ელფთა სამეფო: შავი ჯადოქარი - თავი მეთორმეტე - დამშვიდობება
უეცარმა შუქმა არლონდირს თვალი მოსჭრა. არ იცოდა რამდენ ხანს იყვნენ სახლში, მაგრამ მოეჩვენა, რომ ეს ყველაფერი ერთი გრძელი სიზმარი იყო და მას შემდეგ საკმაოდ დიდმა ხანმა განვლო. მათ გარშემო ელფები გაჩნდნენ და ათას კითხვას უსვამდნენ, ზოგიერთი ათვალიერებდა - რამე ხომ არ დაშავებოდათ, ზოგი კი წყალს აწვდიდა. ერონიდასმა ყველას გაუღიმა და ბოლოს თქვა: - არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავით შიგნით, მაგრამ ერთი კი ცხადია - საჰარლას, მეგობარო, ჩვენი მოგზაურობის ბოლო ნაწილში შენ შეცდი. როგორც ხედავ, მე და არლონდირი კარგად ვართ და არაფერიც არ დაგვშავებია, - და გაიცინა. ერონიდასს მალევე მის უსაფრთხოებაში დარწმუნებული ელფებიც აყვნენ. ამ სიცილსა და მხიარულებაში არლონდირს რაღაც გულს უღრღნიდა. მან თვალი მოავლო იქაურობას, რომელიც მათი წასვლის შემდეგ საკმაოდ განათებული ეჩვენა და იპოვა ის, ვისაც ასე გამალებით ეძებდა. ქერათმიანი, კოხტა ელფი ჰარნოფილდს ნაზად ეფერებოდა და ელფურად უმღეროდა. მასთან ერთად იდგა მისი განუყრელი მსახური ლაქმანი, რომელიც თვალებგაბრწყინებული შესცქეროდა თავის ბატონს და სიხარულს ვერ იოკებდა. არლონდირი სერვერალდთან მივიდა და მისი ნარნარა ხმა ახლოდან გაიგონა. მისი სიმღერა ისე საამურად ჟღერდა, რომ არლონდირმა ღიმილი ვერ შეიკავა და თვალზე ცრემლი მოადგა. სერვერალდი ისე იყო მღერით გართული, რომ უფლისწულის მოსვლა არ გაუგია, სანამ სიმღერა არ დაასრულა და უკან არ მოიხედა. მისი დანახვისთანავე შეკრთა და თვალები გაუფართოვდა. გაოცებულმა პირი დააღო და არლონდირს მიაჩერდა. უეცრად ჰაერი სერვერალდის სიცილმა გაკვეთა. არლონდირმაც გაიცინა და მეგობარს გადაეხვია. ორივე გულიანად იცინოდა და ერთმანეთის ნახვით ტკბებოდა. ლაქმანმა ცხვირსახოცი ამოიღო და გრძნობამოძალებულმა საყვირივით ჩაბერა შიგ. ერონიდასი ამ მხიარულებაზე მათკენ წამოვიდა და, ბოლოს და ბოლოს, როცა მოცინრებმა გული მოიოხეს, მეფესაც მიაქციეს ყურადღება. სერვერალდი გაწითლდა და მეფეს მდაბლად დაუკრა თავი. ერონიდასმა მას მხარზე დაადო ხელი და, მისდა გასაოცრად და მოულოდნელად, ძლიერად მოეხვია. აწითლებული სერვერალდი ერთხანს ბუტბუტებდა: - მაპატიეთ... მაპატიეთ, მეფეო... მაპატიეთ... როგორც ჩანდა, ყველა ბედნიერი იყო. ისღა დარჩენოდათ, ტყიდან გასულიყვნენ. იმ ტყიდან, ასეთი საზარელი რომ ეჩვენათ თავიდან. ახლა კი, ამდენი ამბის შემდეგ, არლონდირს თითქოს ემძიმებოდა კიდეც ამ ადგილის დატოვება, თუმცა გულს ის მიუწევდა სახლისკენ, რომ შინ დედამისი ელოდა და, რასაკვირველია, ძალიან ღელავდა მათზე. - რადგან ყველაფერი ასე ბედნიერად დამთავრდა, დროა ავიკაზმოთ და გზას გავუდგეთ, - თქვა ერონიდასმა. წასასვლელად მზად იყვნენ. სერვერალდს ცხენი მისცეს. მის უწინდელ მხედარს ქვეითად მოუწევდა სიარული, სამაგიეროდ ტყის შესასვლელში ელფები და ცხენები ელოდნენ. არლონდირი ცხენზე ამხედრდა და იქაურობას თვალი მოავლო. როგორც ჩანდა, დროის დინება აქ გავლენას კარგავდა, რადგან ისეთივე სინათლე იყო, როგორიც მოსვლისას დახვდა. რაზმი უკვე გადიოდა, როცა არლონდირს თითქოს მოეჩვენა, რომ მისი ამაყი, სასტიკი, ლამაზი ჰასიკი უთვალთვალებდა თავისი გამჭოლი მზერით. ალბათ, გოლიათისვის ჩაეგონებინა, რომ ტყიდან გაეცილებინა, რადგან მათი წასვლის წინ, გოლიათი ალფი წამოდგა და რაზმის წინ მეთაურივით დადგა. როგორც ჩანდა, ეს მასპინძლის უკანასკნელი ბრძანება იყო. ელფები ისევ მსგავსად ჩამწკრივდნენ და ხეებში შეაბიჯეს. უკვე აღარაფრის ეშინოდათ, თუმცა ხმაურს ერიდებოდნენ, რათა ტყის სიმშვიდე არ დაერღვიათ. მალე ისევ ნისლი ჩამოწვა, მაგრამ არლონდირი მას აღარ უფრთხოდა და მტკიცედ მიაჭენებდა. უნდოდა ყველაფერი გამოეკითხა სერვერალდისთვის, რომელიც მის უკან მოდიოდა, მაგრამ იცოდა, რომ ბოლოს მაინც ყველაფერს დაწვრილებით გაიგებდა, ამიტომ მოთმინება მოიკრიბა. უცაბედად უკან მოიხედა და აღმოაჩინა, რომ მთელი გზა ხეებით იყო დაფარული. არც სახლის კვალი ჩანდა და აღარც - ხეობის, თუმცაღა ეს აღარ გაკვირვებია და სასიამოვნოდ ჩაიღიმა. სვლა ამჯერად ნაკლებად მომქანცველი გამოდგა. ბურუსი კი იწვა, მაგრამ არლონდირს აღარაფრის შიში არ ჰქონდა. მთელი გზა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს უთვალთვალებდნენ, მაგრამ ეს თვალთვალი ისეთი კი არ იყო, როგორიც პირველ ჯერზე, არამედ ისეთი, თითქოს ვიღაც მათ გზას უკვალავდა და იფარავდა. დროდადრო გრილი ნიავი უბერავდა და არლონდირს სახეში ელამუნებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ტყის საზღვარს მიაღწიეს. აქ მათ გოლიათი გამოემშვიდობა და უკან ტყეში შეაბოტა. მეფე თავისი ამალითურთ ტყიდან გავიდა და დღის სინათლეს შეეგება. მზე მაღლა მიიწევდა და ირგვლივ აისის წითელ სხივებს აფრქვევდა. ელფები, რომლებიც ტყის შემოსასვლელში დაეტოვებინათ, მათ გამოჩენაზე ფეხზე წამოხტნენ და სიხარულით შეეგებნენ. ყველას ძალიან აინტერესებდა მეფის, უფლისწულისა და სერვერალდის თავს გადამხდარი ამბავი, მაგრამ მეფემ გადაჭრით იუარა და განაცხადა, რომ სანამ წასახემსებლად არ დაბანაკდებოდნენ, არაფერს მოყვებოდნენ. დიდიხნის ჭენების შემდეგ, როგორც იქნა, ერონიდასმა დაბანაკების განკარგულება გასცა. ტყეს უკვე კარგა მანძილით გაშორებოდნენ და ახლა ყველაფერს მზის მწველი სხივები აჩახჩახებდა. მაინც მოახერხეს ჩრდილის გამოძებნა უზარმაზარი ცაცხვების ქვეშ. იქვე, შორიახლოს პატარა ნაკადულიც მიედინებოდა. ამაზე უკეთეს ადგილს ვერც ინატრებდნენ. თვითონაც მოისვენებდნენ და ცხენებსაც გადაავლებდნენ წყალს. ერონიდასს უკვირდა, რომ წინა გზაზე ეს პატარა მდელო არ შეუნიშნავს და თავს იმით იიმედებდა, რომ ჯადოქარმა მოწყალება გაიღო და მათთვის ზედგამოჭრილი მოსასვენებელი მოაწყო. - „მაგრამ როგორ?“ - გულში ფიქრობდა ერონიდასი. - ვხედავ, ეჭვებს შეუპყრიხართ, მეფეო, - ფიქრებში თავს სერვერალდი წასდგომოდა. - ახლა ვფიქრობ, ეს ადგილი მოსვლისას არ შემხვედრია. ცოტა კი მაეჭვებს, - მიუგო ჩაფიქრებულმა მეფემ. - მეფეო, თქვენ ხომ სტუმრად ქვეყნიერების უდიდეს ჯადოქართან, თვით ჯადოქრობის ფუძემდებელთან იყავით. ნუთუ დაგავიწყდათ? - მორიდებით შეაპარა სერვერალდმა და თავაზიანად გაუღიმა. - როგორც ჩანს, მისგან ბევრი რამ გისწავლია, ვხედავ, - გაუღიმა ერონიდასმაც. - ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, მეფეო. ამ ორი დღის განმავლობაში აქამდე მიუწვდომელს ვეზიარე, - თავი ჩაქინდრა სერვერალდმა, თითქოს მოგონებებს მიეცა. - ამას ახლავე გავიგებთ, სერვერალდ. წამოდი, ცოტა წავიხემსოთ და მერე შენს ამბავს მოვისმენთ, - ერონიდასმა მხარზე დაადო ხელი და წაუძღვა სუფრისკენ, რომელიც უკვე იშლებოდა. - იცით, ელფური საჭმელი თითქმის გადამავიწყდა, - გზად ეუბნებოდა სერვერალდი, - ქალბატონი ისეთი ნუგბრით მიმასპინძლდებოდა! ელფური არ იყო, მაგრამ რაღაცით მაინც წააგავდა. უცნაური კი იყო, ერთი ლუკმის მეტს ვეღარ ვჭამდი, იმდენად ნოყიერი იყო. საკვირველია, რეცეპტი როგორ ვერ გამოვართვი? - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა და გარშემომყოფებს ღიმილი მიჰგვარა. ელფები ბალახზე მოთავსდნენ მას მერე, რაც ცხენები ცივი წყლით გააგრილეს და საბალახოდ მიუშვეს. არლონდირს საჭმელი ძალიან გემრიელი ეჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ მოხარშული ბოსტნეული უკვე გაცივებული იყო, ფუნთუშები კი - გამაგრებული. მაინც მადიანად და გემრიელად წაიხემსა. ბოლოს, როცა ყველა დანაყრდა, ამბების მოყოლის ჯერიც დადგა. ჯერ სერვერალდმა დაიწყო. თხრობას იქიდან შეუდგა, როდესაც თავისი სასახლე დატოვა და გეზი ნისლიანი ტყისკენ აიღო. ლაქმანი დროდადრო ნერვიულად ამოისლუკუნებდა და „ბატონო, საბრალო ბატონოს“ მიაყოლებდა. სერვერალდი სახლიდან ცხენით წამოსულა და პირდაპირ ტყისკენ აეღო გეზი, მიმართულებას კი კარნახობდა თავისი ძველი მოგონება, რომლითაც ოდესღაც აღმოჩნდა ტყეში. გზაში ბნელოდა და მთვარე სუსტად ანათებდა, ამიტომ კარგად ვერ ხედავდა და თავის ინსტინტქტებს ეყრდნობოდა. სიბნელემ, დაუსრულებელმა ჭენებამ და განუწყვეტელმა დეზების კვრამ ცხენი ჭკუიდან შეშალა და უეცრად აიყალყა. სერვერალდმა თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა, ხოლო ცხენი, შეშინებული და დამფრთხალი, სადღაც გადაიკარგა. უცხენოდ დარჩენილ სერვერალდს ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გული უგრძნობდა, რომ მიზანთან ახლოს იყო. მიუხედავად ამისა, ძალიან დიდხანს იარა. დაღლილობისგან ფეხები ეკვეთებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, თვალუწვდენელ ხეთა რიგებს მიადგა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მაგრამ უკან დახევას არ აპირებდა. ტყეში შევიდა თუ არა, ბურუსში ამოჰყო თავი. მარტოდმარტომ, დაღლილ-დაქანცულმა და მშიერ-მწყურვალმა კიდევ დიდხანს იარა ამ დაუსრულებელ ნისლში. უეცრად გაიგონა, როგორ ეძახდა ვიღაც მომაჯადოებელი ხმით და ამ ხმას გაჰყვა. როცა ძახილი შეწყდა, ბურუსიდან მოსასხამიანი ფიგურა გამოვიდა და მის წინ დადგა. სერვერალდს მუხლი მოეკვეთა და ძირს დაეცა, რადგან ახლადმოსული უზარმაზარ ძალასა და მრისხანებას ფლობდა. ამას ცხადად შეიგრძნობდა მთელი არსებით, მაგრამ, რატომღაც მისი არ ეშინოდა. უკანასკნელი, რასაც თვალი მოჰკრა, წყვდიადიან მომზირალი ორი ცეცხლივით აკვესებული შავი წერტილი იყო. როცა გონს მოვიდა და გამოფხიზლდა, აღმოაჩინა, რომ ვიღაცის მზრუნველ ხელს საწოლში დაეწვინა და მისთვის ტანსაცმელი გამოეცვალა. ცარიელ ოთახში იწვა, სადაც მხოლოდ თავისი ლოგინი და პატარა ხის მაგიდა იდგა, რომელზეც დოქი, თასი და კიდევ უცნაური ბალახები ელაგა, რომელთაც საამო სურნელი ჰქონდათ. ოთახში ერთადერთი სინათლე ჩირაღდნიდან მოდიოდა. არც სარკმელი ჩანდა სადმე და არც - კარი. სერვერალდი წამოდგა და ნახა, რომ შავი სიფრიფანა პერანგი ემოსა. თვალით მოიძია თავისი ტანსაცმელი, მაგრამ ამაოდ. ამ დროს სადღაც კარი გაიღო და მის წინ ის უცნობი მოსასხამიანი წარსდგა. სერვერალდს ისევ ყინულივით დაუარა გრძნობამ, რომ მის წინაშე ძლევამოსილი პიროვნება იდგა, მაგრამ სიტყვა ვერ შეჰბედა. უცნობმა ასტრონომი ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და მერეღა წარუდგინა თავი. სერვერალდი პირქვე დაემხო და პატიება სთხოვა. ჰასიკიმ კი გაიცინა და მოსასხამი გაიხადა. ამ დროს სერვერალდი თხრობისას გაჩუმდა და თვალებში ნაპერწკალი აუთამაშდა. ერთი ამოიოხრა და ეცადა ნანახი აეწერა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა. მხოლოდ ცოტა ხნის მდუმარებისა და იმ წუთებში განცდილი გრძნობების შეგრძნების შემდეგ განაგრძო მოყოლა. ჰასიკის მის თვალებში ამოუკითხავს მისი სადარდებელი და იქ მისვლის მიზეზი. თითქოს გონებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. მსგავსი რამ ხომ არლონდირმაც შეიგრძნო. ჯადოქარს სერვერალდისთვის უცნაური, მაგრამ ძალზედ საინტერესო ამბები მოუყოლია. თურმე, საერთოდ არ ყოფილა მისთვის ისეთი, როგორც მასზე ამბობდნენ. უბრალოდ, მრავალწლიან მარტოობასა და ყველასაგან იდუმალად ცხოვრებას მისთვის დაღი დაემჩნია და ცივი და სასტიკი გაეხადა. აღმოჩნდა, რომ ასტრონომის გზადაკარგული, დამფრთხალი ცხენიც ჯადოქარს შეეფარებინა და იმ დროში სრულიად შეცვლილი გამხდარიყო. სერვერალდი დიდი სიხარულით ეხმარებოდა საქმეებში: ცხოველებს უვლიდა და აპურებდა, ტყეში დადიოდა სოკოებისა და ბალახების მოსატანად. ჯადოქარი კი, თავისმხრივ, ცოტ-ცოტა ჯადოქრობას ასწავლიდა. მათ შეეძლოთ დაუსრულებლად ესაუბრათ ასტრონომიაზე, ვარსკვლავებზე, მთვარეზე, მზესა და ყველაფერზე, რაც კი ამქვეყნად არსებობდა. სერვერალდს ისე ბენდიერად არასდროს უგრძვნია თავი, როგორც იმ ორი დღის განმავლობაში. მზად იყო, მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ამ ჰასიკისთვის შეეწირა. - და ამ დროს თქვენც გამოჩნდით, - თქვა ასტრონომმა დაღონებით, - და ქალბატონმა მომახსენა, რომ ძალიან მოგინდებოდათ, როგორც თვითონ თქვა - ჩემი ტყვეობიდან დახსნა. ამიტომ მიბრძანა, თქვენთან ერთად წამოვსულიყავი. ძალიან მიმძიმდა მისი დატოვება, მაგრამ ეს მისი უკანასკნელი ბრძანება იყო და მეც უსიტყვოდ, თუმცაღა ცრემლების სანაცვლოდ, დავმორჩილდი. ჩემი ცხენი მას დავუტოვე, მადლიერების ნიშნად და ჩემს სამახსოვროდ. ბოლოს, შუბლზე მაკოცა და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ. მას მერე აღარ მინახავს. სერვერალდმა მოყოლა დაასრულა. ყველა გაცვიფრებით შეჰყურებდა და სახეზე აღტაცება ეწერათ. სიჩუმე მეფემ დაარღვია: - და მაინც, რა იყო შენი წასვლის მიზეზი, სერვერალდ? ასტრონომმა ამოიოხრა, თითქოს უმძიმდა პასუხის გაცემა. - ამის მიზეზი, - თქვა მან, - ვგონებ, ჩემი უგუნური საქციელი იყო. თავს დამნაშავედ ვგრძნობდი იმაში, რომ არ გაგიმხილეთ ის, რაც ვიცოდი. ამიტომ, გადავწყვიტე, საკუთარი თავი თავად დამესაჯა, რადგან თქვენ შემიწყალეთ. და ტყეში წავედი. მინდოდა საშინელი აღსასრული მეპოვა და იქიდან არასდროს დავბრუნებულიყავი, მაგრამ ყველაფერი პირიქით წარიმართა. ცოტა ხანში სერვერალდს ყოველი მხრიდან კითხვები დააყარეს. ასტრონომი ყველას მორჩილად პასუხობდა. ბოლოს, როცა სერვერალდის ისტორია ამოიწურა, ელფები ერონიდასს და არლონდირს მიაჩერდნენ ინტერესით. ჯერ კიდევ უჭირდათ იმის გააზრება და დაჯერება, რომ ასტრონომის მონაყოლი და ჯადოქრის იერსახე მათ მიერ ნანახს შეესაბამებოდა. ერონიდასმა დინჯად და მშვიდად დაიწყო თხრობა. ის ადგილი, როდესაც ჯადოქარმა დამამცირებელი სიტყვებით მიმართა, განზრახ გამოტოვა და შეამოკლა. მხოლოდ ჯადოქრის ისტორია მოჰყვა სიტყვასიტყვით, როგორც გაიგონა. ერონიდასი შიგა და შიგ წყვეტდა მოყოლას და ამ დროს არლონდირი აგრძელებდა. მათი ამბავი, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან გაიწელა. მოწიწებით, მაგრამ დიდი ცნობისმოყვარეობით უამრავი კითხვა დაუსვეს. არლონდირმა, თავისდა გასაკვირად, გაიგო, რომ სახლში მხოლოდ ორიოდ საათი დაეყოთ, მაშინ, როცა ეგონა, რომ მათი იქ ყოფნიდან უკვე დღეები იწურებოდა, მაგრამ ერთი რამ არლონდირს მაინც არ აძლევდა მოსვენებას - დროის მსვლელობა. როდესაც ტყეში შევიდნენ, მზე უკვე ჩადიოდა, მაგრამ როცა სახლამდე, ანუ ტყის შუაგულამდე, მიაღწიეს, ცაზე მთვარე იწვერებოდა, თან სავსე. მთვარე კი, წესით, უკვე სამიოდ დღეში უნდა ავსებულიყო. ცოტა ხანში მეფემ აბარგების ბრძანება გასცა. მალევე მოემზადნენ. დასვენებულ-დანაყრებული ცხენებიც, ეტყობოდათ, კარგ გუნებაზე იყვნენ და პატრონებს ელაქუცებოდნენ. დარჩენილი ხელუხლებელი საკვები, რომელიც ცოტაღა დარჩათ, იქვე, ცაცხვებქვეშ მოაგროვეს და დატოვეს, რადგან, საჰარლასის თქმით, ამ გზით ხშირად მოხეტიალე ადამიანები გადაადგილდებოდნენ და ტვირთის საზიდად იყენებდნენ. მათარები ნაკადულის ცივი წყლით აავსეს და ცხენებზე ამხედრდნენ. არლონდირს მთელი გზა თავისი ფიქრები უღრღნიდა გულს. სერვერალდმა, რომელიც მის გვერდით მოდიოდა, შეამჩნია მისი წუხილი და აღელვებით ჰკითხა: - რა გაწუხებთ, უფლისწულო? გონება ამღვრეული გაქვთ. - სერვერალდ, - ფიქრებიდან გამორკვეულმა უეცრად გახედა ელფს, - იცი, ერთი რამ არ მაძლევს მოსვენებას. გუშინ როცა ტყეს მივაღწიეთ დაისი იყო, მაგრამ ტყეში შესვლის შემდგომ აღმოჩნდა, რომ სავსე მთვარე ამოწვერილიყო! არადა, მთვარის ასავსებად... - ჩემო ძვირფასო უფლისწულო, - ღიმილით მიმართა ასტრონომმა, - ქალბატონთან ყოფნის ამ მცირე დროში საკმაოდ ბევრი რამ ვისწავლე. ტყეში მთვარეს ავსება არ სჭირდება, რადგან იქ სულ სავსე მთვარეა. დღისით, მზისით, იქ მუდამ სავსე მთვარე ბატონობს ცის კაბადონზე. არლონდირმა გაოცებით შეხედა ახალგაზრდა ასტრონომს, რომელიც ბოლო შეხვედრის შემდეგ, მართლაც შეცვლილი ეჩვენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.