ბედნიერების რეცეპტი (თავი ორმოცდაექვსი)
ელვის სისწრაფით გავრცელდა მონასტრის დაწვის ამბავი ხეობაში. შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა ტაძარში სიარულითა და მარხვით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ღვთის მოშიშობა სისხლში ნამდვილად ჰქონდათ გამჯდარი. ჯერ კიდევ ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად უყვარდათ ნიკა და მისი ოჯახი. უკვე საეკლესიო ცხოვრებას შემდგარი ნიკოლოზის მიმართ არსებული სიყვარული კი უსაზღვრო მოწიწებაში და პატივისცემაში გადაეზარდათ. განსაკუთრებით იმით ამაყობდნენ, რომ ნიკოლოზი მონასტერს სწორედ საკუთარ დედულეთში აშენებდა. ახლა რა გამოვიდა?! ისევ ხევსურებმა, ისევ მათმავე სისხლმა და ხორცმა გაანადგურეს და მიწასთან გაასწორეს ამდენი წლების ნაშრომი?! სიწმინდეებზე თავდასხმას თითოეული პირად შეურაცყოფად აღიქვამდა. აღშფოთებული და გაღიზიანებული მოსახლეობა თავშესაფრის ეზოში შეკრებილიყო. იქვე იყვნენ თორნიკეც და ბიჭები. შედარებით ასაკიანები იხსენებდნენ და მოზარდ თაობასაც უამბობდნენ ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ, კომუნისტების მიერ ჩადენილ ვანდალურ ფაქტებს, ასევე ყვებოდნენ რა ბედი ეწიათ იმ ოჯახებს, ვისი ოჯახის წევრებიც გარეულნი იყვნენ მსგავს დანაშაულებში. - მაგრამ ასეთი რამ, მონასტრის გადაწვა?! სად გაგონილა, რომელი ჯიშისანი არიან, ვინ არიან?! თავს ლაფი დაგვასხეს. - ბრალი მათი და მათი შთამომავლების. რაც მოიგეს დანარჩენებმა, იმასვე მოიგებენ ესენიც. გახსოვს ქავთარაანთ გივი, ხატობას შესაწირი რომ მოიპარა?! - ქოთქოთებდა ვიღაც ქალი. -აბა, აბა... გაუწყრა კიდეც ხატი. ციხე სანატრელი გაუხდა საცოდავს. ერთი ბიჭი ჰყვანდის და ისიც ინვალიდი... - ხევსურულად მოუქცია მეორემ. - აბა, აბა... საბრალო როგორ დაიტანჯა. - ასეა, ასე პაპის ნაჭამმა ნიორმაო, ხომ გაგიგიან? - ეჰ, მე კი გამიგია, მაგრამ ამათ?! ამბობენ დამნაშავეები სრულად ვერც დაიჭირესო. ერთი კიდევ გარეთ დარჩენილა. - თავი გადააქნია ერთ-ერთმა. - მაგასაც მიხედამენ, ხეირი არც მაგას დაადგება! - დათამ ისე მოუქცია იქაურ კუთხეზე ადგილობრივი გეგონებოდა. - აქ ლაპარაკით ტყუილად დროს ვკარგამთ, დამნაშავეებს პოლიცია მიხედამს - თავზე დამხობილი ფოფოხი შეისწორა უხუცესმა - ჩვენ კი ავიდეთ მონასტერში, ბერებს დავეხმაროთ. იქნებ მოვახერხოთ და ნიკოლოზის გამოსვლამდე კელიებიც აღვადგინოთ. - აბა, რა... ეგეც ხეირია, ეგეც საქმეა. - აშკარად მოეწონათ მოხუცი ბერდიას წინადადება ხალხს. ხმაურით წამოიშალნენ. ნიკოლოზის მდგომარეობა სულაც არ იყო ისეთი მარტივი, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა. ერთი ტყვია მხრის ძვალში გაჭედილიყო და ქირურგიული ჩარევის გარეშე ამოღება შეუძლებელი გახლდათ. მეორე იარა გამჭოლი ხასიათის გახლდათ, თუმცა ყოველდღიურ დამუშავებას ისიც საჭიროებდა. ექიმების აზრით, შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით მამაო მინიმუმ ორი კვირა მაინც უნდა დარჩენილიყო საავადმყოფოში. - რას ამბობთ! - აღშფოთებული ნიკოლოზი კოპებ შეყრილი უმზერდა პალატაში შეკრებილ მომღიმარ მეგობრებს. - რა იყო, რა არ მოგწონს?! თან დაისვენებ, თან გამოშუშდები! - შესცინა თეკლემ. - მართლა გჯერა, რომ ეხლა დასვენების დროა?! - ისევ შეუღრინა მოძღვარმა. - შეიძლება არცაა, მაგრამ გჭირდება! - მეუღლეს დაუჭირა მხარი აკამაც. - უბრალო ნაკაწრის გამო ლოგინში გორაობას არ ვაპირებ! - ისევ შეუღრინა მეგობრებს. - ჩემი ბუზღუნა, ჩემი დუდღუნა! - მხიარულად კისკისებდა ასათიანს ჩახუტებული იაკო. - დიდი არჩევანი მაინც არ გაქვს. ან საავადმყოფოში უნდა იწვე, ან ჩვენი საზოგადოება აიტანო. - გვერდულად იცინოდა გიორგიც. - თქვენს საზოგადოებაში რას გულისხმობთ?! - ეჭვით გახედა ერთმანეთს ჩახუტებულ დასა და სიძეს. - ჩვენც მოვდივართ ხევსურეთში. მონასტრის აღდგენაში დაგეხმარებით... - მათ ნაცვლად აკამ უპასუხა. - პირადი ექიმიც იქვე გეყოლები!... - მეუღლესვე აჰყვა ქალი. - ანუ, თქვენც მოდიხართ?! - იმდენად იყო მიჩვეული დისა და სიძის საზღვარგარეთ სიარულს, რომ მათი გადაწყვეტილება აშკარად ეხამუშა. - რაო, ნიკოლოზ. არ მიგვიღებ, თუ სამეგობროში აღარც შევდივართ?! - სიცილი აუტყდა მოძღვრის რეაქვიაზე ასათიანს. - გერმანიაში არ მიდიოდით? - დავიღალეთ ნიკა. - ამჯერად ძმას ჩამოუჯდა ლოგინზე იაკო - მუდამ შვილის მონატრებით ვცხოვრობთ. დათუნა უკვე კაცია. არადა ისე გაიზარდა, ზოგჯერ ვუმზერ ამხელა კაცს და ვერც კი აღვიქვამ, რომ ჩემი შვილია. - ხმა გაებზარა ქალს. - როგორც იქნა მიხვდით! - ამოიდუდღუნა იქვე მდგომმა თავ დახრილმა ვასიკომ. - შენ ვისზე ლაპარაკობ, მთელი ცხოვრებაა დაწანწალებ?! - ისევ პატარა ბავშვივით დაეჯღანა უფროს ძმას მოფარებული იაკო. - ესე იგი, დარჩენა გადაწყვიტეთ? - საღი ხელით თმები აუჩეჩა ანცად მომღიმარ დას ნიკამ. - დროა დავასრულოთ წანწალი. აშკარად აქ უფრო გჭირდებით. - ცოლის ძმებს თვალი ჩაუკრა ასათიანმა. - დათუნამ იცის?- ამჯერად თეკლე ჩაეკითხა ბავშვობის მეგობრებს. - არა, გუშინ გადავწყვიტეთ! - კარგად მიუხვდა დასა და სიძეს გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს ნიკოლოზი, ოდნავ შესამჩნევად გაეღიმა. - რაღაც სასარგებლო გუშინდელ მოვლენებშიც ყოფილა!... - მათი გადაწყვეტილება მთელი გულით უხაროდა თეკლეს. - მოკლედ, თუ საავადმყოფოში არ გაჩერდები, იცოდე ორმაგად იზარალებ. - სიცილით გამოუცხადა მოძღვარს აკამ. - საინტერესოა მაინც რით მემუქრებით? - ღიმილი გაეპარა ხმაში მამაოს. - გავიხსენებთ ახალგაზრდობას, ასათიანები, არაბულები და