შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულში უიღბლობის რეცეპტი (პირველი თავი)


19-01-2022, 02:36
ნანახია 9 657

იღბლიანებსა და უიღბლოებზე
თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე „ბედნიერ ვარსკვლავზე“ ნაღდად არ დავბადებულვარ. „ბედნიერი ვარსკვლავი“ ხომ იცით რომელია? აი, მთელი ცხოვრება რომ დაგნათის და თოვლის ფანტელებივით, უხვად გაყრის იღბალს: ბავშვობაში მთელ ბაღის ჯგუფს რომ ტილები ჰყავდა, მაგრამ შენ არ გესეოდა; სკოლაში - გაკვეთილის გამოკითხვისას - შენს გვარს რომ გამოტოვებდა მასწავლებელი ჟურნალში, ან ზარი დაფასთან გასვლამდე ირეკებოდა; უნივერსიტეტში, გამოცდების ჩაბარებისას ზუსტად ის ბილეთი რომ მოგდიოდა, რომელიც ყველაზე უკეთესად ისწავლე (შესაძლოა ერთადერთი ბილეთი იყო, რომელსაც თვალი გადაავლე); გასაუბრებიდან გაფრთიანებული რომ გამოდიოდი ყოველ ჯერზე (რედბული დალიე თითქოს, ეგ ხო აფრთიანებს), იმიტომ რომ თავი კარგად წარმოაჩინე და სამსახური „დაითრიე“; კომპანიაში რომ დაიწყე მუშაობა და ეგრევე აყვავდა, შენც დაგაწინაურეს, თავის გამოდებისა და ზედმეტი მუშაობის გარეშე; ხელფასი ყველას რომ უგვიანდება ხოლმე, მაგრამ შენ ყოველთვის დროულად გერიცხება (თითქოს ბუღალტრის საყვარელი ხარ); ბონუსებით და მივლინებებით რომ განებივრებენ; ხშირ შემთხვევაში სწორ დროს სწორ ადგილას რომ აღმოჩნდები ხოლმე; პიკის საათში, ტაქსის დაჭერა რომ შეუძლებელა, მაგრამ შენ მაინც იჭერ, თან დიმპიტაური-დამპიტაურის ნაცვლად, რამე გემოვნებიანს გასმენინებს ტაქსისტი; არც ორ დიპლომზე გიყვება მითებს და არც ჩინელ ღამურაჭამიაზე გიბურღავს ტვინს; რომ უნდა ეწვიმა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან შენ ქოლგა დაგრჩა და ასე, უსასრულოდ... ეგაა „ბედნიერ ვარსკვლავზე“ დაბადებულთა ხვედრი.
მე ბაღში ტილებიც შემესია და დედაჩემა ერთი გემრიელად მიმბეჟა, თითქოს ჩემი ბრალი იყო; ყვიროდა, მერამდენედო?! ჟურნალის სიაშიც მოადგებოდნენ ხოლმე ჩემს ვინაობას მასწავლებლები; თან ზუსტად მაშინ, როცა გაკვეთილი არ ვიცოდი ან საშინაო დავალება არ მეწერა; დაფასთან გასვლასაც ვასწრებდი ზარის დარკევამდე და ორიანის მიღებასაც; უნივერსიტეტში, გამოცდებისთვის ყველა ბილეთის დაზუთხვა მიწევდა, რადგან სულ ის - მომდიოდა, სწავლა რომ ვერ მოვასწარი; გასაუბრება? ჰაჰ, ქრონიკულად უმუშევარი. და თუ სამსახურს სასწაულებრივად ვშოულობ, კომპანია კოტრდება ან კადრების შემცირებას იწყებს; ხელფასი ყველას რომ ერიცხება, ბუღალტერს სულ ბოლოს ვახსენდები (ისიც, მე თუ მოვიკითხე); ბონუსი მისდღემჩი არ ამიღია და ჩემი ერთადერთი მივლინებაც დიდი ფიასკოთი დასრულდა (ღმერთო, გახსენებაც არ მინდა). ტაქსისტები ერთი მეორეზე უარესი მხვდება - გინდ ქუჩაში დაგიჭერია, გინდ - აპლიკაციით გამოგიძახებია - მუსიკალური გემოვნების საკითხს აღარც განვავრცობ... კიდევ კარგი, წვიმა მიყვარს და ქოლგები მძულს, ასე რომ დასასველებლად მუდამ მზად ვარ... არასწორად არ გამიგოთ, წვიმის წვეთებით დასველებას ვგულისხმობ (ამჯერად მაინც). მოკლედ, ასეთია ჩემნაერების ცხოვრება... ანუ, იმ ადამიანების, ვინც „ბედნიერს ვარსკვლავზე“ არ დაბადებულა და ყოველდღიურობასთან გამკლავება „დრაკონის დამარცხებით“ უწევს...
ჩემი „სულიერი ლიდერი“ - თუ ეს შეფასება ძალიან ხმამაღალი არ იქნება ადამიანისთვის, რომელმაც მედიტაციის ხელოვნებას მაზიარა - გამუდმებით მიმეორებდა, შენი უიღბლობის მიზეზი შენსავე აზრებში იმალებაო; სამყაროს რა მესიჯსაც გაუგზავნი, ის დაგიბრუნდებაო. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, აზრების გა(მო)სწორება ვერ შევძელი და მანაც მალევე ჩაიქნია ჩემზე ხელი. ვერც გაამტყუნებ, წყლის ნაყვა ვის სიამოვნებს?! ერთ დღესაც - ანუ მორიგი სეანსის შემდეგ, რომელსაც ჩემი ცხოვრება უნდა შეეცვალა - დანანებით გამომიტყდა, კარგი გოგო ხარ, მაგრამ ამდენმა სტრესმა დაგამძიმა, უკვე ცუდი აურა მოდის შენგან, მე ამის ატანა არ შემიძლიაო, და დამემშვიდობა. სულიერი ლიდერიც კი გავაქციე და გვერდით შეყვარებული გამიჩერდებოდა?!
მერე ფსიქოლოგი ავიყვანე. ჩემი ცხოვრების ლაიტმოტივს, ანუ სრულ უიღბლობას, დიმიტრი უზნაძის „განწყობის თეორიით“ ამართლებდა; ამით ძალიან ჰგავდა ჩემს სულიერ ლიდერს, თუმცაღა, ფსიქოლოგიაში, მედიტაციისგან განსხვავებით, სამყაროსთან მესიჯობა და აზრების გაცვლა-გამოცვლა ყველას ცალ ფეხზე ჰკიდია; აქ მთავარი გონებისთვის მიცემული, გაუაზრებელი ბრძანებებია, რომლებიც საბოლოოდ, მთელი შენი არსებობის შაბლონს ქმნის. რამდენიმე სეანსში მე და ჩემი ფსიქოლოგი საკმაოდ გავეხსენით ერთმანეთს. შეხვედრებზე ის ჩემზე მეტს ტიროდა: ხან - ქმართან იყო ნაჩხუბარი და გაშორება უნდოდა; ხან დარწმუნებული არ იყო, რომ შვილი უყვარდა; ხან თავს აძაგებდა, საშინელი დედა და ადამიანი ვარო... არც დედამთილ-მამათილზე ამოდიოდა მზე და მთვარე; ჩვენს ცხოვრებაში უხეშად ყოფენ გრძელ ცხვირებსო. მოკლედ, ოდესმე ფსიქოლოგიას თეორიულად თუ შევისწავლი, მისი დამსახურებით, პრაქტიკის გავლა აღარ მომიწევს და ეგრევე მუშაობას შევუდგები. ისე, დრო კი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ სხვისი ვიშვიშის მოსმენაში ვიხდიდი ფულს და - ასე თქვი, ისე თქვი - დროსაც ვხარჯავდი. ორ თვეში ერთმანეთს „პირზე კოცნით“ დავემშვიდობეთ; დამიბარა, მე მუდამ შენ ფსიქოლოგად დავრჩებიო... საკითხავია, ვინ ვის ფსიქოლოგად დარჩება.
მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ეკლესიას მივაკითხე - პირჯვრის წერით და თვალზე ცრემლით; უძღები შვილის დაბრუნების სცენა გათამაშდა; ლექციაც წამიკითხეს, აქამდე მოძღვარი როგორ არ გყავდაო, ესაო-ისაო. დავიწყე წირვა-ლოცვებზე სიარული და ეკლესიურად ცხოვება, მაგრამ ვერა და ვერ ვაიძულე თავს აღსარების ჩაბარება. ვიკითხე, ამიხსნეს და მაინც ვერ გავიგე, რაში მჭირდებოდა შუამავალი ღმერთთან სასაუბროდ, როცა ის ყველასა და ყველაფერშია - ჩემ ირგვლივ, ჩემში და ჩემ მიღმა. ეკლესიიდან წამოსვლა კი მაშინ გადავწყვიტე, როცა შევნიშნე, რომ ცდილობდნენ, უფლით მრევლი შეეშინებინათ, რაც ძირშივე ეწინააღმდეგებოდა ღმერთის კონცეპტს. სწორედ მაშინ ვიგრძენი ყველაზე მძაფრად ღმერთთან სიახლოვე, როცა მარტოები დავრჩით. მე ისე ველაპარაკებოდი, როგორც შემეძლო - ვებოდიშებოდი, ვემადლიერებოდი ან დახმარებას ვთხოვდი; სხვა დროს კი უთქმელად, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. ისე სასაცილი კია, იღბალის ძიებაში, სულ შემთხვევით, ღმერთი რომ ვიპოვე; ღმერთი - ჩემი ძმაკაცი. ამას არსად ვამხელ, ანათემაზე რომ არ გადამცენ. აბა, ღმერთთან მეგობრობა ვის გაუგია?! რა მკრეხელობაა... რა ვქნა, არ მგონია, რომ ღმერთი სიყვარულისა და მეგობრობისთვის დამსჯის. და რომც დამსაჯოს, ამასაც ერთმანეთში გავარკვევთ.
ცხოვრებაში ხშირად გადამყრიან ადამიანები, რომლებსაც გულუბრყვილოდ სჯეროდათ, რომ იღბალს თავად ქმნიდნენ. ისე დამაჯერებლად და მგზნებარედ მიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას შრომით, მონდომებითა და მოთმინებით მოხვეჭილ იღბლიანობაზე, გული საგულეში შემითამაშდებოდა ხოლმე და იმედის პეპლებით გამევსებოდა მუცელი... სურვილს მიჩენდნენ, რომ ჩემი შეხედულებები უცხო თვალით შემეთვალიერებინა; მაგრამ რამდენჯერაც ეჭვი შევიტანე მათ („ბედნიერ ვარსკვლავზე“ დაბადებულთა და ვერ დაბადებულთა არსებობაში) ჭეშმარიტებაში, მოვლენათა ჯაჭვმა იმდენჯერ დამიმტკიცა საპირისპირო.
როცა დავრწმუნდი, რომ იღბალის მოზიდვა ან საკუთარი უიღბლობის დამარცხება (როგორც გინდათ, დაარქვით) თითქმის შეუძლებელი იყო, უბრალოდ, დავნებდი და გადავწტვიყე, როგორმე ბედს შევგუებოდი. ვერ წარმოიდგენთ, რა რთულია ბედთან შეგუება. შინაგანი ხმა ყოველდღიურად ცდილობს შენს შეცდენას, რომ ხელი გაანძრიო, დინების საპირისპიროდ გაცურო! შენც თავთან დადებული შეთანხმების გადახედვა გიწევს და გახსენდება, რომ ბრძოლისას ტყუილად არ ჩაგიქნევია ხელი.
ყველაზე მეტად ჩემი უიღბლობა მაინც სიყვარულში მიშლიდა ხელს, ყოველთვის ასე იყო... ჰო და, ეს ამბავიც მაგაზეა... ყველა იმ ადამიანზე, რომელიც მყვარებია ან მომწონებია; ვისთანაც ურთიერთობა მქონია ან დაწყება მიცდია, მაგრამ არ გამომსვლია; იმათზეცაა, ვინც არ მყვარებია, არც მომწონებია, თუმცა ჩვენ შორის სუსტი, უხილავი ძაფები მაინც გაება (თუნდაც დროებით), რამაც თითოეული მათგანი ჩემი ისტორიის ნაწილად აქცია...



№1  offline წევრი ჭირვეული

წინა ისტორია მიატოვეთ, აღარ გააგრძელებთ? დამთავრებას ველოდი რომ წამეკითხა ????

 


ჭირვეული
წინა ისტორია მიატოვეთ, აღარ გააგრძელებთ? დამთავრებას ველოდი რომ წამეკითხა ????

გამარჯობა. წინა ისტორია არ მიმიტოვებია, კვლავ ვწერ. უბრალოდ, მუზა მომივიდა და დავიწყე ახალიც, არ მინდოდა იდეა გაფრენილიყო. <3

 


ველოდები რეცეპტს :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent