შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეტა (სრულად)


5-09-2019, 14:44
ავტორი K. I.
ნანახია 18 087

გეტა
დიდხანს იდგა შადრევანთან, თავი ცალ მხარზე გადაეკიდა და მზის შუქის ანარეკლს აცეკვებულ წყლის წვეთებში აკვირდებოდა. უმზერდა თეთრ, გამჭვირვალე კაცუნებს, რომლებიც თავის საქმეში გართულიყვნენ და არცერთი აქცევდა ყურადღებას.
-თვალთმაქცები,-თავისთვის ჩაილაპარაკა და შეშლილი თვალები კიდევ მეტად მიაშტერა.
მიუახლოვდა, შადრევანის კიდესთან ჩამოჯდა და გაშლილი ხელის გული გამჭვირვალე კაცუნებს ჯერ ნაზად შეახო, შემდეგ სიბრაზე მოაწვა და შეშლილივით, აქეთ-იქით იქნევდა, რომ თითოეული მათგანი სწრაფად განედევნა, რომლებიც ბოლო ხანს მის ცნობიერს ისე შეუჩნდნენ, ტვინის წიაღები შეუბრალებლად დაეპყროთ:
-მომცილდით! თავი დამანებეთ!-თვალებს უჭყიტავდა და გამეტებით ურტყამდა, რომ თვალთახედვის არედან გაექრო,-ვერ გამაგიჟებთ, მე თქვენზე ჭკვიანი ვარ. არ მოგცემთ უფლებას, დედამიწაზე დასახლდეთ და აქაურები დაღუპოთ. ვიცი, მანდ იმალებით, ღამის დადგომას ელოდებით, მერე შავებად გადაიქცევით, უემოციო, მრისხანე ჯარისკაცებს დაემსგავსებით და ადამიანების გონების წასახდომად გაემართებით. ბრწყინვალე გონება გიყვართ, მაინცდამაინც გამორჩეულები უნდა შემუსროთ. ვერ ძღებით, მათი ტვინით იკვებებით, კანალიზაციის მოშიებული ვირთხებივით უღრნით ხვეულებს და ტყვეებად აგყავთ. მე ვერ დამიმონებთ! არ გამოგივათ! თქვენზე ძლიერი ვარ!
კაცუნები გაქრნენ. მათთან ბრძოლით დაქანცული ქალი შადრევანს აკანკალებული სხეულით მოსცილდა და შეშინებული, ჩქარი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას.
-გეტა!-თავი ამოჰყო სკამის უკან დამალულმა კიკინებიანმა პატარა გოგონამ და გაუცინა.
-გეტა!-ბუჩქის უკნიდანაც გამოჩნდა ვიღაც.
-გეტა!- ახლა ჭრელა-ჭრულა ყვავილებიდან გამოსძახეს და ჩაბჟირებამდე დასცინეს.
ქალმა თვალები დახუჭა და ყურებზე ხელები მაგრად მიიჭირა, რომ აღარაფერი დაენახა და გაეგონა.
-გეტა!-მამაკაცის ნაცნობმა, ბოხმა და თბილმა ხმამ ერთიანად შეაკრთო და უკან მიახედა. გამალებით ეძებდა ხმის პატრონს, აქეთ-იქით ავლებდა გაფართოებულ თვალებს შემოგარენს და წყლისგან დასველებულ ტანზე მკლავებს წამდაუწუმ იხვევდა, რომ ატკიებული სხეული როგორმე დაეცხრო.
-სად ხარ? მომენატრე, ჩემო.
-არავის მივცემ უფლებას, რომ დაგცინოს. ახლავე წადი, აქაურობას გაერიდე და დაისვენე! სიმშვიდე გჭირდება.
-შენც ჩემთან ერთად წამოდი, რა,- საცოდავად ლუღლუღებდა.
-წადი, გეტა, გთხოვ.
-მარტო სიარულის მეშინია. აღარ არის დრო, რომ მაპატიო? ჩამკიდე ხელი, გეხვეწები, ერთად წავიდეთ.
-ვერ წამოგყვები. თავად ამიკრძალე.
-გასაგებია. ისევ მსჯი და ტანჯვისთვის მიმეტებ,-ამოიოხრა და თავი დამნაშავე ბავშვივით ჩაქინდრა.
-წადი...
-როგორი ცივი და უკარება ხარ. შენთან მაინც წამიყვანე, დაასრულე ჩემი წამება.
-ყველაფერს თავის დრო აქვს. ლექსად დატოვებული სიტყვები გადაიკითხე.
-შორს ხარ, მაგრამ ისევ ახლოს... გულის ძგერაც კი მესმის... შენი სუნთქვაც...
ხმა შეწყდა. ქალი კვლავ ეძებდა, ელაპარაკებოდა, მაგრამ მამაკაცი აღარ შეხმიანებია.
გულდაწყვეტილი გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას და ცრემლებს მუჭით იწმენდდა. თავის ქუჩაზე, აგურით ნაგები შენობიდან შეძრული მეზობლები შეუწყვეტლად გადი-გამოდიოდნენ. ინსტინქტურად გაარღვია გაოგნებული ხალხის რიგები და კიბეებზე აიჭრა. მესამე სართულზე ღია კარი შენიშნა და ჩუმად შეიპარა. საძინებელში ახალგაზრდა, ღრმად მძინარი გოგონას ცხედართან დედა დაყუდებულიყო და მწარედ მოსთქვამდა, მეორე ოთახში სახრჩობელაზე დაკიდებული ახალგაზრდა მამაკაცის უსულო სხეული კონწიალობდა. მძიმე სურათი იყო... თავი გაიქნია და ხელი პირზე აიფარა:
-თან წაუყვანია...-აღმოხდა და უკან ნელი მოძრაობით დაიხია. მერე შეძრული და გაფითრებული ჩუმად გაეცალა იქაურობას.
მიდიოდა და გონებაში კადრებად უცოცხლდებოდა მომენტები, როდესაც შეყვარებულები საზოგადოებისგან მალვით დაიარებოდნენ და აკრძალულ სიყვარულს უფრთხილდებოდნენ. მხოლოდ მან და მისმა უძილო ღამეებმა იცოდნენ წყვილის საიდუმლო, რომელსაც პატარ-პატარა ულუფებად ხან ფანჯრიდან, ხან ქუჩებში უაზრო ხეტიალის დროს იღებდა ხოლმე. ფეხს უჩქარებდა, ერთი სული ჰქონდა, სახლში მისულიყო, ოთახში ჩაკეტილიყო და წუთების წინ ნანახი და განცდილი ფურცელზე ან კომპიუტერში გადაეტანა:
-ყველას მოვუყვები მათ შესახებ, ორივეს ამოვსვრი ტალახში, სალაპარაკოს მივცემ ენააქავებულ ადამიანებს, გადავფარავ ჩემს დანაშაულს, ვამხელ ცოდვილებს თავად ცოდვილი,-ფიქრობდა და სიამოვნებისგან უსაზღვრო კმაყოფილება ემატებოდა.

***
-მოხვედი? - კარი გაუღო ხანშიშესულმა დედამ და გაოცებულმა შეავლო თვალი შვილის იასამნისფერ, სველ ზედატანს, რომელიც სხეულზე ისე შემოტმასნოდა, თითქოს მის ნაკვთებს შესისხლხორცებული ჰქონდათ და ვერ მოაცილებდი.
გეტას ხმა არ გაუცია, მაშინვე თავის ოთახს მიაშურა და წიგნში გადამალულ, ყვითელ, გაცრეცილ ფურცელს ეცა, რომლისთვისაც გასულ წლებს წარწერები ოდნავ შეებღალათ. გულზე მიიბჯინა, თვალები დახუჭა და ათასგზის წარმოთქმული სიტყვები ბუტბუტით, კიდევ ერთხელ, ზეპირად გააჟღერა. ლექსის თქმა როცა დაასრულა, ფურცელი ფრთხილად დააბრუნა წიგნში, დახურა და თაროზე შემოდო. უწესრიგო ნივთებს და ირგვლივ მიმოღავებულ ქაღალდებს მშვიდად გადახედა, რბილ სავარძელში კომფორტულად მოთავსდა, მუხლებზე ლეპტოპი დაიდო და ჩართვის ღილაკს თითი დააჭირა. ცოტა ხანს იჯდა გაუნძრევლად, თვალი კარზე ჭიკარტებით დამაგრებული ფერადი ფურცლებისთვის გაეშტერებინა და გონებას სხვაგან გასამგზავრებლად ამზადებდა, როდესაც დედამისმა ოთახში შეაკითხა და წამლის მიღება შეახსენა. უაზროდ გამოართვა თეთრი აბები და მათთვის არც დაუხედავს, ისე გადაყლურწა, შემდეგ ხელით ანიშნა, რომ მარტო დაეტოვებინა.
-სველი ზედატანი მაინც გამოგეცვალა,-არ ასვენებდა ქალი.
შვილს ხმა არ გაუცია, უკვე სხვაგან იყო. დედამ ღრმად ამოიოხრა, ძირს დაყრილ ფურცლებს ფეხით გადააბიჯა და მარტო დატოვა. ოთახში დარჩენილმა გეტამ მზერა ჭერზე გადაიტანა და ფიქრებით იმ დღეს მიადგა, როდესაც გულის სწორს პირველად შეხვდა. მაშინ მხოლოდ თხუთმეტი წლის იყო. ძველი თბილისის უბნის ერთ-ერთ აღმართს ფეხით მიუყვებოდა, როდესაც მისი ყურადღება მუსიკალური სკოლიდან მომავალმა ჰანგებმა მიიქციეს. გაჩერდა და საყვარელ მელოდიას სულგანაბულმა დაუგდო ყური. სკოლის ფორმაში იყო გამოწყობილი. ფეხებზე მუხლებამდე აზიდული, გრძელი, თეთრი წინდები ემოსა; ხშირ და სწორ, დაწნულ, ყავისფერ თმაზე ბაფთა დაემაგრებინა და ხელში წიგნებით გატენილი ჩანთა ეჭირა, რომელიც ძალიან ამძიმებდა და დროდადრო ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა. იდგა და შოპენის ნოქტიურნის ჰანგებში ისე ჩაკარგულიყო, ტროტუარზე გამვლელებს ვეღარც ამჩნევდა.
-რა ჰქვია ჩვენი უბნის მშვენებას და ქუჩის ახალ მაცხოვრებელს?-უკნიდან მაღალი, სპორტული აღნაგობის, სიმპათიური, შავგვრემანი ყმაწვილი წამოადგა და მყუდროება დაურღვია.
გოგონა შეცბა და შეშინებული თვალებით შეხედა. მორცხვად აათვალიერა, მზერა ვერ გაუსწორა, გვერდზე გაიხედა და წამოწითლებულმა უპასუხა:
-ჰენრიეტა მქვია.
-უცნაური, მაგრამ საინტერესო სახელია,-თვალები დაიწვრილა და ნიკაპის სრესვას მოჰყვა.
-დიდი ბებიის სახელს ვატარებ და თ...ქვენ ამ უბნელი ხართ?-აღელვებულმა წინსაფრის წვალება დაიწყო.
-ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ.
-გასაგებია. კარგი, მე წავალ, ჰო? -მის მწველ მზერას ვეღარ გაუძლო, დაიბნა და უცნობისგან გაცლა ამჯობინა.
-მოიცადე, გაგაცილებ.
-არაა საჭირო.
- ჩემი სახელი მაინც არ გაინტერესებს?
გეტას ბოლო კითხვა აღარ გაუგონია, საკმარისად დაცილებულიყო და გულამოვარდნილი, სწრაფად აგრძელებდა სიარულს.

***
„ვორდის“ პროგრამის ცარიელ გვერდს უკვე ნახევარი საათი მაინც იქნებოდა გასული, უაზროდ მისჩერებოდა და ჯერ ერთი სიტყვაც ვერ აეკრიფა. ფიზიკურად ოთახში იჯდა, მაგრამ აზრებით ტრაგედიის ადგილზე იმყოფებოდა. ფეხაკრეფით დაიარებოდა ოთახიდან ოთახში, ნივთებს ეხებოდა, კედლებს და ფანჯრებს უყურებდა, გარდაცვლილებს ზემოდან დაჰყურებდა. ხან ერთში შეიჭრებოდა, ხან მეორეში და აკვირდებოდა, რომელი უფრო მარტივი „გასაძარცვი“ იყო. ორივეს უკვე გაფრენილი სულების კუთხე-კუნჭულებს უთვალიერებდა, რომლებიც მისი ხედვით, ჯერ კიდევ იქ ტრიალებდნენ. ვიდრე წერას დაიწყებდა, სიგარეტის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაძვრინა და მოუკიდა. თამბაქოს კვამლი ღრმად ჩაისუნთქა და იისფერი რგოლები ნელ-ნელა გამოუშვა. ცოტა ხანს კმაყოფილი იერით ეთამაშა კვამლს, შემდეგ ღერის ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა, თითები ძვლებში გაატკაცუნა და წერას მთელი სიხარბით შეუდგა:

თავი 1
შუაღამე იყო. მკაცრი ზამთრის სუსხს ჰაერი იმდენად გაეყინა, გარეთ გასვლას ვერავინ ბედავდა. კაციშვილის ჭაჭანება არ იყო სოფლის მიხვეულ-მოხვეულ ორღობეებში. აქა-იქ მხოლოდ ძაღლების ყმუილი თუ აფხიზლებდა მთვლემარე არემარეს. თოვლს ირგვლივ ყველაფერი თავის საბნით გადაეფარა და სავსე მთვარისგან დანათებული შუქის ფონზე იისფრად აბრჭყვიალებულიყო. მშვიდი ძილით ეძინათ ერთ ეზოში მცხოვრებ ძმების ოჯახებს. ერთ-ერთი ძმის მეუღლე სახლში არ იმყოფებოდა. მამაკაცი თავად მისწოლოდა ლოყებაღაჟღაჟებულ, მსუქანა, ხუჭუჭა ბიჭუნას და ცდილობდა, ყოველი წამოტირებისას მისთვის ძილი შეექცია. თეკლა მონატრებული მშობლების და პატარა ძმის მოსანახულებლად წინა დღეს ჩასულიყო. დედ-მამასთან და დედმამიშვილთან ყოფნით გული რომ იჯერა, უნივერსიტეტის გამოცდებისთვის მეცადინეობას შეჰყვა და შეშის ღუმელთან სწავლისგან და სითბოსგან მოთენთილს ჩასძინებოდა. მხოლოდ დედას არ ეძინა იმ ღამეს, ქალაქის საავადმყოფოში მორიგეობა უწევდა. პალატიდან პალატაში დადიოდა და პაციენტებს დასტრიალებდა თავს.
იმ ღამეს არავინ იცოდა, რომ სოფელი სამგლოვიარო ტანსაცმელში გამოსაწყობად ემზადებოდა. მეზობლის სახლიდან მოვარდნილი ალი სესიაშვილების ეზოს ყბადაღებული გველეშაპივით შემოეხვია და მხუთავი ცეცხლის მარწუხებში მოაქცია. თოვლით დაფარული ეზო და სახურავები ოდნავ აკავებდა გავეშებულ ხანძარს, მაგრამ ოთახებში შევარდნილი, საოცარი სისწრაფით ეკიდებოდა ყველაფერს და რაც გზაზე ეღობებოდა, გავარვარებული მკლავებით იზიდავდა თავისკენ. ტკაცუნობდნენ გამომშრალი ხეები, სკდებოდა ჭურჭელი, იმსხვრეოდნენ მინები და ახლადგაღვიძებული, ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფი სოფელი უმწეო თვალებით შესცქეროდა სიმწრისგან აღრიალებულ თეკლას, რომელიც ბიძაშვილს მკლავებით ეჭირა და ცდილობდა, სახლიდან გამოეყვანა:
-იქ ჩემი ძმა და მამაჩემია, ანდრო. როგორ არ გესმის? შველას ითხოვენ.
-იქ ვეღარ შევალთ, უძლურები ვართ. გამოდი, რატომ არ გესმის?
-უნდა ვუშველოთ. რამე იღონე, გეხვეწები,-მუხლებში უვარდებოდა კვამლისაგან გამურული და ხველაავარდნილი გოგონა, რომელიც ბიჭს მთელი ძალით ჩაბღაუჭებოდა და ხელით სახლისკენ ექაჩებოდა.
-თეკლა, გამოდი-მეთქი!-აღნავლებული გოგონა ცეცხლმოკიდებული სახლიდან ძალით გამოათრია, გარეთ მყოფებიდან ვიღაცას ჩააბარა და თავად ისევ წითელ-ყვითლად აბრიალებულ ჯოჯოხეთში ჩაიკარგა.
იმ ღამეს ანდროს დედა, და, ბებია და თეკლას მამა და ძმა ვერ გადაურჩნენ საზარელ ხანძარს. დილის პირას მთელი სოფელი სინანულით დასცქეროდა დანახშირებულ ცხედრებს და დასტიროდა. ცოცხლად გადარჩენილი ოჯახის წევრები ნატანჯი და გაქვავებული სახეებით იდგნენ საყვარელი ადამიანების გვამებთან და ემოციადაცლილები ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებდნენ თავს გადახდენილ უბედურებას. ხან ხმამაღლა ესაუბრებოდნენ, ხან ეჩურჩულებოდნენ, ხან ტიროდნენ, ხან ეფერებოდნენ, ხანაც დადუმებულები, მაგრამ მრავალ რამეზე ამეტყველებულნი ერთ ადგილას გაშეშებულიყვნენ.
სესიაშვილების გადამწვარი ნასახლარებიდან რამდენიმე დღეში ხუთი საკაცე გაიტანეს სოფლის სასაფლაოზე წასასვენებლად.
უბედური შემთხვევის შემდეგ, ვიდრე დამწვარ სახლ-კარს საკუთარი ძალებით აღადგენდნენ, ანდროს მამა ნათესავთან, ხოლო თეკლას დედა დასთან აფარებდა თავს. ბიძაშვილები თბილისში, ძველი უბნის ერთ-ერთ ქუჩაზე გადავიდნენ საცხოვრებლად და თავის გასატანად სწავლასთან ერთად მუშაობასაც ითავსებდნენ. ლექციების შემდეგ, თეკლა სადღეღამისო სუპერმარკეტში კონსულტანტად მუშაობდა და კვირაში რამდენიმე ღამეს იქ ათენებდა, ხოლო ანდრო სტამბაში მუშად მოეწყო და წიგნებს კინძავდა. ორივეს ხელფასი ბინის ქირას, კომუნალურ გადასახადებს და საჭმლის ხარჯებს ძლივს ფარავდა. მათი ცხოვრება ნელ-ნელა არსებობისთვის ბრძოლას ემსგავსებოდა, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთი იყო -მტკიცე ნებისყოფა და ბრძოლა აწმყოს უკეთესობისკენ შესაცვლელად.
ღამღამობით, ერთი და იგივე შინაარსის კოშმარები საკმაოდ ხშირად იჭრებოდნენ თეკლას გონებაში და უფრო მკაფიოდ ჩაესმოდა ატირებული ძმის ხმა და მამის გმინვა, რომელიც ვერაფერს შველიდა პატარა ბიჭუნას. გრძნობდა სიმხურვალეს, ცხადად ხედავდა ცეცხლწაკიდებულ ფარდებს, კარებს, ფანჯრის რაფებს, ავეჯს...
ერთხელაც, იგივე ხასიათის სიზმარმა საშინელი კივილით გააღვიძა და თვალები რომ გაახილა, შეშინებული ანდრო შენიშნა საწოლთან. სანუგეშოდ მისული ბიჭი ძლიერად ჩაეხუტა ბიძაშვილს:
-მორჩა! ყველაფერი დამთავრდა! თავი ხელში აიყვანე და დამშვიდდი. ცხოვრებას ვაგრძელებთ, გესმის? არ მოგცემ უფლებას, რომ ამ კოშმარებს გონება მოაწამლინო.
-მე არაფერ შუაში ვარ, ყველაფერი თავისით... -სიტყვებს თავს ძლივს უყრიდა ოფლში ერთიანად გაწურული გოგონა.
-შეხედე რას გავხარ. სახეზე ცარცის ფერი გადევს. მოდი, წყალი დალიე,- ბიჭმა საწოლიდან წამოაყენა და ტუჩებთან ძალდატანებით მიუტანა ჭიქა.
რამდენიმე ყლუპი მოსვა და ათრთოლებული მიესვენა ბალიშზე.
-თეკლა!-შეუძახა ბიძაშვილმა,- გაცივდები, ტანსაცმელი გამოიცვალე!
შეშინებულს აღარაფერი ესმოდა, ერთიანად ცახცახებდა და კბილს კბილზე აკაწკაწებდა.
-ჯანდაბა!- ნერვებმა უმტყუვნა ანდროს, კომოდის უჯრაში მაისური მოძებნა, საწოლიდან ძალით წამოაგდო, სველი პერანგი გადააძრო და მშრალი ტანსაცმელი მიუგდო.
-რას აკეთებ?-თვალებგაფართოებულმა ამოიხავლა და შიშველ მკერდზე აიფარა ხელი.
-ჩაიცვი!- ბიჭის ნათქვამი ბრძანებას უფრო ჰგავდა.
მის სიტყვას უსიტყვოდ დაემორჩილა, შემდეგ საბანი ცხვირამდე აიფარა და ზურგით ნელ-ნელა, ბალიშისკენ დაეშვა. ბიძაშვილს აღარც შეუხედავს, ღრმად ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
ირიჟრაჟა თუ არა, წინა ღამის სიზმრით შეძრული თეკლა უცნაური შეგრძნებებით წამოდგა და სამზარეულოს მიაშურა. იქიდან გასულმა ჭურჭლის ხმაურმა და ომლეტის მადისაღმძვრელმა სუნმა ანდრო გამოაფხიზლა. საწოლში აღარ გაჩერებულა და ბიძაშვილს შეაკითხა:
-დილა მშვიდობისა,- წარმოთქვა და მაცივრის კარი გააღო.
-დილა მშვიდობისა,-მორცხვად მიუგო თეკლამ.
-ალუბლის მურაბას ვეძებ, აღარ გვაქვს?
-მე შევჭამე.
-მეტი აღარ გვაქვს, არა?
თეკლამ თავი გაიქნია და გაზქურიდან ტაფა გადადგა. თეფშებზე საჭმელი ორად გაანაწილა და მაგიდაზე დააწყო:
-მზად არის, შეგვიძლია დავსხდეთ და შევექცეთ.
ბიჭმა ადუღებული ჩაიდნიდან ფინჯნებში წყალი დაასხა და ჩაის ერთჯერადი შეკვრით დაფერა:
-რამდენი კოვზი შაქარი...
-დანარჩენს მე ვიზამ, მადლობა,-სიტყვა გააწყვეტინა და ხელიდან საშაქრე და ჩაის კოვზი წაართვა.
ანდრო უსიტყვოდ მიირთმევდა საუზმეს, უღიმღამოდ ამოძრავებდა ყბებს და რაღაცაზე ღრმად ჩაფიქრებულიყო. აუტანელი სიჩუმე თეკლამ დაარღვია:
-საიდან გაიგე, რომ ცუდი სიზმარი დამესიზმრა?
ანდრომ ჩაის კოვზი ფინჯნიდან ამოიღო, ქვემოდან ახედა და მოკლედ უპასუხა:
-ყვიროდი.
გოგონამ უხერხულობისგან ყელთან თითები დაისვა და თვალებში ცრემლი ჩაუდგა:
-მეორეჯერ ასე აღარ გააკეთო!
-რას მიკრძალავ? ვერ მიგიხვდი.
-იცი შენ რასაც,-თავი დახარა, ნიჟარაში მაგიდიდან ალაგებული გასარეცხი ჭურჭელი და იქაურობას გაეცალა.

***
პირველი თავის დასრულებისთანავე საათს ახედა და გაეღიმა:
-ტიკ- ტაკ, ტიკ-ტაკ...-ისრების ხმას აჰყვა, კოლოფიდან სიგარეტის მორიგი ღერი ამოიღო და სანთებელით მოუკიდა:-დრო ნელა, ხან სწრაფად, ზოგჯერ საინტერესოდ, ხან უინტერესოდ ან საერთოდაც არ გადის... ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ,-ლეპტოპის კლავიატურაზე ტუჩების და თითების მოძრაობით ისევ ჟამთა სვლის ჟღერადობას აჰყვა და წარსულის მოგონებების თვალწინ წარმოდგენისას, მოწყენილი სახე მიიღო:

თბილისური ეზოს მესამე სართულზე, საბანკეტოდ გამოწყობილი კლასელები სახლში შეკრებილიყვნენ და საერთო ლხინს მისცემოდნენ. ხანდახან სასმლისგან გაბრუებულნი და ზაფხულის სიცხისგან მოთენთილნი მოჩუქურთმებული ხის ფართო აივანზე გასაგრილებლად გამოიშლებოდნენ და მხიარულებას აგრძელებდნენ. გეტას ფირუზისფერი, გულ-მკერდზე რამდენიმე ფენად დაფენილი, მოკლე კაბა ეცვა, გრძელი თმა ლამაზად გაეშალა და თეთრი, ხელოვნური ყვავილები დაემაგრებინა. თვალს ვერ მოწყვეტდი, ულამაზესი იყო. სწორედ მაშინ, როდესაც კლასელ ბიჭთან საუბარში გართულიყო, ვიღაცამ აცნობა, რომ მასთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდათ და სასწრაფოდ დაბლა ელოდებოდნენ.
-მეც გამოგყვები,-უთხრა ზურამ და აღელვებულ გოგონას უკან დაედევნა.
-დარჩი, მალე დავბრუნდები.
-როგორ ფიქრობ, მარტო გაგიშვებ?-არ მოეშვა ბიჭი.
გეტა ფერდაკარგული ჩაუყვა შავად შეღებილი რკინის ხვეულ კიბეებს და ეზოდან ქუჩაში გავიდა. მოულოდნელად, ზურას ვიღაცის მუშტი ყბაში ისეთი ძალით მოხვდა, უმალ ძირს დაეცა და გონება დაებინდა, გოგონას კი მკლავში წვდა და უხეში მოძრაობით მანქანაში ძალით ჩასვა:
-რომა? აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!-აღშფოთებულმა თვალები დაუჭყიტა საჭესთან მყოფს.
-როგორ ფიქრობ, ვიღაც ზურას ნებას დავრთავ, ჩემს შეყვარებულს შებმა დაუწყოს?
-რამდენის უფლებას აძლევ შენ თავს?! ჯერ ერთი, შენი შეყვარებული არ ვარ, მერე მეორე- ათასჯერ მაინც მითქვამს, რომ არ მჭირდება შენი ყურადღება. თავს აღარ დამანებებ?
-ახლა კარგად მომისმინე! რადგან უკან დაგდევ და უამრავ გოგოში მხოლოდ შენ ამოგარჩიე, თავს ნუ გაგივიდა და ასე ნუ მომმართავ, თორემ ყელში ამომასხამს და აღარ მოგითმენ!
-რა გინდა, ვერ გავიგე? მაინცდამაინც მილიციაში გიჩივლო?
-ნეტავ იცოდე, როგორ შემაშინე. ხელი დამადე, ერთიანად ვკანკალებ,- ახალგაზრდა მამაკაცმა მარჯვენა მკლავი შეარხია.
-მასხარადაც რომ მიგდებს! ხეპრე! -გეტას სიმწრისგან ცრემლები წამოუვიდა.
ცოტა ხანში, მანქანა ოქროყანის ასახვევთან გაჩერდა. მამაკაცმა ატირებულ გოგონას ცხვირსახოცი მიაწოდა:
-ცრემლები შეიმშრალე და თავს ნუ მაცოდებ, ჩემთან ეგეთები არ ჭრის!
-რა გინდა, რომ მითხრა, ვსიმულიანტობ?
-მორჩი და ჩემთან სალაპარაკოდ მოემზადე!
-არაფერი მაქვს შენთან სალაპარაკო!-ზედაც არ შეუხედავს, გაბუტული სახით გაიხედა ფანჯრიდან და მზერა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებულ ფიჭვებს მიაპყრო.
-კარგად არ მიცნობ, ასე იოლად ვერ მომიშორებ.
-ძალიან გთხოვ, დამაბრუნე, საიდანაც წამომიყვანე.
-დაბრუნდები მხოლოდ მაშინ, როცა საუბარს დავამთავრებთ.
-ვინ იცის, მშობლები როგორ ნერვიულობენ. დარწმუნებული ვარ, ყველგან მეძებენ.
-არაუშავს.
-რას ჰქვია, არაუშავს? გაგიჟდი?
მამაკაცს ჩაეცინა:
-ასე აპირებ ჩემთან ჯიუტობას? მთავარ თემაზე როდის გადავიდეთ?
- ჩემი კლასელისგან რა გინდოდა, რას ერჩოდი?
-რაც ეკუთვნოდა, ის მიიღო. ამის შემდეგ ეცოდინება, რომ სხვის ქალს აღარ უნდა გაეკაროს.
-მე შენი ქალი არ ვარ და ნუ მისაკუთრებ!
მამაკაცმა თავი ვეღარ შეიკავა და ტუჩებზე დააცხრა. გოგონა მოულოდნელობისგან დაიბნა და ვეღარ გაიგო, რა გაეკეთებინა. გონს რომ მოეგო, სილა გააწნა.
-ჰმ, ესაა შენი პასუხი?-წარბი აუწია შეყვარებულს.
-ჰო.
გამძვინვარებულმა მამაკაცმა ტყავის ჩასადებიდან ვერცხლისფრად მოელვარე, ბასრი დანა ამოიღო და ხმამაღლა მიმართა:
-მიდი, მომიშორე!
-რას მთავაზობ?
-კარგად იცი, რაზეც მიგანიშნებ. მიდი-მეთქი!
-ამას ვერ გავაკეთებ,-ამოილუღლუღა სახეწაშლილმა.
-გააკეთებ!
-გჯერა, რომ ამას ვერ ვიზამ და ამიტომ მედიდგულები!
-ერთადერთი გამოსავალი, რომ ჩემგან გათავისუფლდე, ეს გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მნებდები. მოსულა?
-ძალადობ.
-ათამდე ვითვლი. შენი გადასაწყვეტია, ან მომკლავ ან ჩემი გახდები,- შეუბრუნდა, დანა კალთაში ჩაუდო და ხელები ასწია:
-ერთი... ორი... სამი...ოთხი...-ნელ-ნელა ითვლიდა და თვალს არ აცილებდა მის წინ მყოფს, რომელიც უცხო თვალისთვისაც ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, რომ ემოციურად ძალიან იტანჯებოდა.
-თავი დამანებე, გთხოვ!
-ხუთი...ექვსი...შვიდი...
-არ შემიძლია, რატომ არ გესმის?-ტირილს უმატა გოგონამ.
-მეტი გზა არ გაქვს. შენზე უზომოდ შეყვარებულს, სხვანაირად ვერ მომიშორებ.
ატირებული გეტა აკანკალებული ხელებით კარის გაღებას შეეცადა, რომ გაქცეულიყო, რაზედაც მამაკაცი საპასუხოდ თმაში წვდა და ისე შეაჩერა:
-რვა...ცხრა...ათი... მორჩა! დროის ათვლა დამთავრებულია, ბარტყო.
-თავსგასული ნაძირალა ხარ!
-სიტყვებს დაუკვირდი!- მრისხანედ დასჭექა აკანკალებულ გოგონას და დანა ტყავის ჩასადებში ჩააბრუნა.
-რატომ მაშინებ? რა უფრო მეტად მოგეწონება -ის, რომ მართლა შემიყვარდე, თუ შენს დანახვაზე ვცახცახებდე?
-ორივე.
-რატომ?
-ასეა საჭირო.
-ჯანდაბამდე გზა გქონია.
-რატომ მაღიზიანებ?
-იმას გეუბნები, რასაც შენზე ვფიქრობ.
-აღიარე, რომ მოგწონვარ.
-გადაირიე? ეგ რამ გაფიქრებინა?
-მე რომ შენს ინტერესს არ ვიწვევდე, ახლა წესით სისხლისგან უნდა ვიცლებოდე.
-ჩემი ჰუმანური ხასიათით ისარგებლე, მეტი არაფერი. ილუზიებში ნუ გადაეშვები.
-არა! მოგწონვარ, ვერაფერს გამომაპარებ.
-არ მანანებინო, რომ ცოცხალი დაგტოვე.
-გვიანია, მეტი შანსი აღარ გექნება. უკვე ჩემი ხარ,-ნიშნის მოგებით უთხრა და მანქანა დიდი სისწრაფით მოწყვიტა იქაურობას.

***
მოგონებებიდან სუნთქვაგახშირებული გამოერკვა და ცალი ხელი გულმკერდზე დაიდო, საიდანაც გამალებით მობაგუნე გულის ხმა ყურთასმენამდე აღწევდა. პულსის დარეგულირებისთანავე ლეპტოპი გამორთო, მუხლებიდან მოიშორა და ძირს დადგა. თავს ძალა დაატანა, წამოდგა და ფეხებში ჩამდგარმა ტკივილმა სახე დაუღმიჭა. ნელა გაუყვა საწოლისკენ, ძლივს მიიტანა დაღლილი სხეული, არაფრის ძალა შესწევდა. ტანთ არც კი გაუხდია, სამოსით გაერთხა გაუშლელ ლოგინზე. ყური დაუგდო გამეფებულ სიჩუმეს. მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევდა ირგვლივ განაბულ წყვდიადს. შეეცადა, გონება დროებით გაეთიშა და აზროვნებისგან განეტვირთა.
ადრიანი დილა იყო, როდესაც კოკისპირულმა წვიმამ ფანჯრის მინებზე წკაპაწკუპი ატეხა. ახლადჩაძინებულ გეტას ძილი დაუფრთხა და თვალები გაახილა. გაუნძრევლად იწვა, ადგომა დაეზარა და წვიმის მელოდიას დაუგდო ყური. წყლის წვეთები ვივალდის გადარეული ნოტებივით ბრაზობდნენ და აქეთ-იქით ეხეთქებოდნენ, თითქოს ეჩხუბებოდნენ, რომ ფანჯარა გაეღო და მასთან შეეშვა.
-აქაც მომაკითხეთ? ვიცი, რატომაც ხმაურობთ. გინდათ, გარეთ გამოვიდე ან სახლში როგორღაც შემოაღწიოთ და მერე შემომიტიოთ. ვერ მოგართვით, პატარა კაცუნებო,- ჩურჩულებდა ქალი.
ცა გაიხსნა და ჭექა-ქუხილმა არემარე შეძრა. წვიმა ისევ ანჩხლობდა, უფრო მსხვილად დაუშვა და რაკა-რუკით ასკდებოდა მინებს. ბუნების წყრომას გეტას ისტერიული სიცილი დაერთო, რომელიც მთელ სახლს წამებში მოედო და აყრუებდა. შემდეგ დაწყნარდა, განწყობა შეეცვალა და თვალებში შიში ჩაუდგა. ტანსაცმელი გაიხადა და საბნის ქვეშ გაიტრუნა.
წამლის მიღებიდან რამდენიმე ხანში ყველაფერი დაიწმინდა მის გონებაში და ემოციურად კვლავ მართვადი გახდა. როგორც კი თავი უკეთესად იგრძნო, ნაწარმოებს დაუბრუნდა:

თავი 2
ლექციების შემდეგ სამსახურში სიარული, ფიზიკური შრომა და ღამეების თენება თეკლასთვის იმდენად დამღლელი და გაუსაძლისი აღმოჩნდა, ჯანმრთელობა საგრძნობლად შეერყა. ძალიან გახდა, იმუნიტეტიც დაუქვეითდა და აღარც სწავლის ენერგია შერჩა.
ერთ დღეს, უნივერსიტეტიდან დაბრუნებულმა ანდრომ საძინებლის ღია კარიდან შენიშნა, რომ გოგონას ოთახი ჩაებნელებინა და თავად საწოლზე ნახევარმთვარესავით მოხრილიყო.
-თეკლა, კარგად ხარ?-გარედან შესძახა და პასუხს დაელოდა.
რამდენჯერმე ჰკითხა და ხმა რომ ვერ გაიგონა, ჩათვალა, ეძინა. კარი ნახევრად მოუხურა და თავად სამსახურში წასასვლელად მომზადება დაიწყო. ხუთი წუთიც არ გასულიყო, ჩქარი ნაბიჯების და კარის მოჯახუნების ისეთი ხმა მოესმა, ლამის ყურის ბარაბნები გაუსკდა. დამფრთხალივით შეუვარდა, სინათლე აანთო და ნირწამხდარ თეკლას დახედა:
-რაღაც არ მომწონხარ. არ მეტყვი, რა გჭირს?
-თავი დამანებე, მარტო ყოფნა მჭირდება!- უჟმურად ჩაილაპარაკა ბიძაშვილმა.
-ასე არ შეიძლება, ადამიანს აღარ ჰგავხარ. სარკეში არ იყურები?
-შენ გგონია, მანაღვლებს როგორ გამოვიყურები?
-რომ არ განაღვლებს, იმიტომ გეუბნები, რომ თავს მიხედო!
-აუ, შემეშვი.
-შენ რა, თავს იკლავ? არაფერს ჭამ, თვალები ჩაგიცვივდა, ძვალი და ტყავი დარჩი.
-ვჭამო, შენც ახლა დელიკატესებით სავსე გვქონდეს მაცივარი.
-არ გინდა სარკაზმი, რა. ვის ემდური ან რაში ადანაშაულებ?!
-ჰო, კარგი, დაივიწყე. უბრალოდ დამტოვე და ჩემ გამო ნუ ინაღვლებ.
ბიჭმა ნერვიულად ამოისუნთქა, ნაღვლიანი თვალებით გადახედა და ოთახიდან გავიდა.
თეკლა საღამომდე საწოლში დარჩა. ექვსი საათის მოახლოვებისთანავე ზანტად წამოსწია სხეული და როგორც იქნა, წამოდგა. იმ დღეს ღამის სმენაში უწევდა მუშაობა. ასე რომ არ ყოფილიყო, ისევ გააგრძელებდა ოთახში მარტო ყურყუტს. ტანსაცმლის შერჩევაზე არც უფიქრია, რაც ხელში მოხვდა, სასწრაფოდ ჩაიცვა, თმები უხეიროდ გადაივარცხნა და გარეთ გავიდა. არავინ და არაფერი აინტერესებდა, ადრე თუ ცნობისმოყვარე ხასიათის წყალობით, სავაჭრო და მომსახურების პუნქტებს ინტერესით ათვალიერებდა, ახლად გახსნილ მაღაზიას ისე უგულოდ ჩაუარა, ზედაც არ შეუხედავს. ბოლო დროს ხალხთანაც ასე იქცეოდა -ნათესავებს, მეგობრებს და თანამშრომლებს აღარც მოიკითხავდა ხოლმე. მისთვის ყველას და ყველაფერს აზრი დაეკარგა. მხოლოდ დედასთან საუბარს ვერ გაურბოდა, არ უნდოდა ეჭვი შეეტანა, რომ დეპრესია სჭამდა.
სუპერმარკეტში ზლაზვნით შევიდა, უნიფორმა გადაიცვა და უხმოდ დაიწყო თაროებზე პროდუქტის დაწყობა.
-ეს შენთვის დატოვეს,-თავზე დაადგა საჩუქრით ხელდამშვენებული, ზედმეტად გადაპრანჭული მენეჯერი და ტუჩები მოპრუწა.
-ჩემთვის?-გაიკვირვა და საჩუქარი გამოართვა.
-გახსენი, ჩვენც გვაინტერესებს,-ცნობისმოყვარე თვალებით დახედა წითელ, ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთულს და გრძელი, კეხიანი ცხვირი თეკლასკენ წასწია.
-ვინ დატოვა?
-ერთ-ერთმა კლიენტმა,-სწრაფად მიუგო და ინტერესით სავსე სახე ლამის ზედ დაადო საჩუქარს.
-რომელმა კლიენტმა?
-ქერა, სიმპათიური ტიპია. მგონი ქუჩის გადაღმა რომ პოლიციის შენობაა, იქ უნდა მუშაობდეს, მეტი არაფერი ვიცი.
-არ მახსენდება არცერთი ქერა კლიენტი, ჩემს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოეჩინოს,-შეიცხადა გოგონამ.
-დროზე გახსენი რა, დავილიე ინტერესით,-ხელის მტევნები ააფართხალა ქალმა.
თეკლა ფიქრს შეეშვა, თხელი, ნაზი თითებით ფრთხილად შემოაცალა ბრჭყვიალა ქაღალდი და ბელგიური შოკოლადის ლამაზად შეკრული, გამჭვირვალე ყუთი შერჩა ხელში. სასიამოვნოდ გაეღიმა, გახსნა და ჯერ მენეჯერს, შემდეგ დანარჩენ თანამშრომლებს გაუმასპინძლდა.
მუშაობის დროს დროდადრო სუპერმარკეტის მოპირდაპირე მხარეს მდებარე პოლიციის შენობისკენ აპარებდა თვალს და ცდილობდა, შენობაში შემსვლელ-გამსვლელებს შორის, მისთვის უცნობი თაყვანისმცემელი გუმანით მაინც ამოეცნო.
ცოტა ხანში, მენეჯერი და მაღაზიის მეპატრონე მოლარეს და კონსულტანტებს დაემშვიდობნენ და დაცვის თანამშრომელთან ერთად დატოვეს. ღამით კლიენტების რიცხვი შემცირდა და თეკლა მენეჯერის მითითებულ, სათამაშოებით დახუნძლულ, ჭერამდე აზიდული თაროს დალაგებას შეუდგა. მოულოდნელად მობილურმა დაიწკარუნა.
-ნეტავ, ამ დროს ვის უნდა გავხსენებოდი? -გაიფიქრა და მიუხედავად იმისა, კიბეზე იდგა, მაინც გარისკა და ტელეფონის ეკრანს დახედა.
-„უკვე გეტყობა, როგორი ცნობისმოყვარე და ამასთანავე დაუდევარი ხასიათის პატრონი ხარ. ჯანმრთელობას გაუფრთხილდი, თორემ ჩამოვარდები და დაიმტვრევი,“-შეტყობინება ფარული ნომრიდან იყო შესული.
-თავხედო! დაუდევარი თავი გაბია!-გამწყრალმა წაიბურდღუნა და საქმეს დაუბრუნდა.
ხანდახან გული ვერ უთმენდა და ლამპიონებით განათებულ ქუჩაში იყურებოდა. გრძნობდა, რომ ვიღაც გარედან უთვალთვალებდა.
როგორც კი საქმეს მორჩა, ინსტაგრამზე შევიდა და დროის გასაყვანად ნაცნობ-მეგობრების სურათებს დააცქერდა, მერე ფეისბუქზე გადაინაცვლა და დახურულ ჯგუფში უნივერსიტეტში მიცემულ დავალებებს გაეცნო. ერთ-ერთი ლექტორის მიერ ატვირთული წიგნის ელექტრონული ვერსია გადმოწერა და კითხვა ახალი დაწყებული ჰქონდა, როდესაც მეორე ტექსტური შეტყობინება მიიღო:
-„ნეტავ, ვიცოდე, ასეთი სერიოზული სახით რას კითხულობ, მშვენიერო...“
თეკლა ადგილიდან წამოდგა და კარგად დააკვირდა სუპერმარკეტის წინ აღმართულ პოლიციის შენობას. ეჭვი აიღო, რომ შეტყობინებების ავტორი სავარაუდოდ იქიდან აკვირდებოდა, მაგრამ აქეთ-იქით მოსიარულე და საქმეში გართული პოლიციელების მეტი ვერავინ შენიშნა.
-უცნაურია, არც ქუჩაში დგას არავინ,-გარეთ გასული, თავისთვის ბუტბუტებდა და დაკვირვებული ათვალიერებდა შემოგარენს. შემდეგ სუპერმარკეტში შებრუნდა და ერთმანეთთან საუბარში გართულ თანამშრომლებს გადახედა.
-ვითომ ესენი აწვდიან ინფორმაციას?-გაიფიქრა და გადაწყვიტა, თვალყური ედევნებინა.

***
-გეტა, სტუმრები გვყავს. წერას დროებით რომ მოწყდე და სადილად შემოგვიერთდე, არ გინდა?- მოხუცმა დედამ კარი შეაღო და ლეპტოპთან მომუშავე შვილს ვედრებით შეხედა.
-ნანიკო, არ მინდა, აზრი გამიწყდეს, მერე ვეღარ აღვიდგენ, დამავიწყდება. დავამთავრებ და გამოვალ.
-გელოდებით, -ქალმა დაბალი ხმით წარმოთქვა და ფეხაკრეფით გავიდა.
-ნაწარმოებს ცოტა ხალისი და მეტი ინტრიგა უნდა შევძინო. ამდენი სევდიანი და მონოტონური ამბებით მკითხველი დაიღლება,- ზედა ტუჩთან საჩვენებელი თითი დაიდო და თვალები დააწვრილა. აზრებით ისევ გმირებთან იყო და აღარ უნდოდა, განვითარებულ მოვლენებს მოსწყვეტოდა. შემდეგ ჩანაფიქრი კიდევ უფრო მეტი ხელოვნებით დახვეწა და ისევ კლავიატურა ააწკაპუნა:


ღამე უცნობ მამაკაცზე ფიქრში დაათენდა. უძინარმა სმენა გადაცვალა და უნივერსიტეტში წასასვლელად მოემზადა. ქუჩაში გასულმა მორიგი შეტყობინება მიიღო:
-„მთელი ღამის უძინარიც ძალიან ლამაზი ხარ!“
-იქნებ მახინჯი და იდიოტია? მე კი მასზე ფიქრში სულ ტყუილად ვცდები. რას მეთამაშება?!- განერვიულებულმა ჩაილაპარაკა, მერე თვალი უცბად მოავლო ახლო-მახლო მყოფ ხალხს და საეჭვო რომ ვერავინ შენიშნა, გაჩერებაზე ახლადმოსულ ავტობუსში სწრაფად ავიდა.
დაღლილობამ თავისი ქნა, ფანჯრის მინას ლოყა მიადო და ავტობუსის სიარულსა და ჯაყჯაყში ქუთუთოები ისე დაუმძიმდა, თვალები მისდა უნებურად დაეხუჭა და ჩასთვლიმა. როცა გაიღვიძა, ერთი გაჩერების შემდეგ უწევდა ჩასვლა.
-მადლობა, ღმერთს, არ გავცდი,-ამოისუნთქა, მუხლებზე დადებული ჩანთა წინასწარ, მხარზე გადაიკიდა და ჩასასვლელად მოემზადა.
რამდენიმეწუთიანმა ძილმა ლექტორების მოსასმენად ცოტაოდენი ენერგია მისცა. მართალია, მათი წარმოთქმულიდან ნახევარზე მეტი მის გონებამდე ვერ აღწევდა, მაგრამ ამ ეტაპზე ის მცირედიც აკმაყოფილებდა, რასაც თავის მდგომარეობიდან გამომდინარე ახერხებდა. ლექციების დასრულების შემდეგ, მეგობარი გოგონა შეუჩნდა, მაღაზიებში გავიაროთო.
-კუსა, ხვალ იყოს. დღეს ვერ შევძლებ, სიარულის თავი არ მაქვს,- მოიმიზეზა თეკლამ.
-სულ ჩამოგვშორდი სადაქალოს. აღარ გინდა ჩვენთან ყოფნა. ეტყობა, სხვა, ჩვენზე უკეთესი მეგობრები გაიჩინე.
-ასე ნუ ამბობ, გთხოვ.
-აბა, რა დავარქვა შენ საქციელს?
-დრო მომეცით, გადამივლის, სულ ასე ხომ არ იქნება? ბოლო დროს ძალიან ბევრი რამ გადავიტანე და ალბათ, სტრესის ბრალია.
-ჰოდა, რისთვის ვართ მეგობრები? მითხარი, რა დაგემართა?
- ოჯახური ტრაგედია, სამსახურში თეთრად გატარებული ღამეები, ამას დამატებული ზოგიერთი უხეში კლიენტი და მათი პრეტენზიები, სწავლა... მეტი რაღა გინდა? ცოცხალი რომ ვარ, მიკვირს.
-მიდი ფსიქოლოგთან, იქნებ ისე გაგიმართლოს, ვიღაც სიმპათიური ტიპიც ააგდო,-ეშმაკურად ჩაეცინა კუსას.
-კარგი რა, რა დროს ღადაობაა?
-კარგი, მაპატიე.
-მოკლედ, დღეს როგორმე გამიგე და გპირდები, აუცილებლად გამოვასწორებ სიტუაციას და ისევ დაგიბრუნდებით. გოგოები მომიკითხე, გადაეცი, რომ ძალიან მომენატრნენ.
-ვიფიქრე, გავისეირნებდით, ყავას დავლევდით, ცოტას ვიჭორავებდით. იმდენი ამბავი დამიგროვდა გიგიზე, მინდოდა, გული გადამეშალა.
-სხვა დროს იყოს, ახლა უნდა გავიქცე და არ გეწყინოს.
-რადგან ასე გინდა, რა გაეწყობა? წადი,- მეგობარმა ნაძალადევად გაუღიმა და ზურგი შეაქცია.
მარტოდ დარჩენილი თეკლა სტუდენტებით გადაჭედილ ეზოს გაეცალა და სახლისკენ წავიდა. უკვე სადარბაზოს კიბეებზე ადიოდა, როდესაც ტელეფონმა კვლავ დაიწკარუნა.
-ახლა ამან ასე უნდა მიშალოს ნერვები? -თვალები აატრიალა და ეკრანს დახედა, მაგრამ შეტყობინება ანდროსგან იყო მისული:
-„თეკლა, მე სამსახურში წავედი. მაცივარში სოფლიდან გამოგზავნილი ნობათია. იქნებ მოიცალო და ვახშამი გააკეთო. თუ რამე დაგჭირდეს, მომწერე და საღამოს წამოვიღებ.“
სიტყვები უცბად გადაიკითხა და ბინის კარი გააღო. წყალი გადაივლო და საწოლზე პირქვე დაემხო. რამდენიმე საათში შიმშილის გრძნობამ გააღვიძა. თვალები უხალისოდ გაახილა და საათს დახედა. საღამოს რვა საათი დაწყებულიყო. სამზარეულოსკენ წალასლასდა და მაცივარში შეიხედა. გაუხარდა დედის ხელით ამოყვანილი ყველი რომ დაინახა. ერთი ნაჭერი მოიჭრა და თონის პურთან ერთად გემრიელად შეექცა.
თვალებიდან რომ გამოიხედა, ქათმის ხორცს დაავლო ხელი და საჭმლის მომზადებას შეუდგა. ამასობაში, კარზე გასაღებმა გაიჩხაკუნა და ანდროც გამოჩნდა:
-აუ, თეკლა. შენ ახლა იწყებ? მე კი მეგონა, უკვე მზად გექნებოდა.
-თუ მომეხმარები, უფრო ჩქარა გამზადდება.
-აქამდე რას აკეთებდი?
-მეძინა.
-ჰმ!
-რა ჰმ?-შეუბღვირა გოგონამ.
-არაფერი,-ხელები გაუშალა ბიჭმა და თავისთვის ჩაეცინა.
მაცივრის თავზე დადებულმა ტელეფონმა ისევ დაიწკარუნა. საქმეში გართულმა თეკლამ წყლის ხმაში ვერაფერი გაიგო. ანდროს ცნობისმოყვარეობამ სძლია და ეკრანზე გამოტანილი ტექსტი წაიკითხა:
-„რა გაძლებს უშენოდ ხვალ საღამომდე? მენატრები...“
ბიჭს სახე შეეცვალა, ბიძაშვილს სერიოზული სახით გახედა და ტელეფონის ეკრანი თვალწინ ააფარა:
-ასე მუშაობ, არა?
თეკლა შეკრთა და ტანში გასცრა. ხორცი და დანა ხელიდან გაუშვა და ტელეფონი გამოსტაცა.
-რას ნიშნავს ეს შეტყობინება?-მკაცრი ხმით ჰკითხა ბიჭმა.
-მე არ ვიცი ეს ვინ არის. გუშინ და დღეს დაფარული ნომრიდან მწერს.
-გახსენი და მაჩვენი დანარჩენი შეტყობინებები,-ბრძანების კილო იგრძნობოდა მის ხმაში.
დაბნეულმა და სახეაწითლებულმა დანარჩენი ტექსტებიც წააკითხა. ანდრომ კითხვა დაასრულა და წარბი აზიდა:
-ესენი ისეთი შინაარსის წერილებია, სავარაუდოდ უნდა იცნობდე.
-გეფიცები, არ ვიცი ვინ არის,-თვალები დაუპატარავდა აღელვებულ გოგონას.
-თეკლა, იცოდე, თუ რამეს მიმალავ...
-არაფერს გიმალავ. არ ვიცნობ-მეთქი, რატომ არ გჯერა?
-აბა, რას ნიშნავს ასეთი თავისუფალი შინაარსის წერილები? მაგას თავი ვინ ჰგონია?!
გოგონა აკანკალდა. ბიძაშვილისთვის აღარ უთქვამს, რომ შეტყობინებების ავტორისგან საჩუქარიც მიიღო. მდუმარედ იდგა.
- მისი წერილები არ მომწონს და გაფრთხილებ, იდაყვებზე კბენა მერე გვიანი არ იყოს!
-არაფერია სანერვიულო,-თეკლამ ძლივს ამოთქვა და თვალები დახარა.
ბიჭს ხასიათი წაუხდა და სამზარეულოდან გავიდა.
რამდენიმე ხანში მისაღებ ოთახში დივანზე მწოლიარე ანდროს მიაკითხა და ფრთხილად დაადო ხელი მხარზე:
-ანდრო, ჩახოხბილი მზად არის. გამოდი, ერთად ვივახშმოთ.
-არ მინდა,-მოკლედ უთხრა და მხარი შეარხია. აგრძნობინა, რომ მისი შეხება არ სიამოვნებდა.
-უაზროდ მიწყრები, მართლა არ ვიმსახურებ.
-რაც გინდა ის ქენი. ჩემი სათქმელი უკვე გითხარი.
-გადმობრუნდი და შემომხედე, არ შემიძლია ასე საუბარი.
ანდრო თეკლასკენ გადაბრუნდა:
-გისმენ. დაგრჩა რამე სათქმელი?
-იმ საკითხზე არაფერი და საჭმელზე კი, - ცივდება.
-არ მინდა-თქო, ხომ გითხარი?
-წეღან ძალიან გშიოდა და ახლა რა დაგემართა?
-წადი, შენ თავს მიხედე, ჩემზე ნუ დარდობ,-მისთვის რომ აღარ შეეხედა, ხელში მობილური აიღო და თამაში დაიწყო.
-კარგი, ჩემთან საუბარი არ გინდა, გასაგებია,-ნაწყენმა დატოვა და აღარც თვითონ უჭამია, თავის ოთახში შეიკეტა.

***
ლეპტოპთან გატარებულმა საათებმა თვალები ისე გადაუღალეს, წვაც კი იგრძნო. თითებით მოისრისა და სტუმრებთან შესახვედრად მოემზადა.
-ამას ვის ვხედავ? გეტა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ?- წამოდგა ყავის წრუპვით და ჭორაობით გართული ნათლია.
-კარგად, დალი ნათლია. თქვენ როგორ ხართ?-თავადაც მიესალმა მორთულ-მოკაზმულ, ქუსლებზე შემდგარ, თავმომწონე, ინტელიგენტ ქალბატონს, რომელიც თავის დროზე ქალაქის საუკეთესო ქირურგი და სამედიცინო ინსტიტუტის დამსახურებული პროფესორი გახლდათ, შემდეგ მეორე სტუმრის მოსაკითხად, ასევე წარმოსადეგ ქალბატონთან, კომპოზიტორ მზია წულეისკირთან გადაინაცვლა:
-თქვენ როგორ გიკითხოთ?
-კარგად ვარ, მადლობა, შვილო, -გაუღიმა და საუბარი გააგრძელა:
-ჰოდა, რას გეუბნებოდით, გოგოებო. ესე იგი, ამ ჩემმა მოზვინულმა ქმარმა რომ დაითრია ეს ხმელი კაცი თავის ნავარჯიშევი მკლავებით, სულ თავბედი აწყევლინა იმ საცოდავს.
-Ну, вот и настоящий мужик! -ტაში დაუკრა დალიმ.
გეტამ დედამისს გადახედა და ისიც აღფრთოვანებული ეთანხმებოდა მეგობარს:
-მასე მოუხდებოდა იმ აყლაყუდას.
-არ გამოიდო თავი? ვინ იყო ის უდღეური? მოგვიშალა ნერვები და დამსახურებულადაც მიიღო ჩემი სულხანისგან, -ყელი მოიღერა თავის ქმრის კუნთების ძალის დემონსტრირებით ამაყმა დალიმ.
მეგობარს მზია ჩაენაცვლა საუბარში:
-ესე იგი, ლუდაჩკა, ნაირა და მე „სოჩაში“ ვართ დასასვენებლად წასულები და მამალ ბუზს თავზე არ ვისვამთ, ცა ქუდად არ მიგვაჩნია და დედამიწა - ქალამნად. ვწევართ პლაჟზე და მოდიან ბრგე ვაჟკაცები. გვივლიან ხან აქედან, ხან იქიდან, ვატყობთ, რომ ჩვენი გაცნობა უნდათ.
-უკაცრავად, ჩემთვის ყავას მოვადუღებ და დავბრუნდები,-თავის დაღწევის ცოტახნიანი მიზეზი მოიგონა გეტამ და ფეხზე წამოდგა.
-კი, დედიკო, - მიაძახა მზიამ და ამბის მოყოლა გააგრძელა.
-ღმერთო ჩემო, -მობეზრებულმა გააქნია თავი და სამზარეულოში ყავის მადუღარას დაუწყო ძებნა.
ვიდრე ოჯახის ღრმად პატივცემული სტუმრები ბაასობდნენ, დრო გაწელა და ყავის მოდუღებას ათი წუთი მაინც მოანდომა. როდესაც ოთახში დაბრუნდა, მზია ბოლო ფრაზას ამბობდა:
-აი, ასე შემრჩა ხახვივით ჩემი თენგო.
მეგობრებმა წარსულის მოგონებებში ფუთფუთს თავი დაანებეს და შვილების ახლად აშენებული სახლებით და აგარაკებით ტრაბახზე გადავიდნენ:
-ჩემმა ტატულიკა, ისეთი აგარაკი ააშენა წავკისში, გადავირიე ქალი - ორსართულიანი, ულტრათანამედროვე რემონტით, ბელგიური ავეჯით გაწყობილი, საცურაო აუზით, ფანჩატურით, ეზოში მობიბინე ბალახით და ულამაზესი, დეკორატიული ჯიშის ბუჩქებით და ხეებით. კარში ფეხის შედგმისთანავე ვიფიქრე, ალბათ, სამოთხეში მოვხვდი-თქო.
-ყოჩაღ ტატულიკას. ღმერთმა მეტი შესაძლებლობა მისცეს,- უთხრა დალიმ.
-წინა კვირას ვიყავი ასული, რომ ჩემი მონატრებული შვილის ოჯახი მომენახულებინა. მაგას ხომ სახლში ვერასდროს დაიჭერ. ოცდაოთხი საათი მუშაობს. ჰოდა, თენგოს ჩაქაფულის რეცეპტიც წავიღე და ისეთი საჭმელი მოვუმზადე, დიდიან-პატარიანად თითებს იკვნეტდნენ.
-როდის უნდა ჩამაწერინო ეგ სანაქებო რეცეპტი? სულ მპირდები და აღარ მაღირსე,-საუბარში ჩაერთო ნანიკო.
-რა პრობლემაა? დამირეკე და ჩაგაწერინებ.
-ვიტყვით ხოლმე და მერე შენც გავიწყდება და მეც.
გეტას იმდენად არ აინტერესებდა სტუმრების მიერ ატაცებული თემები, მთქნარება აუტყდა და ლამის იქვე ჩამოეძინა. მოულოდნელად, მობილურის ზარის ხმა გაისმა.
-ისა, დედიკო, ჩემი მესენჯერი რეკავს, თუ შენი?-იკითხა დალიმ.
გეტას გაეცინა:
-ჩემი მესენჯერია, დალი დეიდა.
-ჰო, მეგონა, შვილიშვილი მირეკავდა საფრანგეთიდან. მაგან ეგრე იცის, სულ ფეისბუქით მეკონტაქტება.
გეტა სხვა ოთახში გავიდა და ზარს უპასუხა. რედაქციიდან მეგობარი ურეკავდა, შეატყობინა, რომ საბანკო ანგარიშზე გაყიდული წიგნების თანხა ჩაერიცხა. გახარებულმა სტუმრებს მოუბოდიშა, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა და უნდა დაგტოვოთო. სასწრაფოდ მოწესრიგდა და გარეთ გავიდა. ქუჩაში გასვლისთანავე შვებით ამოისუნთქა:
-უჰ, კიდევ კარგი, გამოვაღწიე, თორემ რა გაგიძლებდათ თქვენ?- ჩაიბურტყუნა და ბანკომატისკენ აიღო გეზი.
დიდხანს იხეტიალა ფეხით. ბოლოს, ქანცგაწყვეტილი პატარა პარკში ჩამოჯდა და მშობლებთან ერთად მოთამაშე ბავშვებს დააცქერდა. უყურებდა დედ-მამის და შვილების ერთმანეთით გამთბარ სახეებს და თავადაც მათთან ერთად, მოღიმარი ბედნიერობდა. დედიკო ეს, მამიკო ის, დედა, მამა... ხშირად ესმოდა მშობლებზე დამოკიდებული მოცუნცულე ბავშვების ჯადოსნური სიტყვები და გულში აუხსნელი გრძნობები უგუბდებოდა. გულაჩუყებულს შერცხვა და თვალებზე მომდგარი ცრემლები მოიწმინდა. გაიფიქრა, ვინმეს გიჟი არ ვეგონოო, ხის სკამს იდაყვი ჩამოადო, აგურისფრად აწითლებულ მიწას დააშტერდა და კვლავ მოწოლილმა მოგონებებმა გადათელეს:


-სად მივდივართ? -შეშინებული თვალებით კითხულობდა გეტა.
-დაინახავ.
-სახლში წამიყვანე.
-კიდევ რას მიბრძანებთ, პატარა ქალბატონო?
-შენ ხომ ადამიანი არ ხარ!..
-თავად გადაწყვიტე, რომ ჩემი სიყავრულისთვის ხელი არ გეკრა. ახლა, მოემზადე, უკეთესად გამიცნო.
-დამპალო, თავად მაიძულე...-აკანკალებული ხმით ლანძღავდა სწრაფი სიჩქარით მიმავალ მძღოლს.
-არ გაჩერდები?- მთელი სიმკაცრით ჰკითხა მამაკაცმა.
გოგონა შეშინებული ციყვივით გაინაბა და ცახცახს უმატა.
ცოტა ხანში, კერძო სახლს მიადგნენ. მიტოვებულს ჰგავდა, ეტყობოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქ ფეხი არავის დაედგა.
-გადმოდი მანქანიდან!-უბრძანა მამაკაცმა.
-არა.
-შენ რა, მართლა გგონია, რომ ცხოველი ვარ? არაფერს დაგიშავებ, მხოლოდ ვისაუბრებთ.
- არ მჯერა.
-მუხლისჩოქებზე დაგიდგე, რომ დამიჯერო, თუ რას ელოდები ჩემგან?
-საზიზღარო.
-გეტა, გააღე კარი და გადმოდი, თორემ ძალით გადაგათრევ. კარგად იცი, არ გამიჭირდება.
გოგონამ კარი გააღო და გადავიდა. მამაკაცი მიუახლოვდა და წინ ჩამოუდგა:
-თვალებში შემომხედე!
ძლივს ააწვდინა მაღალ, შავგვრემან მამაკაცს წყლიანი, თაფლისფერი თვალები და მის მუქ, ქორის თვალებს გაუსწორა.
-ახლა შემომყვები და იქ მხოლოდ ვისაუბრებთ. კიდევ ერთხელ გეუბნები, არაფერს დაგიშავებ. გასაგებია?
შეშინებულმა თავი დაუქნია და ეზოში შეჰყვა. იქაურობა სარეველა ბალახს მიჰქონდა. სადღაც, ხეებს შორის გაბმული, ჭუჭყისა და მტვრისგან გაშავებული, ძველი ჰამაკი მოჩანდა, რომელიც წვიმებს გამოელპოთ და რამდენიმე ადგილას გაწყვეტილიყო. სახლის კიბეებთან დასხმული ბეტონი აქა-იქ დაშლილიყო და კენჭებად და ცემენტად ამოყრილიყო. რიკულებიანი მოაჯირები დაჟანგებული და ასაკოვანი სახით უმზერდნენ მოულოდნელად გამოჩენილებს.
მამაკაცმა ჯიბიდან ხელსაწყო ამოიღო და კარი თვალის დახამხამებაში გააღო. ირგვლივ, ყველაფერს მტვერი ისე სქლად დასდებოდა, გეტას ცემინება აუტყდა.
-დაჯექი!-ხელით ანიშნა დაძენძილი სავარძლისკენ..
გოგონა დაემორჩილა. მამაკაცმა სკამი მიიტანა, წაღმა შეაბრუნა, საზურგეზე მკლავები ერთმანეთს დააყრდნო და ჩამოჯდა. დიდხანს ათვალიერებდა შეშინებულს, რომელიც თვალს არიდებდა და სახეზე ოდნავი სიწითლე დაჰკრავდა.
-ძალიან გინდოდა ბანკეტზე ყოფნა?-სიჩუმე დაარღვია მამაკაცმა.
-რადგან იქ ვიყავი, ესე იგი, მინდოდა კიდეც.
-მოქცეულიყავი ნორმალურად და ისევ იქ იქნებოდი.
-შენი საქმე არ არის ვის დაველაპარაკები, გასაგებია?!
-შეტევაზე გადმოდიხარ, ბარტყო?
-ყელში ამოვიდა შენი მხრიდან გაუთავებელი, ორწლიანი დევნა. რა გინდა? ხომ ხედავ, არ მინდიხარ? შენნაირი ტიპები არ მაინტერესებს და შენი ბარტყი არ ვარ, ასე ნუ მომმართავ!
-ჩემნაირ ტიპებში ვის გულისხმობ?
-იცი შენც. აღარ არის საჭირო დაკონკრეტება.
-იქნებ საჭიროა? მაინტერესებს, ჩემთვის ძვირფასი ადამიანი რას ფიქრობს ჩემზე.
-რას და იმას, რომ ბანდიტი, მკვლელი და არამზადა ხარ.
-პირველ ორში გეთანხმები. აი, არამზადა კი ნამდვილად არ უნდა გეთქვა.
-აჰ, არ ხარ არამზადა? გამომივიდა მამა აბრამის ბატკანი.
-სიტყვები აკონტროლე!-ხმას აუწია და კბილები გაახრჭიალა.
გეტას ხმა აღარ ამოუღია, თითების წვალება დაიწყო.
-კარგად მომისმინე და დაიმახსოვრე. თუ ვინმეს რამეს ვპარავ და ვართმევ, არც ისინი არიან პატიოსანი გზით გამდიდრებული ბედის საჩუქრები, თუ ვკლავ, ესე იგი, მათი დამპალი სულები დედამიწაზე ყოფნას არ იმსახურებენ, რომ სხვებსაც არ გადასდონ მათი სიმყრალე. მოსაშორებელი ყოველთვის უნდა მოშორდეს. ასეა წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ.
- ეგებ, ჩემნაირმა ადამიანებმა მადლობაც გადაგიხადოთ, რომ ასე რიგად ზრუნავთ მოქალაქეებზე?
-სიამოვნებით მივიღებ.
-მაინც არ მჯერა, რომ თქვენში რამე ადამიანური გრძნობაა შემორჩენილი.
-ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, ჩვენი ტკივილით, სიხარულით, სიძულვილით, სიყვარულით და კიდევ ბევრი გრძნობით. უბრალოდ შენნაირებს კაციჭამიები ვგონივართ, -ხელი მოუთათუნა ლოყაზე და თბილად გაუღიმა.
-გაწიე შენი ბინძური ხელები!- ფეხზე წამოდგა გოგონა.
-დაჯექი!-კვლავ გაისმა ბრძანება.
-არ დავჯდები.
-დაჯექი-მეთქი, მეტს აღარ გავიმეორებ!
-ჯანდაბამდე გზა გქონია, გადავწყვიტე, აღარ დაგემორჩილო.
გაცეცხლებული მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო გეტასკენ სვლა. გოგონამ ოთახს თვალი მოავლო, გათვალა გასაქცევად რომელი მიმართულება ჯობდა და წამებში გაქანდა კარისკენ, მაგრამ დაკეტილი დახვდა, ეჯაჯგურა და ვერ გააღო.
-რას მიპირებ?-ჩუმად ამოილუღლუღა და თვალები დახუჭა, როდესაც მასთან ახლოს მისული მამაკაცი დაინახა.
მძიმე და გახშირებული სუნთქვით იგრძნო რომას სიახლოვე და თვალები კიდევ უფრო მეტად დახუჭა, რომ არ დაენახა.
-შემომხედე!-მჭექარედ გაისმა ოთახში.
გეტამ სახეზე ხელები აიფარა, ამით გამოხატა, რომ არ აპირებდა გოშია ძაღლივით მისი ყველა სიტყვის და სურვილის შესრულებას. ძალით მოაცილებინა ხელები სახიდან და ხელში აიყვანა. შეშფოთებულმა თვალები გაახილა და შეჰყვირა:
-რას აკეთებ? ახლავე ძირს დამსვი.
-ძალიან ჯიუტობ.
-გამიშვი, ვერ ატყობ, რომ სულს მიხუთავს შენი საქციელი?
-აქ იჯდები და მომისმენ!-ისევ იმ სავარძელზე დასვა, სადაც რამდენიმე წუთის წინ იჯდა.
გაფითრებული გოგონა ცრემლებს ხელით იწმენდდა.
-თუ გინდა, რომ აქედან გაგიშვა, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ აღარ იკონტაქტებ შენზე დუჟმორეულ ბიჭებთან და ჩემთან შეხვედრებზე თანახმა იქნები.
-პირველი გასაგებია, მეორე უნდა დააზუსტო, როგორ შეხვედრებს გულისხმობ?
-ზუსტად ისეთ შეხვედრებს, როგორიც შეყვარებულ ადამიანებს აქვთ.
-შენი საყვარელი არ გავხდები. ახლავე გაფრთხილებ!
-არაფერს დაგაძალებ. ეს შეხვედრები იმისთვის მჭირდება, რომ ჩემი თავი უკეთესად გაგაცნო.
-ისედაც კარგად გიცნობ, არ მჭირდება შენთან ...
მამაკაცმა სიტყვა ტუჩზე საჩვენებელი თითის მიდებით შეაწყვეტინა, მერე თოკით სკამზე დაბმა დაუწყო.
-რა ჩაიფიქრე?
-წავალ, საჭმელს მოვიტან. შენ კი სისულელე რომ არ ჩაიდინო, რაღაც დროით ასე მოგიწევს ყოფნა.
-არ გავიქცევი.
-სულელს ვგავარ? შენი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია, დავიცვალე, ბარტყო.
-ბარტყოს ნუ მეძახი-მეთქი.
-ბარტყო,-კვლავ გაუმეორა და გაუღიმა.
დაახლოებით ორმოც წუთში ძეხვით, პურით, თევზის კონსერვით, ხიზილალით, კარაქითა და ლიმონათის ბოთლებით დაბრუნდა.
-მხოლოდ ეს მოვახერხე, რომ მეშოვნა. ყველაფერი დაკეტილი იყო, საკმაოდ გვიანია.
-რომელი მაღაზია გაქურდე?-ცალყბად ჩაეცინა გეტას.
-ეს შენ არ გეხება და ნუ გაიფინე ეგ ენა შარაზე, თორემ ...
-თორემ რა, მომაჭრი?
-ხმა!-თვალები დაუბრიალა და ცელოფნის პარკებიდან საჭმლის ამოლაგებას შეუდგა. მერე გეტას ხელ-ფეხი გაუხსნა და მაგიდასთან მიიპატიჟა.
-კონსერვებს მე გავხსნი, პური შენ დაჭერი.
-თეფშები და დანა-ჩანგლები საიდან მოიტანე?
-პირველ სართულზე, სამზარეულოშია და იქიდან წამოვიღე.
-ესე იგი, აქ ხშირად მოდიხარ. კარგად იცნობ ამ სახლს.
-ხშირად არა, ხანდახან მოვდივარ.
გეტამ პურის დაჭრა დაამთავრა და ნაჭერზე კარაქი და ხიზილალა გადაუსვა.
-როგორ გეტყობა, რომ მდიდარი ოჯახიდან ხარ,-ჩაეცინა მამაკაცს.
-და რა გინდა, რომ მაგით თქვა?
-არაფერი, ჭამე, შეგერგოს.
-აქ როდემდე აპირებ ჩემს გამოკეტვას?
-იქამდე, სანამ ჭკუაზე არ მოგიყვან.
-ვერ მიგიხვდი.
-ვიდრე არ დაგარწმუნებ, რომ ჩემნაირებიც ნორმალური ადამიანები არიან და კეთროვანივით არ უნდა მოექცე.
-ხომ დამიყოლიე, რომ შეგხვდები ხოლმე? კიდევ რას ითხოვ ჩემგან?
-ჯერ-ჯერობით არაფერს, გარდა იმისა, რომ მეთამაშო.
- რა?
-რაც გაიგე. ჭამას რომ მოვრჩებით, მე და შენ კარტით „დურაკას“ ვითამაშებთ. ვინც მოიგებს, წაგებული სურვილს შეუსრულებს.
-გააჩნია რა სურვილს.
-სურვილი სურვილია და ის უნდა შესრულდეს.
-არ მაწყობს.
-რაც შენ გაიფიქრე, შეგიძლია, დაივიწყო და მეთამაშო.
-და შენ რა იცი, რა გავიფიქრე?
-ვიცი,-თვალი თვალში გაუყარა მამაკაცმა.
გოგონას მთელ ტანში დაჰბურძგლა.
-მაშ, ვთამაშობთ?
-კარგი.
პირველ და მეორე თამაშში გეტამ წააგო და მოუწია, პირველად თავს გადახდენილ კურიოზზე, ხოლო მეორედ ყველაზე უხერხულ სიტუაციაზე ესაუბრა, რაშიც ოდესმე აღმოჩნდა. მესამედ და მეოთხედ მისმა მოწინააღმდეგემ წააგო და იგივე თემებზე მოუწია საუბარი. შექმნილმა სიტუაციამ მათ შორის ურთიერთობა ოდნავ დაათბო და ცოტა გამხიარულდნენ კიდეც. ასე დაათენდათ თამაშსა და ერთმანეთთან საუბარში. ალიონზე დაღლილ გოგონას სავარძელში მიეძინა.
დაახლოებით შუადღე იქნებოდა, როდესაც მამაკაცმა გეტა გააღვიძა:
-ძილისგუდავ, გაიღვიძე,-მხარზე ხელი მოჰკიდა და ოდნავ შეაჯანჯღარა.
-ისევ შენ? არადა, ძალიან კარგ სიზმარს ვხედავდი,- ჯერ კიდევ მძინარს, სიზმრისგან წამოყოლილი ემოციებისგან ბაგე გაეპო და გვერდი იცვალა.
-ისეთი ლამაზი ხარ, ანგელოზს ჰგავხარ,-ჩუმად ჩაილაპარაკა და კიდევ რამდენიმე წუთი აცალა, რომ გამოეძინა.
ნახევრადფხიზელმა მისი სიტყვები გაიგონა და ესიამოვნა, მაგრამ თავი მოიკატუნა, რომ არაფერი ესმოდა. როგორც კი ძილბურანიდან გამოვიდა, მაშინვე გაახსენდა ბანკეტიდან გატაცების ამბავი. წარმოიდგინა ნერვიულობისგან დახოცილი ოჯახის წევრები და რეტდასხმულივით წამოვარდა.
-რა გჭირს?- ჰკითხა სახეშეცვლილმა რომამ.
-გეხვეწები, სახლში წამიყვანე, -საწყალი თვალებით შეხედა გოგონამ.
-რატომ გეჩქარება ასე ძალიან?
-როგორ არ გესმის? მშობლები ინერვიულებენ.
- როგორც ჩანს, სკოლის დამთავრების მიუხედავად, მაინც ვერ გაზრდილხარ. ჯერ კიდევ დედიკო და მამიკო გინდა, მათ გარეშე ვერ ძლებ. კარგი, წაგიყვან, ოღონდ კარგად მომისმინე და როგორც დაგარიგებ, ზუსტად იმას მოუყვები ოჯახს, გასაგებია?
-დიახ.
-ვითომ შეცდომით მოგიტაცეს, თვალები აგიკრეს და ამიტომ გამტაცებლები ვერ დაინახე, თუმცა ხმების მიხედვით მიხვდი, რომ რამდენიმე იყო- სამი, ან ოთხი კაცი. ოთახში გამოგკეტეს და იქ იყავი. შემდეგ გაირკვა, შენ ის ადამიანი არ იყავი, ვინც მიზანში ჰყავდათ ამოღებული და ამიტომ გადაწყვიტეს, უკან დაებრუნებინეთ. ეს ინფორმაცია თავად ერთ-ერთმა გამტაცებელმა გითხრა, წამოგიყვანეს და სადღაც, თბილისის შესასვლელთან მანქანიდან გადმოგსვეს და დაგტოვეს. შემდეგ უკვე ვიღაც მგზავრი დაგეხმარა, რომ სახლამდე მოეცილებინე. „ვიღაც მგზავრის“ ვინაობაზე კი მე ვიზრუნებ. ყველანაირად ეცდები, მშობლებს მილიციაში მომხდარის შესახებ არ განაცხადებინო , თუ უკვე გააკეთეს, მაშინ დედაქალაქის უსაფრთხოებაზე მზრუნველებსაც იგივენაირად აუბნევ გზას, როგორც ოჯახის წევრებს,- ბოლო სიტყვებში ირონიული ტონი იკვეთებოდა.
-რატომ მაიძულებ, რომ ტყუილი ვთქვა?
-მაშინ კიდევ დიდხანს მოგიწევს კარანტინში მყოფივით აქ გამოკეტილი ჯდომა. ერთი სიტყვით, აირჩიე.
-კარგი, იყოს ისე, როგორც თქვი.
-გაფრთხილებ, პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შენ საქციელს ძალიან განანებ.
-აღარ არის საჭირო შენი მუქარა.
-დარწმუნებული ხარ?
-დიახ.
-ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ.
ცოტა ხანში, თეთრი 07-ის მარკის ავტომობილი ოქროყანიდან თბილისის მიმართულებით მიჰქროდა. გეტა მოუთმენლად ელოდა ოჯახთან და მეგობრებთან შეხვედრას და გონებაში მათთვის სათქმელს აყალიბებდა. აინტერესებდა ზურას ჯანმრთელობის ამბავიც, რომელიც ბოლოს როგორც ახსოვდა, ძლიერი დარტყმისგან ტრავმირებული, ძირს ეგდო. ამის გახსენებაზე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მზად იყო მისთვის ათასჯერ მოებოდიშებინა. მოულოდნელად, მანქანა უნივერმაღ „თბილისის“ ტერიტორიაზე გაჩერდა.
-აქ რა გვინდა?
-შენ მანქანაში დარჩები, მე კი რამდენიმე წუთში დავბრუნდები. აქედან გადასვლა არ გაბედო!-თითი აუწია გოგონას და მანქანის კარი გააღო.
როგორც კი თვალს მიეფარა, გეტა საგონებელში ჩავარდა:
-კარი რომ გავაღო და გავიქცე, არ არის გამორიცხული, სადმე, ახლომახლოს იმალებოდეს და მამოწმებდეს. როგორ მოვიქცე?
ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ, მაინც ვერ გარისკა, მანქანაში დარჩა და ლოდინი არჩია, თუმცა ეკლებზე იჯდა და თითოეული წუთი საუკუნედ ეჩვენებოდა. რამდენიმე ხანში ხელდამშვენებული მამაკაცი მანქანაში დაბრუნდა:
-ყოჩაღ! პირველი გამოცდა კარგად ჩააბარე.
გეტას ხმა არ გაუცია, მხოლოდ მრავლისმეტყველი მზერით შეხედა.
-ეს შენ გიყიდე,- დიდი ყუთი გაუწოდა, საიდანაც ქერათმიანი და ცისფერთვალება, უზარმაზარი თოჯინა მოჩანდა.
-ეს რად მინდა?- უგულოდ გამოართვა და თოჯინა აათვალიერ-ჩაათვალიერა.
-ბავშვებს უყვართ ლამაზი თოჯინებით თამაში, ძალიან ერთობიან ხოლმე.
-სად მყავს ბავშვი?
-სამაგიეროდ, ამტკიცებ, რომ ბავშვობის ასაკს ვერ გასცდი.
-დედ-მამის სიყვარული, მათი პატივისცემა და სახლში დაბრუნებაზე ფიქრი ჩემს ბავშვობაზე არ მიუთითებს.
-ჯერ კიდევ მათზე ხარ დამოკიდებული, რაც თავისთავად ცუდია,-წარბები აწია და თავი ოდნავ გვერდზე გადახარა.
-შენ რა, ასე დაცინვას და ჭკუის სწავლებას მიპირებ?
-მოქცეულიყავი ქალივით და ქალურ საჩუქარს მიიღებდი.
სიმწრისგან ყელს მოწოლილი ნერწყვი გადაყლაპა, აღარ უნდოდა საუბარში აჰყოლოდა. აგრძნობინა, რომ ზედმეტი მოუვიდა.
-გაბრაზდით, ქალბატონო?- მისი მოღუშული იერი რომას შეუმჩნეველი არ დარჩენია.
გოგონამ ყუთში ჩადებული თოჯინა უკანა სავარძელზე გადადო და საჭესთან მყოფისთვის აღარც შეუხედავს, გვერდი აქცია და ფანჯრისთვის თვალი არ მოუშორებია. შუა გზაში მამაკაცმა მის უკან დადევნებული მანქანა შენიშნა, გეტას მუხლის თავზე გასამხნევებლად ხელი დაადო და დაბალ ხმაზე მიმართა:
-ახლა რასაც გეტყვი, არ შეგეშინდეს. მანქანას ხალხმრავალ ადგილას გავაჩერებ, მე და შენ ერთმანეთს ხელს ჩავკიდებთ და ჩემთან ერთად ივლი ხალხში, მერე განიშნებ და რაც ძალი და ღონე გვაქვს, გავიქცევით.
-რატომ უნდა გავიქცეთ?-გაოგნებულმა ჰკითხა.
-ამის ახსნის დრო არ არის. გააკეთე, რასაც გეუბნები.
-კარგი,-დაეთანხმა გოგონა. მიხვდა, რომ საფრთხეში იყვნენ და შიშმა სხეულში ბუდიდან გამოქცეული ჭიანჭველებივით დაუარა.
-მზად ხარ?
-დიახ,-თავი დაუქნია და თავი ფსიქოლოგიურად შეამზადა, თითქოს ბეწვის ხიდზე გასავლელად ემზადებოდა და ყველაფერს გააკეთებდა, რომ სადმე არ ჩაჩეხილიყო.
07 მარკის ავტომობილი სწრაფად გაჩერდა. გეტამ რომას ხელი ძლიერად ჩასჭიდა და ხალხს შეერივნენ. როცა დარწმუნდნენ, რომ მათზე დადევნებულ მტერს თვალთახედვის არედან დაუძვრნენ, მიმართულება შეცვალეს და სირბილით გაიქცნენ. მოულოდნელად, ერთ-ერთმა წყვილი შენიშნა და შორიდან სროლა აუტეხა. აკივლებული ქუჩაში მოსიარულეები სადარბაზოებს აფარებდნენ თავს. ტყვიების წვიმაში გეტას გადაფარებულმა მამაკაცმა ქუჩის კუთხემდე უსაფრთხოდ მიაღწია და იქიდან მასთან ერთად მიიმალა.
-„გნიდა“ ხალხი, მე თქვენ გაჩვენებთ სეირს,-კბილებიდან სცრიდა ერთ-ერთი სახლის სხვენს შეფარებული რომა.
-რა ხდება? მოკვლას გვიპირებენ? - შიშს ატანილი ეკითხებოდა მასთან მყოფი გეტა.
-დაწყნარდი, მე შენთან ვარ,-გულზე მიიკრა და დასამშვიდებლად თავზე ხელი გადაუსვა.
-აქ რომ მოგვაგნონ?
-შევაკვდები და არავის მივცემ უფლებას, რამე დაგიშავონ.
გეტა მთელი სხეულით აეკრო მამაკაცს და გაისუსა. რომამ თავი ფრთხილად ააწევინა და თვალებში ჩახედა:
-მართლა პატარა ბარტყი ხარ. როგორ გიფრთხიალებს გული,- მკლავები შემოჰხვია, მის შუბლთან ტუჩები ფრთხილად მიიტანა და ნაზად აკოცა,-მოდი, ჩამოჯექი და დამშვიდდი. გპირდები, რომ აქედან მალე გავალთ და სახლშიც მიგიყვან.
გოგონამ დაუჯერა და ნივთებს შორის ნაპოვნ, ძველ ჩემოდანზე ჩამოჯდა.
-ნაბოზვრები!- ზიზღით წარმოთქვა, როდესაც სახლის ეზოში მათ კვალს დადევნებული ბანდის წევრები დაინახა.
-აქ არიან? -ფეხზე წამოდგა გეტა და ჭუჭრუტანიდან გაიხედა.
-ზედმეტად ნუ მოძრაობ და დაუბრუნდი შენს ადგილს.
მოულოდნელად, მილიციის მანქანების სირენის ხმა გაისმა და ეზოში შემოსული ბოროტმოქმედები ელვის სისწრაფით თავის გადასარჩენად აქეთ-იქით დაიფანტნენ.
-როგორც ჩანს, დაწიოკებულმა ქუჩის მაცხოვრებლებმა საჭირო ადგილას დარეკეს,-ჩაილაპარაკა მამაკაცმა და კმაყოფილი სახით გადახედა გოგონას.
-არ მჯერა.
-რისი?
-არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი მე შემემთხვა,-სუნთქვაშეკრული გეტა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს წარმოთქვამდა სიტყვებს.
-ცუდად ხარ?
-ჰო.
-ამის დედაც!-გამწარდა მამაკაცი.
-შეეცადე, რომ ფეხზე წამოდგე და გარეთ გამომყვე. შეიძლება, ეს მტვერი და უჰაერობაც მოქმედებს. დროულად უნდა გავაღწიოთ აქედან.
-არ შემიძლია.
-უნდა შეძლო, მეც დაგეხმარები.
რის ვაივაგლახით ჩამოვიდნენ სხვენიდან. სუფთა ჰაერმა მართლაც დადებითად იმოქმედა გოგონაზე და ოდნავ გამოკეთდა. ნელ-ნელა ჩაუყვნენ ძველი უბნის ქუჩებს. რომა მისთვის დამახასიათებელ სიფრთხილეს იჩენდა და თან, საყვარელ ადამიანთან ერთად, მგლის ხროვაში მოწინავესავით, უშიშრად მიიწევდა წინ.
კოლმეურნეობის მოედანს რომ მიუახლოვდნენ, რომა გაჩერდა და გეტას შეუბრუნდა:
-ახლა ტაქსს გაგაყოლებ, ოღონდ მე არ გამოვჩნდები, არ გეწყინოს.
-რატომ?
-მძღოლმა არ უნდა დამინახოს. შექმნილ სიტუაციას ასე სჭირდება. ჩვენი გეგმაც ოდნავ იცვლება. რაც მშობლებისთვის და მილიციელებისთვის სათქმელად მოვილაპარაკეთ, ყველაფერი იგივე რჩება. გარდა იმისა, რომ თბილისის შესასვლელს კოლმეურნეობის მოედანი ცვლის, ვიღაც კეთილისმსურველ მგზავრს - ტაქსის მძღოლი. გასაგებია?
-გასაგებია.
-მალე გნახავ,-დაჭიმული სახის კუნთები ოდნავ მოადუნა და დამაიმედებლად გაუღიმა.
-შეიძლება, ერთი რაღაც გკითხო?
-გააჩნია, რა გაინტერესებს?
-ის თოჯინა, რაც დღეს უნივერმაღიდან წამოიღე, ნამდვილად ჩემთვის შეიძინე?
-დღეს ჩემი პატარა დისშვილის დაბადების დღეა,-მოკლედ უთხრა და მახვილი თვალით ფარულად განაგრძობდა ახლომდებარე ტერიტორიის თვალიერებას.
გეტას ესიამოვნა, რომ მანქანაში გადაცემული საჩუქარი უბრალოდ ხუმრობა და არა გამიზნული დაცინვა იყო. მერე ცოტა ხნის წინ მიღებული დაძაბულობა მოეხსნა და ღიმილნარევი დაემშვიდობა:
-წავედი, დროებით.
-ჩერჩეტი ხარ,- მამაკაცმა ლოყა დაუჩქმიტა.
-ეი, მტკივა,- ხელი გააწევინა და ნატკენი ლოყა მსუბუქად დაიზილა.
რომა რამდენიმე ნაბიჯით კიდევ გაჰყვა, სამგზავრო თანხა მისცა და ქუჩა აღარ გადაუკვეთავს, ერთ ადგილს შეეფარა და თვალს იქამდე ადევნებდა, ვიდრე ყვითელი ტაქსების მომლოდინეთა რიგში მყოფ გეტას ერთ-ერთმა მძღოლმა არ გაუჩერა.


***
-არა, არა!- თავი გააქნია მოგონებებიდან თავდაღწეულმა გეტამ და ირგვლივ მიმოიხედა.
შებინდებას იწყებდა. პარკში მხოლოდ კანტიკუნტად შემორჩენილიყვნენ. ფეხზე წამოდგა და დაზაფრული სახით გაუყვა სახლისკენ.
-რატომ არ მასვენებ? რა გინდა?-თავისთვის ბუტბუტებდა და წყრომას ვერ მალავდა.
ჩუმად მიდიოდა, მაგრამ მაინც მასზე ეფიქრებოდა. ხანდახან სევდიანად ამოიოხრებდა და გულს ამოატანდა ხოლმე.
სახლში მისულმა დედამისისგან დახვედრებული აბები მიიღო, თავის ოთახში შევიდა და საწოლზე საცოდავად მოიკუნტა.

***
ერთი კვირა ისე გავიდა, ნაწარმოებისთვის სიტყვა არ დაუმატებია, მუზაც გაუქრა და წერის სურვილიც. ასე იცოდა, აღნიშნული მდგომარეობა ხან რამდენიმე თვე გაუგრძელდებოდა. უცებ გამოძვრებოდა პერსონაჟების სხეულებიდან და მათი თვალით დანახული ცხოვრება უსაშველოდ რთულად დასაწერი ეჩვენებოდა. იმ დროს, კარგად იცოდა რაც იყო მისი წამალი და სოფელ ქვახვრელში, ბებია-ბაბუის ნასახლკარში ჩადიოდა და რამდენიმე დღეს მარტო ყოფნაში ატარებდა. აი, ახლაც, გადაწყვიტა, ქალაქის ხმაურსა და ქაოსს გარიდებოდა და სწორედ იმ სახლისთვის მიეკითხა, სადაც მხოლოდ ის და ღმერთი რჩებოდნენ ხოლმე. ზურგჩანთაში ორი ხელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩაალაგა. დიდი მოლოდინებით ვაგზლის მოედნისკენ გასწია, მატარებლის ბილეთი იყიდა და ბაქანზე ჩამოდგა. ირგვლივ მყოფ, მომლოდინე მგზავრებს უღიმღამო თვალებით დაუწყო თვალიერება. მოულოდნელად, მისთვის საინტერესო პიროვნება შენიშნა და მზერა გაუშტერა. სახეზე დააკვირდა, შეეცადა, გამომეტყველებით ამოეხსნა, როგორი ტიპის ადამიანი იყო. ასეთი ჩვევა ჰქონდა, თუ ვინმეს თვალს დაადგამდა, მისი შინაგანი სამყაროს გვირაბებში იწყებდა მოგზაურობას. ყველაფერს ყურადღებას აქცევდა- მიხვრა-მოხვრას, მიმიკებს, ჩაცმულობას, თითოეული დეტალი აინტერესებდა. მერე ადვილად იყო შესაძლებელი, ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდში უბრალო გამვლელის ან სიმბოლური დატვირთვის პერსონაჟის როლი მიენიჭებინა.
ვინ იცის, ბაქანზე მყოფსაც როგორ თვალზე შეხედა და რა ჩაიფიქრა?..
მატარებელიც გამოჩნდა. ვაგონში შევიდა და ადგილი ფანჯარასთან დაიკავა. უყვარდა, როდესაც ლიანდაგზე მოსიარულე მატარებლის ხმაურსა და ბუნების პეიზაჟებში იკარგებოდა. ზურგჩანთა კალთაზე დაიდო, ახლად ნაყიდი წიგნი გადაშალა და კითხვას შეუდგა. რამდენიმე ადგილი ფანქრით გახაზა, უყვარდა, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან ფრაზებს ამგვარი ხერხით ინიშნავდა. კითხვას რომ დაასრულებდა, კვლავ მიუბრუნდებოდა მნიშვნელოვან ადგილებს და ბევრს ფიქრობდა. ზოგჯერ თავისებურ ინტერპრეტაციასაც უკეთებდა და ცვლილებებით დახუნძლულს, გვერდის კიდეზე დაამუშავებდა ხოლმე.
მიდიოდა მატარებელი და თან გადაჰყავდა ათასგვარი ტიპის და ნირის მგზავრები. მიდიოდა და თან მიჰქონდა მათი სიხარულიც, ბედნიერებაც, დარდიც, ტკივილიც და კიდევ უამრავი რამ... არავის არაფერს ართმევდა, არც სხვა რამით უნაცვლებდა, უბრალოდ მიდიოდა...
არც თუ ისე დიდი ხანი მოანდომა ქვახვრელში შესვლას. სულ რამდენიმე წუთი გაჩერდა, მგზავრების ჩასვლას დაელოდა და კვლავ გააგრძელა გზა. გეტამ ღრმად ჩაისუნთქა ქალაქისგან განსხვავებული სოფლის ჰაერი და სახლისკენ აიღო გეზი. ზურგჩანთამოკიდებული ოდნავ წელში მოხრილიყო. ნაცნობ ტერიტორიებს ღიმილით მიმოავლო თვალი. მიხვდა, რომ მის სულს იქ ყოფნა ისე მონატრებოდა, როგორც ჯურღმულში გამომწყვდეულ პატიმარს დღის შუქი. სახლის კარს გასაღები მოარგო და ძველი ავეჯით გაწყობილი, სარემონტო ოთახები სამოთხედ მოეჩვენა. ზურგჩანთა ხის ტახტზე მიაგდო, მუთაქა თავქვეშ ამოიდო და გულაღმა გაიშოტა. ცოტა ხანს დაისვენა და მერე ეზოში გასვლა მოიწადინა. დიდი კაკლის ხის ძირას, დასარწევ სკამზე მოთავსდა და ხარბად შეისუნთქა მძაფრი სუნის ფოთლების და ჯერ კიდევ დაუმწიფებელი, მწვანე კაკლის ნაყოფის სურნელი, რომელიც ახლო-მახლო თაბრუდამხვევად ტრიალებდა:
-აი, რა მჭირდებოდა - ბუნებასთან კონტაქტი,-ჩუმად ჩაილაპარაკა და ლაღი სახე მისკენ მომავალ ნიავს მიუშვირა.
დიდხანს იჯდა გარინდული, გონება გათიშა და უარყოფითი ენერგიისგან იცლებოდა. გრძნობდა, როგორ უმსუბუქდებოდა ხანგრძლივი ვაებისგან დატანჯული სული და სხეული. ნელ-ნელა უახლოვდებოდა ღმერთსაც...
შებინდებისას გაწვიმდა, სახლში შეიკეტა და წითლად შეღებილ ხის იატაკზე დაჯდა. წვიმის წვეთებმა შესაკეთებელი სახურავიდან ნელ-ნელა გაიკვალეს გზა და ოთახში ჩააღწიეს. წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ, წკაპ-წკუპ...- სულის მუსიკას ქმნიდნენ. იჯდა სიბნელეში და განაბული უსმენდა ბუნებისგან შექმნილ საოცარ ჰანგებს. დროდადრო რკინის რელსებზე მიმავალი მატარებლის გუგუნი უერთდებოდა და იქით, სადღაც, მისგან შორს ისევ გადაჰქონდა ადამიანების სიხარული, ბედნიერება, დარდი, ტკივილი და კიდევ უამრავი რამ...
მეორე დღეს ფურცლები და კალამი იპოვა, გრილ ეზოში, ჩრდილის ქვეშ კომფორტულად მოეწყო და კვლავ ნაწარმოებს დაუბრუნდა:


თავი 3
მიუხედავად იმისა, უცნობის გამო, თეკლას ბიძაშვილთან კამათი მოუვიდა, თავს შეატყო, რომ უწინდებურად უინტერესოდ აღარ ეკიდებოდა ცხოვრებას. გახალისდა, თავის მოვლასაც დაუბრუნდა და შეეცადა, სამოსისთვისაც მეტი ყურადღება მიექცია. როდესაც სამსახურში მისვლამ მოუწია, მენეჯერმა ისევ გადასცა შეფუთული საჩუქარი:
-ის ქერა ბიჭი იყო, მთხოვა, შენთვის გადმომეცა,-ამჯერად აღარ დალოდებია საჩუქრის გახსნას, ხელში მიაწოდა და წავიდა.
თეკლა ტანსაცმლის გამოსაცვლელ ოთახში შევიდა და საჩუქრის შეფუთვა შეათვალიერა. ინტერესმა სძლია და ოქროსფრად შემოხვეული ქაღალდი შემოაცალა. ამჯერად, პატარა, თეთრ კოლოფში მოზაიკურად დამუშავებული, ვენეციური მინის, მოოქროვილ ვერცხლში ჩასმული კულონი და ძეწკვი იდო. საჩუქარი ხელის გულზე დაიდო და დიდხანს უყურა, მერე ცდუნებას ვეღარ გაუძლო, სარკესთან მივიდა და მოირგო. მაღალი ყელი მედიდურად მოიღერა და კმაყოფილი სახით შეხედა ახალი სამკაულით დამშვენებულ სავსე გულ-მკერდს. უეცრად, მასზე გაბრაზებული ანდროს სიტყვები გაახსენდა და სახეზე ათამაშებული სიხალისე სადღაც გაუქრა. გულდაწყვეტილმა ჩააბრუნა საჩუქარი თეთრ ყუთში, ოქროსფერი ქაღალდი ისევ შემოაკრო და კაბინეტში მყოფ მენეჯერს შეუტანა, რომელიც დისტრიბუტორების მიერ დატოვებულ სასაქონლე ზედნადებებს და ანგარიშ-ფაქტურებს საქმიანი სახით უყურებდა:
-ამ საჩუქარს ვერ მივიღებ. ძალიან გთხოვთ, თუ კიდევ მოვა, უკან დაუბრუნეთ.
-მე თქვენი ფოსტალიონი არ ვარ. ნება იბოძე და რომ გნახავს, თავად დაუბრუნე,-ცხვირი აიბზუა მენეჯერმა.
-ჰო, მაგრამ სად წავიღო?
-შენი პრობლემაა,-ხელები გაშალა ქალმა.
-მე შეიძლება, არც შევხვდე და ამიტომ ვიფიქრე, რომ...
-არ მაინტერესებს შენ რა იფიქრე. ეგ საჩუქარი აქედან წაიღე და სამუშაოს დაუბრუნდი. აქ ფულს „საჩკაობაში“ არ გიხდიან!
-უკაცრავად,-მხრები აიწურა და ოთახიდან ნაირ-ნაირი პროდუქტებით აჭრელებულ, სამუშაო დარბაზში გავიდა.
ორ საათში ტექსტური შეტყობინება მიიღო:
-„იმედი მაქვს, საჩუქარი მოგეწონა. მთელი გულით შეგირჩიე და ისე მოგიძღვენი.“
-ვინც არ უნდა იყო, პასუხს მოგთხოვ ჩემი აფორიაქებისთვის,- ჩაილაპარაკა ბრაზმორეულმა გოგონამ და საქმე გააგრძელა.
ტელეფონს დიდხანს აღარ დაუწკარუნია. დილის ექვსი საათისთვის, როდესაც მზემ ცაზე გამოჩენა დაიწყო და ქალაქი გამოღვიძებას იწყებდა, მხოლოდ ორსიტყვიანი შეტყობინება მიიღო :
„-დილა მშვიდობისა.“
-მთელი ღამე ველოდებოდი, რომ იმ სიტყვაძუნწისგან გამოგზავნილი „დილა მშვიდობისა“ წამეკითხა, -მწარედ ჩაეცინა და მობილური ჯიბეში ჩააბრუნა.
ცხრა საათისთვის სმენა სხვა თანამშრომელს გადააბარა და სუპერმარკეტი სწრაფად დატოვა. ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა უნივერსიტეტისკენ და აქეთ-იქით იყურებოდა. რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. არც შემცდარა, სასწავლებელში ახლადმისულს გზად ისევ შეტყობინება დაეწია:
-„ თურმე სეირნობაც გყვარებია. ნელ-ნელა გეცნობი, პატარავ.“
-მგონი, მანიაკია. ვინ იცის, თვალში ამომიღო და ნდობის მოსაპოვებლად მე ბრიყვი სასიყვარულო ეიფორიაში გამხვია,- თავისივე აზრმა წამით შეაჩერა და სხეულში გადანაწილებულმა შიშმა ადგილზე გაყინა.
ასე იდგა დაყუდებული, ვიდრე თანაკურსელმა არ ჩაუარა და გამოელაპარაკა:
-თეკლა, აქ რა გინდა, ლექციაზე არ შემოდიხარ?
ბიჭის სიტყვებმა ძლივს მოსწყვიტა ახლად აკვიატებულ აზრს:
-კი, -მოკლედ მიუგო და ნელა დაიძრა ადგილიდან.
ლექციაზე ლექტორის მიერ წარმოთქმული არცერთი სიტყვა არ მისწვდა მის გონებას. ფიქრებით და ემოციებით სადღაც, სხვაგან იყო.
ლექციების შემდეგ ხალხით გაძეძგილ ავტობუსში ავიდა და დაღლილი სახით ჩამოეკიდა ხელის მოსაჭიდებელს. იოტისოდენა ძალაც აღარ შერჩენოდა, ნახევრადმძინარემ მთქნარებით ძლივს მიაღწია სახლამდე და მაშინვე საძინებელს მიაკითხა.
განერვიულებულს და დაქანცულს ღრმად ჩაეძინა. აღარც ანდროს და მისი მეგობრის ხმა ესმოდა, აღარც ბოლო ხმაზე ჩართული ტელევიზორის, რომელიც ფეხბურთის კომენტატორის დაუცხრომელ ემოციებს გოლის გატანის, თუ მოთამაშეების მხრიდან შექმნილი სახიფათო მომენტების დროს თავისებურად გამოხატავდა.

თავი 4
ორი კვირის განმავლობაში, უცნობს არც მენეჯერისთვის დაუტოვებია რამე თეკლასთვის გადასაცემად, აღარც შეტყობინება გაუგზავნია მის ნომერზე. ამ ფაქტმა თითქოს დაამშვიდა და შვებით ამოისუნთქა, თუმცა მაინც ეჩვენებოდა, რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებდა.
ერთ საღამოს, როდესაც მეგობრის სახლიდან შინ ბრუნდებოდა, შავი BMW-ს მარკის ავტომობილი შენიშნა, რომელიც უკან, ფეხდაფეხ მიჰყვებოდა:
-როგორ მინდა, მოგადგე, კარი გაგიღო და შემოგხედო. ნეტავ შენი ბედოვლათი თავი დამანახა და მეტი არაფერი მსურს,-შიში, ინტერესი და სიბრაზე ერთმანეთში შერეოდა და ისე ბუტბუტებდა.
ამასობაში მობილურში შეტყობინება შეუვიდა:
-„ღამის ენოთერასავით ლამაზი, სათნო და შეუდარებელი ხარ.“
-ჯანდაბა! როგორ მეზიზღები,-უფრო გაწბილდა, აკანკალებული ხელით ჩააბრუნა ტელეფონი ჩანთაში და გზა გააგრძელა.
შავი მანქანა კვლავ ნელა მიჰყვებოდა გოგონას. საჭესთან მყოფი მძღოლი ცალი ხელით მობილურში მისთვის გასაგზავნ მორიგ ტექსტს კრეფდა:
-„ჩემში ისე შემოიჭერი, თავს ვეღარაფერს ვუხერხებ.“
შეტყობინების წაკითხვის შემდეგ თეკლას მოთმინების ფიალა აევსო, შავი მანქანის მძღოლს წინ გადაუდგა და გაჩერება აიძულა:
-ახლავე გადმობრძანდი მანდედან და ამიხსენი, ვინ ოხერი ხარ?
მის გაბედულ საქციელს BMW-ს მფლობელი არ ელოდებოდა. უნდოდა, მისთვის გვერდი აექცია და წასულიყო. გაგულისებული გოგონა არ უშვებდა, წინ ეღობებოდა და ცდილობდა, მძღოლის სახე დაენახა, მაგრამ წინა ფარების დამაბრმავებელი შუქი თვალებს სჭრიდა და ვერაფერს ხედავდა. მოულოდნელად, კარი გაიღო და საშუალო ტანის, ქერათმიანი, ოცდაათ წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა:
-ნორმალური ხარ? რას აკეთებ?
-თავად თუ ხარ ნორმალური? რატომ მითვალთვალებ?
-იქნებ ძალიან მომწონხარ?
-იქნებ მეც მომწონხარ? რისი გეშინია? მოდი და გამიცანი, რას იმალები?
-იქნებ არ ვიმალები?
-მაშინ ანონიმური სახის შეტყობინებები და სუპერმარკეტში დატოვებული უსახელო საჩუქრები რას მივაწერო?
-რომელმა თანამშრომელმა ჩამიშვა?
-არცერთმა, თავად მივხვდი, რომ შენ იქნებოდი.
ახალგაზრდა მამაკაცს გაეცინა:
-მაშინ ისეთი უბედური ინტუიციის გრძნობა გქონია, ვანგა მიმიქარავს. არ მეგონა, ასე ჩხუბით თუ გავიცნობდით ერთმანეთს.
-არც მე,-ჩანთაში ხელი ჩააცურა, მისი ნაჩუქარი ძეწკვი და კულონი ამოიღო, კაპოტზე მთელი ძალით დაუხეთქა, გამწარებული შებრუნდა და გზა განაგრძო.
- მოიცადე, სად მიდიხარ? -უკან დაედევნა უცნობი.
-პიროვნება, რომელიც საკუთარ თავს მალავს, ესე იგი, მიზეზიც აქვს. მე კი ასეთ ადამიანებს არ ვენდობი. შოკოლადზე ბოდიში, თანამშრომლებს გავუმასპინძლდი. იმედი მაქვს, პირველი საჩუქრის დაუბრუნებლობას როგორმე მაპატიებ.
-საპატიებელი არაფერი გაქვს. ასე რატომ იქცევი? შენს მიმართ მართლა სერიოზული გრძნობები მაქვს.
-შენ რატომ იქცევი ასე საეჭვოდ?
-როგორ საეჭვოდ?
-დაფარული ნომრიდან რატომ მწერ?
-არ მიცნობდი და მეგონა, ნომერს დამიბლოკავდი.
-მოსულიყავი და გაგეცანი.
-ქუჩაში სერიოზული ურთიერთობისთვის არავის აჩერებენ და გაცნობას არ სთხოვენ. დარწმუნებული ვიყავი, უფრო შეგაშინებდი.
-ეგეც მართალია. კარგი, რაკი ჩემი კითხვების პასუხებისთვის მომზადებული ყოფილხარ, მაშინ ისიც მითხარი, საიდან იცოდი, კონკრეტულ დროს რას ვაკეთებდი ხოლმე სუპერმარკეტში?
-კარგი კითხვაა. შენი სამსახურის წინ რომ პოლიციის შენობაა, იქ ვმუშაობ.
-ესე იგი, მართლა პოლიციელი ყოფილხარ.
-ტყუილად პოლიციელად ყოფნა არც მიფიქრია.
-ნუ იცინი! ეჭვი მქონდა და გამართლდა.
-როგორ დაადგინე?
-მენეჯერმა მითხრა, რომ საჩუქრის გადაცემის შემდეგ, პოლიციის შენობაში შეხვედი.
-პოლიციის შენობაში რიგითი მოქალაქეებიც შედიან.
-იქიდან არაჩვეულებრივად ხედავდი, რით ვიყავი დაკავებული და იმიტომ მწერდი, რომ გაგეგიჟებინე. ერთი ხანი ისიც ვიფიქრე, ჩემი რომელიმე თანამშრომელი იყო შენი ინფორმატორი, მაგრამ საეჭვო ვერავის ვერაფერი შევამჩნიე.
-ჰოდა, შენი ვარაუდი გამართლდა. კიდევ რა გაინტერესებს?
-სახელი და გვარი.
-ლუკა დვალი.
-მე თეკლა სესიაშვილი ვარ.
-ვიცი.
-გაგიჭირდებოდა დადგენა,-ცალყბად ჩაეცინა გოგონას.
-კიდევ რას მკითხავ?
-ჯერჯერობით არაფერს.
-სადმე ხომ არ გაგვესეირნა? ყავაზე გეპატიჟები.
-არა, უკვე გვიანია. სახლში მეჩქარება.
-იქნებ მეც მაქვს შენთან სასაუბრო.
-სხვა დროს იყოს, ახლა უნდა წავიდე.
-ესე იგი, მაპატიე?
-რადგან დამაკმაყოფილებელი პასუხები მივიღე, შეიძლება ითქვას, რომ დიახ.
-მაშინ დაგირეკავ, ან მოგწერ და შეხვედრა დავთქვათ.
-დაფარული ნომრით არც გაბედო!
-არც ვაპირებ,-გაეღიმა ბიჭს.
-ძალიან კარგი. დროებით.
-სახლამდე მიგაცილებ მაინც.
-არაა საჭირო, თითქმის მივედი,- ძალიან პრინციპული იყო თეკლა.
-კარგი, რადგან ასე გინდა, აღარ შეგეწინააღმდეგები,-დაყაბულდა ახალგაზრდა მამაკაცი.
ახლადგაცნობილნი ერთმანეთს დაემშვიდობნენ და იქაურობას სწრაფად გაეცალნენ. პირველმა შეხვედრამ აშკარად უცნაური, იდუმალი და ამავდროულად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა ერთმანეთზე. ეტყობოდათ, რომ მიღებული ემოციები კარგა ხანს წაჰყვებოდათ.
-„მიხარია, რომ ურთიერთობაში დაგვითბა“- ისევ აწკარუნდა სახლთან მისული თეკლას მობილური.
გოგონას წაკითხვისთანავე გაეღიმა, მაგრამ არაფერი უპასუხა.

თავი 5
ლუკას გაცნობით, თეკლას ცხოვრებაში ნათელი წერტილი გამოჩნდა. გრძნობა, რომელიც ახლად იბადებოდა და ულამაზეს წამებსა და წუთებში გადადიოდა, გულზე სუროსავით ეხვეოდა და თითქოს პატარა შვებაც ეძლეოდა, რომ უკეთესი მომავალი დაესახა. მეწყვილის თბილი ხასიათის წყალობით, თანდათან მასში შავი ღრუბლები განიდევნენ და ცამ ისევ გამოანათა. ისევ გაათბო მზემ თავის სხივებით, აკიაფდნენ ვარსკვლავებიც და ნელ-ნელა დაიწყო დაგროვილმა ნაღველმაც სხეულიდან გაწოვა.
როგორც იქნა, სატელეფონო საუბრებს და მიმოწერებს გასცდნენ და პირველი შეხვედრა მყუდრო კაფეში დათქვეს.
-უკვე მეგონა, არ მოხვიდოდი,- მისი ლოდინით დაღლილმა ლუკამ ბედნიერი სახით შეხედა კაფესთან მოსულ გოგონას.
-მაპატიე, -უხერხულად გაუღიმა და ჭაობისფერი თვალები შეანათა.
-არაფერია, შენი გულისთვის კიდევ დიდხანს ვიდგებოდი,- თავადაც გაუღიმა და ხელით ანიშნა, შევიდეთო.
-რას მიირთმევ?
-მხოლოდ ნამცხვარს და ყავას.
-ყავა როგორი გიყვარს?
-რძით და შაქრით.
ბიჭს გაეცინა და მიმტანის მიერ მაგიდაზე დატოვებული მენიუ მიაწოდა, რომ ნამცხვარი შეერჩია.
-რა გაცინებს?
-არაფერი.
-რატომ არ მეუბნები?
-გამიკვირდა, ყავა უშაქროდ რომ არ მოითხოვე, თითქმის სტანდარტული პასუხია,-მხრები აიჩეჩა და ისევ გაიცინა.
-თქვენებური გამოთვლები გქონიათ, ბატონო ლუკა. საინტერესოა, რამდენი დაგიპატიჟებიათ ყავაზე.
-შენ წარმოიდგინე, არც ისე ბევრი.
-აჰა, გასაგებია,-თეკლამ დაკვირვებული მზერით შეხედა და კარგად აათვალიერ-ჩაათვალიერა საკმაოდ სიმპათიურად გამოწყობილი მის წინ მჯდომი.
-რომელ ნამცხვარს შეუკვეთავ?
-„ჩიზ ქეიქს“.
-ერთი ფინჯანი რძიანი ყავა შაქრით, ჩაი ლიმონით და ორი ჩიზქეიქი, თუ შეიძლება,-ბიჭმა შეკვეთა ჩააწერინა მიმტან გოგონას და მენიუ დაუბრუნა. შემდეგ თეკლას მიუბრუნდა და მწველი მზერით რამდენიმე წამის განმავლობაში თვალი არ მოუცილებია.
არც თეკლა ჩამორჩა, თავადაც გაუსწორა თვალები და უტიფრად გააგრძელა ზუსტად იგივე, რასაც ლუკა აკეთებდა.
-ჯანდაბა! ძალიან საზიზღარი ხარ,-სიჩუმე ისევ ლუკამ დაარღვია.
-რატომ?
-არანაირი სიმორცხვე და უხერხულობა, გაბედული ტიპი ჩანხარ.
-ისევე როგორც შენ,-კვლავ არ წყვეტდა დაჟინებით ყურებას.
-კარგი, გვეყოფა.
-რა გვეყოფა?
-თვალებით ლაპარაკი და ერთმანეთის შებმა. ისედაც გაბმულები ვართ.
-ნწ!
-რა ნწ?
-იქნებ მხოლოდ ერთ-ერთია გაბმული და მეორე უბრალოდ თავხედობს?
-ჰო?-რბილად უთხრა და წარბები აათამაშა.
-ჰო,-ოდნავ გაუღიმა თეკლამ.
-ასე თუ გააგრძელებ, ისეთი ენერგია მოდის შენგან, ყავის მოტანამდე გაგიტაცებ და მერე რაც მოხდება, შენს თავს დააბრალე.
-რაო?
-საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ..
-მაინც ვერ მიგიხვდი, -გოგონა საუბრის ეშხში შევიდა და ნიკაპი ლამაზად დაწყობილ ხელის მტევნებს ჩამოადო.
-თეკლა! -აქეთ-იქით მიიხედა ლუკამ, ხომ არავინ გვისმენსო.
-გისმენ.
-რაც გითხარი, მართლა შევასრულებ, იცოდე!
გოგონას გაეღიმა და შექმნილი სიტუაცია რომ განემუხტა, ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდა:
-კარგი, დაგინდე.
-დამინდე კიდეც?
-დიახ,-კმაყოფილი სახით შეხედა.
-საინტერესო ვიღაც ხარ.
-შენც, ჯერჯერობით.
-მითხარი აბა, რას ვაკეთებთ დღეს?
-რა გინდა, რომ გავაკეთოთ?
-კითხვაზე კითხვითვე რომ მპასუხობ, არ გეშინია, თამამი პასუხი მიიღო?
-არა.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ვიცი, ასე მარტივად ჩემთან ურთიერთობას არ გაიფუჭებ.
-საიდან დაასკვენი?
-საკმაოდ ფრთხილი ხარ.
-ეგეც მართალია. კარგი, თუ წინააღმდეგი არ ხარ, ლისის ტბაზე ავიდეთ და გავისეირნოთ.
-თანახმა ვარ.
-რამდენადაც კაფეში შეხვედრაზე რთული დასაყოლიებელი აღმოჩნდი, იმდენად მარტივად მთანხმდები გასეირნებაზე.
-მოდი ასე ვთქვათ, ჩემი ნდობა მოიპოვე.
-მიხარია. ახლა იცი რას ვფიქრობ?
-რას?
-შენი ყავასავით ტკბილი ხასიათიც თუ გაქვს, მაშინ ჩავთვლი, რომ ძალიან გამიმართლა.
-ოჰ, მაგას დამსახურება უნდა.
-და რა უნდა გავაკეთო, რომ დავიმსახურო?
-ყოველ ღამით თეთრი რაშით უნდა ჩამომიქროლო, ცა ჩამოგლიჯო და მასზე გაბნეული ვარსკვლავები თაიგულად შემიკრა.
ლუკა თეკლას სიტყვებზე ახარხარდა. არც ხუმრობის ავტორმა დააკლო.

***
შებინდებამდე ისეირნა წყვილმა ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაღლილები ტბის პირას ჩამოსხდნენ. თეკლამ ჩაფიქრებული თვალებით გახედა წყალს და მუქ, ლურჯ ცაზე გამოკვეთილ მთვარის ანარეკლს გაუშტერა მზერა.
-რაზე ფიქრობ?- ლუკამ ღრმა ფიქრებს გამოსტაცა გოგონა.
-ბევრ რამეზე.
-მაინც? ერთ-ერთი მაინც გამანდე.
-ერთ-ერთი ჩვენ ვართ.
-და რაო, ამჯერად რას გეუბნება შენი წინათგრძნობა?
-ცუდს არაფერს, ან იქნებ ვცდები? რა ვიცი,-ორაზროვნად თქვა და ბიჭს გახედა.
-გული რას გიგრძნობს?
-გული? ეგ ხომ ძალიან მიამიტია? ნუთუ შეიძლება, რომ მას მიენდოს ადამიანი?
-იქნებ ასეც სჯობდეს, რომ სხვაში მხოლოდ სიკეთე და სიყვარული ვეძებოთ?
-ეგრე არ გამოვა, ბევრი ისარგებლებს შენი „უნიკალური ნიჭით“ და ერთ დღეს ისეთი იმედგაცრუებული დარჩები, თავს ნამდვილ სულელად იგრძნობ.
-არც ის არის კარგი, რომ ყველა ადამიანში ცუდი ვეძებოთ. თუ ირგვლივ მხოლოდ ცუდის ძებნა დავიწყეთ, მაშინ გზად დადებული მრავალი სიკეთის დანახვა გამოგვრჩება და კიდევ უფრო გულგატეხილები დავრჩებით.
-ეგეც მართალია. ალბათ, ზომიერება დააბალანსებს მაგ საქმეს, ან რა ვიცი, ცხოვრება ისეთი რთული რამეა, რას გაუგებ?
-ჩემშიც უნდა დაიწყო ცუდის ძიება?
-ძიება არა, მთავარია, უნებურად არ ამოტივტივდეს.
-ასე თუ მივყევით, ყველას აღმოვუჩენთ რაღაც ნაკლს, მაგრამ როცა ადამიანი მოგწონს, ამას უკვე მნიშვნელობას აღარ ანიჭებ.
-ადამიანები ისე ვართ მოწყობილნი, მუდამ რაღაც ისეთს ვეძებთ, რაც გვაკლია და ზუსტად ვიცით, რომ ის მხოლოდ ჩვენს მეორე ნახევარშია. რთულია, მაგრამ თუკი ასეთ ადამიანს იპოვი და ხვდები, რომ გავსებს, მართალი ხარ, ამ შემთხვევაში იმდენად ეჯაჭვები, მისი ნაკლიც უფერულდება.
-რომ ვიცოდე, რას ფიქრობ ჩემზე ან რას ეძებ, იქნებ ბევრად გაგვიმარტივდეს ურთიერთობა?
-ყველაფერი თავისთავად მოვა. დრო დაგვანახებს კარგსაც და ცუდსაც.
-ზოგჯერ დრო უსაშველოდ იწელება.
-სამაგიეროდ, ღირს, ადამიანი კარგად გაიცნო. ახლა კი მოვრჩეთ ფილოსოფიას და სახლში წამიყვანე.
-დავრჩეთ ცოტა ხანს, შენთან ყოფნა უზომოდ მსიამოვნებს.
-უკვე გვიანია, ძალიან დავიღალე,-ფეხზე წამოდგა თეკლა.
-მაშინ შემპირდი, რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს.
-გპირდები,-გაუღიმა და მანქანისკენ აიღო გეზი.
ბიჭიც წამოდგა და გოგონას უკან გაჰყვა.
სულ რაღაც ნახევარ საათში ლუკას მანქანა თეკლას საცხოვრებელ კორპუსთან გამოჩნდა. ანდრომ უცნობი პიროვნების მანქანიდან გადმოსული თეკლა ფანჯრიდან დაინახა და გული შეეკუმშა:
-მაინც არ მისმენ, არ გესმის, არც გინდა, გაიგონო,-წყრომით ჩაილაპარაკა და იქაურობას ცივად გაეცალა.
გოგონამ კიბეები მხიარულად აირბინა და გრძელ, ხის კარზე დააკაკუნა. ბიძაშვილმა კარი გაუღო და უხმოდ აქცია ზურგი.
-ანდრო, ვიცი, დამაგვიანდა, მაგრამ...
ბიჭს აღარ მოუსმენია მისთვის, აბაზანაში შევიდა და სიბრაზისგან ადუღებული სხეული გრილ შხაპს შეუშვირა.



***
გეტამ ფურცლები ორად გაკეცა, მაგიდაზე დადო და დასარწევ სკამზე კომფორტულად გადაწვა. გონებაში აზრებს პაექრობა გაემართათ. ზოგს სურდა, წყვილის მომავალი ლამაზად და კარგად წარმართულიყო, ზოგს - პირიქით.
-ახლად მოვარდნილ აზრებს თუ დავუჯერებ, მაშინ ჩაფიქრებულს დასასრულამდე ვერ მივიყვან და ნაწარმოებს თავის სიძლიერეს დავუკარგავ. ავცდები მთავარ ხაზს და საბოლოოდ, იაფფასიან და არაფრისმომცემ რომანს დაემსგავსება. მე კი ეს არ მინდა,-საკუთარ მეს ესაუბრებოდა და სავარაუდო ეპიზოდებს დეტალურ ანალიზს უკეთებდა.
ერთი საათი მაინც იჯდა გაუნძრევლად. ნათლად წარმოიდგენდა ამა თუ იმ სიტუაციაში აღმოჩენილ პერსონაჟების სახეებს და თვითონაც იგივეს განიცდიდა, რასაც ისინი. დაიღალა და ნაწარმოებზე ფიქრს შეეშვა, სახლიდან თხელი მოსასხამი გამოიტანა და ეზოდან გავიდა. ნელა მიუყვებოდა ნაასფალტარ გზას და თანდათან უახლოვდებოდა მტკვარ-არაქსის კულტურის წრეში მოქცეულ, კლდეში ნაკვეთ ნაქალაქარ უფლისციხეს, რომელიც ერთ დროს, ქართლის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა.
კვერნაქის ქედზე, დაქანებული რელიეფის ქვიშაქვის მასივში ამოკაფული კომპლექსი საუკუნეების გასვლის მიუხედავად, მაინც მედიდურად გამოიყურებოდა. გეტას მცხუნვარე მზემ თვალი მოსჭრა და ხელით დაიჩრდილა. შორიდან აკვირდებოდა ოდესღაც ხალხით დასახლებულ, გადაჭედილ ქალაქს, სადაც სიცოცხლე დუღდა. სანამ კლდის გორაზე გადმოკიდებულ ქალაქში შეაღწევდა, მტკვრის ხეობას გადახედა და სხვა ენერგიით აივსო. მის წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. ნათლად აღიდგინა ისტორიული ამბები და წარმოსახვაში მეცხრე საუკუნის საქართველოს გაცოცხლება დაიწყო.
სახელოსნოებიდან რკინის ჩხარაჩხური გამოდიოდა. ხელოსნები ცხენის ნალებს, ბორბლებს, სატევარებს, მახვილებს, შუბებს, საჩეხებს, ფარებს, თუ სხვა იარაღებს ამზადებდნენ. ზოგნი თიხას ზილავდნენ და მისგან ქვევრები, ხელადები და ფიალები გამოჰყავდათ. მეპურეები გახურებულ თონეებში ლავაშებს აკრავდნენ. დატრიალებულმა სუნმა შიმშილი მოჰგვარა და სწრაფად გაეცალა იმ ადგილებს. თამაშში ჩაბმული, ფეხშიშველი, პატარა ბიჭები ძირს გაწოლილიყვნენ, პატარა ქვები ხელში აეღოთ და არც თუ ისე შორიახლოს, მათ წინ ერთმანეთის მიჯრით დაწყობილი ქვებიდან ერთ-ერთი მიზანში ამოეღოთ. ისმოდა რაკარუკი და მხიარული შეძახილები. უყურებდა ბავშვებს და მათი მხიარულება მის სახეზე ღიმილს იწვევდა. აფთიაქიდან გამოსული, დედის კალთას აკრული გოგონაც დაინახა, რომელსაც ხელში ხისგან გამოთლილი თოჯინა ეჭირა და ბაჯბაჯით მიჰყვებოდა. კიდევ გაიარა და ახლა მისი ყურადღება კლდის ფერდობებზე უძველესი ქართული ვაზი „სალიზვარით“ გაშენებულმა, უზადოდ მოვლილმა ვენახმა მიიპყრო. წითელი ყურძნის მარცვლები მზის სხივებს ისე დაემწიფებინათ, გასკდომას იყვნენ. მევენახეები გეტასთვის ჯერ არ გაგონილი, უძველესი ქართული სიმღერის ღიღინით დაიარებოდნენ და თითოეულ მტევანს ეფერებოდნენ. ზოგი კერამიკული მილებით გამოყვანილი წყლით საწნახელებს რეცხავდა და რთველისთვის ემზადებოდა. აქლემების ქარავნით შემოსული ვაჭრები დიდგვაროვნებს აღმოსავლური ქსოვილების, ბეწვეულის, ძვირფასი ქვების და მრავალი ნივთის შეძენისკენ მოუწოდებდნენ.
მთავარ მოედანზე საპყრობილეები იყო განლაგებული. თითოეული მათგანი ერთ დიდ თხრილს წარმოადგენდა, რომელიც ქვევით თანდათან ვიწროვდებოდა, რომ პატიმარს დაჯდომის საშუალება არ ჰქონოდა. ბოროტმოქმედებს ასე იმიტომ ექცეოდნენ, რომ ყველას დაენახა, რამდენად სასტიკი იყო მკვლელობისთვის, ქურდობისთვის და რიგი დანაშაულებებისთვის სადამსჯელო ქმედებები. იდგა ერთი ბეჩავი მამაკაცი გრძელ თხრილში, თვალები ცისთვის მიეპყრო და ღონემიხდილი გმინავდა, ან მეტი რა დარჩენოდა?..
გეტა იქაურობას გაერიდა. აღარ უნდოდა, გული დაემძიმებინა და ქალაქის სხვა მხარეს არჩია წასვლა. სამლოცველოში ქალები შენიშნა. მუხლი ფილაქნებზე მოედრიკათ და გულმხურვალე ლოცვით ხატებს სამშობლოს მშვიდობას და ოჯახის წევრების კარგად ყოფნას ავედრებდნენ. ჩუმად დატოვა ქალაქის ყველაზე წმინდა ადგილი და ამაღლებული ადგილიდან მთელ უფლისციხეს სიამაყით გადახედა.
ფუსფუსებდა ქალაქი და მომავლიდან მოსულ სტუმარს ათასგვარ ამბავს ამცნობდა.
კიდევ განაგრძო სიარული და ახლა ერთ-ერთი სახლის დიდ ეზოში შეიხედა. კარ-მიდამოს ეტყობოდა, რომ წარჩინებულნი ცხოვრობდნენ. მოხუცთან მყოფ ბავშვებს მოჰკრა თვალი, რომლებიც პატარა ხის სკამებზე შემოემწკრივებინა და უძველეს თქმულებებს უყვებოდა. ქალს გრძელი, სელისგან დაწნული, კოჭებამდე კაბა ეცვა, ბოლოში და მაჯებზე არშია ჰქონდა შემოვლებული, წელზე ოქროს ბალთა დაემაგრებინა, მოსასხამი მოეხურა და თვალშისაცემად ლამაზი თავსაბურავი ამშვენებდა. გეტა ახლოს მივიდა და ყური დაუგდო:
უფლისციხე ადგილობრივ ტომთა ბელადის, უფლის სადარის საცხოვრებელი იყო. ასე იმიტომ უწოდებდნენ, რომ ტომის ბელადს დიდი ძალაუფლება ჰქონდა და სახელიც აქედან იღებს სათავეს - უფლის სადარის ციხე, მოკლედ რომ ვთქვათ, უფლისციხე. სახელი ჯერ კიდევ კერპთაყვანისმცემლობის დროს დაერქვა, ამიტომ ტომის ბელადის უფლის სადარობა ძალაუფლების აღმნიშვნელი ტერმინია და არა რელიგიურის. ლეგენდა გვამცნობს, რომ ქალაქი მის სამხრეთით, ქოხებში მცხოვრებმა მონებმა ააგეს. წერაქვს აძლევდნენ, რომელიც ნახევრად რკინა და ნახევრად ოქრო იყო და ვიდრე მუშაობისას ოქრომდე არ გაცვითავდნენ, მონობისგან თავს ვერ დაიხსნიდნენ. მერე თავისუფლებასთან ერთად, ოქროც მათ რჩებოდათ და ჩვეულებრივ აგრძელებდნენ ცხოვრებას. მრავალი წელი უფლისციხე ქურუმთა ქალაქად მოიხსენიებოდა. მათ ქვეყნის ცხოვრებაზე დიდი გავლენა ჰქონდათ. ხშირად იკრიბებოდნენ სათათბირო დარბაზში, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარეობდა და საერო საკითხებს წყვეტდნენ. რელიგიური დღესასწაულები მთავარი ქურუმების მიერ საიდუმლო ოთახებში რიტუალების შესრულებით იწყებოდა. ასე იმართებოდა წარმართულ ღვთაებათა დღესასწაულნი, ვიდრე კაბადოკიელი ნინო ვაზის ჯვრით არ მოევლინა ქვეყანას და ქრისტიანობა არ გაავრცელა. მისი გამოჩენის შემდეგ, ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა, ქურუმებს მმართველობის სადავეები ჩამოერთვათ და ქალაქი მეფეთა ქალაქად იქცაო,- ამბობდა ხანდაზმული.
უფლისციხის შესახებ ამბების მოყოლა რომ დაასრულა, დასძინა:- ასეთი წვალებით და დაგვით აიგო ეს ლამაზი ქალაქი და ჩვენი ვალია, მტკაველ -მტკაველ გავუფრთხილდეთ, დავიცვათ და მივხედოთ. არ გვეკადრება, დავკარგოთ თუნდაც ერთი გოჯი. მტარვალნი ეპოტინებიან, არ გვანებებენ, მაგრამ მჯერა, ბრძოლით და სიმამაცით ქართველნი არ დავთმობთ და ქედს არ მოვუხრით არავისო.
გეტას გული სიამაყით აევსო, როდესაც ქალის სიტყვები მოისმინა, რომლებიც ქვეყნის სიყვარულით და პატრიოტიზმის გრძნობით იყვნენ გამთბარნი, ან კი როგორ შეიძლებოდა, ასეთ რამეს ვინმე გულგრილი დაეტოვებინა?
მეტის გაგება და დათვალიერება სურდა და ეზოდან ყველაზე ხმაურიან ადგილს, ისევ ბაზარს მიაშურა. დაწვრილებით აინტერესებდა, რას ყიდდნენ მოვაჭრეები. დახლებს ჩამოუარა და ათასგვარ წვრილმანს და საკვებს მოჰკრა თვალი. ფერად-ფერადი ჩირით, ხილით და ბოსტნეულით იყო აჭრელებული იქაურობა. ღვინო, თევზი, პური, ცხოველნი, ფრინველნი, ტანსაცმელი, სამკაულნი, საყოფაცხოვრებო ნივთები, რას აღარ ნახავდით.
ორი მოხუცი მეწაღე ერთმანეთის გვერდით იჯდა, ტყავისგან ფეხსაცმელს ამზადებდა და თან, ქვეყნის პოლიტიკურ ამბებზე ბჭობდა. გული ეწვოდათ, რომ აღმოსავლეთ საქართველო არაბთა სახალიფოს ქვეშევრდომი იყო. საუბრობდნენ წანარებზე, რომლებიც სხვა ქართულ ადმინისტრაციულ ერთეულებთან ერთად არაბთა მფლობელობაში მოექცნენ. მოსწონდათ მთიელთა დაუმორჩილებელი ბუნება. მათაც სურდათ, წანართა მსგავსად მტრისთვის ხარკის გადახდაზე უარი ეთქვათ, მაგრამ ამასთანავე, ურჩობისთვის სახალიფოს დამსჯელ ექსპედიციებსაც განიხილავდნენ და მთავარი თვალსაზრისით, რომ ახალგაზრდა მეომრების სისხლის დაღვრას უფრთხოდნენ, ამიტომ ფიქრშიც ვერ წირავდნენ შვილების და შვილიშვილების ტოლ თაობებს და უმალ უკანვე იხევდნენ.
მოულოდნელად, ქალაქის მთავარ შესასვლელთან ცხენის ფლოქვების ხმა გაისმა. მცველების და გეტას ყურადღება შავ ცხენზე ამხედრებულმა, წარმოსადეგმა და ერთობ სიმპათიურმა ვაჟკაცმა მიიპყრო. მაღალმა და მხარბეჭიანმა მხედარმა ციხე-ქალაქის მისადგომებს დიდრონი, შავი თვალები მოავლო და კუშტი სახით ქალაქის მთავარი იკითხა. ეტყობოდა, სერიოზულ საქმეზე იყო მოსული.
-ვარაზ?- აღშფოთებული სახეებით მივარდნენ იქაურნი ახლადმოსულს. მიხვდნენ, რომ კარგი ამბავი არ ხდებოდა მათ თავს.
მხედარი გახვითქული ცხენიდან გადმოვიდა და წელში გაიმართა. გეტამ შეათვალიერა და პირველად, რაც თვალში მოხვდა, მისი გარეგნობა და მოხდენილი ჩაცმულობა იყო. სამოსს გვერდითი ნაწილები ისე მოხერხებულად ჰქონდა აჭრილი, ცხენზე ასვლაში ხელი რომ არ შეშლოდა, ვიწრო შარვალი კი დაბალქუსლიან ჩექმებში ჩაეტანა. შეატყო, ვარაზი უფლისციხელებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნება იყო და სმენად გადაიქცა. აინტერესებდა, რა ამბავი მოიტანა. ვაჟკაცმა დასიცხული სახე მოიწმინდა და ქალაქის მთავართან ხალხი გაგზავნა, რომ მისი მოსვლა ეცნობებინათ. სასწრაფოდ მოახსენეს ვარაზის სტუმრობის შესახებ და მანაც შესახვედრად მაშინვე მზადყოფნა გამოთქვა.
მეჩირაღდნენი სტუმარს გვირაბებით დარბაზებისკენ გაუძღვნენ. გეტაც ფეხდაფეხ მისდევდა. ბოლოს, ერთ-ერთ დარბაზში აღმოჩნდა. მაღალ ტახტზე თბილისის ამირას მიერ დანიშნული ქალაქის მთავარი დაინახა. ძვირფასი, ქარვისფერი სამოსი მოერგო, თავზე ჩალმის მსგავსი ქუდი ეხურა და ცნობისმოყვარე მზერით გასცქეროდა ახლადმისულს. ვარაზი თავის დაკვრით მიესალმა, მოიკითხა და მაშინვე საქმეზე გადავიდა. ამცნო, რომ მუჰამედ იბნ ხალიდს, რომელიც არაბთა ხალიფას თბილისის ამირა, საჰაკისა და მისი მოკავშირე კახელების წინააღმდეგ გამოეგზავნა, მასზე შური სათანადოდ ეძია და ახლა, ბაგრატ კურაპალატთან ერთად, უფლისციხის ასაღებად მოემართებოდა.
-მაშ, ამ ქალაქის აღება განუზრახავთ?- სახე შეეცვალა მთავარს და თვალები რისხვით აევსო.
ვარაზი დაეთანხმა და ინტერესით მიაცქერდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა იგი. მთავარმა ქვეშევრდომნი მოიხმო და განკარგულება გასცა, ვისაც სადმე ადგილი ეგულებოდა, აღარ დაეყოვნებინათ, ქალები და ბავშვები გაეხიზნათ და ქალაქი ბრძოლისთვის შეემზადებინათ.
ახალი ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა. ქალაქი ორომტრიალმა მოიცვა. ატყდა გუგუნი და განგაშის ზარები. გეტამ თავზარდაცემულ, ერთმანეთში არეულ და საბრძოლო შემართებით აღვსილ ხალხს რომ გადახედა, გაიფიქრა:
-ტყუილად არ აღწერდნენ ქართველ ვაჟკაცებს მამაცებად და უდრეკებად. აქ დავრჩები და არსადაც არ წავალ! მინდა, ისტორიული ბრძოლის მომსწრე გავხდე,- სვეტებიანი დარბაზი დატოვა და ხელების ცეცებით მიუყვებოდა გვირაბებს. მოულოდნელად, რამდენიმე ჯოჯო დალანდა და ხმამაღლა იკივლა. საკუთარმა ხმამ გონზე მოიყვანა და წარსულში გაცოცხლებული ისტორიიდან ახლანდელ დროში გადმოისროლა.
გარეთ რომ გავიდა, ერთ-ერთ ქვაზე ჩამოჯდა, მხარზე გადაკიდებული ჩანთიდან პლასტმასის ბოთლით წყალი ამოიღო და მოიყუდა. რაკრაკით ჩაცალა და რამდენიმე წვეთი სახეზეც იპკურა. სველი ხელები თმაზე გადაისვა და ცარიელი, შელახული ნაქალაქარი რომ დაინახა, გული შეეკუმშა. რამდენიმე წუთის წინ ნანახ, ხალხმრავალ ქალაქს შეადარა და უბადრუკად მოეჩვენა:
-ჟამთა სვლას ძალიან დაუზიანებია ციხე-ქალაქი, წარსულში ბევრად განსხვავებულად გამოიყურებოდა, -გულისწყვეტით აღნიშნა და კლდის ნაწილებს ხელები გადაუსვა, თითქოს უნდოდა, თითებით უფრო ღრმად შეეგრძნო უძველესი ქალაქის ცხოვრება და სიძლიერე.
შორიდან რამდენიმე უცხოელი ტურისტი შენიშნა. გიდთან ერთად ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ და ყურადღებით ადევნებდნენ თვალს თითოეულ სანახაობას. ფოტოაპარატები მოემარჯვებინათ და წამდაუწუმ აჩხაკუნებდნენ.
გეტამ მასთან მოახლოებულებს გაუღიმა და გვერდი აუარა. ნელ-ნელა დაეშვა უფლისციხიდან და დარდიანი სახით გაუყვა გზას თავის სოფლისაკენ. მიდიოდა და ისევ ვარაზზე, ქალაქის მთავარზე, მეწაღეებზე, შვილიშვილებთან საუბრით გართულ, დიდგვაროვან ქალბატონზე, ხელოსნებზე, ვაჭრებზე, ტაძარში მუხლებზე დაყუდებულ მლოცველებზე, მევენახეებზე, მეპურეებზე, პატიმარზე და კიდევ ვინ იცის, ვისზე და რაზე აღარ ფიქრობდა.
სახლს მიუახლოვდა და რკინის დიდი ჭიშკარი შეაღო. ეზოში სტუმრად მისული დისშვილი დაუხვდა, რომელიც ფიქრს ისე ღრმად დაეფლო, ვერც კი შეამჩნია თავზე წამომდგარი დეიდამისი.
-ქეთი?-გაკვირვებული სახით შეხედა ახალგაზრდა ქალს.
-ბებიამ მითხრა, რომ ქვახვრელში წამოხვედი და ჩამოგაკითხე.
-რამე მოხდა?
- არაფერი, უბრალოდ შენთან ერთად განმარტოება და საუბარი მჭირდებოდა. სად იყავი?
-უფლისციხე მოვინახულე.
-გატყობ, აქაურობა განსაკუთრებულად გიყვარს,-დარწმუნებით თქვა სტუმარმა.
-სიყვარულის რა მოგახსენო, უბრალოდ ადგილებს, რომლებიც წმინდაა და ღმერთთან გაახლოვებენ, ადამიანები ჭეშმარიტებამდე მიჰყავთ. ხოლო იქ, სადაც ჭეშმარიტებაა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მისკენ მიისწრაფვის.
ქეთი წუთით ჩაფიქრდა და განაგრძო:
-იცი, ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს კითხვას, სად და როდის უახლოვდებიან ადამიანები ყველაზე მეტად ღმერთს და ჭეშმარიტებას, თუმცა რთულია პასუხი იპოვო.
-ყველგან შეიძლება, მიაგნო, მაგრამ პირადად მე, სიმარტოვეში უფრო უკეთესად მესმის ღმერთის ხმა და ჭეშმარიტების არსი.
გეტამ დისშვილის მობილურ ტელეფონს დახედა და შეამჩნია, ხმის ჩამწერი ჰქონდა ჩართული:
-ინტერვიუს იწერ? ადრე ხომ გითხარი, არ მოგცემ უფლებას, ჩემთან საუბარი სადმე გამოაქვეყნო-მეთქი.
-ვიცი და არც ვაპირებ. პროფესიული ჩვევაა. განსაკუთრებულ პატივს გცემ, მომეცი უფლება, შენი ნააზრევი, ემოციები და გამონათქვამები გარკვეული საკითხების შესახებ ჩემთვის მქონდეს შენახული.
გეტამ შუბლი შეჭმუხნა, ღრმად აზრებში გადაეშვა და ცოტა ხნის შემდეგ პასუხი დაუბრუნა:
-ადამიანის ტვინი საოცარი რამ არის. ბევრი რაღაცის დამახსოვრება უწევს და შეუძლია.
-ჰო, მაგრამ რაც არ უნდა ჩაკირული გქონდეს, დრო თავისებურად გადარეცხავს ჩვენს მოგონებებს სხვა მოვლენებით.
-ვერ დაგეთანხმები. სწორედ ეგ მოგონებებია, აწმყოს რომ მიწამლავს.
-არ ვიცი, რა გითხრა. მე წარსულს არასოდეს ვანიჭებ დიდ უპირატესობას. ახლანდელზე ვზრუნავ და ყოველთვის წინ ვიყურები. ხომ გაგიგია , „არა აქვს მნიშვნელობა საიდან მოხვედით, მთავარია საით მიდიხართ“-ო. ეს ელა ფიცჯერალდის სიტყვებია.
-კი გამიგია. არ ვეთანხმები მაგ ელას და იცი რატომ? ზუსტად იმას აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიხარ, რა სულიერი ღირებულებებით საზრდოობდი, როგორ გარემოში ტრიალებდი და ვისთან ამყარებდი ურთიერთობებს. აი, მე მაგალითად, ძალიან მინდა, წარსულს გავექცე, სრულიად განსხვავებული აწმყო მქონდეს, მაგრამ რაც უფრო მეტად ვიგლიჯავ სხეულში ჩარჩენილ ნაწილებს, მით უფრო მეტად მახსენებენ თავს, ვინ ვარ.
-და ვინ ხარ შენ?
-მაგას, რომ დავისვენებ, მერე მოგახსენებ,- ყოველგვარი მორიდების გარეშე მიატოვა სტუმარი და დასაძინებლად სახლში შევიდა.
ასეთი უცნაური იყო. მისი საქციელები უკვე აღარავის აკვირვებდნენ და ყველა გაგებით ეკიდებოდა. ორი საათი გაუნძრევლად ეძინა. კარგად შებინდებულიყო, როდესაც თვალების ფშვნეტით გაიღვიძა. აქეთ-იქით მიმოიხედა და ეზოში გასვლა მოისურვა. ბინდბუნდში მკრთალად, მაგრამ მაინც მოჩანდა დასარწევ სკამში მჯდომი დისშვილი.
-შენ კიდევ აქ ხარ? შუქი მაინც აგენთო,- უდრტვინველად წარმოთქვა ქალმა.
-გელოდებოდი,- ადგილი შეიცვალა და დეიდამისს სკამი დაუთმო.
გეტა კომფორტულად ჩაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და გვერდზე მჯდომს გადახედა:
-კი, ბატონო, გისმენ.
-ვინ ხარ შენ? - ამ კითხვაზე გავჩერდით.
-მწერალი, რომელიც მუდმივად თავქუდმოგლეჯილი გაურბის გეტას წარსულს. ზოგჯერ ჰგონია, ისე შორსაა გაჭრილი, ვერავინ დაეწევა, მაგრამ არა, როგორც კი პერსონაჟების ცხოვრებიდან გამოდის, იმ უბედურის ნაშთს ისევ სხეულში გრძნობს, რომელიც უკანასკნელ პულსებს ითვლის და მაინც არ კვდება.
-შენი სიტყვებიდან ჩანს, რომ იტანჯება.
-ცოცხლად იხრწნება. იგი საკუთარი ცხოვრების შედეგს იმკის.
-ნანობს, როგორც იცხოვრა?
-შენ წარმოიდგინე, არა და ზოგჯერ ეს მაშმაგებს.
-ესე იგი, მოსწონს ასეთ დღეში ყოფნა.
-ვეჭვობ, მოსწონდეს, მაგრამ ზუსტად ვიცი, წარსულში რომ დაბრუნდეს, იგივე გადაწყვეტილებებით ივლიდა.
-პრინციპული ადამიანი ყოფილა.
-გეთანხმები.
-ალბათ, საშინელებაა, როცა აცნობიერებ, რომ შენში მომაკვდავი ადამიანი ცხოვრობს.
-მე მწერალი დავბადე ჩემში, რომელსაც გეტასგან სხეულში ურმით შეტანილი ტკივილი მწიკვი დოზით ფურცლებზე გადმოაქვს. ალბათ, ეს ფაქტი მაძლევს ერთგვარ შვებას და სისავსეს. ბედნიერი მწერალი არ არსებობს. ყველა ჩვენთაგანს ტკივილი გვაერთიანებს და სწორედ ეს გრძნობაა, სიტყვების სახით რომ გვალაპარაკებს, გვატირებს, გვაღრიალებს, გვამღერებს, გვაცინებს და ხან გვაცეკვებს კიდეც, მაგრამ ბედნიერი მომენტები და წუთები ნამდვილად არსებობენ. მაგალითად, როდესაც ჩენი შემოქმედებით კმაყოფილი ხალხის გულწრფელ მადლობას ვიღებ. მაშინ დანაკლისს ვივსებ და ამაში ვპოვებ სრულყოფილებას.
-არის კი სადმე სრულყოფილება და ბედნიერება?
-დიახ. ადამიანები დაუსრულებელ ძიებაში ვართ და დროებით მაინც ვპოულობთ მათ. ისე, ყველაფერი შედარებითია. გააჩნია, ვისთვის რა არის ბედნიერება და სრულყოფილება.
-ადამიანის და სიცოცხლის განმარტება როგორ გესმის?
-ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ამავდროულად, რთული კითხვაა. ჩვენ უზარმაზარ სამყაროში გაბნეული მოლეკულები და ატომები ვართ. შეიძლება, კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებიც, რომლებიც მუდმივად ქაოსურ მოძრაობაში ვიმყოფებით და მისწრაფებებისკენ მივიწევთ. ზოგჯერ სწორ სვლებს ვაკეთებთ, ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ და ამისთვის ვისჯებით კიდეც, მაგრამ შეცდომებსაც შეიძლება მოვუძებნოთ უპირატესობები -ისინი რაღაცას გვასწავლიან და გამოცდილებებს გვძენენ. სხვა საქმეა, ვინ როგორ გამოიყენებს ცხოვრებისგან მიღებულ გაკვეთილებს მომავალში. აი, ასე ვმოძრაობთ და ან ვქმნით, ან არ ვქმნით სამყაროსთვის ღირებულს. ყველაფერი მაშინ ხდება ცნობილი, როდესაც სიცოცხლის დაწესებულ ზღვრამდე მივდივართ. სწორედ იმ ხაზთან ჩანს ვინ შემქმნელი, ვინ მისი დამხმარე და ვინ უვარგისი გამოვდივართ.
-ამას სიცოცხლეშივე ვატყობთ ადამიანებს.
-სიკვდილის შემდეგ უფრო უკეთესად ჩანს. ხომ არიან ისეთებიც, რომლებიც უფრო მეტს ყბედობენ, ვიდრე ქმნიან? ჰოდა, როცა მიდიან, სამყარო, რომელიც რკინის პრინციპებით იმართება და ძალიან სამართლიანი და ამავდროულად სასტიკია, ყველაფერს თავის სახელს არქმევს.
-საზოგადოებაში ყველაზე უკარება მწერლის სახელით ხარ ცნობილი. არ მიდიხარ სტუმრად გადაცემებში, არ იძლევი ინტერვიუებს, სამაგიეროდ, ხშირად შეიძლება შენი ნახვა თოჯინების თეატრში. რატომ ვერ ურთიერთობ და მეგობრობ ზრდასრულ ადამიანებთან?
-ზრდასრული ადამიანები ისე არ მაინტერესებს, როგორც ბავშვები. პირველი იმ მიზეზით, რომ პატარებივით ალალები და მართალნი არ არიან, მეორე იმიტომ, რომ ისინი ქვიშით სავსე ხელის გულებიან პიროვნებებს მაგონებენ, რომლებიც დროთა განმავლობაში იღლებიან, შეკრული მუჭები ნელ-ნელა ეშლებათ, თითებიდან ქვიშის სახით ცხოვრების წლები გადმოედინებათ და სიკვდილს უახლოვდებიან. ზოგჯერ მათ გახევებულ ხის ტოტებსაც ვადარებ, რომლებიც აღარ იხრებიან, უფრო მეტად მყარდებიან, მერე შრებიან, იფუყებიან და ბოლოს იმტვრევიან. ბავშვებს კი ხელის გულებში ყვავილნარით გასაშენებელი ბაღნარი უჭირავთ და ახლად დარგულ მცენარეებს გულის ფანცქალით შესცქერიან, როდის გაიხარებენ. ისინი ახალი ყლორტგამოღებული ხის ტოტებივით არიან, რომლებიც იდრიკებიან, სწავლობენ და უფრო მეტად საინტერესონი არიან, ვიდრე ცხოვრებაგალეული ადამიანები, რომლებიც მალე გაბეზრებენ თავს.
-ასე რატომ ამბობ? ხომ არიან ამოუწურავი და დაუღალავი ადამიანებიც?
-ტყუილია ეგ. ადრე, თუ გვიან ყველა ვიწურებით და უინტერესონი ვხდებით. შეიძლება ვიღაცას თავს ვაჩვენებთ, რომ ისევ შეგვიძლია რაღაც, მაგრამ გადაღლა და გამოფიტვა მაინც გვიწერია ყველას. ეს ბუნების კანონია და წინ ვერ აღვუდგებით.
-რა ასაკში იწრიტება ადამიანი?
-ყველას განსხვავებული ასაკი აქვს. მე ბევრი ახალგაზრდა მოხუციც მინახავს, ისევე როგორც სულით ახალგაზრდა, ასაკით დიდი ადამიანები, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემ.
- ადრე ბავშვებს ასეთი თვალით არ ვუყურებდი, ბევრ რაღაცაზე დამაფიქრე...
-ისინი ძალიან მარტივი და ლამაზი გრძნობებით აღიქვამენ სამყაროს, რაც ზრდასრულ ადამიანთა უმეტესობას სამწუხაროდ არ ძალუძს. ენერგიაც დადებითი მოაქვთ, სიხარულიც გულწრფელი შეუძლიათ და შენც გამსუბუქებენ.
-ამ მოსაზრების გამო ჩამოშორდი მეგობრებს?
-ის მეგობრები შეყვარებულ და სიცოცხლით სავსე გეტა აბალაკს ჰყავდა, მწერალი კი ტკივილისგან იშვა და მისი სული იმდენად გადაღლილია, აღარ აინტერესებს ცბიერი და სათავისო ინტერესებზე მორგებული ხალხი.
-არ მჯერა, რომ ყველა ზრდასრული ადამიანი ერთნაირია.
-მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელნი შეიძლება აღმოჩნდნენ ჩემთვის საინტერესო და მათთვის კი -მე. იმის დრო არ მაქვს, ახალი ურთიერთობები გავაჩაღო და ამდენი უვარგისიდან მათ გამორჩევას მოვყვე, ამას დიდი ნებისყოფაც სჭირდება. ამასობაში, შენც გაბინძურებენ და ცუდი აურით გჭამენ. მირჩევნია, ყველასგან თავი შორს დავიჭირო.
-გულწრფელად ვაღიარებ, არ მეგულება შენს გარდა ადამიანი, ვისთანაც ასეთ თემებზე ვისაუბრებ, ვიკამათებ და ჩემებურ დასკვნებს გავაკეთებ.
-მოდი ხოლმე და ხშირად მეკამათე,- სუსტად ჩაეცინა გეტას.
ქეთიმ ჩანაწერი შეინახა, ჩანთიდან მანქანის გასაღები ამოიღო და დეიდას მიუბრუნდა:
-კარგი, წავალ, თავს აღარ შეგაწყენ.
-შეგიძლია, დარჩე.
- ხვალ დილით საქმეები მაქვს, ქალაქში უნდა ვიყო.
-როგორც გინდა, არ დაგაძალებ,-მხრები აიჩეჩა და სტუმრის გასაცილებლად წამოდგა.
დისშვილის წასვლის შემდეგ, გეტა დიდხანს იდგა ჭიშკართან დაყუდებული. სიწყნარეში ჭრიჭინების მკვეთრად გავრცელებულმა ხმამ და ალაგ-ალაგ გაელვებულმა ციცინათელებმა მიიპყრეს მისი ყურადღება. მერე თვალი ცისკენ გაექცა და ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას მიაშტერდა. გრილმა ნიავმა ნაცნობი ხმა სადღაც შორიდან მოიტანა:


