ბედნიერების რეცეპტი (ოცდამეცამეტე თავი)
როგორც ყოველთვის, პირობა ამჯერადაც შეასრულა მამაომ, ზუსტად ორ საათში ორთაჭალის ციხესთან გააჩერა არაბულისეული ძველი მოდელის წითელი ნივა, რომელიც ტრადიციისამებრ ისევ აკამ აღუდგინა. უცნაური შესახედი იყო დუგებით გალამაზებული, გათანამედროვებული ავტომობილი. მნახველთათვის განკუთვნილ შესასვლელთან მდგომმა ბადრაგებმა ყურადღებით შეათვალიერეს მონიკელებული ნივა: - აი, მესმის, - აშკარად მოეწონა - რა „იდეინია“ ვიღაც! - სიცილით გახედა ავტომობილს. ალბათ, ყველას ელოდნენ, მაგრამ ნივიდან ანაფორით მოსილი მოძღვრის გადმოსვლას ნამდვილად არა. თეთრწვერა ნიკოლოზის დანახვაზე თავი ვერ შეიკავეს და საკმაოდ ცინიკური რეპლიკებითაც შეამკეს ბადრაგებმა: - აი, მესმის, მამაომ ამაზე ნაკლები ავტომობილით არ უნდა იაროს. - რაა ამისთანა, ერთი ჩვეულებრივი ნივაა, დუგები რომ მოხსნა, კაპიკია მაგის ფასი. წლებით ალბათ, ბაბუაჩემის ხნის მაინც იქნება. - დაიწუნა ვიღაცამ აკას შემოქმედება. - ღადაობ, ტო? „იმენნა“ გეტყობა რომ მანქანების გაგებაში არ ხარ, ჯერ მარტო დისკები აქვს ერთი მანქანის ფასი, სალონი ნახე რა. - ერთ-ერთმა ავტომობილთან გადაინაცვლა და ახლოდან შეათვალიერა - „ნავაროტკები“ ნახე რა.... ტიპს უკანა ხედვის კამერაც კი აქვს... - აბა, აბა, რომ ჰკითხო ეკლესიას ფული არ აქვს, არადა კი გულაობენ... მათი საუბრისთვის ყურადღება არ მიუქცევია მოძღვარს, ერთხელ კიდევ შეავლო თვალი არაბულისეულ წითელას ამაყად რომ იწონებდა ავტოსადგომზე თავს. ავტომობილის გარშემო მოტრიალე ბადრაგებს გვერდი აუარა და ციხისკენ მიმავალი მნახველთათვის განკუთვნილი კარებისკენ აიღო გეზი. გზადაგზა რიგში დგომით გაბეზრებულ მნახველებს ლოცავდა და ნელ-ნელა მიიწევდა წინ. შეუმჩნეველი არ დარჩენია ლოდინით გაბეზრებულს, საკნის სარკმლთან მდგომ თორნიკეს მამაოს ეზოში შესვლა. შორიდანვე შენიშნა მისი სათამაშო ავტომობილის მოზრდილი ტყუპისცალი. ღიმილით უმზერდა მიუხედავად გარშემო მყოფი ფორმიანებისა, დინჯი მოძრაობით როგორ შეკეცა სარკეები, პატარა ბავშვივით სათუთად როგორ მიეფერა ავტომობილს. - არ იცვლება! - თბილად გაეღიმა მოძღვრის შემხედვარეს. სარკმელს სწრაფი ნაბიჯით მოშორდა და ბადრაგის მოლოდინში თავადაც საკნის კარებთან აიტუზა. - ქართველიშვილო, შენთან მოძღვარია მოსული. არ ვიცოდით ცოდვები თუ გაწუხებდა, ღმერთისაც გწამს?! - ირონიულად უცინოდა საკუთარი ხუმრობით გახალისებული ბადრაგი. ხმა არ ამოუღია თორნიკეს, ხელები ჩვეულებისამებრ ისევ უკან დაიწყო და თავ დახრილი, ოდნავ ბეჭებში მოხრილი მორჩილად გაჰყვა ალაზღანდარებულ მამაკაცს. ერთად-ერთი ვისთან შეხვედრაც თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეეძლოთ პატიმრებს, სასულიერო პირები გახლდნენ. მოძღვართან მათ საუბარს არ ესწრებოდნენ ბადრაგები. აღსარების საიდუმლოს მკაცრად იცავდნენ მამაოები. თუმცა ბოროტი ენები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ეკლესიის წარმომადგენლები ციხის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაზეც არ ამბობდნენ უარს, ივიწყებდნენ ღვთის წინაშე დადებულ პირობას და მიღებულ ინფორმაციას ირაკლის მსგავს ნაძირლებს აწვდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკეს ბოლო წლებში მამა ნიკოლოზთან ნაკლები შეხება ჰქონდა, ეკლესიისა და სასულიერო პირების მიმართ ბავშვობიდანვე არსებული მოწიწება არ განელებია. რაც არ უნდა ეთქვათ და რაც არ უნდა მოესმინა, მამაოების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ვერასოდეს დაიჯერებდა. ამჯერადაც ბრმად სჯეროდა, რომ ერთად-ერთი ადამიანი, ვინც ამ რთული სიტუაციიდან სწორ გამოსავალს იპოვიდა მისი მოძღვარი იქნებოდა. აღსარებისთვის გამოყოფილ მცირე ზომის ოთახში ისეთი მოწიწებითა და სიყვარულით უმზერდა მხარბეჭიან, კარგად შევერცხლილ შავოსანს, თითქოს წინ მხსნელი ედგა. შუბლშეკრული აკვირდებოდა ამდენი ხნის უნახავ ვაჟს ნიკოლოზი. თორნიკეს გაუხეშებულ ნაკვთებში ამოკითხული სიხარული და იმედის სხივი შეუმჩნეველი არ დარჩენია, ღიმილმა წვერით დაფარული სახე გაუნათა. მერე რა რომ წინ ზრდასრული, თითქმის ორ მეტრამდე მამაკაცი ედგა, ორივე ხელი გაშალა და ჩაიხუტა მონატრებული აღზრდილი. უჩვეულო სიმშვიდე იღვრებოდა ნიკოლოზის ხელებიდან. ძნელია იმის თქმა რამდენ ხანს იყვნენ ასე ჩახუტებულები, თუმცა შიში გაქრა, პანიკა განელდა და სიხარულით აღივსო ვაჟმა. თორნიკეს ხასიათში მომხდარი ცვლილება არ გამორჩენია მოძღვარს, კმაყოფილი აკვრიდებოდა მომხდარ გარდატეხას მამაო. - აბა, ორიოდე სიტყვით მომიყევი რამ შეგაწუხა, - ოთახში მდგომ პატარა მაგიდასთან ჩამოჯდა - ასე რამ დაგაფრთხო, რომ ჩემთან დარეკვა გადაწყვიტე?! - წინ მჯდომს თმები ისე მოუჩეჩა ბიჭს, როგორც ბავშვობაში. - ორიოდე სიტყვა ალბათ არ მეყოფა... - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ქართველიშვილს. - არსად მეჩქარება. დრო ბევრი გვაქვს... თორნიკე დაწვრილებით უყვებოდა მომხდარს. ნელ-ნელა ღიმილი ეკარგებოდა ნიკოლოზს, გიგაურის გაჟღერებაზე, საერთოდ მოიქუფრა. - ახლა რას აპირებ? - დაძაბული შეეკითხა თორნიკეს. - ჩემი საქმე მაინც წასულია. სასჯელის გაზრდა არ ამცდება, ბარემ გავუმარტივებ საქმეს ადმინისტრაციას, დავიწყებ გიგაურით და დავასრულებ ირაკლით... - გულგრილად საუბრობდა ქართველიშვილი. - შენი აზრით, ეგ სწორი გზაა? - ყურადღებით დააკვირდა მოძღვარი ვაჟს. - აქ სწორი გზა არ არსებობს, არის გარდაუვალი და აუცილებელი... - და, თუ გეტყვი რომ ცდები? - ვითომ? - ეჭვით ახედა ვაჟმა. - ზოგჯერ შენგან დანახული მხოლოდ ილუზიაა, რეალობას კი ვერ ამჩნევ. შენ ახლა მოვლენებს გამძაფრებულად აღიქვამ, შენში სიძულვილმა იმძლავრა და საღად აზროვნების უნარიც დაგიკარგა... - საღ აზრს მთხოვთ? ჩვენ ხომ ელენეზე ვსაუბრობთ, მის უსაფრთხოებაზე?!.. - აღშფოთება ვერ დამალა ქართველიშვილმა. - გმადლობ, რომ შემახსენე! - ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა ნიკოლოზს - მაგრამ ვისაც არ უნდა ეხებოდეს, საღი აზრი ყოველთვის უნდა შეინარჩუნო.. - მაოცებთ! - აშკარად გაბრაზდა თორნიკე. - მისმენ, მაგრამ მაინც ვერ აანალიზებ. - მისი გაღიზიანება არ შეიმჩნია, ისე გააგრძელა მამაომ - ცხოვრება რთულია თორნიკე, იმაზე რთული ვიდრე შენ წარმოგიდგენია. ბევრი რამ იქებ ვერ ახსნა და ვერც გაუგო, მაგრამ რაც დღეს დაფარული და საიდუმლო გგონია, ხვალ აუცილებლად ცხადდება. - ვერ მიგიხვდით, რომელ საიდუმლოზე საუბრობთ? - ვერც მიმიხვდები, თუმცა მხოლოდ ერთს გკითხავ, ჩემი გჯერა?! - გამომცდელად შეხედა თვალებში მოძღვარმა. - რა თქმა უნდა! - დაუფიქრებლად უპასუხა ვაჟმა. - ახლავე უნდა გაითვალისწინო, რომ წინ რთული გზა გველის, იმაზე რთული ვიდრე ორი ადამიანის მკვლელობაა. ამისთვისაც მზად ხარ?! პასუხად ისევ თავი დაუქნია ვაჟმა. - კეთილი. -კმაყოფილმა გაიღიმა მამაომ - შენი ნათქვამიდან, თუ სწორად გავიგე, სამ დღიანი ფორა გვაქვს. თუმცა ამდენიც არ გვჭირდება. - რას გეგმავთ? - ერთი დღე მომეცი, მხოლოდ ერთი, გიგაური თავისივე მოქმედებით გაგცემს კითხვებზე პასუხს. - კრიმინალის ხსენებისას ზიზღი მაინც ვერ დამალა ნიკოლოზმა. - მამაო, დარწმუნებული ხართ? - რა თქმა უნდა, ერთად ერთი რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ რაც ხდება ყველაფერი ღვთის ნებაა, შემთხვევით კი არაფერი ხდება! - თბილად უღიმოდა მოძღვარი. - ისევ ქარაგმები? - სევდა გაერია ხმაში ვაჟს. - არა, მოვიდა დრო წლების წინ დაწყებული ფარსი დავასრულოთ. - ფარსი? - საბოლოოდ დაიბნა ვაჟი. - დიახ, ფარსი, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა. - ვერ ვხვდები, ვის გულისმობთ? - ცნობისმოყვარე მინდიასეული თვალებით უმზერდა ვაჟი. ღვიძლ მამამასთან ამხელა მსგავსება ახლაღა შენიშნა მოძღვარმა. ტკივილმა ისევ გაკვეთა ძველი იარები, ისევ ეტკინა დაკარგული მეგობარი. - მოვა დრო და ყველაფერს გაიგებ. ახლა კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გიგაური წინ არ დაგიდგება, ვის, ვის და გიგას სისხლში ხელს არ გაისვრი! - ისევ თბილად უღიმოდა მოძღვარი. - ამის მართლა გჯერათ? - არ უნდოდა, მაგრამ ეჭვმა მაინც გაუბზარა ხმა. - მჯერა თორნიკე, მჯერა! - ვაჟის დაძაბული სახის დანახვაზე სიცილი ვეღარ შეიკავა. კიდევ ერთხელ ჩაიხუტა ვაჟი და დაიშალნენ. შედარებით დამშვიდებული ბრუნდებოდა ქართველიშვილი საკანში. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი ნიკოლოზზე. დაღვრემილი, ჩაფიქრებული ჩაჯდა მინდიასეულ ავტომობილში, უკანა სავარძელზე მოზრდილი ტყავის საქაღალდეს გახედა. მობილურზე ნომერი აკრიფა. - სად ხარ? - უხილავ ობიექტს ჰკითხა მოძღვარმა - არსად წახვიდე, ნახევარ საათში შენთან ვარ. გენერალური პროკურატურის ეზოში ლიკას საქმის შემდეგ არ იყო ნამყოფი ნიკოლოზი. წარსული კი მთელი სიმძაფრით ისევ აწმყოდ ქცევას ლამობდა. მოგონებები მთელი სიმძიმით აწვებოდნენ მხრებზე. ერთიორად აღიზიანებდა გიგაურთან მოსალოდნელი შეხვედრაც, თუმცა მაინც მიდიოდა. ამჯერად ბევრად დიდი მისია ეკისრებოდა, ახლა მინიმუმ ორი ადამიანის ბედი იყო მის ხელში. მიმღებში საშვიც დაშვებული დაჰხვდა და გენერალური პროკურორის კაბინეტამდე პოლიციელმაც მიაცილა. ფარნავაზ მოლოდინაშვილის კაბინეტი ისევ ძველებურად, კომუნისტების დროინდელი მაღალჩინოსნების კაბინეტების მსგავსად იყო მოწყობილი. იატაკზე მოწითალო, მოშინდიფრო ფერის ხალიჩა დაეგოთ, ფანჯრებს ამავე ფერის ხავერდის თეატრალური ფარდები ამშვენებდა. ოთახის შუაგულში თათბირისთვის განკუთვნილი დიდი გრძელი, ყავისფერი ხის მაგიდა და გარშემო მასიური, რბილი სკამები შემოეწყოთ. სავარაუდოდ ამავე ფირმის სამეული და ჟურნალების მაგიდა. ერთად ერთი თანამედროვე შტრიხი, რაც ოთახს ამშვენებდა კომპიუტერი და მოზრდილი, პლაზმური ტელევიზორი გახლდათ. - ამას რას მოვესწარი, ნიკოლოზ! - მთელი გულით გაუხარდა მოლოდინაშვილს მისი დანახვა. - სიმართლე გითხრა არც მე მეგონა, ჩემი ფეხით თუ მოვიდოდი პროკურატურაში! - ისევ ძველებულად მეგობრულად მოეხვია ხელზე სამთხვევად დახრილ ფარნავაზს - მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა... - სახე მოეღრუბლა მამაოს. - იმდენად სერიოზულადაა საქმე, რომ აქ მოსვლა გადაწყვიტე? იქნებ რესტორანში გადაგვენაცვლა? - მობილურს დასწვდა - დავრეკავ ბიჭებთან და გავიხსენოთ ძველი დრო!- წინასწარ იფშვნეტდა ხელებს მოლოდინაშვილი. - რა გითხრა?! მოდი ჯერ ამ საბუთებს გადახედე და დანარჩენზე შემდეგ ვიფიქროთ! - ელენეს მიერ გადაცემული ტყავის მოზრდილი საქაღალდე წინ დაუდო გენერალურ პროკურორს. - რა დევს მაგ საქაღალდეში? იმედია ბომბი არაა?! - სიცილს ვერ იკავებდა ფარნა. - ვისთვის ბომბი, ვისთვის სამარე.... გააჩია როგორი თვალით შევხედავთ! - ხუმრობაში აჰყვა მოძღვარიც. - უკვე მაშინებ, ნიკოლოზ! -მეტი ხილვადობისთვის მაგიდაზე დადებული აბაჟურიც აანთო მამაკაცმა. სათითაოდ ფურცლავდა საქაღალდეს. თითოეულ დოკუმენტს ყურადღებით კითხულობდა, მუდამ თავდაჭერილს მღელვარებისგან ხელების უცახცახებდა. - ასეთი ხეპრე როგორაა, რამდენჯერ გავაფრთხილე, რამდენჯერ, მე ამის.... - მოძღვრის იქ ყოფნას აღარც მოერიდა უწმაწურად იგინებოდა ფარნა - ახლა რა ვქნა?! მითხარი რა ვქნა?! ჩემი ხელით ხომ არ მოვკლავ, მე მაგის.... - ახლა? ჩემი თქმა არც გჭირდება, კარგად ხვდები რაც უნდა ქნა... - სიძეა ეგ ახვარი, სიძე. ჩემ შვილს ასე როგორ მოვექცე?! შვილიშვილები?! მათ როგორ ავუხსნა?! - არ ვიცი, ფარნა, არ ვიცი! - მეგობრის განწყობა თავადაც გადაედო - მაგრამ ერთი რამ ცხადია, ეგ ნაგავი დროულად უნდა მოიშორო. ისევ ბავშვების სასარგებლოდ, ისევ შენივე შვილის გადასარჩენად. - რთულია ნიკოლოზ, რომ იცოდე როგორი რთულია. - ტკივილით გაეღიმა გენერალურ პროკურორს -ყველაზე რთული იცი რაა? ჩემივე შვილი გამიგიჟა, ტო... დააბოლა, ეს ფოტოები რომც ვაჩვენო, მეტყვის შეთითხნილია, დამონტაჟებულიაო, გესმის შენ?! „იმენნა“ გამოათაყვანა. - არჩევანი გაქვს? - ინტერესით, გამომცდელად ჩაეკითხა მოძღვრავი. - ზედმეტად რთული არჩევანია, ნიკოლოზ, ჩვენს ძმობას გეფიცები, ზედმეტად მძიმე. ცალ მხარეს ჩემი კაცობა, ჩემი ცხოვრებაა, მეორე მხარეს კი.... - გოგონა, რომელმაც ეს მასალები შეაგროვა, ჩემი გაზრდილია, - მუქარასავით ჟღერდა მამაოს სიტყვები - ახლა ირაკლის დამსახურებით სიცოცხლისთვის იბრძვის. მგონი არც ვაჟია შენთვის უცნობი. აკას და თეკლეს რომ თავი დავანებოთ, მინდიას რა პასუხს აძლევ?! მისი ერთად-ერთი მემკვიდრე ოთხ კედელში დავამწყვდიოთ?! - არ გინდა, გთხოვ. დღემდე კვანტალიანის ამბავი ვერ მომინელებია. ახლა კიდევ ეს დაემატა. - მე ვერაფერს გირჩევ, შენი გადასაწყვეტია, როგორც სინდისი გიკარნახებს ისე მოიქეცი. - ახლა იცი რა მინდა?! შორს გაქცევა, ყველასგან და ყველაფრისგან, უბრალოდ დამალვა. ბევრს ვითხოვ? - ბევრს არა, შეუძლებელს. - და, ცხოვრებაში ერთხელ ეგოისტი რომ ვიყო?! დავივიწყო მეგობრები, ოჯახი, ვალდებულებები, მხოლოდ საკუთარ თავზე რომ ვიფიქრო? - მოახერხებ?! - ისევ გამომცდელად უმზერდა ნიკოლოზი. ფარნამ თავი დახარა, ვეღარ გაუძლო მსაჯულად მოვლენილ მოძღვარს. - წავალ, შენ კი იფიქრე, როგორც გულმა გიკარნახოს ისე მოიქეცი. რაც არ უნდა გადაწყვიტო, ნებისმიერ შემთხვევაში შენთან ვარ. - სადღაა გული... - ტკივილით გაუღიმა ფარნავაზმა უკვე მიმავალ მეგობარს. ნიკოლოზი გავიდა თუ არა, მობილურზე აბულაძის ნომერი აკრიფა და ერთგული გამომძიებლის ხმაც გაიგონა. - ძმურად, ჩემთან შემოდი რა... - რაც არ უნდა მოხდეს, ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ვერავინ მიხვდეს ამ საქმეში ჩვენ თუ ვართ გარეული. - გასაგებია. - ისიც არ დაგავწიყდეს, ირაკლის ფაქტზე უნდა გამოვიჭეროთ. ოღონდ იცოდე კვანტალიანის შემთხვევა არ უნდა განმეორდეს. - როგორც ამ საბუთებიდან ჩანს, შენი სიძე ციხეში, დახურულ სივრცეშია დიდ გულზე. გარეთ როგორ გამოვიტყუოთ?! - არა მგონია გაგვიჭირდეს, რამეს მოვიფიქრებთ, ამ ამბავში შენ მხოლოდ ერთი გევალება, საჭირო დროს, საჭირო ადგილზე გამოცხადდე.. კარგად ამჩნევდა გამომძიებელი, როგორ უჭირდა საუბარი ფარნავაზს. ზედმეტი კითხვები აღარ დაუსვამს, გენერალურ პროკურორს დაემშვიდობა და საკუთარ პრობლემებთან მარტო დატოვა მამაკაცი. გენერალური პროკურატურიდან გამოსული ნიკოლოზი კი ამჯერად მუხიანისკენ მიაგელვებდა მის წითელას. უკვე შებინდებული იყო, როცა დუმბაძის ქუჩაზე გადაუხვია, არაშენდად წოდებულ კარკასს გასცდა და ელენეს სახლთან გაჩერდა. მოძღვრის სტუმრობა არ გაჰკვირვებია მაიკოს. ნიკოლოზი მათი ხშირი სტუმარი გახლდათ. - კარგია რომ მოხვედი, არც ელენეა, მარტო მყოფს სადილობაც მეზარებოდა, - სამზარეულოში გაუძღვა ქალი - სულ რამდენიმე წუთში გავშლი მაგიდას, ხომ გშია? -სახლში არაა? როგორაა? სადაა? - თითქოს პასუხი არ იცოდა, ისე ჰკითხა მოძღვარმა. - სამსახურში დატვირთეს ძალიან. მივლინებაშია რამდენიმე დღით. უკვე მომენატრა ეგ მაიმუნი. - შვილზე თბილად საუბრობდა მაიკო. - დარწმუნებული ხარ? - გამომცდელად ჩაეკითხა მამაკაცი. - არა?! - მოძღვრის კითხვა ეხამუშა ქალს და გაზქურასთან მდგომმა გაოცებულმა გამოხედა სამზარეულოს მაგიდასთან მჯდომ მამაოს. - მომისმინე, ძალიან გთხოვ, ზედმეტ კითხვებს ნუ დამისვამ, უბრალოდ ერთ ადგილზე უნდა გამომყვე!. - სად? - ცოტაც და ალბათ ატირდებოდა დაძაბულობისგან მაიკო. - ციხეში. - გაგიჟდი? - ფამილარობის გარეშე მიმართა ქალმა - ციხეში რა მინდა? მაიკოს უჭირს რამე? - პანიკა გაერია ხმაში. - დროა გიგაურებს სიმართლე გავუმჟღავნოთ! -მეხუმრები?! - მამაკაცის სიტყვებზე ფერი დაეკარგა ქალს, წონასწორობის შესანარჩუნებლად თავადაც ჩამოჯდა ქალი - მოვკვდები და მაგათთან მაინც არ მივალ!. - ვიცი, რომ შენთვის მძიმეა, მაგრამ ისევ ელეს სასიკეთოდ, ისევ ჩვენი გოგონას გადასარჩენად, ახლა ამ საიდუმლოს შენახვის დრო აღარაა. - პატარა ბავშვივით ემუდარებოდა მოძღვარი. - მაგათგან კარგს როგორ ელი?! გამორიცხულია... - დამიჯერე, სხვა გზა რომ არსებობდეს, აუცილებლად ავირჩევდი... - ვერა ნიკოლოზ, არ შემიძლია! - ისევ არ თმობდა პოზიციას ქალი. - ვერ გავიგე, ეს საიდუმლო შვილის დაკარგვად გიღირს? - საბოლოოდ გაბრაზდა მოძღვარი. - ნიკოლოზ, ყველაფერ წმინდას გაფიცებ... - მუდარით უმზერდა ქალი - მითხარი, რა ხდება ჩვენს თავს? - ჯიუტ ცრემლებს ვეღარ იკავებდა მაია. - შენს შვილს ვჭირდებით. ყველა ერთად, მეც, შენც და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს გიგაურებიც კი. დაძაბული უმზერდა მამაოს ქალი, ცრემლებს ყლაპავდა, ერთი სული ჰქონდა ეკითხა, რა სჭირდა მის ერთად-ერთს, მაგრამ პასუხის შიშით კითხვის დასმა ვერ გაბედა. სასურველი კითხვის ნაცვლად, სულ სხვა რამ იკითხა: - მამაო, ხვდებით ამას რა მოჰყვება?! - შენი წამების დასასრული, - პატარა ბავშვივით ჩაიხუტა აცახცახებული ქალი - ელენეს გადარჩენა, სამართლიანობის აღდგენა, რომელი ერთი ჩამოგითვალო?! - თავზე აკოცა მამაომ. - დარწმუნებული ხართ? - ცრემლებით სავსე თვალებით ახედა ქალმა და როგორც კი მამაკაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ისევ მორიგი კითხა დასვა: - დღესვე მივდივართ? - არა. დღეს უკვე გვიანია. აღარ შეგვიშვებენ. თან შენი შეყვანის თემაც, წინასწარ უნდა შევათანხმო ადმინისტრაციასთან. ხვალ მივიდეთ. - კარგი, რადგან ასე გსურს. წავიდეთ. უბრალოდ... - რა უბრალოდ? - არ დამიმალო, ჩემი ელე ხომ კარგადაა? - დამიჯერე მაიკო, უკეთესად რომ იყოს, დროს ყველაფერს წერტილი დავისვათ... - მჯერა, მამაო, ჩვენ თქვენი გვჯერა! - თვალეზე მომდგარი ცრემლები ხელით მოიწმინდა და გულწრფელად გაუღიმა მოძღვარს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.