ქართველიშვილები ტრადიციისამებრ შევიკრიბებით ისევ ხევსურეთში. - მხიარულად ჩაარაკრაკა თეკლემ. - მოლოდინაშვილებს არ მიგვიღებთ თქვენ ბანდაში? - პალატის კარებში გამოჩნდა გაკრეჭილი ფარნაც. - განა ჩვენი წასვლა დაცვის გარეშე იქნება?! - გაეცინა ნიკოლოზს. - ბებერი გვარდია ისევ ფორმაშია. - ბუბუნებდა მოლოდინაშვილი. - თქვენ ისეთი გეგმები გაქვთ, მით უმეტეს არ შეიძლება ჩემი ლოგინში გორაობა! როგორც მოსალოდნელი იყო, ჯიუტმა ნიკამ მისი გაიტანა, უარი თქვა საავადმყოფოში დარჩენაზე, ხელწერილი დაწერა, მეგობრებთან ერთად მოზრდილი ესკორტით გეზი ისევ ხევსურეთისკენ აიღო. იქნებ უცნაურადაც მოგეჩვენოთ ასეთი აურზაურის შემდეგ მათი მოგზაურობისთვის მხიარულის წოდება, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ერთმანეთთან ყოფნა მაინც უზომოდ უხაროდათ. ასაკობრივი ზღვარი აშკარად წაშლილიყო მშობლებსა და შვილებს შორის. მონატრებულები ერთმანეთით ივსებოდნენ. რა თქმა უნდა ხანძრით მიყენებული ზარალი დიდი იყო. ფაქტიურად მიწასთან იყო გასწორებული მცირე ტაძარი, აღარ არსებობდა მონასტრის გალავანიც, ერთ დღეში განადგურებულის აღდგენას თვეობით მუშაობა სჭირდებოდა. ნიკოლოზის მონასტერში დაბრუნებამ აშკარად სტიმული მისცა ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე ხალხს. შებინდებისას იშლებოდნენ და სოფელში ბრუნდებოდნენ. დაღლილ ხალხს ტრადიციად ექცათ სოფელში დაბრუნდებისთანავე არაბულების ეზოში შეკრება, მცირედი ტრაპეზი ბოლოს ქეიფში გადადიოდა, იწყებოდა კაფიები, ვიღაც ფანდურზე დაამღერებდა ლეგენდებად ნათქვამ სიმღერებს, ვიღაც ფერხულშიც ჩაებმებოდა. ისეთი ტაშ-ფანდურის ხმა გადიოდა დღესასწაული გეგონებოდა. იმ დღესაც ასე იყო. არაბულების ეზოში აფორიაქებული, განერვიულებული დედაო პირდაპირ თეკლესა და იაკოსთან მჯდომ ელენესკენ გაემართა. - დედაო თამარ, მშვიდობაა?! - აფორიაქდა გოგონა. - ნინიკოს მაღალი სიცხე აქვს. წამალი კი მივეცი, მაგრამ ტირის, შენ გკითხულობს... წინადადების დასრულება აღარ დააცადა გოგონამ, უკვე თავშესაფრისკენ გარბოდა. ის-ის იყო ეზოში უნდა შესულიყო, რომ ორღობეში უცნობი ავტომობილიც გამოჩნდა. მარცხენა საქარე მინა ჩაიწია და უცნობი, ალბათ ელენეს ასაკის გოგონა გამოჩნდა. - უკაცრავად, ბოდიშს ვიხვდი. - შორიდანვე დაუძახა ქალიშვილმა - თორნიკე არაბული სად შეიძლება ვნახოთ? - გაურკვეველი აქცენტით, მხიარულად შესცინა უცნობმა. - თორნიკე?! - დიახ, თბილისიდან მოგვასწავლეს, გამოცდილი გიდიაო... - საუბარში ჩაერია ასე ორმოცდაათ წლამდე მამაკაციც. - თორნიკე ახლა მონასტერშია. თუმცა მისი ნახვა ხვალ დილით აი, იმ სახლში შეგეძლებათ. - ხელით ანიშნა ხალხით სავსე არაბულების ეზოზე. - ანუ, სახლში არ ბრძანდება?! - მოულოდნელად ზურგსუკან მოესმა ირონიული ხმა. ნაცნობი ხმის