-ოდესმე მითქვამს, რომ ჩემი ვარსკვლავი ხარ?
-არა.
-ჰოდა, იცოდე, მასსავით მანათობელი და მოციმციმე ხარ.
-როგორ შეგიძლია, ასეთი იყო?
-როგორი?
-სხვას შენი სახელის გაგონებაზეც კი ძრწოლა იტანდეს და ჩემთან აბსოლუტურად სხვანაირ სახეს აჩენდე.
-შენთან ყოფნა მცვლის და ისეთ თვისებებს აღვიძებს ჩემში, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ მიიძინეს. ისე, ნუ გამაბრაზებ, თორემ არც შენ დაგინდობ, -უხერხულად ჩაეცინა მამაკაცს.
-რატომ ამირჩიე მაინცდამაინც მე?
-ეგ რომ ვიცოდე... -ხელის თითები ფრთხილად მიუტანა და ნაზად შეეხო თეთრ, ოდნავ ვარდისფრად შეფაკლულ ღაწვებს.
როდესაც მამაკაცმა ტუჩები სახესთან ახლოს მიუტანა, ხელით სუსტად შეაჩერა: -არ გინდა.
-რატომ?
-ქუჩაში ვართ, არ მინდა, ვინმემ დაგვინახოს.
-კარგი, გაიმარჯვე,-გვერდზე გაიწია და შეყვარებულს ხელი წელზე მოჰხვია.
გოგონა შეიშმუშნა, მაგრამ ვეღარაფერი უთხრა.
-მგონი, ჩემს ვარსკვლავს ნაყინით გაგრილება არ აწყენდა, სანაყინეში გეპატიჟები, -იდეა წამოაყენა რომამ.
-რომელში?-თვალები გაუნათდა გეტას.
-კიროვის ქუჩაზე წავიდეთ.
-მხოლოდ შოკოლადის ნაყინი მინდა, სხვას ვერ ვიტან.
-მე კი ვანილის მიყვარს,-გაუცინა და ხელი ჩასჭიდა, რომ ლენინის მოედანზე ასასვლელად გზა გადაეკვეთათ და სანაყინისკენ ასულიყვნენ.

***
მეზობლის ძაღლის ყეფამ ცის კიდეზე ყოფნას მოსწყვიტა და ნაღვლიანი სახით შევიდა სახლში. საყინულიდან ვანილის ნაყინი გამოიღო. ღრმა, პატარა ლამბაქზე რამდენიმე კოვზი დადო და ჩუმად წარმოთქვა:
-მსოფლიოში ყველაზე გემრიელი ნაყინი გყვარებია, ჩემო,-თეთრ ბურთულებს ეულად დაეცათ მსხვილი ცრემლი და ვიდრე გეტა სულს მოითქვამდა და დამშვიდდებოდა, ნელ-ნელა დნებოდნენ და თეთრ სითხეში იფლობოდნენ.
მთელი ღამე აფორიაქებული იყო, ძილი არ ეკარებოდა. დილის პირას ოდნავ დამშვიდდა, მაგრამ აღარც უცდია, რომ საწოლში დარჩენილიყო. წამოდგა და ოთახიდან ოთახში უაზროდ დადიოდა. როცა ფანჯრიდან ეზოს ყურებაც მოსწყინდა, მაგიდასთან დაჯდა და რამდენიმე მარცვალი მზესუმზირა გაკვნიტა. ისიც მალე მოიბეზრა, შემდეგ ნაწერებს თვალი გადაავლო და შეწყვეტილი ადგილიდან შინაარსის გაგრძელებას შეუდგა:



თავი 6
მეორე კვირა იყო დაწყებული, რაც ანდრო თეკლას არ ელაპარაკებოდა. ისე ექცეოდა, თითქოს არც ამჩნევდა. გოგონა თავიდან განიცდიდა და ცდილობდა, შემოერიგებინა, მაგრამ ბიძაშვილს სიჯიუტემ ხელი იმდენად დარია, ბოლოს მიხვდა, აზრი არ ჰქონდა და თავი დაანება.
ერთ საღამოს, როდესაც თეკლა მეგობრებისგან სახლში ბრუნდებოდა, ბინის ფანჯრები ჩაბნელებული დახვდა.
-უცნაურია, წესით ანდრო სახლში უნდა იყოს, -გაიკვირვა და სადარბაზოში შესვლისთანავე გასაღებს დაუწყო ძებნა. ვიდრე ყურადღება სხვა რამეზე ჰქონდა გადატანილი, ორი ახალგაზრდა დაესხა თავს, მძიმე საგანი ჩაარტყეს და მსხვერპლის ჩანთიანად მიიმალნენ. რამდენიმე წუთის განმავლობაში გონდაკარგული და სისხლიანი ეგდო კიბეებზე, შემდეგ მეზობელმა დაინახა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დარეკა. დაზარალებულს საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ჭრილობა მედიკამენტებით დაუმუშავდა. საბედნიეროდ ღრმა არ ყოფილა და ნაკერების დადებას გადაურჩა, მაგრამ ტვინის მსუბუქი სიმძიმის შერყევა მიიღო და პალატაში დააწვინეს.
ანდრომ ექიმებით, მნახველებით და პაციენტებით სავსე, ხმაურიანი და წამლის სუნით გაჯერებული დერეფანი გაიარა და მითითებულ ოთახში შევიდა. პალატაში სიჩუმე ჩამოწოლილიყო, ავადმყოფი მარტო იმყოფებოდა. მეორე საწოლში არავინ იწვა. ჩუმად მივიდა, დახედა და თვალი მის შუბლს გაუშტერა. ბინტი შემოეკროთ და დამუშავებული ჭრილობისგან სისხლი ოდნავ გამოჟონილიყო. მისკენ თანაგრძნობით დაიხარა და ტუჩთან აკოცა. ჯერ მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა, მერე საკუთარმა საქციელმა შეჰზარა, მყისვე თავში წაიშინა ხელი და საწოლს რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა. კარს გახედა, ხომ არავინ მიყურებსო და ვერავინ რომ დაინახა, ცოტა დამშვიდდა.
-თეკლა,-დაბალ ხმაზე მიმართა და როცა დარწმუნდა, ღრმად ეძინა, კიდევ უფრო დაწყნარდა.
სანამ არ გაიღვიძა, პალატაში იჯდა და ელოდებოდა.
-ანდრო? -ძლივს ამოილუღლუღა თეკლამ.
-ჰო, მე ვარ. როგორ ხარ?
-არამიშავს, შენ როგორ ხარ?
-მეც არამიშავს.
-დღეს გაიგე ჩემი აქ ყოფნის შესახებ?
-ჰო, წუხელ არ ვყოფილვარ სახლში, დილით სესილი დეიდა შემხვდა და ყველაფერი მიამბო.
-მობილურიც გამორთული გქონდა, ვერაფრით დაგიკავშირდნენ.
ბიჭმა არაფერი უთხრა, არ სურდა, თეკლას გაეგო, სად გაატარა ღამე. ამასობაში, სოფლიდან ახლად ჩამოსული, აღელვებული დედა გამოჩნდა, შვილთან მივიდა და მწოლიარეს დიდი განცდებით ჩაეხუტა:
-ასე რომელმა გარეწარმა გაგიმეტა, დედიკო?-გამწარებულმა ამოიღნავლა.
-დაწყნარდი, დედა. კარგად ვიქნები,- დამშვიდება დაუწყო შეუძლოდ მყოფმა.
-ჩემი დედისერთა,- ისევ ჩაეკონა შავებში შემოსილი ქალი თეკლას და დასუსტებული სხეულით მსუბუქად გადაეფარა.
-ლალი ბიცოლა, ექიმმა თქვა, ემოციურად არ გადაღალოთო. არც ბევრი საუბარია მაინცდამაინც მისთვის რეკომენდირებული, დასვენება სჭირდება,- თავზე დაადგა ანდრო.
ქალი წამოდგა და მოქუფრული სახე მიიღო:
-რა დაემართა? როგორ ჩავარდა ამ დღეში?
-სადარბაზოში დაესხნენ თავს.
-ტვინის შერყევა როგორ მიიღო?
-ალბათ დაცემისას, ან მძიმე საგნის თავში ჩარტყმისას.
ტანჯული სახით შეხედა დედამ შვილს, ღრმად ამოიოხრა და ექიმი იკითხა, რომელ ოთახში მივაკითხოო. ანდრომ დერეფანში გაიყვანა, ყველაფერი აუხსნა და უკან შებრუნდა:
-თეკლა, აღარ შეგაწუხებ. როგორც კი ბიცოლა დაბრუნდება, დაგტოვებ.
გოგონას ხმა არ ამოუღია, ეტყობოდა, საუბრის ძალა აღარ შესწევდა. დაახლოებით ოცი წუთი გასტანა თეკლას ექიმთან დედის ვიზიტმა. ოთახში რომ დაბრუნდა, შვილთან მოისურვა დარჩენა. ანდრომ ორივეს მშვიდობიანი ღამე უსურვა და იქაურობას გაეცალა.
გზაში გონებიდან არ გამოსდიოდა უმწეოდ მყოფი ბიძაშვილი. გულს განსაკუთრებული ტკივილით ედებოდა მისი მდგომარეობა. თავს ვერაფერს უხერხებდა და რაც უფრო მეტად ცდილობდა მასზე ფიქრები შეეწყვიტა, უფრო მეტად ეძალებოდნენ. არ ასვენებდნენ გონებაში ჩაჭედილი თეკლას თვალები, ბაგენი, ღიმილი, ხმა და ყველა მოგონება, რაც მასთან აკავშირებდა.
-ასე არ შეიძლება! ჭკუას მოუხმე, თორემ შენი შეცდომები ბოლოს მოგიღებენ და სადმე გადაგჩეხავენ!-საკუთარ თავს უძახდა, მაგრამ ვაი, რომ უკვე ისეთ მახეში გაბმულიყო, საიდანაც ძნელად თუ გამოძვრებოდა.

***
მეორე დღეს, თეკლა ლუკა დვალმა მოინახულა. როდესაც ანდრომ პალატაში შესული ახალგაზრდა მამაკაცი ყვავილების თაიგულით ხელში დაინახა, ეჭვისგან და ბოღმისგან გული ისე გაუსივდა, ცოტაც და დასახრჩობად სწვდებოდა ყელში.
-რა მემართება? რატომ ვერ ვიმეტებ ვერავისთვის? -მორიგი კითხვები აწვალებდნენ და რამდენჯერაც მეტოქის მომღიმარ სახეს დაინახავდა, იმდენჯერ იჭერდა თავს, რომ უპატიებელი შეცდომა არ ჩაედინა.
მოულოდნელად, ლუკა ფანჯრისკენ წავიდა და ფარდა-ჟალუზი ასწია, რომ ოთახში დღის სინათლე შესულიყო. ანდრო მაშინვე ხელში სწვდა:
-ასეა საჭირო, ექიმმა თქვა, რომ თვალისმომჭრელი შუქი ავადმყოფამდე არ უნდა აღწევდეს!
-არ ვიცოდი, ბოდიშს ვიხდი,- მორიდებით აღნიშნა და ფარდა-ჟალუზი უწინდელ მდგომარეობაში დააბრუნა. შემდეგ თეკლასკენ წავიდა, ხელის თხელი თითები თავის ხელში მოიქცია და ჩურჩული დაუწყო.
ანდრომ თავი ზედმეტად იგრძნო:
-მე დაგტოვებთ,- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და გაცეცხლებული შურდულივით გავარდა პალატიდან.
როდესაც ლუკამ თეკლა დაიმარტოხელა, ოთახის კარი მოხურა და თბილი ღიმილით გაუსწორა მზერა:
-ეს ვინ იყო?-ოდნავ გაკვირვებული სახით ჰკითხა შეყვარებულს.
-ჩემი ბიძაშვილია.
-გასაგებია,- სერიოზული სახით ფიქრებში გადაეშვა, მაგრამ დროულად დაუბრუნდა ვითარებას და თეკლასთან დიალოგი გააგრძელა: -რამე ხომ არ გტკივა?
-უსიამოვნო შეგრძნებები მაწუხებს.
-მაინც როგორი?
-თავის ტკივილთან ერთად, თავბრუ მეხვევა, სუნთქვა მიჭირს, გულის რევის შეგრძნება მაქვს და ყურებში ხმაურს ვგრძნობ.
-ნუ გეშინია, ყველაფერი გაივლის და კარგად გახდები.
-იცი, დღეს რომ დამირეკე და მისაყვედურე, სად ხარო..., -ოდნავ გაეპო ტუჩები და სუსტად ჩაეცინა.
-ამაზე ნუღარ იფიქრებ, მე ხომ არაფერი ვიცოდი, რომ ეს ამბავი შეგემთხვა?
-ჰო, მაგრამ ისეთი სასაცილო იყავი, როცა მეჩხუბებოდი.
-არ მეგონა, თუ ჩემს გაბრაზებაზე ასე იხალისებდი, თორემ კიდევ უფრო გაგიბრაზდებოდი.
-ნუ მაცინებ, თავი მტკივა.
-კარგი, გპირდები, სიტყვას აღარ დავძრავ.
-არა, ილაპარაკე, ოღონდ ნუ მაცინებ, ყველა კუნთი მეჭიმება და საშინლად მტკივა.
-აქედან როდის გწერენ?
-ჯერ არ ვიცი, დამაკვირდებიან და მერე გადაწყვიტავენ. მძიმე ფორმებში არ გაქვსო,- ასე ამბობენ.
-ეგ კარგია, ალბათ, რამდენიმე კვირაში გამოგწერენ. სახლშიც უნდა იწვე?
-მაგდენი არ ვიცი. ყველაფერს მეტყვიან.
-ჰო, რა თქმა უნდა.
-მომენატრე,-ამოილუღლუღა ავადმყოფმა და ფერმკრთალი სახე მიაპყრო თავზე მდგომს.
-მეც, პატარავ. ვერ წარმოიდგენ, როგორ განვიცდი უშენობას.
-კარგად რომ გავხდები, დაკარგული დრო ერთიანად ავინაზღაუროთ.
-აუცილებლად.
ოთახში თვალებამღვრეული ანდრო შეიჭრა და ერთმანეთის ტკბობით მოღიმარი წყვილი რომ დაინახა, ლუკას ხმამაღლა შეუბრუნდა:
-დასვენება სჭირდება. მისთვის ბევრი საუბარი და ემოციური გადაღლილობა არ შეიძლება!
ლუკას არაფერი უთქვამს მისთვის, თეკლას გახედა, ხელზე ნაზად აკოცა და დაემშვიდობა:
-ახლა წავალ, მაგრამ მალე დავბრუნდები. აბა, ყოჩაღად იყავი.
-დროებით,-დაემშვიდობა თეკლაც და პალატიდან მიმავალს საწყლად გააყოლა თვალები.
ანდროს თეკლას ქმედება არ გამორჩენია, მიხვდა, რომ გოგონას არ უნდოდა, ლუკა წასულიყო და კიდევ უფრო აენთო, მაგრამ მალევე მოთოკა ნერვები და რამდენიმე წუთში დამშვიდება დაეტყო:
-მეც წავალ, გამოცდისთვის უნდა მოვემზადო,-ეს თქვა და კარებისკენ დაიძრა.
-ანდრო!
თეკლას სიტყვამ კარში შეაჩერა ბიძაშვილი, ოდნავ შეტორტმანდა და უსიტყვოდ გახედა.
-მადლობელი ვარ, რომ მე და დედას გვერდში გვიდგახარ.
არაფერი უთქვამს, თავი დაუკრა და ოთახიდან გავიდა. წასვლის წინ მკურნალ ექიმს მიაკითხა და გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დაწვრილებით გამოჰკითხა. საშიში და საგანგაშო არაფერია, მდგომარეობა სტაბილურია და თანდათან გაუმჯობესდებაო, -დაამშვიდა. ბიჭს გულზე ლოდივით დაწოლილი სევდა თითქოს მოეხსნა და კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფოს კედლები.


თავი 7
მას შემდეგ, რაც ლუკა ანდროს პირისპირ პალატაში მწოლიარე თეკლასთან შეეჩეხა, იმ დღიდან მასთან აღარ მისულა. თხუთმეტი დღე რომ მიილია, თეკლა საავადმყოფოდან გამოწერეს და სახლში დაუნიშნეს წოლითი რეჟიმი. ლუკა გოგონასთან სახლში მისვლაზეც თავს იკავებდა და მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. როცა თეკლა მომჯობინდა და უნივერსიტეტში სიარული დაიწყო, შეყვარებულთან შეხვედრებიც განაახლა.
ერთ დღეს, მთაწმინდის პარკში სეირნობისგან დაღლილნი ბალახზე ჩამოსხდნენ და მათ წინ მორბენალ ბავშვებს გაბადრული სახეებით შესცქეროდნენ.
-გეტყობა, შენც ჩემსავით გიყვარს ბავშვები,-აღნიშნა თეკლამ.
-ჰო,-თავი დაუქნია ბიჭმა.
-მინიმუმ სამი შვილის დედა უნდა ვიყო, ერთი და ორი არ მეყოფა,- თამამად განაცხადა.
-ერთს რომ გააჩენ, მერე იგივეს აღარ იტყვი.
-შენ რა იცი, რას ვიტყვი?
-ვიცი.
-საიდან?-გაუჯინიანდა გოგონა.
-ზოგადად ასეა, დაინახავთ ხოლმე, რომ არც ისეთი მარტივია ბავშვის მოვლაზე პასუხისმგებლობის აღება და სასურველი შვილების წინასწარ დადგენილი რაოდენობა მაშინვე დაბლა იწევს.
-თუნდაც ეგ საიდან იცი?
-რა დავაშავე? ჰო, კარგი არაფერი ვიცი.
-მითხარი.
-თეკლა, მომასვენე რა.
-არა, არ გავჩუმდები.
- ჩემ დასაც ბევრი შვილები უნდოდა, რომ ჰყოლოდა, მაგრამ მხოლოდ ორზე შეჩერდა.
-დაც გყავს?
-ჰო.
-როდის უნდა გამაცნო?
-ჯერ ვერ გეტყვი.
-იცის, შეყვარებული რომ გყავს?
-არა.
-როდის უნდა გააგებინო?
-როცა შესაბამისი დრო მოვა.
-და როდის მოვა ეგ დრო?
ლუკამ უხერხულად დაისვა წვერზე ხელი. თეკლა მიხვდა, რომ ძალიან დააბნია:
-რამე გაწუხებს და არ ამბობ?
-რა უნდა მაწუხებდეს?- სახე შეეცვალა ახალგაზრდა მამაკაცს.
-აბა, რატომ შეცბუნდი?
-ყელი მიშრება, არ გინდა, გამაგრილებელი სასმელი დავლიოთ?
-მინდა, მაგრამ ჯერ კითხვაზე მიპასუხე.
-გეჩვენება, საიდან მოგაქვს ასეთი უცნაური ეჭვები? არ ვიცოდი, თუ ასეთი კირკიტა იყავი.
-ბოდიშს ვიხდი, შეიძლება ზედმეტი მომდის,-თავი იმართლა თეკლამ და ბალახიდან წამოდგომა დააპირა.
-დაგეხმარები,-ხელი მიაშველა ბიჭმა და წამოაყენა.
პატარა კაფისკენ დაიძრნენ. გამაგრილებელ სასმელთან ერთად, ხაჭაპური შეუკვეთეს და საუბარი გააგრძელეს:
-ლუკა, სამ დღეში ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და შენც დაპატიჟებული ხარ.
-მართლა?
-მოხვალ?
-შევეცდები. სად აღნიშნავს?
-მგონი აკვაპარკში, თუ არ გადაიფიქრა.
-აკვაპარკი კარგია. რამდენი იქნებით?
-მე, შენ, იუბილარი, მისი შეყვარებული და კიდევ ორი მეგობარი. აუ, წამოდი რა.
-თუ სამსახურმა ხელი არ შემიშალა, წამოვალ. შენ რატომ აღარ ჩანხარ სუპერმარკეტში?
-მუშაობას თავი დავანებე, ძალიან მძიმე სამსახურია და საუბარი სხვა თემაზე ნუ გადაგაქვს! მოდიხარ, თუ არა?
-დიდი ალბათობით კი.
-ვაშა!- ხმამაღლა შემოსძახა და სიხარულისგან ტაში შემოჰკრა.
-კარგი, სირცხვილია, თავს ნუ მოიჭრი,-თვალები დაუჭყიტა ლუკამ.
-ნუ ხარ კომპლექსიანი.
-მე ვარ კომპლექსიანი?
-ჰო.
-მე ვარ ჰო?
-დიახ, დიახ!
-დარწმუნებული ხარ?
-აბსოლუტურად!
-სერიოზული განაცხადია თქვენი მხრიდან, მის.
-რამდენად სერიოზული?
-ახლავე გაჩვენებ,-ბიჭმა ცარიელ კაფეს თვალი მოავლო და საქმეში გართული მომუშავეების გარდა რომ ვერავინ დაინახა, მის ტუჩებზე საკოცნელად გაიწია.
თეკლა არ შეეწინააღმდეგა, პირიქით, იმდენად მოეწონა, სიამოვნებისგან თვალები დახუჭა და თავადაც აჰყვა.
-ძალიან ტკბილი ხარ,- თეკლას ტუჩებზე ამოიჩურჩულა და კოცნა მალევე შეწყვიტა.
გოგონა ჯერ კიდევ მისი სუნთქვის და კანის სურნელს გრძნობდა, თავბრუ დაეხვა და სხეულში დავლილმა ტალღებმა ისე მოადუნეს, ძალა გამოეცალა:
-ლუკა!
-რაო?
-სულ მინდა, რომ ერთად ვიყოთ და ჩემი გერქვას.
ბიჭმა თბილად გაუცინა:
-ძალიან საყვარელი ხარ.
-შენ არ გინდა, რომ სულ შენთან ვიყო?
-მეტყობა რამე, რომ არ მინდა?
გოგონამ უარის ნიშნად თავი გააქნია.
-აბა, რა განერვიულებს?
-არც ვნერვიულობ.
-კიდევ დავრჩეთ, თუ ნელ-ნელა დავიძრათ ქალაქისკენ?
-წავიდეთ, თორემ დედაჩემი ხვალ დილით სოფელში ბრუნდება და უნდა, ცოტა ხანს კიდევ მიყუროს,-ჩაეცინა ჯერ კიდევ გაბრუებულ თეკლას.
-როგორც იტყვი,- დაეთანხმა ლუკა და მანქანის სადგომისკენ აიღო გეზი.
დაახლოებით თერთმეტი საათი იქნებოდა, როდესაც გოგონა სახლში მივიდა. დედამისს ჯერ კიდევ არ ეძინა, მას ელოდებოდა:
-შენ სულ ასე გვიან შემოდიხარ სახლში?
-მხოლოდ მაშინ, როცა სადმე მიწევს შეყოვნება.
-და არ შეიძლება, რომ დღისით მოაგვარო შენი საქმეები და საღამოს უკვე სახლში იყო?
-თერთმეტი საათი არც ისე გვიანია, რომ ამის გულისთვის კონცერტებს მიმართავდე.
-როგორ მელაპარაკები?
-დედა, გარეთ გვიანობამდე დარჩენით არაფერს ვაშავებ.
-სად ბრძანდებოდი?
-მეგობარს შევხვდი.
-ვინ მეგობარს?
-უნივერსიტეტიდან.
-სახეზე გატყობ, რომ მატყუებ.
-კარგი, კიდევ რომ შევხვდები, სელფს გადავიღებ და გამოგიგზავნი.
-ენა გააჩერე და ნუ მეტლიკინები!- ქალს ეტყობოდა, თავის კონტროლს ნელ-ნელა ჰკარგავდა.
-უფ!..-ნერვიულად ამოისუნთქა თეკლამ. თვალები გადაატრიალა და საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინათ, ოთახში ჩაკეტვით მიეფარა თვალს.
აღელვებული ბიცოლას დამშვიდება ანდროს მოუხდა. დაარწმუნა, რომ საჯავრო არაფერი ჰქონდა.

***
მეშვიდე თავზე მუშაობა დაასრულა და კალამი გვერდზე გადადო:
-ცოტაც და ისე აიხლართება ყველაფერი, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს,- ხელის მტევნები ერთმანეთთან მიიტანა და თითები ნერვიულად აათამაშა.
მერე კმაყოფილმა ერთხელ კიდევ გადახედა ნამუშევარს, რამდენიმე ადგილას ტავტოლოგიები ჩაასწორა და სიგარეტის ღერს მოუკიდა. ვიდრე ნიკოტინით თავს იბრუებდა, ისევ მოასკდა მის გონებას წარსულის ფრაგმენტი:


-გეტა, არ ფიქრობ, რომ უკვე დროა, მარტოობას წერტილი დავუსვათ?
-სანამ პირველ კურსს არ დავამთავრებ, ეგ საკითხი მანამდე არ განიხილება.
-ისევ ეს დედააფეთქებული თეატრალური ინსტიტუტი. ჩემი თავი საერთოდ არ გადარდებს?
-როგორ არა.
- საიდან გავიგო? საპირისპიროს რომ მიმტკიცებ, იქიდან?
-ჩხუბს იწყებ?
-გეკითხები და მიპასუხე!- შეუვალი ტონი ჰქონდა რომას.
-არ მინდა, ვიკამათოთ.
-სხვათაშორის, არც მე.
-იცი, რა მაინტერესებს?
-გისმენ,-ცივად შეხედა გოგონას შეყვარებულმა.
-სხვადასხვა რელიგია რომ გვაქვს, ჩვენი ოჯახები და ხალხი როგორ მიიღებს?
-ხალხის დედაც მო***ან! სულ ერთ ადგილზე მკ*იდია სხვები რას იფიქრებენ! რა უფრო გადარდებს, ჩემი რელიგია, შენი კარიერა, თუ სიყვარული?!
-მე... -გაბრაზებული მეწყვილის დანახვაზე აღელდა და აღარ იცოდა, სათქმელისთვის თავი როგორ მოება.
-ჩემს ოჯახთან მე მოვაგვარებ ყველაფერს და კრინტს ვერავინ დაძრავს. შენ ის მითხარი, თუ შენი ოჯახისთვის მიუღებელი აღმოვჩნდები, მზად ხარ, ჩვენი სიყვარულისთვის იბრძოლო?
-მე... მე...-კეფაზე მოიკიდა ხელი და ბრინჯივით დაბნეული სათანადო სიტყვების ძიებაში იყო, რომ შეყვარებულისთვის პასუხი გაეცა.
-მე, მე, მე... რა შენ? გამაგებინე, ხარ თუ არა მზად, ჩემი და შენი გულისთვის იბრძოლო?
-ალბათ, კი.
-სიტყვა „ალბათ“ -ს არ მივიღებ! ან კი მითხარი, ან- არა!
-არ ვიცი წინ რა წინააღმდეგობები დაგვიდგება. მეყოფა ძალა, რომ შენი რელიგია, კრიმინალური ცხოვრება და ჩვენი წრე დავივიწყო, ყველაფერს გადავაბიჯო და შენ გამოგყვე?
-ამას მე მეკითხები? -შუბლი შეკრა და ცივად შეხედა რომამ.
ყოველთვის, როდესაც ასეთი უგულო და ყინულივით ცივი მზერა ჰქონდა, ყველაზე მეტად მაშინ ხელდებოდა და ფარული სიმშვიდის მიღმა შინაგანად იკრებდა ძალებს, რომ სისასტიკე ჩაედინა. ამჯერადაც ფეთქდებოდა, მაგრამ თავს იკავებდა, რომ საყვარელი ადამიანისთვის არ ეწყენინებინა.
-მართლა არაფერი ვიცი.
-აბა, რომის პაპმა იცის?
-დრო მომეცი, გპირდები, ყველაფერს ავწონ-დავწონი და ზუსტ პასუხს გეტყვი.
აქ უკვე მოთმინების ფიალა აევსო რომას, ხელები მხრებში ჩაავლო და ხმას აუწია:
-შენი სათამაშო ხომ არ გგონივარ? რას მაპამპულავებ?!
გოგონა კანკალმა აიტანა და სუსტად აწია ხელის მტევნები:
-კარგი, ოღონდ შემეშვი, ასე ნუ მელაპარაკები და გპირდები, რომ ჩვენი სიყვარულისთვის ვიბრძოლებ.
-მომისმინე და კარგად დაიმახსოვრე! ის, რომ გიყვარვარ, „პაზორი“ არ არის და ვისაც მე არ ვენდომები და არ მიმიღებს, იმის დედა მო***ან! გაიგე?
-ვის აგინებ?
-ვისაც ეკუთვნის.
-არ არის საჭირო ამდენი ბილწსიტყვაობა.
-ნუ მაიძულებ და აღარ გაიგონებ.
-უკვე დროა, წავიდე, ცეკვაზე მაგვიანდება.
-ცეკვის დედაც! ახლა არ გამაფსიხო. მე რას გეუბნები და შენ რას ჩივი?
-მშობლებმა რომ გაიგონ, გავაცდინე, მომკლავენ.
-არავინ არ მოგკლავს.
-გამიშვი, რა.
-ასე ძალიან გინდა წასვლა?
-ჰო, გასტროლებისთვის ვემზადებით და არ მინდა, ხელმძღვანელს იმედები გავუცრუო.
-იცი რას გატყობ? ყველაფერს ჩემზე წინ აყენებ, -ცეკვასაც, ხალხის აზრსაც და ხვალ -ზეგ ალბათ „დვარნიაშკა“ ძაღლსაც მამჯობინებ.
-ასე არ არის.
-აბა, როგორ არის?
-მე... -ისევ დაიბნა გოგონა.
-რას ჩაგიხვევია ეს „მე“? მე რა თხა ხარ? გამეცი წესიერი პასუხი.
-ნუღარ მაწვალებ, გამიშვი, გთხოვ.
-ჯანდაბა! ამის დედაც! თუ ფიქრობ, რომ გაწვალებ და ასე ძალიან გინდა ჩემგან წასვლა, წადი!
გეტამ ნერვიულობისგან გამშრალი პირი წყლის დასალევ შადრევანთან გაისველა, ტუჩები ცხვირსახოცით შეიმშრალა და შეყვარებულს დამშვიდობების წინ ლოყაზე აკოცა. მამაკაცი უგრძნობივით იდგა, არანაირი საპასუხო რეაქცია არ ჰქონია.
გოგონას უკან აღარ მიუხედავს, ჩქარი ნაბიჯებით ტროლეიბუსის გაჩერებისკენ წავიდა და სასურველ ნომერს დაუწყო ლოდინი.

***
მოგონებებს თავი დააღწია, სახლიდან მაცივარში ჩაციებული ვისკი გამოიტანა და ბოთლის ფსკერზე ოდნავ დარჩენილი სითხე დაბალ ჭიქაში დაასხა.
-შენ გაგიმარჯოს, -ჭიქა ჰაერში აწია და სევდიანი სახით გამოცალა.
მერე საათს დახედა, ნაწერებს ხელი დაავლო და თბილისში დასაბრუნებლად ბარგის ჩალაგებას შეუდგა.
მზეს რომ არ დაესიცხა, საზაფხულო ქუდი დაიფარა და სადგურამდე ფეხით ჩავიდა. ჩამოსაჯდომი ადგილი მოძებნა, ზურგჩანთიდან წიგნი ამოიღო, სანიშნი ამოაცალა და კითხვა შეწყვეტილი გვერდიდან გააგრძელა. რამდენიმე წინადადების შემდეგ, ისევ წარმოუდგა ცხადად წარსული:


-მიყვარს ვაკის პარკი. უფრო ხშირად მოვიდეთ ხოლმე,- გეტა დიდ შადრევანთან მივიდა და ხელი შეუშვირა იქიდან წამოსულ პატარა წინწკლებს, რომლებიც სახეს უნამავდნენ.
-ბავშვივით თამაშობ,- რომამ დაბალ ხმაზე თქვა და ჩაეცინა, როდესაც წყალთან თამაშით გართულ მეწყვილეს შეხედა.
-რას აგიჩემებია ჩემი ბავშვურობა? სულ ამას როგორ უნდა მახსენებდე?- ვარდისფერი ტუჩები წინ გამოსწია და გაიბუტა.
რომამ მაღალ კონსტრუქციას ააწვდინა თვალი და შეეცადა, შეყვარებულის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა:
-გინდა ეშმაკის ბორბალზე დავსხდეთ?
-როგორ არ მინდა, მაგრამ ვიდრე ბოდიშს არ მომიხდი, არსადაც არ წამოგყვები.
მამაკაცი მისკენ გადაიხარა და ცხვირის წვერზე აკოცა, მერე თბილად გაუღიმა და ჰკითხა:
-კოცნა არ ჭრის?
-საძაგელი არსება ხარ. ბოდიშს რატომ არ იხდი, ვითომ არ გეკადრება?
-კუთხეშიც ხომ არ დავდგე?
-არა, ბატონო რომან, ასეთი სიმძიმის დანაშაულიც არ ჩაგიდენიათ, მაგრამ თუ ბოდიშს არ იხდით, კოცნას ბამბის ნაყინიც უნდა მოაყოლოთ,- თვალი გაეპარა ულვაშიანი, საშუალო ტანის მამაკაცისკენ, რომელიც მის წინ ჩამომდგარი ბავშვების რიგს ღიმილით შესცქეროდა და ფუმფულა, თეთრ ნაყინს ხის ჩხირებზე უხვევდა.
-არ ვარ წინააღმდეგი,-ხელი ჩაჰკიდა და ბამბის ნაყინის მომლოდინე ბავშვებს უკან ამოუდგნენ.
ცოტა ხანში, ეშმაკის ბორბალზე ისხდნენ და სიმაღლიდან პარკის ლამაზი შემოგარენით და თბილისის ქუჩების მშვენიერებით ტკბებოდნენ.
-იცი, საერთოდ არაფერი ვიცი შენი ეთნოსის შესახებ, იქნებ რამე მაინც მიამბო.
-რა გაინტერესებს?
-ისტორია, რელიგია, კულტურა, ტრადიციები.
-სიმართლე გითხრა, სხვაგან დაბადებულ-გაზრდილი იეზიდები ძველ ტრადიციებს ნაკლებად მისდევენ. სადაც სახლობენ, უნდათ, თუ არა, იმ ქვეყნის კულტურას ერწყმიან, ელფერს იცვლიან და დროთა განმავლობაში სხვა წესებით იწყებენ ცხოვრებას. ასეა ჩემი ოჯახიც.
-წინაპრებისგან არაფერი გადმოგყვათ?
-რა თქმა უნდა, გადმოგვყვა, მაგრამ აქ საუბარია სულ სხვა საკითხზე, მკაცრად არავინ მისდევს ძველი თაობების ცხოვრების წესებს.
-გასაგებია. მითხარი რა რამე თქვენზე, ძალიან მაინტერესებს.
- იეზიდები უძველესი არიელი ხალხის რიცხვს მივეკუთვნებით. ეს წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. ჩვენი ეთნოსის ჩამოყალიბებაში ძველი მიდიელი და ირანელი ტომებიც მონაწილეობდნენ. მერე დაიწყო დიდი გადასახლებები და ომები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბევრი ტომის გაქრობას, მაგრამ მაინც შევძელით გადარჩენა და შევინარჩუნეთ ეროვნული კულტურა, ენა, რელიგია და ასე თუ ისე, ყოფა და ტრადიციები. არაბი დამპყრობლები, სპარსელები და თურქ-ოსმალები მუდამ თავს გვესხმოდნენ და გვაიძულებდნენ, იეზიდიზმზე უარი გვეთქვა და მათი რელიგია -ისლამი მიგვეღო. ნაწილი მაჰმადიანობას ეზიარა, ნაწილი გმირულად იბრძოდა და თავს აკლავდა მტრის მოთხოვნებს. საბოლოოდ, მეთექვსმეტე საუკუნეში ქურთისტანი თურქეთმა და ირანმა გაინაწილა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოთხმა სახელმწიფომ -თურქეთმა, ირანმა, ერაყმა და სი*რიამ. ჩვენ კი აქა-იქ, სხვა ქვეყნებში ემიგრანტებად დავიქსაქსეთ. ესაა მოკლე ისტორია. დეტალებზე საუბრის ნერვი არ მაქვს.
-რა ენაზე საუბრობთ?
-კურმანჯიზე.
-კარგად იცი?
-ისე კარგად არა, როგორც ჩემმა დიდმა ბებია-ბაბუამ იცოდა, ან მათმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ჩემი მშობლები ნაკლებად საუბრობდნენ შვილებთან კურმანჯიზე.
-რას აღმერთებთ?
-ცის მნათობებს- მზეს, მთვარეს და ცისკრის ვარსკვლავს, მიწაზე- ცეცხლს. ვაღიარებთ ერთიან ღმერთს და თაყვანს ვცემთ მთავარანგელოზს -მალაქტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით არის წარმოდგენილი.
-ძალიან საინტერესოა. ეროვნულ და რელიგიურ დღესასწაულებზე რას მეტყვი?
-რელიგიურიდან მხოლოდ ერთი სამდღიანი მარხვა მახსოვს, ისიც იმიტომ, რომ ყველასთვის სავალდებულოა და სამყაროს შექმნას უკავშირდება. დეკემბერშია ხოლმე, რა. კიდევ არის გაზაფხულის შემოსვლის და ახალი წლის დღესასწაული „კლოჩე სარე სალე“. ტრადიციულად, ოჯახებში ნამცხვარს აცხობენ და შიგნით მძივს დებენ. ვისაც მძივიანი ნაჭერი შეხვდება, ოჯახის მეკვლე გახდება და მასზე იქნება ახალი წლის წარმატება დამოკიდებული.
-გამიგია, ქორწილიც მხიარული იციან იეზიდებმაო.
-ჰო, ქორწილი ყველა ერმა მხიარული იცის. ასე არ არის?
-თქვენ განსაკუთრებული ცეკვები და ტრადიციები გაქვთ.
-შენ მათში მონაწილეობის მიღება არ გემუქრება.
-რატომ?
-სხვა რელიგიის წარმომადგენელი ხარ.
-მხოლოდ ეს არის მიზეზი?
-არა. მე აქ დავიბადე, აქაურ გარემოში ვცხოვრობ, ქართულ ენაზე ვმეტყველებ და ჩემი სამშობლოც ეს არის. ასე, რომ ქორწილიც ისეთი მექნება, როგორიც მინდა და ვერავინ დამავალდებულებს, ჩემი წინაპრების ტრადიციებით აღვნიშნო.
-როგორი გინდა?
-მაგას მერე გაიგებ, -თვალი ჩაუკრა მამაკაცმა.
-ისე მაინც მითხარი როგორ აღნიშნავენ იეზიდები ქორწილს.
-ტვინს ჭამ, გეტა, შემეშვი!
-მითხარი რა, გთხოვ.
-შენ გგონია, მახსოვს?
-დავიჯერო, არასოდეს ყოფილხარ ნათესავების ქორწილში?
-ბიჭის მშობლები მიდიან გოგოს მშობლებთან და ხელს სთხოვენ. თუ გოგოს ოჯახი დათანხმდება, საპატარძლოს ბეჭედს უკეთებენ. ქორწილში ხის ტოტს რთავენ კანფეტებით, ხილით და ფულით. მას ბარაქის სიმბოლოს უწოდებენ. ცეკვავენ ხელი-ხელ ჩაკიდებულები ზურნით შესრულებულ მუსიკაზე. სანამ სახლში შევლენ, მეფე-პატარძალს კართან თეფშს ახვედრებენ. ისინი ფეხს არტყამენ და ტეხენ.
-რა უღიმღამოდ ყვები, თან რა სასაცილო სახე გაქვს. ერის ისტორია ბევრად უფრო საინტერესოდ გამოგივიდა,- გადაბჟირდა გოგონა.
-აბა, რა ჩემი საქმეა მორთვა-მოკაზმულობები და „ფილთიკრუშკები“. მეც აგყევი რა,- დაუბღვირა რომამ.
-კარგი, მაგ თემას შევეშვათ, სხვა რამეზე ვისაუბროთ.
-შენ თუ იცი მერამდენე „კრუგზე“ წავედით?
-არა.
-მეოთხე.
-არ თქვა ახლა, რომ ითვლიდი.
-დროზე ახტი და ისკუპე აქედან, თორემ მეხუთე „კრუგზე“ ჩემდათავად წამომყოლის... -თავი გააქნია და მკრთალად გაეღიმა მამაკაცს.


***
-თქვენი ბილეთი წარმოადგინეთ!- თავზე დაადგა ფიქრებში წასულ გეტას ჭაღარათმიანი კონტროლიორი.
-არ მაქვს.
-მაშინ უნდა შეიძინოთ. სად მიბრძანდებით?
-თბილისში.
მამაკაცმა სწრაფად გამოუწერა ბილეთი და ღირებულება ქვეშ მიუწერა. გეტამ თანხა მიაწოდა, ბილეთი გამოართვა და მგზავრებით გაძეძგილი ვაგონის ხმაურში საკუთარ თავს აიძულა, ყურადღება წიგნის კითხვაზე გადაეტანა.
დაახლოებით შუადღის სამი საათი იქნებოდა, როდესაც მატარებელი ვაგზლის მოედნის სადგურში შევიდა. მგზავრები ბარგით და სოფლებიდან წამოღებული ყუთებით მიასკდნენ გასასვლელებს. ჭ....ტვაში მოყოლილმა გეტამ თავი ძლივს დააღწია იქაურობას. ყველა ბუზებივით ირეოდა და ხმაური გაჰქონდა. ვაგონიდან გამოსულს თბილისის ჰაერი რაღაცნაირად აღარ ესიამოვნა. ფეხით სიარულის ძალა არ შესწევდა, ტაქსს ხელი აუწია, ჩაჯდა და სწრაფად გაერიდა ხალხმრავალ ადგილს.
სახლში მისულს სტუმარი დაუხვდა -დედამისის ძველი და ღრმადპატივსაცემი მეგობარი -ქალბატონი მზია. როგორც ყოველთვის, თავის სტიქიაში იყო, გაკაპასებული ქართულ-რუსული ლექსიკონით ჭორავდა და ლანძღავდა საერთო მეგობრის შვილს:
-კაცი რომ დეგენერატი დაიბადება, ტყუილია მისი გამოსწორების ამბავი, უვარგისად დარჩება ცხოვრების ბოლომდე. Тоже мне Белмондо или Ален Делон!
-როგორ ხართ, მზია დეიდა?-გეტა მისასალმებლად შევიდა სამზარეულოში მყოფ სტუმართან.
-კარგად, დედიკო. შენ როგორ ხარ?- გადასაკოცნად წამოდგა და ლოყაზე ვარდისფერი ტუჩსაცხის კვალი დაამჩნია.
-კარგად, გმადლობთ. ასე ვისზე ცხარობთ?-დედამისიც გადაკოცნა და პასუხის მოსასმენად მზიას შეუტრიალდა.
-ვისზე და ლიანას ბოთე შვილზე.
-ამჯერად რა დააშავა?
-ცოლს ღალატობს. საყვარელი გაუჩენია და რასაც შოულობს, ყველაფერს იმას აყრის. ჰმ, ასე შეიძლება? ანგელოზივით ცოლ-შვილი ჰყავს და როგორ ექცევა? Классический дурак!
-მდა! - გეტამ თავი მოაჩვენა, რომ ახალი ამბავი მასაც არ ესიამოვნა.
-დაღლილი იქნები, მიდი დაისვენე,- ნანიკომ ოსტატურად იხსნა ახლადმისული შვილი მზიას გულისგამაწვრილებელი საუბრის მოსმენისგან.
-ჰო, მიდი, გეტაჩკა, ჩემი არ მოგერიდოს, დედიკო. უცხოები ხომ არ ვართ?-დაეთანხმა სტუმარიც.
-უკაცრავად, დაგტოვებთ,- მოიბოდიშა და სამზარეულოდან გავიდა.
შესვლისთანავე იგრძნო როგორ მონატრებოდა უბრალოდ მოწყობილი თავის ოთახი, საიდანაც ერთ დროს, ყველა ძვირფასი ნივთი მოეშორებინა და სივრცისთვის მეტი უპირატესობა მიენიჭებინა. სოფელში ფურცლებზე ნამუშევარი ტექსტის ელექტრონულ ვერსიად გადაქცევა განიზრახა, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდა, კვლავ ჭრელ-ჭრელი პეპლებივით აუფარფატდნენ წარსულის ფრაგმენტები:


თეატრალური ინსტიტუტიდან კურსელებთან ერთად გამოვიდა და კონსპექტებთან დაკავშირებით საუბრით გართულმა ვერც კი შეამჩნია, რომ შორიახლოს რომა იდგა და ელოდებოდა. როგორც კი მათ გამოეყო და სტუდენტებით სავსე ქუჩას გაეცალა, მოულოდნელად შეყვარებული შენიშნა. თეთრი, სპორტული მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა. ცალი ფეხი შემაღლებულ ადგილას დაედგა, მუხლს ოდნავ დაყრდნობოდა, ცალ ხელში სიგარეტის ღერი ეჭირა და ჩვეული, გამჭოლი მზერით და სერიოზული სახით უყურებდა. გოგონა მის იქ გამოჩენას არ ელოდებოდა, კარგად დააკვირდა, თვალი ხომ არ მატყუებსო და ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა:
-შ...ეეენ? -ძლივს წარმოთქვა გაოცებულმა.
-გაგიკვირდა?- ღრმად გამოქაჩა სიგარეტის ღერს თამბაქოს კვამლი და ნახევრად ჩაუმწვარი ღერი მოისროლა.
-რატომ არ ჩანდი?
- ასე იყო საჭირო. სერიოზული მიზეზი რომ არ მქონოდა, ამგვარად არ მოვიქცეოდი.
-სად იყავი?
-გრძელი ისტორიაა, ხუთი წუთი ამ ამბავს მოსაყოლად არ ეყოფა, თან არ მინდა, დაგზაფრო.
-ცუდი რამე შეგემთხვა? დაგიჭირეს?
მამაკაცმა მზერა აარიდა:
-მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი, არ მსიამოვნებს.
-ფეხებზე გკი*დია მე რას ვფიქრობ, ან განვიცდი? უთავმოყვარეო ადამიანივით ყოველ დღე შენი სახლის წინ ავივლიდი-ჩავივლიდი, საცოდავი სახით გელოდებოდი, რომ სადმე გამომეჭირე და ორი სიტყვით მაინც გამეგო, სად დაიკარგე, ან რატომ აღარ მირეკავდი. ლამის შენს დებს შევეჭერი სახლში, მითხარით, რომას რა მოუვიდა-თქო.
-ჩემმა დებმაც არაფერი იცოდნენ, ტყუილად მიხვიდოდი, მაინც ვერაფერს გაიგებდი.
-ასე როგორ არაფერი განაღვლებს? ამბობ, ოჯახის წევრებმაც არაფერი იცოდნენო და მშვიდ სახეს ინარჩუნებ.
-დაასრულე „რეჩები“, თუ კიდევ დაგრჩა რაღაც?
-არანორმალური ხარ,-თვალები გაუწყლიანდა გოგონას.
-როგორ ფიქრობ, სერიოზული რაღაც რომ არ მომხდარიყო, შენს ნახვაზე უარს ვიტყოდი?
-რა მოხდა ასეთი, რომ ჩემს ნერვიულობად და ღამეების თენებად ღირდა?
-ჩემს გამო ღამეებს ათენებდი?- თვალები დააწვრილა და წელში გასწორდა მამაკაცი.
-გიკვირს?
-სასიამოვნოდ გაოცებული ვარ.
-ჰო, ადამიანის წვალება კარგად გეხერხება. მაგაში ოქროს მედალი გეკუთვნის,- გაწყრა და სახე მოეღუშა გეტას.
-კოპები გახსენი, არ გიხდება,-გაუღიმა რომამ.
-ნუ მასწავლი, რა გავაკეთო!
-კარგი, მაშინ მე წავალ, შენ იდექი და იბღვირე. არ გდომებია ჩემი ნახვა.
-მოიცადე! სად წახვალ?
რომას კვლავ გაეღიმა:
-ხომ იცი, რომ საყვედურები ჩემთან არ მოსულა?
-აბა, როგორ გინდა? შენ ნებაზე თვეებით გადაიკარგო, მერე უცებ მოჩვენებასავით გამომეცხადო და მე სიხარულით ყელზე ჩამოგეკიდო? მეტი არაა ჩემი მტერი,-მკლავები ერთმანეთზე გადააჯვარედინა და გამვლელებს გააყოლა თვალი.
მამაკაცს არაფერი უთქვამს, შეყვარებულს აკვირდებოდა. მოულოდნელად, გოგონას მზერა ერთ-ერთი გამვლელის იასამნების თაიგულზე შეჩერდა. რომამ სწრაფად შეამჩნია, როგორ შეეცვალა გამომეტყველება, როდესაც ყვავილების სურნელმა ჩაუარა. გეტამ თვალი ვერ მოწყვიტა გამვლელს, სანამ გასწვრივ აღმართულ შენობას არ მიეფარა.
-იასამანი გყვარებია.
-შენ საიდან იცი? -გაოგნებული სახით შეუბრუნდა შეყვარებულს.
-მანქანისკენ წამომყევი, -გეტას პასუხს აღარც დალოდებია, უნებართვოდ ჩაჰკიდა ხელი და ჩქარი ნაბიჯებით გაუდგა ქუჩას.
-რას აკეთებ?- გაუძალიანდა გოგონა.
-მორჩი ბუზღუნს და გაიცინე. ისეთ ადგილას მიმყავხარ, არ ინანებ.
-ღმერთო, რა დავაშავე?- შეწუხებულმა ახედა ზეცას და წინ მიმავალ შეყვარებულს მორჩილად გაჰყვა.
მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, რომამ მაგნიტოფონში კასეტა მოათავსა და უცხოური სიმღერების კრებულის ჰანგების ფონზე ნელ-ნელა გაეცალნენ ინსტიტუტის ტერიტორიას. ფანჯრებიდან შემავალი ნიავი გეტას გრძელ, სწორ თმას ურხევდა და ლამაზად უფრიალებდა. სიუზი კუატროს და კრის ნორმანის შესანიშნავმა დუეტმა, „Stumblin’ In” ისე გაამხიარულა, ხმას და სხეულს გალაღებული აყოლებდა და თითქმის აღარ ახსოვდა ის წყრომა, რასაც ცოტა ხნის წინ მეწყვილის მიმართ განიცდიდა და გამოხატავდა. მოულოდნელად, კასეტის ფირმა ჩაიხვია და სიმღერა უცნაურ ბგერებში გადავიდა.
-ამის დედაც!- გამწარდა რომა.
-აუ, რა დროს აურია, -გული დასწყდა გოგონას.
-„ბარდაჩოკი“ გააღე, იქ „ატვიორტკა“ უნდა მქონდეს და ხომ იცი, როგორც უნდა გააკეთო? სანამ ბოლომდე არ გასწორდება, გარეთ გამოტანილი „ლენტა“ ამ პლასტმასის რგოლით დაახვიე.
გეტამ სახრახნისით ფირი დაახვია და მაგნიტოფონში შესადებად კასეტა უკან მიაწოდა.
-წაიღო,-გაეღიმა რომას და გეტა რომ გაეხარებინა, ფირი გადაახვია და იგივე სიმღერა ხელმეორედ ჩართო.
რამდენიმე წუთში მარტყოფთან ახლოს, იასამნის ბაღებს მიადგნენ. გოგონამ გაოცებისგან პირზე ხელი აიფარა და თვალები გაუფართოვდა:
-რამდენი იასამანია, ამდენი ერთად არასოდეს მინახავს. მერედა, რა სურნელი დგას, სიამოვნებისგან პირდაპირ ვითიშები,-აქეთ-იქით დადიოდა და წრეებს უვლიდა ყვავილებს.
რომა უკნიდან აეკრო, წელზე ხელები მოჰხვია და ყურთან უჩურჩულა:
-მოგწონს?
შეყვარებულის საქციელმა ცოტა დააბნია, ტანში ჟრუანტელმა დაუარა და ძლივს ამოთქვა:
-ძალიან.
-ისეთი კარგი ხარ, ჭკუიდან გადაგყავარ. შენი გადამკიდე, გულში რიარია მაქვს, აზრები მერევა და ვერაფერს ვუხერხებ.
-მოდი, იასამნები დავკრიფოთ,- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა, რომ მეწყვილის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
-დავკრიფოთ,-ყელზე ცხელი ტუჩები დაადო და ხელები კიდევ უფრო შემოაჭდო გოგონას.
გეტამ ხელი გააშვებინა და თითი სასურველი ყვავილების ტოტებისკენ გაიშვირა:
-აი, ეს ხე ყველაზე მეტად მომწონს. ძალიან ლამაზი, ხასხასა ფერის იასამანი აქვს.
რომამ ჯიბიდან დასაკეცი დანა ამოიღო და ტოტების მოჭრა დაიწყო. სულ მალე, გეტას იმდენი მოუგროვდა, ლამის სახეს უფარავდნენ. წამდაუწუმ ჩარგავდა ხოლმე ცხვირს ყვავილებში და გამაბრუებელი სურნელით ტკბებოდა.
-იცი რა ლამაზი ხარ? -ისევ მიუახლოვდა გოგონას და ტუჩებზე ცერა თითი გადაუტარა. მერე ძალიან დაბალ ხმაზე, ისე, რომ მისთვის თვალიც არ მოუცილებია, უნებურად ლექსად ალაპარაკდა:

იასამნის სურნელში აყვავებულ ბაღებში
თმებს გიმკობდა ლილისფრად გადაშლილი ყვავილი,
ჩიტებს ჩვენთან ეძინათ სიყვარულის ფერებში,
ჩვენს სამყაროს დარაჯად დასდგომოდნენ გრძნობები.

ძნელი არის უშენოდ, აღარ განმეორდები?
სიყვარულის ღრუბლებში დიდხანს დაგელოდები,
უსასრულო სივრცეში როცა ჩავიკარგები,
არ გაწელო წამები, ნუღარ დაგვიანდები.

-ძალიან კარგი ლექსია. ვინ დაწერა?
რომამ პასუხი არ გასცა.
-არ მითხრა, რომ ამ წამს მოგადგა ეს სიტყვები პირზე და ლექსი შენ გეკუთვნის.
-რატომ გგონია, რომ ჩვენნაირი ადამიანები ლიტერატურით არ ინტერესდებიან? პირიქით, მეცნიერებაც იტაცებთ, სპორტიც, ხელოვნებაც და კიდევ ბევრი რამ.
-ესე იგი, შენ დაწერე?
-მე არა, ჩემი სიყვარული თავისით ამეტყველდა. შენი ბრალია ეს ყველაფერი.
-ძალიან მომწონს ლექსად ამეტყველებული სიყვარული და თუ შეიძლება, ვიჩუქებ.
-როგორ შემიძლია, უარი გითხრა?
-არც მითხრა,-ჩურჩულით თქვა გეტამ.
მამაკაცს საყვარელი ადამიანის სურვილით და ცქერით თვალები აემღვრა, შეყვარებულს ღაწვებზე თითებით შეეხო და საკოცნელად გადაიხარა. გოგონას ჯერ არგანცდილმა სიამოვნებამ თავი წაართვა და ყვავილების თაიგული ერთიანად ძირს დაებნა. ძვირფასი კაბის ქვეშ სუნთქვაგახშირებულს მკერდი ისე დაბურცვოდა, გადმოხეთქვას იყო. რომას ეს ფაქტი კიდევ უფრო აღაგზნებდა და გრძნობებს უფრო მეტ გასაქანს აძლევდა. სიყვარულის ცეცხლში გახვეულმა შეყვარებულებმა რეალობის და დროის შეგრძნება დაკარგეს და იასამნის ბაღებში ალერსში ჩაიწვნენ.

***
-რა სიგიჟეა? - სავარძლიდან წამოვარდა და გულაჩქარებულმა ფანჯარა გამოაღო, რომ სუფთა ჰაერი შეესუნთქა და დამშვიდებულიყო, -დამინდე გთხოვ და ნუღარ მახსენებ შენს თავს, ერთხელ და სამუდამოდ, წადი ჩემი ცხოვრებიდან, ნუღარ მაწვალებ! ადრე წერით გაღწევდი თავს, ახლა ესეც აღარ მშველის,-ნერვიულობისგან კბილებს მთელი ძალით უჭერდა ტუჩებს და ცდილობდა, წარსულის კადრები წაეშალა, მაგრამ ისინი თავისას არ იშლიდნენ, მაინც მოდიოდნენ:


-სად ეგდე?- დაინახა თუ არა შვილი, მაშინვე გამოენთო აჯაგრული ნანიკო.
-დედა, ხომ გითხარი, მაიასთან მივდივარ-მეთქი.
-რას მელაპარაკები, გაიძვერა? თავად მაიამ და დედამისმა რატომ არაფერი იცოდნენ იმის შესახებ, რომ მათთან იყავი?
-დედა, მე... -დაიბნა გოგონა, აღარ იცოდა, თავი რით ემართლებინა.
-სად დაეთრევი? შენი პირით მითხარი.
გეტამ თავის დას გადახედა, რომელმაც ყველაფერი იცოდა მისი რომანის შესახებ. თინიკოს სახე აუჭარხლდა, ნამუსმა შეაწუხა, რომ გაყიდა.
-გასაგებია,-თავი დახარა გეტამ და დის საქციელით გულნატკენმა ხმა ვეღარ ამოიღო.
-ვისთან ერთად იყავი? გამეცი პასუხი!
-შეყვარებულს შევხვდი.
-ვინ არის შენი შეყვარებული? მე რატომ არაფერი ვიცი?
-უკვე ყველაფერი გცოდნია, რაღას მეკითხები? ჩაგიკაკლა შენმა სათაყვანებელმა შვილმა.
-გაიმეორე, რა თქვი?!
-რა საჭიროა ეს სპექტაკლი?
-არა! გაიმეორე, რა თქვი?!
-შენმა სათაყვანებელმა შვილმა ყველაფერი მოგახსენა. რა საჭიროა ჩემი პირით იმის დადასტურება, რაც ისედაც იცი, რომ სიმართლეა?
-ესე იგი, იმ ქურთს ხვდები?
-დიახ.
ქალი წყობიდან გამოვიდა, შვილს გამწარებული ეცა, ჯერ თმით ითრია, კედელს მიანარცხა და სახეში ურტყა, მერე ძირს დააგდო და წიხლების ქვეშ მოიქცია:
-ვინ მოგცა უფლება, რომ თუნდაც მისკენ გაგეხედა? ვინ?! იმ არარაობისთვის გზრდიდით მე და მამაშენი ამდენი ხანი?
-დედა, მიყვარს,-ძლივს ამოთქვა გოგონამ.
-ხმა გაწყვიტე, ნამუსგარეცხილო! -ქალი გაშმაგებით იქნევდა ფეხებს და უკონტროლოდ ურტყამდა შვილს.
ყოველი წიხლის ზურგზე დარტყისას, გოგონას ფილტვებიდან უჩვეულო ხმა ამოსდიოდა და უკვე ვეღარ სუნთქავდა. გამსკდარი ტუჩიდან სისხლი პირში ეღვრებოდა და ლითონის გემოს გრძნობდა. არ ესიამოვნა, რამდენჯერმე გადმოანერწყვა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, დროულად გასცლოდა გამხეცებულ დედამისს, რომელსაც ჭკუა აღარ მოეკითხებოდა.
-დედა, დაანებე თავი, ცოდოა,- ეხვეწებოდა თინიკო, მაგრამ ქალს არ ეყურებოდა:
-სად გამოვყო თავი? ვის ვუთხრა, რომ რომა ტამოევის ბ* ზი ხარ? შეგირცხვა ნამუსი, შე არაქალო!
-ბ* ზი არ ვარ, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს,-ხაოდა გეტა.
-არც იოცნებო, რომ მე და მამაშენმა იმ ბანდიტს და მკვლელს ცოლად გაგაყოლოთ.
ნანიკო კიდევ მეტად გაგულისდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ისე ურტყამდა.
-დედა, შემოგაკვდება, საკმარისია!- ხმამაღლა უყვიროდა თინიკო, მაგრამ ქალი ისევ არ უსმენდა.
მოულოდნელად, კარის ზღურბლთან სამსახურიდან დაბრუნებული ვასო აბალაკი გამოჩნდა და ოჯახში ასეთ სცენას რომ შეესწრო, გული შეუწუხდა:
-რა ხდება აქ, რა ამბავია?- ცოლს სწვდა და წამებში გააჩერა.
ნანიკო კიდევ იქნევდა ხელ-ფეხს, უნდოდა, გაეგრძელებინა:
-ხელი გამიშვი, ჩემი ხელით უნდა მოვკლა ეს შემარცხვენელი.
-შენ ხომ არ გამოშტერდი? რეებს აკეთებ?- უღრიალა მამაკაცმა.
-იცი, ვისთან დადის შენი შვილი? იცი?!
გეტა ადგილიდან ვეღარ იძვროდა, წამოდგომას ცდილობდა, მაგრამ ისე იყო დაბეგვილი, ტკივილისგან სხეულის ნაწილებს ვეღარ ამოძრავებდა.
-ადექი, შვილო და მითხარი, რაშია საქმე?- აღელვებულმა მამამისმა ხელი მიაშველა, რომ წამომდგარიყო.
თინიკო სიმწრისგან ფრჩხილებს იკვნეტდა.
-რაშია საქმე და მე გეტყვი, -სულს ძლივს ითქვამდა ნანიკო,- არაკაცმა რომა ტამოევმა შენი შვილი საყვარლად გაიხადა და უბანში ყველას დასაცინი გაგვხადა.
ვასო აბალაკს თითქოს ცივი წყალი გადაასხეს, ბოლომდე ვერ გაიაზრა მეუღლის სიტყვები:
-მართალია, რასაც დედაშენი ამბობს?
-საყვარლად არ გავუხდივარ, მაგრამ ჰო, ერთმანეთს ვხვდებით, -არც მამასთან უარყო გოგონამ.
-სულ გამოთაყვანდი?
-არა.
-აბა, რა ხდება?
-შემიყვარდა.
-მას უყვარხარ?
-მასაც ძალიან ვუყვარვარ.
-იქნებ გატყუებს?
-შეუძლებელია.
-შეუძლებელი არაფერია. რატომ ხარ დარწმუნებული მის სიყვარულში? მკვლელებმა და ბანდიტებმა რა იციან ადამიანური გრძნობების?
-შენ წარმოიდგინე, იციან.
-ასე, როგორ მოგწამლა, შე სასიკვდილე?-იკივლა დედამისმა.
-შენ ხმა აღარ ამოიღო! გეტყობა როგორც აგვარებ პრობლემებს, -შეაჩერა განრისხებულმა ქმარმა და შვილთან საუბარი გააგრძელა:
-შვილო, მის სახელს რომ თავი დავანებოთ, სხვა რჯულის და კულტურის წარმომადგენელია. რანაირად უნდა გაუგო? ამაზე დაფიქრებულხარ?
-მეც დავფიქრებულვარ და ისიც.
-მერე?
-ჩვენ მარტო ვიცხოვრებთ. არავის აზრს ყურადღებას არ ვაქცევთ.
-თქვენ არ მიაქცევთ ყურადღებას, სხვები მოგაქცევენ და აი, მერე მათგან შენდამი დამცინავი დამოკიდებულება აღარ მოგეწონება. სანამ დროა, თავი დაანებე და შეწყვიტე მასთან ურთიერთობა.
-არ შემიძლია.
-რას ჰქვია, არ შეგიძლია? ახლა წახვალ, იფიქრებ რაც გითხარი და იმედი მაქვს, ჭკუას მოუხმობ და სანამ ჯერ კიდევ დროა, რაღაცას გამოასწორებ.
-რაღას გამოასწორებს? საქვეყნოდ მოგვჭრა თავი ამ უნამუსომ!-ზიზღით სცრიდა სიტყვებს ნანიკო.
-გაჩერდი! -ხელი ასწია ვასომ და კვლავ შეაჩერა ცოლი.
-არაფრის გამოსწორებას არ ვაპირებ, ცოლად გავყვები!- ჯიუტობდა გეტა.
-შედი ოთახში და იფიქრე-მეთქი!-უბრძანა მამამისმა.
გოგონას აღარაფერი უთქვამს, ცალი მხარი ძლივს აითრია, ისე წავიდა საძინებლისკენ. თინიკოც გაჰყვა, კარები გაუღო და წინ შეუძღვა.
-შეგიძლია, გახვიდე,-გეტას ზედაც არ შეუხედავს თავის დისთვის. საწოლზე ჩამოჯდა და ტკივილებისგან იმანჭებოდა.
-ძალიან ვწუხვარ, მე შენთვის კარგი მინდოდა. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ დედა ასე გაგიმეტებდა.
-გენდობოდი და შენ როგორ მომექეცი? თხასავით გამყიდე.
-ხომ გითხარი, შენთვის მხოლოდ კარგი მინდოდა-თქო?
- შენი აზრით, კარგი გააკეთე?
-წესიერი ვინმე შეარჩიე. არც გარეგნობა დაგეწუნება და არც ოჯახი. რამდენს მოსწონხარ. შენ კიდევ დაგიჩემებია ეგ ბოროტმოქმედი და იმის იქით ვერავის ამჩნევ.
-ბოდიში, შენსავით ინჟინერი ქმარი რომ არ მეყოლება. ჰო, სად უნდა გამოაჩინოთ იეზიდი და კრიმინალი სიძე? როგორ გვეკადრება აბალაკებს? ჩვენ ხომ მთელ ქალაქში სახელგანთქმული ხალხი ვართ? მამა- ქალაქის მთავარი არქიტექტორი, დედა- საავადმყოფოს მთავარი ექიმი. არ გვეკადრება, არა! რა გამოგადექით ასეთი უარგისი და გვარის შემარცხვენელი? -ხელი ჩაიქნია გოგონამ, დასიებულ ტუჩზე თითები ფრთხილად მიიდო და სიმწრისგან თვალები დახუჭა.
-გეტა, დაფიქრდი, გთხოვ. შენ ვერ გაძლებ მასთან და ვერასოდეს გაუგებ. თავს იღუპავ.
-შემეშვი, რა. წადი, საქმე არა გაქვს? შენს შვილს მიხედე.
თინიკომ თავი ჩაღუნა და ოთახიდან შეწუხებული სახით გავიდა.
-სახლიდან ფეხს ვეღარ გაადგამს! აი, ვნახოთ, როგორ უნდა თავზე ლაფის დასხმა,-არ ცხრებოდა ნანიკო.
-არც ტელეფონთან მიუშვა! ტამოევის ფეხი არ ვნახო ამ ოჯახში! ყველანაირად უნდა დავუფრთხოთ ანგელოზები,-მხარი აუბა ვასომ.
-არც იქნება!- დარწმუნებით ლაპარაკობდა ნანიკო.
მისაღები ოთახიდან საძინებელში შემავალი მშობლების საუბარი იმდენად გულს უწვრილებდა გეტას, თავი ბალიშის ქვეშ შეჰყო და ამრიგად უნდოდა, გაჰქცეოდა რეალურ კოშმარს.
მომდევნო დღეებში დაწესებულ სასჯელებს, დედამისის გაუთავებელ, გესლიან და დამამცირებელ წამოძახილებს გეტამ ვეღარ გაუძლო, სააბაზანოში ჩაიკეტა და ბასრი სამართებლით ორივე მკლავზე ვენები გადაისერა. სისხლმა ნელ-ნელა დაიწყო ჭრილობებიდან გამოდინება და წყ*ლით სავსე აბაზანა წითლად შეღება. მერე სისუსტე და დაჭრილი ადგილების წვა იგრძნო, რასაც გონების დაბინდება მოჰყვა და გაითიშა.

***
-ჯანდაბა! შეწყდეს ეს მოგონებები, თორემ მეტს ვეღარ გავუძლებ,- ნერვებს ატანილი მწერალი იქვე, ფანჯარასთან ჩაიკეცა.
უჰაერობა აწუხებდა, მეტყველების უნარიც წაერთვა. ცოტა ხანში ოდნავ დამშვიდდა, ფეხზე წამოდგა და ოთახიდან სამზარეულოში წყ*ლის დასალევად გალასლასდა. სტუმარი ახალი წასული იყო, დედამისი ჭურჭელს რეცხავდა. როდესაც გეტა დაინახა, ირონიულად გადახედა:
-დიდება შენს გამოჩენას. რადგან მიკადრე და გამობრძანდი, რაღა მიჭირს?
-ოდესმე შეწყვიტავ დიდ გულზე საუბარს?! -დასალევად გამზადებული ჭიქა კედელს გაუქანა და შეალეწა.
-ყელში ამომივიდა და დამღალა შენი საქციელების სხვებთან გამართლებებმა. აღარც დედა გინდა, აღარც სტუმარი, არავინ და არაფერი გადარდებს იმ ბუნაგის გარდა,- გაანჩხლებულმა შვილის ოთახისკენ ჭურჭლის ჟელით აქაფებული ჩანგალი გაიშვირა და ნიჟარაში ჩაახეთქა.
-შენი გველი ენის ბრალია ყველაფერი მე რომ ამ დღეში ვარ,- იღრიალა გეტამ, დედამისს ყელში წვდა და ღია ფანჯარასთან მიიყვანა.
-რას აკეთებ?-შეშინებული თვალებით შეხედა ქალმა.
-იმას, რაც აქამდეც უნდა გამეკეთებინა! მერე რა, რომ დედაჩემი გქვია? არ ხარ სიცოცხლის ღირსი!
-არ მომკლა!- ამოიხავლა ქალმა.
-უნდა მოკვდე!- თვალები დაუჭყიტა გონებაამღვრეულმა და აწვებოდა, რომ გადაეგდო.
ქალი საცოდავად ამოძრავებდა ხელის კიდურებს, ატყობდა, რომ მალე ძალა გამოეცლებოდა და ვეღარ შეძლებდა მისთვის წინააღმდეგობის გაწევას. დედა-შვილის ხელჩართული ომი შემთხვევით, ეზოში მყოფმა მეზობელმა დაინახა და პოლიციაში დარეკა. ვიდრე საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე მივიდოდა, თავად ააკითხა მათ ბინას. ზარის ხმამ და კარზე ატეხილმა ბრახუნმა გეტა გონზე მოიყვანა და დედამისს ხელი გაუშვა. მალე პოლიციაც გამოჩნდა და ქალბატონი ნანიკოს მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე გეტა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წაიყვანეს.

***
-შეურაცხადი!- წინ და უკან დადიოდა ნანიკო და ადგილს ვეღარ პოულობდა.
-დაწყნარდი, მთავარია, გადარჩი და არაფერი დაგიშავდა,-ამშვიდებდა თინიკო.
-საგიჟეთშია მისი ადგილი. აქ რა უნდა ნორმალურ ადამიანებთან?
-უმკურნალებენ და ისევ გამოუშვებენ. ჩვეულებრივი შეტევა ჰქონდა. ალბათ, რაღაც უთხარი, გამოიწვიე და იმანაც თავი ვეღარ შეიკავა, ასეა? კარგად გიცნობ, დედა.
-ასე თუ გამხეცდებოდა, რას წარმოვიდგენდი?
-შეეშვი! როგორც უნდა, ისე იცხოვროს.
-რა იოლი სათქმელია. შვილი მაინც არ გყავდეს. აბა, შენი ქეთი არ გეკონტაქტებოდეს. რა ჭკუაზე დადგებოდი, მაგასაც დავინახავდი.
-დედა, დაანებე თავი. ის პატარა ბავშვი აღარ არის. რა ხანია, გასცდა შენგან სამართავ ასაკს.
ქალს აღარაფერი უთქვამს, თვალები ერთ წერტილს გაუშტერა და თავის ფიქრებში ჩაიკარგა. შემდეგ ერთი ღრმად ამოიგმინა, ფეხზე წამოდგა, დამამშვიდებელი საშუალებები მიიღო და დაბეჩავებული სახით დივანზე მიწვა. თინიკოს აღარ შეუწუხებია, კარები გაიხურა და დასვენება აცალა.

***
თეთრად შეღებილ ოთახში საწოლზე წამომჯდარიყო, ფეხები მუხლებში მოეკეცა, ნიკაპით ერთ-ერთი მუხლის თავს დაჰყრდნობოდა და უაზრო თვალებით კარს მისჩერებოდა. არაფერს გრძნობდა, ყველაფერი ერთად დაბლოკილიყო მის გონებაში და აზრი დაეკარგა არსებობას. ოთახში დაბალი სიმაღლის, დამრგვალებულმა, შუახნის ექთანმა შემოჰყო თავი, მიესალმა და წამლის მიღების დრო შეახსენა. პაციენტმა ხელი გაუწოდა და მორჩილად მიიღო, სიტყვაც არ უთქვამს.
-აბა, აქ უნდა ვიცხოვრო?-მოულოდნელად, ექიმთან ერთად ოთახში თამამად შეაბიჯა ახალგაზრდა, გამხდარმა და შავგვრემანმა ქალმა, რომელსაც სახეზე მხიარული ღიმილი დასთამაშებდა.
გეტამ ახლადშესულს შეხედა და მისგან შეტანილი აურა იმდენად მოეწონა, ოდნავ ღიმილი გაუკრთა.
-ეკა, იმედი მაქვს, ბევრს არ იცუღლუტებ და შენს მეწყვილეს თავს არ მოაბეზრებ,- გამაფრთხილებელი ტონით გადაულაპარაკა ექიმმა.
-რა თქმა უნდა, - თავის ქნევით დაუდასტურა ქალმა.
-ამას შეხედე როგორი „როჟაა“,-გაკრეჭილი სახით გაუწოდა ხელი ჩამოსართმევად გეტას.
-მაშ, ეკა გქვია?- ხელი ჩამოართვა აბალაკმა.
-ტერო, მეგობარო, ყველა ასე მომმართავს.
-აბა, ექიმმა ეკა რატომ ახსენა?
-ეგ სახელი მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებში მიწერია.
-კარგი, მეც ტეროს დაგიძახებ.
-შენ რა გქვია?
-ეს გეტა აბალაკია. იმედი მაქვს, გაგონილი გექნება მასზე,- შეუბრუნდა ექიმი.
ქალმა ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა და თავი გაიქნია:
-აზრზე არა ვარ ვინ არის.
-მაგისთვის დიდი დრო გაქვს, რომ გაიცნო.
-ჰო,- შუბლი მოისრისა ტერომ.
-აბა, მე და ჩემი ექთანი დაგტოვებთ მაშინ. დროებით.
-დროებით,-დაემშვიდობა ტერო, სპორტული ჩანთა საწოლთან მიაგდო და თავად ფეხსაცმლიანი ფეხებით საწოლზე წამოგორდა.
-ისე თამამად იქცევი, გატყობ, აქ პირველად არ უნდა იყო,- საუბარი წამოიწყო აბალაკმა.
-ვაუ, თქვენ გეკუთვნით ხილის სათქვეფი ბლენდერი და კიდევ, დამატებით უთო,-საჩვენებელი თითი დაუმიზნა და შოუს წამყვანივით გამოაცხადა.
-უკვე გატყობ, რა ჩიტიც ბრძანდები.
-აი, მე კი იმედს ვიტოვებ, ძალიან მოსაწყენი ტიპი არ იქნები. ვერ ვიტან მძინარა და უსიცოცხლო ადამიანებს.
-ჰო, რა ვიცი,-უხერხულად ჩაეცინა გეტას.
-ექიმმა თქვა, უნდა გიცნობდე და რას წარმოადგენ?- ხელები თავის ქვეშ ამოიდო და გადაჯვარედინებული ფეხის ტერფი აათამაშა.
-მდა! -მძიმედ ამოისუნთქა აბალაკმა, -კითხვა გიყვარს?
-გააჩნია.
-ვერ გავიგე.
-ჟანრს გააჩნია. სათავგადასავლო, იუმორით დაწერილი რომანები მიყვარს, დეტექტიურ ჟანრსაც არაუშავს. აი, ფანტასტიკა-მანტასტიკა და მსგავსი ტიპის მაიმუნობები არ მევასება.
-მე მწერალი ვარ.
-მართლა, ტო? ვაა, რა მაგარია. დაწერე რა ჩემზე, თავგადასავლებს არ მოგაკლებ.
გეტას გაეღიმა.
-შენ გგონია, გატყუებ? გინდა ახლა ისეთი რაღაც ჩავიდინო, მთელი საავადმყოფო ავაწრიალო?
-გადაირიე?
-არ გჯერა?-საწოლიდან წამოდგა და ეშმაკური თვალები მიანათა მეწყვილეს.
-მჯერა, დაწყნარდი,-მშვიდად უპასუხა გეტამ.
- გამიგია, მწერლები, მხატვრები და მუსიკოსები ცოტა „სტრანნი“ ხალხი არიანო. საინტერესოა, შენ როგორი ხარ.
-რას გულისხმობ უცნაურობაში? თუ მხოლოდ იმას, რომ სამყაროს სხვანაირი თვალით ვუყურებთ, მაშინ ჰო, სხვა შემთხვევაში ჩვენც თქვენნაირად გვშია, გვწყურია, გვძინავს და ა.შ.
-და როგორი თვალით უყურებთ სამყაროს?
-სიღრმისეულად.
-მაინც?
-ადამიანთა უმეტესობა ზოგჯერ ცხოვრებისეულ სიღრმეებს ვერ სწვდება და რაც ზედაპირზეა, მხოლოდ მას ამჩნევს და განიხილავს. მწერლები და სხვადასხვა დარგის ხელოვანები კი სულ სხვანი ვართ. ჩვენ მენტალობის, ზნეობის და მორალური ჩარჩოების თავდახურული ყუთიდან ამოვდივართ და მის გარეთ სხვანაირ აზროვნებას ვიწყებთ. სხვებს ეს გიჟობა ჰგონიათ, სინამდვილეში, თავისუფლების და სამყაროს რაობის შემეცნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი და აზროვნების სხვა შრეებში გაჭრილი ხალხი ვართ, რომლებიც სხვანაირად გრძნობენ ქარს, ბალახის და ფოთლის რხევას, წვიმას, თოვას, ყვავილებთან შეხებას, სიყვარულს, სიძულვილს და ყველა დანარჩენს. ვიღაცას ჭექა-ქუხილი უბრალო, ბუნებრივი მოვლენა ჰგონია, ჩვენ მას ღვთის რისხვად მოვიხსენიებთ, ვიღაცას ცრემლი ტირილის დროს გადმოდინებული მლაშე სითხე ჰგონია, ჩვენთვის კი სულში ჩაჭედილი ტკივილის გარეთ გამოტანაა, ვიღაც შემოდგომას სეზონურ ცვლილებას და ფოთოლცვენას უკავშირებს, ჩვენ წითელი და ყვითელი ფერების ტანგოდ აღვიქვამთ, ვიღაცისთვის სიძულვილი შურისძიება, გაკიცხვა, გაქილიკება, გულისტკენა და ბოღმის ნთხევაა, ჩვენთვის ეშმაკთან ხელშეკრულების გაფორმების ტოლფასია. ვიღაცისთვის სიყვარული პარტნიორთან ვნებების და ლტოლვის დაცხრომაა, ჩვენთვის მთელი ხელოვნება, ფილოსოფია, აღტაცება, დაცემა, სიგიჟე, მონობა, ბრძენობა და მთელი რიგი ემოციების ესტაკადაა, რომელიც ყველა ჯადოს ამარცხებს. და თუ ასეთი აზროვნება სიგიჟეა, დაე, ვიყო გიჟი, მომწონს ასეთი მდგომარეობა.
ტერომ სერიოზული სახე მიიღო, თითქოს მის სიტყვებს აზრობრივად მიჰყვებოდა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ გონებას ძალიან გადაიღლიდა და შეეშვა. მოკლე თმებში თითები შეაცურა და წვალება დაუწყო:
-აუ, შენ რა გაგიძლებს, ტო? უცხოპლანეტელივით ლაპარაკობ.
-აი, ხომ ხედავ? მეტს აღარ გავაგრძელებ,- გაეღიმა გეტას.
-ადამიანებს როგორ აღიქვამ?
-ფერებში. ყველას თავის აურა დაჰკრავს.
-მე როგორი ვარ?
-შენ ორ ფერში გხედავ. გარეგნულად შავი ხარ, ინიღბები, რომ ახლოს არავინ მიუშვა, შინაგანად კი იისფერი ხარ. იისფერი თბილი ადამიანების ფერია.
-აურა როგორი მაქვს?
-ერთი შეხედვით აუტანელს ჰგავხარ. თითქოს მხიარულიც ხარ, მაგრამ რამდენადაც თავს ასეთად გვაჩვენებ, იმდენად სევდიანი შინაგანი სამყარო გაქვს.
-ასე მგონია, გრძნეული ხარ. მოდი სხვა რამეზე ვიბაზროთ.
-რაზე გინდა?
-ფეხბურთი გევასება?
-არა.
-კალათბურთი?
-სპორტზე დიდი არაფერი გამეგება.
-აბა, თმის ვარცხნილობაზე, ფრჩხილების მოვლაზე და მოდის მამებზე და დედებზე საუბარი ჩემი ინტერესის სფერო არასოდეს ყოფილა და არც იქნება.
-შენნაირ ადამიანთან არასოდეს მქონია ურთიერთობა.
-იგივე შემიძლია ვთქვა შენზე, უცხოპლანეტელო.
-ესე იგი, რაღაც დროის მანძილზე ერთად არ მოვიწყენთ.
-არა მგონია.
-სიგარეტს ეწევი?
-კი.
-წამოდი, მოსაწევ ოთახში გავიდეთ,-მარდად წამოხტა ტერო.
-რა პრობლემაა? -აჰყვა მეწყვილეც.
მოსაწევ ოთახში სამი მამაკაცი და ორი ქალი იდგა. ერთ-ერთმა ქალმა გეტას ყურადღება ოქროსფერი, ბრჭყვიალა, გრძელი კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მიიქცია. სიგარეტის ღერი ორ თითს შორის მოექცია და არისტოკრატული მანერით ეწეოდა.
-ძმებს გაუმარჯოს, -ტერომ თამამად ჩამოუარა და ყველა მამაკაცს ხელი ჩამოართვა. ქალები ჯერ საინტერესო მზერით შეათვალიერა და შემდეგ თბილად გაუღიმა: -თქვენც გაგიმარჯოთ.
-სადმე მიდიხართ?- არც აცია და არც აცხელა, მაშინვე ჰკითხა საგანგებოდ შემოსილ პაციენტს აბალაკმა.
-თქვენ მე არ მიცნობთ?- გაიკვირვა ქალმა.
-უნდა გიცნობდეთ?
-მე მარიტა დიდებულიძე, მეცო-სოპრანო გახლავართ. ახლა მოვწევ და მერე უნდა გავიქცე, ამ საღამოს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე გენერალური რეპეტიცია გვაქვს, ვერდის „ტრუბადურში“ აზუჩენას როლს ვასრულებ.
-რას მეუბნები?
-თუ გინდა, შენც წამოდი.
-არა, მე არავინ გამომიშვებს.
-სიგარეტი ხმას არ გაგიფუჭებს?-საუბარში ჩაერთო ტერო.
-ჩემი ხმის ტემბრს დღეში ერთი ღერი სიგარეტი არაფერს დააკლებს.
-ვხედავ, არტისტული მონაცემებიც გქონია. თავი ისე გიჭირავს, ასე მგონია, უკვე ოპერაში ვართ.
-ტერო!-თვალები დაუჭყიტა გეტამ, ანიშნა, გაჩუმდიო.
-ჩემი არტისტული მონაცემები დღემდე არავის ტოვებს გულგრილს,-სიამაყით აგრძელებდა ქალი.
-ოპერაში შევხვდებით, ქალბატონო მარიტა,- ტერომ სიგარეტი საფერფლეში ჩააქრო და კვამლით გაბუღულ ოთახში გასასვლელისკენ გაიკვლია გზა.
-სად მიდიხარ?-მიაძახა გეტამ.
-საღამოს წარმოდგენისთვის ყვავილებს ვიყიდი და დავბრუნდები.
-რაო?
-რაც გაიგე, სპეციალურად ქალბატონი მეცო-სოპრანოსთვის,-ენა გამოყო და ეშმაკური ღიმილით გადახედა.
-არანორმალური,-ჩაილაპარაკა გეტამ და უკან გაჰყვა.
ცოტა ხანში მთელი დერეფანი მარიტა დიდებულიძის შესრულებულ არიებს მიჰქონდა. აქეთ-იქიდან კი არ ცხრებოდა პაციენტების შეძახილები:
-ამოგიწყდა ხმა.
-ნუ წაიღე ტვინი.
-აუ, ამას რა გააჩუმებს?
-ჩუსტი მაინც ესროლოს ვინმემ.
ზოგიერთი მათგანი მშვენივრად ხალისობდა, ტაშსაც უკრავდა და ისტერიულად დასცინოდა. არსებული ვითარების ფონზე ფსიქიატრიული საავადმყოფო კიდევ უფრო ემსგავსებოდა შეშლილთა კუნძულს.
-ღმერთო, აქ რა გაძლებს?- გეტა ცდილობდა, დიდებულიძის ხმას როგორმე სხვა ხერხებით გაჰქცეოდა, თუმცა გამაყრუებელი ბგერები ტვინში გამყინავად აღწევდნენ და მთელ გარსს მის მარწუხებში იმწყვევდნენ.
ტერო ოთახის ღია კართან იდგა, უსტვენდა და ბრავოს შეძახილებით აქეზებდა.
-კარგი რა, შენ მაინც შეეშვი,-ხელები გაუშალა მობეზრებულმა მეწყვილეს.
-მოიცა, უფასო კონცერტია,- ხალისს არ წყვეტდა ტერო.
ამასობაში, ერთ-ერთი მამაკაცი პაციენტი წამოდგა, დერეფნის მცენარეს ტოტი მოტეხა, სასწრაფოდ ფოთლები შემოაცალა, წელში გაიმართა და დირიჟორივით აღმა-დაღმა დაუწყო ჰაერში ტრიალი.
-აუ, ჩემი კაი, ამას შეხედე რას შვრება, - კისკისებდა ტერო.
-რა ხდება?-ფეხზე წამოდგა გეტა და დერეფანში გაიხედა.
ყველა სიცილით იხოცებოდა.
-ცირკია, თუ საავადმყოფო?-აღმოხდა გეტას და უკან დაბრუნდა.
თანამშრომლებმა უცბად ატეხილი ხორხოცი დიდი ძალისხმევით ჩაახშეს და ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა. ტეროს სიცილისგან მუცელი ხელით ეჭირა:
-კარგი იყო!- აღნიშნა და საწოლზე თავისებურად გაიშხლართა.
გეტას ტეროსთვის აღარ ეცალა, ცარიელ ფურცლებს დაჰყურებდა, არეულ გონებაში აზრებს თავს უყრიდა და ნაწარმოების გაწყვეტილ ადგილს იხსენებდა:

თავი 8
„ჯინო ფერედაისიდან“ ხალხის მხიარული ხმები ახლო მდებარე ტერიტორიებზეც ვრცელდებოდა. თეკლა აკვაპარკის შესასვლელთან იდგა და ლუკას ელოდებოდა:
-წამოდი რა, სპა პროცედურებზე გველოდებიან,- ეხვეწებოდა კუსა.
-ათი წუთიც და შემოვალ.
-მომსვლელი აქამდე მოვიდოდა,-გამწყრალი სახე მიიღო იუბილარმა.
-კარგი, შენ მაინც ნუ მიმატებ.
-რაო, თეკუშ, აგვიანდება შეყვარებულს?- ლოდინისგან დაღლილ მეგობარს ჰკითხა გიგიმ.
-ვურეკავ და არ მპასუხობს, შეიძლება თათბირზეა.
-არ მოიწყინო. დღეს თუ არა, ხვალ გავიცნობთ.
-ასეთი რამ არასოდეს სჩვევია. ყოველთვის მაფრთხილებს ხოლმე,- წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ შეტყობინება მიიღო:
-„საყვარელო, ბოდიშს გიხდი, სამსახურში ისეთი ამბებია, ვეღარ გამოვაღწიე. ჩემს გარეშე გაერთე. შენს მეგობრებთან მერიდება, მაგრამ ასე გამოვიდა.“
-„კარგი, რა გაეწყობა“- უცებ აკრიფა საპასუხო ტექსტი, მობილური ჯიბეში ჩაიბრუნა და დაღონებული სახით შეუერთდა მეგობრებს.
-რაო, არ მოვა?- იკითხა სოფომ.
-სამსახურში დაუგეგმავი საქმე გამოუჩნდა და ვეღარ მოვა, თქვენ კი ბოდიში მოგიხადათ,-კუდი მოსწმინდა თეკლამ.
-არაუშავს, გაუთვალისწინებელ სიტუაციებში ყველა ჩვენგანი აღმოვჩენილვართ,-გაუღიმა კუსამ,- ახლა სპა პროცედურებზე შევიდეთ, ბიჭები კი ცოტა ხნით აქ დავტოვოთ.
-საშიში არ არის ამ ბიჭების სხვებისთვის შეტოვება?- მრავლისმეტყველი სახით გადახედა მეგობრებს სოფომ.
-ძალით გინდა, რაღაც მაფიქრებინო?-გაეცინა კუსას.
-აუ, ეს და თავის ეჭვიანობა,-საუბარში ჩაერთო გაცხარებული ნიკა.
-სიფრთხილეს თავი არ სტკივა,-ტუჩები მოპრუწა სოფომ.
-შენ თუ თავდაჯერება დაკარგე, მე და გიგის ნუ გვაყენებ შეურაცხყოფას,- ირონიულად გადახედა კუსამ.
-ნამუსზე მაგდებ?-ჩაეცინა სოფოს.
-წამო, წამო. არავინ წაგართმევს შენს ნიკას,- შეაგულიანა თეკლამაც.
-მალე გამოდით,-გასძახეს შეზლონგებზე გართხმულმა ბიჭებმა.
გოგონები სპა ცენტრისკენ დაიძრნენ და მასაჟის კაბინეტებში განაწილდნენ. ნახევარსაათიანი მასაჟის შემდეგ სახეზე მწვანე თიხის ნიღბები წაუსვეს. მოულოდნელად, სოფოს სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს? არ შეიძლება,-აუხსნა კუსამ.
-შრეკის ცოლს არ დაგვამსგავსეს?
-აუ, საიდან რას მოთხრის ხოლმე,-ახარხარდა თეკლა, -არ მეგონა, თუ დღეს რამეზე გამეცინებოდა.
-გატყდა ნიღაბი,- შენიშვნა მისცა რუსულ-ქართული აქცენტით მოსაუბრე თანამშრომელმა.
-რაო? ნიღაბი გატყდაო?-გაკვირვებულმა გაიმეორა კუსამ.
გოგოებმა ისევ ვეღარ შეიკავეს სიცილი და უფრო მეტად ახარხარდნენ.
-ჩვენი ნიღაბი არსად გაიშვა. რაც შემაშრა, დასკდა და ნაწილ-ნაწილ იშლება,- ამბობდა სოფო.
-ნეტავ, რატომ არ მიკვირს? -სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა თეკლა.
-ჰო, კარგი, აზრი აღარ აქვს, ჩამოვიბანოთ და გარეთ გავიდეთ. აბა, ერთად რომ დაგვსხეს, რა ეგონათ?- წამოდგა კუსა.
რამდენიმე წუთში გოგოები მზის გულზე მონებივრე ბიჭებს მიადგნენ.
-აბა, როგორ ხართ? უჩვენოდ ხომ არ მოიწყინეთ? - იკითხა კუსამ, მერე ქოლგიანი შეზლონგი მოძებნა და შუადღის მზეს რომ არ დაესიცხა, თავი შეაფარა.
-ვაჰ, ასე მალე გამოხვედით? ჯერ არ გელოდებოდით,-სათვალიდან გამოიჭყიტა გიგიმ.
-იმას რა სჭირს?- თვალით ანიშნა სოფომ ნიკაზე.
-ჩაეძინა.
-ხომ არ მოიწყინე?-კოცნით გააღვიძა შეყვარებული გოგონამ.
-მოგეწონათ სპა პროცედურები?-იკითხა გიგიმ.
-კი, არაუშავდა,- თავი დაუქნია კუსამ.
-თეკლა, თქვი რამე, რატომ გაჩუმდი?
-რა ვთქვა, გიგი? -სევდიანად გაუღიმა გოგონამ.
-ოჰ, კარგი ახლა, ნუ ჩაიბოღმები.
-არა, სულაც არ ვიბოღმები. უბრალოდ ველოდებოდი, რომ მოვიდოდა.
-სხვა დროს გაგვაცანი, არაა პრობლემა,-მხარზე ხელი დაარტყა ნიკამ.
თეკლას აღარაფერი უთქვამს, აუზში ცოტა ხნით შევიდა, მალევე მოიბეზრა და ამოვიდა. შეზლონგზე გაწვა და ტელეფონში თამაშებს შეჰყვა. აღარც მეგობრების მხიარული შეძახილები ართობდა და აღარც ხუმრობები. აფორიაქებული იყო და ერთი სული ჰქონდა, დაშლილიყვნენ. ბარში აღარ გაჰყოლია, მოიმიზეზა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და უხალისოდ დაემშვიდობა ყველას.

***
დილით ლუკას ზარმა გააღვიძა. თვალების სრესვით და მთქნარებით წავიდა სადღაც მიგდებული მობილურისკენ და სანამ იპოვა, მანამდე ტელეფონიც გაჩერდა:
- ოხ, მოიცალა ბიჭმა. ახლა მე აღარ მცალია, იყავი და მელოდე,-ჯერ კიდევ მძინარე ხმით ამოიბურტყუნა, ტელეფონი საწოლთან ახლოს, ძირს დააგდო და ძილის შექცევა სცადა.
ცოტა ხანში, შეტყობინება მიიღო. მაშინვე წამოფრინდა, აინტერესებდა ვინ მისწერა, მაგრამ ხელთ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიიდან მიღებული სარეკლამო ხასიათის ტექსტი შერჩა. ერთი ნერვიულად ამოიქშინა და თავი ბალიშის ქვეშ დამალა.
რამდენიმე წუთში ისევ გაისმა ტელეფონის წკარუნი:
-აუ, ამათ ხომ შეგნება არა აქვთ! ტვინს წაიღებენ ახლა თავიანთი მაცივრებით, თმის ფენებით და უაზრო აქციებით!- ისევ დახედა ეკრანს, მაგრამ ლუკას მიწერილი რომ დაინახა, სიტყვები პირზე შეახმა.
სთხოვდა, როცა მოიცლი, შემეხმიანეო, მაგრამ თეკლას შეტყობინება არც გაუხსნია, რაც ეკრანზე გამოჩნდა, მხოლოდ მას გადაავლო თვალი და კმაყოფილმა ჩაილაპარაკა:
-საღამომდე მოგიწევს პასუხის ლოდინი. რატომღაც არ მცალია, ჩემო ლუკიტო, ძალიან დაკავებული გოგო ვარ.
საწოლიდან ბედნიერი გამომეტყველებით წამოდგა. სწრაფად გადაიცვა ჭრელი სარაფანი და პურის საყიდლად მაღაზიაში დაეშვა. გზად ახლად შემოსული სიმინდის ტაროებიც იყიდა და სახლში ასული ენერგიულად შეუდგა ფოჩებისგან და მწვანე გარსისგან მათ გათავისუფლებას.
-რა დღეში ხარ?- თავზე დაადგა ახლად გაღვიძებული ანდრო.
-სიმინდი დავინახე და ძალიან მომინდა.
-მსუნაგი,-ღიმილნარევი სიტყვით წარმოთქვა ბიძაშვილმა.
-იფ, რა გემრიელი იყო სოფელში ნაკვერჩხალზე რომ ვწვავდით ხოლმე, -ნერწყვი მოადგა თეკლას.
-მოგენატრა?
-ძალიან.
-გინდა, გარეთ პატარა ცეცხლი დავანთო და უცებ შეგიწვა?
-არა, გააფრინე? ეგრევე გამოენთება მაგული: -რას აკეთებთ? ასე როგორ შეიძლება? ხანძარი გინდათ, გააჩინოთ? ვინც თქვენ ეს ბინა მოგაქირავათ...- ხმა დაიწვრილა და სასაცილოდ გააჯავრა მეზობელს.
-დღეს ვერ გცნობ, ნამეტანი კარგ ხასიათზე ხარ.
-ჰო?
-ჰო.
-რას მივაწერო?
-არაფერს,-მხრები აიჩეჩა გოგონამ.
-ესე იგი, არ გინდა, რომ შევწვა? კარგად დაფიქრდი.
-არა, არა. იმ ალქაჯი ქალის თავი არ მაქვს. ყველაფერზე კომენტარს აკეთებს.
-მოხარშე მაშინ, არც ეგრეა ცუდი. მეც კი მომინდა.
-გახსოვს, მე და შენ ჯამასპაანთ გოგიას ბაღში რომ გადავიპარეთ და სიმინდის ტაროები და ატამი მოვპარეთ?
-საიდან გაგახსენდა?
-რა ვიცი,-აკისკისდა თეკლა.
-ჰო, მაგას რა დამავიწყებს? მისმა კოჭლმა ცოლმა რომ წკეპლა მირტყა. რა ერქვა?
-რაღაც უცნაური სახელი ერქვა, მოიცა,-თეკლამ საჩვენებელი თითი მიიდო საფეთქელზე და ჩაფიქრდა.
-რა დაუნდობელი ქალი იყო. ამიჭრელა გვერდები,-როხროხებდა ანდრო.
-ქსენია ერქვა,-უცბად გაიხსენა გოგონამ.
-ძლივს გავექეცი, უეჭველი შინდის ტოტი ეჭირა. ახლაც მახსოვს იმის სიმწარე, რომ მოიქნევდა, ჰაერში შხუილებდა.
ვიდრე ბიძაშვილები ბავშვობას იხსენებდნენ, ლუკამ კიდევ ერთხელ დაურეკა თეკლას. ანდრომ ტელეფონს დახედა და სახეშეცვლილმა მიაწოდა:
-ის ვაჟბატონია.
-არ მცალია, მერე დავურეკავ,-მიუგო გოგონამ და შუაზე გატეხილი ტაროები ქვაბში მოათავსა.
-არ გეშვება, არა?- გაბრაზდა ანდრო.

-მერე შენ რა?-ბიძაშვილმა ეროტიული ხმით უთხრა და თავიდან ბოლომდე გამომწვევად შეათვალიერა.
ანდროს ენა ჩაუვარდა, მხოლოდ მისგან მომავალი, გახშირებული სუნთქვის ხმა ისმოდა. დაიბნა და სახეზე აწითლდა კიდეც. თეკლამ სახე ახლოს მიუტანა და მზერა ტუჩებზე შეაჩერა. ბიჭს ბიძაშვილისგან წამოსული თბილი სუნთქვა მწველად ელამუნებოდა კანზე და სისხლს თანდათან უჩქროლებდა. ვეღარ გაუძლო მის სექსუალურ ენერგიას და ვიდრე რამე შეეშლებოდა, სიტყვის გარეშე გაერიდა. გოგონას ეშმაკურად გაეღიმა და თვალი გააყოლა. ურთიერთობაში უპირატესობა იგრძნო და მოეწონა.
სახლში მარტოდ დარჩენილმა თეკლამ გულის გადასაყოლებელი ვერაფერი ნახა. აივანზე სკამი გაიტანა და ჩამოჯდა. ქუჩაში სიცხისაგან მისავათებულ გამვლელებს ადევნებდა თვალს და თან დრო რომ მოეკლა, თეთრ ზედატანს ბისერებით აწყობდა. ასეთი ჰობი ჰქონდა. ბავშვობიდან უყვარდა ტანსაცმლის დამოკლება, დაგრძელება და სხვადასხვა სახის დეკორაციებით მორთვა და გალამაზება. სწორედ ამ ნიჭის წყალობით, მუდამ საუცხოოდ გამოიყურებოდა. თავისებური ჩაცმის სტილი ჰქონდა და შეუძლებელი იყო, მისი მომხიბვლელობა და ეფექტურობა ვინმეს ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. არც ფიზიკური მონაცემები დაეწუნებოდა. მხრებამდე ჩამოყრილი, ქერა, ხვეული თმა, თეთრი ფერის კანი, მომაჯადოებლად მწვანე თვალები, სწორი, საშუალო ზომის ცხვირი და სქელი ტუჩები უმშვენებდნენ სახის მოყვანილობას. სავსე მკერდი, ვიწრო წელი, მომრგვალებული თეძოები და მაღალი, თხელი ფეხები კი საკმაოდ სექსუალურ იერს სძენდნენ მის ტანს.
საკუთარი სამოსის დიზაინერობით გართული, დროდადრო მობილურისკენ აპარებდა თავს, ამოწმებდა, ლუკამ ხომ არაფერი მომწერაო. რომც მიეწერა, ზუსტად იცოდა, მაშინვე არ უპასუხებდა, თუმცა მაინც ელოდებოდა. თავის ჭკუაში სჯიდა, რომ წინა დღეს მისთვის ვერ მოიცალა. ყველაზე მეტად კი იმაზე მწარდებოდა, საყვედურის თქმის უფლებაც რომ არ ჰქონდა. შეყვარებულის სამსახურში წარმოქმნილი პრობლემა საკმაოდ მნიშვნელოვან ალიბად ითვლებოდა, თუმცა ქალური ეჭვების გამო, საკუთარი ვარაუდებიც აწვალებდნენ, რომლებიც გულში ხინჯად ჰქონდა და არ ასვენებდნენ.
დრო მიიზლაზნებოდა. დღემ უაზროდ განვლო და ნერვები ეშლებოდა. შებინდებისას ლუკას მანქანა თეკლას საცხოვრებელ კორპუსთან გაჩერდა:
-„ჩამოხვალ, თუ ძალით ჩამოგიყვანო?“ -მხოლოდ ეს მიწერა და გაბრაზებული დაელოდა პასუხს.
როგორც კი შეტყობინება მიიღო, მაშინვე დასწვდა ტელეფონს და პასუხი არ დაუყოვნა:
-„სად უნდა ჩამოვიდე?“
-„ქვემოთ ვდგავარ და გელოდები.“
გოგონამ სასწრაფოდ მოიწესრიგა თავი და კიბეები კინწისკვრით ჩაირბინა, თუმცა სადარბაზოდან გასვლისას კვლავ დინჯი სახე მიიღო და აუჩქარებლად გაემართა შეყვარებულისკენ.
დვალმა მანქანის ფანჯარა ჩამოწია და ისე, რომ წინა საქარე მინისთვის თვალი არ მოუშორებია, მხოლოდ ერთი სიტყვით შემოიფარგლა:
-ჩაჯექი!
თეკლამ უხმოდ გამოაღო მანქანის კარი და ჩაჯდა:
-გისმენთ, რამ შეგაწუხათ?
-რას ნიშნავს ეს გამოხტომები?
-ვერ მიგიხვდი, რას გულისხმობ?
-თავს იშტერებ, თუ მე მასულელებ?
-არც ერთი და არც მეორე.
-აბა, რაშია საქმე?
-რამ გაგაცოფა? მოდი ჯერ ნერვები დაიწყნარე და მერე ვილაპარაკოთ, კარგი?- მშვიდი ტონით მიუგო თეკლამ.
-თეკლა!- იყვირა ლუკამ.
-რაო?
-მთელი დღეა, გწერ და გირეკავ. რატომ არ მპასუხობ?
-დილიდან გასული ვარ. მობილური სახლში დამრჩა.
-სად იყავი?
-კუსასთან.
-რა გინდოდა მასთან?
-რა უნდათ ხოლმე მეგობრებთან, ლუკა? გუშინ ბარში დავლიეთ და დღეს ცუდად იყო,- იცრუა გოგონამ.
-ყოჩაღ! კარგად ერთობი, სულ არ იმჩნევ უჩემობას.
-წამოსულიყავი შენც, არავინ გიშლიდა.
-იცი მიზეზი რატომაც ვერ მოვახერხე.
-ჰო, აბა, რა. სამსახურს არ ეღალატება.
-რა ნათქვამია ახლა ეს?
-მგონი შარზე ხარ.
-მე თუ შენ?
-შენ.
-ჯანდაბა! აღარ მოეშვები „იაზვა“ ლაპარაკს?
-რა ჰონორზე ხარ? გინდა საერთოდ ავდგე და გადავიდე?-კარები გააღო თეკლამ.
-დაკეტე კარები!
გოგონა არ უსმენდა.
-კარები დაკეტე-მეთქი!
-კაი ერთი,-სიცილით შეუბრუნდა თეკლა.
-რა გაცინებს?
-როდიდან გახდი ასეთი მბრძანებელი? მოხდა რამე?
-მოხდა.
კარები დაკეტა და ცნობისმოყვარე სახე მიიღო:
-გისმენ.
-ჩემ სახლში წამოხვალ და იქ მომისმენ.
-რა?- გოგონა მოულოდნლობისგან ადგილზე გაშეშდა.
-რაც გაიგე.
-იქ ვინ დაგვხვდება?
-არავინ, მარტო ვცხოვრობ.
-უფ!-შვებით ამოისუნთქა და გრძელი თითებით ჰაერი დაინიავა.
ლუკას აღარაფერი უთქვამს, მანქანა დაქოქა და ჩქარი სისწრაფით მოწყვიტა იქაურობას. ცოტა ხანში ისანში, ახალაშენებულ კორპუსში, კოხტად მოწყობილ, ოროთახიან ბინაში აღმოჩნდნენ.
-მშვენიერი ბინა გქონია,- აღნიშნა თეკლამ და დაუკითხავად კონდიციონერი ჩართო.
-მადლობა. დალევ რამეს?
-არა. აქ რისთვის მომიყვანე?
-მოდუნდი და დაძაბულ საუბარს შეეშვი.
-აჰა, კიდევ რას მიბრძანებთ?
-კიდევ იმას, რომ ამ საღამოს ის გამოვასწოროთ, რაც გუშინ მოხდა.
თეკლა წინ ჩამოუდგა, გრძელი თმა უსწორმასწოროდ აიწია, ჭაობისფერი თვალები შეანათა, ტუჩები სექსუალურად ენით გაისველა და დაბალი ხმით ჰკითხა:
-და რა მოხდა გუშინ?
ლუკამ ახლადშეკრული თმა ისევ ჩამოუშალა, ხელში აიტაცა და საძინებლისკენ გააქანა:
-მაგაზე მერე ვილაპარაკოთ,-საწოლზე დააწვინა და ბაგეებზე ვნებიანად დააცხრა.
ქალს მამაკაცის ალერსისგან მოგვრილმა სიამოვნებამ ტვინიდან მთელ სხეულში იმპულსებად დაუარა და ყრუდ ამოიკვნესა.
-ძალიან აღმაგზნებ!-აღმოხდა ლუკას და თეკლა წამებში გააშიშვლა.
გოგონა პირველად აღმოჩნდა დედიშობილა მამაკაცთან. ოდნავ დაიმორცხვა, თუმცა პარტნიორის მგზნებარე სურვილმა იმდენად მოიცვა, მალევე გათამამდა და ყოველგვარი თავშეკავების გარეშე აჰყვა.

***
გეტამ მეცხრე თავის წერა დაასრულა და ტეროს გახედა. ქალს მკლავი თავქვეშ ამოედო და მშვიდად ეძინა.
-ესეც ასე, გვრიტებო. არაამქვეყნიურ სიამოვნებაში გაგიშვით. დროებით მანდ დარჩით. მომავალ მუზამდე,- საქმიანი სახით წაიჩურჩულა, ფურცლები ქვეშსაგების ქვეშ შეინახა და დასასვენებლად საწოლზე წამოკოტრიალდა.
ჯერ მთელ ოთახს მოავლო თვალი, ფანჯრიდან მზის ღრუბლებში ჩასვლასაც უყურა, შემდეგ ერთ გვერდზე დაწვა, მერე მეორეზე, მაგრამ ვერაფრით მოისვენა, შინაგანად აფორიაქებული იყო, გონებაც ათასგვარ ფიქრად უნაწევრდებოდა:


სამსახურებიდან ახლად დაბრუნებული ვასო და ნანა აბალაკები ტელევიზორის წინ მოკალათებულიყვნენ და საინფორმაციო გადაცემა „Время“-ს ადევნებდნენ თვალს. გეტა ნახევრად შეხორცებულ ჭრილობებს იოდით იმუშავებდა და ბინტით იხვევდა, როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა და მისი ყურადღება ნაცნობმა ხმამ მიიქცია:
-გეტასთან მოვედი. სად არის?
-ჩემს გოგოს შენთან არაფერი ესაქმება. აქედან მიბრძანდი,- ხმამაღალი და მკაცრი ტონით უთხრა ბატონმა ვასომ.
-ჰეი, -ჰაერში თითები გაატკაცუნა,- თქვენი შვილი სრულწლოვანია და იქნებ თავად მისცეთ საშუალება, გადაწყვიტოს ვისთან ესაქმება რამე და ვისთან - არა?
-კარგად იცი, მისი შესაფერისი არ ხარ. შენთან შეხვედრის უფლებას არასოდეს მივცემ!
-ჰო? რას მეუბნებით? მე ის მიყვარს და სხვათაშორის, გეტასაც ვუყვარვარ.
-შენნაირებისთვის არ გამიზრდია და არც იოცნებო, რომ ოდესმე სიძედ მიგიღო.
-ოცნებები დიდი ხანია, დავამთავრე. რაც რეალურია, მხოლოდ მას ვეჭიდები.
-ტყუილად ეჭიდები და სანამ დროა, მომწყდი ჩემი თვალსაწიერიდან,-წამოენთო ქალბატონი ნანიკო.
-შენ ნუ ერევი! -ხელით ანიშნა ქმარმა.
-რას ჰქვია, ნუ ვერევი? ამას ამდენს რატომ ალაპარაკებ?
-ამას სახელი აქვს, ქალბატონო ნანიკო და სიტყვები შეარჩიეთ. თქვენი პატარა ბავშვი არ ვარ, რომ მოგითმინოთ და იმის უფლება მოგცეთ, როგორც გინდათ, ისე მომმართოთ.
-ატყობ, რომ დაუკრეფავში გადადიხარ?!
-მე გადავდივარ, თუ თქვენ?
ოთახიდან გეტა გამოვიდა და გაოგნებული იყურებოდა.
-შედი ოთახში!-უბრძანა მამამისმა.
-არსადაც არ შევა, ის მე გამომყვება! -ხმას აუწია რომამ.
-გეტა, გაბრუნდი და დაუყოვნებლივ შედი ოთახში!-ისევ გაისმა ვასოს ნათქვამი.
რომამ გოგონას ხელებზე ნაიარევები შენიშნა და მისკენ წავიდა:
-ჩემო სიცოცხლე, ეს რა ჩაიდინე?-მკლავებზე დახედა და თითები ფრთხილად შეახო.
-რომა,-ათრთოლებულმა გოგონამ მხოლოდ ეს თქვა და ცრემლები წამოუვიდა.
-შენი ბრალია ყველაფერი. შენ გააგიჟე! -თვალებიდან ცეცხლს აკვესებდა ნანიკო.
-მე კი არა, თქვენ გააგიჟეთ.
-გაიგონე რას ამბობს? შეხედე როგორ მიბრუნებს სიტყვას,- ქმარს შეხედა ნანიკომ.
რომა არავის უსმენდა, გეტას ცრემლებს უწმენდდა და სველ ღაწვებს უკოცნიდა.
-ჩემ შვილს მოშორდი!-იღრიალა ვასომ და რომასკენ წავიდა.
-მამა! არაფერი დაუშავო, თორემ თავს მოვიკლავ,-აყვირდა გეტა.
-ნუ გეშინია, აქ არ დაგტოვებ, ჩემთან წაგიყვან,- მის დამშვიდებას აგრძელებდა რომა.
ვასო გოგონას მხარში სწვდა და მთელი ძალით გამოქაჩა თავისკენ.
-ტყუილად ირჯებით, ვერ დაგვაშორებთ,- რომას სიმწრის ღიმილი მოადგა სახეზე.
მამაკაცმა ხელი მოუქნია, მაგრამ რომამ წამებში დაუჭირა:
-არ გეკადრებათ, ბატონო ვასილ მომავალ სიძეზე ხელის აწევა.
-ნამუსგარეცხილი ხარ! რა გაუკეთე ჩემს შვილს, რომ ვერ გივიწყებს, შე ძაღლისშვილო?!-კბილებიდან გამოსცრა გახელებულმა მამაკაცმა.
-ეს ვიგინდარა!-დაამატა ნანიკომ და სიძულვილით შეხედა.
-შესანიშნავი დახვედრაა, ვერაფერს იტყვი,-რომამ ხელი გაუშვა ვასოს.
გეტას სისხლი გაეყინა, ადგილიდან ვერ იძროდა. ხან ერთს უყურებდა, ხან მეორეს და ხან მესამეს.
-მოგწონთ ეს, თუ არა, გეტა ჩემი ცოლი გახდება,- რომამ საყვარელ ქალს ხელი მოჰკიდა და წასვლა დააპირა.
-მოიცადე!-ისევ იყვირა ვასომ.
ორივე შედგა და მისკენ მიიხედეს.
-არ დამიმთავრებია.
-გისმენთ.
-შენ არა, ვაჟბატონო, ჩემი შვილი მომისმენს.
გეტა ერთიანად კანკალებდა, თვალებს ვერ უსწორებდა მამამისს.
-დაიმახსოვრე! ერთი არასწორი, გაუცნობიერებელი ნაბიჯი და საწყის წერტილზე დაბრუნება და შეცდომის გამოსწორება ძალიან რთული იქნება! ვერც ამ სახლში შემოდგამ ფეხს!
-ჩვენ შენნაირი შვილი არ გვჭირდება! სამუდამოდ ამოგკვეთავთ აქედან!- მხარი აუბა მეუღლეს ცოლმაც.
-მე მიყვარს იგი და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ,-ამოილუღლუღა გეტამ.
-როგორ ბედავ და ამ ქუჩის კაცთან ასე გვამცირებ?
-მე არ გამცირებთ, დედა.
-დამცირება არ არის, რომ წინ ვუდგავართ და ველაპარაკებით? ამნაირებს მამაშენი სალამსაც არ ეუბნება.
-მიუხედავად იმისა, იმსახურებთ, არ მინდა ამ სიტყვებისთვის შეურაცხყოფა მოგაყენოთ, თორემ შესანიშნავად იცით, არ გამიჭირდება,-თავს ძლივს იკავებდა რომა.
-ეგღა მაკლია, მიწურში გაზრდილმა შეურაცხყოფა მომაყენოს,- თვალები დაუბრიალა ნანიკომ.
რომამ ღრმად ამოისუნთქა, შემდეგ გეტას წელზე ხელი მოჰხვია და კარისკენ უბიძგა.
-მენანები ამ კაცისთვის, გეტა. ბევრჯერ გაიხსენებ ჩვენს სიტყვებს, მაგრამ ხორცების დაჭმა და ცხვირში მუშტის ამორტყმა გვიანი იქნება,- მიაძახა მამამისმა და სავარძელში რეტდასხმულივით ჩაეშვა.
გეტა გაჩერდა, შებრუნდა და მამამისს შეხედა, რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მაშინვე გადაიფიქრა. აღარ უყოყმანია, რომას ხელი ჩასჭიდა და კარისკენ გაჰყვა. გარეთ რომ გავიდნენ, მამაკაცმა ხელები დაუთვალიერა:
-შე სულელო, თავს რა აუტეხე?
-დროზე გამაცალე აქაურობას. ოთხ კედელს შუა ძაღლივით ვიყავი გამოკეტილი და უშენობა მტანჯავდა,-ამოისრუტუნა გოგონამ.
-ჩემო პატარა, - გულში ჩაიკრა ატირებული გეტა.
-რომა.
-რაო, ჩემო სიცოცხლე?
-არასოდეს მიმატოვო, გთხოვ. სულ ჩემთან იყავი.
- რა გჭირს? როდის იყო, რომა ტამოევი ძვირფას ადამიანებს ასე იოლად თმობდა?
გეტა მჭიდროდ მიეკრო და თავი ყელში ჩაურგო. მამაკაცი ვერ უძლებდა საყვარელი ადამიანის ამგვარ მდგომარეობას და ცდილობდა, ბოლო დღეებში მიღებული ურვა მისთვის როგორმე ლამაზი სიტყვებით შეემსუბუქებინა.

***
საწოლიდან წამოდგა და პალატიდან გავიდა. დერეფანში დაიწყო აღმა-დაღმა სიარული და ყურებზე ხელს იფარებდა. აღარ უნდოდა მონატრებული და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიტყვები ასე ცხადად, კიდევ ერთხელ მოესმინა, მაგრამ ამაოდ:


-მოდი, სახლში წავიდეთ. ჭრილობებს უნდა მივხედოთ,- რომა გულმოკლული უყურებდა მის მკლავებს.
- შენ დამეხმარები?
-რა თქმა უნდა.
-მართლა?
-აბა, ხომ არ მოგატყუებ?
-ასეთი კარგი როგორ ხარ?
-ოჰ, არც ისე კარგი ვარ. თითქოს არ მიცნობდე,-ჩაეცინა მამაკაცს.
-ჩემთვის მთელი სამყარო ხარ.
-ჩემთვისაც,-ბაგეებზე დაეკონა მამაკაცი.

***
-ვერაფრით გიშორებ, ისევე როგორც შენს გეტას. ორივე საზიზღრები ხართ,- თავს აქნევდა ფსიქიატრიულის კედლებში უგზო-უკვლოდ მოსიარულე პაციენტი.
ისევ იხლართებოდა წარსული აწმყოში, კვლავ აჩენდა დაუნდობელ კლანჭებს, ბასრი შუბივით ასობდა ავადმყოფს და გაუსაძლისად სტკენდა. საცოდავად მიიყუჟა ერთ კუთხეში და სახეზე აიფარა ხელები, უნდოდა ყველას და ყველაფერს დამალვოდა, მაგრამ არ გამოსდიოდა.
-არ მიყვარს საწყლობა, უნდა წამოვდგე. წინ ბევრი გამარჯვება მელის და საზეიმოდ მომზადება სჯობს! -თავს არწმუნებდა და ფეხზე წამოდგომას ლამობდა.
-აქ რას აკეთებ?- კაბინეტში მიმავალმა ექიმმა მარტოდ მყოფი გეტა შენიშნა.
-არაფერს.
-რატომ ხარ ასეთი შეშინებული?
-გეტას რაღაც გაახსენდა და...
-რა გაახსენდა?
-მისი ქმარი. მგონი, ენატრება.
-ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გიმეორებ, საკუთარ თავზე მესამე პირში ნუ ლაპარაკობ!
-ნუ მასწავლი როგორ ვილაპარაკო. ის უმწეო და დაუცველი მე არ ვარ.
-მაშინ, ვინ არის?
-გეტა აბალაკია, რომა ტამოევის, სასტიკი კრიმინალის ცოლი.
-და შენ ვინღა ხარ?
-მე მწერალი ვარ, იგივე სახელით და გვარით, ოღონდ არა მასსავით უგონოდ შეყვარებული სულელი.
-ნუ მიჯნავ საკუთარ თავს მისგან და ნუ იგონებ სხვა გეტას. ორივე შენ ხარ!
-არა! ცრუობ! ეს სიმართლე არაა!
-შეიგნე, რომ რაც შენში არ მოგწონს, კი არ უნდა დამალო, არამედ მის გამოსწორებაზე იზრუნო. ესაა ერთადერთი გზა, მოიპოვო სულიერი შვება.
-მე უკეთესად ვიცი, რა გავაკეთო.
-ძალიან აჭარბებ, როცა შეყვარებულ გეტაზე ისე ლაპარაკობ, თითქოს ვიღაც უცხო იყოს. ის შენ ხარ და უნდა აღიარო.
-ის მე არ ვარ და ნუ ცდილობ ჩემს გადარწმუნებას, ტყუილად დაშვრები.
ექიმმა თავი უიმედოდ გაიქნია:
-პაციენტი მელოდება, ამ თემას კიდევ დავუბრუნდებით.
-ისე მექცევიან, თითქოს მართლა გიჟი ვიყო და ჭკუის დარიგება მჭირდებოდეს. ვერ ვიტან აქაურობას,- ზიზღით წარმოთქვა, ძლივს წამოსწია დამძიმებული სხეული და ლასლასით გაუყვა გრძელ დერეფანს.
თავის პალატას რომ მიუახლოვდა, კედელთან დაჩოქილ პაციენტს წააწყდა. ქალი პირჯვარს იწერდა, როგორც ყოველთვის, გაზუთხულ ტექსტს წარმოთქვამდა და ვიღაც იოსების და თამარის კარგად ყოფნას ავედრებდა. გვერდი აუქცია და ოთახში შევიდა. ტეროს უკვე გაღვიძებოდა:
-რა ხდება გარეთ?- ნამძინარევი ხმით იკითხა.
-ვიღაც ქალი გარეთ ჩვენს კედელთან არის დაჩოქილი და ლოცულობს.
-აჰ, ნინია იქნება. ერთი საცოდავი ვინმეა, ჰგონია, რომ კედელზე, სასწაულებრივად წმინდა მარიამ ღვთისმშობელია გამოსახული. აქ მოდის და შვილებზე ლოცულობს ხოლმე. იმათ კი ფეხებზე ჰკი*დიათ, ერთხელაც არ მოუკითხავთ დედამისი.
-შენ აქ ხშირად გიწევს მოსვლა?
-რამდენჯერაც მამინაცვლის, ან ჩემი თა*ვის მოკ*ვლას დავაპირებ, იმდენჯერ მიწევს ამ უჟმური მედ-პერსონალის სიფათების ყურება.
-მამინაცვალმა რა დაგიშავა?
-არავინ მიჯერებს, ჰგონიათ, რომ შეურაცხადი ვარ და მასზე რაღაცას ვჩმახავ, მაგრამ მაგარი ნაძირალაა.
-რამე დაგიშავა?
-ჰო,- თვალები აარიდა ტერომ.
-შეგიძლია, მენდო. არავის ვეტყვი.
-თექვსმეტი წლის ასაკში გამაუპატიურა.
-ეს როგორ?
-როგორ და ჭრელად. ეს მაშინ მოხდა, როცა დედაჩემი სამსახურში იყო. მერე სისტემატურად მემუქრებოდა და მაიძულებდა, მასთან დავწოლილიყავი.
-რას გეუბნებოდა?
-მოგკლავ, თუ უარს მეტყვი, ან ჩვენ საიდუმლოს ვინმეს გაანდობო. მეც მეშინოდა და ვუთმენდი, სანამ ნერვები საბოლოოდ არ გამიფუჭდა. ერთ დღეს ამომასხა და მისი მოკვლის სურვილმა შემიპყრო. მას შემდეგ ხშირად ვსტუმრობ აქაურობას.
-ვფიქრობ, ვინმე უნდა გაიჩინო, იქნებ სიყვარულმა ყველაფერი დაგავიწყოს.
-მყავს პარტნიორი.
-ნუთუ?
-ქმარს გაშორებული ქალია. თავს ერთად კომფორტულად ვგრძნობთ. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია.
გეტას ნერწყვი სასულეში გადასცდა და ხველა აუტყდა:
-მაპატიე.
-არაუშავს.
-არასოდეს მქონია სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთან ურთიერთობა. ისიც კი არ ვიცი, როგორები ხართ.
-თავის წარდგენა დავიწყო?-საწოლზე დადგა და ხელები თეატრალურად გაშალა:- Ladies and Jentlemen...
-კარგი, მორჩი მასხარაობას,-გაეცინა გეტას.
ტერო საწოლიდან ჩამოვიდა და მის პირდაპირ ჩამოჯდა. კვლავ დასერიოზულდა, წამით დაფიქრდა და გამჭოლი მზერით ახედა:
-ყველა ადამიანი ინდივიდუალურია თავის ხასიათით და შესაძლებლობებით. ჩვენც ასეთები ვართ.
-არის რაღაც, რასაც ჩემნაირი ადამიანებისგან განსხვავებით, სხვაგვარად აღიქვამთ?
-მაგ კითხვაზე პასუხი თავადაც არაჩვეულებრივად იცი.
-რადგან პირად ცხოვრებაზე მეტი არაფრის თქმა შეგიძლია, აღარ ჩაგეძიები.
-კარგს იზამ,-თვალი ჩაუკრა ტერომ.
-ვახშმის დროა!- კარზე ამოჭრილი ფანჯრიდან შეიჭყიტა ვიღაცამ და ხმამაღლა შესძახა.
-წავიდეთ?- ტანსაცმელი გაისწორა გეტამ და გარეთ გასასვლელად მოემზადა.
-წავიდეთ,-უკან გაჰყვა ტეროც.
სასადილოში მაგიდებზე დაწყობილ ვახშამს რომ გადახედა, სახე დამანჭა და გეტას ჩუმად გადაულაპარაკა:
-ამათი ვახშმის თავზეც გავიარე. გინდა, ამაღამ მე და შენ აქედან გავიპაროთ და საინტერესო საღამო მოვიწყოთ?
-რა?-გაოცებული სახით შეხედა აბალაკმა.
-წამოდი, მეგობარო, ისეთი ღამის ბარი ვიცი, იქიდან გამოსულები დედამიწის ღერძზე ყირამალა დავეკიდებით და საჭიროების შემთხვევაში, მზის კარზეც დავაკაკუნებთ. მოკლედ, არ ინანებ.
-არანორმალური ხარ,-თავი გააქნია გეტამ.
-არც შენ ხარ მთლად დალაგებული. რას იტყვი, მოდიხარ?
-კი, მაგრამ, როგორ უნდა გავიპაროთ?
-ეგ საქმე მე მომანდე.
-ვატყობ, შარში გამხვევ.
-გპირდები, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ზეპირად ვიცი ამათი შემოვლის დრო და ხრიკებიც, თუ როგორ არ უნდა შეგვამჩნიონ. სულ ორი საათით გავალთ, გვეყოფა.
-შენი არ იყოს, თავგადასავლები მეც მიყვარს. გავრისკავ და გეტყვი „კი“-ს.
-ასეც ვიფიქრე, ჯიგარი ქალია-მეთქი. დაჰკარ ხელი,-ხელის გული გაუშალა ტერომ.
აბალაკს გაეღიმა და თხოვნა შეუსრულა.
-იუჰუ! თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ტეროს.
-დიდი უბედურის ერთი ხარ.
-Yes Ma’am, თუ მოვინდომე, არავის მივცემ დაღონების საშუალებას!- თავი დაუკრა და სალათის ჭამას შეუდგა.
-გინდა, კომპოტი მოგიტანო?
-კომპოტი,-ჩაეცინა ტეროს,- ეგ რა დასალევია? დღეს ალკოჰოლზე გეპატიჟები.
-ვერ ხარ შენ,-თავი გააქნია გეტამ.
-ჩშ!-ტუჩთან თითი მიიტანა და ჭამა გააგრძელა.
ცოტა შეჭამა, მერე უგემურიაო,-დაიჩემა, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, უღიმღამოდ მიაგდო თეფშზე და სასადილოდან გავიდა.
დაახლოებით ღამის თორმეტი საათი იყო, როდესაც საავადმყოფო მიჩუმდა. მხოლოდ აქა იქ ისმოდა მორიგე თანამშრომლების ხმები, რომლებიც მალევე, სადღაც შორს იკარგებოდნენ. ტერო და გეტა ფეხაკრეფით გავიდნენ პალატიდან და ჩარაზულ კარებს მიადგნენ. ტერომ ყვავილის ქოთანში მიწა მოჩიჩქნა, გადამალული გასაღები ამოაძვრინა და კარი გააღო:
-ეს გასასვლელი მხოლოდ ხანძრის გაჩენის, ან საგანგებო მდგომარეობის დროს გამოიყენება.
-საევაკუაციოა?
-ჰო, ჩუმად და ფრთხილად უნდა ჩავიდეთ.
პირველ სართულზე მორიგი დაკეტილი კარის სახით, კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდათ, მაგრამ ესეც გადალახეს და რამდენიმე წუთში გარეთ აღმოჩნდნენ.
-Uh, la, la, baby!- გაიხარა ტერომ და მთავარი გზისკენ სირბილით გაიქცა.
-მოიცადე! ვერ გეწევი,-დაუძახა გეტამ, მაგრამ ვიღას ესმოდა?
მანქანები კანტიკუნტად ირეოდნენ. პირველივე შემხვედრ ტაქსს ჩაუსხდნენ და გეზი ახლომდებარე ბარისკენ აიღეს.
-გასაღები საიდან გქონდა?
-თუ იმას ელოდები, რომ ყველაფერს დავფქვავ, მაშინ გეტყვი, რომ დაივიწყე.
-გაქნილი,-მკლავზე მსუბუქად უჩქმიტა გეტამ.
-ახლავე გაფრთხილებ, მე გეპატიჟები.
-რაღაც თანხა მაქვს და ჯიბეზე მეც გავიკრავ ხელს.
- მე ვკისრულობ-თქო, ვერ გაიგონე?
-კარგი, როგორც გინდა,-მხრები აიჩეჩა გეტამ.
ცოტა ხანში ღამის ბართან აღმოჩნდნენ. მუქი ფერის შენობიდან მუსიკის გუგუნი გამოდიოდა. შესვლისთანავე იგრძნობოდა ალკოჰოლის სუნით გაჟღენთილი ჰაერი. ირგვლივ სიმღერებზე აყოლილი კლიენტები აქეთ-იქით იზნიქებოდნენ. ზოგიც მაგიდებთან ისხდნენ და სხვადასხვა თემებზე მასლაათობდნენ.
-ოჰა!-თვალები დაიელმა ტერომ, როდესაც ბართან ჩამომჯდარი დიდმკერდიანი, ქერა, გამომწვევად ჩაცმული ქალი დაინახა.
-ღმერთო ჩემო, აქ სად მოვხვდი?-თავი გააქნია გეტამ,- ხელს ხომ არ გიშლი? წავიდე?
-ახლა, არ გაატ**კო! ჩემიანი არ არის. მოდი დავლიოთ,- ტერო ჩვეული, თავისუფალი სიარულის მანერით წავიდა ბარისკენ.
-მე მარტინს დავლევ.
-შოთიკო, ამ ქალბატონს მარტინი და მე როგორც ყოველთვის, ჩემი ვისკი დამისხი. ჰო, კიდევ ორი „მილანესა ნაპოლიტანა,“- შეკვეთა მისცა ნაცნობ ბარმენს.
-იქნებ გამაცნო,- ცნობისმოყვარეობამ სძლია ბიჭს და ტეროს ხელით ანიშნა უცხო სტუმარზე.
-ჩემი მეგობარია, გეტა აბალაკი.
-თქვენ? როგორ ვერ გიცანით?-სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა ახალგაზრდა.
-ჰო,-გაუღიმა ქალმა.
-როგორ მომწონს თქვენი ბესტსელერი „სიმშვიდის სავანეში“. დიდი პატივია აქ რომ გვეწვიეთ.
-გმადლობთ.
-ორჯერ წავიკითხე და ორჯერვე უდიდესი სიამოვნება მივიღე,-აგრძელებდა აღფრთოვანებული ბარმენი.
-ამ დაწესებულების ხშირი სტუმარი ყოფილხარ,-შეუბრუნდა ტეროს აბალაკი.
-ჰეჰ, როგორ მიყურებ?
-აუ, გასკდა ტვინი, ნეტავ, ხმას დაუწევდნენ,-გეტამ საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა.
-მორჩი წუწუნს, ამაღამ თავზე ვიმხობთ ყველაფერს, -ტერო თავის მოძრაობით აჰყვა მუსიკას.
რაც დრო გადიოდა, მით უფრო მეტი კლიენტი შედიოდა ბარში და ხმაურიც მატულობდა. რამდენიმე ჭიქის შემდეგ, კარგად შეზარხოშდნენ. აბალაკს აღარაფერზე დაუჩივლია, ერთი ორჯერ წაიცეკვა კიდეც და მშვენივრად ხალისობდა. მოულოდნელად, გაუჩინარებული ტერო გამოეცხადა და ანიშნა, რომ წასვლის დრო იყო.
-რატომ მივდივართ?
-შემოვლის დრო ახლოვდება.
სიტყვა „შემოვლამ“ გეტა უცბად გამოაფხიზლა და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნით დარჩენაზე უარს არ იტყოდა, საავადმყოფოში გამეფებული წესები წასვლისკენ ექაჩებოდნენ. სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა. სანამ ტაქსი მივიდოდა, ტერომ გეტას მხარზე ხელი გადაჰხვია და სიმღერა წამოიწყო:
„ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო ფიანდაზები,
ვერ ამიგო სამოთხის დარბაზები,
ვერც უეკლოდ ვერ დავკრიფე ქორფა ვარდები,
კაცი თუ ხარ, მოდი ნუ გაბრაზდები.
წავიდა ცხოვრება ძველი,
მთვრალი ვარ, ამიტომ ვმღერი.“

-ასე რა, შენ გენაცვალე,- ქართული მაინც სხვანაირად მიდის ძარღვებში,- და მაღალ ხმაზე აჰყვა გეტაც:

„ალალ მე, ალალ შენ, ალალ ბედად დავალ,
სადაც მე, იქაც შენ, ერთად წავალთ“.

გარეთ ცა ელავდა, საწვიმრად ემზადებოდა. მათ ბედად, ტაქსმა მალე ჩამოიარა და მანქანაში ჩახტნენ.
-ფსიქიატრიულისკენ, - მოკლედ მიახალა ტერომ მძღოლს და ღვედი გადაიჭირა.
მამაკაცმა მანქანა დაქოქა და ადგილს დიდი სიჩქარით მოწყდა. გზა თავისუფალი იყო და სულ რაღაც ათ წუთში აღმოჩნდნენ საავადმყოფოსთან. მანქანიდან გადასვლისას თავსხმა წვიმა დაიწყო და ერთიანად გაილუმპნენ.
-ჯანდაბა, შენ რომ კაცი დაგიჯერებს,- სირბილისგან ვეღარ სუნთქავდა გეტა.
ტერომ ხელი მოკიდა და გუბეს გადაახტუნა: -ჰოპ!
-ჰოპ იქნება, თუ გამოგვიჭირეს,-სუნთქვაშეკრული აგრძელებდა პრეტენზიებს.
-აუ, ეს რა კანონმორჩილი მოქალაქეა. დაგავიწყდა, რომ ჩვენნაირები წესებს და კანონებს არ ემორჩილებიან?
-კარგი, მორჩი ლაპარაკს და გააღე კარი.
ტერომ ჯიბეზე ხელი მოისვა და სახე შეეცვალა: -გასაღები დავკარგე.
-რა? გადაირიე? კარგად შეამოწმე.
-აჰაჰაჰ,-ახარხარდა და გასაღები ჰაერში აათამაშა.
-რა დროს ხუმრობაა,? გააღე დროზე კარი!
-აუ, რა გათოხლე.
-საქმეს შეუდექი, ან მე მომეცი გასაღები და დაგეხმარები.
-მშვიდად, მეგობარო. სულსწრაფივით ნუ იქცევი!
-რა დალიე ასეთი?
-ვითომ არ იცის,-ენას ძლივს იტრიალებდა ტერო.
-შენ მგონი ახლა უფრო გეკიდება ალკოჰოლი.
-ჰო, ეგრეა,-დაეთანხმა და კარის საკეტს გასაღები ძლივს მოარგო.
-ასვლაში დაგეხმარები,-ხელი მიაშველა აბალაკმა.
-ხელი გაწიე, ქალო,-მასხარაობას არ იშლიდა.
-ჩშ! -გეტამ გააჩუმა და უკან გაჰყვა.
თავის სართულზე რომ ავიდნენ, შემოვლა უკვე დაწყებული იყო.
-აუფ!-გეტამ თავზე შემოიკრა ხელი.
-აუ, ეს რა პანიკიორია,-ჩუმად ჩაილაპარაკა ტერომ და საავადმყოფოს თანამშრომლების ყურადღების მისაქცევად ხურდა ფული ისროლა.
მისმა ხერხმა მართლაც გაჭრა, შემომვლელებმა მონეტების მიმართულებით გაიხედეს. ვიდრე ისინი ნივთს ათვალიერებდნენ და მის იქ მოხვედრის ამბავს არკვევდნენ, ამასობაში პაციენტები წამის მეასედში შეცვივდნენ ოთახში, სველი ტანსაცმლით საწოლებში ჩაწვნენ და პლედები გადაიფარეს. რამდენიმე წუთში საავადმყოფოს თანამშრომლებმა მათ ოთახში შეიხედეს და აღრიცხვა გააკეთეს. როგორც კი გავიდნენ, ორივემ გადახედა ერთმანეთს და ისტერიული სიცილი აუტყდათ.
-არა, მაინც რა ახირება იყო ასეთ მოკლე დროში გაქცევა და უკან დაბრუნება?
-სიამოვნებით გაიხანგრძლივებდი იქ ყოფნას, არა?
-რატომაც არა? როცა გავერკვიე რა და როგორ, მაშინ დამადექი თავზე ასასივით, -წავიდეთო.
-გაგისწორდა?
-ბარში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე მეტად იცი რა მესიამოვნა?
-საიდან უნდა ვიცოდე?
-ვერავინ მიცნო და შემეძლო, ჩემს ნებაზე დამელია, მეცეკვა, მემღერა. ნამდვილი მე ვყოფილიყავი და სისულელეც ჩამედინა. ვერ ვიტან, როდესაც საზოგადოება გაფაციცებული მოგჩერებია და ჩასაფრებულია, რამე შეგეშალოს, რომ მერე საჯაროდ კოცონზე დაგწვას.
-მაგალითად, რა სისულელეს ჩაიდენდი კიდევ რომ დავრჩენილიყავით და სასმელი დაგვემატებინა?
-რა ვიცი, როცა ნასვამი ხარ, სითამამე გემატება და კომპლექსებისგან თავისუფლდები. ნებისმიერი რაღაცის ჩადენა შეგიძლია -ქუჩაში ფეხშიშველი სიარული, შუა გზაზე გაწოლა და ვარსკვლავების ყურება...
-და მეორე დღეს ჟურნალების პირველი გვერდები შემდეგი სათაურის სტატიებით აივსებოდა: „გეტა აბალაკი ფსიქიატრიულიდან გაიქცა და ბარში მაგრად დათვრა“.
-დათვრა არა, გატყვრა,- გაუსწორა გეტამ.
-მეორე ვარიანტი: „გეტა აბალაკი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაიქცა, ბარში გატყვრა და მერე შუა გზაზე ვარსკვლავების ყურებით ტკბებოდა“.
-ნწ, მაგხელა სათაურს სტატიას არავინ დააწერს, სხვა რამე მოიფიქრე.
-მწერალი შენ ხარ და თავად მოიფიქრე. მე ფანტაზიის ამბავში ვჭედავ.
-კი, როგორ არა. ბარემ ინფორმაციასაც მივაწვდი, სტატიასაც დავუწერ და სათაურზეც ვიზრუნებ, რომ მთელი თვე სალაპარაკოდ ეყოთ.
-გეტა.
-რაო?
-მადლობა.
-რისთვის?
-იცი შენ რისთვისაც. კარგი ადამიანი ხარ.
-შენც არაგიშავს,- ჩაილაპარაკა და ღიმილი აუთამაშდა მწერალს.
-დავიძინოთ?
-დავიძინოთ.
-ზოგიც ხვალ ვიგიჟოთ, მაინც გიჟები ვართ და გვაპატიებენ,-ბოლო სიტყვები განსაკუთრებული სევდით და ბევრი საჩოთირო აზრით იყო ნათქვამი, თუმცა ფიქრისთვის არცერთს აღარ ეცალა, ალკოჰოლი თავისებურად ავლენდა ძალას და ორივეს ძილის სამყაროში მიაქანებდა.

***
სამი დღის შემდეგ მწერალი კვლავ მიუბრუნდა ნაწარმოებს:

თავი 10
ბიძაშვილის თავნება ხასიათი და ღამით გაუჩინარებები მოსვენებას უკარგავდნენ ანდროს და გაურკვეველ მდგომარეობაში აგდებდნენ. თეკლასთან წარმოქმნილმა განუწყვეტელმა უსიამოვნებებმა სისტემატური ხასიათი მიიღო და აუტანელი გახადა მათი ყოფა. ამას ისიც ემატებოდა, რომ რაც დრო გადიოდა, ბიჭს უფრო მეტად ეძალებოდნენ მასზე ფიქრები და გრძნობები, რომლებიც მორალური თვალსაზრისით, არანაირად ჯდებოდნენ ნორმის ფარგლებში. ყოველ დღე ებრძოდა საკუთარ თავს და მასთან გამუდმებულ დავაში იყო. აცნობიერებდა, ის ტაბუდადებული თემა, რაც სისხლით ნათესავების ფიზიკურ კავშირს ეხებოდა, ქართულ საზოგადოებაში უპატიებლად ითვლებოდა და ყველანაირი ძალებით ახშობდა აკვიატებულ სურვილს, მაგრამ საკმარისი იყო, თეკლას სიახლოვე ეგრძნო, რომ წვალებით მიძინებული გრძნობები ისევ იღვიძებდნენ და ნადირივით უმართავნი ხდებოდნენ. ვიდრე სავალალო შედეგი დადგებოდა, რაღაც უნდა ეღონა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, მაგრამ რა? მოცემულ თავსატეხს ამოხსნას ვერ უძებნიდა.
-აქედან მივდივარ!- ანდრომ მოულოდნელად განუცხადა ბიძაშვილს.
-მიტოვებას მიპირებ?- აშკარა იყო, თეკლა ძალიან აღაშფოთა ბიძაშვილის გადაწყვეტილებამ.
-უჩემობას როგორმე მოინელებ.
-კი, მაგრამ ბინის ქირას მარტო მე როგორ გადავიხდი?
-არ ვიცი.
-რატომ მიდიხარ? მიზეზს არ გამანდობ?
-ასე მაწყობს.
-რამ გიკბინა?
-არის რაღაცები, რაზეც შენთან საუბარი არ მსურს.
-მდა!.. ყველა გეგმა ამირიე, ახლა რა ვქნა?
-ეგ ჩემი პრობლემა არ არის,-ბრაზი მოაწვა ბიჭს.
-რატომ მეჯიბრები? იცი, რომ ფინანსურ პრობლემებს თავს ვერ გავართმევ და ფეხს მაჭერ სუსტ წერტილზე.
-თეკლა, ნერვები არ მომიშალო. არავის ფეხს არ ვაჭერ. შენ შენთვის, მე ჩემთვის. ორივესთვის ასე აჯობებს.
-როდის აპირებ წასვლას?
-რაც შეიძლება, მალე.
გოგონა ემოციებს აჰყვა და ადგილს ვეღარ პოულობდა, წინ და უკან სიარულითაც რომ დაიღალა, კომპიუტერთან მჯდომ ბიძაშვილს მიუტრიალდა:
-შეუძლებელია ასე დამშორდე. რაღაც პერიოდი მაინც მომეცი, რომ სამსახური ვიშოვო და ვინმეს თანამობინადრედ შევეკედლო.
-„რაღაც პერიოდი“ ერთი კვირაც შეიძლება იყოს, ერთი თვეც და ერთი წელიც.
-ასე კონკრეტულად როგორ გითხრა? ვიდრე სამსახურს არ ვიშოვი, დამაცადე.
-მხოლოდ შენ თავზე რომ დარდობ, ჩემზე რატომ არ ფიქრობ?!
-რა გაქვს სადარდებელი?
-შენი აზრით, არაფერი, ხომ?
-რამე უნდა ვიცოდე და არ ვიცი?
-ვერაფერს ხვდები?
-ვერა.
-აბა, კარგად დაფიქრდი.
-შენ რა, მეკაიფები? ვერაფერს ვხვდები-მეთქი.
-დაივიწყე, იქნებ ასეც ჯობდეს. ერთი თვის ვადას გაძლევ, ახლავე იზრუნე სამსახურზე. მერე, ჩემი იმედი აღარ გქონდეს!
-გასაგებია,-მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა თეკლამ.
არაჩვეულებრივად ხვდებოდა ანდროს გადაწყვეტილების საბაბს, მაგრამ საქმეს ასე აწყობდა და თავს ისულელებდა. არც ის აძლევდა თავს უფლებას, ბიძაშვილისთვის როგორც მამაკაცისთვის, ისე შეეხედა და სულ უფრო მეტად ეწებებოდა თავის პარტნიორს. ყველაფერთან ერთად, ლუკა დვალი იდეალურად ესადაგებოდა მის ხასიათს. ასე, რომ მასთან წამოწყებული ურთიერთობა კომფორტის ზონასაც უქმნიდა და ამასთანავე, აკრძალული კავშირისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება იყო. ყოველ შემთხვევაში, იგი ასე თვლიდა.

***
ტერო თვალს ადევნებდა გეტას წერის პროცესს და გაოცებული იყო მისი სახის უცნაური გამომეტყველებებით - წარბების შეკვრა, დაძაბულობა, მოდუნება, პირზე ღიმილი, რამდენჯერმე წერის შეწყვეტა, ხელის გულების და თითების ერთმანეთზე შეტყუპება, შუბლთან მიტანა და აზრებში ღრმად გადაკარგვა სრულიად სხვანაირს აჩენდა.
-დიდი უცნაური ვინმე ხარ. გაკვირდები და ძალიან მეცინება.
-რა გაცინებს?
-აუ, რა „როჟა“ იყავი იცი? -შუბლი შეკრა და სერიოზული სახე მიიღო, რომ მისთვის მიებაძა.
გეტას სიცილი აუვარდა:
-შემოქმედებით ტრანსი ჰქვია მაგას.
-ერთი- ორჯერ დაგიძახე და ყურადღება არ მომაქციე. ისე იყავი როლებში შეჭრილი. გარშემო რა ხდებოდა, ვერაფერს ამჩნევდი.
-მწერლები მსახიობებივით ვართ, ოღონდ ვიზუალური მხარის გარეშე. შეგვიძლია ექიმები, იურისტები, ანგელოზები, სატანები, ღმერთები, ბოროტმოქმედები, პატიოსნები, ვიგინდარები, მეძავები -ყველა და ყველაფერი გავხდეთ. წამდაუწუმ ვცვალოთ ნიღბები, ხასიათები, ლექსიკა, კოსტუმები, შენ წარმოიდგინე დროც და თითოეული უარყოფითი პერსონაჟის შექმნას ზუსტად იმდენივე ხანი დავახარჯოთ, რამდენიც დადებითს. ასე რუდუნებით შექმნილი და შეკოწიწებული პერსონაჟები შენში ისე შემოდიან, თავს გაყვარებენ და მერე თითოეული მათი შეცდომა და უკუღმართად წასული ბედი იმდენად გტკივა, როგორც დედას საკუთარი შვილის უიღბლობა. იგივეს ვიტყოდი მათ სიხარულზე, წარმატებებზე და ბედნიერებაზეც, მაშინ ჩვენც კმაყოფილები ვართ ხოლმე.
-სცენა გაკლიათ რა.
-ჰო, სწორედ ეგრეა.
-მწერლობა თავიდანვე შენი გატაცება იყო?
-სხვათაშორის, არა. ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება მსახიობობა და მაყურებლის წინაშე სცენაზე დგომა იყო.
-მერე რამ შეგიშალა ხელი?
-რამ არა - ვინ... მაგრამ ამაზე საუბარი არ მსურს.
-მაპატიე, თუ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გული გატკინა.
-მე პროფესიონალი მოცეკვავეც ვიყავი, სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი, მაგრამ ამასაც თავი დავანებე,-გულისტკივილით თქვა და მოწყენილი სახე მიიღო.
-შენი აზრით, რა დროს ამბობს ადამიანი უარს საკუთარ მისწრაფებებზე და რამდენად გამართლებულია?
-როცა ის საფრთხეს უქმნის მის ბედნიერებას. აი, გამართლებულობაზე კი რა მოგახსენო?
-შეგიძლია, უფრო კონკრეტულად ამიხსნა?
-ყველაზე იდეალური ვარიანტი ის იქნებოდა, ადამიანის რეალიზებისკენ მიმავალი ბილიკები ხელოვნური ბარიერების გზით არ იბლოკებოდეს. მეცოდება ყველა ადამიანი, რომელიც უარს ამბობს პიროვნული შესაძლებლობების კვირტივით გარეთ გამოხეთქვაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იმ სიცოცხლის ხეზე დარჩეს, რომლის გარეშე მისი ყოფა შეუქცევადი იქნებოდა. საშინელებაა, როდესაც ხელისშემშლელი მიზეზების გამო, ფსიქოლოგიურად ვერ მწიფდები. ამას ჯანმრთელობის მხრივ დიდი რღვევები მოჰყვება. ამიტომ ისევე, როგორც ხორცს, ასევე გონებასაც მუდმივად უნდა ვაწვდიდეთ ჯანსაღ საკვებს.
-ანუ ამბობ, რომ გამართლებული არ არის.
-თავისთავად ცხადია, მაგრამ იძულებულები ვართ, რაღაცის გამო დავთმოთ და ეს რაღაცა აუცილებლად უნდა იყოს ძალიან ღირებული.
-იმაზე ღირებული რა უნდა იყოს, ვიდრე ადამიანის დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ სწრაფვაა?
-კაცობრიობის მოდგმა ტკივილში უფრო მეტ სიამოვნებას პოულობს...
- ეს როგორ?
-სიყვარულით და მის გამო მიყენებული ჭირ-ვარამით.
-გამოდის, რომ მხოლოდ სიყვარული გვათმობინებს რაღაცებისკენ სწრაფვას და ბოლოსაც ის გვიღებს?
-ზოგადად ასეა, მაგრამ მე იდეალური ვარიანტიც შემოგთავაზე.
-სწორ გზაზე როგორ უნდა დავდგეთ?
-გააჩნია, რას ეძახი სწორ გზას? ყველაფერი ხომ პირობითია? თუ იმას გულისხმობ, რომ ბოლომდე რეალიზებულნი, თავისუფალნი და დამოუკიდებელნი ვიყოთ, ამას მსოფლიო მოსახლეობის ძალზედ მცირედი თუ ახერხებს. ალბათ, მხოლოდ ხუთ პროცენტს შეუძლია, ეგრეთწოდებული „სწორი გზით“ იაროს, დანარჩენებმა კი თვალი მივადევნოთ და მისაბაძ მაგალითებად გავიხადოთ.
-შენ როგორი ხარ? სწორ გზაზე, თუ მრუდედ მავალი?
-ერთიც და მეორეც.
-ეს როგორ?
-მას შემდეგ, რაც ჩემში ახალი პიროვნება ჩაისახა და ცხოვრების წერა სუფთა ფურცლიდან ახლად გადასხმული სისხლით დავიწყე, გზა აღარ მერევა და აღარც შეცდომებით გამოწვეული აფეთქებების მსგავსი მოვლენები მაფერხებენ, თუმცა აღარ მაქვს სიყვარული და მარტო დავრჩი. ახლა შენ განსაჯე, რა უფრო უპრიანია -ჩიტივით თავისუფალი და დამოუკიდებელი, თუ სიყვარულით დამაშვრალი პიროვნება?
-ამ ორიდან ტკივილში ნაპოვნი ბედნიერება სჯობია, თუმცა მშურს ყველა ადამიანის, ვისაც გაუმართლა და შენს მიერ აღნიშნულ, იდეალური ვარიანტით ცხოვრების გზას დაადგა.
-სიყვარული როგორ გესმის და რა დათმობაზე წახვალ მისი გულისთვის?
ტერო საწოლიდან წამოიწია, ნიკაპი მოისრისა და ცოტა ხნის შემდეგ დუმილი დაარღვია:
-ჩემში იმდენი ტრაგედიაა, ზოგჯერ თავადაც მძულს, საკუთარ თავს ხუფი მოვხსნა და გულწრფელად ჩავიხედო. დამცირება, შეურაცხყოფა, დაკნინება, გაკიცხვა, დაშინება, სიმხდალე - ყველა ოხერი ერთად შეკრებილა და მთელი სხეულის კედლები ისე საზიზღრად ამოულესავს, სიყვარულისთვის შემოსაღწევი ადგილი აღარ მოიძებნება.
-ვხედავ, ადამიანებმა ნდობა დაგიკარგეს.
-ჰო,-კეფა ნერვიულად მოიქექა და გააგრძელა,- მეც მარტო ვარ...
-ვერც პარტნიორთან პოულობ შვებას?
-მხოლოდ დროებით...
-რას დათმობდი ნამდვილი სიყვარულისთვის?
-ღალატსაც კი ვაპატიებდი.
გეტას სახე შეეცვალა. ნამდვილად არ ეგონა, რომ ასეთ რამეს მოისმენდა მისგან:
-რად გინდა ის, ვინც გიღალატებს და გულს დაგწყვიტავს?
-შეცდომებს ყველა ვუშვებთ, უშეცდომო არავინაა. ადამიანი მაშინ ხარ, თუ მეორე ნახევარს გულწრფელად მონანიებას ასწავლი, ნამდვილი სიყვარულის გადასარჩენად ხელს არ ჰკრავ და საკუთარ თავს მასთან ერთად უფსკრულში გადასაჩეხად არ გაიმეტებ.
-დავდუმდი და ვეღარაფერს ვამბობ, არაჩვეულებრივი თვისება გქონია.
-მოდი ნუღარაფერს ვიტყვით, ერთმანეთში აბლანდულ აზრებს საშუალება მივცეთ, გონებაში თავისით დაცხრენ და დაილექონ.
-კარგი აზრია,-დასტურის ნიშნად თავი დაუქნია გეტამ და სიგარეტის კოლოფით და სანთებელით ხელში მოსაწევ ოთახში გასასვლელად მოემზადა.

***
გეტა გონებადაღლილი იდგა მოსაწევ ოთახში და თამბაქოს კვამლში გახვეული ახალ მთვარეს მისჩერებოდა. ტეროსთან დიალოგმა კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა წარსული :


-რომა, ორ თვეში ცეკვიდან გასტროლები მაქვს, სუხიშვილების ანსამბლი ჩეხოსლოვაკიაში მიდის.
-ვერსად წახვალ!-მაგიდასთან მშვიდად იჯდა და გეტას გამომცხვარ „იდეალს“ ჩაისთან ერთად შეექცეოდა.
-რა მითხარი?
-მოგიწევს დაივიწყო ჰაერში ტლინკების ყრა და თვეობით გასტროლებში წანწალი. ამას არ დავუშვებ!
-შეუძლებელია.
-შესაძლებელია.
-არა, შენ ამას არ გააკეთებ! მსახიობი ვარ. ცეკვა და მოქნილობა ისე მჭირდება, როგორც თევზს -წყალი.
-აი, რას გეტყვი, რომა ტამოევის ცოლი არც მოცეკვავე იქნება და მითუმეტეს, არც მსახიობი.
-მსახიობობისგან რაღა გინდა?
-ვერ ავიტან, ჩემ ქალს ვიღაცამ ხელები უფათუროს.
-როგორ არ გესმის? პირადი ცხოვრება და როლი სხვადასხვა რამეა. მსახიობები მხოლოდ პერსონაჟების ცხოვრებას ვანსახიერებთ.
-უკვე გითხარი, აღარ იცეკვებ და არც თეატრალურ ინსტიტუში ივლი!- ხმას აუწია რომამ.
-ამას სერიოზულად ამბობ?
-„რიჟიკას“ ვგავარ? მატყობ რამეს, რომ ხუმრობის ხალისზე ვიყო?
-თავზარდაცემული ვდგავარ და გისმენ. წარმოუდგენელ რაღაცას მეუბნები. იმ წყაროს მიკეტავ, რითიც ვსულდგმულობ.
-რითი სულდგმულობ?!-თვალები დაუბრიალა მამაკაცმა.
-ცეკვით და თეატრით.
-ტაშ-ფანდურის დრო დამთავრდა!
-არა!
-კი.
-არა, შეუძლებელია!
-შეიგნე, რომ ორივესთან მოგიწევს გამომშვიდობება.
-რას გააკეთებ, თუ არ დავემშვიდობე?
-რა იყო, მცდი და მოთმინებას მიმოწმებ?!
-არ მინდა შენთან უსიამოვნებები, მაგრამ არც ისინი მეთმობიან. ძალიან გთხოვ, ნუ ამიკრძალავ იმას, რის გარეშეც ძალიან გამიჭირდება.
-სხვა რამე მოძებნე. მაინცდამაინც, ეს დედამოტ**ული ცეკვა და მანჭვა-გრეხვაა შენთვის ცხოვრება? არა-მეთქი!- ცოლს მიუახლოვდა და ისე დასჭექა, საბრალომ ვეღარ გაუძლო გამაყრუებელ ხმას და ხელები მთელი ძალით მიიჭირა ყურებზე, მერე შეშინებულმა ამოიბუტბუტა:
-არ მინდა სხვა რამე.
რომამ ფანჯარასთან ძალით მიიყვანა, საჩვენებელი თითი ცისკენ გაიშვირა და განაგრძო:
- ამ ახალ მთვარეს ვფიცავ, თუ ზედ შუაზე არ გაგგლიჯო, კიდევ რომ ამ თემაზე სიტყვა წამოგცდეს!
მამაკაცი ნერვებს აჰყვა, მაგიდა ძლიერი წიხლის დარტყმით ამოატრიალა და ისეთი სიტყვების კორიანტელი დააყენა, გეტა კედელთან აიტუზა და ხმას ვეღარ იღებდა.

***
-სად დაიკარგე, ტო? - მიაკითხა ტერომ.
-არსად, აქ ვარ,-ამოიხვნეშა აბალაკმა.
-ბარემ მეც მოვწევ ერთ ღერს,- სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა .
გეტამ ნატანჯი და გაფითრებული სახით შეხედა. ტეროს მისი გამომეტყველება არ მოეწონა:
-რა მოხდა? ხომ კარგად ხარ?
-კარგად ვარ? არაფერი ვიცი...-ორაზროვნად ჩაილაპარაკა და ისევ მთვარეს მიაშტერდა.
-წავიდეთ,- ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი ჩააქრო ტერომ და თვალებით ანიშნა, -კარი გააღეო.
გეტამ კარის სახელური ჩამოწია და ცარიელ, თეთრ დერეფანში მასთან ერთად გაუყვა ოთახის გზას.
საერთო ოთახს ისე ჩაუარეს, არცერთს გაუხედავს ტელევიზორის წინ მოგროვილი პაციენტებისთვის, რომლებიც მეთვალყურეებთან ერთად კომედიურ არხს უყურებდნენ და უკონტროლოდ იცინოდნენ. ერთის კისკისი მეორეს ედებოდა, მეორესი -მესამეს და საერთო ისტერიაში გადასდიოდათ.
წესის მიხედვით, თერთმეტ საათზე ტელევიზორი გამოირთო და ხორხოციც თანდათან შეწყდა, თუმცა ზოგიერთი პალატიდან მაინც ისმოდა უძილობით შეპყრობილთა ხმა. რამდენიმე წუთში ექიმებისგან მიცემული დამამშვიდებლებით გაჭყეპილები გვარიანად გაითიშნენ და საავადმყოფო როგორც იქნა, გაირინდა.
შუაღამე იყო, როდესაც ძილში წასულმა აბალაკმა ნება-ნებად მოსული წარსულის სურათებისგან წრიალი დაიწყო:


-ამას ვის ვხედავ? გაები, ჩიტო მახეში? -სადარბაზოში შესულს მაშინვე სწვდა ვიღაც ახმახი, პირზე ხელი ააფარა და მისკენ ბიძგით მიიზიდა.
გეტას შიშისგან თვალები გაუფართოვდა და სისხლი გაეყინა.
-დროზე ზევით! -უბრძანა და კიბეებისკენ გაათრია.
უცნობმა კარგა ხანს ატარა სართულიდან სართულზე პანიკაში ჩავარდნილი ქალი. საბოლოოდ სახურავზე აღმოჩნდნენ.
-ახლა ხელს გაგიშვებ, ერთი ზედმეტი სიტყვა და ისეთს დაგმართებ, მამაზეციერი ვერ გიშველის. გასაგებია?- საზარელი ხმით წარმოთქვა უცნობმა.
ქალმა მორჩილად დაუქნია თავი. მამაკაცმა ხელი გაუშვა და მორიგ ბრძანებაზე გადავიდა:
-თავი ჩაღუნე და არ მიყურო! „დავაი“, აჭიკჭიკდი, სად არის შენი ქმარი?
-არ ვიცი,- თრთოლვით ამოთქვა ქალმა.
უცნობი პირისპირ ჩამოუდგა. გეტას არ შეუხედავს, მხოლოდ მის ცხვირმოცვეთილ, ყავისფერ ფეხსაცმელს დააშტერდა.
-მართლა? სანამ სახლიდან გავა, „ატჩოტებს“ არ გაბარებს?-დამცინავი ტონი იგრძნობოდა მამაკაცის ხმაში.
-რომა და „ატჩოტები“? უკვე რამდენიმე დღეა, სახლში არ მოსულა, არაფერი ვიცი.
-არც დაურეკავს თავის ლამაზი ცოლისთვის?- უცნობმა ფეხებიდან აათვალიერა და მწველი მზერა პირდაპირ სახეზე შეაჩერა.
ქალმა ყველაფერი იგრძნო და უსიამოვნო შეგრძნებისგან შეიშმუშნა. მამაკაცი თმაში წვდა და სახურავის კიდესთან ძალდატანებით მიიყვანა:
-რა გინდა ჩემგან? არ ვიცი-მეთქი, დაყრუვდი? რომც ვიცოდე, მაინც არაფერს გეტყოდი.
-უკვე საკმარისად მოვუსმინე შენ ზღაპრებს. თავად აირჩიე, ან კიბეებით ჩახვალ აქედან, ან ფრენით.
-გამიშვი.
-დროზე, გელოდები! - უცნობმა ხელი ჰკრა და უფრო ახლოს მიიყვანა კიდესთან.
დამფრთხალი ქალი ვეღარაფერს ამბობდა, თვალებს ეზოსკენ აცეცებდა და თანდათან გულისცემა უხშირდებოდა. ანაზდად, გასროლის ხმა გაისმა. თავზარდაცემულმა გეტამ ხმამაღლა იკივლა და იგრძნო, მის უკან მდგომის სხეული როგორ მოდუნდა, ძალა დაკარგა და წამებში ძირს გაიშხლართა. დაცემულის თავიდან სისხლმა გამოჟონა. აბალაკმა იარაღით მდგომი რომას მეგობარი, რეზო ამოიცნო, რომელიც მისკენ მიიჩქაროდა:
-რამე ხომ არ დაგიშავა?- უემოციოდ ჰკითხა ქალს.
გეტამ თავი გააქნია და ტანსაცმელზე მოხვედრილ სისხლის შხეფებს შეძრწუნებულმა დაუწყო ყურება.
რეზო ძირს დაიხარა და უძრავად მყოფს პულსი გაუსინჯა. როცა დარწმუნდა, დაჭრილი აღარ სუნთქავდა, გეტას ახედა:
-სასწრაფოდ სახლში შეხვალ და რაც გჭირდება, ჩაალაგებ.
-რა ჯანდაბა ხდება?
-აქედან რამდენიმე დღით შენს მეუღლესთან მივდივართ.
-სად არის, ან შენ როგორ გაჩნდი აქ?
-კითხვების დასმის დრო არ არის.
ქალი ზუსტად რვა წუთში იყო მზად. ფართხაფურთხით ჩაჯდა რეზოს მანქანაში და სწრაფი სიჩქარით სვანეთისკენ აიღეს გეზი.
კავკასიონზე მწუხრი იყო ჩამოწოლილი, როდესაც დანიშნულების ადგილზე ჩააღწიეს. მამაკაცმა გეტა გააფრთხილა, რომ გზა ფეხით უნდა გაეგრძელებინათ. ქალი შედგა და ორჭოფობდა.
-ჩემ ძმას არ გავწირავ. უნდა მენდო,- რეზომ შეატყო, გეტამ ეჭვი შეიტანა მასში.
-ტყეში რა გვინდა?
-მეტყევის ქოხში მიმყავხარ, - მოკლედ უპასუხა და ფანარი აანთო.
მკაცრი და მოქუფრული იყო ბუნება. თოვლით დაფარული მთის წვერის ქვეშ არყის, მუხის, წიფლის და ნეკერჩხლის ტანბრეცილი, უღრანი ტყე ვრცელდებოდა. დადუმებულ არემარეში ორივე მათგანი ბილიკებს ფრთხილად მიუყვებოდა:
-აქედან შორია?- ცოტა ხანში შეწუხებული სახით იკითხა ქალმა.
-არც ისე. ხომ არ დაიღალე?
-კი.
-რამდენიმე წუთიც გაუძელი და მალე მივალთ.
ცივმა ჰაერმა გეტას სიცივისგან გააჟრჟოლა და მკლავებზე ხელები მოიკიდა, რომ როგორმე ეკალდაყრილი კანი გაეთბო. ჩანთის გახსნის თავიც არ ჰქონდა, უცნობისგან მიღებულ შოკს ემოციებისგან იმდენად დაეცალა, ძალა აღარ შერჩენოდა. მალე ჰორიზონტზე ოდნავ მბჟუტავი შუქი გამოჩნდა:
-აი, მოვედით,-ახარა რეზომ.
ქალმა უკანასკნელი ენერგია მოიკრიბა და ფეხს აუჩქარა. კარს რომ მიუახლოვდნენ, გეტას ერთხელ კიდევ დაუარა შიშმა, თუმცა კაკუნის ხმაზე გამოსული მეუღლე რომ დაინახა, ერთიანად ამოხეთქა ყველაფერმა და გული ამოუჯდა.
რომა არ მოელოდებოდა მეუღლის იქ ხილვას და მის დანახვაზე შეკრთა. ჩაეხუტა და გულის მოოხება აცადა. ინტუიციით მიხვდა, რაღაც საშინელება მომხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზო გეტას იქ არ მიიყვანდა.
-არ მითხრა, რომ ამ დღეებში ისე მოგენატრე, ასეთი შეხვედრა დავიმსახურე,-ქმარი ეცადა, გეტასთვის იუმორში გადაეტანა შექმნილი სიტუაცია.
ქალი კვლავ აგრძელებდა ცრემლების ღვრას. მლაშე სითხე უწყვეტად ჩამოედინებოდა და მამაკაცს ყელს და ტანსაცმელს უსველებდა.
-რაღაც მოხდა და არ ამბობთ?- მეგობარს ეჭვის თვალით გადახედა.
რეზომ მძიმედ ამოისუნთქა და ანიშნა, რომ მასთან ცალკე სურდა საუბარი.
-მოდი, შემოდი. ნუ ტირი, გთხოვ. ხომ იცი, ყველაზე მეტად რასაც ვერ ვიტან, შენი ცრემლებია,-თავი ფრთხილად ააწევინა, ლოყაზე ნაზად აკოცა და ქოხში შეიყვანა,- დამელოდე, რეზოს დაველაპარაკები და მოვბრუნდები.
გეტამ თავი დაუქნია და ცრემლების მოსაწმენდად ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან.
-გამარკვიე, რა ამბავია ჩვენს თავს?-ქოხიდან გასულმა რომამ სიგარეტის ღერი მოიმარჯვა და იქვე ჩამოჯდა.
აბალაკი ფანჯრიდან კარგად ხედავდა მოუბრებს და ირგვლივ გაბატონებულ ტყის სიჩუმეში მკაფიოდ ესმოდა მათი სიტყვებიც.
-„კაროჩე“ დემნას ბანდა გეძებს. ვერ გპატიობენ მათი კაცის მოკვლას. დღეს შენს ცოლამდეც მივიდნენ და მე რომ დროულად არ მიმესწრო... „კაროჩე“, ყველაფერზე მიდიან, რომ როგორმე მოგწვდნენ და გაგამწარონ.
-დედას შევე*ი! კიდევ რა გააკეთეს?
-ცქიფო დაბრიდეს.
-რა? როდის?-ხმა გაუტყდა რომას.
-გუშინ საღამოს, საკუთარ მანქანაში.
-ნაბოზ**ები!-კბილები გააკრაჭუნა და მუხლის თავებს მთელი ძალით დაარტყა ხელის გულები. რამდენიმე წუთს ვერაფერი თქვა, მერე ერთი ამოიგმინა და საცოდავად ამოიხავლა:-„ბრატიშკა“.
-ქუთაისის საიუველირო მაღაზიიდან ნაძარცვი „ტავარიც“ დავკარგეთ. ცქიფოს მანქანის „სიდენიებში“ იყო დამალული და მიაგნეს.
-„იასნა“ ვიღაც აწვდის ინფორმაციას, ჩვენი ბანდიდან ვიღაც გადაიბირა. დროულად უნდა გაარკვიოთ ვინც არის და ყურით მომითრიოთ ის ახვარი.
-ვინ შეიძლება, იყოს?-თვალები დაიწვრილა და ნიკაპის სრესვა დაიწყო რეზომ.
-მკითხაობის დრო არაა. არცერთი წამი აღარ დაკარგოთ. საქმეზე გადადით!-მკაცრად უთხრა და სიგარეტს მოუკიდა.
თამბაქოს კვამლი რამდენჯერმე გამოქაჩა და საზიზღრად დაიჯღანა, მერე სიგარეტი ძირს დააგდო, ფეხსაცმელი მთელი ძალით დააჭირა და ნიადაგს დაასრისა. ბოღმა ახრჩობდა, ხელები კეფაზე შემოეწყო და წინ და უკან ნერვიულად დადიოდა. სიჩუმე რეზომ დაარღვია:
-რამე ხომ არ გინდა? ამოგიტან.
-არაფერი მინდა. გუშინ კობრა იყო მოსული და რაც მჭირდებოდა, ... -სიტყვები გაუწყდა და წინადადება ძლივს დაამთავრა: - მომ...აწო...დ...ა.
-მაშინ წავალ.
-მოიცა!-ხელი ასწია რომამ და მეგობარი შეაჩერა, - კობრას ვინ უთხრა ჩემი აქ ყოფნის ამბავი?
-დანელა ეტყოდა. მხოლოდ მე და მაგან ვიცოდით.
-დროზე ისინი მოძებნეთ! სავარაუდოდ, იმ ორში იქნება ძაღლის თავი დამარხული. გუშინ კობრას რაღაც დავაბარე ცქიფოსთან, მან იცოდა ყველაფერი.
-აუ, თუ რომელიმე მათგანი ცქიფოს სიკვდილთან და ოქროულის წაღებასთან რამე კავშირშია, სისხლს ვარწყევინებთ!- გააფთრდა რეზო.
რომას ყველაზე ნაკლებად უნდოდა საკუთარი დაჯგუფების წევრებისგან ღალატი დაეჯერებინა:
-წადი და ზუსტად დაადგინე ყველაფერი. უმიზეზოდ და უსამართლოდ ბიჭებს ზედმეტი არაფერი აკადროთ! „ნესპრავედლივი“ ხელი არცერთს არ უნდა მოხვდეს!
-დრო აღარ ითმენს, უნდა დაგტოვო,- აფორიაქებულმა რეზომ მხოლოდ ეს მოასწრო და წყვდიადში ჩაიკარგა.
ქოხში დაბრუნებულმა რომამ გეტას შენიშნა, ტირილის კვალად უპეები დასიებოდა. ქალს არაფერი უთქვამს, შეგუებული იყო ქმრისგან და მისი მეგობრებისგან მსგავსი შინაარსის საუბრების მოსმენას და უმალვე დავიწყებასაც. რომამ ამოიხვნეშა, ბუხარში აგიზგიზებულ ცეცხლს შეშის რამდენიმე ნაჭერი დაამატა და სამფეხიან ხის სკამზე დადარდიანებული ჩამოჯდა. ცოლმა დიდხანს უყურა განსაცდელში ჩავარდნილ მამაკაცს და არ იცოდა მათ შორის აგებული სიჩუმის კედელი რომელი უროთი ჩამოენგრია. რომა თავის აზრებში ჩაკარგულიყო და ალისფრად აბრიალებულ ცეცხლს მიშტერებოდა. ხის ნაჭრები ტკაცუნით იწვოდნენ და აქეთ-იქით ჰყრიდნენ ნაპერწკლებს.
-საერთოდ ვეღარ გცნობ...- ძლივს გაისმა გეტას მოგუდული ხმა.
მამაკაცი სკამიდან წამოდგა და ცოლს გვერდით მიუჯდა და თავი ჩაქინდრა:
-ჩემი ძმა და მეგობარი მომიკლეს.
-მეც გავიგონე, მაგრამ ყურები არ უნდა ჩამოყარო, ასეთია იმ ცხოვრების თამაშის წესები, რომელიც აირჩიე და მიჰყვები.
-საშინელებაა, როდესაც გულის გული ადამიანი ხელიდან გეცლება და შენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლია. გონზე ვეღარ მოვდივარ.
-სხვა გზა არ გაქვს, თქვენნაირები ძილშიც კი არ უნდა დუნდებოდნენ.
რომას ყველაზე დაუცველი ადამიანის იერი ჰქონდა. ის შინაგანი სიძლიერე და უდრეკი ხასიათი სადღაც აორთქლებულიყო. ცოლის თხელი სხეული გულზე მიიკრა და თვალები დახუჭა. იმ წუთებში ორივე ერთმანეთს ავსებდა. უხმოდ, მხოლოდ გამოხატული გრძნობებით ანუგეშებდნენ, რჩევებსაც აძლევდნენ, დავობდნენ, ზავდებოდნენ, ეფერებოდნენ... ბუხარში შეშა კვლავ ტკაცუნობდა. ცეცხლი ისევ მძვინვარებით იწვოდა და მთელი მონდომებით აწვდიდა სითბოს ერთმანეთს მონატრებულ ცოლ-ქმარს.
მთელი ღამე წვიმდა. დაახლოებით დილის პირას გადაიღო. წუხანდელი ამბებისგან მისავათებულ გეტას და რომას არაფერი გაუგიათ, ეძინათ. როგორც კი ცაზე ინათა, ქოხის გარშემო მყოფი მაღალი ხეების დაგრეხილი ტოტებიდან ძლივს ჩააღწია ობოლმა მზის სხივმა და მძინარე მამაკაცს სახეზე დაუწყო თამაში. რომამ თვალები ძლივს გაახილა, თითებით მოიჩრდილა და მშვიდად მძინარ ცოლს დახედა. გეტას მოშიშვლებულ მკერდს გრძელი და სწორი თმა უფარავდა. მისმა სურვილმა იმდენად შეიპყრო, კოცნით გამოაფხიზლა. ქალმა გრძელი წამწამები ააფახულა და ქმრისკენ გადაბრუნდა. სასიყვარულო პრელუდია შორიდან მომავალმა მამაკაცების ხმებმა ჩაუშალათ. რომამ სასწრაფოდ ტანსაცმელი გადაიცვა, იარაღს დასწვდა და გარეთ გავარდა. შეშინებულმა ქალმაც მოძებნა სამოსი, წამებში ტანზე მოირგო და ფანჯრიდან დაიწყო გარშემო ტერიტორიის თვალიერება. მოულოდნელად გასროლის ხმა გაისმა. გეტას გული შეეკუმშა:
-რომა,- საწყლად ამოიკვნესა, გარეთ გავიდა და გაფაციცებით მოჰყვა აქეთ-იქით ყურებას.
ძალიან მალე მისკენ მორბენალი რომა გამოჩნდა, ხელი ჩაავლო და ისრებივით მოწყდნენ იქაურობას.
-სად მიგყავარ?
-გამაგრდი, შიშის დრო არ არის. ჩემი ძლიერი გოგო ხარ, -მხოლოდ ეს უთხრა და დიდ მუხას ამოაფარა: -აქ გაჩერდი, ხმა არ ამოიღო. მეც შენთან ვარ.
-კი, მაგრამ...
-ჩშ!..
-ჯანდაბა!- წაიჩურჩულა და გახშირებული სუნთქვა აუვარდა ქალს.
რამდენიმე წუთში, ერთ-ერთი ხის უკნიდან ვიღაც საშუალო ტანის მამაკაცმა თავი გამოჰყო და მათი მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა. აღელვებულმა ქმარმა ცოლს უბრძანა, ძირს დაწოლილიყო. დაბნეული ქალი მაშინვე მიწაზე გაირთხა და არ ინძრეოდა. დაიძაბა, სუნთქვისაც კი ეშინოდა. ეს კი ძალას ართმევდა და კუნთებს ისე უდუნებდა, სხეული უმძიმდებოდა და სახით ეკვროდა მიწას. სველი ნეშომპალის და ხავსის სუნი გულის რევის შეგრძნებას აძლევდა. გრძნობდა, რომ მათი სიცოცხლე სასწორზე იდო, მაგრამ მაინც ებღაუჭებოდა იმედს. იმ უკანასკნელ იმედს, რომელსაც ათასი თოკიდან გამომძვრალი რომა ერქვა.
არ გასულა რამდენიმე წამი და ამჯერად რომას იარაღმა დაიქუხა. ელვის სისწრაფით გავარდნილმა ტყვიამ მიზანში ამოღებული მამაკაცი დაჭრა და მისმა ღრიალმა დაუყოვნებლივ გაჰკვეთა უღრანი ტყე.
-აქ დარჩი, არ წამომყვე!- ისევ უბრძანა გეტას და მტრის მიმართულებით გაიქცა.
ქალს მარტო დარჩენის შეეშინდა და რომას შეუმჩნევლად გაჰყვა. რამდენიმე ხის მოშორებით დადგა და მსხვერპლზე ზემოდან არწივივით დაფრენილ ქმარს აკვირდებოდა. რომა დაჭრილს ხელს ყელში უჭერდა და სიმწრისგან კბილებში სცრიდა:
-აბა, გისმენ, რა ჩემი ყ*ე გინდა და ვისი გამოგზავნილი ხარ?
ბიჭი არაფერს ამბობდა, მხოლოდ უჰაერობისგან ხროტინებდა. რომა არაჩვეულებრივად აკონტროლებდა სიტუაციას. ზუსტად იცოდა როდის წაეჭირა და ისევ აეშვა ხელი ძირს დაგდებულისთვის:
-ალაპარაკდი, თორემ შენი თანამეწყვილის ბედს გაიზიარებ. გულში ტყვია და ჰოპ! მზად ხარ!
-არ მომკლა, -თვალებიდან ვედრება გამოსჭვიოდა მიწაზე დაგდებულს.
-ეგ შენზეა დამოკიდებული. მიდი, დაიწყე, შენზე დასაკარგი დრო არ მაქვს!
-არ შემიძლია.
-ის კარგად შეგეძლო, სიცოცხლეს გამოგესალმებინეთ მე და ჩემი ცოლი, არა?- მარცხენა ხელის მტევანი დაუჭირა და თვალიც არ დაუხამხამებია, შუა თითი წამებში მოტეხა.
მსხვერპლმა ღნავილი ატეხა.
-თუ გინდა, რიგრიგობით ყველა თითი ასე არ გადაგალეწო, დაიწყე!
-არ მაქვს უფლება,-თავს იქნევდა ახალგაზრდა.
-აქ მე ვადგენ ვის რისი უფლება აქვს და რისი- არა. დაიწყე-მეთქი!
მსხვერპლი ისევ ჯიუტობდა. რომამ დანა მოიმარჯვა, ჯერ თითებზე აათამაშა და მერე ალაპლაპებული, ბასრი პირი სახეზე დაუსვა. სისხლმა მაშინვე იჩქეფა და კანი წითლად შეეღება:
-აბა, დავიწყო შენი ცოცხლად გატყავება, თუ ისევ თითების მტვრევას მივაწვეთ?
-არც ერთი და არც მეორე.
-იქნებ ლაჯზე აგხიო? ხედავ, რამდენ არჩევანს გაძლევ? დასაფასებელია, - ყოველგვარი ნერვის გარხევის გარეშე აგრძელებდა საუბარს.
-არც ეგ,-ქშინავდა ახალგაზრდა და შიგადაშიგ ძლიერი ტკივილისგან იმანჭებოდა.
მსხვერპლს ეტყობოდა, არ აპირებდა დანებებას. არც რომას უჩანდა პირი, რომ ასე იოლად შეეშვებოდა. მოულოდნელად, ახალმა აზრმა გაჰკრა თავში, წამოდგა და ბიჭს უბრძანა:
-ოთხზე დადექი.
-რა?
-ძაღლივით დადექი და წინ იარე ქოხისკენ!
ახალგაზრდამ თავი გააქნია. რომამ ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა და განზრახ ააცილა, რომ შეეშინებინა.
-დაჭრილი ვარ, ვერ შევძლებ,-თავი იმართლა და საცოდავად შეხედა.
-ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება. იხოხე! -ცივად თქვა რომამ.
ზურგზე მწოლიარე ბიჭმა მიწიდან სხეული ძლივს ასწია და დამცირებული შეუდგა ბრძანების შესრულებას. თვალს რომ მოეფარნენ, გეტამ რამდენიმე ხით წინ გადაინაცვლა და ქოხისკენ დაიწყო ყურება. დაინახა, როგორ გამოიტანა რომამ ბარი და უბრძანა, ისევ ხოხვით გაჰყოლოდა. სიქაგამძვრალი ახალგაზრდა გვერდით მიჰყვებოდა. გეტა ქმარს მიუხვდა, რაც ჩაიფიქრა და შეძრწუნებული ყველაზე საშინელი მომენტის ხილვისთვისთვის ემზადებოდა.
-აქ შეჩერდი!-ისევ გაისმა რომას ხმა.
ახალგაზრდა გაჩერდა და სისხლმდინარე ჭრილობას ჭუჭყიანი ხელი მიაჭირა, თუმცა რომა ამ ფაქტს აინუნშიაც არ აგდებდა. ბარი მიუგდო და უბრძანა:
-აეთრიე და საფლავის გათხრა დაიწყე!
-რა?
-რაც გაიგე.
ბიჭმა თავს ძალა დაატანა და მიწის გათხრა დაიწყო. ხუთ-ექვს წუთზე მეტ ხანს ვერ გაუძლო, ბოლოს ბედს დანებდა, შორიახლოს, კუნძზე ჩამომჯდარ რომასთან მივიდა, ბარს ხელი გაუშვა და აღმოხდა:
-საკმარისია ჩემი წამება, ყველაფერს ვიტყვი.
-გისმენ, საკუთარი სახელით და გვარით დაიწყე!
-არა მგონია, ჩემი სახელი და გვარი რამეს გეუბნებოდეს, მაგრამ რადგან ასე გინდა, გეტყვი, არტურ სარქისიანი ვარ. შუკერას დავალებას ვასრულებ, მისი გამოგზავნილი ვარ.
-მიზეზი.
-შენ უნდა მომეკალი. რატომ და რისთვის, არაფერი ვიცი.
-ვინც მოვკალი, ის ვინ იყო?
-ორივე ერთ საქმეზე ვიყავით.
-რასაც გეკითხები, იმაზე მიპასუხე!
-სვანი მიშათი იცნობენ, გვარი არ ვიცი.
-მდა.. -ჩაფიქრდა რომა,-შენნაირი არიფი სომეხი პირველად ვნახე ცხოვრებაში.
-რატომ?-გაჭირვებით თქვა ახალგაზრდა მამაკაცმა.
-რატომ და შუკერა ხომ ჩაუშვი? ვერც დამპალი თავი გადაირჩინე და შენი რატრატის წყალობით, დღეიდან დიდ სისხლისღვრას ჩაუყარე საფუძველი.
-მაინც უნდა მომკლა?
რომა შუშის თვალებით უყურებდა და სასხლეტზე თითის გამოსაკვრელად ემზადებოდა.
-ღმერთო, რა შეგცოდე ამისთანა, რომ ეს ცივსისხლიანი არსება შემაყვარე?- გეტა ხეს ზურგით აეკრო, მუხლებში ჩაიკეცა და ყურებზე ხელი აიფარა.
-ძალიან დიდი შეცდომა იყო შენნაირი „პეშკის“ აქ გამოშვება, სათანადოდ ვერ გავერთე, - აგრძელებდა და სახეზე ბოროტი ღიმილი გამოკრთოდა.
მსხვერპლმა თვალები დახუჭა. თავის მიმართულებით წასულმა ტყვიამ ხმამაღლა იგრიალა და ტვინი გაასხმევინა. რომა მიუახლოვდა და ზემოდან დახედა. დარწმუნდა, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ შერჩენოდა, უსულოდ მყოფი სხეული დაუმარხავი დატოვა და გეტას მოსაძებნად წავიდა. არც ისე დიდი ხანი დასჭირდა მის მიგნებას. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით ათი ხის მოშორებით იმყოფებოდა.
-აქ ხარ? რატომ შეიცვალე ადგილი?-განცვიფრებული უყურებდა მეუღლეს.
- ნადირთა საჯიჯგნად მაინც ნუ გაიმეტებ,- შოკში ჩავარდნილმა ქალმა ამოილუღლუღა და მუხლებში ჩარგო თავი.
-გოდების დრო არ არის, რისი ღირსიც იყო, ის დაიმსახურა. წავედით, აფხაზეთში უნდა გადავიდეთ. ჩვენი აქ გაჩერება აღარ შეიძლება.
-აფხაზეთში რა გვინდა?
-მტერმა ჩვენი ადგილსამყოფელი იცის, ვიღაცამ გამყიდა.
-თითო პრობლემა არ ილევა.
-ასე ვიდგე და გისმინო?
-შენ გგონია, დღეს მხოლოდ ორი კაცი მოკალი? აბა, კარგად შემომხედე, ვგავარ ცოცხალს?
-ლექციებს მიკითხავ? ადექი, გავეცალოთ აქაურობას!
-ეჰ!-ამოიოხრა ქალმა და ფეხზე წამოდგა.
ქოხიდან საჭირო ნივთები წაიღეს და ტყის ბილიკებით დასახლებული პუნქტის მიმართულებით დაეშვნენ. რამდენიმე საათი ფეხით იარეს და ერთ-ერთ სოფელს მიადგნენ, სადაც რომას სანდო ნაცნობი ეგულებოდა. მისი წყალობით, იქაურობას თავი დააღწიეს და აფხაზეთში გადავიდნენ.
ვახშმის დრო ატანდა, როდესაც გაგრაში ჩავიდნენ. მაისის მეორე ნახევარი იყო, ზაფხულის სეზონი ახლოვდებოდა და დამსვენებლების რაოდენობა უკვე უხვად შეიმჩნეოდა. მოკაშკაშე მზეზე ალიცლიცებული ზღვა, მთებზე შეფენილი თეთრი სანატორიუმები, პანსიონატები, დასასვენებელი სახლები, სპორტული ბაზები და სუბტროპიკული მცენარეებით მორთული ქუჩები ულამაზეს იერს სძენდნენ ქალაქს. რამდენიმე ადგილას ცხენებშებმული ეტლებით მოსიარულე, ულვაშგადაწკეპილი, აფხაზურ ჩოხებში გამოწყობილი მეეტლეები შეინიშნებოდნენ, რომლებიც ცნობისმოყვარე ტურისტებს ქუჩებში დაატარებდნენ.
-მოგწონს? -გაგრით აღტაცებულ გეტას გადაულაპარაკა რომამ.
-ულამაზესი მხარეა. ამ უზარმაზარ, ნიჟარის და ტალღის ფორმის მოზაიკურ ნაგებობას შეხედე,-საჩვენებელი თითი გაიშვირა.
-ეგ ავტობუსის გაჩერებაა. ასეთ მოზაიკურ ნაგებობეს აქ ბევრს შეხვდები. რამდენიმე დღე დავრჩებით. ახლომდებარე ტერიტორიებს დაგათვალიერებინებ. მეტი რა საქმე გვაქვს?
-ვისთან მივდივართ? -ლამაზი ბუნების და ხედების თვალიერებას მოწყდა და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა.
-ასტან ოტირბასთან.
-ეგ ვინაა?
-ნაცნობის მამა. არაერთი კარგი საქმე გამიკეთებია მათთვის.
ამასობაში მათი „ვილისი“ ოტირბების სახლსაც მიადგა. შუახნის მამაკაცი ეზოში საქმიანობდა და სტუმრების ხმა რომ გაიგონა, მათ შესახვედრად გაემართა.
-მშვიდობა თქვენს გამოჩენას!- რომას გადაეხვია და სამივე სახლში შეიპატიჟა. მძღოლმა წასვლა ამჯობინა და დიდი ძალისხმევით დაუძვრა ხელიდან. რომა და გეტა კი სახლის მეორე სართულზე ავიდნენ, სადაც ბატონი ასტანის მეუღლეს, ქალბატონ ხიბლას და რძალს ისეთი სუფრა გაეშალათ, ჩიტის რძეც კი არ აკლდა. აბისტას, აშვჩაპანის, აყრდცას, არხვარახჩაპას და არიცვმგელის დანახვაზე ახლადმისულებს ნერწყვი მოადგათ და თავი აღარც დაუფასებიათ, მაშინვე ხელები დაიბანეს და სუფრას მიუსხდნენ. ბატონი ასტანის ბიჭმა სტუმრებს ღვინო მიართვა და თავადაც შეუერთდა. მამა-შვილმა ერთმანეთში გაარკვიეს, სასმელს რომელი დალევდა და შეთანხმდნენ, რომ ოჯახის უფროსი ითავებდა ღვინის დალევას. ქალები სამზარეულოში გავიდნენ და საქმიანობა გააგრძელეს.
-რძალ-დედამთილი რატომ არ გვკადრულობენ?-ჩუმად გადაულაპარაკა გეტამ რომას.
-არ გვკადრულობენ, ცუდი ნათქვამია. ტრადიციის თანახმად, ისინი სუფრაზე არ სხდებიან.
-რატომ?
-მაგას მერე გეტყვი.
-და ბიჭი რატომ არ სვამს ღვინოს?
-ეგეც ამათი ადათ-წესებიდან არის. მამა როცა სვამს, ბიჭმა არ უნდა დალიოს, ან პირიქით.
-რატომ?
-ოჯახს რამე რომ დასჭირდეს, ერთ-ერთმა ფხიზელი გონებით უნდა უპატრონოს. შენი ცნობისმოყვარე ხასიათი რომ ვიცი, კითხვებით უნდა შემაღონო და ახლავე გაფრთხილებ, რაც გაინტერესებს, დაიმახსოვრე და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
-კეთილი, -თავი დაუკრა ცოლმა და მასპინძლებზე დაკვირვებას განაგრძობდა.
ოტირბების ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარე და ენაწყლიანი ხალხი აღმოჩნდა. გვიანობამდე შემორჩნენ სუფრაზე და აფხაზური ხალხური სიმღერებიც დაამღერეს. სტუმრებისთვის განსაკუთრებით გულშიჩამწვდომი „ვარადო“ აღმოჩნდა. ყველა მათგანისგან ტკბილხმოვანებით და ღრმა შინაარსით გამოირჩეოდა. სიმღერის დასრულების შემდეგ ბატონმა ასტანმა ლეგენდაზეც უამბო, რომლის მიხედვით, „ვარადოს“, ანუ „კლდის სიმღერას“ ორი ძმის სევდიანი ამბავი ედო საფუძვლად. თურმე, მაღლა, კლდის ორწოხებში გახლართული უფროსი ძმა უმცროს ძმას შველას სთხოვდა. ამ უკანასკნელმა ქვემოდან შესძახა, დაღუპვის შემთხვევაში მის ცოლს ხასად დაისვამდა, ხოლო შვილებს მონებად გაიხდიდა. უფროსმა ძმამ ძალ-ღონე მოიკრიბა, ხლართებიდან გამოვიდა და მოღალატე ძმას სატევარი ჩასცა გულში. სახლში დაბრუნებულს დედამ აუხსნა, რომ ეს სიტყვები მის გადასარჩენად მოიგონა. გაუბედურებულმა კაცმა კლდის პირას, უმცროსი ძმის გვერდით მოიკლა თავი.
გვიანი ღამე იყო, როდესაც რძალ-დედამთილმა სტუმრები ოთახში დააბინავა. გეტას თვალი არ მოუხუჭავს. ჩვევა ჰქონდა, უცხო სახლში და გარემოში ძნელად იძინებდა. ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა, რომ ქმარი გაეღვიძებინა, დაპირება შეეხსენებინა და აფხაზეთის უკეთ გასაცნობად გარეთ გასულიყო.
გათენებისას მასპინძლებმა არაჩვეულებრივი საუზმე დაახვედრეს. ბატონმა ასტანმა ახალგაზრდა წყვილს აუცილებლად სანახავი ადგილები ჩამოუთვალა და კარგი რჩევები მისცა. გეტამ და რომამ რამდენიმე საათი დაისვენეს და შუადღისთვის ქალაქში გავიდნენ.
თავდაპირველად, ტყე- პარკს მიაშურეს. შეუდარებლად ლამაზი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ეგზოტიკური ხეებით, სუბტროპიკული მცენარეებით, ლამაზი ხეივნებით, შადრევნებით და აუზებით დამშვენებული ადგილი. წყალში ამოზრდილი, მოტივტივე, გრძელყუნწიანი და ფართოფოთლიანი დუმფარა ყვავილები ირგვლივ შემოკრებილ დამთვალიერებლებს თავისებური ხიბლით იზიდავდნენ და თავს აწონებდნენ.
სიახლეების ძიებით გატაცებულნი ხელოვნურად გაშენებულ აუზს მიადგნენ, სადაც გედები, იხვები და სხვადასხვა ჯიშის ფრინველნი დაცურავდნენ. დამსვენებლები მზესუმზირის მარცვლებით და ბატი-ბუტით ანებივრებდნენ. განსაკუთრებით, მაკაკა მაიმუნთან სურათის გადაღების დროს იხალისეს. გეტამ მხარზე დაისვა და ფოტოგრაფის წინ მხიარული სახით პოზიორობდა.
გარემომ ცოლ-ქმარს განწყობა გამოუკეთა და ქალაქის დათვალიერების შემდეგ, ზღვისკენ გადაინაცვლეს. ხელიხელჩაკიდულები მიუყვებოდნენ მთის ძირებში მოქცეულ სანაპირო ზოლს და უზადოდ მოვლილი, პატარა კენჭებით გაწყობილი პლაჟებით და სადღაც შორს, წყალში გაჭრილი, პატარა, თეთრი გემების თვალის დევნებით ტკბებოდნენ. ალაგ-ალაგ რამდენიმე რუსმა გოგონამ რომას ყურადღება მიიპყრო და ცოლის რისხვაც დაიმსახურა:
-ასე თუ გააგრძელებ, მოგიწევს მარტო სეირნობა.
-რაო, ბარტყო, ეჭვიანობ?
-რამდენჯერმე საუბრის დროს სიტყვები შენელებული ტემპით წარმოთქვი და ქერა გოგოებს თვალი გააყოლე, გგონია, ვერ შეგატყე?
რომას ეშმაკურად გაეღიმა:
-ყველას თავის ადგილი აქვს ცხოვრებაში.
-ჰოდა, გაჩვენებ შენს ადგილსაც, გინდა?
-არა.
-მაშინ ჭკუით იყავი!- გაფრთხილების ნიშნად, გაბუტული სახით აუწია საჩვენებელი თითი და პლიაჟზე ჩამოჯდა.
-ძალიან მყავხარ გათამემებული. გაგიმართლა, რომ აფხაზი არ ვარ, თორემ ხომ ნახე, როგორი შეზღუდული უფლებებით სარგებლობდნენ ბატონი ასტანის ოჯახში ქალები?
-გუშინ არ ამიხსენი, რატომ არ დასხდნენ რძალ-დედამთილი მაგიდასთან,- ინტერესით სავსე, მაგრამ კვლავ გაბრაზებული ხმით წაიბურტყუნა გეტამ.
-აფხაზებს რომ ჰკითხო, ამ წესს შემდეგი განმარტება აქვს - მთვრალმა სტუმარმა მათ ქალს თამამი თვალით არ უნდა შეხედოს. მათ შორის ურთიერთობა მაშინვე წახდება და ამას ერიდებიან.
-და საჭმელს როცა ამატებდნენ, თეფშები რატომ გაჰქონდათ ჩვენგან სახით და უკან სვლით?
-ესეც ერთ-ერთი გავრცელებული წესია, მამაკაცს ზურგი არ უნდა აქციონ.
-რამდენი ჩვევა ჰქონიათ.
-კიდევ დაინახე რამე?
-ჰო.
-ასეთი რა დაინახე?
-გუშინ ძილის წინ, სამზარეულოში რომ შევაკითხე, დედამთილი მაღალ სკამზე იჯდა და რძალი დაბალზე.
-ეგ უფროსის პატივისცემის ნიშნად ითვლება. შენ თუ შეამჩნიე, რომ რძალი მამაკაცს პასუხს არ უბრუნებდა?
-კი.
-სანამ მამამთილი უფლებას არ მისცემს ოჯახში ახლადშესულ რძალს, რომ დაელაპარაკოს, ქალი ხმას არ სცემს.
-და შენ ამდენი ინფორმაცია საიდან გაქვს?
-ბატონი ასტანის უფროსი ბიჭი და მე გეგუთის ციხეში ერთად ვისხედით და დიდი დროც გვქონდა, რომ ბევრ საკითხზე აგვემაღლებინა ცნობიერება.
-ოჰო, ეს ბოლო სიტყვები როგორი მაღალფარდოვნებით იყო წარმოთქმული,-აკისკისდა გეტა.
-რატომ გგონიათ, რომ სხვა ეროვნების წარმომადგენელი აუცილებლად ქართველებზე რაღაცით დაბლა უნდა იდგნენ? ვამაყობ იმით, რომ იეზიდად გავჩნდი, არც გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი ვარ, პატივს ვცემ ჩემს რელიგიასაც, რომელიც ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენმა ერმა დიდი დაგვით და წვალებით მოიტანა და თუკი ეთნოსით სხვა ხალხს მივეკუთვნები, არავისზე ნაკლები ადამიანი ვარ.
-მე ეგ არც მიკადრებია შენთვის,- თავი იმართლა გეტამ.
-მაკადრე, თუ არა, მაინც არ იყო ლამაზად ნათქვამი.
-ბოდიში, თუ გაწყენინე.
-მიღებულია.
ცოტა ხანი აღარაფერი უთქვამთ, კენჭებით სავსე პლიაჟზე ჩამოსხდნენ და საკუთარ აზრებში დაკარგულნი კამკამა ზღვას და მათში მობანავე დამსვენებლებს უმზერდნენ.
-გინდა, ზღვაში შევიდეთ?-დუმილი დაარღვია რომამ.
-მინდა, ოღონდ დღეს- არა. გემუდარები, რიწის ტბაზე წამიყვანე რა,- პატარა ბავშვივით თითით გამოიწია ყელი და ფეხები აათამაშა.
-გამაგიჟებ რა, ხალხი ტყავიდან ძვრება, საგზური ხელში ჩაიგდოს. საიდან აღარ ჩამოდის, რომ ეს ჰაერი ისუნთქოს, ზღვაში იბანავოს, დაისვენოს და შენ სად გარბიხარ?
-არ გავრბივარ, მინდა, იმ ტბის ნახვაც მოვასწრო.
-იქ შედარებით გრილა. მთის წვერზე შეიძლება თოვლიც იდოს. აქ კი ყველაზე მშრალი და თბილი კლიმატია. წარმოგიდგენია? წელიწადში ორას ოცი დღე მზიანია.
-ნათქვამია, რიწის ტბის სილამაზეს ვერაფერი შეედრებაო. ეს მამაჩემსაც არაერთხელ აღუნიშნავს და ყოველთვის მინდოდა, მენახა.
-კარგი, რაკი არ იშლი, მაშინ ტაქსების გაჩერებისკენ წავიდეთ, ოღონდ ჯერ სადღაც დავრეკავ, კარგი?
-მე ვიცი სადაც არის ტელეგრაფის შენობა. სანამ პლიაჟზე გამოვიდოდით, თვალი მოვკარი.
-წავიდეთ,-რომა წამოდგა, შარვალი ჩამოიფერთხა და წინ მიმავალ გეტას უკან ღიმილით გაჰყვა.
ვიდრე რომა ტელეფონზე თბილისელ მეგობარს ესაუბრებოდა და საქმეებს აგვარებდა, გეტა შორიახლოს სეირნობდა და ფინიკის პალმებით, კიპარისებით, მაგნოლიების ხეებით და ათასფრად აჭრელებული ყვავილებით დამშვენებულ ქუჩას უმზერდა. მართლაც, რომ საოცრება იყო გაგრა.
არ გასულა ათი წუთი, ცოლ-ქმარი წითელთავიან, ყვითელ ტაქსში ჩაჯდა და რიწისკენ, კლდეებში გაჭრილ გზაზე მიემართებოდა. ერთ საათზე მეტი დასჭირდათ, რომ ტბის მისადგომებთან მისულიყვნენ. ცისფერი ტბაც ნახეს და დათვის ფიტულთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. მალე ზღაპრული სილამაზის რიწასაც მიადგნენ. მომაჯადოვებელი ტბა გარშემო მდებარე ტყის მასივებით დაფარულ მთის კალთებს სარკესავით ირეკლავდა და საუცხოო ფერს იძენდა.
-აბა, თუ იცი, რომელი მდინარის დაგუბების შედეგად წარმოიქმნა ეს ტბა?
-სუფთა მკვეხარა ხარ. აქ იმიტომ ამომიყვანე, რომ გეოგრაფიის ცოდნა გამოამჟღავნო?-დასცინა რომამ.
- უჟმური ხარ, ლაპარაკის ხალისს დაუკარგავ ადამიანს.
-კარგი, დაიწყე, მოგისმენ.
-არ მინდა დამადლებული მოსმენა,-გაიმრუსხა გეტა.
-მართლა მაინტერესებს.
-არ გეტყვი.
-მუხლებზე დაგიდგე?
-არაა საჭირო.
-ნუ დაიწყებ ხოლმე, რა. ხომ იცი, ჭირივით მეჯავრება ეს ბუტია ხასიათი. გაგეხუმრე და ვერც კი მიხვდი.
-უჭკუოც გამომიყვანა,-ჩაიდუდღუნა ქალმა.
-მზეო, მთვარეო, ვარსკვლავებო, ვიცინო, თუ ვიტირო? -ხელები აღმართა რომამ.
-იტირე, მეტის ღირსი არ ხარ.
-გეტა, გაიტყიპები.
-ვინ ვის გატყიპავს, მაგასაც ვნახავთ,- სიცილით მიუგო ქმარს.
-ასე რა, ძლივს არ გამოიდარა?.. -გაუხარდა მამაკაცს,- რას ამბობდი? რომელი მდინარის დაგუბების შედეგად წარმოიქმნა რიწის ტბაო?
-ლაშიფსის. გინდა ლეგენდაც გიამბო?
-ვაჰ, მაოცებ, ბარტყო.
-მამამ მიამბო ღრმა ბავშვობაში და დღემდე მახსოვს. ლეგენდის თანახმად, აღნიშნულ ადგილას ცხოვრობდა უმშვენიერესი ასული რიწა, რომელსაც სამი ძმა, აგეფსთა, ფშეგიშხა და აცეტუკა ჰყავდა. ტბის ნაცვლად აქ ხეობა იყო, სადაც მდინარე ჩამოედინებოდა. ძმები სანადიროდ ხშირად დადიოდნენ და რიწას მარტო უწევდა ხეობაში დარჩენა. ერთ დღეს, ძმებს ნადირობიდან დაბრუნება დააგვიანდათ. რიწას ძმები მოენატრა და წკრიალა ხმით სიმღერა დაიწყო. მისი ხმა ტყის ყაჩაღებმა გეგამ და თუ სწორად მახსოვს, იუპშარამ გაიგონეს, ქალი მოუძებნიათ და გაუტაციათ.
-და ამ ამბავთან ტბა რა შუაშია?
-დამაცადე! რიწას კივილი აუტეხავს, ძმებმა მისი ხმა გაიგონეს და დის კვალს გაჰყვნენ. ყაჩაღების ხელში ჩავარდნილი და რომ უნახავთ, ერთ-ერთმა იუპშარას ხმალი ესროლა და ხეობაში, სადაც დაერჭო, იქ წარმოქმნილა ტბა. თავად რიწა იუპშარას ხელიდან დაუსხლტა და ტბაში გადავარდა. გამწარებულმა ძმებმა იუპშარაც მოისროლეს, მაგრამ ტბამ არ მიიღო და მდინარეს ზღვისკენ გაატანა. მას გეგამ ვერ უშველა და დაიხრჩო. რიწას გადარჩენა ძმებმა ვეღარ შეძლეს და მთებში გაბრუნდნენ. ისინი დღესაც იცავენ დის განსასვენებელს.
-თუ სიტყვას მორჩი, თავი დამიკარი და მე ტაშს შემოვცხებ, რომ განმანათლე.
-დაიწყო ისევ,- კვლავ ეწყინა გეტას.
რომა ახარხარდა:
-მაშინ მედალი დამკიდე, ამხელა ზღაპარს რომ მოვუსმინე.
-წადი რა, გამეცალე, დამპალო.
-არა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, ბავშვობის შემდეგ ზღაპრისთვის აღარ მომისმენია.
-ეს ზღაპარი არა, ლეგენდაა.
-ბოდიში, ეს როგორ გაკადრე,-ხარხარს აგრძელებდა მამაკაცი.
-აბალაკმა ბრაზით ამოიხვნეშა და მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა.
-ოჰ, გაგულისდა „ვასილევნა“.
-დღეს პროგრამაში გყავარ?
-ჰო, კაი, მოდი ჩემთან. ასე ყველაფერზე როგორ უნდა იბუსხებოდე?- მისკენ მიიზიდა და ლოყაზე აკოცა რომამ,- წინადადება შემომაქვს, სადმე შევიდეთ, ძალიან მომშივდა.
-იმიტომ იღრინები, არა?-ირონიული ტონით ჰკითხა გეტამ.
-ნება მიბოძეთ, აგიხსნათ, ხუმრობა სხვაა, ღრენა -სხვა. ახლა, თუ შეიძლება იმ მიმართულებით მიბრძანდით,-კვების პუნქტისკენ მიუთითა რომამ.
-უფ!-ნერვიულად ამოისუნთქა ქალმა და გაჰყვა.
რამდენიმე ახალგაზრდა რუსი მიმტანი ვერცხლისწყალივით მოძრაობდა კლიენტების მაგიდებთან და ღიმილიანი სახეებით დაატარებდა ლანგრებს. დამსვენებლები თვალს ვერ წყვეტდნენ ულამაზეს ხედებს და წასვლა არ ეთმობოდათ.
წყვილმა შიმშილის გრძნობა დაიკმაყოფილა და პატარა ნავით გადაწყვიტა გასეირნება. რაც უფრო ღრმად შედიოდნენ კავკასიონის მთებში ჩაძირულ საოცრებაში, მით უფრო იხიბლებოდნენ მისით.
საღამო ხანი იყო, როდესაც გაგრაში დაბრუნდნენ. მასპინძლებმა თავი გამოიდეს და კვლავ მრავალფეროვანი კერძებით სავსე სუფრა დაახვედრეს. უზომოდ კმაყოფილმა სტუმრებმა ვახშმის შემდეგ ოტირბების ოჯახს ღამე მშვიდობისა უსურვეს და დაღლილები გაემართნენ საძინებლისკენ.
მეორე დღეს ბიჭვინთაში წასვლა დაგეგმეს. დილა თავგადასავლით დაიწყო. აფხაზმა ტაქსის მძღოლმა შემთხვევით გეტას სიტყვებს მოჰკრა ყური, სადაც აღფრთოვანებით აღნიშნავდა, რომ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს მხარეში იმყოფებოდა და საპასუხოდ მძღოლისგან ისეთი აგრესია მიიღო, რომამ თავი ძლივს შეიკავა, რომ მანქანიდან არ გადაეყვანა და გვარიანად არ გაელახა:
-გაგიმართლა, რომ ცოლი მახლავს, თორემ გაჩვენებდი როგორ არ არის აფხაზეთი საქართველო,- ფული მიუგდო, რამდენჯერმე შეუკურთხა და ნერვებმოშლილმა მანქანის კარი მთელი ძალით მიუჯახუნა.
გაცხარებული ტაქსის მძღოლი თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა. მგზავრებს მანქანით წინ გადაუხტა, მერე სწრაფად დაატრიალა და ჰაერში მტვრის ბური დააყენა. მხოლოდ საბურავების გამაყრუებელი წუილის ხმა ისმოდა. რომამ დიდი ქვა აიღო და გამწარებულმა მანქანის მიმართულებით ისროლა:
-შენი დედა მოვ**ან შე, ქათამო! ჩემი ბრალია, სახე უნდა ამეხია და ისე გამეშვი.
-ნერვებს გაუფრთხილდი, სადარდებელი ისედაც არ გვაკლია,- ამშვიდებდა გეტა.
-არა, ამ არარაობამ როგორ უნდა მასწავლოს სად ვცხოვრობ და რომელი ქვეყნის ნაწილში მოვხვდი? ფუ, ამის!..- ცოფიანივით ღრიალებდა მამაკაცი.
-მოდი შევირგოთ ეს დღეები. სულ მუდამ როგორ უნდა ბრდღვინავდე?
რომამ სიგარეტს მოუკიდა და კოლხი მედეას ძეგლის ქვეშ ჩამოჯდა.
-შეხედე, რა სილამაზეა,- გეტა სახეგაბადრული შესცქეროდა ქვიშიან პლაჟს და ზღვას, რომლებსაც მთელ სანაპირო ზოლზე რელიქტური ფიჭვის კორომები გასდევდა.
-შენ რომ გაგრაში მოზაიკური ნიჟარის ფორმა მოგეწონა, აქაც ბევრია მსგავსი ტიპის ნაგებობები.
-მართლა?
-გინდა, გაჩვენო?
-რა თქმა უნდა, ოღონდ ჯერ ბიჭვინთის სამონასტრო კომპლექსში წავიდეთ. ამბობენ, რამდენიმე წლის წინ დიდი ორგანი დაუდგამთ და საგალობლები ფორტეპიანოს და მისი ხმის თანხლებით სრულდებაო.
-ნუ ღელავ, ყველაფერს მოვასწრებთ. ცოტა ხანი აქ დავრჩეთ, ზღვაში შევიდეთ, „ზაგარი“ მივიღოთ და არსად დაიკარგება ის ტაძარი.
-პირობა პირობაა,-გეტამ თვალი ჩაუკრა და ზღვაში შესასვლელად მოემზადა.
საოცრება იყო ბიჭვინთის კონცხი თავის ბუნებით, ჰაერით და საკურორტო კომპლექსებით. დამსვენებლების სახეზე კმაყოფილება, ღრმა შთაბეჭდილებები და ბედნიერება იკითხებოდა.
რომამ ცოლს ხათრი ვეღარ გაუტეხა და რამდენიმე საათში ტაძრისკენ დაიძრნენ. როგორც კი მიუახლოვდნენ, გეტას მაშინვე თვალში მოხვდა ხუროთმოძღვრების ქართულ-ბიზანტიური შერწყმულობის ტიპი, რომელიც X-XI საუკუნის მაშინდელი პოლიტიკური მდგომარეობის კვალს წარმოადგენდა. ნაგებობა მონაცვლეობით ნაწყობი, ბრტყელი აგურის და გათლილი ქვის ჰორიზონტალური რიგებით იყო აშენებული.
-მე აქ დაგელოდები, ოღონდ ძალიან არ დააგვიანო, - გარეთ დარჩა რომა.
-შევეცდები,-ქალმა პირჯვარი გადაიწერა და ტაძარში შევიდა.
შესვლისთანავე მისი ყურადღება კედლის მხატვრობის შემორჩენილმა ფრაგმენტებმა მიიქციეს. როგორც იქ აუხსნეს, ისინი XVI საუკუნით თარიღდებოდა. აგრეთვე შეიტყო, რომ გეგმით წაგრძელებულ ჯვაროვან-გუმბათოვან ეკლესიას თავისებური იშვიათობაც ახასიათებდა -აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდი ჰქონდა და დასავლეთით - ნართექსი. ფართო მრგვალი გუმბათი თავისუფლად მდგარ ორ ბურჯს და საკურთხეველის აფსიდის კედლის შვერილებს ეყრდნობოდა.
გეტამ ზევით აიხედა და თვალი არ მოუშორებია იესოსთვის. თითქოს რაღაც ძალა სიმშვიდის ძაფებს ავლებდა უფლის ტაძარსა და მის სულს შორის. თითქოს ზებუნებრივი ენერგია იღვრებოდა მის სხეულში და თითოეულ უჯრედს უჯანსაღებდა. იქვე ჩამოჯდა და ბევრი რამე შესთხოვა წმინდანებს. დიდი ხანი არ დაჰყო, ტაძრიდან მალე გავიდა და პირველი, რაც გააკეთა, გარეთ მყოფ ქმარს მივარდა და გადაეხვია.
-არ მეგონა, თუ ეკლესიაში შესვლა ჩემს თავს კიდევ უფრო შეგაყვარებდა, თორემ უფრო ადრე მოგიყვანდი, - როგორც სჩვეოდა, მამაკაცმა იუმორში გაატარა გეტას გულის აჩუყება.
ქალი ემოციებს კიდევ მეტად აჰყვა, თბილად აკოცა და მკლავები ზურგზე შემოაჭდო.
-გავაგრძელოთ სეირნობა?
-რატომაც არა?- მიუგო კარგ ხასიათზე მოსულმა, ხელი მოჰკიდა და დაბის უკეთ გასაცნობად გაჰყვა.
საკმაოდ დიდხანს იარეს, ნახეს მოზაიკურად გაწყობილი ფერად-ფერადი კედლები, შადრევნები, პარკები და ბოლოს სვენებ-სვენებით მიადგნენ თოვლივით თეთრად შეღებილ, განათებულ შუქურას. რომა მის წინ ჩამოჯდა და ზევით, ბინდში გაჭრილ შუქს უყურებდა. შემდეგ ნელ-ნელა მოაშორა მის წინ აღმართულ მაღალ შენობას თვალი, ცოლს გრძნობით სავსემ გადახედა და ჩურჩულით ამეტყველდა:
-ბევრი ქალი მყოლია, მაგრამ ასეთი რამ არცერთთან განმიცდია. მაშინაც კი, როცა გეხუტები, ვგრძნობ, სულ სხვა ემოციები შემოდიან ჩემში. ჩემთვის ხარ შექმნილი, რომ შუქურასავით გზას მინათებდე.
-შუქურასავით?
-ჰო, შუქურა ხარ, რომელიც ხორცს და სულს მითბობს. ერთადერთი ხარ, ვისთანაც ყოველგვარი აღკაზმულობის, სიფრთხილის და არაბუნებრივობის გარეშე მიწევს ურთიერთობა. სიმშვიდის სავანე ხარ, სადაც ჩემი სიცოცხლის სხივი ანათებს და გთხოვ, არასოდეს ჩაქრე, რომ არც მე დავბნელდე.
-შენც შუქურა ხარ ჩემი, რომელიც ამოუხსნელი იდუმალებით მიზიდავს და სიყვარულით მათბობს. დაე, ინათე და ნუ ჩამაქრობ, რომ წყვდიადში დარჩენილივით არ მომიწიოს სიარული, თორემ გზას ვეღარ გავიგნებ და დავიღუპები.

***
სუნთქვაშეკრულს გაეღვიძა და საწოლზე წამოჯდა. ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა და თვალებგაფართოებული აქეთ-იქით დაბნეული იყურებოდა.
-სიზმარი ნახე?- უეცრად ტეროს ხმამ გამოაფხიზლა.
-არ გძინავს? -შეცბუნებულმა ჰკითხა და საწოლთან დადებული წყლით სავსე პლასტმასის ჭიქა ხარბად გამოცალა.
-რა დამაძინებს? ოთახში იმხელა კოღოა, ჩუსტი რომ გაუქანე, ლამის ფეხზე წამოიცვა.
-ეგ ენა რომ არ გქონდეს...- სუსტად გაეცინა გეტას.
-ძაღლები წამათრევდნენ, თუ როგორ არის? კატები წამათრევდნენ? რა მნიშვნელობა აქვს, სპილო იყოს.
აბალაკი ბალიშზე მისავათებული მიწვა.
-გაფიცებ, რას ხედავდი ამისთანას, რომ ამდენი იბორგე და რაც თვალი გაახილე, ენაჩავარდნილი ზიხარ?
-სიზმარს ვერც ვუწოდებ, უფრო ხილვა იყო, წარსულის ტომრიდან დაუკითხავად გადმოსული დღეები და ღამეები.
-როგორ დეტალურად მომიყევი. არცერთი კითხვა არ გამჩენია.
-რასაც არ გეუბნებიან, ნურც ჩაეძიები.
-Oki-doki! No problem!-აღარ დააძალა ტერომ.
-არ გეწყინოს, პირად ცხოვრებაზე საუბარს ყველასგან გავურბივარ.
-ჩათვალე, არაფერი მიკითხავს.
გეტა ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა, მაგრამ ძილი არ მიჰკარებია. მზის ამოსვლას არც კი აცადა, ცუდი შეგრძნებები რომ გაეფანტა, ერთადერთ საშუალებად მეთერთმეტე თავზე მუშაობას მიიჩნევდა. თავიდან, იდეების ნაკლებობას განიცდიდა. რამდენჯერაც დაიწყებდა, იმდენჯერვე შლიდა სიტყვებს. წინადადებიდან წინადადებაზე ვერ გადადიოდა. აზრის დასრულება უჭირდა. ასე იჯახირა კარგა ხანს, სანამ გონება არ გაუბრწყინდა. შემდეგ გეგმა დააწყო და გულმოდგინედ შეუდგა წერას:

თავი 11
ერთი კვირის განმავლობაში, თეკლა ჭაკი ცხენივით უვლიდა ქალაქს. უამრავ დაწესებულებას მიადგა.ზოგან არასახარბიელო ანაზღაურებას სთავაზობდნენ, ზოგან სტაჟიორად, ყოველგვარი ხელფასის გარეშე იწვევდნენ. ბევრმა უარითაც გაისტუმრა. ერთი სიტყვით, გარემო მისი სურვილის წინააღმდეგ უგებდა მახეებს. თავდაპირველი შემართება თანდათან სადღაც გაუქრა და ფსიქოლოგიურად გატყდა. გული აღარც მიუწევდა სამსახურის შოვნისკენ, მაგრამ როგორც კი სახლში ანდროს ამჟავებულ სახეს დაინახავდა, უმალ ახსენდებოდა, რომ მალე მარტო დარჩებოდა და სასტიკი რეალობისთვის თვალის გასწორება მოუწევდა. თავისთავად ცხადი იყო, ეს ფაქტი აფრთხობდა. რამდენჯერმე ლუკასაც უხსენა თავის პრობლემის შესახებ მასთან საცხოვრებლად გადასვლის იმედით, მაგრამ ამაოდ, ყურიც არ შეუბერტყავს. პარტნიორისგან ზოგიერთ თემაზე ასეთი გულგრილი დამოკიდებულება ჰკლავდა ხოლმე, მაგრამ მის ხასიათს აბრალებდა და შესანიშნავად იცოდა, ზრდასრულ ასაკში უკვე კარგად ჩამოყალიბებული თვისებების მოსპობის თუნდაც მცდელობა, ტყუილ ნერვების შლად და წყლის ნაყვად დაუჯდებოდა. სამაგიეროდ, ბევრი კარგი ჩვევაც ჰქონდა, რასაც ძალიან აფასებდა და მუდამ ამაღლებულ განწყობაზე მოჰყავდა. ყველაზე მეტად მასთან ერთად მომზადებული საჭმელი უყვარდა, რომლის კეთების პროცესიც ერთ დიდ თავგადასავლად გადაიქცეოდა ხოლმე. იმ დღესაც, ერთ-ერთი ოპტიკური ქსელიდან სამსახურის თაობაზე უარით გასტუმრებული, თავს სასოწარკვეთილებაში გადავარდნისგან იგერიებდა. კარგად იცოდა, ლუკასთან შეხვედრა გუნებას შეუცვლიდა და გაახალისებდა.
ზარის ღილაკს ხელი დააჭირა და შეყვარებულის გამოჩენას მოუთმენლად დაელოდა. ურდულმა მაშინვე გაიჩხაკუნა და ლუკაც გამოჩნდა. გოგონა ყელზე ჩამოეკიდა და ნაზი კოცნით აუშალა საღერღელი, თუმცა მამაკაცი როგორც კი თამამ მოქმედებაზე გადავიდა, ხელით გაწია, შესასვლელის კარი თავადვე ჩაკეტა და პირდაპირ სამზარეულოში შეაჭრა:
-მისამართი შეგეშალათ, მზარეული არ გამომიძახია, ქალბატონო, - უკნიდან მიეპარა და ხელები თეძოებზე მოჰხვია.
-მართლა? რა სამწუხაროა. მეგონა, ერთ სულიერს ჩემთან ერთად პიცის და სალათის მომზადება სურდა,- ეშმაკურად ჩაეცინა თეკლას.
-და კიდევ რაღაც-რაღაცები...
-ჯერ მომეხმარე, მერე იმ რაღაც-რაღაცებზე ვიფიქროთ.
-ჩემი მსუნაგი გოგო,- კოცნით დაუფარა ღაწვები და ინგრედიენტები გამოალაგა.
კულინარიული შესაძლებლობების გამოვლენა ჩვეულებისამებრ საკმაოდ მხიარულ პროცესად გადააქციეს. ფქვილიანი ცხვირებით და პომიდვრის საწებლით გათხვრილი ლოყებით იდგნენ, კერძებს ამზადებდნენ და ერთად ყოფნის გარდა, არავინ და არაფერი ანაღვლებდათ. იმ წუთებში ბედნიერება, ლამაზი გრძნობების შერწყმა და ერთმანეთში უსასრულოდ დაკარგვა ერქვა მათ კავშირს. ვახშამზე ერთი ბოთლი ნახევრადტკბილი, თეთრი ღვინო ყლუპ-ყლუპებად გამოცალეს და სიყვარულით და ალკოჰოლით მთვრალებმა ის ღამე ცხელ და დაუვიწყარ წუთებად აქციეს.
დილით თეკლა საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა. ლუკას აბაზანის ხალათი მოეცვა და აივანზე ჩაფიქრებული იდგა:
-აქ რას აკეთებ?- თავადაც გავიდა და გვერდით ჩამოუდგა.
-არაფერს, გამეღვიძა და გამოვედი, - გრძნობით სავსე თვალებით შეხედა და თმაზე ჩამოუსვა თითები.
-არ შემოხვალ?
ლუკამ მდუმარედ დაუქნია თავი და ოთახში შებრუნდა.
-რამე მოხდა?
-არა, რა უნდა მომხდარიყო?- სევდიანად თქვა.
-მაშინ რას მივაწერო შენი დაღონება?-გაურკვევლობამ შეიპყრო თეკლა.
-გეჩვენება, ძალიან კარგად ვარ.
-მსგავსსაც ვერაფერს გატყობ.
-მოდი, ეჭვები რომ გაგიქარწყლო, სადმე, ქალაქგარეთ წავიდეთ.
-არ შემიძლია,- ამოიოხრა და თავის მოსაწესრიგებლად სარკესთან მივიდა.
-რატომ?
-სამსახურს ვეძებ, რამდენიმე ადგილას უნდა მივიდე.
-რატომღაც მეგონა, ჩემთან ყოფნაზე უარს არ იტყოდი,- მოღუშული სახით ჩამოჯდა საწოლზე და თვალს არ აშორებდა.

***
ვიდრე გეტა წყვილის დიალოგზე მუშაობდა და მთელი გონებით მათთან იყო, ოთახში ახალგაზრდა, სასიამოვნო გარეგნობის მედდა შევიდა და ამცნო, რომ საუზმის შემდეგ ექიმი დევდარიანი ელოდებოდა. კარი რომ გაიკეტა, მწერალი კვლავ მიუბრუნდა ლუკას და თეკლას საუბარს, თუმცა აზრი გაუწყდა და გაბრაზებულმა მუშტი დაარტყა მაგიდას:
-არ გაცლიან მუშაობას!
-ე, რა დღეში ხარ, ტო?- თვალები დაჭყიტა ტერომ.
-მაპატიე, ტექსტს ვეღარ ვაგრძელებ და ნერვები მომეშალა.
-შეულოცე ტვინს,- ნამძინარევი ხმით ამოილუღლუღა და გაეღიმა.
რამდენიმე წუთი წვალობდა, რომ ისევ შესულიყო როლებში და პერსონაჟები აემეტყველებინა. თავისი სიჯიუტის წყალობით, მაინც მოახერხა, რომ თავი დაესრულებინა:

-სხვა დროს იყოს, - მუქი წითელი ტუჩსაცხი ბაგეებზე გადაიტარა და შესასვლელისკენ წავიდა.
-უკვე მიდიხარ?
-რა დაგემართა? ისე მიყურებ და მელაპარაკები, თითქოს უკანასკნელად ვხედავდეთ ერთმანეთს.
ლუკამ თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ გამბედაობა არ ეყო და ერთადერთი, რაც მოიფიქრა, თეკლას მივარდა და გულში ჩაიკრა.
-ლუკა, შენ თავს ვფიცავარ, მართლა არ შემიძლია დარჩენა, გამიგე.
-რა თქმა უნდა,- ამოიჩურჩულა და მკლავები ძლიერად მოჰხვია.
ლუკა უძრავად იდგა და მისი თმის სურნელს ისუნთქავდა.
-პატარა ბავშვივით იქცევი, წასვლის უფლებას არ მაძლევ, -გაეცინა გოგონას.
-ცოტა ხანიც და წადი.
-კარგი, დამაგვიანდება. საღამოს შეგეხმიანები,- თბილად აკოცა, მისგან თავი გაითავისუფლა და გასასვლელ კარს მიაშურა.
სანამ თეკლა ლიფტში არ შევიდა, მამაკაცი მანამ არ შებრუნდა სახლში. საკუთარ თავთან დარჩენილმა უფრო დარდიანი სახე მიიღო და თავჩაღუნულმა მიხურა კარი.

***
გეტამ საუზმის შემდეგ ექიმის კაბინეტს მიაკითხა. ქალბატონი თამარი საქმიანი სახით იჯდა და საქაღალდეში იქექებოდა. პაციენტის დანახვაზე ცხვირის წვერზე დაკოსილი სათვალე შეისწორა და სთხოვა, სკამზე ჩამომჯდარიყო. მერე ხელის მტევნები წინ დახვავებულ დოკუმენტებზე ნაზად გადააჯვარედინა და აუწყა:
-შენთვის კარგი ამბავი მაქვს. სრული, ათდღიანი კურსი ჩაგიტარდა და დღეს უნდა გაგწერო.
-მშვენიერია,-სიხარული ვერ დამალა აბალაკმა და აღტაცება სახეზე გამოესახა.
-იმედი მაქვს, ჩემს რჩევებს მიჰყვები, მედიკამენტებს დროულად მიიღებ და პრობლემების გარეშე გააგრძელებ საზოგადოებრივ ცხოვრებას.
გეტა ყოველგვარი შეკამათების გარეშე დაეთანხმა.
-კარგი, ფორმალობებს მოვაგვარებ და მაქსიმუმ ერთ საათში გაგიშვებ.
-დიდი მადლობა.
-შეგიძლია, წახვიდე, გენაცვალე,-გაუღიმა და სხვა საქმეზე გადაერთო.
კაბინეტიდან გამოსული, ვიდრე საავადმყოფოდან წასვლის და თავისუფლების დაბრუნების სიხარულს ბოლომდე გაიაზრებდა, ნინიას გადაეყარა. ქალმა უცნაურად შეათვალიერა, მიუახლოვდა და თვალები გაუშტერა. გეტას გულზე არ ეხატებოდა, მაგრამ მაქსიმალურად დიდი ოსტატობით შენიღბა საკუთარი სახე, რომ ნინიას რამე არ შეემჩნია და წასვლის წინ შარი არ აეტეხა მისთვის. ქალმა თვალები გააფართოვა და ნერვიულად, გაპარჭყული ხელებით დაუწყო მუსააფი:
-შენ ოთახში უნდა გადმოვიდე. ჩემი მეწყვილე ღამ-ღამობით არ მაძინებს.
-ექიმმა გითხრა, რომ უშუალოდ ჩვენ ოთახში გადმოხვალ?
-მე ასე მინდა,-თითი დაჰკრა მხარზე.
-ჰო, რა ვიცი. როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება.
-შენთან ერთი კითხვა მაქვს.
-გისმენ.
-რანაირი ვიღაცაა შენთან რომ ცხოვრობს? ამბობენ ქალიაო, მაგრამ ქალს არ ჰგავს.
-ვინ? ტერო?
-ვინც არის. უცნაური მიხვრა-მოხვრები აქვს, სიგარეტს კაცური მანერებით ეწევა და ტანსაცმელსაც სხვანაირს ატარებს. ვერ გავიგე, ბოლოს და ბოლოს ქალია, თუ კაცი? -ქვედა ტუჩს უშნოდ ძაბავდა და პასუხს ისე ელოდა, თითქოს მოხსენების ჩასაბარებლად ემზადებოდა.
-ადამიანი.
-მე სხვა რამე გკითხე.
-მე კი ამომწურავი პასუხი გაგეცი,- აბალაკმა თავი გააქნია და ოთახის კარი ცხვირწინ მიუხურა.
ტერო თავის საწოლს ასწორებდა და სიმღერას ღიღინებდა, როდესაც ოთახში გახარებული გეტა შეიჭრა და ახალი ამბავი ამცნო.
-მოდი, ერთი ჯიგრულად გადაგეხვიო,-მისალოცად დაეძგერა ტერო, -მაგრად მომენატრები.
-მეც. ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელმაც ბოლო დროს ჩემს ცხოვრებაში სილაღე შემოიტანე, -აღნიშნა გეტამ.
-უშენოდ რა უნდა გავაკეთო, აჰ?
-იქნებ შენც მალე გამოგწერონ.
-რა ვიცი, რა ვიცი...-ხელი ჩაიქნია და საწოლის გასწორება გააგრძელა.
-რაღაცას გეტყვი, ოღონდ მაგრად დადექი, არ წაიქცე.
-გამოუშვი.
-მგონი, ნინიას ამ ოთახში შემოსახლებას უპირებენ.
-კაი ტო,-აშკარად არ ესიამოვნა ტეროს.
-ჰო, ახლა შემხვდა და თვითონ მითხრა.
-აუ, რა გაუძლებს მაგას?-აღელვებულმა ქალმა შუბლზე შემოირტყა ხელი.
-მორიგდებით რა, არც ისეთი საშინელი ვინმე ჩანს.
-არ იცი მაგის შეტევები, ხომ?
-არა,-თავი გაიქნია გეტამ.
-არც გენახოს. სამ კაცს ერთად უჭირავს ხოლმე და ძლივს აკავებენ.
- აუფ! კარგ დროს გაგატარებინებს.
-ჩემი ბედის დედა ვატირე! არაფერში რომ არ გიმართლებს ადამიანს. ჩამოდი ღმერთო, დავილაპარაკოთ, -ამოიქშინა ტერომ და საწოლზე ჩამოჯდა.
-კარგი, ცხვირს ნუ ჩამოუშვებ.
-შენთან თავს კარგად ვგრძნობდი, მიგეჩვიე.
-როცა გამოხვალ, აუცილებლად შევხვდეთ ერთმანეთს.
-ჰო, აბა, რა,-ნაძალადევად გაუღიმა და თავის ფიქრებში ჩაიძირა.

***
პომპეზური გამოთხოვებები და შეხვედრები არასოდეს უყვარდა გეტას. მისი ხასიათი არ ესწავლებოდათ ოჯახის წევრებს, ამიტომ საავადმყოფოსთან არავინ დახვედრია. ღრმად ჩაისუნთქა თავისუფლების ჰაერი და ქალაქში ხეტიალისთვის მოემზადა. რამდენიმე საათი იარა, საყვარელი ადგილები მოინახულა და ბოლოს ქაშუეთის ეკლესიის უკან, ცხრა აპრილის ბაღში, ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდა. მისი ყურადღება გამხდარმა მხცოვანმა მიიპყრო. შელანძული ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი და გახუნებული ფეხსაცმელი ეცვა. ნაქსოვი ქუდი თვალებამდე ჩამოეფხატა და ჩამოსაჯდომად ცარიელ სკამს ეძებდა. გვერდზე თეთრი, ყურებპარტყუნა, ფერდებჩაცვენილი ლაბრადორის ჯიშის ძაღლი მიჰყვებოდა. აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და მიწას ყნოსავდა, რომ სადმე კბილის გასაკრავი ეპოვნა. კაცს ფერმკრთალი სახე ჰქონდა. ეტყობოდა, რომ ავადმყოფობდა.
-ტობი, -მოდი, აქ ჩამოვსხდეთ,-ადამიანივით ელაპარაკებოდა და თითქოს ძაღლსაც ესმოდა პატრონის სიტყვები.
შავი პარკიდან ნახევარი პური ამოიღო, სუსტი ხელებით ორად გატეხა და თავის მეგობარსაც უწილადა. ძაღლმა თავის წილი უცბად გადასანსლა და ისევ შეხედა.
-რაო? კიდევ გინდა? - მკრთალად გაუცინა, რაც ხელში ჰქონდა, ორი ლუკმა თავისთვის დაიტოვა და დანარჩენი მას მისცა.
შიმშილი რომ დაიოკა, პატრონს მიუცუცქდა და მის ფეხებთან გაწვა.
გეტას თვალი არ მოუშორებია მოხუცისთვის. აკვირდებოდა და რატომღაც ჩათვალა, მარტოხელა იყო. შეეცოდა, ამოიოხრა და თავისთვის ჩაილაპარაკა:
-იქნებ მარტოობა სჯობდეს უღირს ადამიანებთან ყოფნას, ბერიკაცო?..
ხანდაზმული ბაღში მოსაუბრე, შეყვარებულ წყვილს გასცქეროდა. მისი ერთგული მეგობარიც ფხიზლად თვლემდა და ხანდახან, თვალს გამვლელებისკენ აპარებდა.
მზე კარგა ხნის ჩასული იყო, ცას მუქი ფერი ერეოდა და ჰაერში ტემპერატურა საგრძნობლად იკლებდა. მწერალს სახლში წასვლა არ სურდა, მაგრამ სიცივე ერეოდა და ძაგძაგი დაიწყო. ვეღარ გაუძლო და სახლში წასვლა გადაწყვიტა. მოხუცს და ძაღლს ჩაუარა, დამშვიდობების ნიშნად თავი დაუკრა და რუსთაველის გამზირზე ავიდა. თავისუფლების მოედანს რომ მიუახლოვდა, ერთმა ადგილმა წლების წინ იქ მდგარი სატელეფონო ჯიხური გაახსენა:


აფხაზეთიდან მარტო დაბრუნდა. რომას უკვე ყველა პრობლემა მოეგვარებინა და თბილისში ყოფნა მათთვის არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა. რამდენიმე დღეში ქმარს ელოდებოდა. დაპირდა, ერთ საქმეს დაასრულებდა და მალე ჩავიდოდა დედაქალაქში. სანამ სახლში ავიდოდა, იფიქრა, ახლად შემორიგებულ მშობლებს მოიკითხავდა. სატელეფონო ჯიხურთან ჩამოდგა, ჯიბეები მოიჩხრიკა, ხურდა ფული იპოვა და ვერცხლისფერი მეტალის ტელეფონში ჩაყარა. წრიულ ციფერბლატზე ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა. ყურმილი დედამისმა აიღო და როგორც კი გეტას ხმა გაიგონა, გაცხარებულმა ჰკითხა:
-ასე უნდა დაივიწყო მშობლები? სად იყავი, რომ არ ჩანდი?
- თბილისიდან გარკვეული ხნით გასვლამ მოგვიწია, არაფერია სანერვიულო.
-რაკი შენ იტყვი. ამგვარი უპასუხისმგებლობით მალე შემიწირავ.
-რატომ?
-სუხიშვილების ანსამბლიდან დღე და ღამე რეკავენ და გკითხულობენ. ინსტიტუტშიც რეპეტიციებს აცდენ და თურმე, არაფერია სანერვიულო, არა?
-სწორედ მაგ საკითხზე უნდა დაგელაპარაკო, დამელოდე, მალე მოვალ.
-გელოდები,-უკმეხად უპასუხა ნანიკომ და ყურმილი დაუკიდა.
თავისუფლების მოედნიდან სოლოლაკის ქუჩებს აუყვა და თბილისურ ეზოში შეაჭრა. ნარდის თამაშით გართული სომეხი არამა და გარიკა კამათლებს აგორებდნენ და მთელ ეზოს აყრუებდნენ ხმამაღალი შეძახილებით: ჩარი-სე, სე-იაქი, დუ- ბეში, იაგანი...
გეტა მეზობლებს მიესალმა და სახლის კარზე დააკაკუნა:
-ვაჰ, როგორც იქნა გვიკადრა და მობრძანდა ქალბატონი,-ჩაისისინა ქალმა და განზე გადგა, რომ შვილი სახლში შესულიყო.
-დედა, ძალიან გთხოვ, პრეტენზიებს მორჩი და მომისმინე.
-გისმენ. აბა, რითი უნდა გამახარო კიდევ?
-ცეკვას და ინსტიტუტში სიარულს თავს ვანებებ.
ნანიკოს ელდა ეცა, ნამდვილად არ მოელოდებოდა გეტასგან ამ სიტყვებს:
-Што?
-Да, ето правда.
-Как он тебе запудрил мозг?..- თავზე ხელი შემოიკრა ქალმა,-ვერ დავიჯერებ, რომ ეს შენი მიღებული გადაწყვეტილებაა.
-მოცემულ სიტუაციას ასე სჭირდება.
-შენ თუ იცი, რას ბოდავ ახლა? ვერავინ დამარწმუნებს, რომ ჩემი გეტაჩკა, რომელიც ბავშვობიდან ცეკვავს და არაჩვეულებრივი მსახიობური მონაცემების წყალობით თეატრალურ ინსტიტუტში პირველივე წელს მოხვდა, вдруг და აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი მობეზრდა და აღარ უნდა.
-მე არ ვამბობ, რომ მომბეზრდა, ან აღარ მინდა! მოცემულ სიტუაციას ასე სჭირდება-თქო! -ამოიქშინა შვილმა.
-იმ ვაჟბატონის ამბებია? მითხარი და დაველაპარაკები.
-არავისთან საუბარი არ არის საჭირო, უჩემოდ ერთ სიტყვასაც არ ეტყვი!
-ვერ ხვდები, რომ ისე გმართავს, როგორც თვითონ უნდა და „ტრიაპკასავით“ გექცევა? თავს რატომ უხრი?
-დედა, დატუქსვას და ჭკუის სწავლებას შეეშვი. მინდა შეგახსენო, რომ ექვსი წლის ბავშვი აღარ ვარ!
-რამდენ შეცდომას უშვებ, ჩემო გოგო და უბედურება ის არის, ვერც ხვდები,- მაინც არ ეპუებოდა ნანიკო და შვილის დარწმუნებას განაგრძობდა.
-რა გინდა? ოჯახი გინდა, დამინგრიო? ვერ მოესწრები.
-შენ ოჯახსაც ოჯახი ჰქვია და შენი დისასაც? შეხედე იმის დახვეწილ და ინტელიგენტ ქმარს და მერე შენსას.
-ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. წავედი რა, შენთან წყნარი საუბარი არ გამოდის.
-ამიხსენი, როგორ უნდა დავწყნარდე, როცა ვხედავ, ჩემი შვილი იმ ტოტს, სადაც ზის საკუთარი ხელით იჭრის? არ გაიხაროს რომა ტამოევმა იმისთვის, რომ ამ დღეში ჩაგაგდო.
-წყევლას თავი დაანებე და შეეგუე, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და შენ ვერ ჩაერევი!
-შენ თუ ახლა ამ გასტროლების სეზონს ჩააგდებ, არც თეატრალურ ინსტიტუტში აღადგინ სიარულს და არ დაიწყებ გამოცდებისთვის მომზადებას, იცოდე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ინანებ!
-არა მგონია, ასე იყოს,-გეტამ ჩანთა მხარზე გადაიკიდა და სახლიდან გავარდა.
გულამოვარდნილი მიდიოდა და გონებიდან არ ამოსდიოდა წუთების წინ დედამისთან შემდგარი დიალოგი. ბევრი იფიქრა მის სიტყვებზე და საკუთარ გულისთქმასაც არაერთხელ მოუსმინა. საბოლოო ჯამში, მაინც ნამდვილმა სურვილმა გაიმარჯვა. მეორე დღიდან ანსამბლშიც მივიდა და ინსტიტუტშიც. კვლავ იპოვა საკუთარი თავი, შესაძლებლობებს გადახერგილი გზა გაუხსნა და ისევ ჩაიკარგა ხელოვნებაში. ასე გრძელდებოდა ხელმეორედ ატაცებული აღმაფრენა იქამდე, ვიდრე ერთ დღეს, გენერალური რეპეტიციიდან დაბრუნებულს ქმარი სახლში არ დაუხვდა.
რომა მოჩვენებითი სიმშვიდით იჯდა სავარძელში და სიგარეტს ექაჩებოდა. გეტა მის დანახვაზე ოდნავ შეკრთა, მაგრამ გამბედაობა მოიკრიბა და ვითომც არაფერი მომხდარიყო, ჩვეულებრივად გაუბა საუბარი:
-ვაჰ, უკვე ჩამოხვედი?
-არა, ისევ იქ ვარ,- მამაკაცმა მუდამ თანმდევი ირონია გაურია სიტყვებში.
-დიდი ხანია, სახლში ხარ?
-სად იყავი?
-კლასელთან.
-რომელთან?
გოგონას ეჭვი რომ არ გამოეწვია და ბუნებრივობა შეენარჩუნებინა, დიდხანს ფიქრს აღარ მოუნდა, პირველი ვინც გაახსენდა, მისი სახელი და გვარი უთხრა:
-ირინე არჩვაძესთან.
-სად ცხოვრობს?
-ლერმონტოვის ქუჩაზე.
-რომელ ნომერში?
აი, აქ უკვე ტუჩზე იკბინა და პასუხი რომ არ იცოდა, სირცხვილისგან სახე წამოუწითლდა:
-ნომერი არ მახსოვს, თვალით ვცნობ იმ შენობას.
რომამ საფერფლე გვერდზე გადადგა, წამოდგა და ავის მომასწავებელი მზერით ცოლისკენ ნელი ნაბიჯებით დაიძრა. გეტა კარგად სცნობდა ამ გამოხედვას, მაგრამ მაინც მხნედ ეჭირა თავი. მამაკაცი მაგიდას მაჯით ჩამოეყრდნო და ცივად აათვალიერ-ჩაათვალიერა:
-აღიარე, სად იყავი? უკვე მოთმინების ძაფი მიწყდება.
-რა გჭირს? გითხარი, კლასელთან ვიყავი-მეთქი.
-აპლოდისმენტები ჩვენს მსახიობს! -ტაში დაუკრა რომამ და ორი ნაბიჯით მიუახლოვდა.
გეტას სხეული დაეჭიმა, ყველა უჯრედით გრძნობდა, რომ ციკლონი უახლოვდებოდა. მამაკაცმა წარბები შეკრა და გამყინავი ხმით გააგრძელა:
-ჩინებულია, როცა სიმართლე იცი და ამასთანავე, საოცრად საზარელი, როდესაც საყვარელი ქალი თვალებში გიყურებს და ურცხვად აცხობს ტყუილებს.
-აჰ, რა თქმა უნდა, როგორ ვერ მოვიფიქრე, რომ შენგან მოჩენილი ხალხი სულ უკან დამდევს და ყველა ნაბიჯს მიკონტროლებს,- სიმწრით აღმოხდა გეტას.
-გაიხსენე, რაზე შევთანხმდით რამდენიმე კვირის უკან.
-მე არაფერზე შეგთანხმებივარ.
-რა?!- აქ უკვე თავი ვეღარ შეიკავა და ხმას აუწია რომამ.
-გამიგე, ცეკვა და მსახიობობა ისინია, რის გარეშე ცხოვრებაც წარმოუდგენელია ჩემთვის.
-მე სიაფანდი ბაზარი არ მიყვარს. რაც გითხარი, ისე იქნება ყველაფერი, გასაგებია?!-ბოლო სიტყვაზე ღრიალით გაამახვილა ყურადღება.
-არ არის გასაგები,- აღელდა გეტაც და ხმამაღალი საუბარი გარეთ რომ არ გასულიყო, ფანჯრებს მივარდა დასაკეტად.
-შემთხვევით, სიცოცხლე ხომ არ მოგძულდა?
-არა, სხვათაშორის და რა გახდა გაიაზრო, რომ ეს ჩემი მომავალი პროფესიებია და პატივი უნდა სცე ჩემს არჩევანს.
-რატომ არ მიდიხარ დათმობაზე?
-სულ მე რატომ უნდა მივდიოდე დათმობაზე?
-თუ იცი, რატომ არ მიგიყვანე დედაჩემთან და დებთან საცხოვრებლად?
-იმიტომ, რომ მარტო გვეცხოვრა.
-შენი აზრით, მხოლოდ ეგ არის მიზეზი?
-ჰო.
-მართლა ვერ ხვდები ეს რატომ გავაკეთე?
-რატომ გააკეთე?
-საღოლ! თავის ძალით გამოშტერებაც გისწავლია.
-შეურაცხყოფის გარეშე!-თვალები დაუჭყიტა ქალმა.
-მხოლოდ შენ არ თმობ რაღაცებს, მეც ვთმობ.
-დედაშენთან და დებთან თანაცხოვრების დათმობას ჩემი პროფესიის დათმობას ნუ ადარებ!
-კარგი, რადგან შენთან ნორმალური ლაპარაკი არ ჭრის, მაშინ სხვანაირად დაგელაპარაკები,-ნერვებმა უმტყუვნა მამაკაცს, გეტა დივანზე დააგდო და ტერფში სწვდა.
-რას აკეთებ?-შეშფოთებულმა შეჰკივლა ქმარს.
-ძვლებში უნდა გადაგიმტვრიო, რომ მეორეჯერ ცეკვის და სცენის ხსენებაზე სულ ეს გახსენდებოდეს.
სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, როდესაც ქალმა ტკივილისგან განწირული ხმით იყვირა და უმალ მოაყოლა სლუკუნი.
-მაპატიე, სხვა გზა არ დამიტოვე. ახლა კი სასწრაფოდ ტრავმატოლოგიურში მივდივართ, ფეხს უნდა მივხედოთ,- მამაკაცმა ხელში აიტაცა ატირებული.
-ამისთანა ურჩხული რა დაიბადე, რომ საკუთარ ცოლსაც არ ინდობ? - ბოლო ხმაზე ყვიროდა გეტა და მთელი ძალით ურტყამდა ხელებს.
რომა ყურადღებას არ აქცევდა მის რეაქციებს, იცოდა, რომ იმსახურებდა და ყველა დარტყმას წინააღმდეგობის გარეშე იტანდა. იმ წამს მასაც გეტასავით სტკიოდა და გულს უსერავდა მისი მდუღარე ცრემლები, მაგრამ მკაცრად უნდოდა, დაესაჯა და სწორედ ამიტომ საკუთარ პრინციპებს წინ ვერ აღუდგა.
-როგორი უბედური ადამიანი ვყოფილვარ. იმის გამო, რომ სანუკვარ ოცნებაზე უარი ვერ ვთქვი, ჩემი ქმარი ასე სასტიკად მომექცა. მეზიზღები! ხელი გამიშვი, ნუ მეხები!
-არც იოცნებო, რომ ხელი გაგიშვა, ექიმი გჭირდება და მასთან მივდივართ.
-ჩემი ჯგუფელებიც არიან გათხოვილნი, მათაც ჰყავთ ქმრები და არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ძალიანაც მოსწონთ, რასაც მათი მეუღლეები აკეთებენ და ხელსაც უწყობენ. ხომ შეიძლებოდა, მეც ასე გამმართლებოდა?! - ძლივს ამოსთქვამდა სიტყვებს და გაუსაძლისი ტკივილისგან ტირილს უმატებდა.
-სხვებს ნუ მადარებ, გეტა.
-ჰოდა, მეც ნუ მადარებ მთელი დღე წინსაფრით მდგომ, სამზარეულოში მობზრიალე დედაკაცებს. შენი „კუხარკა“ არ ვარ!
-არც გეუბნები, იყავი-თქო. სხვა პროფესია აირჩიე და იმას გაჰყევი.
-მე ხელოვანი ვარ. არ მინდა სხვა პროფესია.
მამაკაცმა ქალი მანქანაში ჩასვა და სწრაფად მოწყდა ადგილიდან. გეტას აღარაფერი უთქვამს, ღვართქაფით ჩამოსდიოდა ცრემლები. შუქნიშანზე გაჩერებისას, რომამ თავზე ხელი გადაუსვა და თანაგრძნობით შეხედა:
-ნუ ეძებ ჩემში იმას, რაც არ გამაჩნია და გაცილებით იოლი გახდება ჩემთან ურთიერთობა.
ქალმა იდაყვით ხელი აუკრა და მისკენ გადახრილი მამაკაცი თავიდან მოიშორა.

***
მოგონებებში ჩაკარგული თავის ბინას მიადგა, სწრაფად გამოიგნო გზა წარსულიდან და კარი გააღო. სახლში დედამისი დაუხვდა. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის, რატომღაც ასე ამჯობინეს...
გეტა დაღლილი იყო, დასვენება სჭირდებოდა და ცოტა ხნით თვალის მოატყუება სცადა, მაგრამ ძილმა ისე წაიღო, თვალი რომ გაახილა, უკვე შუაღამე იყო. ოთახს გადახედა და მონატრებულ ნივთებს თითებით შეეხო. დრო რომ მოეკლა, ფილმის ყურება გადაწყვიტა, თუმცა გული ვერ დაუდო და მალევე გამორთო. ისევ წამოწვა, მაგრამ ვერც ამან მოუტანა სიმშვიდე, უცნაურად ბორგავდა. ფანჯარასთან მივიდა და იმ ბინას შეხედა, სადაც ანდრო და თეკლა ცხოვრობდნენ. დიდხანს უყურებდა და ნათლად იღდგენდა ყველა მომენტს, როდესაც უძილო და თეთრად გატარებული ღამეების დროს მათ ხედავდა და ჩუმად ადევნებდა თვალყურს. რაფაზე ჩამოჯდა და გონებაში ალაგებდა ეპიზოდებს, რომლებსაც მეორე დღიდან შექმნიდა. ხანდახან, პატარა, ფერად და წებვად ფურცლებს მივარდებოდა, რამდენიმე ფრაზას ინიშნავდა, რომ არ დავიწყებოდა, კედელზე აკრავდა და კვლავ აგრძელებდა სიუჟეტების გონებაში განვითარებას.
მეორე დღეს ფეხი არსად გაუდგამს. წინა ღამის განმავლობაში ღრმად გამჯდარ აზრებს უხმობდა და დიდი მონდომებით მუშაობდა:

თავი 12
კვირაზე მეტი იყო გასული, ლუკა დვალი თეკლას არ დაჰკავშირებოდა. არც ზარებს და ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობდა. ამ ფაქტმა სესიაშვილი ჯერ გააბრაზა, შემდეგ ძალიან შეაშინა. სახლშიც მიაკითხა, მაგრამ დამლაგებელი ქალი დაუხვდა. მოახსენა, ბინა დღიურ გაქირავებას ექვემდებარებოდა და მეპატრონე იმ საღამოსაც მორიგ სტუმრებს ელოდა. თვალებს და ყურებს არ უჯერებდა. რამდენჯერმე გადაამოწმა კორპუსის ნომერი, სართული და ბინის ნომერი, რათა დარწმუნებულიყო, არაფერი ეშლებოდა. ბოლოს ლუკას არაკეთილსინდისიერებაში დიდი ეჭვი შეიტანა და აღშფოთებული გაეცალა იქაურობას.
სახლში შესვლისას უნდოდა, ბოლო ხმაზე ეყვირა და შიგნით დაგროვილი ვარამისგან დაცლილიყო, მაგრამ ანდროს დანახვაზე ესეც ვერ მოახერხა. გრძნობები გავარვარებული ლავასავით ეძალებოდნენ ამოსახეთქად და მიხვდა, ცოტაც და უარესი დაემართებოდა. მოულოდნელად, კარი გააღო და გაიქცა. თავადაც ვერ გაიაზრა, როგორ აღმოჩნდა ლისის ტბაზე - იქ, სადაც ორივეს უყვარდა განმარტოება. წყალთან ჩამოჯდა და თვალი ლურჯ სივრცეს გაუშტერა. ფიქრის თავიც არ ჰქონდა, მხოლოდ საყვარელი მამაკაცის სახე ედგა თვალწინ და ყველა გრძნობა ერთმანეთში ეხლართებოდა. ყველაზე მეტად გაურკვევლობა უღებდა ბოლოს. ვერ დაედგინა რომელი თამაშის მონაწილე იყო, რატომ მოატყუეს, ან რა საფუძველი ედო მათ ურთიერთობას. სიყვარული, იმედგაცრუება, ბრაზი, ბოღმა და ტკივილი გულში ისე დაგუბებოდა, ვერსაიდან ეპოვა გზა გადმოსასვლელად და თუხთუხს განაგრძობდა. საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მის მობილურზე ანდროს ნომრიდან ზარი შევიდა. უემოციოდ უპასუხა, ადგილსამყოფელი უთხრა და მაშინვე გაუთიშა.
აღელვებული ბიძაშვილი ქოშინით მიადგა ტბის პირას მყოფს. თეკლა ნირწაშლილი დაუხვდა, თავიც არ მიუბრუნებია მისკენ, საცოდავად მობუზულიყო და კანკალებდა.
-ამ შუაღამისას აქ რას აკეთებ? - გვერდზე მიუჯდა ანდრო.
გოგონა დუმდა. არც იმის თავი ჰქონდა, მისთვის რამე აეხსნა, არც სურვილი.
-ვერ ხვდები, რომ გცივა? -თხელი ქურთული გაიხადა და გოგონას მხრებზე მიაფარა.
თეკლამ ქურთუკი ჩაიცვა და ბიძაშვილს მიმართ მადლობით შემოიფარგლა. ანდრომ ხელი თხელ თითებზე წაატანა:
-სულ გაყინულხარ. მომეცი ხელები, გაგითბობ.
თეკლა ინსტინქტურად დაემორჩილა. ანდროს გაყინული ხელები ეჭირა და თითებს ნაზად ეხებოდა. გოგონამ სითბო იგრძნო, მზრუნველობაც, ლტოლვაც და ესიამოვნა. თითქოს ელექტრონებივით გადაეცემოდა მის სხეულს მამაკაცისგან წამოსული ემოციები და გაურკვეველ ბადეში ჰხვევდნენ. ეს რაღაც ახალი იყო, ძლიერი და მოსწონდა, რომ უფრო ღრმად ტოპავდა. არ უნდოდა, შეეჩერებინა და წინააღმდეგობა გაეწია. მის წინ მდგომს მეტისმეტად ახლო ადამიანად გრძნობდა, იმაზე მეტად, ვიდრე უნდა ეგრძნო. გული აუჩუყდა. მოუნდა, დაგროვილი სევდისგან როგორმე გათავისუფლებულიყო და მასთან ნუგეში ეპოვა. თვალები დაბლა დახარა და ცრემლები გადმოაფრქვია.
-შენ რა, ტირი? -თეკლას ცრემლებმა სხვა სამყაროში გადასროლილი ანდრო გონს მოიყვანა.
გოგონას ხმა არ გაუცია, ტირილს უმატა.
-ვინმემ რამე გაწყენინა და არ ამბობ?
თეკლამ ხელები გაუშვა და დასველებული ღაწვები მოიწმინდა.
-თუ შენი ცრემლების მიზეზი ის არის, ვისზეც ახლა გავიფიქრე, გეფიცები, გაჩენის დღეს ვაწყევლინებ,- ავის მომასწავებელი ხმით თქვა და მხეცივით აიჯაგრა.
გოგონამ თავი გაიქნია:
-კარგად გავხდები, როგორმე მოვერევი.
-რას ჰქვია, მოერევი?! იმ ნაბი*ვარი ბიჭის ბრალია ყველაფერი, არა?
-არავის დაცვა არ მჭირდება. თავს გავართმევ.
-მითხარი, რა დაგემართა?
-არაფერი. ცოტა რამეზე მაქვს სადარდებელი? დაგროვდა და ვეღარ გავუძელი.
ანდრო სიმწრისგან ადგილს ვეღარ პოულობდა, აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა.
-სახლში მინდა,- სლუკუნით თქვა და გაგულისებულ ბიძაშვილს ახედა.
ბიჭმა ხელი მხარზე მოჰხვია და სცადა, სიარულში დახმარებოდა.
-ჩემით წამოვალ,-ხელი გააშვებინა და ტაატით გაჰყვა.

***
მიუხედავად ანდროს არაერთი მცდელობისა, თეკლას არაფერი გაუმხელია მისთვის. მომდევნო დღეებში კვლავ განაგრძობდა ლუკასთან რეკვას, მაგრამ სამწუხაროდ, მისი მცდელობები ისევ უპასუხოდ რჩებოდა. მალე დვალმა ნომერიც გათიშა და მთლად მიუწვდომელი გახდა. სხვა გზა რომ აღარ დარჩა, სესიაშვილმა გადაწყვიტა, სამსახურში მიეკითხებინა.
ნოემბრის სუსხიანი დილა იყო. შემოდგომის ცას რუხი ღრუბელი გადაფარვოდა და საწვიმრად უხმობდა ძალებს. სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა, თუმცა ამინდზე სულ არ ფიქრობდა. მიდიოდა და ყურადღებას არ აქცევდა გამვლელთა გაკვირვებულ სახეებს, რომლებიც გაქვავებული სახით მიმავალს ყოველმხრივ აკვირდებოდნენ. ვენებში საკუთარი სისხლის დუღილს და მოძრაობას გრძნობდა. უცებ გაჩერდა, გაავებული გულისცემა როგორმე უნდა დაემშვიდებინა, მაგრამ ისიც არ იცოდა, როგორ... შენობის კედელს მიეყრდნო, ქვით გაწყობილ კედელს შუბლი მიადო და ფეხს არ იცვლიდა. დიდხანს იდგა გაუნძრევლად და გულში ღმერთს ევედრებოდა, რომ ბედს კიდევ ერთხელ არ ემუხთლა მისთვის:
-უფალო, თუ მართლა არსებობ, გადმომხედე და გამაგონე ის სიმართლე, რისი მოსმენაც ძალიან მწადია. თავად ხარ მოწმე, არაფერი დამიშავებია. ნუ გამიმეტებ სისასტიკისთვის, ვერ გადავიტან ლუკასგან მოტყუებას. არ გამწირო, გთხოვ, არ ჰკრა ხელი შენ შვილს.
-გოგონა, ხომ არაფერი გიჭირს?- გაზეთების ჯიხურიდან გამყიდველი ქალი გავიდა და ცნობისმოყვარე მზერით მიადგა.
თეკლამ დაგუბებულ ყურებში ძლივს გაიგონა მისკენ მიმავალი ბგერები და განადგურებული სახით შეხედა უცხო ქალბატონს:
-დიახ... არა... არ ვიცი...
-გეტყობა, რომ კარგად არ ხარ. ჩამოჯექი, -გამყიდველმა სკამი დაუდგა ბარბაცით მოსიარულეს. სასწრაფოდ ვალერიანის ნაყენის წვეთები წყალში შეაზავა და მიაწოდა: -დალიე, გამოგაკეთებს.
თეკლამ ჭიქა გამოართვა და მაშინვე პირისკენ წაიღო. ოდნავ რომ დამშვიდდა, ფეხზე წამოდგა, ქალს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო.
პოლიციის შენობას რომ მიუახლოვდა, ღრმად ჩაისუნთქა და შემინულ შენობაში უყოყმანოდ შეაჭრა. დაბნეული იყურებოდა, ვერ მიხვდა საით წასულიყო.
-რა გნებავთ? ვისთან ხართ?-უეცრად იქ მომუშავე პოლიციელის ბოხი ხმამ გამოაფხიზლა.
-მე.., არ ვიცი, როგორ გითხრათ, მე...-ძალიან დაიბნა.
-მოკლედ მითხარით, ამდენი დრო არ მაქვს,-ხანში შესული მამაკაცი საბუთებით ხელში იდგა და ეტყობოდა, სადღაც ეჩქარებოდა.
-ლუკას ვეძებ.
-ვინ ლუკას?
-აი, საშუალო სიმაღლის, ქერას...
-მოიცა, მოიცა, ლუკა ვინ არის?
-თქვენი თანამშრომელი.
-თანამშრომელი ლუკა,- ჩაფიქრებულმა პოლიციელმა კეფა მოიქექა და გონებაში კოლეგების სიას გადახედა. მსგავსი სახელით ვერავინ გაიხსენა და უსაყვედურა: - ნუ დამტანჯე, ბიძიკო. მაგ ლუკას გვარი არა აქვს? მასე სულიკოსაც ეძებენ და დღემდე ვერ უნახავთ, -ჩაიქირქილა, მაგრამ თეკლას დათრგუნულ სახეს რომ დააცქერდა, მიხვდა, რომ უადგილოდ იხუმრა და უმალვე გაჩუმდა.
-ლუკა დვალი,- მიუგო გოგონამ.
-არავინ მახსენდება,-თავი გააქნია კაცმა და ერთ-ერთ თანამშრომელს გასძახა: -გია, ახლახან რომ დაინიშნა, იმ ახალ თანამშრომელს რა ჰქვია?
-ლექსო ტუღუში,-მიიღო პასუხი.
-ჰო, არა, აქ არავინ მუშაობს ლუკა დვალის სახელით და გვარით.
-დარწმუნებული ხართ?-ელდა ეცა თეკლას.
-დიახ.
-იქნებ გადაამოწმოთ.
-როგორ ფიქრობთ, ამ პატარა შენობაში ჩემ თანამშრომლებს ვერ ვცნობ?-გაუწყრა პოლიციელი.
-კარგი, ბოდიშს ვიხდი და მადლობა,- ზურგი აქცია მამაკაცს და იმედგაცრუებული შენობის გასასვლელისკენ წავიდა.
-სხვა ხომ არაფერი გჭირდებათ? -სიტყვა დააწია კაცმა.
-არა, -ცრემლი ძლივს შეიკავა და სწრაფად დატოვა იქაურობა.
გარეთ დელგმა იყო, ცა იქცეოდა. გოგონა მიდიოდა, მაინც არ ჩერდებოდა და ცდილობდა, წონასწორობა შეენარჩუნებინა, რომ არ დაცემულიყო:
-რომელი ერთი ხარ ლუკა დვალი, თუ ლექსო ტუღუში? სახელსა და გვარშიც იცრუე? კიდევ ერთხელ მიმუხთლა ბედმა. რა საშინელება ყოფილა ღალატი და ორპირობა, - ხმადაბლა წარმოთქვამდა და გრძნობდა, როგორ ეცლებოდა მიწა ფეხებიდან.


თავი 13
რამდენიმე თვემ განვლო. თეკლა ისევ საკუთარ თავში ჩაიკეტა და დიდად არავის ეკონტაქტებოდა. ბოლო შემთხვევის შემდეგ, აღარც უცდია, ლუკა დვალი მოეძებნა. უკვე იმდენი მიზეზი ჰქონდა მისი სიძულვილისთვის, მასთან შეხვედრის სურვილი დაკარგა. ანდრო ვერაფრით ეგუებოდა გოგონას ასეთ მდგომარეობას და ის ფაქტი უფრო ახელებდა, რომ არავის იკარებდა დასახმარებლად. სახლიდან წასვლაზე ფიქრი შეწყვიტა, იმ იმედით, რომ სამსახურის შოვნის აუცილებლობაზე დროებით არ აფიქრებინებდა, დასვენების საშუალებას მისცემდა და ოდნავ მაინც შეუმსუბუქებდა ყოფას. პატარა ბავშვივით უვლიდა და პატრონობდა, თუმცა სინათლის სხივი არსაიდან იკვეთებოდა, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს, თავად თეკლამ არ მოინდომა გარეთ გასვლა და ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გასეირნება. სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მის ცხოვრებაში დიდი გადატრიალება.
შემთხვევით გაზეთი იყიდა და იფიქრა, სამსახურის ვაკანსიებს გადახედავდა. რამდენიმე ადგილას დარეკა და ისეთი პირობები წაუყენეს, საბოლოოდ შეეშვა კერძო დამსაქმებლებთან მონურ შრომაზე და შეურაცხმყოფელ ანაზღაურებაზე ფიქრს. გადაწყვიტა, ბინებში ევლო და დაწყებითი საფეხურის სკოლის მოსწავლეები კერძოდ მოემზადებინა ინგლისურ ენაში. ორი კვირის განმავლობაში, ყოველ ნომერში აქვეყნებდა განცხადებებს და მესამე კვირის თავზე ორი მოსწავლე გამოუჩნდა. დასაწყისისთვის არცთუ ისე ცუდი იყო, მომავლისთვის კი მათი რიცხვის გაზრდას ვარაუდობდა. ძალიან მოინდომა, სწავლების მეთოდებს ზედმიწევნით გაეცნო და თითოეული გაკვეთილი მაქსიმალურად ეფექტიანად დაგეგმა. პატარებთან ურთიერთობა გარკვეულწილად წაადგა მის შინაგან მდგომარეობას და ნელ-ნელა ცხოვრებისკენ გამოიხედა. პირველი ანაზღაურების ნახევარი ანდროს მისცა, რომ ბინის ქირის გადახდაში წვლილი შეეტანა. თავდაპირველად, ბიძაშვილმა თანხის გამორთმევა იუარა, მაგრამ თეკლამ ისეთი სიტყვებით დაუსაბუთა ამის აუცილებლობა, მტერი უნდა ყოფილიყავი, მისთვის დამოუკიდებლად ჩამოყალიბებაში ხელი შეგეშალა.
კმაყოფილი მშობლების რეკომენდაციით მალე თეკლას მოსწავლეების რიცხვმაც იმატა და მიუხედავად იმისა, სწავლასთან ერთად მუშაობასაც ითავსებდა და ძალიან იღლებოდა, იმდენს გამოიმუშავებდა, საკუთარ თავს მეტ-ნაკლებად უარს არაფერზე ეუბნებოდა და სწორედ აღნიშნული სიკეთის გამო, არასოდეს წუწუნებდა. რაც შეეხებოდა ლუკა დვალს, თეკლას ყველა გაფრთხილებული ჰყავდა, რომ ამ თემაზე საუბარი კატეგორიულად ეკრძალებოდათ. არც თავად გოგონა აძლევდა თავს უფლებას, იგი გაეხსენებინა. ეს პიროვნება სამუდამოდ დარჩა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვებით მისი გულის ლაქად, რომელიც თავისი გამოჩენითაც და გაუჩინარებითაც ბოლომდე გამოცანად დარჩა. სამაგიეროდ, ანდროსთან ურთიერთობა მოუწესრიგდა, მათ შორის კვლავინდებური სიმშვიდე და ჰარმონიული კავშირი დაბრუნდა, თუმცა ამჯერად მათ კავშირს კიდევ ახლდა რაღაც ამოუხსნელი, რომელიც უხილავი ძაფებით აკავშირებდა ერთმანეთთან.

***
გეტამ კმაყოფილებით გამორთო ლეპტოპი და ჩაილაპარაკა:
-უკვე დრო იყო, მკითხველისთვის ნამდვილი ლუკა დვალი გამეცნო,- მერე მთელი სხეულით მოეშვა და შეეცადა, დაღლილობისგან და დაძაბულობისგან განტვირთულიყო.
წარსულმა ისევ თავისებური სიჯიუტით შეუტია. კვლავ დაიწყეს შემაძრწუნებელმა ფაქტებმა მწერლის გონების დატბორვა. გეტა ებრძოდა, აღარ უნდოდა არც თუ ისე სასიამოვნო შეგრძნებების განმეორება. შფოთავდა, ოფლი ასხამდა, ხელებით აგდებდა მეხსიერებიდან ამოწვერილ, ტკივილით სავსე მოგონებებს, მაგრამ ვერ უმკლავდებოდა, მაინც არ ეშვებოდნენ. თავს ესხმოდნენ, ხელმეორედ აღვიძებდნენ აწ უკვე განცდილს და კვლავ აუტანლად უფლითავდნენ და აგლეჯდნენ გულის ძარღვებს. თვალწინ წარმოუდგა ყველაზე ნავსიანი დღე, რომელმაც საბოლოოდ მიაღებინა გადაწყვეტილება, რომა მიეტოვებინა. ისევ ხედავდა მისაღებ ოთახში დივანზე ჩამომჯდარ მეუღლეს, რომელიც ჟურნალების მაგიდაზე უნებისყოფო სახით მორფს ამზადებდა ვენაში გასაკეთებლად. ყურებში ესმოდა თავისივე განწირული ხმა, რომელმაც იმ საშინელების დანახვისთანავე გაიჟღერა:
-ღმერთო დიდებულო, არ მჯერა, რომ ამ საზიზღრობას სჩადიხარ.
რომამ ტკივილით სავსე თვალებით შეხედა და თავი იმართლა:
-ვერ ვივიწყებ რეზოს და ბანდის დანარჩენ წევრებს. ისინი ჩემს გამო „დაბრიდეს“. განადგურებული ვარ, უნდა მაპატიო.
-გამორიცხულია! ამის უფლებას არ მოგცემ! მე მორფინისტი ქმარი არ მჭირდება, გესმის?!
-ერთხელ და ორჯერ ამის მიღება ნარკომანად არ მაქცევს.
-არავითარ შემთხვევაში!- გაგულისებული გეტა სასწრაფოდ დასწვდა პრეპარატს და მისი მოშორება განიზრახა. რომა გადაეღობა და შეშლილი თვალებით დააცქერდა:
-ხელი გაუშვი!
-არა!
-გაფრთხილებ, წყობიდან არ გამომიყვანო! გააკეთე, რასაც გეუბნები და შენი ხელით დააბრუნე, რაც აიღე მაგიდიდან.
-არ შემწევს უნარი, ყოველ დღე გიყურო, როგორ იღუპავ თავს. ვერ გადავიტან უშენობას. მე შენთან ერთად ყოფნა მინდა და მიხარია. ხომ ხედავ, შენზე ვარ სიამის ტყუპივით მოწებებული, სუნთქვაც კი მიჭირს უშენოდ. ეს საზიზღრობა ერთად ყოფნის საუკეთესო წუთებს გვაცლის ხელიდან.
-ეგ სიტყვაკაზმული რიტორიკა შენთვის შეინახე და ბევრს ნუ მალაპარაკებ, თორემ ვატყობ, ვერ გადამირჩები.
-სულ დაკარგე თავმოყვარეობა?
-გეტა!-დაიყვირა მამაკაცმა.
-აირჩიე - ან მე, ან ეს! -თვალები დაუჭყიტა ქალმა.
-ნუ მაიძულებ, ის გავაკეთო, რაც ძალიან არ მინდა, -შარვლიდან ქამრის მოხსნა დაიწყო რომამ.
-აღარ გიყვარვარ?
-კარგად იცი, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ, მაგრამ რასაც ახლა მიბედავ, არ შეგარჩენ!
-ამ დღესაც მოვესწარი? ცემას მიპირებ? არ შემეხო, ეს არ გააკეთო, რომა, - თვალებს არ უჯერებდა გეტა.
მამაკაცი მდგომარეობიდან გამოვიდა, თვალები აემღვრა და გალიაში გამოკეტილი მხეცივით ღრიალებდა:
-დააგდე რაც ხელში გიჭირავს! დროზე!
-არა!
-დააგდე-მეთქი!
- დაყრუვდი? არა! არა! არა! - კვლავ ჯიუტობდა ქალი.
წონასწორობადაკარგულმა მამაკაცმა უმოწყალოდ სცემა იმ საღამოს საყვარელი მეუღლე. ყოველ დარტყმაზე გეტას სიმწრით ამოსდიოდა მოგუდული ბგერები და ძლივს უძლებდა ქმრის აგრესიას. კანი უხურდა, ეწვოდა, სტკიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად შიგნიდან დაგროვილი ტკივილი აწუხებდა, რომელიც ძაფის გორგალივით სევდისგან და იმედგაცრუებებისგან ისე დაგორგლილიყო, ყელთან აწვებოდა და ხუთავდა.
გამთენიისას ნაცემი გოგონა მშობლების სახლს მიადგა:
-მორჩა! ყველაფერი დასრულდა, მამა! -ძლივს ამოილუღლუღა და ვასო აბალაკს ნახევრად გონდაკარგული მიეკრო.
-ეს იმ არაკაცის ნახელავია?! - ბრაზით წარმოთქვა კაცმა და ნაცემი შვილის დაჟეჟილ სხეულს დათრგუნული მზერით შეხედა.
გეტამ არაფერი უპასუხა. გული აუჩუყა მამის თანაგრძნობამ და ხმამაღლა ატირდა. როდესაც დედამ ასეთ დღეში ჩავარდნილი შვილი იხილა, ელდა ეცა. სათითაოდ დაუმუშავა ჭრილობები და რამდენიმე დღე მის საწოლს არ მოსცილებია. სახლში დაბრუნებით ქალმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი იმ დიდ სიყვარულს, რომელიც თავის დროზე არაჯანსაღ გარემოში ჩაისახა და ასეთივე ვითარებაში აგრძელებდა განვითარებას.

***
ერთ საღამოს, როდესაც რომას მუქარებით შეღონებული ყოფილი ცოლის მშობლები საჩივრის დასაწერად მილიციის შენობაში წასულიყვნენ, გეტა და თავის პატარა დისშვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ. დეიდა ხუთი წლის ქეთის დამალობანას ეთამაშებოდა. ბავშვის კისკისი და მხიარული შეძახილები მთელ სახლს დადებით აურას ჰფენდნენ და ხალისით აცოცხლებდნენ:
-მაინც ხომ გიპოვე, ჩემო კუდრაჭა,- გეტამ ხელში აიტაცა ბავშვი და რამდენიმე ადგილას წაუღიტინა.
-გამიშვი, -ძლივს ამბობდა ჩაბჟირებული ქეთი და მეტისმეტი სიცილი უკვე კივილში გადასდიოდა.
უეცრად სადარბაზოდან შემავალ კარზე ზარის ხმა გაისმა. როგორც წესი, ოჯახის წევრები ყოველთვის ეზოს მხრიდან შედიოდნენ სახლში და ამ ფაქტმა გეტა გააკვირვა. მიხვდა, რომ ისინი არ იქნებოდნენ. უცნაურმა შიშმა შეიპყრო და ბავშვთან ერთად სადარბაზოს კარისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დაიძრა. შუქზე შორიდანვე დალანდა თეთრ ტანსაცმელში შემოსილი რომა, რომელიც ხის კარებს გამეტებით აწვებოდა და მასში ჩასმულ მინაზე აკაკუნებდა.
-აქ რას აკეთებ?!- მკაცრად დაუყვირა გეტამ და ბავშვს რომ არ შეშინებოდა, მთელი ძალით გულზე მიიკრო.
-კარი გააღე, უნდა გელაპარაკო!
-ყველაფერი დამთავრდა! შეეგუე და მიბრძანდი აქედან!- კბილებში გამოსცრა ქალმა.
-როგორ ფიქრობ, აქედან წამსვლელი ვარ? კარს შემოვლეწავ, ახლავე გააღე!
-ჩემი სათქმელი უკვე გითხარი. შენს მოსმენას არ ვაპირებ!
-გააღე კარი!- დაიღრიალა მამაკაცმა და პირველივე ცდაზე მუშტით ჩამტვრია მინა.
მაშინვე იფეთქა გაჭრილი ხელიდან სისხლმა, თუმცა გაგიჟებული რომა ყურადღებას არ აქცევდა და კარის მეორე ფრთის მინასაც იგივე ბედი მოსწია. ქეთიმ სისხლის დანახვაზე ტირილი მორთო.
-ბავშვს ნუ მიშინებ, ფსიქოპათო! აქ მაინც ვერ შემოხვალ, რკინის გისოსებს ვერ დაამტვრევ, -შეჰკივლა გეტამ და აღელვებული ქეთი გვერდზე ოთახში გაიყვანა დასამშვიდებლად.
დიდხანს ესმოდა ბავშვთან ერთად სხვა ოთახში მყოფს რომას ღრიალი და გისოსებზე ჯაჯგურის ხმა, თუმცა მშვიდად იყო, იცოდა, რომ სახლი კარგად იყო დაცული მასში არასასურველი სტუმრების შეღწევისგან. ატირებულ ბავშვს მლაშე სითხით დასველებულ, ვარდისფერ ლოყებს უწმენდდა და კოცნით უფარავდა გაცხელებულ, პატარა შუბლს. შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა და მოულოდნელი სიმშვიდით ჩაცხრა.
-ნუ გეშინია, ყველაფერი დასრულდა, პატარავ. ცუდი ძია წავიდა,-თავადაც აღელვებული, მთელი გონებით ბავშვის დამშვიდებაზე მომართულიყო, კალთაში ჩაესვა და მიხუტებულს ნელა არწევდა.
-იქით წავიდეთ,-თითი გაიშვირა მინავლებულმა გოგონამ და გეტას კალთიდან ჩაჩოჩება დაიწყო.
-სად მიდიხარ, ქეთი?
-ბებოს და პაპას ოთახში.
-აქ არ არიან, მალე მოვლენ.
-მათთან მინდა,- ამოისრუტუნა და ძლივს დამშვიდებული ისევ სატირლად მოემზადა.
ამჯერად მეორე კარზე გაისმა მტვრევის და ნგრევის ხმა.
-ღმერთო ჩემო, -ნერვიულობისგან მუხლები აუკანკალდა გეტას, ადგილიდან ვეღარ იძვროდა.
ოთახიდან წასასვლელად მომზადებული ბავშვი სირბილით უკან დაბრუნდა და გაფართოვებული თვალებით დეიდას მიეხუტა. პატარას გულის ძგერა ლამის მთელ ოთახში ისმოდა და ამ ყველაფრის შემყურე, უმწეო გეტას ბოლოს უღებდა:
-შენთან ვარ, ქეთი. არ იტირო, ვერაფერს დაგვაკლებს.
-ისევ ის ბოროტი ძიაა?
-ჰო, მაგრამ აქ ვერ შემოვა.
-აღარ მინდა ამ სახლში, წავიდეთ, - ისევ ასლუკუნდა ბავშვი.
გეტა ეზოდან შესასვლელი კარისკენ გაემართა და დაინახა, სისხლში ამოსვრილი რომა, რომელსაც ხის კარები უკვე შეემტვრია და ახლა, საიდანღაც მოტანილ სამშენებლო ბლოკის ნაჭერს რკინის გისოსებს ურტყამდა:
-ვერ მომიშორებ! სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც ჩემი ხარ!
-ავადმყოფი ხარ, რა უნდა გელაპარაკო? ეს ბავშვი მაინც შეიცოდე,- თითით ანიშნებდა ბოლო ხმაზე ატირებულ ქეთიზე.
-შენი აღსასრულის დღე დადგა, გეტა აბალაკო. გეფიცები, მოგკლავ და უჩემობას არ გაპატიებ!
-ბოლო ნუ მომიღე, თავი დამანებე!- ვეღარ გაუძლო გეტამ დატრიალებულ საშინელებას და მუხლებში ჩაიკეცა.
საიდანღაც მილიციის სირენის ხმა გაისმა. რომამ ბლოკი ხელიდან გააგდო და ღამის წყვდიადში გაუჩინარდა. ჩამცხრალი ჩხუბის შემდეგ მეზობლები და მილიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ. დალეწილი მინების, კარების და სისხლით მორწყული ჰოლის დანახვაზე გეტა აბალაკი ჩვენების მისაცემად მილიციის შენობაში გადაიყვანეს, ხოლო ქეთი დროებით მეზობლებმა დაიტოვეს.


***
-შეიძლება?- კარი შეაღო ქეთიმ და გეტა წარსულში ბორიალს მოსწყვიტა.
-როგორ არ შეიძლება, შემოდი,-გაუღიმა დეიდამ და პარკეტზე გართხმული ფეხზე წამოდგა.
-იატაკზე რას აკეთებდი?
-რა ვიცი, აქ უფრო კომფორტულად ვგრძნობ ხოლმე თავს,-სერიოზული სახით იცრუა ქალმა და უღონოდ აიჩეჩა სუსტი მხრები.
-ყავას დალევ? შენთვის გავაკეთე,- თბილად გაუწოდა იასამნისფერი ჭიქა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა.
-მადლობა, სიამოვნებით გეახლები, -თბილ ჭიქას გაყინული თითები შემოჰხვია და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა.
-სულ მინდოდა, მეკითხა და თავი ვერ მოვაბი: -რატომ შეიყვარე იასამნისფერი?
-განსაკუთრებული მიზეზი არ მაქვს. ისე, უბრალოდ,- ისევ იცრუა ქალმა.
-ტანსაცმელი, ნივთები... ყველაფერში ეს ფერი დომინირებს. ვიფიქრე, რამე, მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა.
გეტამ რამდენიმე ყლუპი ყავა მოსვა, სავარძელი ქეთისთან ახლოს მისწია და ერთადერთ დისშილთან საიდუმლო დიალოგი გამართა :
-ფერებზე საუბარს თავი დავანებოთ. მეც მაქვს შენთან ერთი კითხვა.
-გულისყურით გისმენ.
-ჩემი კითხვა წარსულის ერთ დღეს უკავშირდება. მაშინ სხვა მისამართზე ვცხოვრობდით. ოთხი წლის იყავი და არ ვიცი, რამდენად გახსოვს. ღამე იყო. მე და შენ მარტო ვიყავით. მოულოდნელად კარზე ზარი გაისმა. მის გასაღებად რომ წავედით, ზღურბლთან თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი იდგა, სახლში შემოსვლა უნდოდა, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით.
-შენს პირველ ქმარს მახსენებ?
-ჰო.
-იმ საშინელ ღამეს რა დამავიწყებს?
-ყველაფერი გახსოვს?
-დიახ,- დაიჩურჩულა სახეშეცვლილმა ქეთიმ.
-რატომღაც მეგონა, აღარ გემახსოვრებოდა, მაგრამ ვატყობ, მსგავს ამბებს ღრმად ვიბეჭდავთ ადამიანები მეხსიერებაში.
-რამ გაგახსენა?
გეტამ მძიმედ ამოიქშინა, მერე დისშვილს შეხედა და კვლავ გააგრძელა:
-ბოლო დროს უცნაური რაღაცები დამჩემდა. ნათლად ვხედავ განვლილ ცხოვრებას და ხელმეორედ გავდივარ იმ გზას, რაც დიდი ხნის წინ გავიარე.
-ვერ მიგიხვდი.
-კარგი, უფრო დაგიკონკრეტებ, თუმცა მსგავსი რამ ადრეც მითქვამს შენთვის. რაღაც პერიოდი ცხოვრებისგან დაბეჩავებულ გეტას გავექეცი და მწერალი გეტა აბალაკი შევქმენი. რაც კი მასში ძლიერი იყო, წინა პლანზე წამოვწიე და ყველა ძირითადი თვისება ხელოვნურად დავუკარგე. ყველაფერი წავართვი, გრძნობებიც კი და მხოლოდ ცივი გონებით მოაზროვნე ადამიანად დავტოვე. წავუშალე წარსული და ჩემი სხეულის პატარა კუთხეში მივყუჟე. მძულდა და თან მეცოდებოდა. ვერ ვიტანდი, როცა მეწინააღმდეგებოდა. მინდოდა ბოლომდე ჩამეკლა და ერთხელ და სამუდამოდ ამეგლიჯა, მაგრამ მის პიროვნებას მხოლოდ ვპრესავდი, საბოლოოდ ვერ ვაქრობდი. აი, ახლა კი, ვატყობ, იღვიძებს, წარსულს მახსენებს და აწმყოს მართმევს. როგორ აგიხსნა? თითქოს თავისი აწმყოთი იწყებს ცხოვრებას. მე კი ეს არ მომწონს და ყოველ დღე ვებრძვი.
-თუ სწორად გავიგე, წარსულის მოგონებები გაწუხებენ. კი, ზუსტად გახსოვს, ეს ადრეც აღნიშნე ჩემთან.
-წარამარა ვჩეხ ამ მოგონებებს და შემდეგ ტვინის ნაგავსაყრელზე ვუძახებ, მაგრამ მაინც არ იხრწნებიან, არ იშლებიან, ისევ ცოცხლობენ და არ მეშვებიან.
-გარემო რომ შეიცვალო? ან ახალი ჰობი შეიძინო?
-არა, რასაც ახლა ვწერ, მინდა, ბოლომდე მივიყვანო. ამჟამად მეტი არაფერი მაქვს სანაღვლებელი.
-რა სიხშირით გაწვალებენ წარსულის მოგონებები?
-თითქმის ყოველ დღე. სწორედ ამის გამო, ვინ იცის, ხეირიანს ვეღარ ვქმნი და რედაქტორმა დამიწუნოს კიდეც.
-რაზე წერ?
-ორ ფსიქოლოგიურად შერყეულ და ტრავმაგადატანილ ადამიანზე, რომლებიც ერთი საბედისწერო შემთხვევის გამო, იმდენად სუსტდენიან, საკუთარ სადავეებს კარგავენ და რასაც ჩვეულებრივად, ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოების წევრები შინაგანად კოდს ვადებთ და გავურბივართ, ისინი ყველაფერს განბლოკავენ და საკუთარი საქციელით ცოდვის ძალის მონები ხდებიან.
-რაზე მიმანიშნებ?
-ნათესავების სქესობრივ კავშირამდე დასულ სიყვარულზე.
-ინცესტზე?
-დიახ,-ღრმად ამოიოხრა მწერალმა.
-რამ გადაგაწყვეტინა, რომ ეს თემა წამოგეწია?
-ნამდვილმა ამბავმა, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჩვენს ქუჩაზე მოხდა და არც თუ ისე სასიკეთოდ დასრულდა.
-მაინც როგორ დასრულდა?
-ცუდად, მაგრამ დეტალების მოყოლას ნუ მთხოვ, სანამ არ დაიბეჭდება, მანამდე ვერავინ ვერაფერს იხილავს.
-საინტერესო თემაა, -ტუჩები დაბრიცა ქეთიმ.
-რაც რეალურია, ის ყოველთვის საინტერესოა. ოცდამეერთე საუკუნემ კაცობრიობა იქამდე მიიყვანა, ხალხმა ნამდვილსა და ტაბუდადებულ თემებში, ან ფენტეზიში ჰპოვეს შვება და სიამოვნება. სხვა დანარჩენი, ადამიანის ფსიქოლოგიის გარდა, უკვე კარგად გადაღეჭილი და თითქმის ამოწურული თემებია.
-თუ რამე ახალი აღმოჩენა არ გააკეთეს...
-მაშინ კი მიეცემა ყველას ერთად საქმე.
-ვაღიარებ, დამაინტრიგა შენმა ნაწარმოებმა, მაგრამ არაუშავს, გამოქვეყნდება და წავიკითხავ.
-ასე აჯობებს.
-კარგი, ჩემი წასვლის დრო მოვიდა. როცა მოვიცლი, კიდევ შემოგირბენთ. ნანიკოს დავემშვიდობები და გავიქცევი.
-დროებით, ქეთი,-ღიმილიანი სახე გააყოლა დეიდამ და ფინჯანში დარჩენილ ყავას მიუბრუნდა.


***
რაც დრო გადიოდა, მით უფრო უჭირდა გეტას ნაწარმოებზე კონცენტრირება. ხვდებოდა, ძალას ჰკარგავდა. აღარც გონება ემორჩილებოდა და აღარც ფიზიკური სიჯანსაღე უწყობდა ხელს ნორმალური ცხოვრების გასაგრძელებლად. ყველაფერი მობეზრებული ჰქონდა, ვეღარაფერში პოულობდა თავის წილ ბედნიერებას. მხოლოდ ანდროს და თეკლას ნაწარმოებად გადაქცეული ამბის დასრულებაზე ფიქრობდა. ეს ამბავი ისე ეჩქარებოდა, როგორც მოწყურებულს -წყაროსთან მისვლა. მწირი ლექსიკისთვის და ობმოკიდებული გონებისთვის რომ ეშველა, დღე და ღამე სხვა ავტორების წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და დროებით გამოსავალს ამაში პოულობდა. როგორც იქნა, თავი მოიმძლავრა და მეცამეტე თავის გაგრძელებას საშველი დააყენა:


ერთ დღეს, სახლში დაბრუნებულ თეკლას სამზარეულოს დაბალ კარადაზე შემომდგარი, პატარა აკვარიუმი და მასში მყოფი ლურჯი თევზი დაუხვდა.
-იაპონური ბეტა- სწორედ ისეთი, მე რომ მინდოდა,- აღტაცებით თქვა და მშვიდად მოცურავე ხასხასა, ლურჯი შეფერილობის, დიდფარფლებიან თევზს ღიმილით მიაშტერდა.
-მოგწონს?- უკნიდან ანდროს ხმა გაისმა, თეკლას მიუახლოვდა და კმაყოფილი სახით შეხედა აკვარიუმს.
გოგონა შეკრთა. რატომღაც მოეჩვენა, რომ ბიჭის ხმაში ნამეტანი სითბო იგრძნობოდა. ოდნავ დაიბნა, მაგრამ თავი მალევე შეაფხიზლა და თვალები გაუსწორა:
-შენ მიყიდე?
ბიძაშვილმა თავი დაუკრა, ისე, რომ თვალი არ მოუშორებია მისთვის.
-მადლობა.
-იცი, როგორ უნდა მოუარო?
-არა.
-მე გასწავლი, რთული მოსავლელი არ არის,-საჭმლით სავსე კონტეინერი მიაწოდა და გააგრძელა: - დღეში ერთხელ, ძალიან ცოტა აჭამე, მეტი არაა საჭირო, წყალი მაშინ უნდა გამოუცვალო, როცა აიმღვრევა. მოჩხუბარის სახელით რომ არის ცნობილი, ეგ კი გეცოდინება, ამიტომ სხვა თევზი არ მოუყვანო, ვერ შეეგუება.
-სულ ეს არის?-მორიდებით ჰკითხა თეკლამ.
ბიჭმა კვლავ დაუკრა თავი და ბიძაშვილის რეაქციას აკვირდებოდა. არ გამორჩენია, რომ გოგონა უხერხულად გრძნობდა თავს, მის მწველ მზერას ვეღარ უძლებდა.
-საიდან გაიგე, რომ ეს თევზი მინდოდა?
-ვერაფერს გამომაპარებ, თეკლა. იმაზე მეტი ვიცი შენზე, ვიდრე გგონია.
გოგონას ოფლმა დაასხა, ბიძაშვილს მოუბოდიშა და სააბაზანოში შევარდა, რომ თავი ცივი წყლით მოესულიერებინა:
-ჯანდაბა, რა გვემართება ორივეს? ასე არ უნდა ხდებოდეს. ეს არ შეიძლება! - გულაჩქარებული ფიქრობდა და სირცხვილისგან ჯერ კიდევ გავარვარებულ, სველ სახეს სარკეში აკვირდებოდა.
რამდენიმე წუთში აბაზანის კარი გააღო და სამზარეულოსკენ გაიხედა. აინტერესებდა, ბიძაშვილი ისევ იქ იყო, თუ წასულიყო. როცა დარწმუნდა, ანდრო სამზარეულოში აღარ იმყოფებოდა, თევზს მიაკითხა და საკმაოდ დიდი ხანი დაჰყო მასთან. ხან ერთ მხარეზე გადასწევდა თავს, ხან მეორეზე და არ ბეზრდებოდა სახლის ახალი ბინადრისთვის თვალის დევნება. ანდრო მისგან მალულად შორიდან აკვირდებოდა, მოსწონდა თეკლა რომ გაახარა და დროდადრო ჩაეღიმებოდა ხოლმე.

***
გეტამ მალე მეთოთხმეტე თავისთვისაც გამონახა ენერგია და განსაკუთრებულ ეპიზოდს დიდი პასუხისმგებლობით და სიფაქიზით მოეკიდა:

თავი 14
თებერვლის თვე იწურებოდა. ზამთარი ყინვით და დაუცხრომელი, ქარიანი დღეებით ბოლოჯერ იქნევდა კუდს. ცუდი ამინდის მიუხედავად, თეკლა დილიდანვე ამაღლებულ განწყობაზე იყო და ნაცნობ სტილისტთან მიიჩქაროდა, რომელიც რამდენიმე დღის გადასული იყო ახლად გახსნილ სალონში. მითითებულ მისამართს რომ მიუახლოვდა, სიარული შეანელა და პირველ სართულზე გახსნილი კომერციული ობიექტების დაკვირვება დაიწყო.
-მართა, შეჩერდი! -საიდანღაც ქალის ყვირილი მოესმა.
მისი ყურადღება დაახლოებით ორი წლის პატარა გოგონამ მიიქცია, რომელიც სავარაუდოდ მშობელს გამოჰპარვოდა და ტრანსპორტით დატვირთული გზისკენ მხიარული სახით მიიწევდა. ქალი შეშლილი სახით მისდევდა. თეკლას მეტი ბავშვს ვერავინ შეაჩერებდა, ყველაზე ახლოს ის იყო მასთან. არ დაიბნა, დაედევნა და სწორედ მაშინ, როდესაც გაქანებული ავტომანქანის მძღოლი მის წინ გადამხტარი ბავშვის გადასარჩენად ამუხრუჭებდა, თეკლამ პატარა გოგონა ხელში აიტაცა და მასთან ერთად წამებში გადახტა ტროტუარზე. ბავშვი დაბნეული სახით აცეცებდა თვალებს. ვერაფერს მიხვდა, რა მოხდა. მანქანის მძღოლმა ავტომობილი გააჩერა და შეშლილი სახით მივარდა ორივეს:
-ვისია ეს ბავშვი?
-არ ვიცი,- თავი გააქნია თეკლამ.
-კინაღამ დავიღუპე! ლამის ცოდვაში ჩავდგი ფეხი,- ერთიანად კანკალებდა კაცი.
-მართა!- კვლავ გაისმა ქალის ხმა.
-მართა!-აღელვებული მამაკაცის ნაცნობი ხმაც გაიგონა თეკლამ და მის დანახვაზე, გაოცებისგან პირი დააღო.
ბავშვს ფრთხილად შეხედა და კარგად შეათვალიერა. გოგონას პატარა, ვარდისფერი ტუჩები გადმოებრუნებინა და შეშფოთებული მშობლების განწირული ხმით ყვირილის გამო, სატირლად ემზადებოდა. ამასობაში, დედ-მამაც მიადგნენ და თეკლას ბავშვი გამოართვეს.
-დაქალთან ჭორაობ და შენი შვილი რას აკეთებს, სულ არ გადარდებს, არა? -აგრესიულად მიმართა მამაკაცმა ორსულ ქალს.
-ყველაფერი წამებში მოხდა, რას წარმოვიდგენდი, თუ...
-კარგი, მე დაგტოვებთ, მთავარია, მართა კარგად არის,- საუბარში ჩაერთო თეკლა და სახეზე შემოხვეული კაშნე გაისწორა.
-ასე არ შეიძლება, ლამის შარში გამხვიეთ, შემდეგში ფრთხილად იყავით! - გაფითრებული სახით წამოიძახა მანქანის მძღოლმა და ბურდღუნით გაეცალა იქაურობას.
ის იყო, მამაკაცი შვილის გადარჩენისთვის თეკლას მადლობის სათქმელად შეუბრუნდა, როდესაც ნაცნობი ნაკვთები ამოიცნო და პირზე მომდგარი სიტყვა შეეყინა.
-არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ, ჩვენს შვილს მეორე სიცოცხლე აჩუქეთ, - ლუღლუღებდა დედა.
-ჰო, მე... მადლობის მეტი არაფერი მეთქმის... -ძლივს წარმოთქვა ბავშვის მამამ და თვალები დახარა.
-ლექსო, მე ბავშვს წავიყვან და მანქანაში დაგელოდები, თორემ ლამის არის წავიქცე, ცუდად ვარ,-წარმოთქვა ქალმა და მისიკვდილებული სახით გაეცალა თეკლას და მეუღლეს.
-რა თქმა უნდა, ამის დრო და ადგილი არ არის, მაგრამ მინდა, ყველაფერი აგიხსნა,- უთხრა მამაკაცმა.
-არაფრის ახსნა არ მსურს, თავი არ შეიწუხო.
-იქნებ, დრო გამოძებნო და ერთ დღეს შევხვდეთ. მინდა, სიმართლე იცოდე.
-უკვე ვიცი შენი მანქანიერობის შესახებ. ფაქტები ჯიუტია.
- ვიცი, არაკაცურად მოვიქეცი და ...
-თუნდაც იმიტომ აღარ შეგხვდები, რომ შენი მზაკვრული სიფათის ყურება მეტჯერ აღარ მომიწიოს. შენ... -გულის რევის შეგრძნებამ შეაწუხა, მაგრამ მალევე მოერია და ზიზღნარევი სიტყვებით განაგრძო: -ნებისმიერი ცოლის მოღალატე მამაკაცი გჯობია, რომელიც სახელს და გვარს არ მალავს, საყვარელს მის სახელს არქმევს და იმ ურთიერთობის იქით, არაფერს ჰპირდება. ფუი, შენს ადამიანობას, გარყვნილი და ფლიდი ყოფილხარ!
-თეკლა, მომისმინე! ისე არ არის, როგორც ფიქრობ.
-გაჩუმდი! ეს ხმა აღარ გამაგონო! -ხელი აუწია და გაწითლებული ცხვირის ქვეშ ათრთოლებული ტუჩები სილურჯეში გადაუვიდა.
-ნება მომეცი, სახლამდე მიგაცილო. ამით მაინც გამოვხატავ მადლიერებას, რაც ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გააკეთე.
-ხმა-მეთქი! ნუღარ მელაპარაკები! -მკაცრად უთხრა და ზურგი აქცია.
იდგა გაძეგლებული ლექსო ტუღუში გაურკვეველ ვითარებაში და აღარ იცოდა რა მოემოქმედებინა. რამდენიმე წუთში თავს იმდენი რამ დაატყდა, მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდა.


***
განსაკუთრებული დღე განსაკუთრებული იუბილარისთვის! - სახლში დაბრუნებულ თეკლას მეგობრები და ანდრო ტორტით და შამპანურის ბოთლებით დაუხვდნენ.
-რამ განმასაკუთრა?- ნაძალადევად ჩაიცინა, სურვილი ჩაიფიქრა და სანთლები ჩააქრო.
-რას ჰქვია, რამ განგასაკუთრა? - მხიარულად იკითხა კუსამ,- სხვებისგან განსხვავებით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთი წელი გემატება და გვიან დაბერდები.
-ვითომ?- გაეღიმა თეკლას და პირველი ნაჭერი ჩამოჭრა.
-მახსოვს, როგორ ტიროდი ხოლმე, შენი დაბადების დღე ოთხ წელში ერთხელ რომ დგებოდა,-დასძინა ანდრომ.
-მეც მახსოვს, - სიმორცხვისგან სახეზე სიწითლემ გადაუარა თეკლას.
საღამო საინტერესოდ წარიმართა. მეგობრებმა იუბილარი ადღეგრძელეს, სასიამოვნო ამბებზე საუბრით იხალისეს და მალევე წავიდნენ.
მარტოდ დარჩენილი თეკლა სევდამ შეიპყრო. გონებაში კადრებად ესახებოდნენ ლექსო ტუღუშთან გატარებული დღეები და ნერვებს უწამლავდნენ. მერე სილუეტები ერთმანეთში ირეოდნენ და ყველაფერი ჭრელდებოდა, რამდენიმე ფერში გადადიოდა და ბოლოს შავდებოდა.
-ჯანდაბა! ეს რატომ ჩაიდინე, არაკაცო?!- ღრიალით ამოხეთქა, მაგიდის შუაგულში დადებულ ლარნაკს ხელი დაავლო და მთელი ძალით დააზღერთა იატაკზე. სამად გაყოფილი ლარნაკის ნაწილები აქეთ-იქით გაიშალა, თავად თეკლას კი ტირილი აუვარდა.
ლეწვის ხმის გაგონებაზე, ანდრო მაშინვე ოთახში შეიჭრა და აქვითინებული ბიძაშვილი ფეხზე წამოაყენა. დივანზე ჩამოსხდნენ. რამდენიმე წუთში თეკლა როგორც იქნა, დამშვიდდა და ანდროს მხარზე მიადო თავი. ბიჭი ხმას არ იღებდა, არაფერს ეკითხებოდა, რომ კიდევ მეტად არ გაენერვიულებინა. მოთმინებით უყურებდა მისი მხრის ქვეშ მობუზულ თეკლას, რომელსაც გახშირებული სუნთქვა ჯერ კიდევ ვერ მოეშორებინა. ოთახში განავარდებულ სიჩუმეს გოგონას კაეშანით მოდებული ოხვრა ეწეოდა. ანდრომ თვალები დახუჭა და ღრმად გაჰყვა ფიქრებს. უეცრად, გოგონამ მისი მხრიდან თავი აიღო და შეხედა. რამდენჯერმე დააპირა, თითებით მის სახეს შეჰხებოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა და ნატიფი თითები მის გახურებულ ბაგეებს დაადო. ბიჭმა უმალ გაახილა თვალები და რაღაცის თქმას შეეცადა, მაგრამ გოგონამ შეაჩერა:
-ჩშ!
ორივეს სუნთქვა ერთმანეთში ირეოდა, სიჩუმეს ახლა საიდანღაც აკრძალული ვნება ეპარებოდა, თუმცა ანდრო მაინც ცდილობდა, რომ მოახლოებულ საფრთხეს შესწინააღმდეგებოდა. თეკლას ხელი გააშვებინა და უარის ნიშნად თავი გააქნია.
-იცი, რომ ძალიან ლამაზი ტუჩები გაქვს? მომეცი უფლება, შეგეხო,-არ ეშვებოდა გოგონა,- ისეთი წითელია, თბილი, ვნებიანი და თანაც სექსუალური...
-არ გვინდა, კარგს არაფერს მოგვიტანს, - უხსნიდა ანდრო.
-ნუ გეშინია, ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ორს გვეცოდინება და მეტს - არავის.
ანდრო ცდუნებას ვეღარ უძლებდა, ქალის სურვილით შეპყრობილს ყოველ მის შეხებაზე სიამოვნებისგან ვნება უცხოველდებოდა:
-ვეღარ გავდივარ შენი ლაბირინთიდან. ცუდად მომიმწყვდიე.
-ამ ლაბირინთს სიყვარულის ხეივანი ჰქვია. ჩვენ აქ დიდი ხანია ვსეირნობთ, თუმცა არცერთი ვუტყდებით ერთმანეთს გრძნობებში. როდემდე უნდა ვიყოთ სურვილის პატიმრები?
-თეკლა, ნუ გააღვიძებ ჩემში შენდამი რამდენჯერმე მისუსტებულ ლტოლვას.
გოგონა აღარ უსმენდა, ფაქიზად ეხებოდა და ნაზი კოცნებით იწვევდა. მაინც დაეწია ოთახში განავარდებულ სიჩუმეს ვნება და იქიდან გააძევა. მერე მოხდა ის, რასაც ორივე მათგანი დიდი ხნის განმავლობაში გაურბოდა. აღმოჩნდნენ ისეთ სამყაროში, სადაც დღის შუქზე ვარსკვლავები ანათებდნენ, მდინარე მათ თავზე მიედინებოდა, მზე დასავლეთიდან ამოდიოდა და აღმოსავლეთით ჩადიოდა, ხოლო ღრუბლებზე დაკიდებულ საქანელაზე თავად ისხდნენ და ბედნიერებისგან ირწეოდნენ.
-მაპატიე, გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. ეს დანაშაულია! - არეული სახით დასწვდა ძირს დაყრილ ტანსაცმელს ანდრო და ჩაცმა დაიწყო.
-სადაც ვერ ვხედავ დაზარალებულს, იმ ქმედებას დანაშაულს ვერ დავარქმევ, -უწყინარი სახით აღნიშნა თეკლამ და დივნიდან წამოდგა.
ანდროს ცივი ოფლი ასხამდა. აივანზე გავარდა და ცარიელ ქუჩას ზემოდან დახედა.
-კარგი, რა. ასე ნუ განიცდი, -გვერდით ამოუდგა ბიძაშვილი და ანდროს მსგავსად, ქუჩას ჩახედა.
ბიჭი წამდაუწუმ ოფლს იწმენდდა შუბლიდან. თეკლა მშვიდად იდგა და ახლო-მახლო მდებარე შენობებს ათვალიერებდა. მოულოდნელად, მოპირისპირედ მდგარი კორპუსიდან ვიღაც ქალის მკაცრი მზერა დაიჭირა. გულმა რეჩხი უყო, რომ მან ყველაფერი დაინახა.
-ანდრო,- ხელი მიჰკრა ბიძაშვილს.
ბიჭმა მჭმუნვარედ გახედა.
-მოპირდაპირე მხარეს, მეოთხე სართულზე რომ ფანჯრიდან ქალი გვიყურებს, რატომღაც მგონია, ყველაფერი იცის ჩვენზე.
ანდრომ ქალს შეხედა და ღრმად ამოიგმინა:
-ურჩხულის მზერა აქვს!- მხოლოდ ეს თქვა და თავზარდაცემული ოთახში შებრუნდა.
თეკლა თავხედურად უყურებდა თვალებმობრიალე მეზობელს, თითქოს საყვედურობდა, რა შენი საქმეა სხვის ფანჯრებში ყურებაო, მაგრამ ცოტა ხანში ვეღარ გაუძლო მისგან მომდინარე, მზესავით მცხუნვარე მზერას და ისიც ბიძაშვილივით მალევე გაუჩინარდა აივნიდან.


***
-პანდორას ყუთი გაიხსნა! - ბოროტად ჩაიცინა მწერალმა, - ვნახოთ, როგორ გადაურჩებით, ახალგაზრდებო გავეშებული საზოგადოების რისხვას. ისე, უჩვეულოა, ვერასოდეს წარმოვიდგენდი, საკუთარ თავს თვალებმობრიალე ურჩხულად თუ მოვიხსენიებდი, - აკრეფილი ტექსტი შეინახა, ლეპტოპი გამორთო და სახლიდან გავიდა.
უგზო-უკვლოდ დაიარებოდა, მაგრამ ამაში პოულობდა სიამოვნებას. უყვარდა ღამის ქალაქში მარტო ხეტიალი, სადაც ტროტუარებზე ხალვათად მოსიარულე ხალხი ხვდებოდა. შუქებით გაჩახჩახებულ რუსთაველზე გავიდა და ორმაგად განათებულმა ქუჩებმა თვალი მოსჭრეს. პარლამენტის შენობას რომ ჩაუარა, ცხრა აპრილის მემორიალთან გაჩერდა. წესიერად ვეღარაფერს ხედავდა, თვალებში გამოსახულებები ყვითელ და შავ სილუეტებად ირეოდნენ. ერთხანს გაჩერდა და სხეულში წარმოქმნილ ალიაქოთს შეწყვეტას დაელოდა, მაგრამ გარეგანი საბუდებელი თითქოს მძიმე ზეწოლას ახდენდა მასზე, კარის გაღებისა და გამოსვლისკენ მოუწოდებდა. ცუდად გახდა, ხელის ცეცებით ნელ-ნელა მიიწევდა წინ, ვიდრე თავბრუსხვევამ არ შეაწუხა. მერე, ძირს დაჯდა და ღრმად ჩაისუნთქა, დაელოდა, ვიდრე მდგომარეობა არ გამოუსწორდებოდა. ყურებში ატეხილი გუგუნიდან კარგად გამოარჩია 1989 წლის 9 აპრილის ღამეს გაჟღერებული სიმღერები და თავისუფლებისთვის მებრძოლ მანიფესტანტებში რამდენიმე მოცეკვავეც დაინახა. გულადი პატრიოტების წინაშე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II-ეც გამოჩნდა:
„მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!“ -თეთრწვერა მოხუცმა პირჯვარი გადაიწერა, ანთებული სანთლებით მდგომ სულიერ შვილებსაც გადასწერა და გააგრძელა: -„თქვენ იცით, რომ საქართველო არის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი. თქვენ იცით, რომ საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსაცდელი უნახავს საქართველოს და მრავალგზის უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გადაურჩენია საქართველო. აი, დღესაც, ჩვენ ვდგავართ რეალური საშიშროების წინაშე. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი, ამიტომ, მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება, ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი, ამიტომ, ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევწიროთ უფალს.“
კათოლიკოს პატრიარქმა მოწოდება დაასრულა და მანიფესტანტებს გადახედა. რატომღაც სდუმდნენ... ჭოჭმანის შემდეგ მხოლოდ რამდენიმემ გაბედა, უარით ცხადად დაეფიქსირებინა საკუთარი აზრი. იმედგაცრუებულმა ერის სულიერმა წინამძღოლმა სინანულით გადახედა სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ ხალხს და იქაურობას გაეცალა.
დაახლოებით დილის ოთხი საათი იყო, როდესაც რუსთაველის გამზირზე ჰაერს სიკვდილის და სისხლის სუნი ეპარებოდა. საგანგებოდ შეყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი მომიტინგეები და ქიმიური საშუალებებით, სასანგრე ბარებით, ცეცხლსასროლი იარაღებით, ჯავშანტრანსპორტიორებით და ტანკებით უახლოვდებოდნენ. ხალხში ჩოჩქოლი ატყდა. პანიკაში ჩავარდნილმა გეტამ მეგობრებს დაუწყო ძებნა, რომ როგორმე გზა მოეძებნათ და ერთმანეთზე მოსიარულე ხალხის ბრბოდან თავი დაეღწიათ. სირბილის დროს ვიღაცის ფეხს გამოედო და წაიქცა. ძირს დავარდნილმა რუსი ჯარისკაცი დაინახა, რომელიც მის თვალწინ ერთ-ერთ მოქალაქეს სახეში უმოწყალოდ ურტყამდა ბარს და თავს უჩეჩქვამდა.
-არა!- შეძრული ყვიროდა და თავის დასაცავად ხელებს იფარებდა, რომ მორბენალი ხალხისგან თავი დაეცვა, ან რუს ჯარისკაცს როგორღაც დამალვოდა და მოკლული მანიფესტანტის შემდეგ მასზე არ მიეტანა იერიში.
მოულოდნელად, ვიღაცამ წელის და მუხლების ქვეშ ძლიერი მკლავები ამოსდო, ჰაერში აიტაცა და თავქუდმოგლეჯილმა გააქანა ერთ-ერთი ქუჩის მისადგომისკენ.
-რომა? აქ რას აკეთებ? -გაფართოებული გუგებით უყურებდა სისხლიან კალოზე მორბენალ ორმეტრიან მამაკაცს, რომელსაც სახეზე ცარცის ფერი დასდებოდა და მტვერში ამოგუნგლულ საყვარელ ქალს გადარეულივით საშველად მიაქანებდა.
-სულ ასეთ შარში როგორ უნდა იყო, გოგო? აქ რამ მოგიყვანა?!
-ხელი გამიშვი, შენი არაფერი მჭირდება.
- სიცოცხლე არაფრად გიღირს?
-არა.
რუსთაველზე განწირულთა ვარამი ისმოდა. მოგუდულ ხმებში ჩამდგარი ბოღმა ავი ძაღლივით ყეფდა. გამზირს მკვდარი და დაჭრილი სხეულები ხალიჩებად ეფინებოდნენ. ქართველების ყაყაჩოსფერმა სისხლმა ასფალტი გადარეცხა. საშინელი სუნი დადგა...
რომა გადარეულივით დარბოდა და რუსული არმიისგან მომწყვდეული უსაფრთხო გასასვლელს ეძებდა. რამდენიმე ადგილას ტყვიაც გავარდა. გეტამ ვეღარ გაუძლო ამგვარ სტრესს და პატარა ბავშვივით ატირდა.
-ჯანდაბა! თქვენი დედაც!- ყვიროდა რომა და წამდაუწუმ გეტას დახედავდა ხოლმე.
როგორც იქნა, ერთ-ერთ ქუჩაზე გააღწია და მისუსტებული ქალი მაშინვე მიწაზე დააწვინა, რომ მოესულიერებინა.
-წყალი, წყალი!-დაიძახა ვიღაცამ და ნახევარი ბოთლი ზედ სახეზე ჩამოაცალა.
-გეტა, თვალები გაახილე. რა გჭირს, გოგო? მიდი რა, მიდი, გთხოვ, -სუნთქვაშეკრული რომა ლოყებზე უტყაპუნებდა და მის გონზე მოსვლას ისე ელოდებოდა, როგორც სამშობიაროდ გამზადებული დედა ახალშობილი შვილის ხილვას.
გეტამ თვალები გაახილა, მაგრამ სიტყვების წარმოთქმის ძალა არ ჰქონდა. სუსტად შესცინა:
-კარგად ვარ, ყველაფერს ვგრძნობ და მესმის, -უთხრა და ისევ მილულა თვალები.
რომამ სიფრიფანა სხეული გულში ჩაიკრა და ცრემლიანი თვალებით დასცქეროდა. მონატრებულ ქალს ნაზად დასწვდა და სახის თითოეული ნაკვთი დაუკოცნა:
-ნუ გეშინია. მე დაგიცავ.
-წადი, დამეხსენი, კარგად ვარ-თქო, რატომ არ გესმის?
-ახლა მაინც გაჩუმდი! ნუ მიშლი შენთან სიახლოვეს.
-დანიშნული ვარ. საქმრო მყავს, აღარ გეკუთვნი, რომა.
-ფეხებზე მკი*დია შენი საქმრო, როცა საყვარელ ქალს ასე უჭირს.
-სასწრაფოდ გაეცალეთ ამ ტერიტორიას, ჰაერში მომწამლავი გაზი გაუშვეს იმ ნაბიჭ*ვრებმა!- ტყავის ქურთუკს ცხვირზე იფარებდა ვიღაც და ისე გარბოდა.
-ადექი! შეძლებ სიარულს?- სიყვარულით შეხედა ქალს რომამ და შეეცადა, ფეხზე წამოდგომაში დახმარებოდა.
გეტა წამოდგა და ნელ-ნელა, მის მხარზე ჩამოკიდებული ტაატით გაჰყვა:
-იქ ჩემი მეგობრები არიან,- ჩუმად ჩაილაპარაკა და უკან მიიხედა.
-რუსთაველზე დიდი უბედურება ტრიალებს. იქ ვეღარ დავბრუნდებით, სახლში უნდა წავიდეთ.
ქალმა თავი ჩაქინდრა და გზა გააგრძელა:
-შენთან არ წამოვალ, ჩემ სახლში წამიყვანე.
-იქ წაგიყვან, სადაც შენ გინდა, აღარაფერს დაგაძალებ, -სევდიანი ხმით მიუგო მამაკაცმა.
-შენ ხომ როსტოვში წახვედი? აქ რატომ დაბრუნდი?
რომამ ამოიოხრა, თავი გააქნია და გეტას შეხედა:
-ვერ შევძელი უშენოდ. ათასჯერაც რომ მიჩივლოს შენმა ოჯახმა, ჩემს სიყვარულს გულიდან ვერ ამომაგლეჯს.
-აქ არ უნდა იყო, დაგიჭერენ.
-ჩემზე ნუ იდარდებ. შენ თავზე ინერვიულე.
-რა მაქვს სანერვიულო?
-ის, რომ შეცდომას უშვებ და არასწორი გადაწყვეტილებით თავს ინადგურებ.
-სულ ტყუილად ფიქრობ ეგრე.
-იცი მაინც, რას ნიშნავს იეზიდისთვის სარწმუნოების შეცვლა? -არა,- თავადვე უპასუხა საკუთარ კითხვას და განაგრძო:- შენი გულისთვის ყველაზე წმინდა, ყველაზე ძვირფასი დავთმე და მთელი ოჯახი და სანათესავო გადავიმტერე. არაფერს გამადლი. „პროსტა“ მინდა, შეგახსენო, ამ სიყვარულისთვის სიკვდილსაც საამურად შევხვდები. ნუ გახდები მეძავი, არ გაყიდო სხეული უსიყვარულოდ.
გეტამ პასუხი ვერ დაუბრუნა.
-მოვა დრო და ინანებ, რომ ჩვენი სიყვარული არ დაინდე. იცოდე, უსაზღვრო ტკივილი შეგიპყრობს. ისინიც ინანებენ, რომლებიც დღეს ჩემკენ ტალახს ისვრიან, მაგრამ უკვე გვიან იქნება, სინათლე აღარსად გამოჩნდება...
-თავს ნუ მაცოდებ, შენ ხელში ვერ გავიხარე და აღარ ვაპირებ, საიდანაც ამოვძვერი, იგივე სიბინძურეში წავერჭო ცხვირით.
-თუ მართლა ასე თვლი, რომ ჩემთან ცხოვრება სიბინძურე იყო, ბარაქალა შენს ქალობას!
-მარტო დამტოვე, სახლის გზას როგორმე გავიგნებ.
-მიგაცილებ და გპირდები, ჩემი არსებობით აღარ შეგაწუხებ, თუმცა არის რაღაც, რაზეც პასუხს ვერ ვაგებ.
-რაზე მიმანიშნებ?- გეტა გაჩერდა და რომას ეჭვისთვალით შეხედა.
-დანარჩენი მე ვიცი,- მრავალმნიშვნელოვნად დასძინა და ცას ახედა.
თენდებოდა, როდესაც რომამ გეტა სახლთან მიაცილა. ნაღვლიანი თვალები შეავლო, დაემშვიდობა და მეტი აღარაფერი უთქვამს...

***
სასტიკი ღამის მოგონებამ ლამის სული ამოღაფა მწერალს. ამას მას შემდეგ განვითარებული ამბებიც მოჰყვა, რომლებიც მოკლე კადრებად ჩაენაცვლა 9 აპრილს. იხილა მეორე ქმართან, ქალაქში ცნობილ ჟურნალისტთან, ზაზა მიროტაძესთან ხელისმოწერის ცერემონია, ქორწილში მყოფი ბედნიერი მშობლები, და, სიძე, ნათესავები, მეუღლის მშობლებიც, რომლებიც ძლივს შეეგუენ შვილის არჩევანს და თვალები დახუჭეს არც თუ ისე სახარბიელო რეპუტაციის მქონე რძალზე. გაიხსენა ის მომენტიც, როცა მეუღლის დაჟინებული თხოვნით წერა დაიწყო და ნაცნობ რედაქტორთან პირველი ნაწარმოები მიიტანა გამოსაქვეყნებლად. რა ბედნიერი იყო მაშინ, როდესაც მოიწონეს, შეაქეს, დააფასეს და ხელი შეუწყეს, რომ სახელგანთქმული მწერალი გამხდარიყო. ეს ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მის ცხოვრებაში, რომელიც ამდენი ურვის შემდეგ გამოიკვეთა. მას შემდეგ ამ საქმისთვის ხელი აღარ გაუშვია. მოსიყვარულე მეუღლე ერთხანს იმაშიც კი არწმუნებდა, მსახიობობას დაბრუნებოდა, მაგრამ ქალმა სასტიკი უარი განაცხადა და ისევ მწერლობა არჩია. კმაყოფილდებოდა, როდესაც ნაწარმოებებში ქმნიდა სხვადასხვა პერსონაჟებს და მერე წარმოსახვაში ასრულებდა მათ როლებს.
მემორიალის წინ მყოფმა მწერალმა თავს სძლია, წარსულის კარი გამოიხურა, დაუძლურებული სხეული წვალებით ასწია და ჩანჩალით გაუყვა სახლისკენ მიმავალ გზას. საცხოვრებელ ქუჩას რომ მიუახლოვდა, ასახვევთან ცხადად დაინახა ანდროს და თეკლას გამოსახულებები. ქალმა შიშისგან იკივლა.
-რაო, ქალბატონო, გეტა, არ გესიამოვნათ თქვენი პერსონაჟების ცხადში ხილვა? - ანდრომ მკლავები ერთმანეთზე გადაიჯვარედინა და ალმაცერად დაუწყო ყურება.
-ცოცხლები აღარ ხართ. რატომ გამომეცხადეთ?
-აბა, თუ მიხვდებით რატომ? -დოინჯი შემოირტყა თეკლამ და მუხლში ოდნავ მოხრილი ფეხი გვერდზე გასწია.
-თქვენ ხასიათზე არ ვარ, გამიშვით,- ხელებს იქნევდა მათ მოსაშორებლად.
-ვინ მოგცათ უფლება, ჩვენი საიდუმლო ყბადაღებული საზოგადოებისთვის გაგენდო?- უსაყვედურა განრისხებულმა ანდრომ.
-რისი გულისთვის გადაგვეცით ანათემას? რა დაგიშავეთ? -კითხვები დააყარა გაწბილებულმა თეკლამაც.
-მომწყდით თავიდან!- ყვიროდა მწერალი და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
-ვერსად წაგვიხვალთ! ახლავე გაანადგურეთ, რაც შექმენით! არც შენ და არც სხვებს არ გაქვთ ჩვენი განსჯის უფლება! - აგრძელებდა ანდრო.
-არ ვაპირებ, თქვენს დაკრულზე ვიცეკვო!
-არ მოგასვენებთ, ყველგან მოგაგნებთ,- ემუქრებოდა თეკლა.
-თქვენღა მაკლდით, -პასუხობდა შეშფოთებული ქალი და გულამოვარდნილი უკვე სადარბაზოს კიბეებზე არბოდა.
ბინის კარი გააღო და მაშინვე თავის ოთახს მიაკითხა. შუქი აანთო და ძრწოლაატანილი კედელს გაეკრა.

***
გეტა საკუთარ მესთან, როგორც მწერალთან, დღითი-დღე უცხოვდებოდა. მოგონებები დაღუპული გემივით კიდევ უფრო ითრევდნენ ფსკერისკენ.
ერთ დღეს, ფოთში მოისურვა წასვლა. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ ქოშინით მიადგა ზღვასთან ახლოს მდებარე შუქურას და მთელი ღამე იქ გაატარა. თვალს არ აცილებდა ორმოციოდე მეტრ სიმაღლის, გაჩახჩახებულ, საინტერესო არქიტექტურულ კომპოზიციას, რომელსაც არაერთი გემისთვის გაენათებინა გზა სწორი მიმართულების დასადგენად. შუქურა მედიდურად დასცქეროდა საცოდავად მომზირალ ქალს, რომელსაც ბევრი გულისნადები ჰქონდა ამოსათქმელი. ქალი დიდხანს იყო ხმაამოუღებლად და ტკივილამდე მონატრებულ სიყვარულზე ფიქრობდა. ბოლოს მოწოლილმა ნაღველმა დამნაშავესავით თავდახრილი მისდა უნებურად აამეტყველა:
-მაპატიე, რომ პირობა ვერ შევასრულე, არ ვივარგე შენს შუქურად და გზა დაგიბნელე. შეცდომის გამოსწორება რომც მინდოდეს, აზრი აღარ აქვს, შენი გეტაც სწორედ ისეა მიტოვებული და ჩამქრალი, როგორც აწ უკვე მიუღწეველი და უმოქმედო ბიჭვინთის შუქურა. რამხელა ტკივილი ყოფილა სიმარტოვე. უშენობამ ცოდვილი და ამაზრზენი პიროვნება გამხადა.
სიტყვა ცოდვილმა ის ავბედითი დღე გაახსენა, როდესაც ზაზასთან ერთად სახლში მყოფმა მოულოდნელად გამოჩენილ სტუმარს კარი გაუღო და მრავალწლიანი განშორების შემდეგ რუსეთიდან ახლად ჩამოსული რომა ტამოევი შერჩა ხელთ.

-გაგიკვირდა არა, კახპავ?! არ მელოდი?- ირონიული ღიმილით ჰკითხა.
გეტას ენა ჩაუვარდა. თვალებს არ უჯერებდა, როდესაც მის წინაშე მხრებში გაშლილ, ოდნავ შეჭაღარავებულ და კვლავ ადრინდელივით სიმპათიურ, მკაცრი იერის მამაკაცს უყურებდა. რომამ ხელით გასწია და ყოველგვარი მორიდების გარეშე, თავისუფლად შეაჭრა ზაზა მიროტაძის ბინაში. თავად ზაზა მისაღებ ოთახში იყო და ჭაღს ნათურას უცვლიდა.
-ოჰ, როგორი ოჯახური იდილიაა, პირდაპირ ჩავიფერფლე,- დამცინავად ჩაილაპარაკა რომამ.
-ამას აქ რა უნდა? -კუშტი სახით ჰკითხა გეტას მეუღლემ.
-გეფიცები, არაფერი ვიცი,- განცვიფრებული იყურებოდა ქალი.
-ახლავე აქედან აუდე! აქ არავის დაუპატიჟებიხარ!- კბილები გააკრაჭუნა მიროტაძემ.
-მომისმინე, ბიჭო, რომა ტამოევი თავად წყვეტს სად მივიდეს და როდის წავიდეს.
-შენ თავი ხომ არაფერს მიარტყი? რატომ მოხვედი?
-ო, ეგ უკვე სხვა თემაა,-ჩაეცინა რომას,- შენთან ძველი ანგარიში მაქვს გასასწორებელი, ღრმად პატივცემულო.
-რა ანგარიში? ხომ არ გამოს*რდი?
-შე მართლა ს*რო, აზრზე მოდი ვის ელაპარაკები!- წყობიდან გამოვიდა რომა და სახეში მუშტი უთავაზა.
ზაზა კედელს მიენარცხა და ცხვირიდან სისხლი წასკდა.
-შენი დედაც!- მდგომარეობიდან გამოვიდა მიროტაძე და რომას მთელი ძალით დაეტაკა, მაგრამ მეტოქეს მისი მოგერიება არ გასჭირვებია, ზურგზე დააგდო და წიხლი ჩაარტყა.
გეტამ ყვირილი ატეხა:
-რას აკეთებთ? მთლად გამოშტერდით?! წადი აქედან, რომა და თავი დაგვანებე!
არცერთი უსმენდა, ორივე ხელჩართულ ბრძოლაში იყო და ერთმანეთს არ ინდობდა.
-ჩემს ქალს ხელი როგორ დაადე, შე ბ*ოზო?-გაცეცხლებული რომა ყბებში ურტყამდა ზაზას.
-გეტას შენ აღარ უყვარდი. არ დაუბრუნდებოდა შენნაირ ავაზაკს,-ხრიალებდა ყბებდალეწილი მიროტაძე და ჩამტვრეულ კბილებთან ერთად სისხლს აფურთხებდა.
-ჩემი რომც არ ყოფილიყო, აი, ეგრე, მარტოობაში უნდა დაბერებულიყო და ჩაძაღლებულიყო.
-ეგოისტი და ნაბი*ჭვარი ხარ!
-გაჩერდით!- თავში წაიშინა ხელები გეტამ.
-ფუ, შენი!- ბოლოჯერაც დაარტყა რომამ ძირს დავარდნილს, წამოდგა და ნახევრად გათიშულს თითის აწევით მიაძახა: -ეს კიდევ ცოტა იყო, მადლობა მითხარი, რომ ლეშად არ გაქციე!- მერე გეტას მიუბრუნდა და ატირებულს მხარზე ხელი დაჰკრა:- ბოდიში, რომ ცხვირსახოცი არ მაქვს შენი მძორი ქმრის გალახვისთვის წამოსული ცრემლები მოგწმინდო,- ეს თქვა და კარი ისე გაიხურა, სახლმა ზანზარი დაიწყო.

***
ამ ამბის გახსენებას გონებაში მორიგი, საბედისწერო დღე წამოუტივტივა, როდესაც შეატყობინეს, რომა ტამოევისგან დამცირებული მეუღლე თურმე მის კვალს დასდგომოდა, ქუჩაში ჩასაფრებოდა და უკნიდან ფარული მიპარვით, თავში კასტეტი ჩაერტყა. მთასავით კაცმა დაცემისგან თავი ისე დაარტყა, ინსულტი განუვითარდა. ამ ამბით შეძრული გეტა საავადმყოფოში რომ მივიდა, რომა რამდენიმე წუთის გარდაცვლილი დახვდა. აბალაკის იქ დანახვაზე ტამოევის დები ქვითინით მივარდნენ და რაც მაშინ სიტყვები უთხრეს, სამუდამოდ ჩარჩა გულში ყველაზე შავ და ამოურეცხავ ლაქებად:
-აქ რას მოეთრეოდი? ეს გინდოდათ შენ და შენ თავკერძა მშობლებს, რომ ჩემი ძმა მიწაში ჩაგეწვინათ და გალაღებულიყავით?! აჰა, მიიღეთ და გაიხარეთ! ხომ დალია სული შენი სიყვარულისთვის? არ აპატიეთ, რომ იეზიდმა ქართველი გულწრფელად შეიყვარა. წყეულიმც იყოს ის დღე, გეტა აბალაკო, როცა პირველად დაგინახა და გაგიცნო. ვერ გაიხარებთ ჩვენი ოჯახის ცოდვით!- ცრემლები ახრჩობდა უფროს დას.
-ღმერთო, არა! დაუჯერებელია! ის არ მომკვდარა, არ მომკვდარა, გესმით? ჩემი რომა არ მიმატოვებდა,- მთრთოლვარე ხმით აღმოხდა გეტას.
-მოკვდა! -შენმა სანაქებო ქმარმა მუხანათურად და არაკაცურად გამოასალმა სიცოცხლეს!
-ჯანდაბა! რაღაცას იგონებთ, ცოცხალია და სადღაც მალავთ.
-არ გესმის, რაც გითხარით?! ყურები გამოიქექე!
-მაჩვენეთ, ჩემი რომა, გთხოვთ.
-სასტიკად გიკრძალავთ მისი სახელის ხსენებას! სწორედ შენი დამსახურებაა, რაც დღეს მოხდა! არ გაბედო ფეხის გადმოდგმა ჩვენკენ! აქედან გაგვეცალე! - თვალები დაუჭყიტა უმცროსმა დამ და ზიზღისგან სახე დამანჭა.
აღარ ახსოვს როგორ გავიდა საავადმყოფოდან. არც ის ახსოვს, როგორ მიაღწია სახლამდე. მხოლოდ კუთვნილ ნივთებს დაავლო ხელი, რასაც ვერ შეელეოდა და მეუღლის ბინა სამუდამოდ დატოვა.


***
გეტა შუქურის კედელს ჩაეხუტა, მაღლა განათებულ წვერს თვალი ძლივს მიაწვდინა და აღნავნებულმა განაგრძო:
-ჩემო არასრულყოფილებავ, სრულყოფილებას ისე სჭირდები, როგორც არასდროს! გეძებ და ვერსად გპოულობ. ვეღარ ვივსები, ვეღარავინ მაძლევს სითბოს და მთლად გავიყინე. აღარ შემრჩა შენი სიყვარულით მოქსოვილი სამოსი, გაიცვითა და თავისით შემომეძარცვა. შემცივდა და გეხვეწები, მომეცი ხელი, ლამის არის ყინულის ლოდად გადავიქცე. გულიც გათეთრდა, სულ ჩამოიწურა სისხლისგან. არ დაბრუნდები? შენ ხომ არასოდეს მტოვებდი მარტოდ? ყველგან გრგძნობდი და ახლა რა დაგემართა? ნუთუ ერთი წუთით მაინც აღარ ვარ შენი ყურადღების ღირსი? - კედელს ხელები გაუშვა და აქეთ-იქით იყურებოდა, რომ მის წინ გამეფებულ წყვდიადში იმედის სხივი დაენახა.
არაფერმა მისცა ვაების სიმსუბუქე, ვერავინ უშველა. ირგვლივ სიბნელე ჩვეული სიდინჯით კვლავ ჩუმად დაიარებოდა.
როგორც კი ირიჟრიჟა, გაზაფხულის ღამისგან გვარიანად შეციებული და მშიერი ქალი თბილისის გზას დაჩაჩანაკებული დაადგა. დედაქალაქში ჩასული რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლიდან გარეთ აღარ გასულა. აიკვიატა, რომ სახეს ჰკარგავდა და ეშინოდა, ხალხს მისი არ შეშინებოდა.
აღარც საავადმყოფოდან ახლადგამოსულ ტეროს შეხვდა. არ სურდა, თავის უხასიათობით დაემძიმებინა და მათი ახლადდაბადებული მეგობრობა მომაბეზრებელ ურთიერთობაში გადასულიყო. მასთან ერთად გატარებული წუთები ხომ ბოლო დროს გამოჩენილ შვების ნაპერწკალს ჰგავდა, რომელიც უკანასკნელი გაელვების მსგავსი იყო?
მოწყენილი დედამისი გასაჭირში მყოფ შვილს ჩუმად უმზერდა ხოლმე:
-კიდევ კარგი, საცოდავი მამაშენი ამ დღეებს არ მოესწრო,- გულში ფიქრობდა და შეშუპებულ უპეებს მალავდა.

***
ბოლო დროს, გეტა სარკესთან ხშირ დგომას მიეჩვია. გრძელი თითებით სახის კანს ეხებოდა და ალაგ-ალაგ გაჩენილ ნაოჭებს ათვალიერებდა.
-ისტორიის ხაზები,- ამოიხვნეშებდა და მთელ გულს ამოატანდა.
მაინც ლამაზი იყო, ასაკი და ავადმყოფობა ვერაფერს აკლებდა მის ნატიფ სახეს. კვლავინდებურად მოკრძალებული და ალალი გრძნობებით მოქარგული ღიმილი ჰქონდა.
ერთ საღამოს, როდესაც ოთახში დაღვრემილი სახით იჯდა და მზერა იატაკზე გადაეტანა, უცაბედად, ქეთი გამოჩნდა.
-შეიძლება? -იკითხა კოხტად გამოწყობილმა ქალმა.
-შემოდი, ქეთი,- თავი დაუკრა დეიდამისმა.
-როგორ ხარ?
-როგორ ვარ? არც კი ვიცი, რა გიპასუხო. უკვე მერამდენე დღეა, საშინელ ხასიათზე ვარ.
-კი, მაგრამ, რატომ?
-მხოლოდ ღმერთმა უწყის, რას ვწერ.
-წამაკითხე, რა. ნუ გახადე ქრისტეს პერანგი.
-ჯერ კიდევ დასასრულებელია. გული მიგრძნობს, ეს ჩემი ბოლო ნაწარმოებია.
-ასე ნუ ლაპარაკობ. დროებითია შენი შემოქმედებითი კრიზისი.
-ეჰ, სამწუხაროდ, ადრინდელივით აღარ მეფეთებიან ჩემი მუზები. ერთ დროს, ხორბლის მარცვლებივით გაღვივებული აზრები სანთლებივით ჩამოიღვენთნენ და სადღაც გაუჩინარდნენ. იცი რაში დავრწმუნდი? ეს შემოქმედებითი კრიზისი არ არის, ეჭვის ნატამალიც აღარ დამრჩა. მიუხედავად ჩემი ბრძოლისა, ძველმა და ახლანდელმა თვითმყოფადობამ, ზედმეტად მკაცრმა განსაცდელებმა და გაუთავებელმა ბედთან ჭიდილმა საბოლოოდ ამოარწყია ადრინდელი გეტა აბალაკი. ამიტომ მიჭირს წიგნზე მუშაობა.
-მაშ, რა უნდა ქნა? შუა გზაში ხომ ვერ მიატოვებ ნამუშევარს?
გეტა სავარძლიდან წამოდგა და წინ და უკან ნერვიულ სიარულს მოჰყვა:
-ვეცდები, მწერლის ნარჩენები მოვაგროვო და ვიდრე ისინიც სამუდამოდ არ გამქრალან... -წინადადება გაწყვიტა და გაოგნებულმა შეხედა ცარიელ სკამს, სადაც რამდენიმე წამის წინ ქეთი იჯდა.
ოთახიდან გავიდა და დედამისს ჰკითხა:
-სად არის?
-რა სად არის?
-ქეთი.
-ვინ ქეთი?
-შენი შვილიშვილი, დედა. ჩემს ოთახში იყო, მელაპარაკებოდა და მოულოდნელად გაქრა.
-თინიკოს გოგო?
-სხვა შვილიშვილი იმავე სახელით ვინმე გყავს?
-დაგავიწყდა, რომ მეოთხე წელია, ბელგიაში ცხოვრობს? რამდენი ხანია, დატვირთული სამუშაო რეჟიმის გადამკიდე, საქართველოში არ ჩამოსულა.
-ცოტა ხნის წინ აქ იყო, ველაპარაკებოდი.
ქალს თვალებში ცრემლები ჩაუდგა. შვილს რომ არ დაენახა, ზურგით შებრუნდა და მისი თვალის ასახვევად ავეჯს დაუწყო წმენდა. გეტამ ყველა ოთახი მოიარა და ქეთი რომ ვერსად ნახა, დაბნეული შევიდა თავის ოთახში. გაურკვევლობამ მალევე გადაუარა და კიდევ ერთხელ, მთელი მონდომებით შეუდგა მეთხუთმეტე თავზე მუშაობას.

თავი 15
ანდროს და თეკლას ურთიერთობა ნამდვილ სასიყვარულო კავშირში გადაიზარდა. ზოგჯერ ავიწყდებოდათ და ზედმეტად თამამ ურთიერთობას ფარდას ვეღარ აფარებდნენ. ბევრჯერ შეამჩნიეს მეგობრებმაც ბიძაშვილების უჩვეულოდ თბილი დამოკიდებულება, მაგრამ ჯერ-ჯერობით, მათი ეჭვები მხოლოდ ეჭვებად რჩებოდნენ და გონებაში ვერაფრით უშვებდნენ წარმოუდგენელ რეალობას.
ერთ საღამოს, ბიძაშვილები პატარა, მყუდრო ბარში ისხდნენ და საერთო მეგობრის მუსიკალურ საღამოს ადევნებდნენ თვალ-ყურს. ნახევრად დაბნელებულ ბარს სცენიდან მომავალი შუქი ანათებდა. ირგვლივ როკის მოყვარულები შეკრებილიყვნენ და პუბლიკის წინაშე პირველად გამომსვლელ სოლისტისთვის გამამხნევებელ შეძახილებს არ იშურებდნენ.
-კარგად მღერის და უკრავს. უდავოდ ნიჭიერია!-აღნიშნა ანდრომ და ყველასგან მალულად, მაგიდის ქვეშ თეკლასკენ წაიღო ხელი. მისი თითები თავისაში ახლართა და მზრუნველი მზერით გადახედა.
გოგონამ ანდროს საქციელი ბუნებრივად მიიღო, არც შეეწინააღმდეგა, თუმცა ბარში მყოფებს გადახედა და როცა შეატყო, ყველას სცენისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, თითქოს ზურგით საზიდი ტვირთი მოეხსნა და შვებით ამოისუნთქა. ჰაერში ნოტები იფრქვეოდნენ და თავისებური სიგიჟით იმორჩილებდნენ მსმენელებს.
-აბა, როგორ მოგწონთ საღამო?- შესვენების დროს წყვილს მაგიდასთან ჩამოუჯდა ჯგუფის სოლისტი.
-მშვენიერი საღამოა, ვატო, - ცერა თითი აუწია ანდრომ.
-შეგატყე, თავიდან ცოტას ნერვიულობდი, მაგრამ ორი სიმღერის მერე, ყველაფერი იდეალურად წარიმართა,- დაამატა თეკლამ.
-მიხარია,- ესიამოვნა მეგობარს და ჯიბიდან გადმოვარდნილ მობილურს დასწვდა.
უეცრად, ანდროს და თეკლას ჩაჭიდულ ხელებს მოჰკრა თვალი და ცოტა ეუცნაურა. წყვილმა მაშინვე შეამჩნია მეგობარს დაბნეულობა, სასწრაფოდ გაუშვეს ერთმანეთს ხელები და ცივწყალგადასხმულებივით დაფრთხნენ. შემკრთალ ბიძაშვილებს ხასიათი წაუხდათ და დროზე ადრე დატოვეს იქაურობა. გარეთ გასულები სევდისფერ თვალებს არ აცილებდნენ ქვაფენილიან გზას და დარდისგან დამძიმებულნი მიუყვებოდნენ ქუჩებს.
-ასე ვეღარ გაგრძელდება, ყველა მხრიდან ჩიხში ვექცევით,-მძიმედ სუნთქავდა ანდრო.
-არაფრით არ დაგთმობ, მჭირდები!- სახე აერია თეკლას და თვალებში შიში ჩაუდგა.
-ადრე თუ გვიან, ყველა შეგვატყობს, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდა.
-შეგვატყონ, ყველაფრისთვის მზად ვარ.
-ეს ახლა ამბობ ასე, ადამიანების სასაკლაო მოედანზე გაყვანილივით რომ იგრძნობ თავს, სხვანაირად იფიქრებ და ილაპარაკებ.
-და გამოსავალი რა გვაქვს? ჩვენი ბრალია, რომ ისეთ ქვეყანაში არ გავჩნდით, სადაც ბიძაშვილების სიყვარული და ოჯახის შექმნა დასაშვებია?
-არც კი ვიცი რა გითხრა, მაგრამ ერთი რამ დაიმახსოვრე! რაც არ უნდა მოხდეს, შენთან ვარ. ერთად მოგვიხდება ყველა უბედურების გადატანა, - ანდრომ ხელი მოჰკიდა და ოდნავ მოუჭირა - აგრძნობინა, რომ მის გვერდზე მხნედ უნდა ყოფილიყო.
სახლთან ახლოს, ნაცნობ მეზობელ ქალს გადააწყდნენ. თეკლამ ცივად გაუშვა ბიძაშვილს ხელი და თავი დახარა. ანდრომ ქალს შეხედა. მას კვლავაც თავისებური, პირქუში გამოხედვა ჰქონდა. წამით შედგა და ბრალდებულებივით შეათვალიერა. ბიჭს ტანში გასცრა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. თეკლას მხარზე ხელი მოჰკიდა და გვერდი აუქციეს.
-კუდიანი!- წყრომით წაიბურდღუნა გოგონამ და ფეხს აუჩქარა.
მეზობელი ქალი ადგილიდან არ იძვროდა, წყვილს უყურებდა და გულმოსული თავს აქეთ-იქით აქნევდა.

***
-რა საინტერესოა საკუთარი თავის პერსონაჟად შექმნა, დიდი განცხრომაა,- კმაყოფილებით ჩაეცინა აბალაკს და სიგარეტის კვამლში გაეხვია. იმ დღეს დამამთავრებელი თავისთვის ერთი სიტყვაც აღარ მიუმატებია. უნდოდა, ცოტა მეტი ეფიქრა ბოლო წინადადებებზე. როგორც სჩვეოდა, ლეპტოპი მუხლებზე დაედო, თვალები დაეხუჭა და მდუმარე ოთახში, რომელსაც მხოლოდ ჟამთასვლის საზომის წიკწიკი არღვევდა, მოსალოდნელ ეპიზოდებს გნიასი აეტეხათ.
მომდევნო დღეებში თავს ცუდად გრძნობდა, საწოლიდან არ დგებოდა და საჭმლის მიღებაზეც უარს ამბობდა.
-მე გეტა ვარ. მწერალი მიდის... - გამუდმებით იმეორებდა და გულდაწყვეტილი უყურებდა ჭერს,- მტოვებს, მის ფეხის ქუსლს ვხედავ. ამასაც აითრევს ჩემგან და სამუდამოდ დამტოვებს ნამდვილ მესთან. მეშინია, არ მინდა. ყველაფერი იმ საზიზღარი, ტვინისმჭამელი კაცუნების ბრალია, - ჩურჩულებდა და ნელ-ნელა საბნის ქვეშ იმალებოდა.

***
დედის დაჟინებული თხოვნით მიღებულმა წამლებმა მომდევნო დღეებში გეტას ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოუსწორეს და თვითდაჯერება შეჰმატეს. ნაწარმოების დასრულებისთვისაც სათანადოდ მოემზადა და კვლავ ლეპტოპს მიუჯდა:



საუბარი რომ აღარ გაეგრძელებინათ, ხასიათწამხდარმა თეკლამ თავის ტკივილი მოიმიზეზა, და დასაძინებლად წავიდა. ანდრო ოთახში აღარ შეჰყოლია, სამზარეულოში ჩამოჯდა. რაღაც არ ასვენებდა, გონება და ფიქრები სულ მთლად არეოდა. თვალებზე ხელებს იფარებდა და თითებით მთელი ძალით ისრესდა. ეშინოდა აწმყოსიც და მომავლისაც. გული უგრძნობდა, რომ სულ მალე, გამგელებული და მათი ხორცების გასაძიძგნად გამზადებული ადამიანთა რისხვა დაატყდებოდა თავს. ცხადად ხედავდა ქართული საზოგადოების მიერ დაწერილ წიგნს, რომელიც სავსე იყო აკრძალულ ჯებირებამდე მისული ცხოვრების კანონებით, მაგრამ რატომღაც თავის სახელმძღვანელოდ არ გაეხადა და საკუთარ საქციელს იმ ჯებირებიდან გადაბობღებულ, დაუმორჩილებელ პირად მიიჩნევდა, რომელიც იმავე წიგნში დაწერილი კანონების თანახმად, აუცილებლად სასტიკად უნდა გასამართლებულიყო. თავს ეშაფოტზე ასულივით გრძნობდა, რომელიც დამნაშავესავით გაწოლილიყო და მძიმე გილიოტინის გრიალით წამოსვლას ელოდებოდა. ხან აციებდა, ხან აცხელებდა. სიმწრისგან ღმუოდა.
ანაზდად, მთელი ოთახი ღრიალით წარმოთქმულმა სიტყვებმა მოიცვეს: -გაანადგურე ის, რაც განადგურებს!
დაფეთებული ანდრო ადგილიდან წამოხტა. იქაურობა შავმა ნისლმა დაფარა, ყველაფერი გამუქდა.
-გაანადგურე ის, რაც განადგურებს, თორემ ხვალ-ზეგ შენ გაგანადგურებენ! - კვლავ მოესმა იგივე ხმა.
-ეს სიკვდილის ხმაა. ჰო, ეგ არის,- აღმოხდა საბრალოს.
დიდხანს იფიქრა, ბევრჯერ აწონ-დაწონა, ვიდრე ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა. დილის ხუთის ნახევარი იყო, როდესაც ჩაძინებულ თეკლას ფეხაკრეფით მიუახლოვდა. კარგად ჰქონდა გააზრებული, რასაც აკეთებდა:
-მაპატიე, მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ. ვერ გიმეტებ იმ შემზარავი რეალობისთვის, რაც გელოდება. შენ მათ შეურაცხყოფას, ფურთხს და დამცირებას ვერ გადაიტან. არც ვფიქრობ, რომ ამის ღირსი ხარ,- ლუღლუღებდა ცოცხალმკვდარი ბიჭი.
რამდენიმე წუთი კიდევ იფიქრა, გამბედაობას იკრეფდა. მერე ხელის კანკალით დასწვდა ბალიშს და საყვარელ ქალს სახეზე დააფარა. სუნთქვაშეკრულმა თეკლამ გაიღვიძა და ფართხალი დაიწყო. რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უძალიანდებოდა, მაგრამ ანდროს ძალა ვერ დაჯაბნა. ნელ-ნელა იკლო წინააღმდეგობის გაწევისგან დაქანცულმა სხეულმა მოძრაობა და საბოლოოდ გაჩერდა.
ანდრომ გულის არეში წვა და ტკივილი იგრძნო. უცნაურად დაიკლაკნა და ქშენა აუტყდა. რის ვაი-ვაგლახით მიაღწია წინასწარ მომზადებულ სახრჩობელასთან. სკამზე ავიდა, თავი ყულფში გაუყარა და...

***
რამდენიმე დღეში სესიაშვილების ნაქირავებ ბინაში ცოდვის ტირილი იყო. მძიმე სურათის მომსწრე თვითმხილველნი გაოგნებულები იდგნენ და ვერაფერი გაეგოთ. არავინ იცოდა, რა მოხდა სინამდვილეში, ან მხოლოდ თვითონ სთვლიდნენ ასე... მათ შორის, ნამდვილად არსებობდა ერთი, რომელმაც ზედმიწევნით კარგად იცოდა საზარელი სიკვდილის მიზეზი.

დასასრული
გეტა აბალაკი
2018 წელი

***
ნაწარმოების დასრულებამ გეტას შვება არ მოჰგვარა, თითქოს შიგნიდან რაღაც ჩასწყდა. წყვილის ცხოვრებას გვერდიდან შეხედა და ორივეს თანაუგრძნო. ადრე ამრიგად არასოდეს განიცდიდა რომანების ფატალურად დასრულებას, მაგრამ ახლა, მასში ისევ ადრინდელი გეტა თავისი გრძნობებითურთ აღდგა და შესაბამისად, თეკლას და ანდროს ამბავიც სხვაგვარად განიცადა. მოულოდნელად, მისმა ემოციებმა თავადვე შეაკრთეს. სახეზე ხელების ფათური დაიწყო და ადგილიდან შეცბუნებული წამოხტა:
-ეს გეტაა, მე აღარ ვარ. სად წაიღო ჩემი ნიღბები? ნუთუ ყველა ერთად ჩამომხსნა და ერთიც აღარ დამიტოვა? სად არიან ჩემი პერსონაჟები? როგორ მრცხვენია, კოსტუმებიც გადამიყარა და სულ მთლად შიშველი აღმოვჩნდი. ასე ვის დავენახვო? სცენაზეც დაბნელდა, მაყურებლებიც არსად არიან, ისინიც წასულან. ფარდაც ეშვება. არა! ოღონდ ეს არა!-დაიკივლა სასოწარკვეთილმა.
იატაკზე დაენარცხა და თვალები დახუჭა. ძლივსღა სუნთქავდა ბეჩავი:
-ნუთუ აღარ გავცოცხლდები? ნეტავ, რამდენჯერ კვდებიან და ცოცხლდებიან ადამიანები? რომელია აქედან ნამდვილი სიკვდილი და სიცოცხლე? სად წავიდა მწერალი? მართლა გეტამ გაიმეტა? დაბრუნდა სიყვარული უსიყვარულოდ... -გამშრალ ტუჩებს ენის წვერით ისველებდა და კვლავ აგრძელებდა:- ვერ უკუვაგდე მარტოობის დაძლევის და სიყვარულის თანაზიარების სურვილი. მომაკვდავი ფრინველივით ვგდივარ და ფრთებსაც უიმედოდ ვაფართხუნებ. ისევ მენატრები, ისევ გეძახი, ვცოტავდები, ვქრები... სად ხარ? გნატრობ. შენს თბილ, მზრუნველ ხელებს და თვალებს ვეძებ. ზოგჯერ სიტყვებს ბოლომდე არ შეუძლიათ გადმოსცენ, რას გრძნობს ადამიანი. ძალიან უბადრუკნი არიან. მოდი, ისევ განვმეორდეთ. ჩვენი ცხოვრების ათვლის წერტილი ვიპოვოთ და მარადიული გრძნობით კვლავ დავბრუნდეთ დედამიწაზე. გპირდები, აღარ გაწყენინებ, მოგიფრთხილდები. იქნებ, თავისუფალი ჩიტები ვიყოთ? გავშალოთ ფრთები და გავჭრათ ჰაერი. იქნებ ერთ ტოტზე წამოზრდილ, მოშრიალე ფოთლებად ვიქცეთ, ანდა, მზის სხივებში მოცეკვავე წვიმის წვეთებად, ან იქნებ, მოფარფატე ფიფქებად? იქნებ... იქნებ...

***
იმ ღამეს გეტას ძილი არ მიჰკარებია, ბოდვაში გაატარა. დილით ემოციურად გაცამტვერებული წამოდგა იატაკიდან. ტანსაცმელი გამოიცვალა, ნაწარმოებს უცბად მიაწერა სახელწოდება „შეპყრობილნი“, რედაქტორს მეილზე გადაუგზავნა და გარეთ გავიდა. მიდიოდა და სახეზე სიცოცხლის ყოველგვარი ნიშანწყალი გაჰქრობოდა. ყვავილების გამყიდველს რომ მიუახლოვდა, შეჩერდა და იასამნებს დააცქერდა:
-ჩვენი სეზონი დამდგარა, - ჩაილაპარაკა და ღიმილმაც არ დააყოვნა.
ორ დიდ თაიგულს დასწვდა, სწრაფად მიაჩეჩა გამყიდველს ფული და ხურდას აღარც დალოდებია, სახლისკენ დაიძრა. მიდიოდა და თან მიჰქონდა საუცხოო სურნელით გაჟღენთილი ყვავილები. დროდადრო მიაშტერდებოდა და მათი სილამაზით ტკბებოდა. სახლში რომ მივიდა, მაშინვე ოთახში შევიდა, ყვავილები საწოლზე მიმოფანტა და ზედ გაერთხა. რამდენიმე წუთი იფიქრა, მხოლოდ რამდენიმე... მერე ერთიანად მოავლო ხელი იასამნის ტოტებს და გულზე მიიკრა. ბოლოჯერ დახედა, ღრმად შეისუნთქა ყვავილების გამაბრუებელი სურნელი და გონებაამღვრეულმა სათუთად დაუწყო თითებით ფერება. ღია ფანჯარასთან მივიდა, რაფაზე ავიდა და ათასგზის წარმოთქმული, გაზეპირებული სიტყვების ბუტბუტი დაიწყო:

იასამნის სურნელში აყვავებულ ბაღებში
თმებს გიმკობდა ლილისფრად გადაშლილი ყვავილი,
ჩიტებს ჩვენთან ეძინათ სიყვარულის ფერებში,
ჩვენს სამყაროს დარაჯად დასდგომოდნენ გრძნობები.

ძნელი არის უშენოდ, აღარ განმეორდები?
სიყვარულის ღრუბლებში დიდხანს დაგელოდები,
უსასრულო სივრცეში როცა ჩავიკარგები,
არ გაწელო წამები, ნუღარ დაგვიანდები.

როგორც კი ლექსის თქმა დაამთავრა, მაღლა აიხედა და ცის თაღს შესცინა, შემდეგ თვალები დახუჭა და ყვავილებთან ერთად ჰაერში გაიფანტა.

***
...და, სამუდამოდ გაქრნენ გულისგამაწვრილებელი, თეთრი, გამჭვირვალე კაცუნებიც...

დასასრული



№1 სტუმარი katie

I am here
და ვიწყებ ????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ვაიმე რა კარგია.სრულად თაან..წავე წავე ჩავუჯდეე :)

 


№3  offline ახალბედა მწერალი K. I.

katie
I am here
და ვიწყებ ????

გელოდები heart_eyes

სტუმარი ნინო
ვაიმე რა კარგია.სრულად თაან..წავე წავე ჩავუჯდეე :)

kissing_heart kissing_heart
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ქეთიიი არვიცი აი რა ვთქვა..ემოციებში ვარ..ვერ გეტყვი რომ მიხარია დასრულება,ვერ გეტყვი რომ დამაკლდა რაღაც..თავიდან ბოლომდე წაკითხვა სულ სხვაა..გული დამწყდა ძალიან ამ ისტორიაზე მითუმეტეს ეს რეალური ამბავია..ამდენი ტანჯვა და ტკივილი კიდევ კარგად იყო გეტა.ორი შეშილი ეგოისტი ფსიქოპატი.ორივემ ერთმანეთს ცხოვრება გაუბედნიერა და დაუნგრია..ინცესტი- ეს ხომ ტაბუდადებული თემაა..მითუმეტეს 90 იამებში..ბევრი რომ არ ვთქვა ძალიან რთული და მძიმე ისტორია იყო.ძალიან დამამახსოვრდა და ჩამყვა,მიუხედავად ამისა წიგნად ვისურვებდი..უნიჭირესი ხარ ქეთო და გისურვებ წარმატებებს რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისიამოვნოთ შენი ნაშრომებით.. მინდა იცოდე ამ.საიტისთვის არ მემეტები უბრალოდ უფრო მეტს იმსახურებ მაგრამ ეს საიტი რომ არა ვერ გაგიცნობდით და ვერ ვისიამოვნევდით..ასე რომ მადლობა შენ და მადლობა საიტს.
P.s.შენი გიჟი მკითხველი

ხო კიდევ....ანდრომ რო თეკლა მოკლა ეს იყო შოკი მართლა..მოკლედ რომა და ანდრო ორი ეგოისტი ..შეშლილი ფსიქოპატები..ისე ემოციებში ვარ ცალ ცალკე ვწერ კომენტარებს..ავირიეე ემოციებში

 


№5  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
ქეთიიი არვიცი აი რა ვთქვა..ემოციებში ვარ..ვერ გეტყვი რომ მიხარია დასრულება,ვერ გეტყვი რომ დამაკლდა რაღაც..თავიდან ბოლომდე წაკითხვა სულ სხვაა..გული დამწყდა ძალიან ამ ისტორიაზე მითუმეტეს ეს რეალური ამბავია..ამდენი ტანჯვა და ტკივილი კიდევ კარგად იყო გეტა.ორი შეშილი ეგოისტი ფსიქოპატი.ორივემ ერთმანეთს ცხოვრება გაუბედნიერა და დაუნგრია..ინცესტი- ეს ხომ ტაბუდადებული თემაა..მითუმეტეს 90 იამებში..ბევრი რომ არ ვთქვა ძალიან რთული და მძიმე ისტორია იყო.ძალიან დამამახსოვრდა და ჩამყვა,მიუხედავად ამისა წიგნად ვისურვებდი..უნიჭირესი ხარ ქეთო და გისურვებ წარმატებებს რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვისიამოვნოთ შენი ნაშრომებით.. მინდა იცოდე ამ.საიტისთვის არ მემეტები უბრალოდ უფრო მეტს იმსახურებ მაგრამ ეს საიტი რომ არა ვერ გაგიცნობდით და ვერ ვისიამოვნევდით..ასე რომ მადლობა შენ და მადლობა საიტს.
P.s.შენი გიჟი მკითხველი

ხო კიდევ....ანდრომ რო თეკლა მოკლა ეს იყო შოკი მართლა..მოკლედ რომა და ანდრო ორი ეგოისტი ..შეშლილი ფსიქოპატები..ისე ემოციებში ვარ ცალ ცალკე ვწერ კომენტარებს..ავირიეე ემოციებში


ნინო, არც კი ვიცი რა გითხრა და როგორ გამოვხატო მადლიერება. პირველი თავის ატვირთვიდან ჩემთან ხარ და მომყვები.
მადლობა, უბრალოდ მადლობა, ჩემო კარგო ადამიანო ❤️
მიიღე ჩემგანაც გამოგზავნილი სიყვარული ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№6 სტუმარი უბრალოდ სტუმარი

საინტერესო ისტორია იყო..ანუ რა მაინტერესებს რეალობაშიც იგივე დასარული ჰქონდა მათ ისტორიას?

პ.ს.
ლექსი ძალიან მომეწონა, შენი დაწერილია?

 


№7  offline ახალბედა მწერალი K. I.

უბრალოდ სტუმარი
საინტერესო ისტორია იყო..ანუ რა მაინტერესებს რეალობაშიც იგივე დასარული ჰქონდა მათ ისტორიას?

პ.ს.
ლექსი ძალიან მომეწონა, შენი დაწერილია?


არის ჩემი ინტერპრეტაციებიც. სხვანაირად არც შეიძლებოდა, მომხდარიყო. ძირითადად ყველაფერი ასე იყო...
ლექსის ავტორიც მე ვარ და ეს ჩემი პირველი ლექსია :)))
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№8 სტუმარი სტუმარი ქეთი

არ ვიცი მე ვარ ავად თუ რატომ არის რომ საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილი საშინლად მერომანტიკულება:))))

 


№9  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ქეთი
არ ვიცი მე ვარ ავად თუ რატომ არის რომ საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილი საშინლად მერომანტიკულება:))))


ჰო?.. ვითომ?.. :)))
❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№10 სტუმარი სტუმარი ქეთი

ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ქეთი
არ ვიცი მე ვარ ავად თუ რატომ არის რომ საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილი საშინლად მერომანტიკულება:))))


ჰო?.. ვითომ?.. :)))
❤️

კი თან ძალიან

 


№11  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ქეთი
ქეთი იმერლიშვილი
სტუმარი ქეთი
არ ვიცი მე ვარ ავად თუ რატომ არის რომ საყვარელი ადამიანის ხელით სიკვდილი საშინლად მერომანტიკულება:))))


ჰო?.. ვითომ?.. :)))
❤️

კი თან ძალიან


ვისთვის როგორ... ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინო

აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ რომას ასეთი უბრალო სიკვდილი ცოტა მეხამუშება, თითქოც ვიღავ უმნიშვნელო პერსონაჟო მოკალი და არა გეტას ერთადერთი სიყვარული.

 


№13  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ნინო
აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ რომას ასეთი უბრალო სიკვდილი ცოტა მეხამუშება, თითქოც ვიღავ უმნიშვნელო პერსონაჟო მოკალი და არა გეტას ერთადერთი სიყვარული.


მე ისე დავწერე, როგორც მოკლეს...
სინამდვილე ეს არის. შეიძლება, ყველას გული დასწყდა, რომ ასე "უბრალოდ" გამოასალმეს სიცოცხლეს, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ის ჯიუტია!..
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№14  offline ახალბედა მწერალი K. I.

Margarethe Jose
ქეთი, შენ ხარ საოცრება.
იმდენად დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა ნაწარმოების დასასრულმა რომ, როგორც კი კითხვა დავასრულე ეგრევე ეს სიტყვები დამცდა.

ამ ნაწარმოებში მრავალ საკითხზე არის ყურადღება გამახვილებული, თუმცა ჩემი სუბიექტური აზრით, მთავარი ძარღვი ამ ნაწარმოების არის ის თუ როგორ აღიქვამს თითოეული ადამიანი სიყვარულს. პერსონაჟებსაც ისე აღვიქვამ როგორც ისინი - სიყვარულს.

რომას მთავარი მისწრაფება თითქოს მხოლოდ საკუთარი სურვილების, გრძნობების დაკმაყოფილება იყო, მე ასე ვფიქრობდი მანამ სანამ არ დავინახე რომ საკმაოდ დიდი რამ დათმო საკუთარი "სიყვარულის" გამო, ოჯახი, რწმენა (რაც უდიდესი ღირსება იყო მისთვის, მახსოვს მის ნათქვამი). სიყვარული ბრჭყალებში იმიტომ რომ მე მისი სიყვარულის არ მესმის და ეს წინათ ვთქვი რატომაც. თუმცა რამდენი ადამიანიც დაიარება ამქვეყნად და რამდენი წყვილი გულიც ხმაშეწყობილ ფეთქავს, იმდენნაირი აღქმა აქვს სიყვარულს და ჩავთვლი რომ მე რომას და გეტას მიერ აღქმული ამ გრძნობის ვერაფერი ვერ გავიგე.
ფაქტი ფაქტია როგორი ჯიუტი და ეგოისტი, თუნდაც "პირუტყვი" (ჩემ მიერ მონათლული:)) არ უნდა ყოფილიყო ტამოევი, გეტამ ის ჯერ კიდევ თხუთმეტი წლისამ შეიყვარა და სიკვდილამდე არ დათმო.
მართალია დასაწყისში გეტამ რომა სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა, თუმცა ბოლოს მაინც თვითონვე გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, რა მნიშვნელობა აქვს ვისი ხელით?!

გეტას პერსონის შესახებ ბევრს არ ვიტყვი უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სასწაულად ეგოისტია, რასაც ნათლად წარმოაჩენს ის ფაქტი, რომ საკუთარი ცოდვებისგან დამძიმებულმა და ბოღმით სავსემ სხვის ცხოვრებაში აფათურა ხელები.

ანდროზე და თეკლაზეც არ ვილაპარაკებ ბევრს.
უბრალოდ, ანდროს სიყვარული ჩემთვის მიუღებელია. ეს დიდად გასაკვირი არ არის ჩემი ღირებულებებიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე. მას თეკლა, თავისი ბიძაშვილი უბრალოდ შეუყვარდა, ისე როგორც შეიძლებოდა ნებისმიერი გოგო შეჰყვარებოდა.

თეკლას მხრივ კი ასე არ ვფიქრობ. მისი პერსონაჟი ჩემთვის უაღრესად სუსტი და ბეჩავია. თითქოს გულგატეხილმა ეს სიყვარული მყუდრო საცხოვრისად გაიხადა, შემდეგი გულის გატეხვისგან თავის არიდებით.
მათ ამბავს "შეპყრობილნი" რატომ უწოდე ვერ მივხვდი, იქნებ ამიხსნა.

წარმატებებს გისურვებ. სიმართლე რომ გითხრა, ცოტა კი მენანება ეს ნაწარმოები ამ საიტისათვის. საიტს არაფერს ვერჩი, უბრალოდ ეს ნაწარმოები იმაზე მეტია ვიდრე განტვირთვისთვის წასაკითხი მოთხრობა, ნოველა და ა.შ.
წარმატებები❤

ოი, მარგარეტ, ჩემო ძვირფასო მარგარეტ.
რა კარგი გოგო ხარ შენ, რომ ასე გემრიელად მომიტანე შენი რეფლექსიები და გამაცანი რას ფიქრობ ამ ნაწარმოებზე და მის პერსონაჟებზე.
ანდრო თეკლათია შეპყრობილი, თეკლა ანდროთი და მათ აკრძალულ და დაუშვებელ სიყვარულს სიგიჟე და შეპყრობა ჰქვია. აბა, რა ჰქვია?
რომაზე და გეტაზე უბრალოდ დავდუმდები, კარგი? ასე მირჩევნია...
მიიღოს ყველამ ისე ეს "სიყვარული", როგორც ესმით.
მე შენ აზრს პატივს ვცემ ❤️
უღრმესი მადლობა ასეთი ძარღვიანი კომენტარისთვის მარგარეტ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№15 სტუმარი სტუმარი ლელა

იმერლიშვილო რა უნდა გითხრა იცი?
შენი კოლეგა ვარ და მშურს შენი წერის ტექნიკის. სასწაულები აკეთე.
რომას სიკვდილმა გამანადგურა. გეტას მიზეზით დალია სული ტო და ჩესნად მაგრა შემეცოდა. სიყვარულს შეეწირა.
გეტას პერსონაჟი მოსიარულე ტკივილია, დაწყევლილი ბედისგან.
თეკლას და ანდროს სიყვარული მიუღებელი იყო და იქნება ჩემთვის და ახლა მესმის რატომაც თქვა გეტამ ყველას მოვუყვები მათ ამბავს და ამოვსვრი ტალახში მე ცოდვილიო. ნუ აქ უკვე გაბოროტებულია.
ფრაზებზე გავჭედე:
"გაანადგურე, რაც განადგურებს"
"სრულყოფილება ეძებს თავის არასრულყოფილებას"
და წინა თავებიდან შემხვდა კიდევ გულშიჩამწვდომი სიტყვები.
მაგარი ხარ დაო, ხელებს ვწევ.
გეტა უეჭველი ბესტსელერია.

 


№16  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ლელა
იმერლიშვილო რა უნდა გითხრა იცი?
შენი კოლეგა ვარ და მშურს შენი წერის ტექნიკის. სასწაულები აკეთე.
რომას სიკვდილმა გამანადგურა. გეტას მიზეზით დალია სული ტო და ჩესნად მაგრა შემეცოდა. სიყვარულს შეეწირა.
გეტას პერსონაჟი მოსიარულე ტკივილია, დაწყევლილი ბედისგან.
თეკლას და ანდროს სიყვარული მიუღებელი იყო და იქნება ჩემთვის და ახლა მესმის რატომაც თქვა გეტამ ყველას მოვუყვები მათ ამბავს და ამოვსვრი ტალახში მე ცოდვილიო. ნუ აქ უკვე გაბოროტებულია.
ფრაზებზე გავჭედე:
"გაანადგურე, რაც განადგურებს"
"სრულყოფილება ეძებს თავის არასრულყოფილებას"
და წინა თავებიდან შემხვდა კიდევ გულშიჩამწვდომი სიტყვები.
მაგარი ხარ დაო, ხელებს ვწევ.
გეტა უეჭველი ბესტსელერია.


ვაიმე, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.
რომელი კოლეგა ხართ?
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№17 სტუმარი Katie

და ვიწყებ, ძლივს...
მოკლედ, შოკი და შენი ისტორიების კითხვა არის თანმდები ამბები.
აი, მართლა 10/10ში გაარტყი, ისეთი დასასრული ჰქონდა, სხვა რაიმე არც კი ჩაჯდებოდა ახლა რომ ვფიქრობ.
so, I’m really proud, because
ვკითხულობდი და წავიკითხე,
გიცნობ და წაგიკითხავ.
რომა, ჰმ, რომას მიმართ ანტისიმპატიები დამრჩა, ვერ მომაწონა თავი, მაგრამ გ ე ტ ა
იყო და იქნება ყველაფრის მსხვერპლი ჩემ თვალში, ყველაფრის: დროის, ურთიერთობების, ოჯახის და გრძნობების.
and...
ანდრო და თეკლა-აქ სრულიად საპირისპირო აზრები მაქვს.
რა თქმა უნდა, ანდროს ვერ ვამართლებ(მიუხედავად იმისა, რომ დასასრული სრულიად ლოგიკური იყო, რომ სიკვდილს(ჩაქოლვას) სხვისი ხელებით, სჯობდა საკუთარი ხელებით “გადარჩენა”) მე მაინც მგონია, შეეძლოთ ქვეყნიდან წასვლა, უკანასკნელი სახსრების ჩადება და სხვაგან აწყობა თავიანთი ამბების, მაგრამ მაბრკოლებს ის რომ everything and everyone, here was really!

BTW
მე მიხარია, რომ ამ -წიგნის- წაკითხვის საშუალება მქონდა, არაჩვეულებრივი მწერლის ავტორობით
<3

 


№18  offline ახალბედა მწერალი K. I.

Katie
და ვიწყებ, ძლივს...
მოკლედ, შოკი და შენი ისტორიების კითხვა არის თანმდები ამბები.
აი, მართლა 10/10ში გაარტყი, ისეთი დასასრული ჰქონდა, სხვა რაიმე არც კი ჩაჯდებოდა ახლა რომ ვფიქრობ.
so, I’m really proud, because
ვკითხულობდი და წავიკითხე,
გიცნობ და წაგიკითხავ.
რომა, ჰმ, რომას მიმართ ანტისიმპატიები დამრჩა, ვერ მომაწონა თავი, მაგრამ გ ე ტ ა
იყო და იქნება ყველაფრის მსხვერპლი ჩემ თვალში, ყველაფრის: დროის, ურთიერთობების, ოჯახის და გრძნობების.
and...
ანდრო და თეკლა-აქ სრულიად საპირისპირო აზრები მაქვს.
რა თქმა უნდა, ანდროს ვერ ვამართლებ(მიუხედავად იმისა, რომ დასასრული სრულიად ლოგიკური იყო, რომ სიკვდილს(ჩაქოლვას) სხვისი ხელებით, სჯობდა საკუთარი ხელებით “გადარჩენა”) მე მაინც მგონია, შეეძლოთ ქვეყნიდან წასვლა, უკანასკნელი სახსრების ჩადება და სხვაგან აწყობა თავიანთი ამბების, მაგრამ მაბრკოლებს ის რომ everything and everyone, here was really!

BTW
მე მიხარია, რომ ამ -წიგნის- წაკითხვის საშუალება მქონდა, არაჩვეულებრივი მწერლის ავტორობით
<3


ქეთი ❤️
Thank you sweet heart ❤️
არც კი ვიცი რა გითხრა.
ემოციებისგან დამცალა ამ წიგნმა და ახლა მკითხველი მავსებს ისევ, რომ აღვიდგინო, რაც დავკარგე ❤️
You are god’s blessing for me with your awesome comment! ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№19 სტუმარი U , tell me

Ori khe is a tree?!

 


№20  offline ახალბედა მწერალი K. I.

U , tell me
Ori khe is a tree?!

What? Might be laughing
Who knows? wink stuck_out_tongue_closed_eyes
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№21 სტუმარი სტუმარი ელისო

ჰუჰ! ძალიან რთული იყო დასასრული წასაკითხად და ასეთი დასასრულის შექმნა მით უფრო...ოთხი "სამოთხიდან გაძევებული ანგელოზი" მე ესე ვიტყოდი.მგონია რომ სხვა ქვეყანაში ანდროსა და თეკლას ექნებოდათ სხვა ისტორია. მთავარი გმირების სიმპათია თითქოს დანაშაულია და ანტიპათია-ცოდვა.საზოგადოება,გარემო,ჩაბეჭდილი ნორმატიული ქცევები,პასუხისმგებლობა,ვალდებულება იმდენად ირევა ერთმანეთში,ხანდახან გამოსავლად იასამნებთან ერთად ფრენა რჩება.სულიერი კვდომა როცა გაქვს,მნიშვნელობა არ აქვს საფლავის ქვაზე რა თარიღი დაეწერება. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე ქონდა თავისებური სიყვარულით,ხანდახან სიყვარულის ობიექტებისთვისაც მიუღებელი, მაგრამ ნამდვილი,მათებურად ნამდვილი.იცი,ყველაზე უცნაური ისაა რომ ბევრს ვილაპარაკებთ,მაგრამ მათ შეგრძნებებამდე ვერ მივალთ,იმ გზას ვერ გავივლით რაც მათ გაიარეს და ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ასე არ მოვიქცეოდითთქო.იმდენი აზრი მიტრიალებს თავში,კიდე უნდა წავიკითხო შესვენებულზე თავიდან ბოლომდე რომ ჩემი აზრები დავალაგო და ღირსეულთან მიახლოებული კომენტარი დავდო.ვნახე,4 love .ge-სთვის ცოდო ხარო,ცოდო ჩვენ ვართ აქ რო აღარ წეროს ქეთიმ :) მართალია სადაც წავა,გავყვები,მაგრამ ამ საიტით ვიპოვნე და მირჩევნია აქაც მეგულებოდეს და წიგნის ფურცლებსაც ავსებდეს :)

 


№22  offline ახალბედა მწერალი K. I.

სტუმარი ელისო
ჰუჰ! ძალიან რთული იყო დასასრული წასაკითხად და ასეთი დასასრულის შექმნა მით უფრო...ოთხი "სამოთხიდან გაძევებული ანგელოზი" მე ესე ვიტყოდი.მგონია რომ სხვა ქვეყანაში ანდროსა და თეკლას ექნებოდათ სხვა ისტორია. მთავარი გმირების სიმპათია თითქოს დანაშაულია და ანტიპათია-ცოდვა.საზოგადოება,გარემო,ჩაბეჭდილი ნორმატიული ქცევები,პასუხისმგებლობა,ვალდებულება იმდენად ირევა ერთმანეთში,ხანდახან გამოსავლად იასამნებთან ერთად ფრენა რჩება.სულიერი კვდომა როცა გაქვს,მნიშვნელობა არ აქვს საფლავის ქვაზე რა თარიღი დაეწერება. თითოეულ გმირს თავისი სიმართლე ქონდა თავისებური სიყვარულით,ხანდახან სიყვარულის ობიექტებისთვისაც მიუღებელი, მაგრამ ნამდვილი,მათებურად ნამდვილი.იცი,ყველაზე უცნაური ისაა რომ ბევრს ვილაპარაკებთ,მაგრამ მათ შეგრძნებებამდე ვერ მივალთ,იმ გზას ვერ გავივლით რაც მათ გაიარეს და ვერ ვიტყვით რომ ჩვენ ასე არ მოვიქცეოდითთქო.იმდენი აზრი მიტრიალებს თავში,კიდე უნდა წავიკითხო შესვენებულზე თავიდან ბოლომდე რომ ჩემი აზრები დავალაგო და ღირსეულთან მიახლოებული კომენტარი დავდო.ვნახე,4 love .ge-სთვის ცოდო ხარო,ცოდო ჩვენ ვართ აქ რო აღარ წეროს ქეთიმ :) მართალია სადაც წავა,გავყვები,მაგრამ ამ საიტით ვიპოვნე და მირჩევნია აქაც მეგულებოდეს და წიგნის ფურცლებსაც ავსებდეს :)

ელისო ❤️
მასწავლე როგორ მოგეფერო და მოგეფერები ❤️
ძალიან პატივს გცემ, ძალიან გაფასებ და ასე, უბრალიდ მიყვარხარ როგორც მკითხველი და ადამიანი ❤️
აღიქვამ ყველაფერს ისე, როგორც უნდა აღიქვამდეს სერიოზული მკითხველი.
ზუსტად ხვდები სად რა და რატომ მიწერია.
აბა, მითხარი, განძი არ ხარ ჩემთვის, როგორც მწერლისთვის?
მადლობა, რომ ჩემთან ხარ ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№23 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღფღრთოვანებული ვა
რ! სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემად რაც განვიცადე კითხვისას, ვკითხულობდი ყველგან, მეტროში, სამსახურში და არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა განვითარებული მოვლენებისთვის თვალყურის დევნება. მადლობა შენ და შენ ფანტაზიას, რომ ესეთი ნაწარმოები შექმენით❤️

 


№24  offline წევრი სიბილა

არ მტოვებს ჰაერში მოლივლივე გეტას სულის აღმაფრენა, ჩემი საყვარელი იასამნების სურნელი, სხვათა აკრძალული სიყვარულის სევდა, გამორჩეული ნაწარმოების წაკითხვით განცდილი ტკბობის გემოს შეგრძნება, ჰო.იმის გააზრებაც , რომ ეს ჯიუტი გრძნობაა ყველაფრის თავი და თავი...მე ნაწარმოების წერის მანერამაც მომხიბლა, ვაპირებდი კიდეც ადრე ამ ჯანრში, რამის დაწერას, ახლართვის შემეშინდა)) და შენ კი ყოჩაღ..საქებარია, ასე მკაფიოდ ცალკეულ ამბების აკინძვა..ბროლის თოჯინების შემდეგ ..დიახაც, ველოდი ...იმ მოლოდინს არ ვამბობ, აი ვიცოდი ასე დაწერდაო..ეგ თავისთავად..ფიზიკურად ველოდი..და ზუსტად ის მივიღე, რასაც ველოდი..საი-ოთხია აქ ასეთი..და, ჰო, დავასრულე თუ არა..ვიგრძენი..,მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩაირთო))

 


№25  offline ახალბედა მწერალი K. I.

სალანდერი
გუშინვე წავიკითხე, მაგრამ დღევანდლამდე ვფიქრობდი ნაწარმოებზე. მგონი ერთადერთი ვარ, ვისაც ტამოევის "ასე" სიკვდილი არ გაუტყდა. მოკვდეს იმისთვის რაც ყველაზე მეტად უყვარდა, რჩეულების ხვედრია რა. ქალს თავისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რწმენა შეწირა და სიცოცხლის შეწირვა რა გასაკვირი იქნებოდა აბა? ერთადერთი სიკვდილი რომელიც რომასთვის არ მომეწონებოდა (იმიტომ რომ მისნაირი ცხოვრების ადამიანებისთვის თითქმის გამორიცხულია) არის საწოლში ავადმყოფობისგან სიკვდილი. საერთოდ მგონი მეტისმეტად მძიმედ ვუდგებით სიკვდილის თემას ადამიანები, არა და ზოგჯერ ერთადერთი გამოსავალიც კია. გეტაც თავისივე სიყვარულის მსხვერპლია რომასავით. ნამდვილად არ ვიცი რამდენად ლამაზი, მისაღები ან რომანტიკულია მათი სიყვარული, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ნამდვილია.
ანდროს და თეკლას რაც შეეხება, ორი ბეჩავი ადამიანია ჩემთვის. ორი სუსტი ადამიანის მძიმე ამბავი. თუმცა ძნელია როცა იმის წინააღმდეგ გიწევს გალაშქრება, რისიც თვითონაც ღრმად გწამს. ინცესტი მძიმე თემაა, იმდენად რომ ვერცერთხელ გავბედე ბოლომდე შევხებოდი და მიხარია რომ ეს შენ გააკეთე.
საბოლოოდ კი მგონია რომ ნაწარმოებმა თავისი სათქმელი თქვა. თქვა რომ დიახ არსებობს სიყვარული, რომელსაც ვერ მართავ. შეიძლება არც სწორი იყოს, არც მისაღები, და ეს ყველაზე უკეთ შენ იცოდე (როგორც ანდრომ) მაგრამ უარი ვერ თქვა, ხელი ვერ გაუშვა, ვერ დაკარგო.
ასეა რა, ნამდვილი სიყვარული გამოწერით არ მოდის და ზოგჯერ ისეთი მოდის ეგ ოხერი, სიამოვნებით იტყოდი სამუდამოდ სიყვარულზე უარს, ოღონდ ეს არ გჭირდეს.
ციციკორე ხალხი კიდევ სულ იარსებებს. შეშლილი გეტაც სულ იარსებებს, ოღონდ ტალახი აიცილოს და შენკენ რომ მომართავს ტალახმომარჯვებული ხალხის მზერას.
მე კი მჯერა, რომ არსებობს რაღაცები რაც ყველაფრად ღირს და თუ ვიღაც ბრძოლად გიღირს უნდა იბრძოლო, თუნდაც ტალახში ამოგანგლულმა.


გახსოვს ალბათ, მე და შენ ამ ამბავზე როდის გვქონდა საუბარი. ისიც გახსოვს რატომ მინდოდა ამ თემას შევხებოდი. მიხარია, თუ გამომივიდა, მიხარია, თუ გავაცოცხლე რომას და გეტას გიჟური სიყვარული და შენსავით დავაჯერე, რომ ჰო, დიახ, ნამდვილად, ჭეშმარიტად, იყო ეს სიყვარული და ყოველთვის ერქმევა ამ სიფსიხეს სიყვარული. მართალია, თავის მახინჯ ფორმებში, მაგრამ იყო...
ჰო, იყო... ❤️
ანდროს და თეკლას რაც შეეხება, ყველაზე მეტად მათ სიყვარულზე გამიჭირდება საუბარი. რთულია გაუგო, რთულია ჩასწვდე, როცა შენში არ არის დასაშვები ბიძაშვილების, ან ბიძაშვილ -მამიდაშვილების სიყვარული, მაგრამ ასეთი იშვიათი სიყვარულიც არის და მე მიხარია, რომ რომა/გეტას და ანდრო/თეკლას რომანის არსსაც ჩასწვდი და საერთოდ ამ ნაწარმოებით რისი თქმა მინდოდა, იმასაც ჩასწვდი.
დარწმუნებული ვიყავი, არც გაგიჭირდებოდა...
და ბოლოს, ქვა იმან აიღოს და ესროლოს, ვინც უცოდველია...

სტუმარი მარიამი
აღფღრთოვანებული ვა
რ! სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემად რაც განვიცადე კითხვისას, ვკითხულობდი ყველგან, მეტროში, სამსახურში და არ მინდოდა დასრულებულიყო იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა განვითარებული მოვლენებისთვის თვალყურის დევნება. მადლობა შენ და შენ ფანტაზიას, რომ ესეთი ნაწარმოები შექმენით❤️


მადლობა, მარიამ ❤️
ძალიან გამახარე ამ პატარა და ტკბილი კომენტარით. ❤️

სიბილა
არ მტოვებს ჰაერში მოლივლივე გეტას სულის აღმაფრენა, ჩემი საყვარელი იასამნების სურნელი, სხვათა აკრძალული სიყვარულის სევდა, გამორჩეული ნაწარმოების წაკითხვით განცდილი ტკბობის გემოს შეგრძნება, ჰო.იმის გააზრებაც , რომ ეს ჯიუტი გრძნობაა ყველაფრის თავი და თავი...მე ნაწარმოების წერის მანერამაც მომხიბლა, ვაპირებდი კიდეც ადრე ამ ჯანრში, რამის დაწერას, ახლართვის შემეშინდა)) და შენ კი ყოჩაღ..საქებარია, ასე მკაფიოდ ცალკეულ ამბების აკინძვა..ბროლის თოჯინების შემდეგ ..დიახაც, ველოდი ...იმ მოლოდინს არ ვამბობ, აი ვიცოდი ასე დაწერდაო..ეგ თავისთავად..ფიზიკურად ველოდი..და ზუსტად ის მივიღე, რასაც ველოდი..საი-ოთხია აქ ასეთი..და, ჰო, დავასრულე თუ არა..ვიგრძენი..,მოლოდინის რეჟიმი ისევ ჩაირთო))


სიბილა ❤️
უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო ❤️
მიხარია, რომ მოგეწონა.
ისიც მიხარია, რომ წერის სტილმა და ტექნიკამაც მოგხიბლა. ჰო, დაგეთანხმები, რთული იყო სამუშაოდ.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№26  offline წევრი ნორმი

ე.ი პირველ რიგში ამ საიტის მკითხველს თუ მწერალს მინდა არ გეწყინოთ....ვერ ვხვდები ამ დონის მწერლები ამ დონის ისტორიები რატომ უნდა იდებოდეს მსგავს გასართობ საიტებზე...
არ მესსმის ასეთი დონის მწერლები უბრალო გასართობ საიტზე რატომ აქვეყნებთ თქვენს შედევრებს და არა წიგნებად...
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი წიგნად სხვა წიგნებთან ერთად...

ისტორიაში ბევრი ისეთი პროვლემა გაქვს რაც ზოგადად საზოგადოებას აწუხებს..განსაკუთრებულად მომეწონება აფხაზეთის აღწერა და არა ვთქვა რომელიმე კუთხის სვანეთის გადაღეჭვა რომელზეც უკვე იმდენი ვიცი,რომ ასე კგონია იქ ვცხოვრობ..ამ ისტორიის კიდევ ასმაგად მომინდა აფხაზეთში ჩასვლა და მთლიანი კუთხის დათვალიერება....
და მაინც შენს ისტორიას მთლიანობაში ეხატა ქართული სული...ის რასაც ყველა განიცდის და აღიქვამს.

ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა ეს ნამდვილად მიუღებელი საკითხია საქართველოსთვის...რომელზეც საუბარი მე თუ მლითხავ დამაკლდა.ძალიან ნაკლულად იყო ყველაფერი განხილული...ზოგადად ამ თემაზე ბევრია სასაუბრო არამარტო წყვილებიდაბ არამედ საზოგადოებიდან,მშობლებიდან,მეგობრებიდან და ყველასაგან...ჩემი აზრით ბევრი უნდა გესაუბრო და ყველაფერი დეტალებში უნდა გადმოგეცა...

რაც შეეხება გეტასა და რომას წყვილს.რომა ტიპიური ქართველი მამაკაცია რომელიც ცოლს უშლის მისთვის მნიშვნელოვანს...ისიც კარგია რომ გამოკვეთე სხვადასხვა რწმენის ადამიანთა სიყვარულო..იეზიდების შესახებ სიმართლე გითხრა არაფერი ვიცი რომ გამოგეკიდო და სიტყვებში გსდიოს.მაგრამ ჩემთვის ყოველთვის აასიამოვნოა როდესაც სხვა რელიგიის რწმენის ან ეთნოსის ადამონზე ვკითხულობ რაიმეს.მერე მათსა და ჩვენს შორის ვავლებ პარალელს და რაც საერთო გვაქვს გონებაში მყარად ვიბეჭდავ...ზუსტად ვიცი "თეფშის გატეხვის" ტრადიცია მუდამ მემახსოვრება რადგან მსგავსი ტრადიცია ჩვენც ქართველებსაც გვქონდა რომელიც მივიწყებულია.შეიძლება სხვაგან არსებობს სოფლებში სადმე მაგრამ რავი მე პირადად დიდი ხანია აღარ მსმენია..

ისტორია რომ თვმიკვლელობით დასრულდება ამას მოველოდი.მსგავს ისტოტიებს ყოველთვის ასეთი დასასრული..ნუ კი მართალია რომა და გეტა არ მემეტებოდა მაგრამ რა ვქნათ.?

ჰო კინაღამ დამავიწყდა ხაზი გამესვა რომას პიროვნებაზე რომელიც მკვლელად,ქურდად და ცუდ ადამიანად წარმოადგინე,კაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა შეცვაალა...არამგონია რომასნაირი მამაკაცები ბევრნი იყვნენ ვინ სიყვარულის გამო საკუთარ რელიგიაზე უარს იტყვიზე...რომა იმ მამაკაცის ტიპაჟია რომელსაც ორი მხარე აქვს....მსგავს ადამიანებს სიყვარული ცვლით მაგრამ ის ისეთივე უხეში დარჩა როგორიც იყო....ალბათ მსგავსი პერსონაჟუ რომ არ დაგეხატა არც ეს ისტორია იქნებოდა ასეთი შესანიშნავი..

ოო ბოლოსკენ მოვიტოვე საკუთარი თავის ლანძღვაა...ძალიან ცუდი გოგო ყველა შენს ისტორიას ვადევნებ თვალს ოომენტარებიდან მაგრამ არასოდეს ვკითხულობ არა კი ვიცი რომ კარგი იქნება მაგრან ვდებ წაკითხვას და გვერდზე მრჩება...მაგრამ არაუშავს ახლა წავიკითხავ სუყველას და ცუდი გოგო აღარ ვიქნები..აი მერე ნამდვილად შევძლებ თქმას რომ ჩემი საყვარელი მწერალი ქეთი იმერლიშვილია..ახლაც კი ხარ მაგრამ მაინც ჯობია დარწმუნებით ვთქვა ..
ძალიან მაგარი გოგო ხარ..შეააჯიშნავი მწერალი და დიდი სიამოცნრბით ვიხალავდი ამ ისტორია გაყიდვაში..❤❤❤❤❤❤
--------------------
მორფეოსი

 


№27  offline ახალბედა მწერალი K. I.

ნორმი
ე.ი პირველ რიგში ამ საიტის მკითხველს თუ მწერალს მინდა არ გეწყინოთ....ვერ ვხვდები ამ დონის მწერლები ამ დონის ისტორიები რატომ უნდა იდებოდეს მსგავს გასართობ საიტებზე...
არ მესსმის ასეთი დონის მწერლები უბრალო გასართობ საიტზე რატომ აქვეყნებთ თქვენს შედევრებს და არა წიგნებად...
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი წიგნად სხვა წიგნებთან ერთად...

ისტორიაში ბევრი ისეთი პროვლემა გაქვს რაც ზოგადად საზოგადოებას აწუხებს..განსაკუთრებულად მომეწონება აფხაზეთის აღწერა და არა ვთქვა რომელიმე კუთხის სვანეთის გადაღეჭვა რომელზეც უკვე იმდენი ვიცი,რომ ასე კგონია იქ ვცხოვრობ..ამ ისტორიის კიდევ ასმაგად მომინდა აფხაზეთში ჩასვლა და მთლიანი კუთხის დათვალიერება....
და მაინც შენს ისტორიას მთლიანობაში ეხატა ქართული სული...ის რასაც ყველა განიცდის და აღიქვამს.

ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა ეს ნამდვილად მიუღებელი საკითხია საქართველოსთვის...რომელზეც საუბარი მე თუ მლითხავ დამაკლდა.ძალიან ნაკლულად იყო ყველაფერი განხილული...ზოგადად ამ თემაზე ბევრია სასაუბრო არამარტო წყვილებიდაბ არამედ საზოგადოებიდან,მშობლებიდან,მეგობრებიდან და ყველასაგან...ჩემი აზრით ბევრი უნდა გესაუბრო და ყველაფერი დეტალებში უნდა გადმოგეცა...

რაც შეეხება გეტასა და რომას წყვილს.რომა ტიპიური ქართველი მამაკაცია რომელიც ცოლს უშლის მისთვის მნიშვნელოვანს...ისიც კარგია რომ გამოკვეთე სხვადასხვა რწმენის ადამიანთა სიყვარულო..იეზიდების შესახებ სიმართლე გითხრა არაფერი ვიცი რომ გამოგეკიდო და სიტყვებში გსდიოს.მაგრამ ჩემთვის ყოველთვის აასიამოვნოა როდესაც სხვა რელიგიის რწმენის ან ეთნოსის ადამონზე ვკითხულობ რაიმეს.მერე მათსა და ჩვენს შორის ვავლებ პარალელს და რაც საერთო გვაქვს გონებაში მყარად ვიბეჭდავ...ზუსტად ვიცი "თეფშის გატეხვის" ტრადიცია მუდამ მემახსოვრება რადგან მსგავსი ტრადიცია ჩვენც ქართველებსაც გვქონდა რომელიც მივიწყებულია.შეიძლება სხვაგან არსებობს სოფლებში სადმე მაგრამ რავი მე პირადად დიდი ხანია აღარ მსმენია..

ისტორია რომ თვმიკვლელობით დასრულდება ამას მოველოდი.მსგავს ისტოტიებს ყოველთვის ასეთი დასასრული..ნუ კი მართალია რომა და გეტა არ მემეტებოდა მაგრამ რა ვქნათ.?

ჰო კინაღამ დამავიწყდა ხაზი გამესვა რომას პიროვნებაზე რომელიც მკვლელად,ქურდად და ცუდ ადამიანად წარმოადგინე,კაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა შეცვაალა...არამგონია რომასნაირი მამაკაცები ბევრნი იყვნენ ვინ სიყვარულის გამო საკუთარ რელიგიაზე უარს იტყვიზე...რომა იმ მამაკაცის ტიპაჟია რომელსაც ორი მხარე აქვს....მსგავს ადამიანებს სიყვარული ცვლით მაგრამ ის ისეთივე უხეში დარჩა როგორიც იყო....ალბათ მსგავსი პერსონაჟუ რომ არ დაგეხატა არც ეს ისტორია იქნებოდა ასეთი შესანიშნავი..

ოო ბოლოსკენ მოვიტოვე საკუთარი თავის ლანძღვაა...ძალიან ცუდი გოგო ყველა შენს ისტორიას ვადევნებ თვალს ოომენტარებიდან მაგრამ არასოდეს ვკითხულობ არა კი ვიცი რომ კარგი იქნება მაგრან ვდებ წაკითხვას და გვერდზე მრჩება...მაგრამ არაუშავს ახლა წავიკითხავ სუყველას და ცუდი გოგო აღარ ვიქნები..აი მერე ნამდვილად შევძლებ თქმას რომ ჩემი საყვარელი მწერალი ქეთი იმერლიშვილია..ახლაც კი ხარ მაგრამ მაინც ჯობია დარწმუნებით ვთქვა ..
ძალიან მაგარი გოგო ხარ..შეააჯიშნავი მწერალი და დიდი სიამოცნრბით ვიხალავდი ამ ისტორია გაყიდვაში..❤❤❤❤❤❤


ნორმი ❤️
რომელი კარგი სიტყვა მოვქექო ჩემი ლექსიკონიდან და გამოგიგზავნო, აჰ? ❤️
გულზე მალამოდ რომ დაგედება, ისეთი სიტყვები წავიკითხე.
შენ თუ თვლი, რომ ეს ნაწარმოები წიგნი უნდა გახდეს, მგონი არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვების აზრსაც ემთხვევა შენი მოსაზრება.
გეტა აუცილებლად გადავა ფურცლებზე ❤️
ახლა, რაც შეეხება ინცესტს -ქართული საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი თემაა, ვთვლი, რომ ზუსტი დოზით იყო მიწოდებული. არა მგონია, ისტორიას ამვთემის მეტი სიღრმე მოეხდინა. ბოლო-ბოლო გეტაა აქ მთავარი პერსონაჟი და დისბალანსი მოუვიდოდა ტექსტს. როგორ გითხრა, თუ მწერალი ხარ შენც, მიხვდები რასაც გიხსნი.
დიდი დიდი მადლობა შენ, რომ არ დაგეზარა და ასეთი "გემრიელობები" მომწერე.
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№28  offline წევრი ნორმი

ქეთი იმერლიშვილი
ნორმი
ე.ი პირველ რიგში ამ საიტის მკითხველს თუ მწერალს მინდა არ გეწყინოთ....ვერ ვხვდები ამ დონის მწერლები ამ დონის ისტორიები რატომ უნდა იდებოდეს მსგავს გასართობ საიტებზე...
არ მესსმის ასეთი დონის მწერლები უბრალო გასართობ საიტზე რატომ აქვეყნებთ თქვენს შედევრებს და არა წიგნებად...
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი წიგნად სხვა წიგნებთან ერთად...

ისტორიაში ბევრი ისეთი პროვლემა გაქვს რაც ზოგადად საზოგადოებას აწუხებს..განსაკუთრებულად მომეწონება აფხაზეთის აღწერა და არა ვთქვა რომელიმე კუთხის სვანეთის გადაღეჭვა რომელზეც უკვე იმდენი ვიცი,რომ ასე კგონია იქ ვცხოვრობ..ამ ისტორიის კიდევ ასმაგად მომინდა აფხაზეთში ჩასვლა და მთლიანი კუთხის დათვალიერება....
და მაინც შენს ისტორიას მთლიანობაში ეხატა ქართული სული...ის რასაც ყველა განიცდის და აღიქვამს.

ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა ეს ნამდვილად მიუღებელი საკითხია საქართველოსთვის...რომელზეც საუბარი მე თუ მლითხავ დამაკლდა.ძალიან ნაკლულად იყო ყველაფერი განხილული...ზოგადად ამ თემაზე ბევრია სასაუბრო არამარტო წყვილებიდაბ არამედ საზოგადოებიდან,მშობლებიდან,მეგობრებიდან და ყველასაგან...ჩემი აზრით ბევრი უნდა გესაუბრო და ყველაფერი დეტალებში უნდა გადმოგეცა...

რაც შეეხება გეტასა და რომას წყვილს.რომა ტიპიური ქართველი მამაკაცია რომელიც ცოლს უშლის მისთვის მნიშვნელოვანს...ისიც კარგია რომ გამოკვეთე სხვადასხვა რწმენის ადამიანთა სიყვარულო..იეზიდების შესახებ სიმართლე გითხრა არაფერი ვიცი რომ გამოგეკიდო და სიტყვებში გსდიოს.მაგრამ ჩემთვის ყოველთვის აასიამოვნოა როდესაც სხვა რელიგიის რწმენის ან ეთნოსის ადამონზე ვკითხულობ რაიმეს.მერე მათსა და ჩვენს შორის ვავლებ პარალელს და რაც საერთო გვაქვს გონებაში მყარად ვიბეჭდავ...ზუსტად ვიცი "თეფშის გატეხვის" ტრადიცია მუდამ მემახსოვრება რადგან მსგავსი ტრადიცია ჩვენც ქართველებსაც გვქონდა რომელიც მივიწყებულია.შეიძლება სხვაგან არსებობს სოფლებში სადმე მაგრამ რავი მე პირადად დიდი ხანია აღარ მსმენია..

ისტორია რომ თვმიკვლელობით დასრულდება ამას მოველოდი.მსგავს ისტოტიებს ყოველთვის ასეთი დასასრული..ნუ კი მართალია რომა და გეტა არ მემეტებოდა მაგრამ რა ვქნათ.?

ჰო კინაღამ დამავიწყდა ხაზი გამესვა რომას პიროვნებაზე რომელიც მკვლელად,ქურდად და ცუდ ადამიანად წარმოადგინე,კაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა შეცვაალა...არამგონია რომასნაირი მამაკაცები ბევრნი იყვნენ ვინ სიყვარულის გამო საკუთარ რელიგიაზე უარს იტყვიზე...რომა იმ მამაკაცის ტიპაჟია რომელსაც ორი მხარე აქვს....მსგავს ადამიანებს სიყვარული ცვლით მაგრამ ის ისეთივე უხეში დარჩა როგორიც იყო....ალბათ მსგავსი პერსონაჟუ რომ არ დაგეხატა არც ეს ისტორია იქნებოდა ასეთი შესანიშნავი..

ოო ბოლოსკენ მოვიტოვე საკუთარი თავის ლანძღვაა...ძალიან ცუდი გოგო ყველა შენს ისტორიას ვადევნებ თვალს ოომენტარებიდან მაგრამ არასოდეს ვკითხულობ არა კი ვიცი რომ კარგი იქნება მაგრან ვდებ წაკითხვას და გვერდზე მრჩება...მაგრამ არაუშავს ახლა წავიკითხავ სუყველას და ცუდი გოგო აღარ ვიქნები..აი მერე ნამდვილად შევძლებ თქმას რომ ჩემი საყვარელი მწერალი ქეთი იმერლიშვილია..ახლაც კი ხარ მაგრამ მაინც ჯობია დარწმუნებით ვთქვა ..
ძალიან მაგარი გოგო ხარ..შეააჯიშნავი მწერალი და დიდი სიამოცნრბით ვიხალავდი ამ ისტორია გაყიდვაში..❤❤❤❤❤❤


ნორმი ❤️
რომელი კარგი სიტყვა მოვქექო ჩემი ლექსიკონიდან და გამოგიგზავნო, აჰ? ❤️
გულზე მალამოდ რომ დაგედება, ისეთი სიტყვები წავიკითხე.
შენ თუ თვლი, რომ ეს ნაწარმოები წიგნი უნდა გახდეს, მგონი არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვების აზრსაც ემთხვევა შენი მოსაზრება.
გეტა აუცილებლად გადავა ფურცლებზე ❤️
ახლა, რაც შეეხება ინცესტს -ქართული საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი თემაა, ვთვლი, რომ ზუსტი დოზით იყო მიწოდებული. არა მგონია, ისტორიას ამვთემის მეტი სიღრმე მოეხდინა. ბოლო-ბოლო გეტაა აქ მთავარი პერსონაჟი და დისბალანსი მოუვიდოდა ტექსტს. როგორ გითხრა, თუ მწერალი ხარ შენც, მიხვდები რასაც გიხსნი.
დიდი დიდი მადლობა შენ, რომ არ დაგეზარა და ასეთი "გემრიელობები" მომწერე.

აჰა გასაგებია .. მაშინ სრულიად სხვა ისტორია დაწერე რომელიც ნათლად წამოჭრის ამ პრობლემას....ძალიან კარგად შეგიძლია წერა.ძალიან მაგრად აყალიებებ ყველაფერს და ცუდი იქნება შენი როგორც მწერლის თვალთახედვიდან გადმოცემულს ვერ ვიხილავ...წარმატებები შენ!ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ...
შენ სულ უნდა წერდე და არ უნდა ჩერდებოდე ...
--------------------
მორფეოსი

 


№29  offline ახალბედა მწერალი K. I.

ნორმი
ქეთი იმერლიშვილი
ნორმი
ე.ი პირველ რიგში ამ საიტის მკითხველს თუ მწერალს მინდა არ გეწყინოთ....ვერ ვხვდები ამ დონის მწერლები ამ დონის ისტორიები რატომ უნდა იდებოდეს მსგავს გასართობ საიტებზე...
არ მესსმის ასეთი დონის მწერლები უბრალო გასართობ საიტზე რატომ აქვეყნებთ თქვენს შედევრებს და არა წიგნებად...
დიდი სიამოვნებით ვიხილავდი წიგნად სხვა წიგნებთან ერთად...

ისტორიაში ბევრი ისეთი პროვლემა გაქვს რაც ზოგადად საზოგადოებას აწუხებს..განსაკუთრებულად მომეწონება აფხაზეთის აღწერა და არა ვთქვა რომელიმე კუთხის სვანეთის გადაღეჭვა რომელზეც უკვე იმდენი ვიცი,რომ ასე კგონია იქ ვცხოვრობ..ამ ისტორიის კიდევ ასმაგად მომინდა აფხაზეთში ჩასვლა და მთლიანი კუთხის დათვალიერება....
და მაინც შენს ისტორიას მთლიანობაში ეხატა ქართული სული...ის რასაც ყველა განიცდის და აღიქვამს.

ბიძაშვილებს შორის ურთიერთობა ეს ნამდვილად მიუღებელი საკითხია საქართველოსთვის...რომელზეც საუბარი მე თუ მლითხავ დამაკლდა.ძალიან ნაკლულად იყო ყველაფერი განხილული...ზოგადად ამ თემაზე ბევრია სასაუბრო არამარტო წყვილებიდაბ არამედ საზოგადოებიდან,მშობლებიდან,მეგობრებიდან და ყველასაგან...ჩემი აზრით ბევრი უნდა გესაუბრო და ყველაფერი დეტალებში უნდა გადმოგეცა...

რაც შეეხება გეტასა და რომას წყვილს.რომა ტიპიური ქართველი მამაკაცია რომელიც ცოლს უშლის მისთვის მნიშვნელოვანს...ისიც კარგია რომ გამოკვეთე სხვადასხვა რწმენის ადამიანთა სიყვარულო..იეზიდების შესახებ სიმართლე გითხრა არაფერი ვიცი რომ გამოგეკიდო და სიტყვებში გსდიოს.მაგრამ ჩემთვის ყოველთვის აასიამოვნოა როდესაც სხვა რელიგიის რწმენის ან ეთნოსის ადამონზე ვკითხულობ რაიმეს.მერე მათსა და ჩვენს შორის ვავლებ პარალელს და რაც საერთო გვაქვს გონებაში მყარად ვიბეჭდავ...ზუსტად ვიცი "თეფშის გატეხვის" ტრადიცია მუდამ მემახსოვრება რადგან მსგავსი ტრადიცია ჩვენც ქართველებსაც გვქონდა რომელიც მივიწყებულია.შეიძლება სხვაგან არსებობს სოფლებში სადმე მაგრამ რავი მე პირადად დიდი ხანია აღარ მსმენია..

ისტორია რომ თვმიკვლელობით დასრულდება ამას მოველოდი.მსგავს ისტოტიებს ყოველთვის ასეთი დასასრული..ნუ კი მართალია რომა და გეტა არ მემეტებოდა მაგრამ რა ვქნათ.?

ჰო კინაღამ დამავიწყდა ხაზი გამესვა რომას პიროვნებაზე რომელიც მკვლელად,ქურდად და ცუდ ადამიანად წარმოადგინე,კაგრამ საბოლოოდ სიყვარულმა შეცვაალა...არამგონია რომასნაირი მამაკაცები ბევრნი იყვნენ ვინ სიყვარულის გამო საკუთარ რელიგიაზე უარს იტყვიზე...რომა იმ მამაკაცის ტიპაჟია რომელსაც ორი მხარე აქვს....მსგავს ადამიანებს სიყვარული ცვლით მაგრამ ის ისეთივე უხეში დარჩა როგორიც იყო....ალბათ მსგავსი პერსონაჟუ რომ არ დაგეხატა არც ეს ისტორია იქნებოდა ასეთი შესანიშნავი..

ოო ბოლოსკენ მოვიტოვე საკუთარი თავის ლანძღვაა...ძალიან ცუდი გოგო ყველა შენს ისტორიას ვადევნებ თვალს ოომენტარებიდან მაგრამ არასოდეს ვკითხულობ არა კი ვიცი რომ კარგი იქნება მაგრან ვდებ წაკითხვას და გვერდზე მრჩება...მაგრამ არაუშავს ახლა წავიკითხავ სუყველას და ცუდი გოგო აღარ ვიქნები..აი მერე ნამდვილად შევძლებ თქმას რომ ჩემი საყვარელი მწერალი ქეთი იმერლიშვილია..ახლაც კი ხარ მაგრამ მაინც ჯობია დარწმუნებით ვთქვა ..
ძალიან მაგარი გოგო ხარ..შეააჯიშნავი მწერალი და დიდი სიამოცნრბით ვიხალავდი ამ ისტორია გაყიდვაში..❤❤❤❤❤❤


ნორმი ❤️
რომელი კარგი სიტყვა მოვქექო ჩემი ლექსიკონიდან და გამოგიგზავნო, აჰ? ❤️
გულზე მალამოდ რომ დაგედება, ისეთი სიტყვები წავიკითხე.
შენ თუ თვლი, რომ ეს ნაწარმოები წიგნი უნდა გახდეს, მგონი არა მხოლოდ ჩემს, არამედ სხვების აზრსაც ემთხვევა შენი მოსაზრება.
გეტა აუცილებლად გადავა ფურცლებზე ❤️
ახლა, რაც შეეხება ინცესტს -ქართული საზოგადოებისთვის იმდენად მიუღებელი თემაა, ვთვლი, რომ ზუსტი დოზით იყო მიწოდებული. არა მგონია, ისტორიას ამვთემის მეტი სიღრმე მოეხდინა. ბოლო-ბოლო გეტაა აქ მთავარი პერსონაჟი და დისბალანსი მოუვიდოდა ტექსტს. როგორ გითხრა, თუ მწერალი ხარ შენც, მიხვდები რასაც გიხსნი.
დიდი დიდი მადლობა შენ, რომ არ დაგეზარა და ასეთი "გემრიელობები" მომწერე.

აჰა გასაგებია .. მაშინ სრულიად სხვა ისტორია დაწერე რომელიც ნათლად წამოჭრის ამ პრობლემას....ძალიან კარგად შეგიძლია წერა.ძალიან მაგრად აყალიებებ ყველაფერს და ცუდი იქნება შენი როგორც მწერლის თვალთახედვიდან გადმოცემულს ვერ ვიხილავ...წარმატებები შენ!ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ...
შენ სულ უნდა წერდე და არ უნდა ჩერდებოდე ...


უღრმესი მადლობა ამ ძვირფასი სიტყვებისთვის ❤️
ვაფასებ, რომ ასეთი მკითხველი მყავს ❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№30 სტუმარი ლიამი

ჯანდაბა. ძალიან მაგარი იყავი, ძალიან მაგარი იყო.
რომას ასეთ სიკვდილს არ ველოდი, ჯობდა იმით მომკვდარიყო რითიც ცხოვრობდა.
კრიმინალური ავტორიტეტით, ისე ცოტა კი გერევა კრიმინალური ავტორიტეტი და უბნის ყაჩაღი ბიჭი ერთმანეთში...
სულ სხვა და სხვა ცხოვრება აქვთ და არაუშავს თუ სერიოზულად მიუდგები იქნებ მეტი წაიკითხო და ისე დაწერო წიგნი (ხედავ? მე უკვე წიგნად ვხედავ ამ საოცრებას)
თეკლასა და სანდროს ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო, ასეთი ამბები ბევრი ხდებდა და დამალული, მე კიდევ უფრო განვავრცობდი და მეტ დროს დავუთმობდი.
და ხო თითქოს ძველი დროით გიწერია, სიტყვებიც ისეთი გაქვს აღებული და სადღაც ფეიბუქი და ინსტაგრამი შემხვდა , თან ტელეფონებზე ჯიხურიდან რეკავენ და... მექანიკური შეცდომაა ალბათ, მესმის.
საბოლოოდ კი ძალიან მაგარი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent