მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 15) (დასასრული)
ზღვამ ტალღებით ოქტომბრის ნიავი მოიტანა და გაშლილ ხელებზე შემომახურა. მზე რამოდენიმე საათის წინ ჩაესვენა. დაღამდა... წარსულს ჩაბარდა ყველა ღვთაება. ზღვა ზეცას მისწვდა და სველი ხელები მოახვია. გარინდებული ვიდექი და დახუჭული თვალებით ვხედავდი გარემოს. რამდენად გვიცნობენ ადამიანები? ან კი, გვიცნობენ საერთოდ? სულის ნაწილებში იქამდე ჩაგვიძვრებიან, სადამდეც უფლებას მივცემთ. იმდენად გაგვიცნობენ, რამდენადაც მოვისურვებთ. და მაინც როგორ მარტივად შეუძლიათ იმ ადგილებში გვესროლონ ისრები, სადაც ყველაზე მეტად გვეტკინება... სადამდე მოვუშვი საბა და რამდენად ახლოს მიმიშვა თვითონ? ამაზე პასუხი მაინც არ მქონდა. ფაქტი იყო, ერთმანეთის ტანჯვის მეტი ვერაფერი შევძელით. წავიდა, არჩევანის გაკეთებისგან რომ დავეცავი და ამან ორივე გაგვანადგურა. ყველას წინაშე გავამხილე წარსულიდან მოტანილი ცოდვის სიმწარე და ახლიდან დაწყების ნაცვლად, ჩვენს შორის ღრმა ნაპრალი გავაჩინე. ვერაფერმა ამოავსო, ვერაფერმა გაამრთელა... იქნებ, ყველა ადამიანში მართლა ცოცხლობს ბავშვი... მიმალულია სადღაც ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის და მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ მას, როცა რაღაც ძალიან გვაბედნიერებს, ან გვანგრევს... სიღნაღში ვიგრძენი ის „ბავშვი“ და დარწმუნებული ვიყავი, რომ საბამაც იგრძნო. ვერაფრით აღვიდგინე სრული სურათი, მაგრამ ვიცოდი, რომ იმ ღამეს ჩვენს შორის გაჩენილ უფსკრულზე არსაიდან ხიდი გაჩნდა და ისევ დავვახლოვდით. ჩემს ირგვლივ ცხოვრება დალაგდა. დედისეული ბინას შეველიე. ჩავთვალე, რომ წარსული უნდა გამეშვა... ორი ბინის ნაცვლად ერთი დიდი სახლი იყიდეს და ჩემთვის ოთახიც გამოყვეს. მარინა მომწონდა... მშვიდი, აუღელვებული და თავდაჯერებული იყო. გამუდმებით მაგრძნობინებდა, რომ შტორმის შემდეგ გაჩენილი ცისარტყელები მართლა არსებობენ და თუ გულს გაუხსნი, ჩრდილში დარჩენილ ჯურღმულებსაც გაგინათებენ. თითქოს ყველაფერი მწყობრში ჩადგა. მოვარდნილმა ნიაღვარმა ჩვენი წალეკვა იკმარა და კალაპოტს უწყინარი მდინარესავით დაუბრუნდა. მტკვარივით, რომელსაც შენაერთი მდინარეები ფერებს ურევენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც თავის თავს ემსგავსება. სიმშვიდე ვერსად ვიპოვე... ინერციით გავყევი დინებას და საბას რჩევა გავითვალისწინე, დროს დრო მივეცი. საბა... თითქოს გადავლახე... ან უბრალოდ იმ აზრს შევეგუე, რომ ერთმანეთისთვის გავვუცხოვდით. ბუნდოვნად მახსოვდა გასული წლის საერთო დღეები, გაზიარებული თუ გაუზიარებელი სიხარულები, ფიქრები, განცდები... როგორ უყვარდებათ მეორედ?.. „გავა დრო და შეხვდები ისეთს, ვინც ისევ აგაღელვებს“ - მარინამ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დამამშვიდა და თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. ბნელელეთისგან ჩაყლაპული სივრცის წინაშე ვიდექი და ვხვდებოდი, რომ ვერ შევძლებდი. საბამ შეძლო... სიღნაღის შემდეგ აღარ მინახავს, მაგრამ ვიცოდი, რომ ნინას შეურიგდა... ის ღამე დაივიწყა, რომლის გახსენებასაც მთელი არსებით ვცდილობდი. ბათუმური დღეების შემდეგ თბილისს დავუბრუნდი და დაჩისთან შეხიზნული შუქურა სახლს დავუბრუნე. მთელი გზა ვფიქრობდი და ვიხსენებდი დღეებს, როცა გზა და გაშლილი სივრცეები საშინლად გვიყვარდა. ჯაზის მოსმენა და საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო. ბევრი არაფერი ვიცოდით და უმეტესად ჩვენი ფანტაზიების იმედად ვიყავით. მოგვწონდა, როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის ამოხსნას ვცდილობდით. მის გარეშე ვმგზავრობდი, უსასრულობამდე გაწელილ სივრცეს რელსებზე მოსრიალე მატარებლიდან გავყურებდი და ისევ მინდოდა სამყაროს ამოხსნა. როგორ უნდა ჩავწდომოდი მილიარდობით წლის წინათ მომხდარს, როცა უახლოეს წარსულს ვერ ვიაზრებდი. საბა როგორ უნდა გამქრალიყო? როგორ უნდა ჩაკარგულიყო ამხელა სივრცეში? რას უკავშირდება ჩვენი დაბადებები, ან სიკვდილები? იქნებ, რაღაც ამოუხსნელ ენერგიებად გარდავიქმნებით და სადღაც სხვა განზომილებაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს? იქნებ, ასეთი ენერგიების შეჯახებით შეიქმნა სამყარო? ან საერთოდ, შეიძლება ეს უსასრულო პროცესია და ყოველ წამს მილიონობით სხვა აფეთქება ხდება? სამყარო მილიონობით სხვადასხვა რეალობაში არსებობს... როგორი პატარები გამოვდივართ ადამიანები... სამყაროს წარმოქმნის საიდუმლო ამოვხსენი, ოღონდ მის გარეშე. ოქტომბრის მიწურულს ბარის ინტერიერი საგრძნობლად შეიცვალა. „ჰელოუინის“ საღამოსთვის ვემზადებოდით. ბატონი ლადო რაღაც მასშტაბურს გეგმავდა. დარბაზის კუთხეებში ობობის ხელოვნური ქსელი გაჩნდა, ბარის დახლზე ადამიანის თავის ქალები შემოალაგეს, ყვითელი გოგრები თემატურად ამოღრუტნეს და ამ ყველაფერმა საოცარი განწყობა შეკრა. ოცდათერთმეტი ოქრომბრის საღამოსთვის სხვა რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, შავ შარვალსა და ამავე ფერის სვიტერში გამოწყობილი დავადექი სამსახურისკენ მიმავალ გზას. თათია და ნიკა შეთანხმებისამებრ ბარში დამხვდნენ. კუთხის მაგიდასთან ისხდნენ, ჰერმიონ გრეინჯერისა და რონ უიზლისთვის მიმსგავსებული ვიზუალი შეექმნათ. მაგიური ჯოხების ნაცვლად ხის უსწორმასწორო ტოტები მოემარჯვებინათ და რაღაცაზე ხმამაღლა ხარხარებდნენ. - მეგონა, კოსტუმირებული წვეულება იქნებოდა... - ნიკამ წარბაწევით შემათვალიერა და ხის ჯოხის წვერი ნიკაპზე ღრმად ჩაფიქრებულივით მიიბჯინა. - არის კიდეც. - გიტარა მხრიდან ჩამოვიცურე და მაგიდას მივაბჯინე. - და შენ ვინ ხარ? - არც თათია ჩამორჩა. - ლილიტი... - ჩემს ნაცვლად უპასუხეს. თითქოს ტვინი დამიბუჟდა. ხმის მიმართულებით გაუაზრებლად მივტრიალდი და იმ თვალებს შევეფეთე, რომლებიც ოდესღაც ზღვასაც კი მერჩივნა. ვიგრძენი, რომ შევიცვალეთ და გადავსხვაფერდით. დამოკიდებულებაც კი შემეცვალა. - გამარჯობა. - ნინა მრავალმნიშვნელოვანი გამომეტყველებით მოგვესალმა და შორეული განცდებიდან მომაბრუნა. - არ ვიცოდი, რომ შენც იქნებოდი. - მე აქ ვმუშაობ. - ხელები გულზე დავიკრიფე და რატომღაც ძალიან გავღიზიანდი. ნუთუ ამდენად ზედმეტი გავხდი? - ნუ, როგორც არის... - ხელი უინტერესოდ აიქნია და სკამზე მედიდურად ჩამოჯდა. - მოგვიანებით შემოგიერთდებით. - კბილებს შორის გამოვცერი და გიტარას ხელი დავავლე. მუსიკოსების მაგიდა ის ერთადერთი ადგილი იყო, სადაც ზედმეტი არ ვიქნებოდი. გიგას ჩემსავით უბრალოდ შავი სამოსი ეცვა. გიოს მუქ შარვალსა და მაისურზე ადამიანის ჩონჩხის მაგვარი ფორმები ეხატა. მართას დანახვისას კი ჯადოქრის ნაცვლად ალქაჯის ასოციაცია დამრჩა. - დღეს ბევრი სიმღერა არ მოგვიწევს. - მხიარულად გამოაცხადა გიომ. - რატომ? - კუთვნილ სკამზე მოვთავსდი. - სტუმრებსაც ექნებათ საშუალება, რომ იმღერონ. - ანუ, დავყრუვდებით. - უფრო გასაგებად განმიმარტა მართამ. ნაცნობებისგან დაკომპლექტებულ მაგიდას მხოლოდ მას შემდეგ დავუბრუნდი, როცა დაჩი მოვიდა. - არც კი მჯერა, რომ ამ ყველაფრის გადატანას გაიძულებს. - გადმომიჩურჩულა და გვერდითა მაგიდას თავისუფალი სკამი ააცალა. წამით საკუთარი სხეულიდან გამოვძვერი და შექმნილ სიტუაციას გვერდიდან შევხედე. იყო საბას საქციელში რაღაც შურისძიების მსგავსი. ამას ნინას გაცნობის დღიდანვე ვგრძნობდი, მაგრამ მასზე ფიქრი აღარ შემეძლო. არ მინდოდა ისევ ჩემთან დამეკავშირებინა და იმედები ისევ გამცრუებოდა. რამოდენიმე ათეული წუთის შემდეგ ცოცხალი მუსიკის პირველი ნოტები გაისმა და ხალხის ერთმანეთში აზელილი ზუზუნი სასიამოვნო მელოდიამ ჩაანაცვლა. თათიასა და დაჩის შორის ვიჯექი, როგორც მაშინ... იოანეს დაბადების დღის წვეულების იმ საღამოს, როცა ჩემსა და საბას შორის გავლებული ბარიერები გაირღვა. ისევ იმ ადამიანებს შორის ვიყავი და ვხვდებოდი, რომ ახლა უფრო მაღალი და ყრუ კედელი გვყოფდა. ჯგუფის შემდეგ რამოდენიმე მუდმივმა სტუმარმა იმღერა. - ყველას შეუძლია? - თათია სცენასა და ჩემს შორის თვალებს აცეცებდა. - ვისაც საკმარისი გამბედაობა აქვს. - გაქცეული წარბიც დავითანხმე. - რამე ვითამაშოთ, თორემ მოწყენილობისგან დავიხოცებით. - დაჩიმ თავი უკან გადააგდო და მონოტონურად ამოიმღერა. - ლიტას პაემანზე დასაპატიჟებლად გჭირდება? - საბამ პირველად მიმართა და თვალი გაუსწორა. - მეგობრებს პაემანზე არ ვეპატიჟები ხოლმე. - დაჩის ღიმილის სიყალბე მთელი არსებით ვიგრძენი. - „მე არასდროს“ ვითამაშოთ. - ახლა მე მომაპყრო მზერა და მისგან წამოსული ზვირთები დასახრჩობად გადმომწვდნენ. - მშვენიერია!.. - ნიკა მაშინვე გამხიარულდა და არყის ცარიელი ჭიქები სითხით შეავსო. - მე დავიწყებ. - საბამ სადღესასწაულოდ გამოაცხადა და საზოგადოებას თვალი მოავლო. - მე არსდროს დამილევია გათიშვამდე. სიღნაღის შემდეგ ამ ჭიქის დალევა აუცილებელიც კი იყო. უსიტყვოდ გამოვცალე. ნიკა და დაჩიც ამყვნენ. - ჩემი ჯერია... - დაჩიმ კისერი წაიგრძელა და სევდიანად გამიღიმა. - მე არასდროს მიფიქრია, რომ დამეტანჯა ის, ვინც მიყვარდა. სუნთქვა შევწყვიტე და მოგონებები ფილმის კადრებივით დატრიალდნენ. მქონდა წარსული, სადაც ძალიან მინდოდა საბასაც ისევე სტკენოდა, როგორც მე მატკინა. უთქმელად გამოვცალე კიდევ ერთი ჭიქა და ამჯერად მხოლოდ საბა ამყვა. თუ ოდესღაც მართლა ვუყვარდი, ჩემი დატანჯვა უნდოდა. არც ისე ძალიან განსხვავდებოდა ჩემგან. - მე ადამიანისთვის არასდროს მითქვამს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. - ერთი ამოსუნთქვით ამოვთქვი და როცა საბამ მომდევნო ჭიქაც გამოცალა, მწარედ გამეღიმა. კიდევ ერთი წრე დატრიალდა და ჯერი ისევ საბაზე მიდგა. - მე არასდროს მიფიქრია, რომ ზედმეტი ვარ. - მკრთალად გამიღიმა და ჩვენი საერთო მოგონებებიდან ის საღამო ამომიტივტივდა, როცა სწორედ ამ თამაშის საშუალებით ვცდილობდით ერთმანეთის უკეთ გაცნობას. მისი ორივე კითხვა სწორედ იმ მოგონებიდან იყო. როგორ ვერ მივხვდი? დაჩი მართალი იყო... წარსულის ყველაზე ლამაზ ფრაგმენტებს ეჭიდებოდა და თვალწინ მიფრიალებდა. ამ ყველაფრის გადატანას მაიძულებდა... - ჩემი გამოსვლის დროა. - ფეხზე გველნაკბენივით წამოვხტი და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, თუ როგორ გაიხსნა ალკოჰოლის თითოეული წვეთი ჩემივე ტვინის უჯრედებში. მუსიკოსების მაგიდასთან რამოდენიმე წუთით ჩამოვჯექი და დამშვიდება ამაოდ ვცადე. ვერც ცივმა წყალმა და სუნთქვითმა ვარჯიშებმა მიშველა. თავი მიბრუოდა და სუსტ გულისრევას ვგრძნობდი. სცენაზე მაქსიმალური მობილიზაციით ავაბიჯე და სკამზეც მოხდენილად ჩამოვჯექი. ხმამაღალი აბლოდისმენტები შემომესმა და გული ამიჩუყდა. - საღამო მშვიდობისა. დღეს ჩემს პირველ საავტორო სიმღერას შეგისრულებთ. როგორც კი ვთქვი, მაშინვე ვინანე. თუმცა ნათქვამი სიტყვები გასროლილი ტყვიებივითაა, ვეღარასდროს დაბრუნდებიან ვაზნაში. უნდა მემღერა ტქსტი, რომლის თითოეული სიტყვა წარსულის გამოძახილი იყო. საყვარელი ფერები სულ ახლოს მეგულებოდა, მაგრამ მათ დასანახად თვალები დავხუჭე. ქურდს ვგავდი. საბას სახეს ვიპარავდი, წარმოსახვაში ვაცოცხლებდი და ჩუმად ვუთვალთვალებდი. - „ ადრე ღამდება, ესე იგი ზამთარი მოდის... თოვლიც მოვა და სანაპიროს ქვიშად მოაქცევს. ვიდექით ორნი, ჩვენი წყვილი ანგელოზებით, ვიცოდი ჩემი ბედის ფერი, მოხუც ბოშამდეც. შენ ვერ გაიგებ, რატომ ვმღერი წარსულის ცოდვებს, რადგან ფიქრობ, რომ სიყვარული არ შემიძლია... რადგან ფიქრობ, რომ სინანული არ შემიძლია... გგონია, მინდა წარსულის მახინჯ აჩრდილებს ვგავდე? ზღვა ცოცხალია და ზღვაში მინდა დავიდო ბინა... ვიცი, მასშია შერეული ჩემი მშობელი. სახლივით მყუდრო თვალები გაქვს, შენთვის არ მითქვამს? მინდოდა, ჩემი ყოფილიყო თუნდაც დროებით... მოგონებები მოდიან და რქებით მიტევენ, დაიკარგე და დაგავიწყდი, სანამ გნახავდი... ბასრი ისარი გაამზადე, მე გულს გიჩვენებ, სუფთა ღრუბელზე გადავწეროთ ჩვენი ამბავი. არ მოხვალ... რადგან ვერ გაიგებ ჩემს ყრუ სიმღერებს, რადგან ფიქრობ, რომ სიყვარული არ შემიძლია... რადგან ფიქრობ, რომ სინანული არ შემიძლია... გგონია, მინდა წარსულის მახინჯ აჩრდილებს ვგავდე...“ თავი საპირფარეშოს შევაფარე. პირზე ცივი წყალი შევისხი და საკუთარ ანარეკლს თვალი გავუსწორე. რამდენჯერ უნდა მომხდარიყო ერთი და იგივე? ერთ პატარა წრეზე დავდიოდით, ერთმანეთისგან ზურგშექცევით და ჩვენს ყოველ შეხვედრას მხოლოდ უარყოფითი მუხტი მოჰქონდა. დარბაზში მალევე დავბრუნდი და მაგიდას ისე მივუჯექი, თითქოს რამოდენიმე წუთის წინ რომელიღაც ბოშური რომანსი მემღეროს. ყველა სადღაც გამქრალიყო, ნინას გარდა. - რაიმეს გამოვტოვებდი. - ზედაც არ შემიხედავს. არყით სავსე ჭიქა გამოვცალე და არასასიამოვნო შეგრძნებამ პირის ღრუდან მუცლამდე დამიარა. - ბევრს ნუ დალევ, ლიტა... - ნინამ არხეინად გადმომძახა. - თორემ შეიძლება ისევ სხვის შეყვარებულს ჩაუგორდე. თავიდან მეგონა, რომ მომესმა. მერე კი, ძარღვებში სისხლის ნაცვლად სიბრაზე ჩამეღვარა და მუშტად შეკრულ მტევნებში დატბავდა. - როგორი საცოდავი კომენტარია. - გავუღიმე, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდე. - ჩემს თავზე არ მივიღებ, რადგან სიღნაღში მე არ მიმიტოვებიხარ. - გგონია, რომ შენზე ვიეჭვიანებ? - მე ეს არ მითქვამს. შენ თქვი... - უკვე საფუძლვლიანად გამეცინა. - უბრალოდ ვერ ეგუები, რომ არ აინტერესებ. - სარკაზმით სავსე გამომეტყველებაში ის სხივი გაუკრთა, მხოლოდ გამარჯვებულებს რომ ახასითებთ ხოლმე. საკუთარი თავის შეცოდება ვინებე და სახლში დავბრუნდი. ყველაფერი ბარში დავტოვე: გიტარა, მეგობრები, ჰელოუინისთვის ჩაფიქრებული საყოველთაო თამაშები... წამოვედი, სანამ ვინმე შემამჩნევდა... ახლიდან ცხოვრებას როგორ იწყებენ? როცა რაღაც დაუმთავრებელი გაქვს, მუდმივად ძველ ციკლში იბორიალებ. სიცარიელემ დაისადგურა და მივხვდი, რომ თავიდან დავიწყე. უაზრობაა, იმისკენ დგამდე ნაბიჯებს, ვინც სხვისკენ მიიწევს. მომდევნო დღეებმა სიმშვიდე მომიტანა. თათია ხშირად მსტუმრობდა და მსაყვედურობდა, რომ თავად აღარ მივდიოდი. ვერ ხვდებოდა, როგორ ძალიან მსურდა იმ დაუმთავრებელი წრიდან გასვლა. ბინის შეცვლა გადავწყვიტე. მომწონდა ორ ოთახში ჩატეული სახლი, მაგრამ მთრგუნავდა და მახსენებდა, რომ ოდესღაც იქ სიყვარულის ბუდედ მონათლული ცოდვა ტრიალებდა. ზურამ ოფიციალური მხარე მოაგვარა და დეკემბრის დასაწყისისთვის უკვე ახალ ბინაში გადავსახლდი. იმავე უბანში, ჩემს სამსახურთან უფრო ახლო კორპუსში აღმოვჩნდი. ერთის ნაცვლად ორი საძინებელი ჰქონდა. ზურამ ეს არჩევანი იმით გაამართლა, რომ ხშირად ჩამოვიდოდა, ჩემთან ერთად უფრო მეტი დრო რომ გაეტარებინა. არ მჯეროდა, მაგრამ ყოველ უქმეებზე ველოდი. გაზაფხულდა. ხეებმა ახალი სიცოცხლეები გამოისხეს. კოსმოსში მილიარდობით სამყარო შეიქმნა. მე კი ისევ იმ დედამიწაზე ჩავრჩი. ან, თუ ყველაფერი თავისთავად ხდება, რა როლი რჩება ღმერთისთვის? უხასიათო სცენარისტის, იუმორით სავსე შემოქმედის თუ იმ ენერგიის, საბას ასე ძალიან რომ სწამდა? იქნებ ძალიან, ძალიან დიდხანს გვიყურა და ხელი ჩაიქნია? მისთვის აშენებულ ტაძრებში შეიკეტა... ადამიანები მიდიან, სანთლის ალზე უჩურჩულებენ სხვის მიერ შექმნილ სიტყვებს და უხმობენ, რომ გამოვიდეს. ის კი დგას, ეკლესიის რომელიმე ბნელ კუთხეში მიყუჟული და ყურებზე ხელებს იფარებს. გარეთაც გამოდის ხოლმე, მაგრამ ირგვლივ შემოკრულ ღობეს არასდროს სცდება. ხელს იწვდენს და მოწყალებას ითხოვს. რამდენჯერ ჩაგვივლია ჯიბეში მოჩხრიალე ხურდით და მისი დამჭკნარი ხელებისთვის ვერ გაგვიმეტებია? ღმერთმაც კი იცის სად მთავრდება მისი ეზო... მისი საზღვარი. ჩვენ კი - უბრალო თუ ბრალიანი ადამიანები, გამუდმებით ვლახავთ ამ უკანასკნელს, სხვის ეზოებში უსალმოდ ვიჭრებით და უღმერთობას ვტოვებთ. ბავშვობის გულწრფელ წლებში მჯეროდა, რომ ადამიანები სიკვდილის შემდეგ ვარსკვლავებად იქცეოდნენ. მზეც ხომ უახლოესი ვარსკვლავია? ვინ მოვკალით ასეთი, ამხელა ვარსკვლავად რომ იქცა? რამდენმა ჩავკალით საკუთარ სხეულებში ჩაბუდებული თავის უფალი? ყოველ კვირა დღეს უბნის ტაძარში ვატარებდი. მე, რომელსაც მისი არსებობის ყველაზე ნაკლებად მწამდა. მინდოდა, რომ არსებულიყო... სხვის მიერ დაწერილი სიტყვებით ვლოცულობდი. თავიდან გამიჭირდა, რადგან გულისთქმას გონება სჯაბნის ხოლმე. მერე კი თითქოს ამ სიტყვებში საკუთარი სათქმელი ვიპოვე. ადამიანის ხელით შექმნილ ხატებს ვერაფრით ვეთაყვანე. ვერც სანთელს ვანთებდი, რადგან მეშინოდა, რომ ჩამიქრობდნენ. ტაძრის ამოჩემებულ კუთხეში დავდგებოდი და თვალებს ვხუჭავდი. ჩემი ღმერთი სხვანაირი იყო. ჩემს ღმერთს არ გადაუწყვეტია, რომ ქალი კაცის მორჩილი უნდა ყოფილიყო... ჩემი ღმერთი არ თვლიდა, რომ წინაპრის ცოდვა შთამომავლობაზე გადადის... ჩემი ღმერთი ყრუ იყო, მაგრამ მიგებდა... ბრმა იყო, მაგრამ მხედავდა... სულთან ერთად სხეულის გაჯანსაღებაც გადავწყვიტე და მივიწყებულ იოგას დავუბრუნდი. ყოველი დილა დიდ ოთახში დაგებული მატითა და „ნამასტეს“ შესრულებით იწყებოდა. „ნამასტე“ პირდაპირ ითარგმნება, როგორც - თავს გიხრი. თუმცა ეს ბევრად მეტს ნიშნავს. პატივისცემის გამოხატულებაა არა მხოლოდ ადამიანების მიმართ, არამედ მათი სულებისადმიც. შუქურას გრძელ ბეწვს ვუვარცხნიდი, როცა მობილურის გაბმულმა წკრიალმა სამზარეულოს ყრუ კედლიდანაც გამოაღწია და სახლში გაბატონებული სიჩუმე აბეზარი მეზობელივით გაარღვია. - გისმენ, თათი. - მობილური ყურსა და აწეულ მხარს შორის მოვაქციე და ისევ ქათქათა ბეწვს მივუბრუნდი. - ლიტა, ვანო ძია ძალიან ცუდადაა... - ტირილამდე მისული ხმით ამოიგმინა. - შენი ნახვა უნდა... - ჩემი? - ორივე ხელი ცასა და დედამიწას შორის გაჩრილ სივრცეში გამიშეშდა. შუქურამ დრო იხელთა და ხელიდან დამისხლტა. - შენს კორპუსთან ვართ. წამოხვალ? - მოვდივარ!.. ირგვლივ შემოკრებილი სიმშვიდე გამხმარი ყვავილივით შემომეფხვნა. ალბათ, მართლა ძალიან ცუდად იყო... ლიფტის კაბინას ვეღარ დაველოდე და რამოდენიმე სართულის კიბის საფეხურები კისრისტეხით ჩავირბინე. საბას სახლამდე ხუთ წუთზე ოდნავ მეტი დაგვჭირდა, თუმცა მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ იმის გაგება მოვახერხე, რომ ვანო სიკვდილს ებრძოდა და ჩემს ნახვას დამატებითი ამოსუნთქვასავით ითხოვდა. სახლში სრულ სიჩუმეს დაესადგურებინა და აზრმა, რომ დავაგვიანეთ გული მრავალ ნაწილად დამინაწევრა. - საძინებელშია... - ნიკა ერთ-ერთი ოთახიაკენ გამიძღვა და ხელით მანიშნა, რომ შევსულიყავი. თავის მოსათოკად ხელები გულზე გადავიჯვარედინე და სხეული დავიჭირე. დავიჭირე, რადგან დამეშლებოდა. ეს გრძნობა არც თუ ისე შორეული წარსულიდან შემომცინოდა და ხელს მიქნევდა. ოთახში ფეხი შევდგი თუ არა, დიდ ჩემოდანს მოვკარი თვალი და სანამ რაიმეს გავიაზრებდი, ჩემს უკან კარი მიაჯახუნეს. სწრაფად მოვათვალიერე გარემო და როცა აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო ვიყავი, კარის სახეულურს ვეცი. - ეს რა ხუმრობაა? - გაოგნებული და ჩაკეტილი ვიყავი. - უნდა ისაუბროთ. - თათიას ხმის ტემბრი შეცვლილიყო და მხიარულ ბგერებამდე მიეღწია. ეკონომიკის მაგივრად თეატრალურზე უნდა ჩაებარებინა. - ვის უნდა ვესაუბრო, მარტო ვარ!.. - მათ ჩავარდნილ გეგმაზე გამეცინა. - აბაზანაშია და გამოვა. - ნიკა ნიშნის მოგებით შემომეპასუხა. - და ბატონი ლადო? - ვერ ვიჯერებდი, რომ მისი ავადმყოფობით მანიპულირებდნენ. - მშვენივრად ვარ. - დინჯად გამომეპასუხა. - ჩვენ გავდივართ და ერთ საათში დავბრუნდებით. - არ არის ეს ნორმალური საქციელი!.. - სახელური კიდევ ერთხელ მოვსინჯე. მთავარი კარის მოჯახუნების ხმა მკვეთრად გავიგონე და მხოლოდ მაშინ გავისიგრძეგანე რეალობის მთელი არსი. საბას საძინებელში გამომკეტეს... თან ყველაზე აბსურდული მეთოდით. ოთახი კიდევ ერთხელ შევათვალიერე. სააბაზანოს კარი არსად იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბა გარედან უნდა შემოსულიყო. როგორც კი კარს გააღებდა, წასვლას შევძლებდი. რა აზრი ჰქონდა ასეთ ჩაკეტვას? დროის გასაყვანად ყველა კედელი შევათვალიერე. ზედმეტად სადა იყო ახალგაზრდა მამაკაცისთვის. არც პოსტერები, არც რაიმე განსაკუთრებული ნივთები. თუმცა, არც ჩემი საძინებელი გამოირჩეოდა პიროვნების ამოსაცნობი დეტალებით. ამაში ნამდვილად მგავდა. საწოლთან დადებულ ჩემოდანს მივუბრუნდი და ხელით მოვსინჯე. მძიმე იყო... რაც იმას ნიშნავდა, რომ საიდანღაც დაბრუნდა, ან პირიქით... ოთახის „ტური“ განვაგრძე და სამუშაო მაგიდასთან გადავინაცვლე. ხის უთავსახურო ყუთმა თვალი მაშინვე მომჭრა. უფრო სწორად იმან, რაც იქ შევნიშნე. ის ბეჭედი მხოლოდ ერთხელ ვნახე, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სიღნაღიდან იყო. სხვა ნივთებითაც დავინტერესდი. მისი წერილიც იქვე იყო. ბარათი, რომელიც დავკარგე, იპოვა და აღარ დამიბრუნა... ათობით ჩემი ფოტოსურათი. ზოგი მათგანი ძალიან ძველი იყო... იმ პერიოდის, როცა ერთმანეთს ვუბღვერდით და მხოლოდ საერთო სამეგობრო გვაკავშირებდა. კადრები იცვლებოდნენ... თვალწინ ჩამიარა საკუთარმა აღმასვლამ, დაცემამ, ისევ ფეხზე წამოდგომამ. უკანასკნელ კადრზე ტაძრის კუთხეში თავჩახრილი ვიდექი და მიუხედავად ასეთი დგომისა, მეტყობოდა, რომ რაღაც ძალიან დიდ ომში გავიმარჯვე. უკანასკნელი თვეების მანძილზე არც ერთხელ შემხვედრია. იქნებ თვალები უნდა გამეხილა, რომ დამენახა? ყრუ ხმაური შემომესმა და ამოქექილი ნივთები ხის ყუთში სწრაფად ჩავალაგე. მოუთმენლობის განცდამ მთელ სხეულში დენივით დამიარა. გარკვევით ვგრძნობდი სისხლის თითოეული უჯრედის მოძრაობას. კარის სახელური ჩამოწია, თუმცა არ გაიღო და რაღაც გაურკვეველი ბურტუნის ფონზე გასაღების გადატრიალების ხმაც მისწვდა ჩემს სმენას. წამის შემდეგ იქ იდგა. ნაცრისფერ ხალათში გამოწყობილიყო, თითებით სველ თმას ივარცხნიდა, სახეზე კი წყლის წვეთები ურცხვად უბზინავდნენ და ამოშრობას არ აპირებდნენ. - ლიტა? - თვალები ზედიზედ დაახამხამა და თავი ოდნავ გააქნია. - რაღაც სულელური სპექტაკლი გაითამაშეს და აქ ჩამკეტეს. - საკუთარმა თავდაჯერებულმა ტონმა გამაოცა. - ფიქრობენ, რომ უნდა ვისაუბროთ. - და შენ რას ფიქრობ? - თითქოს ადგილს მიეყინა, გამომეტყველებაც კი გაუქვავდა. - მიდიხარ? - თემა საოცარი მოქნილობით შევცვალე და მზერა ისევ ჩემოდანზე გადავიტანე. - საღამოსაა ჩემი რეისი. - თავი სულ ოდნავ დამიკრა. მერე თითქოს გონს მოვიდაო, საწერ მაგიდას აჩქარებული ნაბიჯით მიუახლოვდა და თავსახური იმ ყუთს დააფარა, რომელშიც ცოტა ხნის წინ ქურდივით ვიქექებოდი. - კარი უკვე გავაღე... მეტის მოლოდინი არ მქონია. უკანასკნელად დავაკვირდი და მისი ფერები მეხსიერების თაროებზე საგულდაგულოდ შემოვაწყვე. - მშვიდობიან ფრენას გისურვებ. - ნაწყენივით ამოვილაპარაკე და ოთახიდან შურდულივით გავვარდი. - ლიტა!.. - მთავარ კართან წამომეწია. - რამოდენიმე წუთი მაცადე, ჩავიცვამ და ვისაუბროთ... თუ წინააღმდეგი არ ხარ. - დასანანი იქნება ამხელა ძალისხმევის წყალში ჩაყრა... - ვერ შეკავებული ღიმილით დავეთანხმე. - ახლავე მოვალ. - ოთახში შებრუნდა და კარი მიიხურა. წასვლა შემეძლო, მაგრამ თავს მაინც ჩაკეტილად ვგრძნობდი. რაღაც ამოუხსნელი აურა შეიკრა და საავდრო ღრუბელივით ჩამომეხურა. მისაღებ ოთახში გადავინაცვლე და სავარძელზე ჩამოვჯექი. წუთები საუკუნესავით გაგრძელდნენ და ჩემი მოთმინების ძაფიც მათთან ერთად გაიწელა. - როგორ ხარ? - მკითხა და დივანზე დისტანციის დაცვით ჩამოჯდა. - ახალივით... შენ? - გახუმრება ვცადე, თუმცა როგორც კი შტორმისფერ თვალებში ჩავხედე, მივხვდი, რომ არ გამომივიდა. - ასევე... - ოდნავ გამიღიმა. მომეჩვენა, თითქოს თვეები კი არა, წლები გავიდა. ძველებური სარკაზმისა და შეუვალობის ნასახიც კი აღარსად შერჩენოდა. - არ მინდა ისე წახვიდე, რომ ეს უთქმელად დამრჩეს... - მისმა სიმშვიდემ დამაიმედა და თვეების წინათ სათქმელი ამოვთქვი. - ის, რაც მოხდა შურისძიება არ იყო... ასე გამოვიდა, მაგრამ არ მინდოდა. - ლიტა, არ არის საჭირო... - წარბი შეკრა და უფრო დაჟინებით მომაშტერდა. - თავიდან დაწყება მინდოდა და ეს გზა მომეჩვენა ყველაზე მართებულად. ვერ გავითვალისწინე შედეგები... ასეთი რაღაცის პატიება რთულია და... - მე დიდი ხნის წინ გაპატიე, ამაზე ნუ იღელვებ. - უჩვეულო სიმშვიდით გამაწყვეტინა და წამით გავიფიქრე, რომ ისევ მეთამაშებოდა. - ყველაფერი მხოლოდ ერთის ბრალი ვერ იქნება. არც ჩემი საქციელი იყო სწორი, მაგრამ წარსულს ფილმივით ვერ გადავახვევთ. მთავარი მხოლოდ ისაა, რომ ახლა ორივე კარგად ვართ... - ესე იგი, კარგად ხარ... - მონოტონურად გავიმეორე. - ახალივით. - ჩემივე ხუმრობა შემომიბრუნა, თუმცა ამჯერად ორივეს გაგვეცინა. ლიფტის კაბინამდე მიმაცილა და მიუხედავად იმისა, რომ სიმსუბუქე უნდა მეგრძნო, საშინლად დავმძიმდი. ჩემი საავდრო ღრუბელი უფრო მეტად მოიღუშა და საბასაც მისწვდა. დასამშვიდობებლად ზავდადებული მხარეებივით ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, მერე კი სხეულმა სხეული იცნო და როცა ამოვისუნთქე, უკვე მისი მკლავები მეხვია. ღრმად ჩავისუნთქე ოდესღაც ასე ახლობელი არომატი. რამდენი მოგონების მოტანა შეუძლია სურნელს? რამდენი მიჩქმალული გრძნობის ზედაპირზე ამოტივტივება... გგონია, რომ რაღაც გადალახე, მერე კი ჰოპ!.. და ისევ თავის ბურუსში გაბრუნებს. დაგცინის და მთელი ხმით ყვირის, რომ ვერსად წაუხვალ. ორივემ თითო ნაბიჯი გადავდით უკან და ჩვენს შორის ორი ახალი ნაბიჯი გაჩნდა. - ქვეყნიდან წასვლა აუცილებელია? - მაინც ვერ მოვითმინე და ვკითხე. - მარტივად რომ აგიხსნა, ეს შენს უსიყვარულობას გავს, ბულიონში ჩაჭრილ ხახვთან დაკავშირებით. - ლიფტის ღია კაბინას გახედა და ყბა დაეძაბა. - ხახვის გემოსთან კი არა, იმასთან გქონდა პრობლემა, რომ კერძის ჭამისას მოგყვებოდა. დავრჩებოდი, მაგრამ არ მინდა გამუდმებით იმას ვეჩეხებოდე, ვისი გემოც შორიდან მიყვარს. ქარაგმებით საუბარმა ბოლო მომიღო. რას ელოდა ჩემგან? ან, იქნებ არც არაფერს ელოდა და ნინას გულისხმობდა? ღია კაბინაში შევაბიჯე. საბამ პატარა ეკრანს ბარათი მიადო. რაღაცამ თანხმობის ნიშნად დაიწრიპინა. სანამ კარი დაიხურებოდა, გაღების ღილაკს თითი მივაჭირე და ზღვისფერ თვალებს გავუსწორდი. - მიყვარს ბულიონში ჩაჭრილი ხახვი. - კიდევ ერთხელ შევათვალიერე და ყელში მწარე ბურთი ამოქმედდა. - მოგატყუე... არ მინდოდა დაგეჭრა და თვალები გტკენოდა... ღილაკს თითი მოვაშორე თუ არა, კარი სრიალით დაიხურა და ჩვენს შორის გაჩრილი სივრცე ამოავსო. იქნებ ამის მერე ვეღარსად შევხვდებოდით? ჩვენ კი ვიდექით და ბულიონზე ვსაუბრობდით!.. სისულელეა... იქნებ ყველაფერი მხოლოდ მაშინ სრულდება, როცა გასაყოფი აღარაფერია დარჩენილი? ერთმანეთის ტანჯვას მოვრჩით, რესურსები ამოვწურეთ და მშვიდობიანად დავიშალეთ. ეს უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე გაუთავებელი ჩხუბები და ბრალდებები. მაშინ ვგრძნობდი, რომ წინ კიდევ რაღაც გველოდა. იმ საღამოს კი, სახლისკენ ფეხით მივდიოდი და ვიცოდი, რომ სათქმელი აღარაფერი დაგვრჩა. აღარც შურისსაძიები, აღარც რაიმე ისეთი ცოდვა, გაღიზიანებულებს რომ წამოგვეძახა და მეორესთვის ბრალი დაგვედო. მთელი ღამე ვფიქრობდი იმ სიმსუბუქეზე, ცოდვაზე მძიმე რომ აღმოჩნდა... რამოდენიმე დღის შემდეგ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მოახლოვდა და ვინაიდან, თბილისში მხოლოდ ადგილობრივები რჩებიან, ნიკასა და თათიას თანხლებით გეზი ბათუმისკენ ავიღე. შუქურას წესრიგში მოყვანას თითქმის მთელ დღეს მოვუნდი. სპეციალური ჯაგრისით საგულდაგულოდ გამოვვარცხნე, რადგან ნიკას კატის ბეწვზე ალერგია აღმოაჩნდა და ვინაიდან მისი მანქანით მივდიოდით, არც ერთი ბუსუსის დატოვების უფლება არ გვქონდა. ჩემს კორპუსამდე რომ მოაღწიეს, უკვე სრულად ბნელოდა. ზურამ ბათუმის ახალ ბინაშიც დააწყო კატისთვის აუცილებელი ნივთები. მხოლოდ მე, შუქურა და პატარა ზურგჩანთა ვიყავით. უკანა სავარძელზე მოვთავსდი და სამგზავრო კალათში გაწოლილი ღრუბლის ფთილით გვერდიც დავიმშვენე. - „მოლში“ უნდა გავიაროთ. - ნიკამ უკანა ხედვის სარკიდან გამომხედა. - ვინმე მოდის? - შუქურას მიერ დაპატრონებულ სავარძელს მივაშტერდი. - არა, მეგობარმა ბათუმში უნდა გამატანოს რაღაც. - სავაჭრო ცენტრის პარკინკზე ჩაუხვია და პირველივე სართულის მწვანე ზონაში გავჩერდით. სიჩუმემ და დაბალ ხმაზე ჩართულმა კლასიკურმა მუსიკამ მთელი დღის დაღლილობა კისრიდან თვალებამდე აზიდა. საქარე მინას თავი მივაბჯინე და თვალები დავხუჭე. რამოდენიმე საათიც და ზღვისპირა ქალაქში ვიქნებოდი. უჰაერობისგან შეკუმშულ ფილტვებში იოდით გაჟღენთილ ატმოსფეროს ჩავუშვებდი და იმ ფერებით დავტკბებოდი, რომელსაც სახელი არ აქვს. მხოლოდ მცირე ხმაური გავიგონე და ვიგრძენი, როგორ გამომეცალა საყრდენი. სანამ თავის შემაგრებას მოვასწრებდი, ვიღაცამ დამიჭირა და შემასწორა. ეს ერთხელ უკვე მოხდა!.. გამოწვდილ ხელებს თვალი გავაყოლე და იმ ფერებს შევხედე, მხოლოდ ზღვას რომ შეუძლია ჰქონდეს. - უკაცრავად, თუ გაგაღვიძეთ... ავტორისგან დავსრულდით. უღრმესი მადლობა გულშემატკივრობისა და მოლოდინისათვის... თუ დავიკარგებით, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის პოვნა!.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.