გაგონებაზე ერთი კი წამოიკივლა და თავშესაფრის ეზოსკენ გაქანდა. თითქოს ჯიბრით დამხმარეც არავინ ჩანდა. - მორჩი ფართხალს?! - მდევრის სუნთქვა იგრძნო თუ არა კისერთან ძლიერი მკლავებიც წამში შემოეხვია და ჰაერში უსუსურად აფართხალებული ელე ავტომობილის მიმართულებით გაათრია. - მიშვ... - პირზე აფარებულმა ტორმა აღარ დააცადა, კივილის ნაცვლად ყელიდან ხროტინი ამოუვიდა. - ფეხები დაუჭირე!... - ვიღაცას უბრძანა მამაკაცმა. ხელ-ფეხ შებორკილი გოგონა ამჯერად კბილებით ცდილობდა თავდაცვას. - სულ კატასავით როგორაა ეს დედა... - მოქნეული მუშტი მთელი ძალით უთავაზა პირველმა სახეში. - ფრთხილად შე ჩემა, არ შემოგაკვდეს... - ამას რა მოკლავს, ქაჯია ეს დედა... - ისევ უწმაწურად იგინებოდა კაცი. - მორჩი გინებას და დამეხმარე. - ასაკით შედარებით დიდმა ღრენით ახედა. გათიშულ გოგონას პირში ბინძური ჩვარი ჩასტენეს. მხოლოდ ეს არ იკმარეს, პირი აუკრეს და ავტომობილის საბარგულშიც ჩააგდეს. საბრალოდ ერთი კი ამოიგმინა ელემ და თავზეც დააფარეს. - არ გაიგუდება?! - ინტერესით აფახუნებდა თვალებს ავტომობილის საჭესთან მჯდომი გოგონა. - ჩვენც ეგ გვინდა, გაიგუდოს და ჩაძაღლდეს! - ღრენით გამოცრა კბილებში შედარებით ასაკიანმა. - ოღონდ ისე, რომ მისმა რომეომაც უყუროს...- ჩაიქირქილა პირველმა. - სახიფათო ადამიანი ხარ ირაკლი, სახიფათო! - კმაყოფილი იცინოდა ასაკიანი. ვერ მოისვენა თეკლემ. რამდენიმეჯერ ისიც კი იფიქრა, რომ ელენესთან თავშესაფარში წასულიყო, მაგრამ სტუმრების მოერიდა, არადა ხალხიც არ ჩქარობდა დაშლას. ისევ მობილურით ცდილობდა დაკავშირებას და ამბის გაგებას. თუმცა უშედეგოდ. ზუმერი გადიოდა და გადიოდა, გოგონა კი ტელეფონს არადა არ იღებდა. საბოლოოდ უმტყუნა ნერვებმა. ვეღარ მოითმინა, ეზოში მჯდომ სტუმრებს აღარ მიაქცია ყურადღება და წასასვლელად წამოდგა. - საით?! - კითხვით ახედა აკამ. - ელენემ არ დაბრუნდა, არც ტელეფონზე მპასუხობს. აკამ დასალევად მომარჯვებული ჭიქა ისევ მაგიდაზე დააბრუნა, სწრაფად წამოდგა და კარებისკენ წასულ მეუღლეს წამოეწია. მიუხედავად იმისა, რომ გზას ხელის ფანრით ინათებდნენ, ოღროჩოღრო გზაზე მაინც ნელი ნაბიჯით მიდიოდნენ და თან ისევ ზარს უშვებდნენ. თითქმის თავშესაფრის ეზომდე იყვნენ მისულნი, როცა წყვილის ყურადღება ბალახებში მოციმციმე ნათებამ მიიპყრო. შორიდანვე მიანათა ფანარი, ჩაიცუცქა და ინტერესით დააცქერდა ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ საკუთარ ნომერს. - სიჩქარეში ეტყობა ტელეფონი დაუვარდა! - თბილად გაეღიმა აკას. თეკლემ ხელის ფანარი ამჯერად გარშემო შემოატარა და ღიმილი სახეზე მიეყინა. ხის ტოტზე შერჩენილი ელენეს შარფის ნაგლეჯი ალამივით ფრიალებდა. ქალიშვილის მოტაცებისას მომხდარი ორთაბრძოლის შედეგად ალაგ-ალაგ დამტვრეული ტოტებიც იქვე ეყარა. - ელე! - საკუთარი ფიქრების თავადვე შეეშინდა ქალს. - ელენე! - ხმამაღლა დაიძახა აკამ, თუმცა პასუხი არავის გაუცია. ამჯერად უკვე სირბილით გარბოდნენ თავშესაფრისკენ. თუმცა მათ და სამწუხაროდ, გოგონა არ ჩანდა. - ღმერთო გვიშველე! - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ერთიანად აცახცახებული თეკლე. - არ გინდა! - მკერდში ძლიერად ჩაიკრა მეუღლე - ახლა პანიკა ვერ გვიშველის! - უკვე მოლოდინაშვილთან რეკავდა აკა. მონასტერში საპატრიარქოდან დაზიანებული ფრესკების აღსადგენად მხატვარ- რესტავრატორები და ხატმწერები ჰყავდათ სტუმრად. რესტავრატორებმა ესკიზების შედგენა გვიან ღამით დაასრულეს და ისევ თბილისში დაბრუნდნენ. თორნიკე და ნიკოლოზი მათ მიერ დატოვებულ გრაგნილებს უკირკიტებდნენ. ის-ის იყო უკანასკნელი გრაგნილიც დაახვიეს რომ ნიკოლოზთან ფარნამ დარეკა. - მოიწყინეთ უჩვენოდ?! - ჩვეულებისამებრ თბილად უპასუხა მოძღვარმა, თუმცა ღიმილი ნელ-ნელა გაუქრა - მოვდივართ!... - გაღიზიანებულმა დახვეული გრაგნილები ისევ ხარაჩოზე მიყარა. - რა ხდება? - ნიკოლოზის გაბრაზება არ გამოჰპარვია თორნიკეს. - სოფელში მივდივართ! - ვაჟისკენ არც გაუხედავს, ავტომობილისკენ გარბოდა ნიკოლოზი. ელენეს დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა. მთავარი ეჭვმიტანილი რა თქმა უნდა ირაკლი იყო. პოლიცია შემოწმების გარეშე არ ატარებდა ხეობიდან თბილისისკენ მიმავალ ავტომობილებს, დაუკავშირდნენ საზღვარზე მყოფ სამხედროებსაც, თუმცა უშედეგოდ. დამნაშავეები თითქოს ცამ ჩაყლაპა. არც გამტაცებლები ჩანდნენ და არც ელენე. არავინ დაკავშირებია ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, არც გამოსასყიდი მოუთხოვიათ, არც რაიმე კონკრეტული პირობები წამოუყენებიათ. პრინციპში, მსგავს საქციელს არც ელოდნენ. კარგად ხვდებოდნენ, რომ გაბოროტებული ირაკლი მსხვერპლს ასე იოლად არ დათმობდა. ეძებდა ყველა, ეძებდნენ თითქმის ყველგან. აკამ, გიორგიმ და ნიკოლოზმა ფარნას დახმარებით მოინახულეს ყოფილი სიძის მეგობრებიც. თუმცა ყველა ერთხმად იმეორებდა, რომ ირაკლი არ უნახავთ. სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, პოლიციამ ბოლოს ირაკლის ოჯახის მიერ წლების წინ მიტოვებული სოფლის სახლიც კი მოინახულეს. თუმცა სოფელში გავერანებულ, მაყვლის ბუჩქებით დაფარულ ეზოსა და ნასახლარს აშკარად ეტყობოდა, რომ ყოფილ პატრონებს მინიმუმ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ფეხიც არ ჰქონდათ იქ დადგმული. ასე ძიებასა და ძებნაში კვირაზე მეტი გავიდა. ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ელენეს ცოცხლად დაბრუნების იმედი საბოლოოდ გადაეწურათ, თუმცა ამას გოგონას ახლობლებს ვერ ეუბნებოდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.