ, მაშინ კი ვეშვები მორფეოსის სამეფოში. ჩემს სიზმრებს სრულიად არ ეტყობა, რომ რეალობაში იქ, სადაც მე ვცხოვრობ ომია.
10.08.2008.
დილაადრიან მშობლების საუბარი მაღვიძებს. თვალებს არ ვახელ, ვითომ მძინავს. მამა ამბობს, რომ მამიდაჩემთან, თიანეთში წაგვიყვანს და თვითონ უკან დაბრუნდება. დედა წინაამღდეგია და მამას გარეშე არსად დარჩენას არ აპირებს. მობილურის ზარის ხმაზე თავს მაღლა ვწევ. ჩემი მამიდაშვილი, თამრიკო რეკავს. ის გვთხოვს, რომ მასთან ჩავიდეთ სოფელში, რადგან იქ ჯერჯერობით საფრთხე არ დაგვემუქრება. მამა თანხმდება და დედაც მშვიდდება, რადგან ქმარი გვერდით ეყოლება.
ტელევიზორში საინფორმაციოს მოსმენის შემდეგ ჩემს მშობლებს უფრო ცუდი ფერი ედებათ. აღარც არაფერს ამბობენ და მე ეს დუმილი მაშინებს, სხვა კი არაფერი.
უწინ ბარგის ჩალაგებას ძალიან დიდი ხანი ვუნდებოდით, ახლა კი დაახლოებით ერთ საათში უკვე მანქანაში ვხსედვართ და თონეთის მიმართულებით ვმგზავრობთ. გზად ნატვრის ხეს ვაწყდებით, რომელზეც თოკია ჩამოკიდული. მამა მანქანის მინის საწმენდს ჭრის და მე და მარის თითო-თითო ნაჭერს გვაძლევს. ტოტს მე ვერ ვწვდები და შებმაში დედა მეხმარება. ძალიან ბევრი რამ მინდა ისეთი, რაც გათვიცნობიერებული მაქვს უკვე დიდი ხანია, თუმცა ყველაფრის მიუხედავად იმას ვნატრობ, რომ ომი ‘’გათავდეს’’. მე ხომ ისიც არ ვიცი, როგორ და რა ზმნის დართვით გამოიყენება ეს საშინელი სიტყვა.
თონეთში ჩავდივართ, იქ კი ჩემი მამიდაშვილები გვხვდებიან თავიანთი ოჯახებით. ჩემს ტოლ მამიდაშვილიშვილებთან სილაღეს ვგრძნობ და მგონია, რომ ომი საერთოდ არ დაწყებულა, თანაც თითქოს შეთანხმებულად ჩვენი მშობლებიც ჩვენთან ერთად მხიარულობენ. სამზარეულოში წყლის დასალევად შევდივარ და მოჩურჩულე დედას და თამრიკოს ვაწყდები. ვხვდები, რომ რაღაცას გვიმალავენ, გვატყუებენ ვითომ ხალისობენ, ამ ტყუილის მიზეზი კი რა არის, აზრზე არ ვარ.
მდინარეზე მივდივართ, მაგრამ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო ხუთი წუთითაც კი არ ვჩერდებით იქ და გეგმებს ვცვლით. ყველა ერთად პარკს ვსტუმრობთ და იქ ბავშვები მშვენივრად ვერთობით. ატრაქციონები, ათასგვარი სასუსნავები და საყვარელი ადამიანბი ყველა შიშს მავიწყებენ.
შინ გვიან ვბრუნდებით და მალევე ვიძინებთ.
ძილშიც ჩამესმის დედ-მამის ჩურჩული, მაგრამ დაღლილ-დაქანცული ყურთასმენას ვერ ვძაბავ და უფრო მეტად ვეხვევი ბურუსში.
11.08.2008.
ძალა ერთობაშიაო, ამბობენ.
ალბათ ამიტომაც შევყურებთ ერთმანეთს და შესამჩნევად გვიმსუბუქდება მდგომარეობა. მამიდაშვილიშვილებთან ერთად ჰამაკზე ვარ წამოწოლილი და მზესუმზირას მივირთმევ, რომელიც არავის მოუხალია. მართალია არ კრატუნობს, მაგრამ ასე უფრო გემრიელია. უცებ მზესუმზირა მიწაზე მეყრება. ამით ვხვდები, რომ რაღაცაზე ვფიქრობ, რაღაცაზე ვღელავ... სხვებსაც ვაკვირდები და ყველას იგივეს ვატყობ.
ჩემს გასამხიარულებლად ერთ-ერთი მამიდაშვილიშვილი, ანი მთავაზობს, რომ მეორე სართულზე ავიდეთ, ის კი თავის ტუჩსაცხს და სუნამოს მაჩვენებს. მეც ვთანხმდები. ანის საძინებელში რომ შევდივართ, მოულოდნელად შუქი ქრება და ოთახში სიბნელე წვება, რადგან უკვე საღამოა. იმ წუთას მგონია, რომ ყელში მიჭერენ ხელს. ხმამაღლა ვკივი და ტირილს ვიწყებ. ისე მტკიცედ მწამს, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა, ჩემი გადარწმუნება ძალიან რთულია. ოთახის კარებს ვიღაც გლეჯს და ჩემი მამიდაშვილის ქმარს ვხედავ, რომელიც მეც და ანისაც ხელში გვიტაცებს და ორივე დაბლა ჩავყავართ. ვერაფრით ვმშვიდდები. ვერ ვიჯერებ, რომ ‘’გადავრჩი’’.
12.08.2008.
დილით ისევ საინფორმაციო... მერე ჩუმი ვიშვიში...
ბავშვები მეზობელ გოგონას მაცნობენ და ცოტა ხანს მას ვეთამაშებით. ის გოგო ჩვენთან რჩება სადილად. ამდენნი რომ ვართ, უფრო გვიხარია. ერთმანეთს ჭამაში ვეჯიბრებით და ყველა ბოლომდე ვაპრიალებთ თეფშს.
ჩვენ შემდეგ უფროსები სადილობენ.
უეცრად თვითმფრინავის ხმა გვესმის და ცას ვაპყრობთ მზერას. ყველას შიშის ჩრდილი ეცემა, მაგრამ ემოციურობით გამორჩეული თამრიკო შეშინებული ყვირის, რომ გვბომბავენ... მეზობელი გოგონა ტირილს იწყებს. ერთ ადგილზე გაშეშებული ვდგავარ და თვალებით მარის ვეძებ.
თვითმფრინავი ჩვენი თვალთახედვიდან ქრება.
ცოცხლები ვართ.
საღამოს საინფორმაციოში იგებენ, რომ საფრთხე აღარ არსებობს და ომი დასრულდა. გარშემომყოფების შვებით ამოსუნთქვა ერთმანეთს ერწყმის. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არც წინა დღეებში ვიყავი უბედური. მგონია ყველაფერი საუკეთესოდ დასრულდა ისევე, როგორც ჩემს საყვარელ მულტფილმებში, სინამდვილეში კი თურმე ჩემი სამშობლო გაუძარცვიათ... ამას მერე ვიგებ და ისე ვბრაზობ, როგორც წესით მაშინ უნდა გავბრაზებულიყავი. ხო, მე გადავრჩი, მე არავინ დამიკარგავს, მაგრამ რამდენის ცხოვრება შეიღება შავად? რამდენის გული გაჩერდა? რამდენმა შესწირა თავი სამშობლოს და რის გამო? რატომ? რატომ განვიცადეთ დასასრული იმ ხუთ დღეს?
ამ კითხვას ახლა ვუსვამ საკუთარ თავს...
რვა წლის შემდეგ!
პასუხი კი არ მაქვს...
თქვენ კი იცით, რომ?

მეორე დღეს თბილისში დავბრუნდით.
მზემ კვლავ გამოინათა, მაგრამ არა ყველასთვის...
მაგრამ მე მაინც მახსოვს ის ხუთი დღე! ის სიბნელე! ის დაძაბულობა!
სამი რამ დაგვრჩა წინაპართაგან:
მამული, ენა, სარწმუნოება! ეს არის ჩვენი ვალი... ჩვენ უნდა დავიცვათ სამშობლო...
და მჯერა, რომ შევძლებთ! ამ რთულ მისიას გავუმკლავდებით და მზეც სამუდამოდ გამობრწყინდება!



№1  offline მოდერი ლილიანა

მე არავინ დამიკარგავს და არც არაფერი ამ ომში მაგრამ ემოციურად ძალიან დავიღალე.დისშვილი სამი დღის დაბადებული იყო და ვერ წავიდოდით სადმე.პლიუს ჩემი შეყვარებული ( ახლა უკვე ქმარი ❤) ცზელ წერტილში ცხოვრობდა,ბევრი ვიტირე იმ ხუთ დღეს
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline წევრი zoi

ზოგი გადარჩა,ზოგმა ამოისუნთქა ზოგმა კი ცხოვრება დაკარგა..ვის?რის გამო? ნეტავ პასუხი ვიცოდე და ჩემი მთელი სიძულვილი მისკენ წავიდოდა..

 


№3  offline მოდერი sopiko

zoi
ზოგი გადარჩა,ზოგმა ამოისუნთქა ზოგმა კი ცხოვრება დაკარგა..ვის?რის გამო? ნეტავ პასუხი ვიცოდე და ჩემი მთელი სიძულვილი მისკენ წავიდოდა..

ეს უპასუხობაა სწორედ ყველაზე რთული ასატანი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent