ცხრა მთას აქეთ (სრულად)
ამ ბარისა და იმ მთისა - ტუნა, დე, ისევ რაღაცას უყურებდი, არა? - დედაჩემი წარბაწეული მიყურებს, მე ჯერ კიდევ არ ვარ კარგად მოფხიზლებული, თვალებს ვიფშვნეტ მხოლოდ და პერიოდულად ვამთქნარებ. დარწმუნებული ვარ, ახალგაღვიძებულ კრუელას ვგავარ ამ წუთს, ოღონდ მხოლოდ ფიზიკურად. - აუ, ნატო, იცი რა მაგარი ანიმაცია ვნახე? ხან ვიტირე, ხან ვიცინე, თან ისეთი სევდიანი იყო. ნუ მახსენებ, თორემ ახლაც ამეტირება. - მაგიდასთან ვჯდები ცოტა გონს მოსული და დედას ფერად ყვავილებს ვეფერები. - დედიკო, როგორ შეიძლება ასე? ისედაც მუშაობ მთელი დღე, ღამით კიდევ რაღაცებს უყურებ. აბა, თვალები რა დღეში გაქვს, ჩაიხედე სარკეში? - საყვედური ერევა ხმაში ჩემს ტკბილ დედიკოს. ცოტა მეღიმება მის ამ ქცევაზე. იცის, რომ პატარა გოგო აღარ ვარ, მაგრამ მაინც ვერ მოეშვა ჩემს დარიგებას. რა ვქნა, რომ სიგიჟემდე მიყვარს მისი გაბრაზება? არა, გაბრაზებასაც ვერ ვუწოდებ. ნატო ჯერ ცოცხალ ადამიანს გაბრაზებული არ უნახავს. რა ვიცი, ასეთი კია დედაჩემი. - დე, იცი რა ქენი? მე ჩართულს დაგიტოვებ ლეპტოპში, შენც უყურე და საღამოს მითხარი თუ მოგეწონება, კაი? - შვილო, შენ მომკლავ მე! ჩემო ერთო, როდის უნდა გაიზარდო? ვუყურებ, ხო, აბა, რას ვიზამ? - სახეზე მეფერება ნატო თავისი თბილი ხელის მტევნებით. ისეთი რბილი კანი აქვს, სულ მინდება დავუკოცნო. ჩემი სახიდან მის ხელს ვიღებ და ვკოცნი, თან ვუღიმი. როგორ უნდა იყო ცუდად, როცა გვერდით დედაჩემი გყავს? - ჩემი ჭკვიანი დედიკო ხარ! მოდი ახლა, ჩაგკოცნო, მერე ჩავიცვამ და მოვალ, უცებ შევჭამ, თან გავიქცევი სამსახურში. - ვეხუტები ნატოს და საერთოდ მავიწყდება, რომ ახლა ზამთარია. გარეთ ისე საშინლად ცივა, ქარიც ქრის, ფანჯრიდან მოვასწარი გახედვა, მაგრამ საერთოდაც არ მაწუხებს. დედაჩემი მათბობს. - ტუნა, შვილო, ცივა, ხომ იცი, თბილად ჩაიცვი. არადა, ნატომ მშვენივრად იცის, რომ ეგ არ შემეშლება. ჩემზე მცივანა ამ სამყაროში, ალბათ, მხოლოდ ნუკი თუ იქნება. ნუკი ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჯერ კიდევ ფეხაუდგმელობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. მასსავით, მემგონი, ყველაფერს ვიცვამ, რაც მაქვს და ისევ ნატოსთან ვბრუნდები. ლეპტოპიც თან მიმაქვს, რომ ჩავურთო "მფრინავი სახლი". ისეთი მაგარია, ყველამ უნდა უყუროს აუცილებლად. სხვა ადამიანურ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სიყვარულს გასწავლის. ამაზე მეტი რა უნდა იცოდე? კარგი, ჰო, ცოტა მეოცნებე ვარ. - უი, მართლა რა თბილად ჩაგიცვამს?! - რიტორიკულ კითხვას მისვამს ნატო. მზერაზე კი ვატყობ, რომ მეტისმეტად კმაყოფილია. - ჰო, დე, ცივა ძალიან. მოდი, ჩაგირთე. ერთი დააწკაპე ამ პატარა თაგუნას და ჩაირთვება პირდაპირ, მეტი არაფერი უნდა. - დედას გამზადებულ კარაქიან პურს ვჭამ და პირში ლუკმაგაჩრილი ცოტა უხერხულად ვუხსნი როგორ ჩართოს "მფრინავი სახლი". სახლი, რომელსაც შორს, ზღაპარში მიჰყავხარ. - კარგი, შვილო. დღეს რა დროს დაბრუნდები? - ჩვეულებრივ, ნატო, რვაზე გამოვალ სამსახურიდან. - ბებოს ნახვა მინდა საღამოს, ტუნა. რომ მოხვალ, ჭამე, ცოტა დაისვენე და მერე წავიდეთ, კარგი? - კაი, დე. რა პრობლემაა. - დედა იშვიათად მთხოვს რამეს. ალბათ, რამე განსაკუთრებული ხდება ან რამე აწუხებს. ძირითადად ამ დროს სჭირდება ბებოს ნახვა. ჩვენგან შორს არ ცხოვრობს. მანქანით, ალბათ, ნახევარი საათი თუ დაგჭირდება. ეგეც საცობების გამო. - საჭმელი რა დაგახვედრო, დედა? ისედაც არაფერს ჭამ ნორმალურად. - ნატო, სოკოს წვნიანი გამიკეთე, რა. - გაგიკეთებ, დე, აბა, რას ვიზამ? შენ კარგად ჭამე ოღონდ და... - თმებზე მეფერება დედა. ბავშვობა მახსენდება. ყოველ დილით მხვდებოდა კუბებად დაჭრილი კარაქიანი პურები, ალუბლის ჩაი და კარში დედას თბილი მზერა მაცილებდა. ალბათ, არასდროს მინდა დასრულდეს. "ალბათ" რა საჭიროა?! ძალიანაც მინდა, რომ დავრჩე თბილ სახლში ნატოსთან ერთად და რამეს ვუყუროთ მისი გამომცხვარი ორცხობილებით პირგამოტენილებმა, მაგრამ არ გამოდის, სამწუხაროდ. სამსახური იხმობს ტკბილეულის მოყვარულ ტუნას. ჰო, ისე, თინა მქვია. ოღონდ ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ რა გქვიაო, თინას ნაცვლად ტუნას ვამბობდი. მას მერე შემრჩა, პრეტენზია არც არავის გაგვჩენია. კართან მისულს დედა მეწევა. - ტუნა, ჩაი, დე? - ჭიქა ხელში უჭირავს და მეც მეცინება. რამდენიმე ყლუპს ვსვამ, ნატოს კიდევ ერთხელ ვეფერები, მისი კმაყოფილი მზერით მეც ვკმაყოფილდები. კარს ვაღებ, ის ისაა უნდა გავიდე და დედა ჩემს ქურთუკს ამოწმებს. - წარმატებული დღე, დედა, გკოცნი! - კიბეებზე ჩასულს მისი მზერა სიტყვებთან ერთად ისევ მიმყვება, როგორც ყოველთვის. ჩემი პატარა ჩანთიდან მანქანის გასაღებს ვიღებ, ზედ ლურჯი ქვის სახლი ჰკიდია. ჩემი ოცნების სახლი, რომელიც მე და დედას უნდა გვქონდეს. სიცივე პირდაპირ სახეზე მხვდება, ცხვირი მაშინვე მიწითლდება და მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ. კარს ვაღებ, ვჯდები და მაშინვე სითბოს ვრთავ. - ჩემო კუკუშკა, დაილოცე, რა! ეგრევე გამათბე! - ჩემს მანქანას გიჟივით ველაპარაკები. კუკუშკა ნუკიმ შეარქვა. პატარა კი არის, მაგრამ მე და დედას სრულებითაც გვყოფნის. თან ისე მიყვარს... პირველი დანაზოგით ვიყიდე. ბებომ თავისი პენსიაც კი შემომაშველა. ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს. მემგონი, შეუცვლელია. სულ რომ ბექაურივით ახალი მანქანა მაჩუქონ თავის საწვავთან ერთად, მაინც უარს ვიტყვი. არა, საწვავზე კიდევ დავფიქრდები. ისე გააძვირეს, რა ვიცი, მაგრამ მე და ჩემს კუკუშკას ბევრი არ გვჭირდება. ეკონომიური მანქანაა ამავდროულად. თან ლურჯი. ლურჯი მანქანა, ლურჯი სახლი. ახლა სიცივისგან მეც ლურჯი ვარ. კი მიყვარს ეს ფერი თავდავიწყებით, მაგრამ ჯერ კიდევ ვაპირებ სიცოცხლეს. თან სიცივით ღმერთმა ნუ მომკლას! რამე უფრო დრამატული მინდა, კარგად რომ მიტირონ. მიყვარს, რომ ვუყვარვარ ადამიანებს და ჩემ გამო დარდობენ. უკვე გზას ვადგავარ. როგორც წესი, მე და ნუკი ერთად მივდივართ. ყურსასმენს ვიმარჯვებ და ტელეფონზე ვურეკავ. - აბა, როგორ არის ყველაზე უკმაყოფილო ადამიანი სამყაროში? - სიცილით ვეკითხები. - გაყინული. სად ხარ ამდენ ხანს? ორი წუთით დააგვიანე მოსვლა, გელოდები. მალე ელზა გავხდები და ყველაფერს გავყინავ ჩემი გათოშილი თითებით. - მეწუწუნება. არახალია. ყველამ ვიცით, როგორია ნუკი, არ გვიკვირს, თუმცა ამ დილაადრიან "გაყინული" საიდან მოაგონდა არ ვიცი. არა, ისეთი სიცივეა, აბა, სხვა რა უნდა გაგახსენდეს? - მოვდივარ, ნუკი. აი, სამ წუთში მანდ ვარ. - ჰო, მოდი ჩქარა, ჩქარა. მივქრივართ მე და ჩემი კუკუშკა. ნუკის ბრძანებას ბრმად ვასრულებთ. აბა, მაგას ვინ გაუწევს წინააღმდეგობას? ნამდვილი შეურაცხადია! მიკვირს, ამდენ ხანსაც როგორ ვუძლებთ ერთმანეთს, მაგრამ ჩემნაირი მშვიდი და წყნარი ადამიანის გვერდით ყოფნა რა რთული კია?! თან თურქულ სიმღერას ვუსმენ, Hayat Şaşırtır - ასე ჟღერს. დიდად კი ვერ ვერკვევი, მაგრამ მხიარული სიმღერაა. კარგ ხასიათზე მაყენებს. თვითონ ეგ ორი სიტყვა ცხოვრების სიურპრიზებს ნიშნავს. ვგიჟდები, ისე მიყვარს. მე მართლა მჯერა ბედისწერის, უმაგისოდ არაფერი ხდება, ამ სამყაროში ყველაფერი გაწერილია. - მოდი, მოდი, ჩაჯექი სწრაფად. - ისე ვყვირი, გეგონება კუკუშკას კარის გაღებამდე გაიგონებს ნუკი და დრაკულასავით რამე ზებუნებრივი ნიჭი აქვს. - ტუნა, რა სიცივეა?! - ყბის კანკალით ამბობს. მაგრად კი შესციებია. ცხვირი სულ გაწითლებული აქვს, თითებიც. აშკარად ნუკი უფრო ჰგავს თავისი სახის ფერით გარდაცვლილს და მალე ორმოცგადახდილს დაემსგავსება, თუ არ ჩათბა, ვიდრე მე. ჩემთვის მეცინება, ფენტეზის დადგმაში ბადალი არ მყავს. - კი, ძალიან! ნატოც კი გაოცებული იყო, ასე თბილად რომ ჩავიცვი. - სამი წინდა მაცვია... - კარგი, არ ჩამომითვალო, ისედაც ვიცი რა რამდენი გაცვია. - სიტყვას არ ვასრულებინებ, ვიკრიჭები. აქა-იქ რამდენიმე მანქანა თუ ჩაგვივლის გვერდს, თორემ ამ სიცივეში რომელი გიჟი გამოვა გარეთ? სამსახურამდეც ვაღწევთ. ორივეს უსიამოვნო მზერა გვაქვს, კუკუშკაში ისე თბილა და გარეთ კიდევ რა სიცივეა. მართალია, კილომეტრების გავლა არ გვიწევს, მაგრამ ჩვენ წამში ვიყინებით. კუკუშკას ვაპარკინგებ. მე და ნუკი ერთმანეთს მივშტერებივართ რომელი გაბედავს პირველად კარის გახსნას, ყოველ დილით ასე ხდება, როცა ცივა, მაგრამ ბევრი ფიქრის მერე პირველად მაინც ნუკი რისკავს ყოველთვის. რისკიანია, რას ვიზამთ. იმიტომაცაა ცხრაასჯერ რომ დაკარგა სამსახური, ბოლოს აქ ძლივს გავაჩერე. ყურადღებას ვაქცევ და იმიტომ, თორემ ამდენ ხანს არც ერთ სამსახურში არ დარჩენილა. თავისი გრძელი ენის გადამკიდე ხან ჩანგლით იმუქრებოდა, ხან თეფშით, ხან თავისი ფრჩხილებით. ბოლოს უშვერ სიტყვებსაც იხმარდა ხოლმე. ღმერთს მადლობა, არც ერთხელ უჩივლეს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისთვის. კიდევ კარგი, ძირითადად მხოლოდ უფროსებს ეომებოდა და არა - დანარჩენებს. თან იმასაც ამატებდა, თუ ვინმე გადაემტერებოდა, საქმე უფრო ცუდად წაუვიდოდა. რა ვიცი, ეტყობა, მართლა ჯადოა, თორემ მეტრანახევრიანი ნუკისი როგორ უნდა შეგეშინდეს?! სიმაღლეს ისე ვამატებ, სიტყვის მასალად, მაგრამ მართლა მაგ სიმაღლისაა. ჰა-ჰა, პლუს ოთხი-ხუთი სანტიმეტრი. სულ თითის ქნევით იცის ლაპარაკი, მერე ისეთს გეტყვის, პასუხს ვერ დაუბრუნებ და თუ დაუბრუნებ, შენთვის უარესი. გიჟია კი, ნამდვილი! - წავედით, ტუნა! - გამამხნევებელი ხმით მეუბნება ეს ერთი ციდა გოგო და მანქანიდან გადავდივართ. პარკინგი ჩვენი კაფეს გვერდითაა უფროსის სურვილით. ხშირად გვსტუმრობენ, ამიტომ სტუმრებს მანქანის გაჩერების პრობლემა რომ არ შეექმნათ, ასეთ კომფორტში ვამყოფებთ. - დილა მშვიდობისა, მეგობრებო! - თანამშრომლებს ერთდროულად ვესალმებით მე და ნუკი. ფორმების ჩასაცმელად გავდივართ და მე წუწუნის მოსასმენად ვემზადები. ჩვენი დილა ყოველთვის ასეთია. კიდევ კარგი, პრეტენზიული არ ვარ. ალბათ, მეც მცემდა. ალბათ კი არა, ზუსტად ვიცი. თორმეტი საათი რომ ხდება, ჩვენი "კაკუნა" კარს აღებს და ასევე ფეხსაცმლის კაკუნით შემოდის. - ტუნა, მოვიდა დედოფალი, მოემზადე. - ამ სიტყვების მერე ნუკის ბოროტულ მზერას ვამჩნევ, ამიტომ ვამჯობინებ მე მივიდე სტუმართან. კაკუნა ნუკიმ შეარქვა, სულ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით დადის, თან ისეთი მიხრა-მოხრით, თავი სამყაროს დედოფალი ჰგონია. ურსულას კი ჰგავს "არიელიდან" მზერით თავისი პრეტენზიებით. როგორ შეიძლება ადამიანს მუდმივად უკმაყოფილო სახე ჰქონდეს?! ჩემს ნერვებს გაუმარჯოს, რომ ამდენს უძლებს. ნეტავი, ამასაც გამოუჩნდებოდეს თავისი პრინცი ერიკი, ყველა დავისვენებთ. იქნება, ჩვენც გვაღირსოს ღიმილი და თბილი მზერა. - გამარჯობა, ქალბატონო. როგორ ბრძანდებით? რას მიირთმევთ? ჩავიწერ, თუ უკვე მოიფიქრეთ. - ღიმილით ვეუბნები და თავაზიანად ვესაუბრები, ჩვენი ხშირი სტუმარია, ამიტომ მისი უკმაყოფილება არ გვაწყობს. თან უკმაყოფილო "პოსტებით" ცნობილია "რეცეპტორში". ასე რომ, ხალხისთვის მისი რეკომენდაცია ბევრს ნიშნავს. ესეც არ მყავდეს ახლა გურამ ბაღდოშვილი ან შეფ თეკუნა. საერთოდ არ ვიმჩნევ, რომ სინამდვილეში გულზე დიდად არ მეხატება. - ერთი ყავა. უშაქროდ, რა თქმა უნდა. - არც მესალმება, უკმეხად მიგდებს პასუხს. შაქრისმოყვარულნი განზე გავდგეთ მისგან. ეტყობა, ფორმებს უფრთხილდება. თუმცა, ღვეზელი დღეს არ აიღო. რას გაუგებ ამ ქალს, ეტყობა, ცუდ ხასიათზეა. რასაც მე დავაკვირდი, როცა ალუბლის ღვეზელს არ ჭამს, მაშინ საქმე ცუდად გვაქვს. - კი ბატონო, ახლავე მოგართმევთ. - თავს ვუკრავ და უკან ვბრუნდები. ნუკი სხვა სტუმრებს ემსახურება და თან ცალ თვალს ჩემკენ აპარებს, აინტერესებს რამდენად უკმაყოფილო მზერა მაქვს. ყავას მალევე ვამზადებ და "კაკუნასთან" მიმაქვს, თუმცა, მის სიმპათიას მაინც ვერ ვიმსახურებ. ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. რამდენი ხანია აქ ვმუშაობ, ეს მართლა ურსულა ყოველდღე მიყურებს და ვითომც არაფერი. მთავარია, მე ხომ ვცემ პატივს და ღმერთი ხედავს, აუცილებლად დამიფასებს - ასე იტყოდა ბებიაჩემი, თორემ მეც და ნუკიც ვნატრობთ დამპალმა პირანიებმა შეჭამონ, როგორც ის საწყალი ჯიჯი ჰადიდის პატენტი მოდელი გოგო "პირანიებიდან". - რაო, ტუნა, გაჩუქა თბილი მზერა? - ნუკი ისე დამცინის, სურვილი მაქვს კაკუნას წინ დავუსვა და აჩვენებს სეირს. არა, მაგდენს მაინც ვერ ვრისკავ. მეშინია, რამე არ უქნას ამან, ყველაფერს უნდა ველოდე. - კი, ყავაზეც დამპატიჟა, ჩამომიჯექი და ჩემთან ერთად დალიეო. უარი ვუთხარი მაინც. - სერიოზულად ვპასუხობ. ცოტას გავერთობი, რა უჭირს. - რაო? შენ რა, ხუმრობ? ამაში გინდა გამცვალო? ჩემი მეგონე, სხვისი ყოფილხარ! - რა გაყვირებს? ჩუმად, ნუკი, სირცხვილია! როდისაა, ხუმრობას რომ ვერ მიმხვდარხარ? - ძლივს ვაჩუმებ, ლამის იყვიროს. - ოხ, ტუნა! რა ცუდად მიცნობ?! რა იყო, სცენა დაგიდგი. თავის დროზე თეატრალურზე ვერ ჩავაბარე, რა ნიჭი დაკარგა ქართულმა თეატრმა?! ვერ დამაფასეს, ვერა, არად ჩამაგდეს ქალი... - ნუკი ფხუკუნებს, მეც მეცინება. თან ვფიქრობ უფროსი არ გავაბრაზოთ, უჰ, ჩემს მტერს! - გეყოფა მაიმუნობა ახლა! გაგვყრიან აქედან, მერე როგორ ავიშენო ჩემი ლურჯი სახლი? - ჩემი მეოცნებე ტუნა... - მეუბნება და ახლად შემოსული სტუმრებისკენ მიდის. მე კაკუნასკენ ვაპარებ მზერას, გარეთ რაღაცას მისჩერებია და ფიქრობს. ჩემთვის ვფიქრობ, იქნებ, არც არის ასეთი ცუდი ადამიანი? ზოგჯერ ჩვენ ვიცით ხოლმე ყველაფრის გაბუქება. ზოგჯერ კი არა, ნიჭი აქვთ ადამიანებს ეგეთი. ეტყობა, ჩემს მზერას გრძნობს, წამში ჩემკენ აბრუნებს თავს და მიყურებს, მეც ვშტერდები. უცებ იღიმის. იღიმის და ვერ ვხვდები რა უნდა, მე მიღიმის? იქნებ, მართლა არ არის კაკუნა ურსულა?! ვეკითხები ჩემს თავს და პასუხი არ მაქვს, მომენტალურად მზერა სხვა მხარეს გადამაქვს პასუხის გარეშე, როგორც ნუკი იტყოდა, "პასუხის უგარეშოდ". იქნებ, მართლა არ არის... იქნებ, მართლა... იქნებ... იქნებ, მხოლოდ კარგი ადამიანები არსებობენ. ______ როგორღაც სამუშაო დღე გადის. მე და ნუკი დანარჩენებთან ერთად ყველაფერს ვაწესრიგებთ. ზუსტად რვა საათზე ყველა ვემზადებით, ვიფუთებით ჩვენი ქურთუკებით და კაფეს ვტოვებთ. - დღეს ნორმალური დღე იყო, არა, ტუნა? - მეკითხება გადაღლილი ხმით ერთი ციდა. - კი. კაკუნამ გამიღიმა, აზრზე ხარ? რა ვიცი, ასე მგონია, რამე უნდა მოხდეს და ეგ მაგის ნიშანი იყო. აბა, რას მივაწერო? - მხრებს ვიჩეჩ გაკვირვებული. - კარგი ერთი! ნუ იცი ხოლმე ასე ჩაკირკიტება, გაგიღიმა და მორჩა! დაგაფასა, ეტყობა. - რა ვიცი, არც ეგრე მემარტივება, - კუკუშკასთან თითქმის ახლოს ვართ. შორიდან ვხედავ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. - ნუკი, ახლა მეჩვენება, თუ კუკუშკას რაღაც სჭირს? - სასოწარკვეთილი ხმა მაქვს. - მოიცა, მოიცა, ვიღაც საცემი გამიხდება ახლა. სწრაფადვე მივდივართ და ვხედავ, რომ უკანა მაშუქი გატეხილია მარცხენა მხარეს. გულისტკივილს ვგრძნობ. ისე ვუვლიდი, ზედ ვყვებოდი და ეს რა არის?! ნეტა რომელმა თავხედმა ჩაიდინა?! ან არ უნდა მოვეძებნე? წამში ვცოფდები და დამნაშავის წამების ყველა ხერხს ვიფიქრებ გონებაში, ოღონდ არ ვიცი დამნაშავე ვინაა. - ნუკი, რა ვქნა ახლა? ჩემო კუკუშკა, გატკინეს, გოგო? - სახემოღრეცილი ვამბობ. - კარგი, ტუნა, დამშვიდდი, გავაკეთებთ. მისმინე, ვიდეოთვალი ხომ იყურება აქამდეც? თუ ვერა? მემგონი, უფროსმა აქაც დააყენა სადღაც მალულად. თავს დავიზღვევო ასე თქვა, თუ სწორად მახსოვს. იქნებ, ვიპოვოთ? შეაკეთებს ვინცაა! ეგ თავხედი, პირუტყვი! როგორ შეიძლება ადამიანს მანქანა დაუზიანო და ისე წახვიდე, თითქოს არც არაფერი დაგიშავებია? უეჭველი ჩვენი სტუმარი იქნებოდა. აბა, აქ სხვა არ აყენებს, როგორც წესი. ვაიმე, კუკუშკა, შენ მოგიკვდი! - თვალები ცრემლებით ევსება ნუკის. მე უკვე ისედაც ვტირი. ასე მგონია, მართლა ეტკინა. ჩემთვის ცოცხალი არსებაა ჩემი კუკუშკა. - ისეთი გამწარებული ვარ, ისეთი! ნომერი მაინც დაეტოვებინა სადმე?! რომ ვიცოდე ვინაა, ცოცხლად გავატყავებდი! ეგ დამპალი! ეს რა გიქნეს, ჩემო გულო?! - შუალედს ვერ ვიჭერ გაბრაზებასა და გულისტკივილს შორის. - თან როგორ შეიძლება ისე დაეტაკო, რომ მარტო მარცხენა მაშუქი გატეხო? ვირი ხარ ვიღაცა ხარ, რა! - ხელით ცრემლებს ვიწმენდ და მანქანის კარს ვაღებ. ნუკიც მეორე მხრიდან მოდის, ის ჩემზე მეტადაა გაბრაზებული. - ტუნა, შენკენ რაღაც ფურცელია, ხედავ? უეჭველი იმან დატოვა, ვინც დაგეჯახა. საქარე მინის საწმენდის ქვეშ დადებულ ფურცელს ვიღებ და ვკითხულობ: "მე გაგიტეხეთ ეგ პავაროტნიკი. ახლა ვითომ ჩემს საკონტაქტოს გიტოვებთ, როგორც ზრდილობიანი ადამიანი, რადგან ხალხი მიყურებს. იმედია, დიდი ხარჯი არ გექნებათ. ამ წუთას ათ თეთრიანიც კი არ მაქვს. იქნებ, მერე აგინაზღაუროთ." მეცინება. ვიღაც იდიოტია და მეღადავება. ნუკის ფურცელს ვაწვდი და კითხულობს. მე ვერ ვჩერდები, ისტერიკულად ვიცინი. ციდას ცოტა თვალები უფართოვდება. - ეს გიჟია? არა, თან რუსულ სიტყვას რომ იყენებს?! ეს ოკუპანტი! ღმერთო, რა თავხედია! და თვალთმაქცი! ვაიმე, სიამოვნებით მოვკლავდი! თან ყველაზე ცუდად მჭრელი დანით, რომ კარგად ეწამოს! - ნუკი სიძულვილს აფრქვევს. მე კიდევ გაშტერებული ვარ. რამდენიმე დღის წინ იგივე ამბავი "ფეისბუქზე" შემხვდა. რა მეგონა, რომ ვიცინოდი? - ტუნა, ხვალ ვიდეოჩანაწერები ვნახოთ. ამას რომ არ ვეცე სახეში და წამწამები სათითაოდ არ დავაპუტო, ისე ვერ მოვისვენებ, იცოდე. ხომ გაიგე?! - თითს იქნევს ციდა, მემგონი, ჩემზე მეტად გაბრაზდა. სიცივეც ვის ახსოვს? არა, ნამდვილად არ მცივა, გაცეცხლებული ვარ და სიბრაზისგან სახეახურებული. - ვინც არ უნდა იყოს, ჩემი ხელით მოვკლავ! - მუქარით სავსე სიტყვებს ვამბობ და მანქანაში ვჯდები. მივდივართ. მე და ნუკი ერთმანეთს ვეთანხმებით, ყველა სიტყვაში დამნაშავეს ვათახსირებთ და ორივეს ერთი და იგივე სურვილი გვამოძრავებს - იმ ვიღაცის მოკვლა. უბრალოდ მოკვლა კი არა, წამება! სახლში რომ მივალ, ყველა წამების ხერხი უნდა მოვიძიო გუგლში. ვატყობ, დამჭირდება. ხვალ მაინც გავიგებ ვინაა. ოხ, ღმერთო, იქამდე მომათმენინე!.. - არადა, ნატო დიდ თინასთან უნდა წამეყვანა. ახლა როგორ ვივლი ასეთი მანქანით? ღმერთო, შენ დამაწყნარე! მოვკლავ ვინცაა, მოვკლავ, გავატყავებ! - გპირდები, როგორც კი გავიგებთ ვინაა, მაშინვე ვიპოვით და მაგრად ვცემთ! ვინმეს ვუთხრათ, დავიხმაროთ თან. ჯერ არ ვიცით ვინაა, იქნება, ვერც ვერევით? - აგერ შენი კაკუნას ღიმილი! ყველაფერი მაგის ბრალია. დამპალი ქალი, შეურაცხადი! რას მიღიმოდა? დამთარსა! ხომ ვამბობდი, რაღაც მოხდება - მეთქი? გული მიგრძნობდა. ჩემო კუკუშკა, მოგიკვდეს ჩემი თავი... - მართლა ბებიაჩემი თინასავით ვლაპარაკობ. სევდის ყველა საფეხურზე სათითაოდ ავდივარ და გული მტკივა ჩემი კუკუშკას გამო. ვის ესმის ჩემი? არც არავის. - ისე, ახლა კანონდამრღვევები ვართ ხომ? - ჩაფიქრებული მეკითხება ნუკი. - ჰო, ვართ და კიდევ კარგი, სადმე მარცხნივ შეხვევა არ გვჭირდება. ჯანდაბა იმის თავს! ნუკის სახლში ვტოვებ და გზას ვაგრძელებ. მალევე უნდა შევაკეთო, თორემ მომიწევს ფეხით სიარული. ყველაფერი იმ ურსულას ღიმილის ბრალია! მანქანას მისაკუთრებულ ადგილზე ვაყენებ ეზოში და კიბეებს მივუყვები. გასაღებზე დაკიდებულ ლურჯ სახლს ვუყურებ. მე, დედა და ჩვენი ოცნების სახლი. რაღაც მომენტში ვმშვიდდები. - დე, მოვედი. - ჰო, დედა, მე უკვე საჭმელს ვამზადებ. რატომ დაგაგვიანდა? - სამზარეულოდან მეძახის ნატო. - ვიღაც დეგენერატი კუკუშკას დაეჯახა. - რას ამბობ, შვილო? - ისე სწრაფად გამოდის მისაღებში დედაჩემი, პარალელურად ქარი სიძლიერით მხვდება სახეში აკრეფილი სიჩქარისგან. - ხვალ გავიგებ. სამსახურში უფროსს ვთხოვ მაჩვენოს გუშინდელი ჩანაწერები და თუ დამჭირდა, ვუჩივლებ კიდეც. - შენ ხომ კარგად ხარ, ტუნა? ხომ არაფერი მოგსვლია? ვაიმე, მომიკვდეს თავი! - მაშინვე მოთქმას ჰყვება ნატო. - კარგი ახლა! ნუ იცი ეგეთები. წამო, ვჭამოთ. მშია ძალიან. ვუშველი კუკუშკას, არ ინერვიულო. მაქვს შენახული ფული და გამოვიყენებ. - არა, დედა, მეც ავიღე მოსწავლეებისგან დღეს ფული. მოგცემ და გააკეთე, ოღონდ შენ არ ინერვიულო. მოგიკვდეს შენი დედა... - ვუყურებ ნატოს და ვატყობ, რომ ცრემლებს ძლივს იკავებს. ვგიჟდები ამ ქალის სენტიმენტალიზმზე. წამში შეუძლია ატირდეს, თან მე თუ მეხება საქმე. - თუ დამჭირდება, გეტყვი, დე, არ ინერვიულო. იქნებ, თვითონვე ამინაზღაუროს ვინცაა. ისე მინდა რომ მოვკლა, ოღონდ ჯერ ეს მაშუქი გამიკეთოს. წავაცლი თავს! - კარგი, ტუნა. შეიძლება არც იმას ჰქონდა საშუალება, ვერ გაგიკეთა, რა უნდა ექნა? თავის შერცხვენას წასვლა ამჯობინა. ზოგი ადამიანი ასეთია, პრობლემას გაურბის, ზოგს ბრძოლა მოსწონს. დამშვიდდი, შვილო. მთავარია, მხოლოდ პატარა დაზიანებაა, მაგას ვუშველით. იქნებ, ის ადამიანიც როგორ დარდობს, მხოლოდ ღმერთმა იცის... წამოდი ახლა, ისეთი წვნიანი გაგიკეთე, შენ რომ გიყვარს. - მეხუტება ნატო. სამზარეულოში სკამზე ვჯდები. წვნიანს მისხამს, ამ ცივ ამინდში მისწრებაა მართლა. ყველა ძვალი მითბება. - აუ, რა გემრიელია, ნატალია. ყოჩაღ შენ, ჩემო შეფო! - ვაქებ დედას და მის ამაყ მზერაზე მეღიმება. როგორ შეუძლია ამ ქალს, რომ არავისზე გაბრაზდეს? არც კი ვიცი, როგორ უნდა იყო ასეთი სათნო? - უი, მართლა, ვუყურე "მფრინავ სახლს", დე. ცოტა ვიტირე. მერე ჩემს ბავშვებს მოვუყევი, ისინიც უყურებენ. მართლა რა კარგი იყო!.. - გულწრფელ ემოციებს მიზიარებს ნატო. ვიცოდი, რომ ასეც იქნებოდა. შეუძლებელია გულგრილი დარჩე. - მერე კიდევ გირჩევ რაღაცებს, მოგეწონება. - ანიმაციებზე ისევ ურსულა და მისი ღიმილი მახსენდება. სახე მეშლება. ნატოს დატოვებულ წერილზე არც ვუყვები, ზედმეტად არ ვანერვიულებ. ისეთი ემოციურია თან... ვიღაცის ირონიის გამო ნერვებს დამატებით ვერ მოვუშლი. - ბებოს დავურეკავ და ვეტყვი, რომ ვეღარ მივალთ. შენ უფროსს დაურეკე და უთხარი, რომ ხვალ მანქანას გააკეთებ. ამიტომ ვერ იქნები. ხო კარგი აზრია? - მაინც გავიდეთ, ცოტა გულს გადავაყოლებთ, არ გინდა, დე? - შეგიძლია შენ, შვილო? დაღლილი და ნანერვიულები ხარ ისედაც. - არა, მეც ვნახავ ბებოს, რა ხანია არ მინახავს. მიდი, ჩაიცვი. აქ მე მივალაგებ და წავიდეთ. - კარგი, ჩემო ჭკვიანო შვილო. - თავზე მკოცნის ნატო და თავის საძინებელში მიდის. მალევე გავედით. როგორც სჩვევია, სახლის კარი რამდენჯერმე შეამოწმა დედამ. გარეთ ისევ ციოდა, ღამით, მით უმეტეს. იქნებ, დღეს ბებოსთანაც დავრჩენილიყავით. დიდი თინას რჩევა-დარიგებები არასდროსაა ზედმეტი. თან ყავაზეც თუ გიმკითხავებს, უეჭველი აგიხდება. აი, არ არსებობს თინამ რამე თქვას და ეგრე არ მოხდეს. ძალიან ადრე, ნინოშვილზე რომ ვცხოვრობდით, კუდიან თინას ეძახდნენ თურმე. განა, რას აშავებდა? ვისაც უნდოდა, მოდიოდა და იღებდა. ვისაც არ უნდოდა, არც აძალებდა. - დე, წამო ერთი, მაჩვენე კუკუშკას რა გაუფუჭეს. - ნატოს მანქანისკენ მივყავარ. საქარე მინაზე რაღაც თეთრი ფურცელია მიკუჭული. არადა, ზუსტად მახსოვს რომ ის ირონიული წერილი ჩანთაში ჩავიგდე ბოლოს. თვალებში უნდა ამეფარებინა იმ თავხედისთვის, როცა ვიპოვიდი. უცებ დედაზე ვერთვები. არ ვიცოდი რა ეწერა იმ ფურცელზე, ამიტომ დავფიქრდი ამეღო თუ არა. თან კითხვები მიჩნდება. ან როგორ მიპოვა, ან რამის თქმა თუ უნდოდა, იქ რატომ არ დამელოდა... რა ვიცი, ვერაფერს ვიგებ. მაინც ვრისკავ. კი, ხანდახან ნუკის ვგავარ ხოლმე ასეთი რისკიანი. ნატო მანქანას ათვალიერებს, მე ფურცლის ასაღებად მივდივარ წინა მხარეს. ისეთი დაკუჭულია, ნელა ვხსნი. ალბათ, ქარმა არ წაიღოსო იფიქრა. "ვიცი, რომ გაბრაზდით. მანქანას რომ შეაკეთებთ, ჭიქა ყავაზე დაგპატიჟებთ. მაგაზე ნამდვილად მეყოფა ფული." - დედა, ჩანთაში კალამი გაქვს? მჭირდება. - ისეთი გაბრაზებული ხმით ვეუბნები ნატოს, რომელიც მაშუქის თვალიერებაში გართულა ამ შუაღამისას, ვაშინებ. - მაქვს, შვილო, რა იყო? - ვიღაცა მეხუმრება და მეც გავეხუმრები. - უცებ ვპასუხობ დედას და კალამს ვართმევ. "თავხედო რუსეთუმე, ჯერ ერთი, ამას პავაროტნიკი კი არა, მაშუქი ჰქვია და მეორეც ერთი, ხუთლარიანი ყავა ვერ აანაზღაურებს ჩემს ზარალს. მსგავსი მანიაკური გამოხტომებისთვის გიჩივლებთ!" სწრაფად ვწერ და გაყინულ თითებს არ ვიმჩნევ. თან ძახილის ნიშანს ვაყოლებ, რომ ბრაზი უფრო გამოვაჩინო და ფურცელს ისევ იქ ვკუჭავ. იმედს ვიტოვებ, აიღებს. სადაც აქამდე მიპოვა, არც ეს დარჩება უყურადღებოდ. ოხ, როგორ ვბრაზობ! ნეტავ ვიცოდე ვინ ხარ, ცოცხლად გაგატყავებ ან ბამბუკის ჯოხს გაგიკეთებ უკანალში და მერე სიამოვნებით ვნახავ როგორია სხვის სხეულში ხის ამოზრდა. ჩემთვის ვლაპარაკობ, რომ ნატომ არ გაიგოს. ნამდვილად გაგიჟდება მსგავსი სიტყვების გაგონებაზე, თავისი შვილი სიკეთით გამორჩეული პიროვნება ჰგონია, ასეთ კარგ წარმოდგენებს ვერ ჩავუხშობ. ______ - ბე, როგორ მომენატრე, თუ იცი?! - საერთოდ მავიწყდება გაბრაზება თინა ბებოს დანახვისას, ძალიან მაგრად ვეხუტები და მერე დედასაც ვრთავ ნებას, რომ ჩაეხუტოს. - შენ შემოგევლოს შენი ბებო, რადგან შენ ნახვას ვეღირსე, რაღა მომკლავს აწი? როგორ მომანატრე თავი, ჩემო ციდა? ნატო, შვილო, ხო მშვიდობაა? - მაშინვე კითხვები მოგვაყარა თინიკომ. სახლში ისეთი სითბო იყო, სულ დაგავიწყებდა ზამთრის სიცივეს. - მშვიდობაა, დედა, მოგვენატრე და მოვედით. - სევდიანი ღიმილით უპასუხა დედამ. რაღაცამ გულზე გამკრა. უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ნატომ არ იცის დამალვა რაღაცების, მაგრამ ზოგჯერ თვითნებურად გვიწევს ასე მოვიქცეთ. ისევ ჩვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის. მაშინ კი ბრაზდები, როცა იგებ, მაგრამ მერე ხვდები, რომ ასე ჯობდა. ცხელ გულზე შეიძლება საყვედურიც თქვა, მაგრამ... მაგრამ, იქნებ, იმ მომენტში შეგიძლია მისი დახმარება და ტყუილად გიმალავს? თავს აქეთ-იქით ვაქნევ და ცუდი ფიქრებისგან ვთავისუფლდები. როგორც უნდა იყოს, ალბათ, ნატო სწორად იქცევა თუ რამეს მიმალავს. რაკი ასე უნდა, ესე იგი, საჭიროებაც ასე მოითხოვს. - ჩაი დავლიოთ, ტუნას საყვარელი შოკოლადიანი ორცხობილებიც გამომცხვარი მაქვს და დავსხდეთ სალაპარაკოდ. როგორ მომენატრეთ!.. ნატო, დედა, წამოდი, მომეხმარე. - თინას დედაც მიჰყავს. მარტო მტოვებენ. ჰო, მართლა, თინა ნატოს დედა არ არის, დედამთილია. არც კი ვიცი როგორ შეიძლება რძალ-დედამთილს ამდენად უყვარდეს ერთმანეთი და ყველას დედა-შვილი ეგონოს, მაგრამ, ალბათ, ასეც ხდება. ზოგჯერ ბუნება წყვეტს ყველაფერს. ისევ იმ წერილზე ვფიქრობ. ჯიბიდან ტელეფონს ვიღებ და ნუკის ვურეკავ. - ციდა, რაშვები? - წამების ხერხებს ვეძებ გუგლში. - გააფრინე ხო? - არა, კაცო. ხვალ დაგვჭირდება. წინასწარ ვიზღვევ თავს. - იმედია, ხუმრობ, ნუკი. - თავს ვაჯერებ, რომ მართლა ხუმრობს. გიჟია ეს გოგო, ფსიქოლოგთანაა მისაყვანი. ხუმრობის გარეშე ოღონდ. - არ ვხუმრობ, ტუნა. რა იყო, რაზე მირეკავდი? რაღაცა გაცოფებული ჩანხარ. - კიდევ კარგი, რომ ჩემთვისაც მოიცალა და წამების ხერხების ძიებას თავი დაანება. არა, შეიძლება მართლა დაგვჭირდეს ხვალ, ვინ იცის?! - წერილი დამხვდა კუკუშკაზე, თინასთან მოვდიოდით მე და ნატო. დედას მაშუქი აინტერესებდა. - რაო? - ლამის ყვირის ციდა. - ჰო, მართლა. ყავაზე დაგპატიჟებო. - ვაიმე, ტუნა, მაგას ჩემი ხელით სიკვდილი უნდა! პირდაპირ მაგას ითხოვს, ატყობ? მალე გათენდეს, რომ გავიგოთ ვინაა. ყველაზე საშინელ წამების ხერხს ავარჩევ, ყველაზე სასტიკს! ეგ ყავა შეისხას ტრაკ.ში! ვინ ჰგონია თავი? თან ასეთი ტონით... ვაიმე! - უცებ აფეთქდა ნუკი. ძლივს გავაჩუმე. - მეც დავუტოვე პასუხი. დაახლოებით იგივე, რაც შენ თქვი ყავაზე, ოღონდ უფრო ზრდილობიანად, შეურაცხადო. - გამეცინა მის არაადეკვატურობაზე. მართლა შეუძლია ასეთი სასტიკი იყოს. - ვაა, შენც რა გაიძვერა ყოფილხარ?! გველი გამიზრდია უბეში. - მომისმინე, თინასთან ვარ, გამოხვალ? - ახლა? ამ ღამით? ამ სიცივეში? - ჰო, რა იყო? ტაქსს მე გამოგიგზავნი, ჩახტები და მოხვალ. დავრჩეთ, ხვალ აქედან გაგიშვებ სამსახურში, მე მანქანის გასაკეთებლად წავალ. - მოიცა, აბა, ვეტყვი თამაზს. ზუსტად ათ წუთში მზად ვიქნები. - კარგი, გამოვიძახებ მეც ტაქსს. სანამ შენ მოემზადები, იქამდე ეგეც მოვა. გკოცნი. - ტელეფონს ვუთიშავ ნუკის და ტაქსს ვიძახებ. თან ნატოს და თინას ვაკითხავ სამზარეულოში, რაღაც ძალიან დაუგვიანდათ გამოსვლა. - ნუკიც მოვა, ახლა ველაპარაკე. დავამატოთ ერთი ჩაიც. - კი, ბებო, დახვდები ქვემოთ? არ შეეშინდეს მაინც, ერთი ციდა გოგოა ისედაც. - თინას ყველას ნაცვლად ეშინია. კიდევ კარგი, ყველაფერს ვერ იგებს, თორემ გულიც გაუსკდებოდა. - დავხვდები, კი. - ნატო, დღეს აქ დავრჩეთ, კარგი? - როგორც გინდა, შვილო. ქურთუკი არ დაგავიწყდეს ოღონდ, დედა, მოიცვი. - ნატოც ჩვეულ ამპლუაშია. - რა დამავიწყებს, დედა? მართლა ელზა კი არ ვარ, ამ ყინვაში ისე გავიდე გარეთ. - ელზა ვინაა, დედიკო? - ცნობისმოყვარეობას ვერ მალავს დედა. - ანიმაციაა, გაყურებინებ მაგასაც, "გაყინული" ჰქვია. - სიცილით ვპასუხობ და ქურთუკის ასაღებად მივდივარ. აპლიკაციაში უკვე მიჩვენებს, რომ ტაქსი ადგილზეა. ნუკის ვურეკავ, ზუსტად იმ წამს თავსდება მანქანაში. არც ისე შორსაა აქედან. რამდენიმე წუთში მეც გავდივარ და სადარბაზოში ვუცდი ციდას. ღამით, თან ამ სიცივისას არც გადატვირთული მოძრაობაა, რომ საცობის გამო დააგვიანდეს. ______ - თინიკო, სალაპარაკო მაქვს შენთან. - დაძაბული ხმით იწყებს ნატო საუბარს. - მივხვდი, შვილო. ტყუილად არ მოხვიდოდი შენ ჩემთან, მაშინვე ვიგრძენი, როცა დაგინახე... რა დაგმართნია, დედა? - რძლის ხელებს თავისაში იქცევს ქალი და ისე საიმედოდ უთბობს, თითქოს ეს წუთიერად კი არა, სამუდამოდ ასე იქნება. - ექიმთან ვიყავი ამ რამდენიმე დღის წინ, ტუნამ არ იცის, ჯერ ვერ ვეტყვი. ალბათ, წარსულის დარდიც არ განელებია. ცდილობს, არ დამანახოს, მაგრამ მე ხომ მაინც ვგრძნობ?! არ ვიცი რა ვქნა, როგორ მოვიქცე... - მოგიკვდეს შენი დედა შენ! გტკივა, ნატო? ჩემო შვილო... - აბა, რა ძალა მიმიყვანდა ექიმთან? არ იცოდე მაინც როგორი ჯიუტი ვარ. ვიცი, რომ ტუნაც გრძნობს რაღაცას. შენთან რომ მინდა მოსვლა, უკვე იცის, მაშინ ძალიან მიჭირს, შენი შველა მჭირდება. მითხარი, რა ვქნა? მე აღარაფერი მიშველის, არც ქიმია, არანაირი მკურნალობა, ყველაფერი მხოლოდ ხარჯვა იქნება, მეტი არაფერი. ჩემი შვილის ტირილს ვერ ვუყურებ, მის დარდს ჩემ გამო... რამდენი ღამეა არ მძინავს ნორმალურად, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვიძინებ. ისე მტკივა ორივე ძუ.ძუ, მეშინია, არ გავგიჟდე. ტუნასთან ვერ ვიტყობ. ვერ ვანერვიულებ, ვერ გავიმეტებ ამ ტკივილისთვის. კიდევ კარგი, რომ მუშაობს და დღისით სახლში არაა. უკვე მოსწავლეების მიღებაც შეუძლებელი გამიხდა. განა, რა ცოდვა მაქვს ასეთი, თინა? ვისთვის მიღალატია? ვის არ დავხმარებივარ? რა არ გავაკეთე სწორად? ტუნას თავისი ლურჯი სახლი უნდა. ოცნებობს როდის ვიცხოვრებთ ერთად ჩვენ ორნი. მე კიდევ... მე არაფერი შემიძლია... მტკივა, დედა, გული მტკივა. ჩემი გოგოს გამო მტკივა გული, ჩემი ტუნას გამო. - ცრემლები უნამავდა სახეს ქალს. ვინ იცის რა ტკივილს გრძნობდა ან რას უძლებდა, როცა ჩუმად იყო? მხოლოდ ღმერთი უსმენდა ნატოს. - ჩემო შვილო, ჩემო ნატალია, მოგიკვდეს ჩემი თავი... შენი ტანჯვა ჩემი ყოფილიყოს, დედა. კითხვებს ნუ ეძებ, შვილო, ნუ განსჯი. ჩვენ ყველას ჩვენი გზა გვაქვს გასავლელი, ვინ იცის წინ რა გველოდება. ნუ გეშინია, დედა. მე ვიქნები შენთან, მე ვიქნები შენი ჭირის გამზიარებელი, მე მოგეფერები და ჩაგიხუტებ, დედა, ოღონდ შენ მყავდე... შენ არაფერი გეტკინოს, შვილო. ვიმკურნალებთ, დედა. მე წამოგყვები იმ ექიმთან, ყველაფერს გავაკეთებთ, დიდხანს იცოცხლებ შენს ტუნასთან ერთად, ჩემო ნატალია. გპირდები, ჩემო შვილო... - თინამ რძალი გულში ჩაიკრა პატარა ტუნასავით. მოეფერა და ჩაიხუტა. ალბათ, ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება სითბო, იმედი და ხელის გაწვდენა. ______ - დე, მოვედით ჩვენ. - ნატოს გავძახე. ჩემი და ნუკის ქურთუკები საკიდზე დავკიდე, ფეხსაცმელები გავიხადეთ და თბილი, ბებოს მოქსოვილი წინდები მოვირგეთ. - მოდით, შვილო, გათბით, შეგცივდებოდათ. - თინა შემოგვეგება, ნუკი ჩაიხუტა, ნატოც მოესიყვარულა და ყველა ჩამოვსხედით დივანზე. ნატოს რაღაც ეტყობოდა. რაღაც დიდი და მძიმე. ვხვდები, მაგრამ არ ვიტყობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. - თინიკო, ბე... - ასე ვიწყებ, თხოვნით და საწყალი თვალებით. - რატომ სარგებლობ, ბებიკო? - ისე საყვარლად მეკითხება, მინდება ლოყები დავუკოცნო. - აუ, თინა ბებო, გთხოვთ, რა. - ნუკიც მყვება და ორივე ერთად ვეხვეწებით. - კარგი, კარგი, თქვენ ვინ შეგეწინააღმდეგებათ. კარტი იყოს მაშინ, ამ ღამით ყავა არ დაგაძინებთ. - ბებო დგება და კარტი მოაქვს. ძველისძველია, ფიგურები გაცრეცილი აქვს, მაგრამ არ ვიცი რატომ ინახავს. ამბობს, რომ ამ კარტს აქვს ენერგეტიკა, რომელსაც სხვა ვერ შეცვლის. კარგი - მეთქი, განა, ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს რომელ კარტზე მიმკითხავებს? - ტუნა, უეჭველი უნდა გამოჩნდეს, რომ ხვალ ვიღაცას მაგრად ვცემ. არა, ჯერ დავაბამ, მერე რომელიმე საწამებელ ხერხს ავარჩევ და იმის მიხედვით გადავწყვეტ როგორ დავსაჯო შენი გულისტკენისთვის. - ჩუმად მეჩურჩულება ნუკი. თან მოუთმენლად ელოდება თინას, რომელიც გარემოს აწყობს. სანთლებს, რაღაც თვლებს, სიმინდის მარცვლებს. ბევრი რამეა, ჩემი კუდიანი თინა ამბობს საჭიროაო. მეც და ნუკიც მის წინ ვსხდებით, როცა გვეძახის. ნატო მონაწილეობის მიღებას არ აპირებს, მეტისმეტად მორწმუნეა მაგისთვის. ერთი-ორს კი გვსაყვედურობს, როგორც ყოველთვის, მაგრამ გულით არა, რა თქმა უნდა. თინას მითითებებს ვასრულებთ. საქმეს მთელი გულისყურით უდგება. ახლა აღარ მკითხაობს, მაგრამ ყველაფერი მშვენივრად ახსოვს. არ ვიცი, რატომ დაანება თავი, არადა, მისი სიტყვა კი ნამდვილად ზუსტია. - აბა, რომელი იწყებთ? - ნუკი, რა თქმა უნდა. რისკიანია. - მე ვასწრებ პასუხს. ნუკი ცოტა გაკვირვებული კი მიყურებს, მაგრამ რას ვიზამთ. თან გულიც უცემს, რა ანერვიულებს ვერ გავიგე, ჯადოს კი არ ვუკეთებთ ვინმეს. თინა კარტებს თანდათან შლის. მზერა ხშირ-ხშირად ეცვლება, რაღაცებს თავისთვის ფიქრობს, თუ თვალებს დავუჯერებთ. - ციდა, აბა, მზად ხარ? - კი, აბა, რა! - ლამის იყვიროს ნუკიმ. - ნერვიული ხარ, უცებ ფეთქდები, ბებო, არ შეიძლება ასე. ვიღაცასთან ჩხუბი მოგიწევს შენი მეგობრის დასაცავად, ოღონდ სერიოზული არა. შენს მეგობარსა და იმ ვიღაცას შორის რაღაც მოხდება, რაც ძალიან გაგიხარდება. - რაო? - პირღია ვზივარ, ორივე გაოცებულები ვართ, ყურებს ვერ ვუჯერებ. თინა ნამდვილად კუდიანია. - ესე იგი, მართლა ვიჩხუბებ? - წარბაწეული, კმაყოფილი სახით იყურება ნუკი. - მაგრამ მერე რა მოხდება ეგ ვერ გავიგე, ცოტა უფრო ვერ გავშლით? - ეკითხება თინას და ისიც აგრძელებს. - კარტი სასიყვარულო კავშირს ამბობს. - მე მიყურებს თინა და იღიმის. მეც უცებ ვერთვები. - მე რატომ მიყურებთ სამივე? ჩემ გარდა სხვა მეგობრებიც ჰყავს ამას. - ხელს ციდასკენ ვიშვერ ტუჩაბზეკილი. მერე ჩემთვის ვფიქრობ - ჩხუბი, სიყვარული, ნუკი... მემგონი, შარში ვართ. მეც და ციდაც. ბებო ისევ აგრძელებს საუბარს, ვერ ვუსმენ, ჩემს ფიქრებში ვარ. ერთი ის მესმის, რომ ნუკის მომავალზე საუბრობს რაღაცებს. ჩემი ჯერი რომ მოვა, ალბათ, მეტი გამოჩნდება. ვნერვიულდები. მართლა ჯადოქარია ეს ქალი. არაფრის აზრზე არაა და ყველაფერს კარტიდან იგებს. ღმერთო, გვაპატიე, თუ ვცოდავთ - გონებაში სასოწარკვეთილი ვიმეორებ. თან მინდა კარტმა რამე ისეთი არ აჩვენოს, რომ დავიღუპო. ან რა დამღუპავს? არა, ზედმეტი სანერვიულო არ მინდა გამიჩნდეს. - ტუნა, ხომ არ გადაიფიქრე? - ნუკი ხელით მარწევს, ვფხიზლდები და დაბნეული ვპასუხობ არა - მეთქი. ეტყობა, მინიმუმ ათი წუთი მაინც გავიდა, არადა, დრო სულ ვერ ვიგრძენი. - ბებო, თუ არ გინდა, დავანებოთ თავი. დაბნეული იყურები აქეთ-იქით. - მეუბნება თინა. ვერ გამოვტყდები, ამიტომაც უარვყოფ და ვაგრძელებთ საქმეს. - მაშ ასე... - კარტს შლის. ნუკის კმაყოფილი მზერა აქვს, მოუსვენრად ელოდება ამბავს ჩემზე. - ოჰო, ტუნა, რა ხდება შენს თავს? რა არეული ხარ? ბებიკო, აქ ვიღაც ჩანს, ახალგაზრდა მამაკაცია. რაღაც დიდი წუხილისას შენ გვერდით იქნება, არ მიგატოვებს... - ამას ამბობს თინა და ნატოსკენ იყურება, თან თვალები მსუბუქად უწყლიანდება. მზერას მარიდებს. გულზე რაღაც მარწუხებივით მიჭერს, ვიბნევი. - ცოტა ჩხუბიც მოგიწევს, ციდა აქაც ჩანს. ერთმანეთის გარეშე თქვენ ვერ ძლებთ. თითქოს ყველაფერი რიგზე გაქვს, მაგრამ შინაგანად მაინც ვერ ისვენებ. ათასი კითხვა გიტრიალებს მაგ პატარა თავში. ვიღაც ქალიც ჩანს, მოგაკითხავს და რაღაც მნიშვნელოვანს გეტყვის. ეცადე, ბევრი არ იფიქრო, თორემ დაიღლები და რაც ენერგია გაქვს, ერთიანად გამოგეცლება. სამსახურში კარგ ამბავს შეიტყობ მალე... - კიდევ რაღაცებს ამბობს თინა, ზოგი მნიშვნელოვანია, ზოგიც უმნიშვნელო ან მე მეჩვენება ასე. იმ ღამეს თითქმის არ გვიძინია, ვლაპარაკობდით დაუსრულებლად. მერე რა, რომ თენდებოდა. ასეთი ღამეები ხშირად არ გვაქვს და რაც გვაქვს, საჩუქარივითაა. ღმერთის საჩუქარივით. მე ნუკის ვეხუტებოდი, დედა - თინას. ჩვენ წილ სითბოს ერთმანეთს ვუნაწილებდით. დაძინებამდე ყოველთვის ვნახულობ ცოცხალ სიზმარს: ლურჯი სახლი, მე და დედა. *** შუადღეა. მანქანა პროფილაქტიკაში მიმყავს. უფროსთან ნუკის დავაბარე, რომ არ ვიქნებოდი დღეს. არასდროს აქვს პრობლემა გაცდენაზე, თუ მიზეზს აუხსნი. ამ მხრივ მართლა კარგი ადამიანია. "ფეისბუქზე" რომ ვკითხულობ ხოლმე როგორი ცუდი უფროსები ჰყავთ, ცოტა მებრალებიან, მაგრამ რას ვიზამთ. ზოგჯერ გვიწევს შევეგუოთ, რადგან გვჭირდება. ზოგჯერ კიდევ გვსიამოვნებს სასოწარკვეთაში ყოფნა. ადამიანია და ხასიათი. როგორც ხელოსანი ამბობს, შეკეთებას დიდი დრო არ სჭირდება, არც თანხას ითხოვს ბევრს. იღბალა ვარ, ოღონდ ხანდახან. ასე წელიწადში ორჯერ მიმართლებს. მეცინება ჩემ უკუღმართობაზე. - ციდა, გინდა სამსახურიდან წამოგიყვანო? პროფილაქტიკაში ვარ, მერე მოგიყვები ყველაფერს. - ნუკის ვურეკავ, თან კმაყოფილი რომ ვარ ხარჯით, სახეზეც მაწერია. - აუ, კი, ღმერთი დაგლოცავს! მომისმინე, უფროსს არ ვუთხრა ვიდეოჩანაწერზე? სანამ თვითონ არ დამირეკე, მე ვერ მოვიცალე სათქმელად. კაკუნამ ალუბლის ღვეზელი ჩახეთქა დღეს. - არა, მოეშვი, ხვალ ერთად ვნახოთ. მანდ ვერავინ დაგაკავებს, უცებ რომ გაბრაზდე. - კარგი, ხო, მაგრამ მაინც მოვკლავ, ვინც არ უნდა იყოს! - ისევ თითს იქნევს ციდა იქიდან, თან იმუქრება. - ესე იგი, ურსულას კარგი დღე ჰქონია. რაო, არ მოვაკლდი თვალში? - კი, ტუნა, მისამართი გამომართვა შენი, თუ არ მოვიკითხე, ვერ მოვისვენებო. - ვსიო, აიკრიფა. მორჩი ახლა! რვაზე მანდ ვარ, იცოდე. - ვეუბნები და ვუთიშავ. თან ჩემს კუკუშკაზე ვფიქრობ. ისევ გალამაზდება ეს ოხერი, ნეტავ, რატომ მიყვარს ასე ძალიან? მერე მეც მივლის ბრაზი უცებ, რომ მახსენდება ვის ხელში ჩავვარდი. დარწმუნებული ვარ, ნუკის უკვე არჩეული აქვს წამების ყველაზე საუკეთესო ვარიანტი. ვინ დაასწრებდა?! დღეს ისე არ ცივა, როგორც აქამდე. ეტყობა, ინება ცოტა სიცივემ უკან დახევა, შევწუხდით ამდენი ადამიანი, უხერხულია. რომ მოხვალ, წასვლაც ხომ უნდა იცოდე? იმ მეზობლებს ჰგავს, რომ მოდიან და სახლში წასვლას ვერ ხვდებიან. ცუდად კი არ ვამბობ, უბრალოდ ეგეთია ზოგი, ასე იკვებება, ხან რას იგებს, ხან რას და აწყობს. მზეც არ ნებდება ზამთარს, მაინც ანათებს, ოღონდ ვერ გვათბობს. ისე, მაინც როგორი მებრძოლია? მიყვარს ძალიან! მიუხედავად იმისა, რომ ათასჯერ შემიწირა და ყველა ხარისხის დამწვრობა მივიღე ასევე ათასჯერ, მაინც ვერ ვეშვები მის სიყვარულს. პროფილაქტიკას რომ ვუყურებ, ათასობით ნაწილს ვხედავ. ყველაფერს ხო სჭირდება დამახსოვრება? ყოჩაღ ამ ხელოსანს, თან იმდენნაირი მანქანებია, რა ვიცი. აბა, ჩემი კუკუშკა კი არის მარტივად შესარემონტებელი. ბევრი რამე მიყვარს, მაგრამ ჯერ კუკუშკა და მერე დანარჩენი. ადრიანად ვთავისუფლდები ხელოსნისგან. ისეთივე ლამაზია ჩემი მანქანა, როგორიც უწინ იყო. თითქოს არც დაზიანებია რამე. ახალ მაშუქს ვეფერები და ვლოცავ, ცოტა თინასავით კი გამომდის, მაგრამ ჭრის. მადლობას ვიხდი და შიგნით ვჯდები. ჯერ ადრეა ნუკისთან მისაკითხად. ქუჩებში ვსეირნობთ მე და ჩემი კუკუშკა. რატომღაც ნატოზე მეფიქრება. მინდა, დაველაპარაკო, მაგრამ ვერ ვრისკავ. არც თვითონ ინდომებს. ვხედავ, რომ ფიქრობს. ჰგონია, ვერ ვხვდები. ან იცის რომ ვხვდები, მაგრამ იხტიბარს არ იტეხს. ალბათ, რთულია მაშინ ილაპარაკო, როცა არ გინდა ან არ შეგიძლია, მაგრამ რაღაცები ულაპარაკოდაც ნათელია. წამიერად ჩემს პატარა ლურჯ სახლს ვუყურებ და წარმოვიდგენ როგორ ვცხოვრობთ მე და დედა. იქნებ, არც ვაყურებინო იქამდე "გაყინული" და ერთად ჩავუსხდეთ მერე შოკოლადის ორცხობილებთან ერთად. დაველოდები. აუცილებლად. მე, დედა და ჩვენი ლურჯი სახლი. კაფესთან ვიცდი, ცოტა ადრეა, მაგრამ არაუშავს. დრო ვერაფრით გავიყვანე მეტად. ფიქრებში წასვლას ისევ აქ ყოფნა ვამჯობინე. უცებ კაკუნა ჩნდება არსაიდან. ეს ქალი ჩემი თარსია. საღამოს პირველად ვხედავ კაფესთან. როგორ შეიძლება ამ დროს ღვეზელი ჭამოს? ამდენ შაქარს მერე რას უშველის? ჩემთვის ვფრუტუნებ. კიდევ კარგი, რომ არ მისმენს. შეიძლება, ტვინიც მიმასხმევინოს სადმე. ალბათ, ასე ორმოცდახუთ წლამდე იქნება. დიდად არ იტყობს ასაკს, მაგრამ მე ხომ თინას შვილიშვილი ვარ. კუდიანი ტუნა. მართლა კაფეში შედის, მალევე ბრუნდება უკან ხელცარიელი. უეჭველად რამე შეუკვეთა. ან რას დავეძებ, მეც კაი უსაქმური ვარ. ერთი დასვენების დღე მეღირსა, იმასაც სამსახურზე ფიქრში ვატარებ. ვეღარ ვითმენ. ციდას შევაკითხავ - მეთქი, ვფიქრობ და მანქანიდან გადმოვდივარ. უკვე პარკინზე დატოვება მეშინია, ესღა მაკლდა სანერვიულოდ. კაფეში შევდივარ, სითბოა შიგნით და ნუკის თვალებით ვეძებ. - რა იყო, ვერ მოითმინე უჩემოდ? - გზად მხვდება და იკრიჭება ჩემ წინ. - მომწყინდა მარტოს მანქანაში, ცოტა ადრე მომიწია მოსვლა. - ვნახოთ კამერები? თუ მაინცდამაინც ხვალ გინდა? ვერ ვითმენ უკვე. - ადგილზე ცქმუტავს ციდა. ამდენი ენერგია საიდან აქვს ვერასდროს ვხვდები. - არის უფროსი? - კი, არის, წამოდი, შევიდეთ. - იქნებ, არც ღირს? - ცოტა სევდიანი ვარ. ნატოს სიტყვებზე ვფიქრობ. ან მაგრად მეღადავება ვიღაცა, ან უბრალოდ მართლა გულწრფელი იყო მისი პირველი წერილი. ვერ გამიგია, რა ვქნა. - ტუნა, გააფრინე? უნდა უჩივლო! ჯერ ერთი, სახლამდე გამოგყვა და გაიგო სად ცხოვრობ, რომ ის წერილი დაეტოვებინა. იქნებ, მანიაკია?! - გაოცებული, თან ჩაფიქრებული სახით ამბობს ნუკი. - კარგი, კარგი! შენთან კამათს აზრი არ აქვს. წამოდი, ვნახოთ. უფროსთან შევდივართ. როგორც წესი, ჩვენ უფლება არ გვაქვს ჩანაწერების ნახვის და ამას ნებართვაც სჭირდება მგონი, მაგრამ ნუკის ვინ შეეწინააღმდეგება? დიდი თხოვნის შემდეგ გვთანხმდება უფროსი და გუშინდელ ჩანაწერს ნახულობს. ყველაფერი ისე გარკვევით ჩანს, თავიდან მწყდება გული ჩემი კუკუშკას ტკივილზე და სახე მეღრიცება. შავი მერსედესია, იმხელა ტრა.კი ჰქონია ამ მანქანას, კიდევ კარგი სულ არ დაკუჭა ჩემი წერტილა. თან რა უტვინოდ გამოსულა უკან, ნეტავ, ვინ მისცა ამას მართვის მოწმობა? ჩემი ნება რომ იყოს, ახლანდელი წესებით თავიდან ავაღებინებდი და ცხრაჯერ ძალით ჩავჭრიდი კარგად საწვალებლად. ეს იდიოტი, თავხედი! იქვე რამდენიმე ადამიანი დგას, უყურებენ, შეტაკების ხმაზე მანქანიდან გადმოდის და ფეხს ბორბალს ურტყამს, თან ხელებს იქნევს. ეტყობა, გაბრაზდა. ან რამ გააბრაზა? თავისმა წინდაუხედავობამ, მეტის ღირსია. გაიხედე, რა, თვალებში, იქნებ, ვის კუკუშკას ეჯახები? სახე მთლად გასარჩევი არ არის, შუქი მსუბუქად ეცემა. მერე მანქანიდან ფურცელს და კალამს იღებს. ყველაფერი ზედმიწევნით ჩანს, რასაც აკეთებს. მანქანის ნომერს ვიმახსოვრებ. უფროსს მადლობას ვუხდით მე და ნუკი, მერე ციდა იცვლის და ერთად გავდივართ კაფედან. - მართლა რა დონის თავხედია, ციდა? კიდევ კარგი, რომ გაბრაზდა მაინც. იქ ვყოფილიყავი, მერე ვაჩვენებდი მაგას როგორ უნდა წერილის დატოვება და ღლაბუცი! - ვიპოვით, თამაზმა იცის რაღაც ჯარიმების შესამოწმებელი საიტი, მემგონი, მანქანის მფლობელის სახელ-გვარსაც აჩვენებს, თუ არ ვცდები. ჰოდა, მერე ჩავუტაროთ მასტერკლასი! - წარბებს მითამაშებს ციდა, მის ტვინში ახლა სასწაული ხდება. ჩანგალს სულ დაატარებს ჩანთით, რა ვიცი რაში დამჭირდესო. ცივი იარაღი არაა ეგ? ერთხელაც იქნება, ცუდად აუხდება ეს ყველაფერი. - იქნებ, ყველაფერი ბედია, ნუკი? რაკი ასე მოხდა, ანუ არ უნდა მეპოვა ის ადამიანი... - კუკუშკასკენ მივდივართ. ციდას თვალს ვაშორებ და იქით ვიხედები, სადაც ჩემი მანქანაა. იქვე შავი მერსედესია, ნომრის გარჩევა მიჭირს, მაგრამ მემგონი, ის უნდა იყოს კამერებიდან. - ან თუ მე არ უნდა მეპოვა, თვითონ მოსულიყო თავისი ფეხით ჩემთან? - ვამბობ და ნუკის იქითკენ ვანიშნებ. - ოჰა, როგორი რისკიანი ყოფილა?! - პირღია მომჩერებია ჩემი მეგობარი. - რა ვქნათ, რით ვაწამოთ? - წამოდი. - მხოლოდ ამ ერთ სიტყვას ვეუბნები და ყოველგვარი აჩქარების გარეშე მივდივართ. ის ისაა ვუახლოვდებით, მანქანიდან გადმოდის. ზუსტად ისაა, ჰო. ჯანდაბა! წამში ვბრაზდები და უფრო ვწითლდები, სახეც მიხურდება. - ტუნა, მე მიმიშვი! - ნუკიც ბრაზობს. პასუხის გაცემას არ მაცდის, ჩემზე წინ გარბის. - ესე იგი, შენ ხარ ის თავხედი, არა? - თვალებიდან ცეცხლოვან ნაპერწკლებს ყრის ციდა. მე კიდევ ვერაფერს ვამბობ, დამუნჯებული ვარ. - შენ დაეტაკე ჩვენს კუკუშკას და მერე ისე თავხედურად გაიქეცი, არა? შე ოკუპანტო, ნამუსი არ გაქვს საერთოდ? იცოდე, სახეს დაგისახიჩრებ! ყველაზე საშინელი ხერხით გაწამებ და მერე სადმე ბნელ ადგილას გადაგაგდებ, რომ ვერავინ გიპოვოს! ჩვენ წინ მდგომი ჯერ ხმას არ იღებს. გვისმენს, თან ეტყობა, რომ ეღიმება. მეტისმეტად ირონიულია. მგონი, ნუკის დავასწრებ და ჯერ მე მოვკლავ! - დამშვიდდით, ერთი წუთით, - ლაპარაკს იწყებს დამნაშავე. - ადამიანურად ვილაპარაკოთ, რა ისტერიკაში ხართ? - შენ ვინ მოგცა ლაპარაკის უფლება? დამაცადე, რა გიყო! - ციდას ხელზე ვექაჩები, მაგრამ არ მაცდის. ჩანთიდან თავის ჩანგალს იღებს. - ოპა! ისევ ხომ არ გავიქცე? - ახლა კარგად მომისმინე, შე თავხედო! ჯერ ჩემს ტუნას ბოდიშს მოუხდი, ასევე ზარალს აუნაზღაურებ და მერე აქედან ისე გაქრები, თითქოს არც არასდროს გვინახიხარ. გასაგებია?! - ჩანგალი ნუკის მის თვალებთან ახლოს აქვს. მეშინია, მართლა არ ჩათხაროს. არადა, ძალადობის თანამონაწილე ნამდვილად ვერ გავხდები. - ციდა, მოიცადე, შეინახე ეგ ჩანგალი, ცივილურად ვილაპარაკოთ, კარგი. - საუბარში ვერევი და მეგობრის დამშვიდებას ვცდილობ. გიჟია, შეურაცხადი. - ვხედავ, შეგიკეთებიათ პავაროტნიკი, ტუნა. გულწრფელ ბოდიშს გიხდით, ოღონდ თქვენს მეგობარს უთხარით, რომ მეგობარი მყავს ფსიქოლოგი და შემიძლია დავეხმარო. არ ვიცი, რამდენად გამომივა ამით თქვენი ზარალის ანაზღაურება, მაგრამ ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ. - ვაიმე, გამაკავეთ ახლა! ვინ მოგცა შენ ასე ლაპარაკის უფლება? შე უნამუსო ოკუპანტო, დაგამახინჯებ! - ყვირის ნუკი. მე მათ შუაში ვექცევი. ციდას ფრჩხილები სრულ მზადყოფნაში აქვს დამნაშავის სახის დასახოკად. - წადით, არც ზარალის ანაზღაურება მინდა და არც ბოდიში. ამ თავხედობისთვის აუცილებლად გიჩივლებთ, აუცილებლად! - გაბრაზებული სიტყვებს კბილებში ვცრი, თან მეგობარს ვაკავებ და თან იმ თავხედს ველაპარაკები. - არ მეშინია, ტუნა. ყავის შემოთავაზება ისევ ძალაშია. - ბოლო სიტყვებს მეუბნება და თავის მანქანაში ჯდება. მერე ისე სწრაფად მიდის, თვალსაც ვერ ვაწევ. მეცინება მის სითამამეზე, წარბიც კი არ შეუხრია. არადა, ნუკისგან ძალადობას მართლა ვერ გამოვრიცხავ. მე რომ არა, შეიძლებოდა უკვე თვალები დათხრილი ჰქონოდა. რა რისკიანია?! - რუსკი კარაბლ, იდი ნახუი! - ისე ყვირის ციდა, თითქოს გააგონებს. მე კიდევ პანიკური სიცილი მეწყება, ვერ ვჩერდები. - ტუნა, სულ გააფრინე? რატომ არ მომეცი უფლება დამესახიჩრებინა? ღმერთო, რა ნაგლია! საღოლ შენს მოთმინებას, შოკში ვარ პირდაპირ! არა, ეს ვინ ყოფილა?! ყველაფერთან ერთად უზრდელიც! რა მაგის ტრა.კის საქმეა მე ფსიქოლოგი მჭირდება თუ ფსიქიატრი? გეგონება, ეგ გადამიხდის ვიზიტის ფულებს. თავხედი ოკუპანტი! თავხედი! სადმე როგორ არ გადამეყრება შენ გარეშე? მერე ნამდვილად მოვკლავ და ვერც ვერავინ დამაკავებს! - ციდა, გეყოფა, რა! მართლა დავისტრესე, წავიდეთ უკვე. - სიცილს ვწყვეტ, წამში სახე მეცვლება და მანქანაში ვჯდები. სახლამდე ხმას არ ვიღებ. ვერ ვიტან თავხედ, ენერგოვამპირ, მანიპულატორ ადამიანებს. პირდაპირ სისხლს მწოვენ. საერთოდ აღარ მინდა ამაზე ვიფიქრო. დავიღალე. კიბეებზე ავდივარ. რაც მამშვიდებს ისაა, რომ ნატო მელოდება სახლში. ჩავეხუტები და დავმშვიდდები. ჩემნაირი ემოციური ადამიანისთვის დღევანდელი საღამო მეტისმეტი აღმოჩნდა. - დე, მოვედი. - მოხვედი, ტუნა? - კი, დედა. - ქურთუკისა და ფეხსაცმლისგან გათავისუფლებული დედას გვერდით ვუცუცქდები დივანზე. ვეხუტები და ზღვა სითბოს ვგრძნობ. - რა იყო, შვილო, რატომ ხარ ასეთი მოწყენილი? - უცებ მეკითხება ნატო. ნიჭი აქვს ასეთი, მაშინვე გრძნობს, როცა რაღაც მაწუხებს. - არაფერი, დე, დავიღალე ცოტა. წავალ, დავიძინებ, კარგი? არ მშია, არ ინერვიულო. ვჭამე, სანამ კუკუშკას შეკეთებას ველოდი. - პასუხის გაცემას არ ვაცდი, შუბლზე ვკოცნი და ოთახში მივდივარ. არადა, ცაგარელს რომ ვუსმინე, არც ეგეთი რთული პერიოდი მაქვს. ალბათ, ვაჭარბებ. *** რაღაც არ მასვენებს. დღეს დიდი თინას ნახვას ვაპირებ. მისი ჩაი და ორცხობილები საუკეთესო წამალია ასეთ დროს. არც კი მჯერა, რომ მალე ზამთარი ილევა და ჩემი საყვარელი სეზონი მოდის. დედასაც უყვარს მზე, მით უფრო ზღვა და საათობით ნაპირზე ჯდომა. სამსახურის მერე ნუკის ვშორდები და გზას თინიკოსკენ ვაგრძელებ. ნატო უკვე გავაფრთხილე, რა თქმა უნდა. თინას როგორც შეეფერება, ისე მხვდება. ერთად ვვახშმობთ და მერე ჩაის შევექცევით. - თინიკო, ვიცი, რომ დედამ რაღაც გითხრა... - ბებოსთან პირდაპირ ვიწყებ საუბარს, ცრემლები მაშინვე მიგუბდება თვალებში, ცუდის მოლოდინში ენა მივარდება, თითქოს წამის წინ მე არ დამეწყოს ლაპარაკი. - ტუნა, ჩემო გულიანო... - თინა ჩემკენ უფრო ახლოს ჩოჩდება, თმებზე მეფერება და მიხუტებს. - შენ ხომ იცი, რასაც ორი ადამიანი ერთმანეთს უყვება, ის მხოლოდ იმ ორმა უნდა იცოდეს. - დედა არაფერს მეუბნება, მაგრამ მე ვხვდები, რომ რაღაც რიგზე ვერ არის. მითხარი, ცუდადაა ხო? - ცრემლებს ვეღარ ვიჩერებ. გული მაშინვე მიჩუყდება, ბებოს ძლიერად ვეხვევი და მის სითბოს ვინაწილებ. რაღაც ძალიან მტკივა, მხრებზე სიმძიმით მაწვება და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. - ბებიკო, მე ვერაფერს გეტყვი. ნატოს თუ რამის თქმა უნდა, თვითონვე გეტყვის. დამიჯერე, ჩემო ტუნა, ასე ჯობია. ნუ ტირი, შვილო, ნუ გეშინია, შენი ტკივილი შენს ბებიკოს, ჩემო გულო... - თინა ჩემ დამშვიდებას ცდილობს, მე კიდევ გული ლამისაა ამომვარდეს. სუნთქვა მიჭირს. ჩემს ოცნებებში არასდროს ვყოფილვარ ნატოს გარეშე. ვერ ვიქნები. ნებისმიერ წარმოდგენაში მე და ნატო ვართ ჩვენს ლურჯ სახლში. დივანზე ვწვები, თინიკოს კალთაში თავს ვდებ და მეძინება დედაზე ფიქრში. მე, ნატო და ჩვენი ლურჯი სახლი. ______ დილით თინა მშიერს არ მიშვებს, თავს ხო ვერაფრით დააღწევ, გამორიცხულია. როგორღაც ვუმკლავდები ამდენ კარაქიან პურს, ჩაის კი ნეტარებით ვსვამ და ბოლოს კოცნებით მაცილებს ბებო. კუკუშკა ჯანმრთელია, მადლობა ღმერთს. ვჯდები და ისევ ჩაკუჭულ წერილს ვხედავ. დავიღალე უკვე. ხომ შეიძლება ადამიანმა დამასვენოს? არ გაწუხებ, ნუ მაწუხებ - მარტივია, არა? გადმოვდივარ და წერილს ვხსნი. ისევ იგივე. "ყავის შემოთავაზება ისევ ძალაში მაქვს, ტუნა. არ შეგეშინდეს, უკან რომ დაგყვები. თავიდან მინდოდა ცოტა გაგხუმრებოდი, მერე შევტოპე. მართლა აგინაზღაურებ ზარალს, გპირდები." დაკუჭულ მხარეებს ვასწორებ, ოთხად ვკეცავ და ისევ მანქანაში ვთავსდები. რა უნდა? რატომ არ ისვენებს? რა ღმერთი გაუწყრა? ______ თორმეტ საათზე კაკუნა მოდის. თან იღიმის. ურსულას სახე თითქმის აღარ აქვს. ვერ არის კარგი ამბავი, ცუდს ნიშნავს. ნუკის ისევ არ ვუშვებ. რაც მაშინ ბრაზი ვერ გადმოანთხია იმ ოკუპანტზე, სახელიც რომ არ ვიცი, იმის მერე წამში ფეთქდება და ვერ გავრისკავ. მისგან განსხვავებით არც ცხრა სართულიანი გინება ვიცი, გულში მაინც რომ ვთქვა ჩუმად და მოთმინებაც უფრო მეტი გამაჩნია. ჩვეულებრივ ვემსახურები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ღიმილს საერთოდ არ იშორებს სახიდან. ცოტა მეშინია და დაძაბული ვარ. კიდევ რამე თუ უნდა მოხდეს, ვეღარ გავუძლებ. - თქვენ ტუნა ხო? - მეკითხება ურსულა. აქეთ-იქით ვიხედები. მეთქი - იქნებ, ვინმე სხვას ეუბნება. - გოგონა, თქვენ გეკითხებით. - ისევ ამატებს, რადგან არ ვეპასუხები. - დიახ, დიახ, მე ვარ ტუნა. გისმენთ, რამე ხო არ შემეშალა უნებურად? - დაბნეული ვარ, ენას პირში ძლივს ვიბრუნებ. - მადლობა მინდოდა გადამეხადა, ტუნა. - მშრალად მითხრა, მაგრამ თან იღიმოდა. ეტყობა, ასეთი გამოხატვის ფორმა ჰქონდა. გაკვირვებული ვიყავი. - რას ამბობთ, პირიქით, მიხარია, რომ აქ მოსვლა გსიამოვნებთ. - მეც ვუღიმი, თითქოს დაძაბულობა მშორდება. აღარც მახსოვს მისი მჟავე, მუდმივად უკმაყოფილო სახე. არ ვიცი რამ შეცვალა ასე, მაგრამ ცუდი არ უნდა იყოს. შეიძლება მეც უმიზეზოდ დავაბრალე იმ დღის ცუდი ამბავი. ნეტავ, რატომ ვიცით ხოლმე ასე სხვებისთვის რაღაცების გადაბრალება? ასეთი რთულია, რომ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე ავიღოთ? - ტუნა, რა უნდოდა? დაგემუქრა? - მაშინვე მეკითხება ნუკი, როგორც კი უკან ვბრუნდები. - არა, მადლობა გადამიხადა. - მხრებს ვიჩეჩ და ისე ვპასუხობ, თითქოს საოცარი არც არაფერი მომხდარა. - რა ჯანდაბაა, ყველა გაგიჟდა?! - გაოცებული სახე მიიღო ციდამ. - არა, როგორც ჩანს, სხვა ტალღაზე გადავედით, სიყვარულის ტალღაზე. იტყვის მალე ცაგარელი, დაველოდოთ. - არც შენ ხარ მთლად დალაგებული! - დარწმუნებით ამბობს ციდა. მე ვიცინი, რატომაც არა, ვიყო დაულაგებელი. არ ვპასუხობ, ვთვლი, რომ დღეს სხვა დღეა. ალბათ, უფრო უკეთესი, ვიდრე გუშინ. ვინც კი სტუმრად გვყავდა, დღეს ყველა მიღიმოდა. მერე ვიფიქრე რამე ხო არ მჭირს - მეთქი, ხან კარმას დავაბრალე - რასაც გასცემ, უკან რომ გიბრუნდება. რვას აკლდა თხუთმეტი წუთი, უკვე ვლაგდებოდით. მე მაგიდებს ვასუფთავებდი. ზემოდან რომ ვუყურებ, არ მყოფნის. ასე მგონია, მაინც რჩება მტვერი ზედ. ამიტომ ხან რომელი მხრიდან ვამოწმებ და ხან - რომელი. ნუკი შიზიკს კი მეძახის ხოლმე, მაგრამ თვითონაც ეგეთია. იატაკს სამჯერ მაინც წმენდს. მეოთხედ რომ დააპირებს, ხელიდან ვაგლეჯ ყველანაირ საწმენდ საშუალებას და პატარა ბავშვივით ვტუქსავ. რა ვქნა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარს. ალბათ, თავისი სიგიჟით ჩემს სიმშვიდეს აწონასწორებს. ამიტომაც ვუგებთ ერთმანეთს. კუკუშკა ისევ ჯანმრთელად გამოიყურება. მე და ციდას ეს რომ არ გვყავდეს, რა გვეშველება? მისი წყალობით იქ ვართ, სადაც გვინდა. ჩვენ-ჩვენ ადგილებს ვიკავებთ. ჩემ მხარეს კაკუნი მესმის და თავს ვაბრუნებ. ისევ მას ვხედავ, იმ ოკუპანტს. - შენ აქ იყავი, მე დაველაპარაკები. - ვეუბნები ნუკის და გადავდივარ. - გამარჯობა, ტუნა. - გაგიმარჯოს, ოკუპანტო. აბა, რამ შეგაწუხა? - შენი ნახვა მინდოდა და ამის მოკითხვა. - მანქანისკენ მანიშნებს. - ჯერ ერთი, ამას კუკუშკა ჰქვია. მეორეც ერთი, საკმარისია, რომ ჯერ ერთიც. მე კარგად ვარ, მადლობა. - ყავაზე მინდა დაგპატიჟო. - შენი ერთი ჭიქა ყავა ვერ გადაიხდის იმას, რაც ამ მაშუქის შეკეთება დამიჯდა. - მკაცრად ვამბობ, თან ნერვები მეშლება, როდის იყო გამომდიოდა მკაცრი ლაპარაკი. - ერთი არა, ოცი იყოს. ჰყოფნის? - არა, არც ეგ ეყოფა. - აბა, რამდენი? - არც ერთი, ოკუპანტო. ეს ბავშვური გაკიდება-გამოკიდება დამღლელია. მითხარი რა გინდა და დავასრულოთ. მე ხო არ გაწუხებ? რაც გავცოფდი და ვთქვი, ეგეც საკმარისი იყო. ახლა გადამიარა შენი მოკვლის სურვილმა. - უკაცრავად, მაგრამ ჩემს მეგობარს მალე დამიბრუნებ? - ღრენით გამოგვძახა ჩამოწეული ფანჯრიდან ციდამ. - ყავაზე დამთანხმდეს და კი, უნდა გამოვისყიდო. ისე, დღეს არ ჩანხარ ძალიან აგრესიული, გამიმართლა. - მე არ ვუშვებ! - უხეშობის ყველა ზღვარს სცდება ნუკი. - კარგად იყავი, ოკუპანტო. აღარაფერია გასარკვევი. მე ჩივილი გადავიფიქრე, შენ ჩემი გამოკიდება. რა მარტივია, არა? - მშვიდად ვუხსნი, რაც მაწუხებს, მაგრამ ვერ ვატყობ, რომ რამე გაიგო. - მიჩივლე. მე ხომ დაგაზიანე? - დარწმუნებით ამბობს, წარბსაც კი არ ხრის. აშკარად უნდა, რომ გამაცოფოს. - ნუ მიწვევ! იცოდე, გამკეთებელი ვარ! - ვემუქრები, თან საჩვენებელ თითს ვიქნევ. ნუკისავით გამომდის. - გეუბნები, ტუნა. მიდი, მიჩივლე. პირობას ვდებ, პასუხს ვაგებ. - ოკუპანტო! - იცოდე, ჩანგლით თვალებს ამოგთხრი! - ციდაც მყვება მუქარაში. მხარს მიბამს, როგორც ერთგული მეგობარი. - საშიში ხალხი ხართ! საშიში! მაინც შევხვდებით, ტუნა, თავს აგატკივებ, იცოდე. ყავა ისევ ძალაშია. - თვითონაც მემუქრება, ოღონდ სხვანაირად. იმ შინაარსით არა, როგორც მე და ნუკი. გეგონება, თავის ტკივილი მაკლია, კიდევ ეს მინდოდა ახლა. მიდის, თან ვუყურებ, თან ვბრაზდები. ვირევი, ერთი ფიქრი ისიც მომდის თავში - ნუკი მიმეშვა და კარგად ეცემა - მეთქი. ვირია, ნამდვილი ოკუპანტი! - ჩაჯდები ახლა მანქანაში, თუ ვიყოთ აქ კიდევ დიდხანს, ტუნა? - ციდა მაფხიზლებს. მანქანაში ვჯდები და ჩვენ გზაზე მივდივართ. მარტო რომ დავრჩები, ერთი ღმერთს უნდა ვკითხო რა უნდა იმ სულიერს. იქნება, მაგან მაინც მიპასუხოს ან რამით მიმანიშნოს. *** გაზაფხულის მზით სავსე პირველი დღეებია. ზამთრის სიცივის მერე ადამიანები მონატრებული არიან სითბოს. ჰოდა, ხარბად ისუნთქავენ. გარეთ ახლა უფრო მეტი სულიერი მოძრაობს, ვიდრე უწინ. ადრიანად აღარ ღამდება, მე და ნუკის მაგაში ნამდვილად გაგვიმართლა. ნატო დღეს ფუნთუშებს აცხობს, ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები. დილითაც ენთუზიაზმით სავსე გავდივარ სახლიდან. ჩაის დღეებიდან ყავაზე გადავედით. სხვათა შორის, როცა ნატო ფუნთუშებს აცხობს, ან ძალიან კარგად გვაქვს საქმე, ან ძალიან ცუდად. მე თავს წინასწარ ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი რიგზეა. გულის სიღრმეში რაღაც მაწუხებს, როგორც აქამდე... ან ვიცი და არ მინდა დავიჯერო, ან ვიცი და თავს ვიტყუებ, ან მართლა არ ვიცი. ვხვდები, რომ მინდა არ ვიცოდე. ასე უკეთესი იქნებოდა. მე და ურსულამ ერთმანეთს გავუგეთ, ძირითადად ღიმილით მხვდება. ნუკი ყოველდღე შოკშია, ვერ იჯერებს და სულ იცხადებს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. გარდა ამისა, უფროსი პოზიციურად წინ გვწევს. მეც და ციდაც მენეჯერები ვხდებით. თქვა, რომ ერთი არ ჰყოფნიდა და ჩვენზე უკეთესებს ვერც აარჩევდა. მართალია, ამ მხრივ გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ დაგვპირდა, რომ შეგვასწავლიდა. ყველაფერს შეიძლება გაუმკლავდე, თუ მოინდომებ. მთავარია, შენ გინდოდეს. საფიქრალი კი მოგვემატა, მაგრამ არც იმდენი, რომ საღამოს სახლში წასვლა გაგვიჭირდეს დაღლისგან. ძველ პოზიციაზე უფრო მეტი საზრუნავი გაგვაჩნდა, ვიდრე ახლა. ეს დღეც ისეთივეა, როგორიც დანარჩენი. მე კიდევ რუტინაში ვცდილობ რაღაც მუხტი დავიჭირო, რომ არ მომწყინდეს. დრო როგორღაც გადის. კი მეჩვენება რომ ნელა, მაგრამ სინამდვილეში ჩვეულებრივ. სახლში დედას ფუნთუშების სუნია. სიამოვნებისგან ვკვდები. ერთი სული მაქვს როდის შევჭამ. ბავშვობაში ტკბილეულის მოყვარულ ტუნას მეძახდნენ. პრინციპში ახლაც, ოღონდ ხანდახან. მალულად ვჭამ ხოლმე. ან ვის ვუმალავ? ნატომ მაინც მშვენივრად იცის ჩემი მსუნაგობის ამბავი. - ჩემო ნატალია, რა სუნს ატრიალებ სახლში, არ გრცხვენია? - მივდივარ დედასთან და ვკოცნი. - მოდი, დედიკო. ჯერ საჭმელი ჭამე და ფუნთუშები მერე დავაყოლოთ. - კაი, დედა, რა დროს საჭმელია, მეღადავები? ეს რომ არ ვჭამო ახლა, მოვკვდები. - წუწუნს ვიწყებ მაშინვე. - შვილო, როგორ შეიძლება ასე? - დედა, გთხოვ... - ყელზე ორი თითს ვიდებ ხვეწნის ნიშნად და კატის თვალებსაც არ ვაკლებ. - კარგი, კარგი, ვინ შეგეწინააღმდეგება? აივანზე დავსხდეთ მაშინ, მაგიდა ყვავილებით გავაფორმე, ყავასაც ხუთ წუთში მოვადუღებ. - რა კარგი ხარ, ნატო! ვგიჟდები შენზე! - ისევ ვკოცნი დედას ფუმფულა ლოყებზე, მაგრამ მისი უძინარი თვალებიც არ მრჩება უყურადღებოდ. შინაგანად უკვე ვემზადები სალაპარაკოდ. - ნუ მაიმუნობ, ტუნა! მიდი, წადი და მოვალ მეც, წაიღე ეს ფუნთუშებიც. დედას მითითებას ვასრულებ და გარეთ გავდივარ. პატარა აივანი გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვყოფნის. მარტისთვის უჩვეულო სითბოა. როგორც წესი, ურევს ხოლმე და თავს იგიჟებს. თვითონაც ვერ გაუგია რა უნდა. აქეთ-იქით ვიხედები. ხალხი მოძრაობს. ეტყობათ, რომ გაზაფხული უყვართ. მეც მიხარია. როცა ზამთარია, ჩემთვის ვდარდობ ხოლმე. ყველა უსახლკარო მეცოდება. იმ სიცივეში და ყინვაში მიკვირს როგორ ძლებენ. მე სახლშიც ვიბუზები სიცივისგან ხანდახან და ცივ ლოგინში ჩაწოლაც მაგრად მესიკვდილება. ვერავის რომ ვეხმარები, ამაზე უფრო მწყდება გული. მერე თინიკოსავით ხან ოცნებას ვლანძღავ და ხან ნაციონალებს, ერთს დავიწყევლები ეს რა მთავრობა გვყავს - მეთქი და ეგაა ჩემი ვიშვიში, მეტი არაფერი შემიძლია. აბა, გულდასაწყვეტი არ არის? ნატოც არ მტოვებს დიდი ხნით მარტო, ყავით ხელში მოდის და პატარა მაგიდასთან ვსხდებით. - აბა, როგორ მოგწონს მენეჯერობა, ჩემო გოგო? - რავი, დე, ბევრი საქმეა, მაგრამ დამღლელი არა. შენ როგორ ხარ? - მე, შვილო? ძველებურად. მოსწავლეები გამიცოტავდნენ, ამიტომ თავისუფალი დროც მეტი მრჩება. - სევდიანი ღიმილით მეუბნება დედა. მის თვალებში უფრო მეტი ჩანს, ვიდრე ლაპარაკობს. ძნელია, რომ ვერ დაინახო. - დაისვენებ, დე, არაუშავს. - მეც ღიმილითვე ვპასუხობ. მინდა, რომ მისი სევდა არ შევიმჩნიო, მაგრამ არ გამომდის. ხელს ხელზე ვადებ და რბილ, ნაზ კანზე ვეფერები. არ ვიცი, როგორ აქვს ამ ქალს სულ თბილი ხელები, მაგრამ, როცა უნდა ჩაგკიდოს, სიცივის გარდა ყველაფერს იგრძნობ. ყველაფერ კარგს. - მე ისედაც დასვენებული ვარ, შვილო, რა დამღლის? მთავარია, შენ მყავდე კარგად, ტუნა. - კარგად ვარ, ნატო, რატომ იცი ხოლმე ასე არაფრის გამო ნერვიულობა? განა, რამე მიჭირს და გიმალავ? - რას აიფოფრები ხოლმე ბებიაშენივით, გოგო?! - საყვედურს ურევს დედა. - ოჰო, მიადგა თინიკოს... ძალიანაც კი გიყვარს და უჩემოდ ეჭორავები ხოლმე? - ტუნა, ჭამე ეგ ფუნთუშა ახლა, გაცივდა ყავაც. - საუბარს მიცვლის ნატო. მეც ისე შეფარულად ვაპარებ ჩემს სათქმელს, ზუსტად ვიცი, ხვდება. ამიტომაც ფუნთუშას ვჭამ და ნეტარებისგან ლამის დავდნე სანთელივით. ყავასაც არ ვაცივებ. დედა მხოლოდ ყავას სვამს, თან მე მიყურებს ხოლმე. თვალები უცინის, მაგრამ ასე მგონია, ამ თვალების უკან ფარდაა და ფარდის იქით მხოლოდ სევდა, ტკივილი და მწუხარება. - ტუნა, დე, რაღაც უნდა გითხრა... - იწყებს ნატო, როცა მე ფუნთუშის ჭამას ვასრულებ. პირდაპირ ვხვდები. რაკი ასეა, ჰო, მართალი ვყოფილვარ და ყველა ჩემი წინათგრძნობაც სიმართლე იყო. საერთოდ ყველაფერი სიმართლე იყო. ჯანდაბა, ამის დედაც! - ვიცი, ნატო, - არ ვაცდი გაგრძელებას. - უშენოდაც ვიცი. გინდა, რომ ბრმა ვიყო და ვერ ვამჩნევდე, მაგრამ ასე არ ხდება. შენი ტუნა გაიზარდა, დე. ჩემი ოცნებების იქით მეც ვიცი, რომ სხვა სამყაროა და არც ერთი ოცნება არ სრულდება იმ სამყაროში. არ ვიცი რა ჰქვია იქაურობას, მაგრამ მე ტკივილების ოთახს ვუწოდებდი. მინდა იცოდე, რომ შენთან ვარ. უშენობის არც ერთი დღე ჩემს გონებაში წამიერადაც კი არ წარმოდგენილა. ყველა სპექტაკლი, სადაც მე მთავარ როლს ვასრულებ, მხოლოდ შენთან ერთად ტარდება. შენი ტუნა უშენოდ ვერ იქნება. არ დაიჯერო, რომ შვილებისთვის დედების გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, ვიდრე პირიქით. ძალიან ვბრაზდები, როცა ამას მიმტკიცებენ, მაგრამ ერთი იცოდე - ჩემი ლურჯი სახლი უშენოდ შავი იქნება. ჩემო ნატალია, ჩემო დედიკო, შენ ხარ ჩემი სამყარო. შენ ჩემი ყველა ოცნების დასაწყისი ხარ, დე. როგორ წარმოგიდგენია ტუნა უშენოდ რამეს აკეთებდეს? მთელი ცხოვრებაა ერთად მოვდივართ, რა არ გამოვიარეთ, ყველა ტკივილისა და სიხარულის გამზიარებლები ვიყავით ერთმანეთისთვის და არ მოგცემ უფლებას უჩემოდ ყოფნა წარმოიდგინო. თუნდაც, გაიფიქრო. არ შეიძლება, ნატო. ეს ბოროტებაა. ბოროტებაა საკუთარი შვილი მარტო დატოვო ყველა პრობლემის წინაშე, შენ კი უცებ ისე აორთქლდე, თითქოს არც გიარსებია. შენ ახლა აქ ხარ, მერეც იქნები და გპირდები, რომ ერთად ვიცხოვრებთ ჩვენს ლურჯ სახლში; გპირდები, რომ ერთად ავიშენებთ ოცნების კოშკებს; გპირდები, რომ ყოველთვის გაკოცებ და ჩაგეხუტები რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო. გავიზარდე - მეთქი წეღან გითხარი, მაგრამ ტუნა შენთვის ყოველთვის პატარა იქნება. არ მინდა ტიროდე, ერთად მოვიფიქრებთ, აუცილებლად ვიპოვით გამოსავალს და შენ იქნები ჩემი ყველაზე ძლიერი დედიკო! გპირდები, დე, ოღონდ არ იტირო. შენ ხო გტკივა, როცა მე ვტირი? ჰოდა, მეც მტკივა. გვეყო, რაც ვიტირეთ და ვიდარდეთ. შენ ხო იცი მე რა მაგარი ვარ, დედა? როცა რამეს ვიტყვი, აუცილებლად ისე იქნება. ჩემი იმედი ხო გაქვს, ნატო? - ჩემო ტუნა, ჩემო მზის სხივო, ჩემო დიდო იმედო და თვალის სინათლევ... - აკანკალებული ხმით ამბობს დედა, ცრემლებს ხელის ზურგით იწმენდს და თან საყვარლად ქსუტუნებს. - შენ ხარ ჩემი ყველაფერი, დედა. მხოლოდ შენ. შენით იწყება და სრულდება ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში. მე და შენ ერთი გული გვაქვს, ჩემო ნატალია. თუ შენ არ იქნები, მეც არ ვიქნები. თუ მე არ ვიქნები, შენ. გახსოვს როდის დავპირდით ამას ერთმანეთს? ჯერ კიდევ ხუთი წლის ვიყავი, ერთი ციდა და პატარა. ჯერ კიდევ იმ დროიდან ვიწყებ ფიქრს, რომ უშენოდ ვერ შევძლებ ყოფნას. შენ ღმერთის საჩუქარი ხარ ჩემთვის, დე. ყველა სამართალი იმას ამბობს, რომ ერთი მეორის გარეშე ვერ გაძლებს. - სათქმელს ვასრულებ და ნატოსთან მივდივარ. მთელი სხეულით ვეხუტები. ყველა უჯრედით ვიზიარებ მის ტკივილს და ვეფერები. ნეტავ, შემეძლოს ღმერთი ვიყო ან რომელიმე კეთილი ფერია. შევკრავდი ადამიანების ტკივილებს ერთ უსაშველოდ დიდ გუდაში და წავიღებდი სადღაც შორს, სადაც ვერავინ იპოვის უკან დასაბრუნებლად. რატომ ხდება, რომ ჩვენს საყვარელ ადამიანებს უფრო ხშირად სტკივათ, ვიდრე უხარიათ? რაღაც პერიოდი სიჩუმეში ვსხედვართ მე და ნატო. თხელი პლედები გამოაქვს ორივესთვის. ერთმანეთს ვეხუტებით და ამ სიჩუმეში მხოლოდ მეტყველი თვალებით ვლაპარაკობთ. ოთხი თვალი, ორი იმედი და ერთი ხიდი. სიმყუდროვეს კარზე ზარი გვირღვევს. ისეთი დროა, ვინმეს სტუმრობა რომ გაგიკვირდება. თან არავის ველით, ერთხანს გაკვირვებულები ვიყურებით, მერე დედა მიდის კარის გასაღებად. - ტუნა, სტუმარი გყავს. - შიგნიდან მეძახის ნატო და სწრაფად ვდგები. არც კი ვფიქრობ შესაძლო ვარიანტებზე. - შენ? - თვალებგაფართოებული ვსვამ კითხვას. - საღამო მშვიდობისა, ტუნა. ყავის დასალევად რაკი არ წამომყევი, გადავწყვიტე თვითონ მოვსულიყავი. - მთელი სითამამით ამბობს, მიმიკაც კი არ ეცვლება სახეზე. - ღმერთო ჩემო! - წამიერად ნატოზე გადამაქვს მზერა. ეგეც ისეთივე გაკვირვებულია, როგორიც მე. - შვილო, შემოდი, მანდ ხო არ იდგები? - უცებ ირთვება დედა. სიამოვნებით გავაგდებდი გარეთ, მარტო რომ ვიყო. ასეთი სითავხედე აქამდე არასდროს მინახავს. მისი მიხრჩობის სურვილი მაქვს! სახლში შემოდის და თითქმის შინაურდება. ფეხსაცმელს იხდის, ნატო გიჟდება ამაზე. ვერ გამიგია რა ხდება, თავს აწონებს ეგრევე თუ ზოგადად ასეთია. - მადლობა, ქალბატონო. აშკარად თქვენს შვილზე უფრო ჰუმანური ხართ. - აივანზე გადით, დედა. მე ყავას გავაკეთებ ახლავე და ფუნთუშებსაც მოვიტან დამატებით, - ნატო ისე აგრძელებს ლაპარაკს, ოკუპანტის ნათქვამს არც იმჩნევს. - ჰო, მართლა, ტუნა, არ მეტყვი რა ჰქვია ამ მშვენიერ ყმაწვილს? - უცებ ვშეშდები. პასუხი არ მაქვს. ადამიანს ვიცნობ და მისი სახელიც კი არ ვიცი, სრული სიგიჟეა. - ოკუპანტი, ასე შეგიძლია დაუძახო, დედა. - დავითი მქვია, ქალბატონო და დუდას მეძახიან. - უი, მართლა? ჩემს გოგოსაც თინა ჰქვია, მაგრამ ტუნას ვეძახით. თვითონ შეირქვა ღრმა ბავშვობაში, - სიცილით პასუხობს დედა, ვგიჟდები ამ ქალის ხასიათზე. ალბათ, ვერასდროს მივხვდები როგორ შეუძლია ასეთი იყოს. - მიდით, დასხედით თქვენ ახლა, მეც მალევე შემოგაწოდებთ ყავას. იქამდე ილაპარაკეთ. აივანზე გავდივართ. ცოტა სიგრილეა უკვე, მაგრამ ბრაზისგან დიდად ვერც კი ვგრძნობ. - შენ მართლა თავხედი ხარ ხო? - ცალ თვალს ვჭუტავ დიდი თინასავით და ხელებს ვიჭდობ გაცეცხლების ნიშნად. - არა, რატომ? თავი დავიპატიჟე ყავაზე. - ესე იგი, ჩემი კუკუშკა შენ დააზიანე, მერე რამდენჯერ იმ წერილებით მეღადავე ირონიულად, არც ზარალი ამინაზღაურე, ჩემი მისამართიც გაიგე, ფსიქოლოგიური ტრავმა მომაყენე და ამ ყველაფერს საბოლოოდ სახლში სტუმრობით ასრულებ? - შენ უარი ხო მითხარი? მეც გადავწყვიტე, რომ დედაშენი გამეცნო. მაინტერესებდა, თუ ჰგავდი. მართალი ვიყავი, საერთოდ არ ჰგავხარ დედას. შენზე ბევრად კეთილი და ადამიანურია. - ისე მშვიდად მიხსნის, თითქოს ასე თავხედურად თვითონ არ შემომვარდნოდეს სახლში და პირიქით, მე ვიყო სტუმარი. - შენ მართლა გინდა, რომ ნუკიმ დაგასახიჩროს? - მე მეტისმეტად რისკიანი ვარ, ტუნა. ყველა ნაბიჯი გათვლილი მაქვს, უმიზეზოდ არაფერი გამიკეთებია. - ნუკიც რისკიანია და დამერწმუნე, რომ გაიგოს აქ ხარ, ფეხით მოვა და იმ თავის ჩანგალს პირდაპირ თვალებში ჩაგთხრის. - არ მეშინია, ტუნა. შენთვის მზად ვარ. - ვინ ხარ საერთოდ? ვინ ხარ და რა ჯანდაბა გინდა? მართლა მანიაკი ხარ? რით ვერ მოგიშორე თავიდან? რა გინდა ბოლოს და ბოლოს, რა? - ისე ვყვირი, ვცდილობ ნატოს ყურს არ მისწვდეს. უკვე თავს ვეღარ ვიკავებ. ჭკუიდან გადავყავარ ამდენ უპასუხო კითხვას და ოკუპანტის ურეაქციო ლაპარაკს, მით უმეტეს. - დამშვიდდი, ტუნა, ნუ ყვირი. - მკლავებზე ხელს მკიდებს და მაწყნარებს. მე უკვე პანიკა მეწყება. - როგორ დავმშვიდდე? მითხარი, ნორმალურია, რასაც აკეთებ? სულ რამდენჯერმე შევხვდით. მართლა გგონია, რომ სწორია ასე არაფრისგან სახლში თავზე დადგომა? მანიაკი ხარ? თუ ვინ ხარ საერთოდ? რა გინდა? რამე ვალი მაქვს შენი? ხო არაფერს გთხოვ, მითხარი, რა გინდა? - ვერ ვჩერდები. ათას კითხვას ვსვამ და პასუხი არც ერთზე ისმის. - ვახ, ასე ძნელია უბრალოდ ყავა დავლიოთ, ტუნა? კარგი, მივდივარ, დამშვიდდი. ზარალს დაპირებისამებრ გინაზღაურებ, - რაღაც თანხას მაგიდაზე დებს. ჰგონია, რომ სწორია. შეურაცხყოფასა და პატივისცემას შორის ზღვარს აშკარად ვერ იჭერს. ყოველ წუთს უფრო მეტად ცდილობს ჭკუიდან გადამიყვანოს. - ახლა შენი ვალიც აღარ მაქვს და იცოდე, უეჭველად მოგიწევს ჩემი ყავაზე დაპატიჟება. მე მოვიცდი, არსად მეჩქარება. - სახლში უკანმოუხედავად შედის. დარწმუნებულიც კია, რომ უკან გავყვები. სიამოვნებით ჩავატენიდი იმ ფულს პირში ამ უნამუსოს. ფეხის ნაბიჯებზე დედაჩემი გამოდის სამზარეულოდან, ამიტომ ვეღარ ვასწრებ ფულის უკან დაბრუნებას. ჯიბეში ვიჩურთავ, მერე მაინც გავსწორდებით. - შვილო, მიდიხარ უკვე? აბა, ჩემი ფუნთუშები? - განცვიფრებულია ნატო, თან ცოტა ნაწყენიც. - კი, მიდის დედა, საქმე გამოუჩნდა. სხვა დროს შეჭამს. - უხეშად ვამბობ, თან ოკუპანტს თვალს არ ვაშორებ, მის თვალებში კი ვერაფერს ვამჩნევ. - მადლობა, სხვა დროს აუცილებლად გავსინჯავ თქვენს ფუნთუშებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ტუნა არ გამომაპარებს. ახლა მეჩქარება, მეგობარს უნდა დავეხმარო ცოლის შერთვაში. უჩემოდ ვერ აბამენ თავს დაოჯახებას. - კართან მისული განმარტებებსაც იძლევა, თან თავის სითავხედესაც არ აკლებს, როგორც სჩვევია და ნაგლადაც იღიმის. ნუკის რომ მოვუყვები ამ ყველაფერს, უეჭველად გაგიჟდება და ტელეფონში გამოვარდება ისტერიკებით. - კარგად, შვილო. გაგვაცანი შენი მეგობარი და თავისი საცოლე, კარგი მასპინძლები ვართ, არც ფუნთუშებს მოგაკლებთ. სახლში რომ მიხვალ, ტუნას აუცილებლად გააგებინე, თორემ ვინერვიულებ, - ნატო შარში მხვევს, უკვე რომელ ემოციას ვებრძოლო ჩემში ვერ ვხვდები. - დედი, ხო გაქვს ნომერი? - ახლა ჩემთან გადმოდის კითხვით. - მიდი, ტუნა, ჩამაწერინე და მოგწერ. ხო არ ვანერვიულებთ დედას? - ოკუპანტი ყველაფერს თავის სასიკეთოდ იყენებს. ვერაფრით გავურბივარ, საკუთარი დედა მიჩალიჩებს. წინასწარ მოისყიდა ვითომ? - ჰო, ჩაიწერე. - ნატოს მაინც ვერ დავაღწევ თავს, ამიტომ ნომერს ვკარნახობ და თვალებით ვჭამ, თან თავს ვიწყევლი. ისე ვგავარ ახლა ბებიაჩემ თინას, გულში ცოტა მეცინება. - აბა, კარგად იყავით, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ტუნას მოვწერ, არ ინერვიულოთ. ცოლის მოყვანის ამბავსაც გაგაგებინებთ. - გვემშვიდობება და კარში უჩინარდება. მე კიდევ ადგილიდანვე ვორთქლდები. დედას კითხვებს თავს ვარიდებ. განა, ზედმეტად ჩაერევა? უბრალოდ სხვების პატივისცემა იმდენად უყვარს, სანამ აქ არ დამაპატიჟებინებს მეორედ, იქამდე არ მომეშვება. ჩემს საძინებელში შევდივარ, ნუკის ვურეკავ ეგრევე და ვიწყებ... დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეტყობინება მომდის. "დედას უთხარი, არ ინერვიულოს, ყველაფერმა მაგრად ჩაიარა, არ მომიტყუებია, მართლა მოიყვანა ვანომ ცოლი. ვანო ჩემი ბავშვობის მეგობარია, როგორც შენი ის ალქაჯი. ველოდები ყავაზე დაპატიჟებას." გიჟივით ვიცინი და დედას ვეძახი, რომ ოკუპანტი მშვენივრადაა. ისიც აღარ დარდობს. მე, მით უმეტეს. ნუკიმ გაიგოს, რაც უწოდა, ეს მისი უკანასკნელი წერილი იქნება ჩემი მიმართულებით. მართლა რისკიანია. მიყვარს რისკიანი ადამიანები, მაწონასწორებენ. *** მე და ნატოს რთული დღეები გვაქვს. ექიმთან ვიზიტის მერე ვირევით. დედაჩემს სახე უყვითლდება და ჩემი დაპირებები, ვგრძნობ, სადღაც შორს მიფრინავს. არადა, მატყუარა არასდროს ვყოფილვარ. ყოველ ღამით მისი იავნანა მაძინებს და დამღლელ დღეებს ორივე ერთად ვებრძვით. ყველა ნანემსარი და სილურჯე ჩემს გულამდე მოდის. დიდი თინა ახლა უფრო ხშირად გვსტუმრობს, ვიდრე აქამდე. ისეთი შეგრძნება გვაქვს, თითქოს ერთად ყოფნის დღეებს ვიზოგავთ. საშინელი შეგრძნებაა. ჩემი წარმოდგენები თვითნებურად მეცვლება. ხანდახან გონებას ისე შორს ვუშვებ, რომ ტირილამდე მივდივარ. ნატოს უჭირს. სიტყვებს ისე ვზომავ, როგორც არასდროს. მაინც ზრუნავს ჩემზე. ასეთი დაღლილი, უძალღონო, გამოუძინებელი და ტკივილისგან გაგიჟებული კვლავ მის ტუნაზე ფიქრობს. დედას დამცხვარ ტკბილს ვეღარ ვჭამთ, მაგრამ მარტივ კერძებსაც ვუმკლავდებით დიდი თინას წყალობით. ლუკმები სათითაოდ მეჩხირება ყელში. ნატოს ვეძალები ხოლმე ჭამაზე, მაგრამ არ შეუძლია. მისთვის ყველა დღე უფლის საჩუქარია, ზის და ლოცულობს, ხანდახან იღიმის, თვალები მუდმივად ცრემლებით აქვს სავსე. სესხის აღება დამჭირდა წამლებისთვის. რაც მე ავერსის თანამშრომლები ვლანძღე, ერთი არ ასცდეთ. უფრო სწორად, ის ღორები, რომლებიც ასეთ ფასებს აწერენ. უნდა მოკვდე ადამიანი, თუ საშუალება არ გაქვს. უკან არ ვიხევ, ყველა გზას ვეძებ. ერთი ფიქრი ისიც მინდოდა საფრანგეთში წამეყვანა ნატო, მაგრამ არ დამთანხმდა. ვეხვეწე, ვემუდარე, ლამის დავუჩოქე, მაგრამ ვერას დიდებით, გამიჯიუტდა. ______ მე და ნატო ერთად ვეღარ ვიბრძვით, მნებდება... ყოველ ღამით მე ვუმღერი იავნანას, თმებზე ვეფერები და შუბლზე ვკოცნი. ჩემი ყველა დაპირება უკვე შორს გაფრინდა; - მოვიტყუე. პატარა ტუნა მატყუარა გახდა. ღმერთივით მატყუარა. ვერც მე და ვერც ღმერთი ვერაფერს ვშველით. ჩემს ყველა ანთებულ სანთელს ორი თითით ვაქრობ, ახლა მხოლოდ სიბნელეა და ბრჭყვიალა ცრემლის გორგლები ჩვენს სახეებზე. დედა სიბნელეში მაინც იღიმის მკრთალად. დღემდე არ ვიცი როგორ შეუძლია ასეთი იყოს... *** "შენ რომ დიდი იქნები, მე რომ აღარ ვიქნები, დამასიე ფიქრები, როგორც თოვლის ფიფქები..." ასე მიმღეროდა აქამდე დედაჩემი. "შენ რომ დიდი გახდები, შინ რომ აღარ დაგხვდები..." ასე მიმღერის ახლა დედიკო. "სხვას რომ ვერას გავხდები, სულში ჩაგისახლდები..." ასე მიმღერებს დღეიდან ჩემი ნატალია; და მერე ისევ გააგრძელებს ღრმა ძილით ძილს. "როცა შენ დაქალდები, როცა მე გავქვავდები, ისე არ დავღამდები, ისე არ გავქვავდები, იქიდან არ გინათო, ხშირად, განა, ძვირადო, მერე უფალს იმას ვთხოვ, გადავიქცე ირმათო, რქებზე ჩამოვიკიდებ, შენს სიყვარულს ზინათად, შენს სახელზე, ძვირფასო, მთებში ვივლი ირმადა!" გაზაფხულის ბოლო თვის დასასრულს ჩემი იმედი მიკვდება. ვზივარ შავებში ჩაცმული და ვისმენ ტირილს, მოთქმას, გოდებას. გვერდით თინა მიზის, ჩემი ხელი უჭირავს და მეფერება. თავს იწყევლის, რომ თვითონ ცოცხალია და დედაჩემი - აღარ. მინდა, რომ დავიძინო და გამოღვიძებულს ჩემი ნატალია თავთან მეჯდეს, თმებზე მეფერებოდეს. ან იქნებ ჯობდეს, რომ ორივემ ღრმა ძილით ვიძინოთ? ყურებში მხოლოდ ჩემი დედიკოს ნანა მესმის. "იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო, მთვარე შეშინებულაო, იავნანინაო, მანანოები მოდიან, იავნანინაო, ძილი მოაქვთ გუდითაო, იავნანინაო, ამას ჩემს ყმაწვილს მივუტან, იავნანინაო, თვალებს გავუვსებ ძილითაო, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო." მზერადაბინდულს მხარზე ხელის შეხება მაფხიზლებს. ჩემ წინ დუდა დგას. დუდა, რომელმაც ნატოს ფუნთუშების ჭამა ვერ მოასწრო. იქნებ, არ უნდა გამეშვა მაშინ? - ვიზიარებ მწუხარებას, ტუნა. მტკივხარ. - ქვემოდან ვუყურებ და მის თვალებში სევდას ვხედავ. ძალიან გულწრფელია, მზერა ყიდის. შემდეგ თავს ისევ ვხრი და მიდის, სადღაც კარს იქით უჩინარდება. - დედაჩემს სცივა... სცივა და გაიყინება აქ. თბილად ჩააცვით. არ შესცივდეს დედას, ისედაც მცივანა იყო ყოველთვის. ჩემო დედიკო, ნუ გეშინია, მე არ შეგაცივებ. ნუ გეშინია, დედა! შენი შვილი ყოველთვის შენთან იქნება, ჩაგეხუტები და მე გაგათბობ. არ შეგცივდეს, ჩემო დედა, არ შეგცივდეს. შენი თბილი ხელები, დედა, ცივი გაქვს ახლა, არა? სულ მიკვირდა როგორ იყავი ასეთი თბილი და ახლა სად გიყურებ, ნატო? მითხარი, გცივა? მითხარი რა გავაკეთო, მითხარი და ყველაფერს ვიზამ. ტყუილად ხო მომაცემინე დაპირებები... ხელი ხო გამიშვი ბოლოს, დედა? სად გამიფრინდი, ჩემო ანგელოზო? სად ხარ, ჩემო საფიცარო? მე უშენოდ რა უნდა ვქნა, ნატო? უშენოდ რა უნდა ვქნა, რა? რა გულმა უნდა გაუძლოს უშენობას, დედა? ხო გითხარი ვერ ვიცოცხლებ - მეთქი, ხო მეუბნებოდი ერთად ვიცხოვრებთ შენს ლურჯ სახლშიო, შენც ჩემსავით მატყუარა ხარ, არა, დედა? ჩემო თბილო დედიკო, ჩემო გულო, ჩემო ერთადერთო... ესაა შენი ღმერთის სამართალი? გამეცი პასუხი! ამის გამო ლოცულობდი ამდენს? იმისთვის, რომ ამდენი მეტირა? მე ვის მოვთხოვო პასუხი, ნატო? განა, ღმერთს ასე როგორ უყვარდი, შენი თავი რომ წამართვა? ვტირი. ვბღავი. ყველა სიტყვას ჩემს გულსა და სულს ვაყოლებ. თინას ჩახუტება საერთოდ აღარ მყოფნის. დედაჩემი მინდა, ჩემი ნატალია მინდა, დედაჩემის ჩახუტება მინდა, მისი სუნი მინდა. დედაჩემი მინდა, ღმერთო, დედაჩემი, სად წაიყვანე, სად გააფრინე, რატომ წამართვი, რომელ ანგელოზად მიქციე?! და ისევ არ მშორდება ნატოს ნაირნაირი იავნანა, რომელსაც ყველა დაძინების წინ ვუმღერი გულში ჩემს თავს. "გარეთ ქარი ზღაპარს ყვება და დევები მთებში წვანან, ჩემს თოჯინას ეძინება, ნანა, შვილო, ნანი ნანა... იავნანა, ვარდო ნანა, იავნანა, ნანინა, დაიძინე, გენაცვალე, შენ ჩემო პაწაწინა, იავნანა, ნანინა, შენ ჩემო პაწაწინა..." ______ დედაჩემს მიწას აყრიან. მიწისქვეშ დებენ. როგორ უნდა დავიჯერო, რომ იქ კარგად და თბილად იქნება? - აქამდე სახლში მაინც მყავდი, ნატო. შენი ცივი სხეულიც კი აღარ მაქვს. როგორ მოგეფერო, დედა? - ძალაგამოცლილი ვესვენები საწოლზე და უდედობის პირველ წამებს ვითვლი. ისევ ვტირი, თვალზე ცრემლი არ მიშრება. დედაჩემი მენატრება ძილშიც. "ვარსკვლავებს ეძინებათ, თვალები ეხუჭებათ, ძილში ფერად-ფერადი ზღაპრები ესიზმრებათ... იავნანა ნა-ნი ნა, ნანინა ნანა, ისევ დილა იქნება და მზე ამობრწყინდება... ზღაპარმა თუ ინება, სიზმრად მოგვევლინება, როცა დაგვეძინება..." უკვე გვძინავს, ჩემო ნატალია, ორივეს ერთად და მე შენ სამოთხის ზღაპარში გხედავ. *** დღეები გარბის, მე ყოველ დილით სანთელს ვანთებ, სახლში მუდმივად საკმევლის სუნია, დედას ნაცვლად ლოცვებს ვკითხულობ ფანჯარასთან, როგორც თვითონ. ამ წუთას ჩემი გზა მხოლოდ დედას საფლავამდე მიდის. თვალები მუდმივად დასიებული მაქვს, მაგრამ ვიბრძვი. ნატოს რომ ასეთი ვენახე, ალბათ, იტირებდა. ნეტავ, აქ იყოს და რას არ დავთმობდი? ნეტავ, მართლა შეიძლებოდეს ოცნებების ახდენა? ნუკი მუდმივად მახსენებს, რომ დედას ასეთი არ მოვეწონებოდი და აუცილებლად უნდა მესწავლა იმ ტკივილთან ერთად ცხოვრება, რომელიც თვითონ ბევრი წლის წინ გამოიარა. მართლა ყველაფერს ეჩვევა ადამიანი და მე კიდევ არ მჯერა. ვერ დავიჯერებ და არც მინდა. წელს ყველაზე საშინელი ზაფხულია. ყველაფერი ნატოს გარეშე იწყება... საღამოს დედას რეცეპტების რვეულში ფუნთუშებს ვეძებ. არ მეგონა, თუ ოდესმე დამჭირდებოდა, რადგან არასდროს დამიშვია უმისობა. ზოგჯერ ვარდისფერი სათვალე უნდა მოიხსნა, რომ ყველაფერს დაბრმავებული არ უყურო და ბევრი რამისთვის თვალის გასწორება ისწავლო. თინას უნდოდა მასთან გადავსულიყავი საცხოვრებლად, მაგრამ უარი განვაცხადე. ამ სახლს, სადაც დედამ ათობით წელი გაატარა, არაფერში გავცვლი. კედლის ყველა უჯრედი მის სუნს ატარებს და მის კვალს ინახავს. დედაჩემი ყოველთვის აქ არის, ამ სახლში ჩემთან და მიყურებს. მართალია, მე ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ არ მტოვებს. ფუნთუშების ცხობას ვიწყებ. ნუკიც აქაა, დახმარებაზე უარი ვუთხარი. მხოლოდ მე მინდოდა გამეკეთებინა. ძალიან უნდა ვეცადო, რომ ისეთივე გემო ჰქონდეს, როგორიც დედას გაკეთებულს. ნატო ტკბილეულის ჯადოქარი იყო. ალბათ, მეც მაგიტომ გამოვიცვალე ყველა კბილი ნაადრევად. რეცეპტის მიხედვით მივყვები, თან ვფიქრობ. ვფიქრობ წვრილმანებზე, რომელსაც აქამდე არ ვაქცევდი ყურადღებას და ვიხსენებ დედას ყველა მიმიკას, ღიმილს, სიტყვას, ფიქრს, მზერას, ჩახუტებას, მოფერებას, კოცნას, საყვედურს, სითბოს, რჩევას, ათას რამეს, რაც ჩემს მახსოვრობას შემორჩენია და არასოდეს წაიშლება. მახსენდება დედას გამომცხვარი ბოლო ფუნთუშები და გულში რაღაც მძიმედ მწყდება. მაგონდება დუდა, დედას ნერვიულობა მასზე და მისი სურვილი, რომ მის გამომცხვარ ტკბილ ფუნთუშებს შემდეგში მაინც გაასინჯებდა, განუხორციელებელი დარჩა. იქნებ, დროა? დროა, რომ დედას ბოლო სურვილი ავასრულო? ყველაფერი ხო ბედისწერაა ამ სამყაროში? ჩემი ბედის დამწერი არც იმდენად კეთილი აღმოჩნდა, რომ ნატო გვერდით სიცოხლის ბოლომდე მყოლოდა. ჩემს ფიქრებში ვარ გართული, ნუკიც მდუმარედ მიყურებს და ცდილობს ამოიკითხოს თვალებში რა მინდა. მე თვითონ მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - დედა კმაყოფილი იყოს ჩემი ფუნთუშებით და მათი სუნი იმ სამოთხის კარამდეს მისწვდეს, სადაც ახლა თვითონაა. მყუდროებას კარზე ზარი გვირღვევს. - ნახე ვინ არის, ნუკი. თინიკო იყოს შეიძლება. - ვეუბნები ციდას და ისიც მიდის. რაკი დიდი თინა ამ ბოლო დროს არ მანატრებს თავს, სხვა არავინ მეგულება. მის თვალებს რომ ვხედავ, ხანდახან მგონია, ჩემზე მეტად სტკივა დედას გარეშე ყოფნა, მაგრამ ხმამაღლა ვერ ვაცხადებ. ჩემი ეგოისტური ბუნება არ მაძლევს ამის თქმის საშუალებას. ______ - არ მგონია, ტუნა შენს ხასიათზე იყოს ახლა, ოკუპანტო. - კარში მდგარ დუდას მისალმების გარეშე უხეშად უგდებს პირველ სიტყვას ციდა. - გამარჯობა, ნუკი. როგორ გიკითხო? მე ძველებურად, არამიშავს. - ჩანგალი არ მომატანინო, ბიჭო! - ტუნასთან მოვედი, საქმე მაქვს, უნდა ვნახო. თან რაღაცები მოვიტანე, მართლა ვერ წავალ ახლა უკან. დამემუქრე რამდენიც გინდა და ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ, თორემ შენს მეგობარს რომ შევუყვარდები, მერე მაინც მოგიწევს რქების მოტეხვა და იმ ჩანგლის გადაგდება. - ოჰა, რა დარწმუნებით ამბობს ნახე, რა! შემოდი, შემოდი. ვნახოთ, ვის გააბუნძულებენ აქედან კუდამოძუებულს. - აქ კუდი მხოლოდ შენ გაქვს, სრულიად უწყინარი, უშხამო ანკარა ხარ. - ოკუპანტო, გაგაძევებ შენს რუსეთში! - თითს იქნევს ნუკი, რომელიც მინიმუმ ორი თავით დაბალია დუდაზე და მხოლოდ ღმერთმა თუ იცის როგორ რისკავს ასე მამაცურ საუბარს. ______ სამზარეულოში დუდა შემოდის. სევდიანად მეღიმება. ჩემს გულისთქმას იცნობს. ნატოს სურვილის ასასრულებლად თავისი ფეხით მოდის. მივდივარ და ყველამიზეზგარეშე ვეხუტები. ყელამდე ძლივს ვწვდები ჩემი სიმაღლით, მაგრამ მყოფნის. ზუსტად ვიცი, რომ ახლა დედაჩემი ბედნიერია. გაუხარდებოდა მისი ნახვა. ყველაფერი ზუსტად ისე იქნება, როგორც ჩემს ნატალიას უნდოდა. დრო ჩერდებასავით. ნუკის გაშეშებულ და ერთდროულად გაოცებულ მზერას ვაწყდები. ახლა ზუსტად ვიცი, რომ იმ ჩანგალს აღარასდროს გამოიყენებს. მერე ისევ უკან ვიხევ და დუდას თვალებში რაღაცას ვხედავ - დიდს და თბილს, მისთვის მოულოდნელს და ჩემთვის - დაუგეგმავს. - გამიხარდა, რომ მოხვედი. ისედაც მინდოდა დამერეკა. დედას ბოლო სურვილს ვასრულებ, ფუნთუშები უნდა გაგასინჯო. - მეც მაგისთვის მოვიტანე ეს რაღაცები, ტუნა, - პარკებს მაჩვენებს. - ზუსტი რეცეპტი არ ვიცოდი, ამიტომ რაღაცები ჩემით გავთვალე. შენ კიდევ დაგისწრია. - აი, აქ დადე, - ხელით ვანიშნებ მაგიდისკენ. - ნუკი ამოალაგებს და შეინახავს. ფუნთუშები მალე მზად იქნება. აივანზე დავსხდეთ. ზუსტად ისე, როგორც მაშინ. ორივე მეხმარება, არც ერთი ხმას არ იღებს. სამარისებური სიჩუმეა. მე მხოლოდ ნატოზე ვფიქრობ და წარმოვიდგენ როგორი იქნებოდა ახლა მისი მზესავით თბილი, ლამაზი სახე. აქ წინ და უკან ივლიდა. თავის ტკბილეულს და გემრიელ, სურნელოვან ყავას არ მოგვაკლებდა. მაგიდას ყვავილებით გაგვიფორმებდა და რომ არ შეგვციებოდა, თხელ პლედებსაც მოგვაფარებდა თავისივე ხელით. ჩემი ყველა ფიქრი მართალია. თითქოს აქ ისევ დედაჩემია, მისი სუნი ისევ არ მშორდება. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიმეორებ იმას, რასაც წარმოვიდგენ. ბოლოს კი კმაყოფილი ვსხდებით ჩემი და ნატოს პატარა აივანზე, რომელიც სამივეს გვიტევს. ფუნთუშის გასინჯვას დიდი სიფრთხილით ვიწყებთ. როგორც დედა იტყოდა, ტკბილეულს, როგორც სულიერს, მოფერება სჭირდება. ჭამის მომენტში მართლა ნატო ვხდები. ვაკვირდები დუდას და ნუკის სახეებს და ორივეს მხოლოდ კმაყოფილებას ვატყობ. გამომივიდა. მერე თმებზე ხელის შეხებას ვგრძნობ. ან იმდენად მჯერა, რომ ნატო ამისთვის შემაქებდა და მომეფერებოდა კიდეც, ამას ვერ გავურბივარ. ვგრძნობ - ის აქ არის. "მღერის ქარი, ყვირის ქნარი და სიჩუმეც ჩამჩურჩულებს: “ის აქ არის!” ...ის აქ არის! – ამბობს მტკვარი გული ყვირის საგულედან: “ის აქ არის”. ...ის აქ არის! – ამბობს მტკვარი გული ყვირის საგულედან: “ის აქ არის”." ნატო აქ არის, ჩვენთან, ის არსად წასულა. ისევ ძველებურად დაგვტრიალებს თავს. გვისვამს კითხვებს როგორ მოგვეწონა და რამე ხო არ აკლია. ჩვენ კი ჩვენი სიჩუმით და სანახევროდ პირგამოტენილი ვპასუხობთ, რომ ყველაფერი იდეალურადაა. თან ცერა თითის აწევით ვაჩვენებთ, რომ ძალიან მაგარიც კია. ყურებში მესმის: "შეგერგოთ, შვილო. კიდევ ბევრს დაგიცხობთ, აბა, რას ვიზამ." ციდა და დუდა ჩემს ქვეცნობიერს კითხულობენ. მათი თითოეული ქცევა ისეთია, როგორიც გონებაში დავხატე. თითქოს თვითონაც გრძნობენ, რომ ნატო არ გვტოვებს. თამაზის ზარი გვირღვევს მყუდროებას, ნუკი უნდა წავიდეს, დუდა გაყვანასაც სთავაზობს სახლამდე, მაგრამ უარს ამბობს. ტელეფონის ასაღებად შიგნით შევდივარ, რომ ტაქსი გამოვუძახო ციდას. - იცოდე, ტუნას რომ ატკინო, მოგკლავ! - მაშინვე ემუქრება დუდას ციდა. - არ ვატკენ, ნუკი. კიდევ ვერ მიმიხვდი? - ნუ მეპასუხები ასე გულწრფელად! გაფრთხილებ მაინც. როგორც ღორი პუტინისგან, ისე შენგან ვერ გამოვრიცხავ ვერაფერს, ოკუპანტო! მიმიხედე გოგოს, გაბარებ. მეორეჯერ არ მოგეცემა იგივე შანსი. - ისევ თითს იქნევს მუქარის ნიშნად ნუკი. - მშვიდად იყავი, მეტრანახევრიანო გოგოვ. არაფერს ვავნებ შენს მეგობარს, უფრო მეტიც, გავუფრთხილდები. - ნუ მაბულინგებ! - ფაქტი აღვნიშნე. - კარგი, ჰო! ზედმეტი არ მოგივიდეს, ნუ შემაჩვიე ენა. წავედი ახლა. ძალიანაც ნუ მოაწყენ, მალე წადი სახლში. ტაქსი უკვე მოსულია, ნუკის მაგრად ვეხუტები და ვაცილებ. მხოლოდ ჩვენ ორნი ვრჩებით, მე და დუდა, ვაგრძელებთ საღამოს დედასთან ერთად. - დამელოდე, ახლავე მოვალ. - ისე ვეუბნები, თითქოს სადმე გაიქცევა. აივანზე მარტო ვტოვებ, დედას ოთახში შევდივარ და ჩვენი ფოტოალბომი გამომაქვს. გვერდით ვუჯდები და ვიწყებთ თვალიერებას ძველი მოგონებების გახსენებასთან ერთად. - რა ლამაზი ხარ ამ ფოტოებში, ტუნა. როგორ ჰგავხარ დედას. - საუკეთესო კომპლიმენტს ვიღებ მისგან. ვის უნდა ვგავდე ნატოზე უკეთესს? - ნახე, აი, აქ მე და დედა ბორჯომში ვისვენებდით. ისე მიყვარდა ეს საქანელა, ვტიროდი ხოლმე სახლში წამოსვლისას. უკან დაბრუნებულზე დედა ყოველთვის მიმღეროდა "საქანელას". ისე ტკბილად მახსოვს... - ერთ-ერთ ფოტოზე ვუყვები. მერე კი... "მთები და გზები და ლურჯი ყანები საქანელას მიყვება და მივექანები..." სიმღერას ვიწყებ. დუდა მისმენს. სიმღერის ნიჭი დედასგან გამომყვა. ნატო მართლა საოცრად მღეროდა. მე მთლად ეგრეც არ შემიძლია, მაგრამ ჩემთვის მყოფნის. ვმღერი და ვერ ვჩერდები. მახსენდება ბორჯომის დღეები, ჩემი ბავშვობა, დედას ზღაპრები და ამ ზღაპრებზე სიმღერები. ზოგს თვითონვე იგონებდა. ხუთი წლის რომ ვიყავი, ორმოცამდე ლექსი მაინც ვიცოდი. დედა სულით ხორცამდე ხელოვანი იყო. ყველაფერში სილამაზეს ხედავდა და ყველაფერს უმღეროდა. ალბათ, ამასაც ნიჭი სჭირდებოდა. ამიტომაც იყო ყოველთვის თბილი. "თმები გაშლილა და ქარში ფრიალებს, საქანელა ტრიალებს და ისევ ტრიალებს ერთი, ორი სამი, ერთი, ორი, სამი ჩნდებიან..." ცრემლები მომდის, მაგრამ ისევ ვმღერი. თან ფოტოების თვალიერებას ვაგრძელებთ. ზოგჯერ ვიცინი, ზოგჯერ ტირილისგან ხმა მიკანკალებს. დუდა კი მიყურებს ხან მე, ხან ფოტოებს და არაფერს ამის იქით. მისმენს მთელი გულისყურით, რადგან ყველა სიმღერით ვყვები ძველ ამბებს, რომელზეც მე გავიზარდე. მთელ ჩემს ბავშვობას მის თვალწინ ვშლი და მაგონდება ზღაპარი, სადაც მე და დედა ყოველ ღამით ვმოგზაურობდით. - დედაჩემისგან მხოლოდ ერთი ლექსი დამრჩა სამახსოვროდ. გაგეცინება და წისქვილზე, - ჩემი სიჩუმის მერე ამბობს დუდა. - იმის მერე ჩემთვის დედას ლექსი არ უსწავლებია და არც მე მისწავლია სხვისგან. გინდა მოგიყვე? - მეკითხება. მეც თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად და ველოდები. "გარეთ თოვდა. აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი. ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი. აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა... კაცი, საცხა ასი წლისა, იხსენებდა თავისას. ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო. ველად ვსდიე. აბა, წიე, ჯანიანი ვიყავი, თუმც, მალევე დავეწიე, ვერაფერი ვუყავი -გოგო, გოგო, თვალკაკაბა, ხვალვე ცოლად შეგირთავ! ცხრა სულ მსახურს დაგიყენებ, ცხრა ძმას დავთმობ შეგირდად... ასე მითხრა: - არ მინდაო, ბიჭო, შენი დოვლათი. რაც მაცვია იმითაო, სხვას მივყვები ცოლათო. ამრიაო, დამრიაო, ქოვა თქუ დო ვარიაო, ქინძისთავიც არ მაჩუქა, დედის ნახსოვარიაო. კაცი, საცხა ასი წლისა, იხსენებდა თავისას... აღარც ფაცხა, აღარც ქისა, აღარც ჩინი თვალისა გარედ თოვდა, აბგად ჰქონდა ერთი მუჭა ხორბალი, ქარი ქროდა, ქარი ქროდა, ტრიალებდა ბორბალი." - გინდა ჩემი ქინძისთავი გაჩუქო, დუდა? - ჰო, მინდა, ტუნა. პირველივე დღიდან მინდა. - ვიცი, რომ ნატოს ნაჩუქარს მოუფრთხილდები. მართლა მოგცემ. - მისი მჯერა. დედაჩემის ფუნთუშები საკუთარ გრძნობებზე მყიდის. - შენც მოგიფრთხილდები, ტუნა. - ალბათ, დედას ახლა თვალები ცრემლებით აქვს სავსე. რაც აღარ მყავს ხელშესახებად, ამაზე კარგი საღამო არ მქონია. ვიცი, რომ ახლა გვისმენს. - ვითომ მოეწონა ჩემი მოყოლილი ლექსი? - სიცილით მეკითხება და მეც ვიცინი. ჰო, პირველად იმ დღის მერე. - აუცილებლად. დედას ყველა ლექსი უყვარდა, ყველაფერი, რაც ადამიანის ხელს დაუწერია და დაწერის გარეშეც თქმულა. მითხარი, შენი საყვარელი ზღაპარი რომელია? - ხუთკუნჭულა. მთელი ღამე იმ საწყალ დევზე ვფიქრობდი, დედაჩემი სულ ტყუილად ცდილობდა დავეძინებინე. - სად არის დედაშენი, დუდა? - ვერ ვისვენებ. ყველა უხერხულობის გარეშე ვეკითხები და მის თვალებს ვაკვირდები. ბრაზი უელავს, წყენა და მარტო დარჩენის შიში. - დედაჩემი შორს, ცხრა მთას იქით დევებთანაა. მე ასე მჯერა ბავშვობიდან და ამით ვპატიობ ჩემ მარტო დატოვებას. - ხუთკუნჭულაც შენი ბოლო ზღაპარი იყო? - თვალებაწყლიანებული ვსვამ რიტორიკულ კითხვას, რომელზეც პასუხი ისედაც ვიცი. - ჰო, იყო. ჩემი ყველაფერი პირველი თან საბოლოო აღმოჩნდა. დიდი დრო დამჭირდა იმის გასაგებად, რომ რაღაცები შეიძლება მარადიული იყოს. ალბათ, იმიტომ მჯერა ისევ, რომ ამდენი წლის მერეც ვუყვარვარ დედაჩემს და დარდობს თავის წასვლაზე, მამაჩემის მიტოვებაზე, ჩემთვის დატოვებულ ბოლო ლექსსა და ზღაპარზე. - ყველა დედას უყვარს თავისი შვილი, დუდა. მხოლოდ ესაა, რომ ზოგს პასუხისმგებლობის აღების ეშინია და ამას გაურბის. დედაჩემმაც ბევრი იბრძოლა, დედაშენმაც, სხვების დედებმაც. ჩვენ მხოლოდ პატიება შეგვიძლია. მე უკვე ვაპატიე ნატოს, რომ მარტო დამტოვა. შენც უნდა აპატიო. მე გვიან, შენ ადრე - მთავარი მაინც ისაა, რომ არც ერთს გვყავს დედა. - ჰო, ასეა, ტუნა. რაღაცები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, მაგრამ შენ უფრო მეტად გენატრება ნატო, ვიდრე მე დედაჩემი. წლებია არც მიფიქრია, არ მიძებნია, არ მნდომებია მის გამო ერთ დევთან მაინც მებრძოლა... რაც არის, ეს არის. ასე გამოვიდა. - არ ინერვიულო. გჯეროდეს, ნატოს რომ ეცოცხლა, დედის დანაკლისს უპირობოდ შეგივსებდა. - შენი ყველა სიტყვის მჯერა. - გულით მპასუხობს. მე მზერას ვიცვლი და სადღაც ვიყურები. იქნებ, სადმე ის მთა დავინახო, სადაც დევთან ერთად დედამისი ცხოვრობს. მას ასე სჯერა... ადამიანები ზღვა ტკივილს ვიტევთ. შენ რომ გგონია ვიღაც კარგად არის, თურმე - არა. თურმე სულ ტყუილად ფიქრობ, რომ მას არაფერი უჭირს ან არაფერი აწუხებს. ან მართლა ვერ ხედავ, ან არ გაქვს ამის უფლება. ჩემ წინ გადაშლილი წიგნი დევს, რომელსაც დუდა ჰქვია. ყველა გრძნობით შიშველია და არაფერს მალავს. ჩემი კანის უჯრედები სათითაოდ გრძნობენ მას და ვხვდები რომ ერთადერთი არ ვარ, ვისაც სტკივა. ჩვენ, ყველა ჩვენ წილ დარდს ვატარებთ მხრებით და სანამ არ დავიღლებით, იქამდე მოგვიწევს ასე ვიყოთ. როცა მხრებს ტარება აღარ შეეძლებათ, აღარც შენ იქნები. იქამდე თვალები აუცილებლად გაგყიდიან. ოღონდ ამას მხოლოდ შენი ადამიანი დაინახავს და იცნობს. თუ ყველამ იცის როგორ ხარ, მაშინ შენს არსებობასაც რა აზრი აქვს?! *** ზაფხულის მეორე თვეა და დედას გარეშე გატარებული ორმოცი დღეც სწრაფად გადის. სასაფლაოზე მე, დუდა, ნუკი და დიდი თინა ვართ. არავისთვის მითხოვია ჩემ ნაცვლად ისევ ეტირათ. მხოლოდ ჩვენ ოთხნიც ვყოფნით. თინას თითქმის აღარ შეუძლია. სიბერე ახლა უფრო ეტყობა. ალბათ, ნატოს არყოფნამ მას დაასვა ყველაზე დიდი დაღი. მე ვეჩვევი, მაგრამ ისევ უწინდებურად მენატრება ლურჯი სახლი, მე და ნატო. ნატო, რომელმაც ვერ მოასწრო "გაყინულის" ყურება. ამ ბოლოს "ზღვის წითელ ურჩხულს" ვუყურე. განცვიფრდებოდა, რომ ენახა იმ პატარა გოგონას სიმამაცე. რამდენ რამეს ვერ ვუყურეთ, დედა?! ______ - ნუკი, შენ უნდა დამეხმარო. - ტუნას სიახლოვეს მდგარი დუდა რამდენიმე ნაბიჯით უკან იხევს და გოგოს გვერდით უდგება. - მე? შენ? ასი წელი არც იფიქრო... - უარზეა ციდა. - კარგი, ჰო, მხოლოდ მისი ხათრით. ვხედავ, რაც ხდება. ბრმა არ ვარ და იცოდე, რომ აწყენინო, შენს დამტვრეულ კბილებს შენივე დატეხილი ხელებით აგაკრეფინებ! - თვალებით ტუნასკენ ანიშნებს, თავის ხასიათსაც არ კარგავს და კვლავ იმუქრება მეგობრისთვის სულისგამყიდველი ციდა. - ვიცი, ვიცი... მომისმინე, ტუნასთან სალაპარაკო მაქვს, ხო ხვდები... აქვე მინდა. ამაზე უკეთეს ადგილს მე ვერ ვიპოვი, თან არც მაგდენად რომანტიკული ვარ. დამეხმარები? - დაგეხმარები, ჰო. ჩემს თვალში მაინც თავხედ ოკუპანტად დარჩები! მხოლოდ მისი ხათრით თუ გაპატიებ ასე ხუთ წელში, იქამდე ჩანგალი სულ თან დამაქვს, იცოდე. - შენგან მხოლოდ ის მინდა, რომ ტუნასთან მარტო დავრჩე. თუ პრობლემა არ იქნება... - ნუ მიხსნი ამდენს, ვეტყვი თინას, რომ წავიდეთ. სხვათა შორის, თინას ადრე კუდიანს ეძახდნენ და ჩემზე უკეთ გრძნობს რაღაცებს. - ვა, მართლა? ანუ კიდევ ბევრი რამ უნდა ვიცოდე. ჰოდა, მეც მაგის პირობა უნდა ავიღო ტუნასგან. - დღეს რთული დღე აქვს... - თვითონ აგრძელებს ახსნას ნუკი. - ვიცი, ციდა, არ გინდა, ყველაფერი ვიცი. ______ - ტუნა, მე და თინა ბებო წავალთ, სახლში დაგელოდებით. მითხრა ცოტა შეუძლოდ ვარო, ხო არ არის პრობლემა? შენთან დუდა დარჩება. - არა, არა, მიდით. მიმიხედე თინიკოს. რამდენიმე საათიც და მეც მოვალ. - ორივეს ჩახუტებით ვუშვებ და ნატოს სითბოსაც მე ვატან თინას. თან ვკოცნი. ვაიმედებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ შეეშინდეს. ______ ისევ ჩვენ ორნი ვრჩებით. დუდა ჩემთან ახლოს მოდის. ცოტა მძიმედ სუნთქავს და ფიქრობს. - ტუნა, - იწყებს. მე ისედაც ვიცი რატომ ვართ აქ მხოლოდ ჩვენ ორნი, თან დედას თვალწინ. მეღიმება მის ნერვიულობაზე. - ბევრი დღე გავლიეთ ერთად და ამ დღეების მერე შენთვის რაღაც მაქვს სათქმელი. შენი ქინძისთავი აქაც თან მაქვს. - ჰო, დუდა, აქ ვარ. - გინდა ზღაპრები და ლექსები ერთად გადავიმეოროთ ყოველ ღამით, ტუნა? - მინდა, ძალიან მინდა ახალი ზღაპარი მოვიგონოთ ჩვენი ფერებით. მოგიყვები ჩემი და ნატოს ლურჯი სახლის ისტორიასაც. - მივალთ, უეჭველად მივალთ მაქამდეც. მეხუტება და ცრემლები მომდის, ისე მავსებს მისი სიძლიერე. დედას გარეშე მაინც არ ხდება არაფერი. ნეტავ, კიდევ რამდენჯერ უნდა დავაცხო ფუნთუშები? ალბათ, ვერ დავთვლი. და კიდევ - ნუკი მაინც არ გვტოვებს. ტელეფონზე მის მონაწერს ერთად ვკითხულობთ. "მაგ ოკუპანტს უთხარი, ძალიანაც ნუ შეგეჩვევა. მე უფრო დიდი ხანია გიცნობ და მიყვარხარ. გაკოცე." ______ "გარეთ ქარი ზღაპარს ყვება და დევები მთებში წვანან..." მეძინება. სიზმარში დედას ვნახულობ. ბედნიერია და ტირის, ისევ თმებზე მეფერება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.