მე ვარ სიზმარი (სრულად)
ვუძღვნი მას, ვისაც უჩემოდ გაღიმებაც არ შეუძლია. პროლოგი დიდხანს იდგა ჩემი მეგობარი სარკის წინ, მაგრამ მასში ვერაფერი განსაკუთრებული რომ ვერ დაინახა, იმედგაცრუებულმა აქცია ზურგი საკუთარ თავს და მე შემომხედა. -როგორი ლამაზი ხარ! -განა რა არის სილამაზე?-დავინტერესდი ბრაზმორეული. -სილამაზე შენი თმაა, ტუჩები, ცხვირი, თვალები!-წარმოსთქვა პათოსით. რა უნდა მეპასუხა? მადლობა? ანდა, იქნებ გულწრფელად მეღიარა მასთან, რომ სულელი იყო. სულელი და ბრმა. არ ცდილობდა საკუთარ თავში დაენახა ის, რასაც ასე გამალებით ეძიებდა ჩემში, მე კი, გულხელდაკრეფილი ვაცდიდი სხვას, ჩემი წილი საქმე თავად ეკეთებინა. მერე გადადგნენ თბილი დღეები. ირგვლივ არსებული მყუდროების საბურველი ნელ-ნელა შემომეცალა. თითქოს დრო აჩქარდა, აჩქარდა ხალხიც, მანქანები, მეტროები. აჩქარდნენ ამინდებიც, ნიავიც უფრო სწრაფად ქროდა, სწრაფად წვიმდა, სწრაფად გამოიდარებდა და ჩაესვენებოდა ხოლმე მზე შორეულ დასავლეთში. სად გარბოდნენ წუთები ასე გამალებით... მზერის შევლებასაც ვერ მოვასწრებდი, ისე მენაცვლებოდა თვალწინ დღე-ღამე. და წელიწადის ყველაზე ცივ დღეს, როცა არც წვიმდა და არც თოვდა, როცა ცა უკანასკნელ მგლოვიარე ქალწულს წააგავდა, იმ ჩემმა ულამაზოდ ლამაზმა მეგობარმა თავი მოიკლა. მომიჯდა გვერდით ლამაზი დედამისი და უხმო ცრემლის ღვრაში გაატარა მთელი საღამო. დამიდგა გვერდით მისი ლამაზი ძმა და შეეცადა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად და შეუმჩნევლად შეემშრალებინა. ნიჩბით აიღო შავი მიწა ლამაზმა მამამისმა და წარბშეკრულმა დააყარა სამარეს. ჩემო საბრალო მეგობარო, რატომ აღარ იღიმოდი ბოლო დროს? რატომ ვეღარ განუგეშებდა ჩემი ტკბილი შეგონებები? სიტყვა მაინც დაგეძრა, წერილი მაინც დაგეტოვა, მზერა მაინც არ აგერიდებინა ჩემთვის, იქნებ მათში მაინც ამომეცნო დახმარების ვედრება. შენ ხომ არასოდეს გეთაკილებოდა სხვის გამოწვდილ ხელს ჩასჭიდებოდი. ჩამოვუშვი მხრები, მერე ზურგს უკან ვიღაც ამომიდგა, წელზე ხელი დამადო და მითხრა, ბეჭებში გაიშალეო. მივიხედე და შევეცადე მისთვის მიმებაძა. მომინდა მის მსგავსად ძალა და სიმტკიცე გამომეხატა ერთი გამოხედვითა და ერთი სიტყვით. გამიღიმა მაღალმა კაცმა და წინ მიბიძგა. სურდა დაცულად და უსაფრთხოდ დავეგულე, თუმცა ქვიშასავით ერთიანად ჩამოიშალა. რადგან ქარიშხალი თავად აღმოვჩნდი. თავი 1 ამინდი უღიმღამო, ხალხი ნაცრისფერი, სამარე უკუნივით ბნელი. როცა მუჭში მოვიქციე ჯერაც სველი მიწა და კუბოს თავზე მიმოვაბნიე, მივხვდი რომ ეს აქტი იქნებოდა ჩვენ შორის უკანასკნელი. მისი გამოსამშვიდობებელი კოცნასავით, ჩახუტებასავით მძიმე და მტანჯველად ხანგრძლივი იყო ჩემი დამშვიდობებაც. დედამისი ძლივს გაარიდეს მიწამიყრილ საფლავს-აქ სად დავტოვო ჩემი შვილიო.-სულგამწარებული ხმამაღლა ჰკიოდა. აი მე კი მართლა ვერ წავედი. ადგილიდან ვერ დავიძარი, ფეხები მიმეყინა, ანდამატივით მიმიზიდა მისმა სამუდამო განსასვენებელმა. თვალმოუშორებლად ვდარაჯობდი, სანამ ყველა ჭირისუფალი არ გაიკრიფა და მერე, როგორც იქნა, მარტონი დავრჩით. მე და ნინელის გვიყვარდა ყველასა და ყველაფრისგან განმარტოება. მერეღა ავტირდი. ჯერ მშვიდად, უხმოდ იდინეს ცრემლებმა, ხმა ამოვუშვი და მივხვდი, რომ ვეღარ ვაიძულებდი თავს რეალობა არ დამენახა. იმ დღეს პირველად დავიტირე ერთადერთი მეგობარი. ჩამოვჯექი ქვით ნაშენ ღობეზე და სული მოვითქვი, დავდუმდი. მომაწვა კიდურებში მწველი აუტანლობა და სხეული დამიბუჟა. გამახსენდა მისი მომღიმარი სახე. მასთან გატარებული დრო. ვეღარასოდეს განმეორდებოდნენ მაშინდელი დღეები. ჩვენი მომავალი, რომელიც ოდესღაც ტრამალივით მშვენიერი და თვალუწვდენლად დიდი მეგონა, ვეღარასოდეს იარსებებდა; ოცნებებშიც კი. ისევ ვერ შევიკავე ქვითინი. სიცივისგან და დაუშრეტელი ცრემლისგან მოკანკალე მხრები ამტკივდა. სუნთქვა მეკვროდა. დაბინდული თვალებიდან ვეღარაფერს ვხედავდი. მტკიოდა ისე ყრუდ და ძლიერად, თითქოს ჩემი სულის მეორე ნაწილი მოეგლიჯათ და ხრამში გადაეგდოთ. თითებქვეშ წვას ვგრძნობდი. ციოდა, პირველი მარტი იდგა, მე კი მთელი სხეულით ვვარვარებდი. -გამიცივდები. -შემეშვი... ტიტე გვერდით მომიჯდა. ხმა აღარ გაუღია. არ ვიცი რას უყურადებდა ასე ჩუმად და მოთმინებით, ჩემი გულის შენელებულ ტემპის ხმას თუ საფლავის მდუმარებას. თითებში ათამაშებდა ხელჯოხის თავს. მომთმენი იყო და მშვიდი. ბოლოს ისევ მე წამოვიწყე. თითქოს თოვლიან ქარში გაფანტული უკანასკნელი სითბო ყოფილიყო ჩურჩულით წარმოთქმული ჩემი სიტყვები: -მას სიკვდილი არასოდეს სდომებია. მე კი ნება მივეცი გაეკეთებინა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა... ტიტემ მხოლოდ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად. -საკუთარ თავს როგორ უნდა ვაპატიო? -ყველაფერს ვერ დაინახავდი, ყველაფერს ვერ მოისმენდი, ვერ გაიგებდი. -მაინც, უნდა მეცადა... როგორი რთულიც არ უნდა ყოფილიყო...-ხმა გამიწყდა. თავი ხელებში ჩავრგე, უნებურად მის მხარს მივეყრდენი ღონემიხდილი. ბინდდებოდა. -დალი... ცივა... წამოდი.-ხელი მომხვია მხარზე. წამოდგა ტიტე, ხელჯოხს დაეყრდნო, მერე მკლავზე ხელი მომკიდა და წამომაყენა. მარტივად დავყევი მის ნებას, რადგან იმ წამებში, უცაბედად, მოულოდნელად რაღაც იმედისმომცემმა ფიქრმა გამიელვა. -ხელები სულ გაგყინვია. -უნდა გავიგო... -რა? -რატომ გააკეთა ეს ნინემ. -გამომყევი.-მიმიზიდა თავისკენ, სასაფლაოდან გამავალ ვიწრო ბილიკს გაუყვა. მივყევი. -ყველაფერი უნდა გავიგო. ეს იქნება ორივეს შვება, ეს იქნება ჩემი შეცდომის გამოსყიდვაც... -საერთოდ ხვდები რას ამბობ?-შემომიტრიალდა უცბად კაცი.- ნინე აღარ არის, მორჩა! ცუდად ხარ, სულ ცივი ხარ, ახლა ამაზე არ უნდა იფიქრო. -ნინეც იგივეს გააკეთებდა ჩემთვის...-ვბუტბუტებდი. ტიტემ გზა განაგრძო და თან გამიყოლა. უკან მივიხედე. ვშორდებოდი მეგობარს და ვშორდებოდი სანუკვარ მომავალს. სამუდამოდ გაიყარა გზები ორი პატარა გოგონასი, რომლებიც ოდესღაც ერთნაირ საქორწილო კაბასა და ვეებერთელა თაიგულზე ოცნებობდნენ. მანქანის სალონში სითბო მორიდებული მასპინძელივით დაბუდებულიყო. მეც შემრცხვა, როცა ჩემი კიდურები სიამოვნებისგან მოდუნდა და ვიცოდი, პარალელულად, ნინეს სხეული მარადიული სიცივისთვის იყო გამეტებული. ცხვირის წვერი ამიწვა შეკავებულმა ცრემლებმა, მაგრამ მუშტები შევკარი, თავს მოვერიე, ტიტეს გავხედე და ვთხოვე: -ნინელის სახლში მინდა. -დაღლილი ხარ.-მზრუნველობა გამოსჭვიოდა მისი მზერიდან. -გთხოვ. ძალა აღარ მაქ ვინმეს შევეწინააღმდეგო, უბრალოდ მის სიახლოვეს მინდა. სწრაფად გაარიდა მანქანა სასაფლაოს. საზურგეს მივყრდნობოდი და მთელი გზა მას მივჩერებოდი. ჩუმად მართავდა საჭეს. -მოხდა რამე?-გამომხედა წამით. -შენც რომ რამე დაგემართოს? -სისულელეა.-ჩაეცინა. სიმწრისგან თუ ირონიისგან, ვეღარ გავიგე. -მე არ ვარ ისეთი ვინმე, ვის დაკარგვაზეც უნდა ღელავდე. -ახლა ყველასი და ყველაფრის დაკარგვის მეშინია. სიკვდილს გემო გავუგე... სიჩუმემ დაისადგურა. მანქანა ორსართულიანი, აგურით ნაშენი, შეულესავი შენობის წინ გაჩერდა. მიყვარდა ამ სახლის გარე, ცარიელი, სხვებისთვის უღიმღამო ფასადი. მეორე სართულზე, ქუჩის მხარეს ერთი ფანჯარა გამოეჭრათ. იქ ნინელის საძინებელი იყო. აღარ გამოსჭვიოდა იქიდან თეთრი, კაშკაშა სინათლე. -ტიტე... -ჰო. -განა რატომ არ უნდა მეშინოდეს შენი დაკარგვის?-ხმა მიწყდებოდა, მხოლოდღა ვჩურჩულებდი. -მარტივად. არ ვარ შენთვის ძვირფასი. -ნინესთვის მნიშვნელოვანი ხალხი ჩემთვისაც მნიშვნელოვანია. -მუქარით ნათქვამს უფრო ჰგავდა, ვიდრე არსებულის მტკიცებას. -წამოდი შევიდეთ. -აღარაფერი უთქვამს. მანქანიდან გადავიდა. მივბაძე. როცა სახლის კარს გავუსწორდი, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. -დალი... ნუ გეშინია-ამომიდგა ზურგს უკან-ნინე ყველგანაა, არსად წასულა, მას ჩვენ ვაცოცხლებთ, შენ აცოცხლებ მისდამი სიყვარულითა და მოგონებებით. მსგავს სიტყვებს მზრუნველობით ვერ ეტყოდა კაცი ქალს, რომელიც არ უყვარს. ტიტემ კიდევ ერთხელ, ნებით თუ უნებლიეთ, შემახსენა, რომ ჩემგან განსხვავებით მისთვის ნამდვილად ძვირფასი ვიყავი, ყოველგვარი მესამე პირის ზეგავლენისა და ჩარევის გარეშე. იდგა კაცი და გარდაცვლილი ბიძაშვილის გლოვის ნაცვლად, მის მეგობარს ამხნევებდა. თუკი საერთოდ მეგობარი მერქვა მაშინ. ვერაფერი ვუპასუხე, მადლიანი მზერაც ვერ გავიმეტე, კარი შევაღე და სახლში შევედი. დუმდნენ მაღალი კედლები. მისაღებიდან გამოდიოდა სინათლე და ყრუ ტირილის ხმა. დერეფანს გავუყევი, მეორე სართულზე ავაბიჯე, ტიტე ჩამომრჩა. ნინეს საძინებლის კარი უჩვეულო ჭრიალით გაიღო. ზეპირად ვიცოდი ამ ოთახის თითოეული კუთხე-კუნჭული. უკუნეთივით სიბნელეს შევეგებე და საწოლს მივაშურე. მძიმედ დავწექი. საბნის ქვეშიდან ბალიში გამოვიღე და ჩავიხუტე. მძაფრმა ციტრუსის არომატმა გამაბრუა. ციოდა. თვალები დავხუჭე და ჩემი მკლავის ქვეშ ნინე წარმოვიდგინე. -ნუ გეშინია, აქ ვარ. -რატომ წახვედი ასე უარაფროდ? ერთად ბევრი რამ უნდა მოგვესწრო. -თვალები ამეწვა ცრემლებისგან. -ზოგჯერ არცოდნა უკეთესიცაა...-მშვიდად იღიმოდა ქალი. ეს იყო და ეს. ქვეცნობიერმა იმ ღამით მეტი ზმანება არ მიწყალობა. *** ორი ათას თვრამეტი წლის ივნისი იდგა. საღამოვდებოდა. მე და ნინელი ავტობუსის გაჩერებისკენ მივრბოდით. მთელი ძალით შემოგვეხვია ხელები მძიმე ზურგჩანთებისთვის და ოფლში გაწურულები ხმამაღალი ქოშინით მივაპობდით ვიწრო ქუჩებს. -მოსაკლავი ხარ! მოსაკლავი!-დავუყვირე გაგიჟებულმა. ძაღლების ყეფა შორიდან ისმოდა უკვე. ვცდილობდი ქვებისთვის არ წამომეკრა ფეხი. -რა ჩემი ბრალია თუ იმათ თავში იოტისოდენა ტვინის ნასახი არ აქვთ? ჩქარა! გაგვასწრებს! ნაბიჯს ავუჩქარეთ. ვეღარ ვსუნთქავდი, ატკიებულ ფეხებს უკვე ინსტიქტურად ვამოძრავებდი. ის-ის იყო, ავტობუსი დაიძრა, რომ ნინემ ორი ნაბიჯით გამასწრო და ავტობუსის უკანა, დახურულ კარზე მთელი ძალით დაჰკრა ხელი. გაგვიჩერეს. -მადლობა!-გაჰყვირა მძღოლს, როცა არაქათგამოცლილები მივესვენეთ სავარძლებზე. ხელებიდან ზურგჩანთა ჩამომიცურდა და ძირს ხმაურით დაეცა. -ვითომ მოგვაგნებს? სახლებში ხომ არ მოგვაკითხავს? -რა? ძაღლი ნინელი? აუ რა სულელი ხარ, სად მიდიოდი ვაფშე? -ქუჩაში ავადმყოფი ძაღლი დავინახე, მე რა ვიცოდი, საკბენად თუ გამოიწეოდა და მთელ უბანს აიყოლებდა.-თვალები დააკვესა აღშფოთებულმა. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვები ვიყავით. აბიტურიენტები. ავტობუსის ღია ფანჯრიდან გრილი ნიავი შემოდიოდა და ამწვარ სხეულზე გველამუნებოდა. -შენ შემიწირავ მე!-ამოვთქვი დაღლილმა. -აწი იცოდე, მასწავლებლების მერე, არავითარი ქუჩის ხეტიალები! ამ ავტობუსს რომ გაესწრო და მთელი ღამე ქუჩაში დარჩენილიყავი დედაშენს რა პასუხს გასცემდი? -დედაჩემი, დამიჯერე შენი ქუჩაში დატოვებისთვის უფრო მომთხოვდა პასუხს!-ანცი ღიმილით ჩამიკრა თვალი და ხელი გადამხვია, მხარზე მიმიკრა და ძლიერად ჩამეხუტა. დედა არასდროს მყოლია. არც ოჯახის რომელიმე წევრი. წლების განმავლობაში მამიდა მზრდიდა, რომელიც მოგვიანებით დაქორწინდა, მერე კი, როგორც საძულველმა სისხლით მოკავშირეებმა, ერთმანეთი სამუდამოდ დავივიწყეთ. მაგრამ მე ნინე მყავდა. და ის ყოველთვის საკმარისი იყო. ლოყაზე ძლიერად ვაკოცე. -ფუ! სულ ოფლიანი ხარ! -გაშმაგებით გავიწმინდე ტუჩები. -ნეტავ შენი თავი განახა! ვიღაცას ეგონება იმ ძაღლებმა მართლა გიკბინეს!-დამცინა. -ნუღა მახსენებ!-ავიქნიე ხელი და პეიზაჟებს დავუწყე თვალიერება. როცა ჩვენი გაჩერება მოახლოვდა, სავარძლებიდან რის ვაი-ვაგლახით წამოვდექით. ერთი ჯოჯოხეთი აღმოჩნდა ფეხების გამართვა და წელში გასწორება. ავტობუსიდან ჩამოვედით და სახლისკენ გზას გავუდექით. -ნაყინი არ გინდა? -აუ არა, გზის ფული მჭირდება ხვალისთვის. ნუ, ახლა, თუ შენ მიყიდი... -ოხ შე აფერისტო! წამოეთრიე! -მომაძახა და ქუჩა სირბილით გადაკვეთა. უცბად ვერ გავინძერი. არ ვიცი რა მოხდა. მერე არ ვიცი რატომ, მაგრამ ის მომენტი შენელებული კადრით აღვიქვი, ამიტომ ყველაფერი დაწვრილებით დამამახსოვრდა. ის მირბოდა, ზურგჩანთა ცალ მხარზე გადაეკიდა, ტროტუარზე ახტა და შემოტრიალდა, გრძელი, ჩალისფერი თმა აუშრიალდა ჰაერში. პირი შეეღო, ღრმად სუნთქავდა. ჯერაც აწითლებულ ლოყებზე მისწებებოდა თმის ღერები. გამწყრალმა წარბები შეკრა, ხელი დამიქნია და თავისკენ მიხმო. ჩამავალი მზე უნათებდა სახეს. მე ვუყურებდი. ის მეძახდა. მერე ბავშვივით დააბაკუნა მიწაზე ფეხი. -დალი! გადმოეთრიე!-გაჰყვირა მთელი უბნის გასაგონად. აღმართი იყო, ამიტომ ჩვენ შორის წრაფად, ხმაურით ჩამომავალმა მანქანამ გამომაფხიზლა. -დალი!-დაიწიკვინა როგორც სჩვეოდა. მარჯვნივ გავიხედე, გზა ცარიელი იყო. ნელა გადავაბიჯე. -კარგად ხარ? მართლა ხომ არ გიკბინეს? დაგცოფეს?-მაკვირდებოდა ფეხებზე. -ახლა მე დაგცოფავ, შემო დროზე, ლალი დეიდას ვენტილატორი ექნება ჩართული, გავგრილდებით. დიდი ენთუზიაზმით ამოარჩია ორი ნაყინი. ის ვანილისაზე გიჟდებოდა, მე შოკოლადის მიყვარდა. სწრაფად გადათვალა ხურდა და გამყიდველს დაუდო წინ. მადლობაც არ დავიწყებია. მაღაზიიდან ნაყინის ჭამით გამოვედით. -ხვალ რახან კვირაა, ჩემთან გადმო, ვიმეცადინოთ.-შევთავაზე. -აუ არ ვიცი, ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის ამაღამ, ტიტე, ხო გახსოვს? - რა დამავიწყებს, მერე? -ხოდა დედაჩემმა დღეს საღამოს დაღლილი იქნებაო, ხვალ ჩვენთან დავპატიჟებთო, მოდი შენც, მგონი საჩუქრები ჩამომიტანა იმ ბედოვლათმა. -აბა რას ვიზამ! შენს წვალებას კი არ დავაკლდები! -აუუ! -გახსოვს, საქანელაზე ქანაობის რომ გეშინოდა და ტიტე ბოლო ხმაზე გაყვირებდა ხოლმე? -იმიტომ მოვაჭრევინე მამაჩემს ის ხე. მოიწმინდე შე საცოდაო ცხვირი, მე რომ დამცინი! მოგეთხვარა ნაყინით! -ჩავიდა უკვე ნახევრამდე ორივე, გავცვალოთ. ერთმანეთს საყვარელი ნაყინები გავუწოდეთ. ვანილის გემომ ყელი ჩამწვა. -ამ შოკოლადს როგორ ჭამ!-ამოიწუწუნა. -ყოველ ჯერზე მაგას როგორ მეკითხები? ან ეს რა ამბავია, ნაყინია თუ ვანილის ყინული! -გირჩევნია დროზე მიირთვა, ჩემი ძმა დაგვინახავს და დაიწყებს ჯღავილს მეც მინდაო. -ხოდა უყიდე ხოლმე მერე! -მერე შენ დამრჩები ნაყინის გარეშე. აუ რა მძიმეა ეს ჩანთა. მეზიზღება შაბათი, სამი რეპეტიტორი რა ამბავია? სწრაფად შენ კიდე! დალი!-შემოტრიალდა.-რა გჭირს დღეს? გამოადგი ფეხი! -ეგ ჩანთა ორივე მხარზე გადაიკიდე, თორემ შენს პაციენტებს კუზიანი ექიმი ეყოლებათ.-მის ნაბიჯებს ავუწყე ფეხი და ჩავკბიჩე ვანილის ნაყინი, რომელიც იმ დღის მერე ჩემთვის საძულველი აღარასოდეს ყოფილა. *** დილით ანაზდად გამომეღვიძა. ვიღაც ოთახის კარს აღებდა. თხელი საბანი მეფარა, გადავბრუნდი, ოთახიდან ტიტე გადიოდა. შემობრუნდა. -გაგაღვიძე? მომიახლოვდა. მძიმედ აყრდნობდა იატაკს ხელჯოხს. წამოვიწიე. -მოხდა რამე? -ლელა ცუდად გახდა. სასწრაფო იყო მოსული. -კარგადა?-წამოვდექი მაშინვე, თავბრუ დამეხვა. იდაყვში სწრაფად მტაცა ხელი კაცმა და უკან, საწოლისკენ მიბიძგა. -ფრთხილად. -რა დაემართა, რატომ არ გამაღვიძე. -შენც დაღლილი ხარ, დალი. კარგადაა, გადასხმა გაუეკეთეს. დაწყნარდი. - საწერი მაგიდის სკამი მოსწია თავისკენ, წინ დამიჯდა. ფეხები განზე გაშალა და მათ შორის მოიაქცია ჩემი მთრთოლვარე მუხლები. ხელჯოხი საწოლს მიაყრნდო. -ძილში შფოთავდი. -შენ დამაფარე? -დალი, შემომხედე.-შევხედე. ფანჯრიდან შემომავალი ბაცი, ცივი სინათლე ეღვრებოდა მის სახეს. ბოლო რამდენიმე დღის გამო წვერის გაპარსვა დავიწყებოდა და აღარ იყო ძველებურად მოწესრიგებული. თვალები ჩასწითლებოდა, ძილი სჭირდებოდა. -რომ დაიძინო, არ გინდა? -მოიცა-დამიჭირა როცა წამოვდექი. -დაჯექი, სად გარბიხარ. -რა გინდა ტიტე.-კინაღამ ამოვიტირე. -დავილაპარაკოთ.-ჩემი მაჯისთვის ხელი არ გაუშვია. უღონოდ ამოვიხვნეშე. -რა გინდა... კაცი ვერაფერს ამბობდა. ვხვდებოდი, სანუგეშებელ სიტყვებს ეძებდა, მაგრამ თავადაც მგლოვიარე, კრინტს ვერ ძრავდა. -ტიტე... -გთხოვ ასე ნუ ხარ, მარტო ნუ დარჩები, თუ ტირილი გინდა, იტირე... -მეც რომ მიყვარდე, ასე ცუდად არ ვიქნებოდი...-წამომცდა. ჩემს სიტყვებში გამორეული მეოცნებე ბგერები, მივხვდი, მასაც არ დარჩენია შეუმჩნეველი. ტიტეს სევდიანად გაეღიმა. მაჯაზე მოხვეული ხელი მაინც არ გამიშვა. -შენ მაგაზე ნუ ღელავ-ნაზად დამქაჩა თავისკენ, ჩამიხუტა.-შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს, სადაც არ უნდა იყო... შემოვხვიე ხელები კისერზე. თვალები დავხუჭე და შევეცადე სანატრელი სურნელი აღმექვა. რაიმე ახლობლური, სწორედ ისეთი, როგორც ნინეს ჰქონდა ოდესღაც, მაგრამ მამაკაცის ცივი არომატის გარდა ვერაფერი ვიგრძენი. წამით ვიფიქრე, ხელს შევუშვებდი და უემოციოდ კიდევ ერთხელ ჩამოვშორდებოდი, მაგრამ იმ დილით მეც მჭირდებოდა დასაყრდენი, რადგან ერთი უკვე აღარ მყავდა. *** -დალი. დალიი!-თვალწინ ხელი ამიქნია გოგონამ. -ჰა, რა? -გასაგებია, რომ ეს ლექტორი მოგწონს, მაგრამ მთელ აუდიტორიას კი ნუ გააგებინებ თუ შეიძლება, აკადემიურად მოქცევის წესები დაიცავი, ქალბატონო-გადმომჩურჩულა ნინემ. -შეხედე, ამას ნორმალურმა ქალმა როგორ უნდა მოაცილო თვალი? -გამიგიჟდები ასე, შვილო. ორი ათას ცხრამეტი წლის შემოდგომის სემესტრის დასაწყისი იყო. მეორე კურსს ვიწყებდით. ოთხმოცდახუთკაციანი აუდიტორია სიცხისგან სულს ღაფავდა. ფანჯრები შეეღოთ, მაგრამ სტუდენტების სიმრავლე და დაძაბული სააუდიტორიო განწყობა გრილი ნიავისგან მოგვრილ სიამოვნებას ვერაფრით მაგრძნობინებდა. -მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო, სანამ ახალი მასალის ახსნას დავიწყებ, მაინტერესებს თქვენი აზრი შეკითხვაზე: რა არის ადამიანის მთავარი დანიშნულება? მხოლოდ ქვედა იარუსებში მსხდარმა სტუდენტებმა ავიწიეთ ხელი. -თქვენ!-მიმართა ნინელის.-გისმენთ. -ვფიქრობ, სხვა ადამიანების დახმარებაა ჩვენი მთავარი მოწოდება და დანიშნულება. -და საბოლოო ჯამში, რა შედეგს მოგვცემს ეს? ლექტორი ჩვენკენ დაიძრა. გული ამიფრთხიალდა. ეს კაცი ჩვენი ამ უნივერსიტეტში მოსვლის დღიდანვე მომწონდა. -თუ ვინმეს დავეხმარებით, შეიძლება ის ადამიანი მოგვიანებით სხვას დაეხმაროს და ამ საერთო მხარდაჭერით სამყარო უფრო ჰუმანური და მშვიდობიანი გახდება... -მაგრამ, თუ გავიხსენებთ, ჩვენ, ყველა, წინა სემინარზე სამყაროების აღსასრულის თეორიის ჭეშმარიტებაზე შევთანხმდით. ნინემ თავი დაუქნია. -მაშინ რა აზრი აქვს მხარში დგომის, დახმარების, ჰუმანურობის და ამგვარი სხვა ქმედების პრაქტიკულ განხორციელებას, მითუმეტეს, ადამიანის მთავარ დანიშნულებად მიჩნევას, თუკი ჩვენ ყველა, ერთ დღესაც გავქრებით და აღარაფერი დარჩება კაცთა მოდგმიდან? -ჩემი ალტერნატივით უბრალოდ მალე არ გადავშენდებით. -გულ-ხელი დაიკრიფა ნინელიმ. კაცმა უკან დაიხია. ჩავიფხუკუნე. -ბოდიში დალი, მაგრამ ამ შენს გულისწორსს ვერცერთი თვალთახედვით ვერ აღვიქვამ ლექტორად.-გადმომჩურჩულა. ლექტორმა დაგვინახა: -თქვენ, ქალბატონო, თუ ჩემი მოსმენა არ გინდათ, კარი იცით სადაცაა! -მოუტრიალდა ნინელის. სახტად დავრჩი. -როგორც ჩანს, არც მას მოსწონს თავისი სტუდენტი. -ნინემ ჩანთა აიღო და ლექტორს მიმართა: -ვიცი ბატონო ჩემო, თვალდახუჭული გავაგნებ, განახოთ? გაბრაზდა, მიუხედავად ამისა, სიმშვიდე შეინარჩუნა და კარი მშვიდად დახურა ზურგს უკან. ამოვიხვნეშე და მეც წამოვდექი ჩანთიანად. -თქვენ საით? -მეგობარს ლექტორისადმი იმედგაცრუების გადასატანად მხარდაჭერა უნდა აღმოვუჩინო. უკაცრავად!-გავუღიმე რაც შეიძლებოდა ყალბად და ნინელის გავყევი. -ვიცოდი, რომ გამოხვიდოდი!-პირდაპირ კარის წინ დამხვდა, ხელკავი გამომიდო. -შეგეძლო არ გამოსულიყავი! -კიდევ ერთი საათი მის სიფათს ვერ ავიტანდი, კარგი რა! -არადა არ ჩანდა ეგეთი უჟმური.-ამოვიფრუტუნე იმედგაცრუებულმა. მას შემდეგ ნინემ კიდევ ბევრჯერ მოისმინა ჩემი გულისტკივილის ეპოპეა, სანამ იმ ლექტორის არათითზე ერთ მშვენიერ დღეს ოქროსფერმა რგოლმა არ გაიბრწყინა. -წამოდი, ტკბილო, ორი საათი შუალედი გვაქვს მეორე სემინარამდე, ერთი კარგად შევუბეროთ სადმე. მივწერ დანარჩენებსაც... მაკში შევედით. მან ორმაგი ჩიზბურგერი შეუკვეთა. ვერასოდეს ვხვდებოდი რა მოსწონდა ამ უგემურ, სწრაფი კვების საჭმელში. ცოტა ხანში ჯგუფელებიც შემოგვიერთდნენ. -გოგონებოო, რა ჩაატარეთ, გოგონებოო, ლამაზებოო, თვალმცინარნო!-შორიდანვე გამოხატა ერთ-ერთმა ოვაციები. -ნუ ლაზღანდარობ რატი, გეთაყვა!-აატრიალა ნინემ თვალები. მადიანად მიირთმევდა საჭმელს. -აუ დღევანდელი ლექციის კონსპექტები არავის გაქვთ წინასწარ გაკეთებული?-ამოიწუწუნა რომელიღაცამ. -მე მაინც ვერ გავიგე, ბოლოს რა თქვა, ადამიანს ადამიანი რისთვის სჭირდებაო? -რომ არ დაიკარგოს ამ ცხოვრებაშიო. ნინეს გაეცინა. -დღეს ამ კაცს რაღაც სჭირს უეჭველი, რა ადამიანის არსებობის და დანიშნულების ფილოსოფია აუტყდა? ყოფილიყო ნიცშე ცოცხალი... -მოიცა, კაცო, დალი, შენ რას ფიქრობ? -რაზე? -რისთვის სჭირდება ადამიანს ადამიანი? წამით დავფიქრდი: -ო, დალი, მეტად სერიოზული შეკითხვაა! -მაცალე რატი!-შევკარი შუბლი და ცივი ლატე მოვსვი.-ადამიანს ადამიანი გვერდით სჭირდება, რათა მუდმივად შეახსენონ, რომ კარგია. -და შენ რისთვის გჭირდები მე?-მოულოდნელად მომიტრიალდა ნინელი. და იმ წუთას ცხოვრებაში პირველად დავფიქრდი მისი არსებობის მნიშვნელობაზე. დავიბენი. -ვიღაცას პასუხი არ აქვს!-ინტრიგნულად წამოიძახა ერთ-ერთმა გოგომ. -მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ხალხო, დათოსთან კონსპექტები მართლა არავის გაქვთ? მოგვიანებით, როცა სახლისკენ მიმავალ აღმართს მივუყვებოდით, ნინე გავაჩერე. -მისმინე, წეღან ხო მკითხე რაღაც... -მერე?-გამიღიმა. არ იყო ნაწყენი. მის თვალებში ჩემდამი წყენა არასოდეს ჩანდა. -იმიტომ კი ვერ გიპასუხე, რომ პასუხი არ მქონდა. მთელი საღამოა მაგაზე ვფიქრობ... -და რას მიაკვლიე, ფილოსოფოსო?-გზა ნელა განაგრძო. ავუწყე ჩემი ნაბიჯები. -რაც თავი მახსოვს, სულ ჩემთან ხარ. არ მახსოვს სად ან როგორ გაგიცანი პირველად, როგორ დავმეგობრდით. მერე იმაზე ვიფიქრე, სად გადიოდა ზღვარი ჩვენ ორს შორის, როგორც მეგობრებს, როგორც ადამიანებს შორის... ვერაფერი ვიპოვე... -ჰა?-მართლა ვერ გაიგო. იმ მომენტში მეც ვერ ვიგებდი რას ვამბობდი. -ვგულისხმობ... არვიცი... შენ იმდენად ჩემი ხარ, იმდენად ჩემი ნაწილი ხარ, რომ შენი ვინაობის დადგენის საჭიროებას, თუნდაც შეკითხვის დასმით, ვერაფრით ვუშვებ გონებაში. -დალი...-გაჩერდა. მეც გავჩერდი. -უბრალოდ ვერ მოგიაზრებ ადამიანად, რომელიც მე რამეში მჭირდება. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც მეგობარი მარტოსულობის დასავიწყებლად უნდათ? შენ ეგეც კი არ ხარ ჩემთვის, იმდენად ახლო ხარ...-აღარ ვიცოდი სიტყვა როგორ გადამება, გულზე ხელი დავიდე და მისი ჩემთან სიახლოვე ამ ჟესტით ვანიშნე-ახლო ხარ, ყველანაირი მნიშვნელობის გარეშე და ამავე დროს ყველაზე მნიშვნელოვანი. ნინე ტიროდა. უხმოდ ჩამოსდიოდა ცრემლები. მეც ვტიროდი. ბინდდებოდა. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, მაგრამ მის სითბოს მაინც ვგრძნობდი. მერე ხელები მომხვია და ჩავეხუტეთ ერთმანეთს. მშვიდად ვიყავი. მაშინ ვერ ვიაზრებდი, მაგრამ ნინელის ყოფნა ჩემი სიმშვიდის გარანტია იყო. ჩემი სუნთქვის საწყისი. -სულელო, თქვი უბრალოდ რომ ჩემი სულის მეგობარი ხარო, რა მონოლოგი მომინდომე. -ამიჩეჩა თმები. -შემეშვი! -ნაყინი გინდა? -საოჯახოთი იყიდე, რა! -მერე მე მეძახის ღორმუცელას! *** იმ მომენტამდე ტიტესთან ჩახუტებას ყოველთვის ვერიდებოდი ხოლმე. მოდუნებული ესვენა ჩემი კიდურები მის მკლავვებზე. ვტიროდი. ვცდილობდი ხმა ჩამეხშო, ტუჩებზე ხელს ვიფარებდი და კვნესანარევი ქვითინი ამოდიოდა მხოლოდ ჩემი ყელიდან. -თავს ნუ იკავებ, დალი.-კვლავ მომთმენი და მშვიდი იყო ის. თბილოდა მის მკლავებში, მაგრამ გულში ისეთი სიცივე იყო გამეფებული, მთელი შინაგანი ორგანო ერთიანად მეყინებოდა. ფილტვები მეწვოდა ყოფის აუტანლობისგან. ხერხემალს ტკივილი ნელა დაუყვა და მაიძულა რამდენიმე წამით სუნთქვა შემეკრა. ჰაერი ვეღარ ჩავისუნთქე. კაცს მოვშორდი, პირით შევისუნთქე როგორღაც, მაგრამ ესეც იმდენად მტანჯველი აღმოჩნა, ტიტეს პერანგს ჩავეჭიდე საშველად. თითქოს საათის წიკწიკის ხმაც მესმოდა. სუნთქვის რიტმი დავარეგულირე და მერეღა გავახილე თვალები, როცა დავწყნარდი. ტიტეს ამღვრეული ირისები გაფაციცებით მაკვირდებოდნენ. -მეშინია...-მოკანკალე სუნთქვა აღმომხდა. -რისი, დალი. -მის გარეშე როგორ უნდა ვიყო... არაფერი მიპასუხა. თავი ჩახარა. მერე ცრემლი მოიწმინდა და ისევ ამომხედა. ისევ დუმდა. მერე წამოდგა, ოთახში შუქი აანთო და ტანსაცმლის კარადასთან კოჭლობით მივიდა. კარადა გამოაღო. ნინეს ჟაკეტი გამოიღო, პირველივე რომელიც მოხვდა. მომიახლოვდა, მხრებზე მომახურა მოსაცმელი. -ამას აქვს ნინეს სუნი, დალი. ვეღარასოდეს ვნახავდი. ვეღარასოდეს ჩავეხუტებოდი. ვეღარასოდეს ჩავიდენდი მასთან ერთად სიგიჟეებს. მხოლოდ მისი სურნელი და მოგონებები შემორჩენოდა უკანასკნელი მეგობრებივით. ნიკაპი სატირლად ამიკანკალდა. ჩუმი ქვითინით ჩავიცვი ჟაკეტი, შევიკარი და ისევ საწოლში დავბრუნდი. ისევ მოვეხვიე ბალიშს. ზურგი ვაქციე კაცს. მხრებზე ისევ ვიგრძენი გადასაფარებლის სითბო. ისიც ვიგრძენი, რომ ტიტე არსად წასულა. კვლავ სკამზე ჩამოჯდა. გამოფიტულსა და დაღლილს მაშინვე ჩამთვლიმა. *** ორი ათას ოცი წლის რვა დეკემბერი იდგა. ეს თარიღი იმიტომ მახსოვს კარგად, რომ მაშინ ნინე პირველ შეყვარებულს დაშორდა და ჩემს სახლში ალკოჰოლის n რაოდენობა მოვიმარაგეთ, მაგრამ არა საგლოვად ან დარდის გასაქარწ....ბლად, არამედ ამბის აღსანიშნავად. იმავე საღამოს უსიამოვნო ინციდენტიც შეგვემთხვა. მზეზუმზირა უნდა ამეხალა, გაზქურაზე ცეცხლს ვერ ვანთებდი, ბოლოს კი იმდენი მოვახერხე, გაზი ამიფეთქდა და მარცხენა ხელის მაჯა დავიწვი. -რა მოხდა!-სახეწაშლილი შემოვარდა ნინელი სამზარეულოში. -არაფერი, ამიფეთქდა!-ცივი წყლის ჭავლს ვუშვერდი ხელს. მან ჯერ გაზის პირველწყარო გამორთო, მერე ჩემთან მოვიდა. -არაფერი? არაფრის ხმა იყო? კარგი, მანახე!-მაჯა დაათვალიერა. -ნუ გეშინია, ზედაპირულია, დამწვრობის წამალი გაქვს?-მკაცრად უყურებდა გაწითლებულ ადგილს. -არვიცი, არა მგონია. -უკვე ყინულს ვიდებდი. ერთი შემომხედა გამწყრალი მზერით ნასვამმა, ქურთუკი მოიცვა და ზამთრის ცივ საღამოში გარეთ გააბიჯა. ხუთი წუთიც არ იყო გასული, მალამო მოიტანა. -ასე მალე იყიდე? -სახლიდან გადმოვიტანე. მოდი. -წინ დამიჯდა, ნაზად გადაანაწილა წამალი მაჯაზე.-გეწვის? -ნწუ..-გავაქნიე თავი. არადა მეწვოდა. ნინელი წამოდგა, წამალი ჩემ უკან, სამზარეულოს თაროზე შემოდო. და როგორც ველოდი, მისმა ოლიმპიურმა სიმშვიდემ დიდხანს არ გასტანა. ხელი თავში წამომარტყა და თმაზე მომქაჩა. -გააფრინე?!-შევუტრიალდი გამწყრალი, თან ატკიებულ თავზე მოვიკიდე ხელი. -შენ დებილი ხო არ ხარ! უარესი რომ დაგმართნოდა?!-ძლიერად მომჩმიტა ახლა მკლავზე. -გოგო! შემეშვი! რა ჩემი ბრალია! -წამოვხტი ფეხზე. გავერიდე, უარესი რომ არ დაემართა ჩემთვის. თვითონ ისევ სკამზე ჩამოჯდა, თავი ხელებში ჩარგო და ამოიზმუვლა. -მაგ გაზს აღარ გაეკარები. -უბრალოდ გადასატრიალებელმა გაჭედა! -თუ არ გინდა, რომ შენც სამუდამოდ გაჭედო და ვეღარ გაიძნრე, გირჩევნია გაზი გამოცვალო! -ნინელი, უკვე ნერვებს მიშლი! მისაღებში გავედი, სავარძელში დავჯექი. ცოტა ხანში ისიც გვერდით მომიჯდა. არაყი გადაჰკრა, მერე ჩემი დამწვარი ხელი კალთაში ჩაიდო ფრთხილად. -კარგი ჰო. ბოდიში. -ჩემ მაგივრად გაზს ეჩხუბე. -უსულო ნივთია, შეგონებას ვერ გაიგებს.-ამოიბურტყუნა წარბშეკრულმა. დილაადრიან ხმაურმა გამაღვიძა. სამზარეულოში უცხო კაცები ტრიალებდნენ. -რა ხდება? -შევეკითხე ნინეს. -დაჯექი და შენი ხმა არ გავიგო! გაზგაყვანილობას ამოწმებენ, სადმე რამე არ ჟონავდეს. ტიტე გზაშია, ახალი გაზქურა მოაქვს. -გააფრინე გოგო შენ? -კრინტი!-დამიკვესა თვალები. როცა ბრაზობდა და ცდილობდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა, ის თაფლისფერი თვალები ცეცხლის ალივით უბრიალებდა ხოლმე. ოდესღაც, მეც რომ ისე შემშინებოდა მისი დაკარგვის, როგორც მას ჩემი, იქნებ არასოდეს დამეშვა მისი სიკვდილი? თავი 2 -ნინე... მომესმა მისი სახელი... როცა თვალები გავახილე, მივხვდი, მე ვიძახდი. საძინებელში მარტო ვიყავი. მზე გვარიანად ამოწვერილიყო და ოთახს ოქროსფერ ელფერს სძენდა. ნინეს ეს ფერი განსაკუთრებულად უყვარდა. ზურგზე გადავბრუნდებოდით საწოლში მწოლიარენი და ჭერში წარმოქმნილ, ფანჯრიდან არეკლილ ათინათებს ვაკვირდებოდით, მზის სხივები გეომეტრიულ ფიგურებად იქცეოდნენ და ნაზად ლიცლიცებდნენ ხოლმე. ახლაც ასე იყო, თუმცა ამ ფიგურებს ფერები დაჰკარგვოდათ. ზუსტად წუთნახევარ დავყოვნდი, მერე წამოვჯექი. ვიღაცას ფეხსაცმელები გაეხადა ჩემთვის. შიშველი ფეხებით გაყინულ იატაკს დავაბიჯე, თუმცა ცივი ჟრუანტელის ნაცვლად, სასიამოვნო სითბომ დამიარა კიდურებში. აქ ნინე დააბიჯებდა, ამ ოთახში ნინე ცხოვრობდა, მისი არსებობით იყო გაჟღენთილი ოთხივე კედელი. თვალები წამით დავხუჭე. ჰაერი ღრმად, ძლივძლივობით ჩავისუნთქე. ნესტოებში თითქოს მისი არომატი მომაწვა. მომეჩვენა, რომ მისი ჟაკეტი მონატრებულივით მეკვროდა სხეულზე. წამოვდექი და მის ტანსაცმლის კარადას მივუახლოვდი. კარი გამოვაღე. როცა რაიმე სუნამოს ამოიჩემებდა, მას ჯერ აკურატულად დაკეცილი ტანსაცმელს შეაფრქვევდა ხოლმე, ჰოდა, კარი გავაღე თუ არა, მისი საყვარელი სურნელი შემომეგება პირველი. ხელით მოვეალერსე საკიდარზე ჩამწკრივებულ მის პერანგებს. ვეღარასოდეს ჩაიცვამდა მისი პატრონი ამ სამოსს... ტყავის ქურთუკს დიდი რუდუნებით გადავუსვი ხელი. მახსოვს, ძალიან მოეწონა მაღაზიაში, არ დავაყოვნე და ვუყიდე. ერთადერთხელ ეცვა, ისიც მაშინ, როცა გახარებულმა და აღფრთოვანებულმა მოისინჯა პირველად. მას მერე ინახავდა და საგულდაგულოდ უფრთხილდებოდა. კარადა დავხურე და სარკეში ჩემს გამოსახულებას დავაკვირდი. ცარიელი ვიყავი. გამოფიტული. ასეთი არასოდეს მახსოვდა საკუთარი თავი. შემზარა ჩემმა მემ. მაშინ კი მართლა ვიგრძენი სიცივე, ჟაკეტის ჯიბეებში ხელები ჩავყავი და სარკეს შუბლით მივეყრდენი. თვალები დავხუჭე. მარჯვენა ჯიბეში, თითებშორის მყარი ნივთი მომხვდა. ამოვიღე. მეხსიერების ბარათი აღმოჩნდა, თითებში ვატრიალე დაბნეულმა, მერე უცებ კარი შემოაღეს და ბარათიც ინსტიქტურად დავმალე. -გაიღვიძე? მეგონა გეძინა ისევ. -ტიტე იყო. -ჩამოსვლას ვაპირებდი. -მოვისრისე ატკიებული თვალები. კაცმა თავი დამიქნია, წინ წავიდა და მეც უკან მივყევი. მსუბუქად კოჭლობდა. ალბათ მუხლი ისევ სტკიოდა, რადგან ხელჯოხს მძიმედ ეყრდნობოდა. კიბეები შეძლებისდაგვარად სწრაფად ჩაიარა. -ლელა სადაა? -სძინავს. დამამშვიდებელი დავალევინეთ. მისაღებში დივანზე კოტე იჯდა. მოტეხილიყო, ფერშეცვლილი, სახეწაშლილი და გაშეშებული ეყრდნობოდა საზურგეს. კაცს გვერდით ჩამოვუჯექი და მხარზე თავი დავადე. მან ჩემი ხელი აიღო და ხელისზურგზე მაკოცა. ტიტე ჩვენ გვერდით კედელს მიეყრდნო. -წავიდა ჩემი ანგელოზი... კოტეს ხმა ვერ ვიცანი. ცრემლები თავისით დამცვივდა თვალებიდან. -ვიცი, ჩემი ტკივილი შენთან მოსატანი არაა კოტე, მაგრამ...მენატრება.-ვერ შევიკავე ქვითინი. -ნუ, ლამაზო, ნუ იძახი მაგას... შენი დაა, შენი სულის ნაწილია... ვაი, ჩემო საბრალო, რამ გაგამწარა, მამი, ასე, ასე რამ გაგამწარა... -თვალები მაღლა აღაპყრო კაცმა. წამოვიწიე, მაგრამ კოტემ არ გამიშვა. ჩამიხუტა. ისიც ტიროდა, მაგრამ უხმოდ. -სადაა ლუკა...-გავიწიე. -საძინებელში იქნება... -კოტე, ამ დროის განმავლობაში რამე ჭამე მაინც?-ვკითხე ჩურჩულით. -ნუ ღელავ, დალი... ლუკას ეძინა. დაღლილობა აღბეჭდოდა თავის ბავშვურ სახეზე. კარი უხმოდ გამოვიხურე. ლელასაც ეძინა. სამზარეულოში გავედი. იქ ტიტეს დედა დამხვდა. -გეძინა წუხელ, დალი?-ეს ქალი ყოველთვის განსაკუთრებულ მზრუნველობას გამოხატავდა ჩემდამი. ხანდახან, ჩემი ბიცოლა უფრო მეგონა, ვიდრე ნინესი. -ცოტა... კოტეს მინდა საჭმელი გავუტანო. -დილით ვერ ჭამა, ყავა დალია... ნუ დააძალებ, რას შეჭამს ახლა ასეთი გამწარებული... -ამოთქვა სევდით და სალფეტკით ცრემლები მოიწმინდა, სანამ თვალის კუთხეებს გასცდებოდა. -მოდი, შენ მაინც გადაყლაპე ერთი-ორი ლუკმა.-თქვა და სალათის კონტეინერს თავი ახადა. საჭმელს დავხედე თუ არა, მაშინვე გულძ*მარვა მომაწვა. -არ მინდა, ვერ-ხელი გავიქნიე უარყოფის ნიშნად და იქიდან სწრაფად გამოვედი. გავიგონე ტიტეს როგორ დაუძახა. მე კიბეზე ავირბინე, ნინეს საძინებელში შევვარდი, დავმშვიდება ვცადე, მაგრამ მეორე წამსვე, თავი ვერ შევიკავე, სააბაზანოში შევედი და ვაღ*ებინე. -დალი...-მომესმა ხმა. -გადი! კაცმა არ გამიგონა, გვერდით ჩამომიჯდა, შუბლი დამიჭირა, მეორე ხელისგული კისერზე მომისვა. -მშვიდად, მშვიდად...-ზურგზე გადამისვა ხელი-კარგად ხარ... მორჩა... -წადი-მეთქი... -კარგი... დაწყნარდი... მორჩა...ცოტაც... ორგანიზმი ვეღარაფერს იჩერებდა შიგნით. საკუთარმა სხეულმა ბოლო წვეთი წყალიც არ შემარჩინა. სიმწრის ცრემლები მცვიოდა. გამწარებულმა, ყველაფრისგან შეშლილმა ღრენისმაგვარი ხმა ამოვუშვი... ტიტეს ხელები მოვიშორე და წამოვდექი. ისე ვერ შევიკავე ჩემში დაგროვილი აგონიური სიშლეგე, სულ არ მადარდებდა რომ ამ სახლში შეიძლებოდა ჩემზე მეტად სტკენოდათ ნინე და სახეში ხელები დავიშინე. -დალი!-დამიჭირა კაცმა, ხელები ზურგს უკან გამიკავა.-დალი! -გამიშვი, გამიშვიი... აჰ...გთხოვ, გამანებე თავი... -კარგი... მოდი, ჯერ სახე მოგბანო... ცოტა ხანი, შემომხედე... მიყურე... დამშვიდდი კარგი? ვიცი, პატარავ, ვიცი რომ გტკივა, ვიცი, მაგრამ ნინეს უფრო ეტკინებოდა ასე რომ ენახე... მომიგო. ვეღარ ვუძალიანდებოდი. -ასე... მოდი, მოდი...-ონკანთან მიმიყვანა, ხელისგულში წყალი დაიგუბა და სახე მომბანა. მაჯებიც დამისველა, ცივი წყლით დაინამა ხელი და კისერზე მალამოდ მომადო სიგრილე. მერე რუდუნებით გამიწმინდა ცრემლით ხელახლა დასველებული სახე. საძინებელში გამოვყევი. მისი ჯოხი ღია კართან ეგდო. საწოლზე ჩამოვჯექი. თავის საშინელი ტკივილი დამეწყო. საფეთქელზე მთელი ძალით მივიჭირე ხელი. -კიდევ გტკივა? წამალი სად გაქვს? -არ მაქვს თან...-აღმომხდა დაღლილს. კაცი ოთახიდან გავიდა. თავი ხელებში ჩავრგე, მოვიხარე. თითქოს ლავა ჩამიღვარესო თავში, კეფიდან წამოსული ტკივილი შუბლთან დაგროვდა და თვალების გახელის უფლება არ მომცა. -გამომართვი, ეს დალიე.-წყალი და თეთრი აბი გამომიწოდა ტიტემ. მოუთმენლად გადავყლაპე გამაყუჩებელი. დიდხანს ვუცდიდი ტკივილის გავლას. *** ორი ათას ოცდაერთი წელი. გაზაფხული. -დალი, მოდი წავიდეთ რა, გადავიტან როგორმე ამ კორონასაც, ასეთები გადამიტანია?-ამოიზმუვლა ჩუმად, როცა ექიმის კაბინეტთან რიგი დავიკავეთ. -გაგიჟდი? მომკლავს ლალი, აუცრელი არ მოიყვანო ბავშვიო! -გეხვეწები, რასაც გინდა იმას შეგისრულებ! გპირდები, გეფიცები! არ გჩერა ჩემი? დალი...-ლამის იყო ტირილი დაეწყო. -მე შეგისრულებ ყველაფერს, რასაც გინდა, ოღონდ შენ აიცერი!-მოვუგე ნიშანი. -რაო რაო? ვერ გავიგე კარგად...-მომიახლოვდა ეშმაკურად. თვალები ავატრიალე. -ნუ გამამეორებინებ! -ანუ ყველაფერს შემირულებ? -დიახ. -სერიოზულად? -კი! -ნებისმიერ რამეს? -ტიმოთე შალამეს ვერ ჩამოგიყვან ნამდვილად. -მოიცა, მოდი გავერკვეთ, მე ავიცრები და შენ ნებისმიერ შესრულებად სურვილს შემისრულებ? -კიი და ნუ დამღალე, თუ შეიძლება. -ძალიან კარგი... ძალიან კარგი...-ჩაფიქრდა რამდენიმე წამით. მერე კი ისეთი მზაკვრული ღიმილით გამომხედა, ჩემი სიტყვები ვინანე. -ჯანდაბა, არ უნდა შემომეთავაზებინა. -სიტყვების უკან წაღება... -უღირსობაა!-გამოვცერი კბილებში. -შევიდეთ, ჩვენი რიგია. -ხელკავი გამომიდო და დიდი ენთუზიაზმით გადააბიჯა კაბინეტის ზღურბლს, მაგრამ მაშინვე აუკანკალდა კიდურები, როცა ექთნის ხელში მოქცეულ ნემსს შეხედა. -დალი...-გაეპარა ხმა. -კარგი, ნინე, შემომხედე. მე! მე შემომხედე! -ჰა... -რაღაც მინდა გითხრა... -გისმენ, ცოტა მალე... სანამ ამას...-ფერები გადასდიოდა სახეზე. ნემსის ეშინოდა. -მისმინე, წუხანდელი ამბავია და ჯერ მე ვცდილობდი ამის გადახარშვას, ამიტომ ვერ გითხარი აქამდე...-მისი ხელები დავიჭირე. ძლიერად და მჭიდროდ. -დალი, შენ უფრო მაშინებ ახლა! მალე, დამარჭე!-აუბრიალა ექთანს თვალები და ისევ მე შემომხედა სწრაფად. -ტიტემ მითხრა მომწონხარო! -ააა! ჰაა? რაა? მოიცა, მორჩით თქვენ?-ჰკითხა ექთანს. -დიახ, თავისუფლები ხართ. -გაგვიღიმა ექთანმა. -რა თქვი? -ნუ გამამეორებინებ, მრცხვენია... -შენ შემთხვევით...-მივხვდი რამე უწმაწური უნდა ეთქვა, მაგრამ საზოგადოებრივ სივრცეში მაინც თავი შეიკავა. -დალი, გაიმეორე რა მითხარი წეღან!-სასწრაფოდ გამომიყვანა გარეთ და პირბადე სახიდან შემოიგლიჯა. -ტიტემ მითხრა მომწონხარო. -არ ხუმრობ? -მეხუმრება შენი აზრით?-შევუტიე. პირბადე სანაგვე ურნაში ჩავაგდე. -ოპაა! -ძაან გამიტყდა. -დებილი ხარ? არ მითხრა რო ჩემ გამო თორე, გეფიცები იმ ნემსით ამოგთხრი თვალებს. -არა... ტიტეს სულ მეგობრად მივიჩნევდი, აქამდე მის გარემოშიც კარგად ვგრძნობდი თავს და ახლა უცებ ეს რომ მითხრა... არა კი ვგრძნობდი აქამდე რაღაც სიმპათიების გამოხატვის თავისებურებებს მისგან, სულ თავაზიანია ჩემდამი და რამე... მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ მეჩვენებოდა, ხოდა, ეს რომ მითხრა.... აუ ეხლა მასთან ერთად ერთ სივრცეში ყოფნის დროს უხერხულობისგან უნდა დავიწვა ხოლმე? -რა გეუხერხულება შენი ჭირიმე? მოიცა, შენ რა, არ მოგწონს? მიმიკებით ვანიშნე რა სისულელეებს როშავ მეთქი. -არადა, რა გაასწორებდა რომ დავნათესავებულიყავით... ჩემი ძმა პატარაა ჯერ თორე... -აფრენ?!-დავიწიკვინე. -წამო ჩემო საწყალო, ესეიგი შენი თაყვანისმცემელი ჩემი ბიძაშვილი უარით გაისტუმრე?-გადამხვია მხარზე ხელი და პარკინგისკენ წავედით. -ჰო... -აუ... უნდა დავცინო! -არც კი გაბედო და ტიტესთან რაიმე სიტყვა წამოგცდეს, თორემ ენას ამოგგლეჯ!-მოვუჭირე ტუჩებზე თითები. -მტკივა, შვილო! მოკლედ! ჩემი სურვილი ასეთია.-გამოაღო მანქანის კარი და სანამ ჩაჯდებოდა მანქანის ზემოდან გადმომხედა. -რა გინდა? -ტიტესთან პაემანზე წადი.-ამითამაშა წარბები და მანქანაში სწრაფად დაჯდა. კარი ხმაურით დახურა. წამით ნათქვამის გადახარშვას ვცდილობდი. -რა თქვი?!-მივუჯექი გვერდით. მას კი, თითქოს წეღან ის აბსურდული რამ არ ეთქვას, ტუჩსაცხი ამოეღო და ტუჩებზე აუღელვებლად ინაწილებდა. მისგან განსხვავებით ერთიანად ვიყავი აფოფრილი. -ნინე!-დავუღრინე. -პირობა პირობაა... -ჩემი მეგობარი ხარ თუ მტერი? -გააჩნია როგორი კუთხით შეხედავ სიტუაციას. -დააწვრილა თვალები. ასე მაშინ აკეთებდა, როცა ჩემ დარიგებას იწყებდა. -შეეცადე ტიტესთან ქალ-ვაჟური ურთიერთობა იქონიო, იქნებ მოგეწონოს მასთან ამგვარი კონტაქტი, დაახლოვდეთ...-ტუჩი მოიკვნიტა და თვალი ჩამიკრა, მაგრამ როცა ჩემს დაბღვერილ გამომეტყველებას შეხედა, სახე გაასწორა-მაგრამ, თუ არაფერი გამოვიდა, ის თავის გზაზე წავა, შენ შენსაზე წამოხვალ, დაიშლებით ცივილურად, მშვიდობიანად, ყოველგვარი კონფლიქტებისა და ალიაქოთის გარეშე. -საკუთარი მეგობარი რომ გაგიჩალიჩებს!-აღშფოთებას ვერაფრით ვმალავდი. -რა არ მოგწონს ერთი ამ ბიჭში?!-მართლა მულს ჰგავდა იმ წამს. -არ კი არა, ვერ მომწონს, ვერ! მართალია მაღალია, სიმპათიური, სოლიდური, დინჯი, გაწონასწორებული და კარგი ხასიათის მქონე, მასთან უშუალო ვარ, მშვიდად ვარ, ვენდობი...მაგრამ არ შემიძლია მასთან ურთიერთობის დაჭერა, რადგან შეყვარებულის ყოლა მომავალი ორი წლის მანძილზე უკანასკნელია რაც მინდა, ერთდროულად ორ სამაგისტროზე უნდა ვისწავლო და შენი აზრით ახალი საურთიერთო სტატუსების ენერგია, ნერვები და მოთმინების უნარი მექნება?!-დავსვი რიტორიკული კითხვა. -არადა, ისე დაახასიათე, კაცი ეჭვს ვერ შეიტანდა, რომ გიზიდავს... -მე რა ვილაპარაკე და ეს რას იძახის!-ავიქნიე ხელი. -დეგენერატო, ქალი*შვილად დაბერებას აპირებ? აღარაფერი მიპასუხია, შუა თითის ჟესტი ვუჩვენე და იმან, ცალკე გამწყრალმა მანქანა დაქოქა. *** თავში შემზარავი კაკუნი შეწყდა. ლავა გაცივდა, გამაგრდა და საფეთქლებში იქცა ქვებად. შვებისგან მშვიდად ამოვისუნთქე. -კარგად ხარ? -ჰო. -გინდა რამე? -არა. -გინდა მარტო დაგტოვო? რატომ ესმოდა ამ კაცს ჩემი ასე კარგად? ტიტე უხმოდ წამოდგა, ბეჭებში გაიშალა. ძალიან მაღალი იყო. ზევიდან დამხედა უღონოდ მწოლიარეს. მერე დაიხარა და შუბლზე ფრთხილად მაკოცა. გაბრუნდა. ამჯერად მსუბუქად ეყრდნობოდა ხელჯოხს. ალბათ ტკივილმა მასაც გაუარა. კარი გაიხურა. წავიდა თუ არა, ის სიმშვიდე, მას რომ თან ახლდა, ერთიანად გადაიქცა ურღვევ ქაოსად. ოთახს თვალი მოვავლე. საწერ მაგიდაზე ნინეს ნოუთბუქი დავინახე. მერე ჯიბეში შენახული მეხსიერების ბარათი გამახსენდა. ზანტად წამოვდექი, კომპიუტერთან მივედი და ჩავრთე. მეხსიერების ბარათი შევუერთე და ფაილი გავხსენი. დავინტერესდი, რას მალავდა მეგობარი ასე საგულდაგულოდ. ერთი საიდუმლოც კი არ გაგვაჩნდა ერთმანეთისგან დამალული, ამიტომ ამ მეხსიერების ბარათმა გამაკვირვა. მაინც ბოლომდე მჯეროდა, რომ უბრალო, ცარიელი, ერთი გამოუსადეგარი ნივთი იყო და ვერაფერს საინტერესოს ვერ ვნახავდი, მაგრამ ოღონდ ყურადღება რამეზე გადამეტანა და ეს გაბრუება მომეშორებინა... ფაილში სამი ვიდეო იყო. თარიღები ეწერა. პირველი ოცდაოთხი წლის იანვრით იყო დათარიღებული. ჩავრთე. კადრში ნინე გამოჩნდა. მონატრებისგან მხრები ერთიანად ამეწვა. მზერა ცრემლისგან გადამედღაბნა, თუმცა ქალის ნათქვამმა უფლება არ მომცა ამ მონატრებაში ბოლომდე კიდევ ერთხელ ჩავძირულიყავი. “-არ ვიცი დალის რა სჭირს...“- შუბლს ხელისგულს აყრდნობდა. მაგიდასთან იჯდა. სწორედ იქ, სადაც მე და კამერას ელაპარაკებოდა. თმა ერთიანად ჩამოშლოდა, ფერწასული იყო, რაღაცაზე იყო დამწუხრებული. „-ვეღარ ვცნობ. ხანდახან, აღარ იქცევა ისე, როგორც ჩვეულებრივ....“-ამოიოხრა. შუბლი შევკარი, ვიდეოს თარიღს კიდევ ერთხელ დავხედე. ოცდაოთხი წლის იანვარი ეწერა. ნინელიც ახალგაზრდა ქალი იყო და არა ადრინდელი, თმაგაწეწილი გოგონა, სწორედ ამიტომ თარიღის სისწორეს ეჭვქვეშ ვერ დავაყენებდი. რა მჭირდა იანვარში? -„ხანდახან, ისეთ რამეებს აკეთებს, დალისას რომ არ ჰგავს. რამდენჯერმე ვკითხე, რა ხდება მის თავს, თუმცა, როგორც ჩანს, თავის მდგომარეობას ვერ ხვდება.“ ნინემ თავი ჩახარა. თვალები მოისრისა. ის რა, ტიროდა? „-აღარ ვიცი რა მოვუხერხო... რაღაცაზე მაქვს ეჭვი, ერთხელ ვკითხე კიდევაც, მაგრამ სასაცილოდაც არ ეყო...-გაშალა ხელები- ფსიქოლოგთან წასვლაც შევთავაზე, მაგრამ ჰგონია, რომ ვაბუქებ, არადა... არადა რამდენჯერმე თავადაც მითხრა, რომ ბოლო დროს ყველაფერი მალ-მალე ავიწყდება.“ ის ჩემზე ლაპარაკობდა. მახსოვს ახალი წლის შემდეგ ძალიან ვიჩხუბეთ. ფსიქოლოგთან წასვლაც რამდენჯერმე მთხოვა, მიყვირა, მაგრამ არ დავუჯერე. საამისო მიზეზს ვერ ვხედავდი. „-მოკლედ, გადავწყვიტე ვიდეოების ჩაწერა დავიწყო. დალის არ სჯერა, მაგრამ მე ხომ ვამჩნევ, რომ მის თავს რაღაც ხდება...“- მერე კამერას შეხედა. მეგონა თვალებში ჩამხედა და იმ სევდიანი მზერით სულში შემოანათა-“დალი... ვიცი რომ ამ ჩანაწერებს ერთ დღეს ჩემი ნებით განახებ, და იქნებ მერე საკუთარ თვალებს მაინც დაუჯერო, ჩემი ვარაუდების რომ არ გჯერა... რაც არ უნდა გჭირდეს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგად გახდე. მიყვარხარ!“-გამიღიმა და ვიდეოც დამთავრდა. ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე. სანამ მაუსს მეორე ვიდეოსთან მივიტანდი და ჩავრთავდი, ხელები ისე ამიკანკალდა, რამდენჯერმე მტევანი მოვმუშტე და გავშალე. ცუდ წინათგრძნობას ახლავს მდუმარე შიში, სიცივე და ზაფრა, და სწორედ ამ საშინელი შეგრძნებების ორომტრიალში, წამით ვინანე, საერთოდ ამ მეხსიერების ბარათის შემოწმება რომ გადავწყვიტე. მეორე ვიდეოც ოცდაოთხი წლის იანვრით იყო დათარიღებული. კადრში ნინეს ოთახი გამოჩნდა. კამერა ზემოდან დაჰყურებდა საძინებელს. კართან, კუთხეში დაემონტაჟებინათ. იმ კუთხეს გავხედე, თუმცა კამერის ნიშანწყალი ვერ ვიპოვე. ალბათ უკვე მოეხსნათ. ვიდეოში ნინე საძინებელში დაიარებოდა. ბოლთას სცემდა. ნერვიულად იკვნეტდა ფრჩხილს. უცებ სააბაზანოს კარი გაიღო და ოთახში მე შემოვედი. „-დალი, კარგად ხარ? სიცხე ხომ არ გაქვს?„-მომვარდა, შუბლზე ხელი დამადო, თუმცა ხელი ისე უხეშად ავუქნიე, გამიკვირდა. „-წინაზე მშვიდად გაგაფრთხილე, რომ დალისთან ურთიერთობა უნდა დაგესრულებინა!“-ისე უხეშად მივმართე, გავოცდი. არა! ეს მე არ ვიყავი! ნინეს ასე არასოდეს ვეტყოდი რამეს. ასეთი ტონით, ასე დამცინავი გამომეტყველებით. “-მარიამ...“-ხმა გაეპარა ქალს. ჩამეცინა. არა, ეს რაღაც ფილმის ნაწყვეტი უნდა ყოფილიყო. კადრში ნინეს მივუახლოვდი, ყბაზე ხელი მოვუჭირე და ახლოს მივიზიდე. „-ოდესმე, როცა გავიღვიძებ და თვალში ისევ შენ გამეჩხირები, გეფიცები, ცოცხალს არ დაგტოვებ! გულს მირევ შე საცოდაო, პატარა ბო*ზო!“-ხელი ძლიერად ვკარი და საძინებლიდან გავვარდი. ნინე ადგილზე ჩაიკეცა და ხმამაღლა ატირდა. მერე, როცა დაწყნარდა, წამოდგა, კამერას მიუახლოვდა, სკამი მოიდგა და მოწყობილობა კედლიდან ჩამოხსნა. ვიდეო დამთავრდა. სახტად დარჩენილი თვალს ვერ ვაშორებდი კომპიუტერის ეკრანს. რა ჯანდაბა უნდა მეფიქრა? ეს დღე საერთოდ არ მახსოვდა ჩემს ცხოვრებაში. არც ეს მომენტები, არც ასეთი უხეში და გული*სამრევი ჩემი თავი. ნინემ მარიამით მომმართა. თავი გავაქნიე. გაურკვევლობისგან თავბრუ დამეხვა. ოთახს მზერა მოვავლე. საწოლის გვერდით ტიტეს ჭიქა წყალი დაეტოვებინა, წამოვდექი, მივედი და წყალი ბოლო წვეთამდე გამოვცალე. ისევ სკამს დავუბრუნდი, კეფაზე მოწოლილი ცივი ოფლი ხელით შევიშრე და ის ვიდეო ხელახლა ჩავრთე. ხელმეორედ ვუყურე იმ დაუჯერებელ კადრებს. ყელში სიმწარის შეგრძნება მომაწვა. ნოუთბუქი გვერდით გავწიე და საკუთარ ხელებს დავხედე გაოცებულმა. თვალები ამემღვრა. -რა ჯანდაბაა... გამეცინა. გადავიხარხარე. -ეს რაარი... ნინე... ღმერთო... კეფიდან ისევ წამოვიდა ცხელი ლავა... ეს ტკივილი... ეს დედანატირები ტკივილი... როდიდან დამეწყო? ალბათ შემოდგომის ბოლო იქნებოდა. ექიმმა შაკიკიაო, ნინე მთხოვდა ექიმი შემეცვალა, თუმცა დრო არ მქონდა, არც ნერვები. სუნთქვაშეკრულმა შიშით ჩავრთე მესამე ვიდეო. ამჯერად ეს თებერვლით იყო დათარიღებული. ვიდეოში ისევ ნინე დაბრუნდა, კომპიუტერის წინ იჯდა. ნამტირალევი, ფერწასული, ჩაწითლებული თვალებით. დაღლილი ნინე. „-თავიდანვე უნდა დამეჯერებინა ტიტესთვის და ამ ალიაქოთში მარტო არ უნდა გამერია თავი... ათობით წიგნს გადავხედე, ლექტორებსაც ვკითხე უნივერსიტეტში მსგავსი დიაგნოზის სიპტომები, ყველაფერი ამოვქექე... დალი... ოჰ...-ცრემლები წამოუვიდა ქალს. დაყოვნდა.-პიროვნების გაორება გაქვს...“-ჩუმად წარმოსთქვა. მოსმენილი უფრო შემზარავი აღმოჩნდა, ვიდრე ბრმა ეჭვით ნაგრძნობი უწესრიგობა. სხეული ერთიანად დამიბუჟდა. „-შენს მეორე პიროვნებას მარიამი ჰქვია... მარიამად გამეცნო...-სიტყვები უწყდებოდა, ხმა უკანკალებდა ძალიან-ახლა რომ ვუკვირდები, პირველი გარდასახვები დეკემბრის ბოლოს დაიწყო. წამიერად ითიშებოდი და მერე, თითქოს სულ სხვანაირად უყურებდი ყველაფერს. ყველაფერი იმიტომ არ გახსოვდა... რომ შენი სხეული და გონება მთლიანად შენ აღარ გეკუთვნოდა... შენ აღარ გეკუთვნის...“-ნინემ ღრმად ჩაისუნთქა. სკამის საზურგეს მივეყრდენი და ვეღარ წამოვიწიე. „-ნელ-ნელა ჩემ მიმართ უფრო და უფრო აგრესიული ხდებოდი, უფრო სწორად, მარიამი ხდებოდა. მას არ მოვწონვარ. რამდენჯერმე მითხრა, რომ ჩამოგშორებოდი, შენთან კავშირი გამეწყვიტა, მაგრამ რა სისულელეა, მე შენ როგორ უნდა დაგშორდე, მითუმეტეს ესეთ მდგომარეობაში როგორ უნდა დაგტოვო.“-სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა. საფეთქელზე იჭერდა ხელისგულებს.„- ვცდილობ, რომ მარტო არასოდეს დარჩე, რამეს შარს არ გადაეყარო... ჩემ ლექტორს უკვე მოველაპარაკე, იმ ქალს, ხო იცი, ფსიქოლოგი რომაა... როგორც კი ამ ჩანაწერებს ნახავ, იმედია მაშინ მაინც გამომყვები მასთან!“-ბრაზიან ნოტებზე დაასრულა ჩანაწერი. კანკალს ამოჰყვა ჩემი სუნთქვა და ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დალაგდა. შიშის, სიცივის ჟრუანტელი მივლიდა. რაღაც კვნესანარევი, განწირული, ჩუმი ხმა ამოვუშვი. ტანში მცრიდა... ტიტე... ნინემ ტიტე ახსენა. ნუთუ მანაც იცოდა ჩემი მდგომარეობა? კომპიუტერი მივატოვე და ოთახიდან გაიქეცი. კიბეები ჩავირბინე. გული ამოვარდნას მქონდა. -ტიტე! -რა მოხდა, შვილო?-დედამისი გამოვიდა დერეფანში. -ტიტე სადაა? -წასვლას აპირებდა... გარეთ გავვარდი. ისე ციოდა, ისე სუსხავდა წვრილი წვიმა მიდამოს, რომ მეგონა მეც წვიმის ნაწილი ვიყავი და სადაც იყო მიწას შევეზარდებოდი. -ტიტე!-დავუყვირე მანქანისკენ მიმავალს. შემოტრიალდა. -იცოდი? როგორ არ მითხარი? იცოდი?!- გაბრაზებულმა მუშტები დავუშინე. -შენ... -დალი ვარ! დალი ვარ! რატომ მიყურებ ასე? ნუთუ მხოლოდ მარიამი შეიძლება ბრაზობდეს? -მოდი ჩემთან.-მაჯები გამიკავა-დამშვიდდი. -რატომ არ მითხარით... -მშვიდად...-მიმიკრა გულზე. -ძაან ვაწყენინე? ბევრი ცუდი რამე ვუთხარი?-ვტიროდი. ისე შესაბრალისად და საწყლად ვხაოდი, შემეცოდა ჩემი თავი. -ნინეს შენი არასოდეს სწყინდა, ხომ იცი... -მეშინია... -წამო, ჩაჯექი... დამისველდები... მანქანის კარი გამომიღო. დამსვა. მერე მანქანას შემოუარა და გვერდით მომიჯდა. მანქანა დაქოქა, გამათბობელი ჩართო. -ამიტომ დამყვებოდით სულ კუდში შენ და ნინე? ამიტომ არ მტოვებდით მარტოს?-უკვე ისტერიკა მეწყებოდა. გაბრუებისგან ვეღარ ვსუნთქავდი. სალფეთქების შეკვრა მომაწოდა კაცმა, მაგრამ ვერ გამოვართვი. -გეხვეწები, მშვიდად ისუნთქე, რა...-გადმოიწია ჩემკენ და მხრებზე ხელი მომხვია. მკერდზე მიმიხუტა. შევეცადე დამეჯერებინა. შევისუნთქე მისი არომატი. -ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები... -როგორ ვერ შევამჩნიე? როგორ ვერ ვხვდებოდი? -დალი... -ხშირად ხდებოდა ეს? ხშირად ვიცვლებოდი?... -არა, არა... დამშვიდდი... -ჩემი სახე ხელებში მოიქცია, თითებით შემიმშრალა ცრემლები.-ყველაფერი არც ისე ცუდადაა... ფსიქოლოგთან მივალთ, ყველაფერი გამოსწორებადია... მთავარია ახლა პანიკას არ აჰყვე, ძლიერი უნდა იყო, რათა გაუმკლავდე, გესმის? -ჰო... -აი ასე... -შუბლზე მაკოცა. -ყოჩაღ... ყველაფერი კარგად იქნება, ხომ გჯერა ჩემი? საპასუხოდ თავი დავუქნიე. -არავის, შენს თავსაც კი არ მივცემ უფლებას, რამე გავნოს... თავი 3 ორი ათას ოცდაორი წლის მარტი. დედის დღე. როგორც წესი, მე და ნინე ლელას ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით ვურჩევდით ყვავილების კონას და საკუთარი ხელით ვუწყობდით თაიგულს. ჩემთან ვიყავით. სამზარეულოს მაგიდაზე დაგვეხვავებინა სხვადასხვა ყვავილი. -დედაშენზე არ ფიქრობ ხოლმე?-წამოიწყო ნინემ. ერთმანეთთან არასოდეს გვერიდებოდა მსგავს სენტიმენტალურ და მგრძნობიარე თემებზე საუბარი. მცენარეების ორომტრიალში რომელიღაც ყვავილს ეძებდა. მე უკვე ვამთავრებდი თაიგულს. -ხანდახან ხო... მაგრამ ბოლო წლებია თითქოს მის არარსებობას შევეგუე... აღარც ისეთი მტკივნეულია...-არ ვატყუებდი, ასე იყო. -მოძებნა არ გიცდია? -კარგი რა!-ჩავიფრუტუნე-რომ მოვძებნო და ვიპოვო, მერე მინდა არ მინდა, მაინც შევხვდები და რა ვკითხო, რატო დამტოვე უგულო მამიდასთან-თქო? -დალი, მე ხომ ვიცი, რომ შინაგანი დანაკლისი გაწუხებს.-გადმომხედა თავდაჯერებულად-კარგად ვხვდები, მიუხედავად იმისა, რომ ლელასთან კარგად ხარ, გულის სიღრმეში მაინც ვერ ხარ ისე ახლოს მასთან, როგორც საჭიროა... -ერთ დღესაც მისთვის დედა რომ დამაძახებინო, არ გამიკვირდება!-ავატრიალე თვალები. -და წარმოიდგინე მაგ დროს ლელას რეაქცია... ვაიმე დალიკო, შენ გენაცვალოს ჩემი თავი!-ტუჩები გამობზიკა და როგორც დედამისს სჩვეოდა, ორივე ხელით სახე დამიჭირა და ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა ძლიერად, მერე მეორეზე. -ფუ! სულ დამდორბლე!-მოვიწმინდე სახე.-რა იყო სანერწყვე ჯირკვლები ორმაგი დატვირთვით გიმუშავებს? -ჰა ჰა! მოდი, შემიმოწმე-გამიღო პირი. -ნუ ხარ დეგენერატი!-სახე გავაწევინე. დამემანჭა, ენა გამომიყო. -აუ ერთი გვირილა მაკლია, მომე რა... -გამეცალე! საღამო ჟამს გადავედით მასთან. ლელას სადღესასწაულო სუფრა გაეშალა. ყოველწიური ტრადიცია რომ არ დავარღვიეთ და თაიგულებით დავადექით, ისე გაეხარდა, ერთდროულად ჩაგვეხუტა მე და ნინეს. როცა ერთად ვიყავით, ცალ-ცალკე არასდროს გვეხვეოდა, არ უნდოდა რომელიმეს მეორეობის გამო წყენა გვეგრძნო. -დედაჩემო, რატო არ გვითხარი ამდენი რამის გაკეთებას თუ აპირებდი, გადმოვიდოდით და მოგეხმარებოდით!-გაუწყრა ნინე. -რა დამღლის გოგოებო მე დღეს, თქვენ შემოგევლეთ, დასხედით, მალე მოვლენ დანარჩენებიც... -ვინ დაპატიჟე განა? -ბიძაშენი და ბიცოლაშენი, ვის დავპატიჟებდი, იმედია მამაშენი ძაან არ დააგვიანებს, თორემ ნახავს, რაც მოუვა, ნეტა ტიტეც მოვიდეს, რატო იცის დაკარგვა ამ ბიჭმა. -ლელა, მოდი დაჯექი, დანარჩენს მე და ნინე მივხედავთ. -სავარძლისკენ დავქაჩე ქალი. -მოიხსენი ეგ წინსაფარი. -რახან არ იშლით, მისმინეთ, დალი, შენ გაზს არ მიეკარო, მწნილი დამრჩა ამოსაღები და პურია დასაჭრელი, ხომ იცი, რაზეც ვალაგებთ მაგეებს- თავი დავუქნიე და მერე ნინეს მიუტრიალდა. -ერთი ხაჭაპურია დარჩენილი, ეგ მოახვიე და მაშინდელივით არ დაწვა! მე წავალ, ცოტა პომადას გადავისვამ... -ნეტა ამ ქალის ენერგია მომცა!-აღფრთოვანებით გადავხედე ნინეს. -რა გაგიძლებდა მერე შენ! -წამობრძანდი, იმ ცომს მიხედე, შენ რომ გიყვარს...-დავცინე. -აუ რა! საოჯახო სუფრა იყო მხიარული, ლაღი და ცოტა სენტიმენტალურიც. კაცები ღვინოს სვამდნენ, ლელამ თავისი ყავის ლიქიორი გაგვიხსნა. როცა ნინეს სასმელი მოეკიდა და დათვრა, საცეკვაოდ წამოხტა. მე უკვე მუსიკებს ვარჩევდი. -დალიკო, გეხვეწები ისევ შაკირა არ ჩაურთო, თორემ რომელ ვაზას დაგვიმსხვრევს ღმერთმა უწყის! -ყოჩაღ კოტე, ეგრე უნდა მამობა!-ვითომ გაუწყრა ნინე. გამეცინა. კარზე ზარმა დარეკა. -ტიტე მოვიდაა!-ქარიშხალივით გავარდა ჩემი დაქალი. ოთახში ტიტემ შემოაბიჯა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყენებდა ხელჯოხს. -ვხედავ არ ვყოფილვარ საჭირო, რას მეპატიჟებოდით!-სიცილით გაიხადა პალტო და ნენეს მიაწოდა. იქვე ვიდექი, ამიტომ პირველს მე მომიწია მასთან შეგებება. მსუბუქად მოვეხვიეთ ერთმანეთს. -როგორ ხარ დალი? -იმის ხელში მაგას მეკითხები?-გადავუჩურჩულე ნინეზე ღიმილით. არ ვყოფილვარ მასთან ისე უხერხულად, როგორც მეგონა, რომ ვიქნებოდი. -გავიგონე!-ამიბრიალა ოთახში შემოსულმა თვალები-მოგივლი შენ მე. ტიტეს გაეღიმა. დანარჩენებისკენ გაიწია ჩასახუტებლად. -დალი! ამას მირთავდი? ამაზე უნდა მეცეკვა? -დამანჭა ნინემ სახე. -შენი მოსაწონი ხო ვერ ვნახე ვერაფერი!-ამოვიხვნეშე და ნინეს დავუდექი გვერდით. საცეკვაო მუსიკების არჩევა განვაგრძეთ. *** როცა მანქანა ყვავილების მაღაზიასთან გააჩერა, ძრავა მაინც არ გამოურთავს. -რა გვინდა აქ დალი? -სამი მარტია დღეს.-გავხედე. სევდიანი ღიმილი გაექცა, თავი დააქნია. შემომხედა. -აქ დამელოდე...-ვთხოვე. გადავედი მანქანიდან. მაღაზიის კარი შევაღე თუ არა, მცენარეების გამაბრუებელი სურნელი შემომეგება. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-მომიახლოვდა ქალი. თეთრი ქრიზანთემების თაიგულის აწყობა ვთხოვე. მერე, როცა ხელებში დავიკავე, ისე ცარიელი მეჩვენა ერთი თაიგული, სანამ უკან გამოვბრუნდებოდი, ვკითხე. -შეგიძლიათ ასეთი მეორეც ააწყოთ? -რა ფერის გნებავთ? -ვარდისფერი. თხოვნა შემისრულა. როცა ისევ შეულესავ სახლს მივუახლოვდით და კარს გავუსწორდით, ჩუმად დამცდა: -არასოდეს მეგონა, ამას მარტო მე თუ გავაკეთებდი. შეკავებული ცრემლებისგან ყელი მეწვოდა. სახლში შევაბიჯე. ლელა მისაღებში იჯდა. ტიტეს დედა წნევას უზომავდა. კარში გავიყინე. -შედი...-მიბიძგა ტიტემ. ვერ გადავდგი ნაბიჯი. ლელამ თვალი მომკრა. მერე ყვავილების თაიგულები შეამჩნია. აემღვრა თვალები... ვერც მე შევიკავე ცრემლები. -მიდი...-წელზე ხელი დამადო ტიტემ. ლელას მივუახლოვდი. ხელგამოწვდილი მელოდა ქალი. -დალიკო...-ამოიჩურჩულა. ხელებში ჩავუდე ყვავილები, რომელიც წესით ნინესთან ერთად უნდა მიმერთმია მისთვის. გულში ჩაიკრა თაიგულები შვილმკვდრმა ქალმა. ამოიტირა მწარედ. -ვინ დაგტანჯა ასე ჩემო... ვინ ვერ გაიხარა შენით... რატომ გაამწარე ასე დედაშენი ნინე... სუნთქვა შემეკრა, აღარ შემეძლო მეტი... ლელას თავზე ვაკოცე და უკანმოუხედავად დავტოვე იქაურობა. -საით? დალი!- დამეწია ტიტე. -სახლში უნდა წავიდე. -ხომ იცი, მარტოს ვერ გაგიშვებ... კაცს შევხედე, თვალებში ჩავხედე. -გთხოვ, ლელა არ დატოვო მარტო. -შენთან ვინღა იქნება. წამოდი-არ გამიშვა მაინც, მაჯა დამიჭირა და თან გამიყოლა მანქანისკენ. კარი გამიღო. ჩემი სახლი ორი ქუჩის მოშორებით იდგა. პატარა და მყუდრო შენობაში იმხელა სიცივე და სიცარიელე ვიგრძენი, ტიტეს გულში მადლობა გადავუხადე, მარტო რომ არ გამომიშვა. საბაზანოში შევედი. იმდენად ვიყავი გაბრუებული, ისე მეწვოდა თვალები და ყურები ყველაფერი მომხდარისგან, თავი ძილბურანში მეგონა. ყველაფერი გავიხადე და ცხელი შხაპის ქვეშ დავდექი. ტანზე ღრუბელს ვისმევდი და ვტიროდი. გავჩერდებოდი, კანკალით ამოვისუნთქავდი და ისევ ვაგრძელებდი. ბოლოს ძალა რომ აღარ მეყო, მარტო დარჩენილს საკუთარ თავთან, ჩავიკეცე და ერთიანად ამოვუშვი მთელი დაგროვილი ცრემლების ნაკადი. დავცხრი. ატკიებული კუნთებიც მომიდუნდა. შხაპი გამოვრთე. ხალათი შემოვიხვიე სველ ტანზე. ის იყო, სააბაზანოდან უნდა გამოვსულიყავი, სარკეში ჩემს სილუეტს მოვკარი თვალი, დაორთქლილ ზედაპირს ხელი გადავუსვი და საკუთარ თავს თვალებში ჩავხედე. -ვინ ხარ? ის დუმდა. -რატომ არსებობ... რატომ გაჩნდი? კვლავ ჩუმად იყო. სარკეს ზურგი ვაქციე და ოთახში გავედი. ტიტე დივანზე იჯდა. ზურგით ეყრდნობოდა სავარძელს. მშვიდად გამაყოლა მზერა, როგორ შევდიოდი საძინებელში. ტანსაცმელი ჩავიცვი, თმის გაშრობის ძალა აღარ მქონდა, საწოლზე დავწექი და მოვიკუნტე. მერე მისი ნაბიჯების ხმა მომესმა. მომიახლოვდა და მერამდენედ, თბილი პლედი დამაფარა, რომ არ შემცივნოდა. *** -დალი! დამეხვა თავბრუ! -მოითმინე, ნერვებს ნუ მიშლი. ორი ათას ოცდასამი წლის შვიდი აგვისტო. ნინეს დაბადების დღე. მისი ოცდაოთხი წლის იუბილის აღსანიშნავად საჩუქარს ვუმზადებდი და კორპუსის მეთორმეტე სართულზე ლიფტით ამყავდა. -რახან მაღლა ავდივართ... ვარსკვლავების ფონზე სამუდამო ერთგულება უნდა შემომფიცო? თუ მეტეორების ვარდნას მაყურებინო?-შემომხედა ანცად. -მოკეტავ ბოლო-ბოლო?! -ვნერვიულობდი, ის კი უარესად ახელებდა ისედაც ჩემს დანგრეულ ნერვებს. ნინელიმ ამოიხვნეშა, ხელები გადაიჯვარედინა. შეძლებისდაგვარად შეეცადა მოთმინება გამოეჩინა. ტიტესგან განსხვავებით, მოთმინებით ნამდვილად არ გამოირჩეოდა. -მოვედით. -ვუთხარი როცა ლიფტი გაჩერდა. -მაგას მივხვდი როგორღაც. -წამომყევი... აქ ამომყევი. -მივუგე და მისაყუდებელი კიბის რამდენიმე საფეხური ავიარე, შენობის სახურავზე გავედი. ხელი ჩავჭიდე, ამოსვლაში რომ დავხმარებოდი. -აქ რა გვინდა, შეგეძლო დაბლა მოგეწყო ეგ შენი სიურპრიზი. -ვახ, არ ხარ რამის ღირსი შენ, აბა შენს უკან გაიხედე! დამიჯერა. და გაშეშდა. გვერდით ამოვუდექი რეაქცია რომ მენახა. ტიროდა. -მოგწონს?-გამეღიმა. შენობის მოაჯირთან თეთრი ფარდებითა და ფერადი განათებებით მორთული, თავღია ფანჩატური მომემზადებინა. ცენტრში პატარა მაგიდა იდგა, ტორტით და სურნელოვანი სანთლებით, მის გვერდით კი ორი პუფი შემომეწყო. -წამო, ხედი ნახე.-ხელი ჩავკიდე და თან გავიყოლე. მზე ჩადიოდა. თვალწინ ხელისგულზე იშლებოდა მთელი ქალაქი. ყველაზე მეტად აქ, მაღლა იგრძნობოდა ზაფხულის სურნელი, გრილ ნიავს რუდუნებით რომ მოჰქონდა მზის ბოლო სხივებისა და კრიალა ცის სიწმინდით აღსავსე. -რა ლამაზია...-დასცდა ჩუმად. თვალები უბრწყინავდა. შორეული მთებიც ჩანდა ხედში. ისეთი მწვანე და ლაღი, ისეთი სუფთა... -დაბადების დღეს გილოცავ. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენს ნიშნავ ჩემთვის. -გავხედე. გოგო კი ძლიერად ჩამეხუტა. ისე ძლიერად, რომ გულ-მკერდი ამტკივდა. საპასუხოდ მხარზე ხელები შემოვხვიე. -მიყვარხარ. ძალიან მიყვარხარ. -იცი, ტორტი მე გამოგიცხვე... გაეცინა. სიცილით შეიმშრალა ცრემლები. -დარწმუნებული ხარ რომ შენი ნახელავია? -რა თქმა უნდა! -აბა რატომაა ასეთი ლამაზი. კაი კაი, ნუ მიყურებ ასე, დასალევი არ გვაქვს? -მაგას რა კითხვა უნდა...-ვუთხარი და მაგიდის ქვეშიდან სამი ბოთლი არაყი გამოვიღე. -უბრალოდ მაღლა რომ დამედგა, პირდაპირ ამას მოვარდებოდი, ლოთო. -აქედან ღამეც მაგარი ხედი იქნება... -ვერც კი წამოიდგენ, ისეთი მშვენიერია. -საიდან გახსოვდა, რომ ესეთი ადგილის პოვნაზე ვოცნებობდი?-ჩაჯდა პუფში. -როგორ შეიძლება შენთან დაკავშირებული რამე დამავიწყდეს?-შევეკითხე და არაყის ჭიქა შუვუვსე, გავუწოდე. -ჩვენ გაგვიმარჯოს!-მივუჭახუნეთ ერთმანეთს ჭიქები და სულმოუთქმელად გადავკარით მწარე სასმელი. -შეხედე! თვითმფრინავი მიფრინავს... -მწნილი არ წამოიღე? -ვერ ხარ შენ ხო? *** გამომეღვიძა. ზანტად გავახილე თვალები, მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საერთოდ არ მძინებია. გაკვირვებული წამოვიწიე, როცა აღმოვაჩინე, რომ მისაღებში ვიწექი. თეთრი პერანგი და მოკლე, ტყავის კაბა მეცვა. ფეხშიშველი ვიყავი. ციოდა. წამოვდექი, მიმოვიხედე, ტიტე არსად იყო. დავუძახე. არავინ მიპასუხა. სამზარეულოში გავედი, არ დამხვდა, არც საბაზანოში იყო და არც ჩემს საძინებელში. ტელეფონი მოვძებნე. ზუსტად სამი საათი გასულიყო, რაც აქ მოვედი. ფეხსაცმელი ჩავიცვი, პალტო ავიღე და ის იყო, სახლის კარი გავაღე და გასვლა დავაპირე, რომ ჩემი ტელეფონის მაღვიძარამ დარეკა. არადა, არ მქონდა დაყენებული. მაღვიძარას იარლიყში რაღაც ეწერა. „გალერეა შეამოწმე, საყვარელო!“ გული კინაღამ გამიჩერდა. მაღვიძარა გამოვრთე, გალერეაში შევედი და ერთი საათის წინ გადაღებული ვიდეო დამხვდა. ჩავრთე. მე ვიყავი. ტელეფონის კამერა გავასწორე და საძინებელ ოთახში, მაგიდაზე დავდე. რაღაცას მივაყუდე. „-აი, ვსო, გასწორდა!“-გავუღიმე კამერას. მაგრამ არა. ეს მე არ ვიყავი. შიშისა და მღელვარებისგან ფეხები მომეკვეთა. დივანზე მოწყვეტით დავეშვი. „-რახან ყველაფერი იცი, ჩემო საყვარელო, რაღა აზრი აქვს დამალვას.“- მე ვიყავი, თან არ. ჩემი ხმა იყო, მაგრამ თან იმდენად განსხვავებულ ტონში ვლაპარაკობდი... ისეთი ირონიული ვიყავი... „-სასიამოვნოა შენი გაცნობა, დალი, მე მარიამი ვარ“-გამიღიმა მემ. –„ მე კი დიდი ხანია გიცნობ...“-ჩაეცინა. –„ ეს რა ჩაგიცვამს? ღამე სულ ამით გძინავს ხოლმე?!- დაიხედა ტანზე, მერე გარდერობთან მივიდა. გაშიშვლდა, ტანს ქვემოთ კაბა ჩაიცვა, ზედას დიდხანს არჩევდა კარადაში. -„სტილი გვაქვს შესაცვლელი, რა!“-თქვა ბოლოს და თეთრი პერანგი გამოიღო. –„გვეყოს რაც ეს დღეები შავები გვეცვა, ცოტა გავნათდეთ!„-გაიცინა ხმამაღლა. ზიზღით დავყურებდი საკუთარ თავს. გულძ*მარვა მქონდა. „-ძაან ცხელა...ერთი წუთით, საყვარელო...“-კადრიდან გავიდა. მალევე შემოვიდა უკან, ოთახში.„-ეს ტიტე ისე ზრუნავს შენზე, გამათბობელს ბოლომდე აუწია, წარმოგიდგენია?“-გადაიხარხარა. მერე ტელეფონი აიღო, საწოლზე გადაწვა, აქეთ იქით ტრიალი დაიწყო, მოულოდნელად წამოჯდა. –„წეღან სარკეში მაგარი იყავი, როგორ მეუბნეოდი? ვინ ხარ? რატომ გაჩნდი?“-წარმოსთქვა ხელოვნური პათოსით და ისევ გაიცინა. ხელები ისე გამიცივდა, ცივი ჟრუანტელისგან სხეული ამტკივდა. -„კარგი, მგონი დროა სერიოზულ ლაპარაკს შევუდგეთ...“-ტუჩები გააწკლაპუნა. ახლა ტუმბოს მიაყუდა ტელეფონი. კამერაში დიდხანს იყურებოდა. იღიმოდა. კიდურები შიშისგან ამიკანკალდა. ცრემლები წამომივიდა. –„ვამაყობ ნინეთი, ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.-დაიწყო დინჯად. გავშრი. -„რახან უკვე გაიგე ჩემზე, მოდი, შენთან გულახდილი ვიქნები, ეგ შენი დაქალი საერთოდ არ მომწონდა!“-თქვა ზიზღით-„დღე და ღამე ერთმანეთს დასდევდით, ბარემ დაქორწინებულიყავით, ეს რანაირი დაქალობაა!“ ბრაზი მომერია, ტელეფონს ისე მოვუჭირე ხელები, თითის ბალიშები გამიწითლდა. -„გული მერეოდა თქვენს ურთიერთობაზე. წარმოგიდგენია? შენზე ისე ზემოქმედებდა, კვირაში, ორ კვირაში ერთხელ თუ გამოვიდოდი გარეთ.“-შეჰყვირა ბრაზით.-„მის გამო მარტო თითქმის არასდროს რჩებოდი, უფლებას არ მაძლევდა ძალები მომეკრიბა. სწორედ ამიტომ, წყნარად გავაფრთხილე, რომ ჩამოგშორებოდა. უფრო სწორად, ჩა-მო-გვშო-რე-ბო-და!“-გაიცინა. ტუჩებზე ხელები ავიფარე შოკისგან. -„მაგრამ იმ საძაგელმა აინუშიაც არ ჩააგდო! იმ ჭკვიანმა და გაქნილმა ბო*მა ნელ-ნელა რაღაცეების მიხვედრა დაიწყო, რაც დამეთანხმები, უსიამოვნო იყო ჩემთვის. ბოლოს, როცა მას ველაპარაკე, მითხრა, რომ ვიდეოებს წერდა შენთვის, რომ ყველაფერს განახებდა და ერთიანი ძალისხმევით შეეცდებოდით ჩემს მოშორებას. ბლა! ბლა! ბლა! დალი, ეგეთ სულელს ვგარ, რომ მე ეგ ამბავი დამეშვა?“ გული შემეკუმშა. ხმით ამოვიტირე. „-ხოდა ჩვენი პატარა პრინცესა არჩევანის წინაშე დავაყენე.“ არა, ღმერთო... “-ან შენ, ან ის!“-ვიღიმოდი მე. თავი ამტკივდა. ის ტკივილი კეფიდან აღარ წამოსულა. გულიდან წამოვიდა. ჯერ სუნთქვა შემიკრა, მერე მაიძულა მხრები მომეხარა, ყურები დამიგუბა და საფეთქლებში დაივანა. „-შენ რომ გეგონა, მუცელზე ჩალურჯებები საწოლიდან გადმოვარდნის გამო გქონდა, მე ვიყავი, საყვარელო ეგ, მე გტკენდი, რომ იმ საცოდავ ნინელის სიტუაციის რეალობა გაეაზრა!“-კაატკაცუნა თითები და ტაში შემოჰკრა. -„სიმართლე გითხრა, უფრო პომპეზიურ თვითმკვლელობას ველოდი, ვენების გადა*ჭრა ან რამე ცოტა ბრუტალური, მაგრამ არაუშავს, წავა ესეც...“ ვეღარ გავუძელი, წამოვხტი, ტელეფონი კივილით მთელი ძალით შევალეწე კედელს. მერე იქვე ვარწ*ყიე. მე ვიყავი. მე მოვკალი მეგობარი. თავი 4 ორი ათას ოცდაოთხი წლის ოცდარვა თებერვალი იდგა. ციოდა. შეულესავი სახლის კართან სწრაფად მივირბინე და მოუთმენლად დავაკაკუნე. არავინ გამიღო. ანჯამა ჩამოვწიე, ღია აღმოჩნდა. სახლში შევაბიჯე. -ნინე! ლელა! თქვენი საყვარელი ეკლერები მოგიტანეთ, იმხელა რიგი... მეორე სართულიდან კივილი მომესმა. ლელა იყო. სულისგამყინავმა ხმამ ისე შემაშინა, ნამცხვრის ყუთს უნებურად ხელი გავუშვი, კიბეზე რამდენიმე საფეხურის გამოტოვებით ავირბინე. ნინეს საძინებელი ღია დამხვდა. -შვილოო! ვაიმე! შვილო!-მოთქვამდა ქალი. -ლელა! ლელა საწოლზე იწვა. კალთაში ნინეს თავი ედო. ნინეს ეძინა. -რა მოხდა! -ნინე... დალი... ნინე, ჩემი ნინე...-ხრიალებდა თმაგაწეწილი. გამალებით ეჭიდებოდა შვილის სხეულს. კოტე საწოლთან ჩამუხლულიყო. ტელეფონი ეჭირა ერთ ხელში, მეორე ხელი მოემუშტა, კბილებშორის მოექცია და აქეთ-იქით ირწეოდა ცოლ-შვილის შემხედვარე. -რა ხდება, ლელა. ვერაფერს ვიაზრებდი. უფრო სწორად, არ მინდოდა გამეაზრა. საწოლზე წამლის ბოთლი ეგდო. რამდენიმე აბი გადმოვარდნილიყო. -ნინე... -მივუახლოვდი მეგობარს. მხრებზე ხელი დავადე. შევანჯღრიე. -ლელა... რა სჭირს? დამაძინებელი დალია? რატომ ტირი? ლელა! -ვაიმე, ჩემი პატარა! ვაიმე... დედიი... შენ მოგიკვდი მე, შვილო! სიკვდილი. ნინეს სახე ხელისგულებში მოვიქციე. აშკარად ეძინა, მაგრამ რატომ იყო ასეთი ცივი? -ნინე...-დავიჩურჩულე. მერე რაღაც ძალით დავუშვი, რომ... სულ წამიერად, და თითები საძილე არტერიასთან მივუტანე. ვერაფერი გავიგე. ჩემი სწრაფი გულისცემის ხმა მისი არტერიის ფეთქვა მეგონა. -ნინე... სასწრაფოს სირენების ხმა გაისმა. კოტე სწრაფად ჩავიდა დაბლა. ზურგსუკან მდუმარება მალევე ნაბიჯებმა გაჰკვეთეს. -გაიწიეთ! დავმორჩილდი. ლელას ჩავეჭიდე, ნინე გავაშვებინე. ექიმებს დიდხანს არ უსინჯავთ ჩემი მეგობარი. ხელები საშინლად ამიკანკალდა. ლელა ისევ მოეხვია თავის პირველს. მე თვალთ დამიბნელდა. თავი ამტკივდა. შევბრუნდი, ფანჯარას მივუახლოვდი, გავიხედე. არ მინდოდა ის სცენა მენახა. -ვაიმე, დედი! არც ეს ხმა მინდოდა გამეგო. ყურებზე ხელები ავიფარე. -ვაიმე, შვილო! პირველი ცრემლი ჯოჯოხეთივით აუტანელი და მწარე იყო. „ღმერთზე მეტად ნუ შემიყვარებ, თორემ ჩემ თავს წაგართმევს!“ -გამახსენდა მისი სიტყვები. მხარსუკან შეშინებულმა გამოვიხედე. ნინეს ჩალისფერი თმა მის ბალიშზე ესვენა. შემცივდა. კედელთან ჩავცურდი. -ვაიმე... ნინე... დედიკო... ნინე, რა სისულელე ხდება ახლა? გავიყინე. მოდი, მომეხვიე. მითხარი, რომ ეს უბრალოდ ცუდი ხუმრობა იყო და მორჩა. გაპატიებ. ვერ გავინძერი. ვხედავდი, როგორ გაჰყავდათ ჩემი მეგობარი, მაგრამ ვერ ვდგებოდი, ვერ ვაჩერებდი მათ. მერე ტიტე მოვიდა. ჩაიმუხლა და წამომაყენა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. სკამზე ჩამომსვეს. ჩემ წინ ნინეს ეძინა. ღამით, როცა მასთან მარტო დავრჩი, მივუახლოვდი, სახეზე ხელი ჩამოვუსვი, ლოყაზე მივეალერსე. -როგორი ცუდი სიზმარია არა? ნეტავ როდის გათენდება? “არასოდეს!“-მიპასუხა ვიღაცის ხმამ. ხმა ჩემს თავში ისმოდა. რაღაც მწარე მომაწვა ყელში. ძლივს გადავყლაპე ნერწყვი. მინდოდა მეტირა, თუმცა გაყინულ თვალებიდან წვეთი არ გადმომვარდნია. *** ცა მოღრუბლულიყო. თალხი ბურუსი ჩაწოლილიყო ჰორიზონტებზე. გარეთ გავაბიჯე. სუსხიანი ქარი ჰქროდა. სიცივისა და მარტოობის მძიმე სუნი მოჰქონდა ტკივილს. -ნინე... გონებაარეული ქუჩას გავუყევი. თვალწინ მედგა ნანახი კადრები. როგორ შეიძლებოდა ასეთი ვყოფილიყავი? ასეთი ბოროტი... მონსტრი. მონსტრი. -ნინე... სად გადიოდა საზღვარი ჩემს თავსა და იმ ადამიანს შორის, რომელსაც ნინე სძულდა? როდის, როგორ დავუშვი, როდის დავკარგე თავი, რა მოხდა ასეთი, მას შექმნის უფლება რომ მივეცი? -ნინე... კიდურებს ძლივს მივათრევდი. თითქოს ჩემს ფეხთქვეშ ზღვა იყო უძირო, უსაზღვრო და უსასრულო. და მლაშე, ქაფიანი ტალღები იყვნენ ჩემი ცრემლები. გამაყრუებელმა სიგნალის ხმამ გადაფარა ჩემი ფიქრები. -სად გადადიხარ, ქალო! წინ იყურე!-დამიყვირა ვიღაცამ ბრაზით. ჩემ წინ გაჩერებულ მანქანას შევხედე. მერე გაგულისებულ მძღოლს და გზა განვაგრძე. -ნინე... ვინ ვიყავი... ვინ ვიყავი საერთოდ? -გიჟია, ვინ არის ეს!-ყვიროდა მძღოლი. ჩემ წინ მაღალი შენობები წარმოიმართნენ. რამდენ ხანს დავდიოდი? რომელი საათი იყო? წვრილად იწყებდა წვიმას. -ნინე... თავბრუსხვევა... თავბრუსხვევა... თავბრუსხვევა... ის ტკივილი, ის ტკივილი თავში. ხელებში, მკერდში... უაზროდ ვაცეცებდი თვალებს. -ნინე... ჩემი ბრალია... მე მოგკალი... როგორ შევძელი, როგორ შემეძლო, განა? რატომ, ასეთი რა მჭირდა ჩემში ურჩხული რომ დავბადე... უდედობას ვერ ვეგუებოდი? არა, ლელა იყო დედაჩემი. მარტოობა მახრჩობდა? არა. შენ იყავი ჩემი მეგობარი. შენ იყავი საკმარისზე მეტი. აბა რატომ... -ნინე... კოკისპირულად დაუშვა. წამით მეამა, თვალები დავხუჭე და სახე ცისკენ აღვაპყრე. ვევედრებოდი წვიმას, იქნებ ჩემში ლავად ჩაღვრილი ტანჯვა გაენელებინა, იქნებ საშუალება მოეცა ცოტა სული მომეთქვა. ისე მტკიოდა... და ისე მწვავდა საკუთარი თავი. მე აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის მტერი. მე აღმოვჩნდი მისი სიკვდილის მიზეზი. -ნინე... -დალი... ხმამ გაჰკვეთა ყურთასმენა. საფეთქელზე ხელი მოვიჭირე... ყურებში საშინელი, აუტანელი წუილი ჩამიდგა. და ეს გაუსაძლისი, შემაძრწუნებელი სხეული... რომელიც ორ არსებას დაათრევდა ტვირთივით... -დალი... ეს აღარ იყო ჩემგან მომავალი ძახილი. გავიგონე თუ არა, მივხვდი, მე ეს ხმა გადამარჩენდა... მოუთმენლად დავიწყე ქუჩაში ყურება, იქნებ დამენახა, იქნებ სადმე თვალი მომეკრა... -დალი... -ტიტე... ვეღარ ვსუნთქავდი. ჩემკენ მომავალმა სხეულმა ნაბიჯები ააჩქარა. ძალა არ მეყო მისკენ ხელი გამეწვდინა. მაგრამ მან ჩამჭიდა და მოუთმენლად მიმიხუტა. -დალი... დალი... შემომხედე...რა გინდა აქ...-ჩემი სახე ხელებში მოიქცია აღელვებულმა.-კარგად ხარ? სულ გაყინულხარ...სად იყავი... ღმერთო...-გაშმაგებით დამიკოცნა სახე. მერე თავისი პალტო გაიხადა, მხრებზე მომახურა. მხარზე მიმიკრა-წამოდი... სულ სველი ხარ.. -ტიტე... -წამოდი დალი... -ჩემ გამო წესიც კი არ აუგეს... გაჩერდა, შემომხედა. მხრებზე ხელი მომხვია. -დალი... -ჩემ გამო წევს იმ მიწაში... -დალი...-ხმა გაუმკაცრდა. წამიერად თვალები დახუჭა, ღრმად ჩაისუნთქა, სიმშვიდე რომ მოეკრიბა. -შენ არაფერ შუაში ხარ... -ტიტე... -წამოდი, პატარავ...მოდი ჩემთან... როცა მანქანაში ჩამსვა, მერეღა შევამჩნიე, რომ ციებანივით ვკანკალებდი. -მარტო არ უნდა დამეტოვებინე...მაპატიე...-სალფეთკი აიღო, სახე შემიმშრალა. წყლის ბოთლი გამომიწოდა, საკუთარი ხელით დამალევინა წყალი. -ცოტა ხანში გათბები... ნუ გეშინია...-მიმიკრა გულზე უღონო. -კარგად იქნები... ნუ გეშინია...-მჩურჩულებდა ყურში. თითქოს მხოლოდ ჩვენ ორის საიდუმლო იყო... თითქოს მხოლოდ ჩვენ ორს შეგვეძლო ამ ჭაობიდან გადასარჩენი გზა გაგვეკვალა. მაგრამ არ იყო ასე... მე ხსნას ვეღარასოდეს ვიპოვიდი, რადგან თავად ვიყავი ჭაობი. -მან მითხრა... მან მითხრა, რატომ მოიკლა თავი ნინემ... კაცმაც, თითქოს იგრძნო, რომ რაღაც საშინელის, საზარელის თქმას ვაპირებდი და კიდევ უფრო მჭიდროდ მიმიკრა თავის სხეულზე. -მე ვარ მიზეზი... ისე ჩუმად ვთქვი, მეგონა ვერ გაიგებდა... მაგრამ გულის ძგერის ტემპი აუჩქარდა ტიტეს. -დალი...-მაინც არ მომაშორა თავის მკერდს. მაინც ცდილობდა გავეთბე და მყუდროების საბურველში გახვეულს სიცივე და მარტოობა არ მეგრძნო. -ჩემი ბრალი ყოფილა...-ვეჭიდებოდი კაცის პერანგს. შველას ვთხოვდი. ვთხოვდი, რომ რასაც მე ვიძახდი, მტკნარი სიცრუე და ზღაპარი ყოფილიყო. სიზმარი ყოფილიყო, გაუგონარი სისულელე და აბსურდი ყოფილიყო. მწარედ ამოვიტირე. დავტიროდი ჩემ მოკლულ მეგობარს და მის ლამაზ ღიმილს, ასე რომ არ უყვარდა საკუთარ თავში. ის მშვენიერი, გრძელი, ჩალისფერი თმა, ის ნარნარი ხმა, გაღიმებისას დაწვრილებული თვალები... ის მშვიდი, სათუთი და საყვარელი გულისცემა, რომელსაც ოცდაოთხი წლის მანძილზე ყურისქვეშ ვისმენდი. ხმამაღალი კისკისი, ხშირად დაღლილი, გამოუძინებელი თვალები, სატირლად დაბრეცილი ტუჩები, ჩემკენ გამოწვდილი მკლავები, რომელსაც გადასარჩენად ვეიმედებოდი... მე გამიწირავს, მე დამისამარებია... მე მომიკლავს ლელა, შენი ლამაზი შვილი. და როცა ჯერ კიდევ ორი დღის წინ მის ცივ სამარეს მიწას ვაყრიდი და ვფიქრობდი როგორ გამეგო მისი სიკვდილის მიზეზი... საკუთარი თავი, ასე დაცემული და პირქუში, ყველაზე შემზარავ საიდუმლოს მიმალავდა. *** საათი წიკწიკებდა, დაუღალავად და მოთმინებით, ტემპისდაურღვევლად. ორას ოცი, ორას ოცდაერთი, ორას ოცდაორი... -დალი! ჩააწოდე ბურთი... სოფელში ვიყავით. ზაფხული იდგა. ფეხშიშველები დავრბოდით ბალახზე. სიმწვანის სურნელი გამჯდარიყო თითქოს ჩვენ კანქვეშ. უნებლიედ გამეღიმა... თბილი ხელისგული ვიგრძენი შუბლზე. მკლავი ამიწიეს. -მაღალი სიცხე გაქვს...დალი... დაბურული მზერით ტიტეს სახე ძლივს გავარჩიე. ყელი მეწვოდა. ყურები საშინლად მტკიოდა, მაგრამ ისეთი საამო იყო ეს ტკივილი...ისე მიადვილებდა სუნთქვას... თვალები დავხუჭე. გახელის ძალა აღარ მქონდა. მოდუნებულ სხეულზე თითქოს მძიმე ლოდი მაწვა, ისე მივკრობოდი საწოლს. მძიმედ ვსუნთქავდი. როგორი კარგი იქნებოდა ახლა ჩემი გაქრობა. ჩემს ურჩხულთან ერთად სამუდამოდ გაქარწყ*ლება. -„არა!“-საფეთქელთან ტკივილმა გამიელვა. ამოვიკნესე... -დალი...მოდი, ცხელი ჩაი დალიე...-მეალერსებოდა ტიტე ღაწვზე. არ შემეძლო... როგორ მეთქვა, რომ არაფერი მინდოდა? ძილი მინდოდა მხოლოდ და სიმშვიდე. საათის წიკწიკი გრძელდებოდა დაუსრულებლად. შვიდას ოცდაშვიდი, შვიდას ოცდარვა, შვიდას ოცდაცხრა... თითქოს თბილი ზღვის სიღრმეში ჩავიძირე... სხეული ისე ამიმჩატდა, ისე შევმსუბუქდი... ტანზე დავიხედე. წელზე მკლავები მეხვეოდნენ. -გეხვეწები, წამოდი, მარტო არ გამიშვა! -ნინე, მეზიზღება ეს კლუბები, თავს ყულფში რატომ მაყოფინებ? -დალიკო...-დაიწვრილა ხმა, როგორც სჩვეოდა, წინ დამიდგა და თვალისმომჭრელად გამიღიმა. -კარგი სასმელები იქნება, ვინმე მოგიახლოვდება თუ არა დედას ვუტირებ, ხომ იცი-ამითამაშა წარბები-შენს სივრცეს არავინ დაარღვევს! -თუ მე უნდა მითვალყურეო, შენ როგორღა გაერთობი?-დავსვი ლოგიკური კითხვა და ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი. ფანჯარა ღია იყო, ღამის ნიავმა თმა საამოდ ამიშრიალა. -გავერთობი, შენ ნუ ღელავ...აბა... -კარგი ხო, ნუ შემაღონე! -მაშ ასე!-მივარდა გარდერობს-შენ ეს ჩაიცვი თუ გინდა-საკიდზე დამაგრებული, შავი მოკლე კაბა გადმომიღო და თვალწინ ამიფრიალა. -იცოდი, რომ ბოლოს მაინც დაგთანხმდებოდი...-სიმწრით გავაქნიე თავი. -მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ, გოგონავ!-მომიახლოვდა ის. წინ დამიდგა, ხელები მხრებზე ჩამომადო და თვალებში ჩამხედა. - ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი ზუსტად ვიცი როდის რას გააკეთებ. -და იმ ერთ პროცენტს მიტოვებ მხოლოდ თავისუფალ არჩევანში? -ეგ ერთი პროცენტი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისაა. -გამომიყო ენა. მერე დასერიოზულდა. -სინამდვილეში, მე და შენ არასწორ ადგილას, არასწორ დროს დავიბადეთ. -რატომ?-ჩამეცინა. წელზე ხელი მოვხვიე და ახალი ჰიპოთეზების მოლოდინში ყური დავუგდე. -ტყუპებად უნდა დავბადებულიყავით და ღმერთმა რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო ეს ჩანაფიქრი არ განახორციელა. -ტყუპები რომ ვყოფილიყავით, პირველი მე დავიბადებოდი, ზუსტად ვიცი! -რატომ ვითომ?! -აბა შენ რომ დაბადებულიყავი, მთელი ცხოვრება გამამწარებდი, გინდა არ გინდა, შენზე უფროსი ვარო. -ეჰ, რა კარგი იქნებოდა, არა? -ნინე... ნახევარ საათში მზად უნდა ვიყოთ. -ოხ, შენი... ადექი, ჩაიცვი ეს, ჩქარა!-მაჯაზე მომქაჩა და ფანჯრიდან ჩამომაგდო. მერე გრძელი ფარდა ჩამოაფარა ფანჯრებს. -რას შვრები? -წინ რომ ახალი მეზობელი გადმოვიდა, ხო იცი... ცოტა მანიაკია,-დაიწყო ტანსაცმლის გახდა- გუშინ მთელი საღამო იჯდა და ჩემს ფანჯრებს სდარაჯობდა. -გინდა ავუვარდე?-გავბრაზდი. -სხვა დროს, სხვა დროს! ჩაიცვი მალე! მაჩქარებდა გოგონა. -დალი...-კაცის ხმა ჩამესმოდა. ნირვანა უკან მითრევდა. შევეცადე თვალები გამეხილა. ტიტე ფერხთით მეჯდა. ტელეფონზე ლაპარაკობდა. მაღლა ავიხედე. ჭერში ბაც ოქროსფრად ვარსკვლავები ციალებდნენ თითქოს. *** გაღვიძებისთანავე თვალში ფანჯარა მომხვდა. მარტის მზის ცივი სინათლე შემოდიოდა ოთახში. მარცხენა ხელზე დავიხედე. გადასხმა მეკეთა. სევდიანად გამეღიმა. წამოვიწიე, გადასხმა მოვიხსენი და წამოვდექი. აღარ მტკიოდა ყელი, აღარც ყურებში ისმოდა სულისგამყინავი წვრილი ნოტები. მაგრამ ათასჯერ უარესი იყო სადღაც, მკერდს მიღმა დაბუდებული ჩუმი აგონია. ფანჯარას ნელა მივუახლოვდი. ფარდა გავწიე. ქუჩაში ხალხი მიმოდიოდა. ერთმა ქალმა ჩამოიარა, გულზე ლეკვი მიეხუტებინა. მოპირდაპირე მხარეს, სახლიდან კაცი გამოვიდა, მანქანაში ჩაჯდა. სკოლის მოსწავლეების ჯგუფმა სიცილით ჩაუარეს ჩემს ფანჯარას. ღრუბლები გადაეყარა ზეცას, მზე კი მაინც თეთრად ლიცლიცებდა კაბადონზე. -გაიღვიძე? ოთახში ტიტეს ხმამ დაარღვია მდუმარება. მას შევხედე, ნელა მომიახლოვდა. წინ დამიდგა. -სუსტად ხარ-მაჯებქვეშ ფრთხილად შემისრიალა თითები და ხელები თავის ხელებზე დამაყრდნობინა. მაკვირდებოდა, მშვიდად დაატარებდა მზერას ჩემზე.-რატომ ადექი. -ნინე დამესიზმრა...-გავუღიმე, ავხედე.-იცი რა ლამაზი იყო? -რა ხდებოდა სიზმარში? -ნინეს ოთახში ვიყავით... კლუბში გაყოლას მთხოვდა... -მერე, წაჰყევი? -ვაპირებდი... ნელა, მაჯებით მიმწია თავისკენ. ჩამეხუტა. -იცი, ნინეს როგორ უყვარდი, დალი?-როცა საუბრობდა, მისი გულ-მკერდი ვიბრირებდა და სიამოვნებისგან მაყუჩებდა. მაგრამ მისმა შეკითხვამ ცოტაოდენი იდილიაც წამსვე გამომაცალა ხელიდან. -ნინეს ძალიან ეწყინებოდა ასეთი რომ ენახე. -მეც მეწყინა, რომ ვნახე ისეთი უსიცოცხლო... მკვდარი. -ჩამქრალი იყო ჩემი ხმა. მზერა-გაყინული. -ნუ, ნუ ფიქრობ ამაზე... გახსოვს, ერთხელ, სოფელში, ტყეში რომ წავედით? მოგონებების სიღრმეში ჩავიძირე. ამღვრეულ ფიქრებში ძლივს მივაგენი სანუკვარ წუთებს. -ჰო... -არ მახსოვს, როდის იყო? -ბოლოს? ოთხი წლის წინ. -და იმ სულელს ზღარბის შეეშინდა. -გამხმარი ბალახი ეგონა...-მეღიმებოდა. -როგორ ვერ გაარჩია ეკლები, ვერ ვხვდები.-ისევ ვიბრირებდა კაცის სხეული. მის გულ-მკერდზე უღონოდ მიმეყრდნო ჩემი და მისი მხარი შემოსდგომოდა საყრდენად ჩემს სახეს. -საღამო იყო, ტიტე... რა უნდა დაენახა. -კივილით აიკლო მთელი ტყე... მეგონა რამე მტაცებელი გამოვარდებოდა.-ღიმილი ემჩნეოდა მის ხმასაც. -სოფლამდე ისე ირბინა, არ გაჩერებულა... ნაზად დაირწა კაცი და მის ნელ რხევას აჰყვა ჩემი სხეულიც. რომელიღაც სევდიანი მელოდია მომაგონდა. -მაგრამ, ხომ ვიცი, არც ეგრე შეშინებია... -რას გულისხმობ? -განზრახ გაიქცა... მარტო რომ დავეტოვებინეთ... ტიტე დუმდა. -ამაოდ გარჯილა... -ჰო... მეჩხუბა, სულელი ხარო. -მართლა? -გამიბრაზდა... ტიტესთან დასაახლოვებლად უნდა გამოგეყენებინა მომენტიო... -მსოფლიოში ყველაზე მაგარი გულშემატკივარი მყოლია და არ ვიცოდი... -ტყუილად ოცნებობ, მაგას ის უფრო უხაროდა, რომ მისი პოტენციური რძალი შეიძლებოდა გავმხდარიყავი... -გადარეული... -ყოველთვის უნდოდა, რომ ერთი ოჯახის წევრები ვყოფილიყავით... -ნინე ყოველთვის საკუთარ ოჯახის წევრად გთვლიდა, დალი... -ვიცი... ამიტომ ყოველთვის მიკვირდა... ჰოდა, ერთხელაც ამიხსნა... -რა თქვა?-გაჩერდა კაცი. -ოდესმე, თუ კი რაიმე სასწაულით ჩვენი ბედი გაიყრებოდა, ერთმანეთთან დასაკავშირებელ გზას საინტერესოა, როგორ მოვძებნიდით. ოჯახის წევრები კი ერთმანეთს ვერასოდეს კარგავენ, რაც არ უნდა ძლიერ სურდეთ ეს... -ნინეს შენ ვერასოდეს დაკარგავ...ხომ იცი? -მის სიტყვებს თავიდან ვერაფრით ვიგდებ... იქნებ, მართლა... ოჯახის წევრები რომ ვყოფილიყავით, ჩემს მეორე მეს ასე არ შესძულებოდა...-სასოწარკვეთამ ტიტე ხელიდან გამომაცალა და თავად ჩამეხუტა მის მაგივრად. -ნუ ფიქრობ ამაზე, დალი.-თვალებში ჩამხედა კაცმა. წყლიანი, თაფლისფერი ირისები თავისკენ მიხმობდნენ. -წამოდი, რაღაც მოგიტანე. საწოლისკენ წამიყვანა, ჩამომსვა. ტუმბოდან თეთრი სითხით სავსე ჭიქა აიღო და მომაწოდა. -მიდი, დალიე ცოტა... მთელი დღეებია არაფერი გიჭამია... -არ მინდა... გთხოვ... კაცმა სკამი მოსწია, ჩემ წინ დაჯდა. -შემომხედე... შევხედე. დეჟავიუ მქონდა. -რატომ ამბობდი, რომ შენი ბრალია? ამ კითხვას არ მოველოდი. სიცივის ჟრუანტელმა დამიარა კანზე. არ მესიამოვნა, ისევ მისი თბილი, ნეტარი მკლავების სიახლოვე მსურდა. -დალი...დალი...მე შემომხედე...-მზრუნველად მომმართა. -მარიამმა... თქვა, ან შენ, ან დალიო... წამიერად მზერა გაუშეშდა ჩემს თვალებზე, ან იქნებ სიცრუის ამოკითხვას ცდილობდა მათში? მაგრამ ისეთი უიმედო გამოხედვა მქონდა, იმთავითვე დარწმუნდა კაცი ჩემს სიმართლეში. პირველად მე მოვარიდე მზერა. ვეღარ გავუძელი მის დაჟინებულს. -ნინემ, შენთვის...-ხმა გაუწყდა. -ჰო... თვალები მოისრისა, მერე ცოტახნით თავი ხელში ჩარგო. მძიმედ ამოიოხრა. -საიდან იცი?-ეჭვმა მაინც არ მისცა უფლება ის მაინც განწირულიყო მთლიანად. -ვიდეო ჩაწერა... ჩემს ტელეფონში... -ტელეფონის ეკრანი გაბზარულია... შეიძლება ვიდეოს ნახვა ალბათ... დალი...-ნიკაპქვეშ თითები ამომიდო, სახე ამაწევინა. მისი წუთისწინანდელი მზერა არ შეცვლილიყო. ისევ ისე მიყურებდა, როგორც ყოველთვის, როგორც ძვირფასსა და მოსაფრთხილებელს უმზერენ ხოლმე ადამიანები. ტირილი მომინდა. ტუჩები ამითრთოლდა სატირლად. -შენ არაფერ შუაში ხარ!-მტკიცედ წარმოსთქვა. ისე კატეგორიულად, ისე უდრეკად და უყოყმანოდ, თითქოს ამაზე დიდი ჭეშმარიტება ქვეყნად სხვა არ არსებობდა. -ნინემ ყველაფერი გააკეთა, რომ შენ კარგად ყოფილიყავი...-აემღვრა თვალები-შენ რა უფლება გაქვს, საკუთარი თავი ტანჯვისთვის გაწირო? ამდენი უჭმელობით დასუსტდები... ნინეს რა პასუხს გასცემ მერე სიზმრებში?-ჩემი სახე ხელისგულში მოექცია, ცერა თითით მეალერსებოდა ღაწვზე. -მოდი, ეს დალიე. ცოტა მაინც, თორემ ისევ ცუდად გახდები... ჭიქა ტუჩებთან მომიტანა. თავისით გამეხსნა ბაგეები. ჩემი ცრემლის სიმლაშეც ჩაჰყვა თბილი რძის სიამეს. თავი 5 ფანჯარასთან მქრალმა პატარა ჩრდილმა ჩაიფრინა. მერე ჩარჩოსთან მოვკარი ბეღურას თვალი. მხარზე ვიწექი, ხელი ლოყის ქვეშ მედო და მდუმარედ ვაყურადებდი, იქნებ მისი მუჭისოდენა ფრთების შრიალი გამეგონა, მაგრამ ჩქამიც არ იძროდა ოთახში. საათიც კი აღარ წიკწიკებდა. ჩემს ხელებს დავხედე. დაბუჟებული თითები გავამოძრავე. ნინეს საფლავის მიწის სისველე და სიმძიმე მომაგონდა. ამოვიოხრე და წამოვდექი. ფიქრი არ მინდოდა, სადაც იყო თავი ტკივილისგან გამისკდებოდა. მისაღებში გავედი. ცარიელი იყო, ტიტე სამზარეულოში ვიპოვე. -წყალი მინდა. კაცმა გამომხედა, მერე, დავინახე როგორ შეინახა შარვლის ჯიბეში ჩემი ტელეფონი. არაფერი მითქვამს. -ახლავე... -წამოდგა, მაცივრიდან ბოთლი გამოიღო, მაღალ ჭიქაში ჩაასხა სითხე და მომაწოდა. სულმოუთქმელად გამოვცალე. -გშია? უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. ისევ საძინებელში დავბრუნდი. საწოლისკენ წავედი, მაგრამ სარკეში ჩემ თავს მოვკარი თვალი. თხელი პიჟამა მეცვა. თმა ამბურდვოდა, თვალები ჩამშავებოდა. სარკესთან მივედი. მილიმეტრებში ვაკვირდებოდი ჩემს ნაკვთებს, სხეულის თითოეულ ნაწილს და ვცდილობდი მათში სხვა არსება დამენახა. უცხო, ის, ვინც არ ეკუთვნოდა ჩემს სხეულსა და სულს. ჩემს არსებას, ჩემს თავს. კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი. ჩემი თვალები, შავი, მშრალი, უსიცოცხლო, ვინაობადაკარგული... სახეზე ხელები ჩამოვისვი. მე ვიყავი. დალი. მერე გამახსენდა, ის ქალი ვიდეოში, მარიამი... ისიც დალი იყო. და მომეჩვენა, რომ საკუთარი მზერა შემეცვალა. ირონიული, უდარდელი, ამაყი გამოხედვა... რომელიც არ მეკუთვნოდა მე. მაგრამ ჩემი იყო ამავედროს. ის ჩემში იყო, ამ თვალებში, ამ ხელებში, ამ გულში, კიდურებში, თავში, თითებში, ბაგეებში. ის ყველგან იყო სადაც მე ვიყავი. ისიც იმავე ჰაერს სუნთქავდა, რასაც მე, ისიც იმავეს ხედავდა, რასაც მე. მაგრამ ის ჩემსავით ვერაფერს გრძნობდა. ამის აღმოჩენამ წამიერად, სულ წამით შვება მომგვარა. შევძელი ღრმად, სუფთად ჩამესუნთქა. ყელში მოწოლილი ცრემლების ბურთი გაქრა. დავცხრი. -როგორადაც არ უნდა ეცადო ნინეს გაქრობას, ის მაინც იარსებებს. მე ვაცოცხლებ ჩემს სხეულში, შენთან ერთად, შენ გვერდით. -ჩავხედე სარკეში მას. -და ვერასოდეს შეძლებ ჩემი სხეულიდან ნინეს ამოშლას. ის ამაყი, ირონიული გამოხედვა გაიცრიცა. მერე გაქრა. მაგრამ საფეთქლებში ჩაბუდებული ლავა და ტკივილი მაინც მძვინვარებდა. საწოლს გავხედე და ისე გავიწიე მისკენ, როგორც მწყურვალი წყლისკენ. მძიმედ დავწექი. თითქოს ჩემი მთელი ენერგია სარკესთან დავტოვე. ოთახის კარისკენ გადავბრუნდი. რამდენიმე წუთი მდუმარებაში გაიპარა. მერე, შორიდან, კარს მიღმა ჩქარი ნაბიჯების ხმა გავიგონე. კარი გაიღო და ნინე კისკისით შემოვარდა. გამეღიმა. -თუ შეიძლება ჰუმანურობა გამოიჩინო და საჭმლის გაკეთებაში მომეხმარო?-გაისმა ჩემი ხმა სამზარეულოდან. -არაა!-დაიყვირა გოგომ. ტანსაცმლის კარადასთან დადგა, გამოაღო და კაბების არჩევას შეუდგა. -დალი, შენი ცისფერი კაბა რატოა ლაქიანი?-ჩაიხედა სარკეში წარბშეკრულმა და კაბა ტანზე მიიზომა. -ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ შემთხვევით ვიღაცამ ზედ ლიქიორი გადამასხა?-ოთახის კარში ჩავდექი მე, კარის ჩარჩოს მივეყრდენი. ფქვილით დასვრილი წინსაფარი მეკეთა, ცომიანი ხელები მქონდა და მაინც ღიმილით შევყურებდი ანცი ბავშვივით გართულს. -მერე ლაქის ამომყვანმა საშუალებებმა შენამდე არ მოაღწია თუ რა ხდება? -ჩემამდე კი, მაგ ლაქამდე ვერა. აუ წამოეთრიე, ვერ ვზელ იმ ცომს!-დავიწუწუნე მოთმინებაგამქრალმა. ნინემ თვალები აატრიალა. ცისფერი კაბა საწოლზე უდიერად დააგდო, მერე მხარზე ხელი გადამხვია, ოთახიდან ჩემთან ერთად გავიდა და საძინებლის კარიც გაიხურა. მზერა საწოლს დავასე. ცისფერი კაბაც გაუჩინარებულიყო. ჯერ გულ-მკერდში, მერე ნეკნებთან მწარე, მტკივნეული ჩხვლეტა ვიგრძენი. კარს მიღმა ისევ გაისმა ნაბიჯების ხმა. ოღონდ მძიმე, ნელი. თვისობრივი ტემპით გაჯერებული. კარი კვლავ გაიღო. ამჯერად ტიტე შემოვიდა. ის ნამდვილად არ იყო ზმანება. კართან შედგა, წამით დამაკვირდა. მომიახლოვდა, საწოლზე დაწვა და ჩემკენ გადმობრუნდა. ჩემსავით, სახის ქვეშ ხელი ამოიდო და ისევე დამიწყო თვალიერება, როგორც მე მას. -წეღან იცი რა გამახსენდა? -რა?-სევდიანად გამეღიმა მის კიდევ ერთ მცდელობაზე, როგორმე გუნება გამოეკეთა ჩემთვის. -პაემანზე რომ წამომყევი. იქნებ ამ ამბის გახსენებაზე, ან იქნებ გვერდულად წოლის გამო, თვალის კუთხიდან ცრემლი გამეპარა. -გახსოვს? -რა დამავიწყებს... -გამიკვირდა, რომ დამთანხმდი... -ნინე... ნინემ მაიძულა წამოსვლა. მასაც გაეღიმა. -ახლა გასაგებია... როგორ მოახერხა შენი დაყოლიება? -აცრას დათანხმდა სამაგიეროდ... ხომ იცი, ნემსების ეშინოდა... -ვიცი. -მართლა არ მინდოდა წამოსვლა... -ეგეც ვიცი. -და შენ მაინც არ ჩაშალე. -არ შემეძლო შანსი ხელიდან გამეშვა, გამიგე. -ეგოისტო... ისე ჩუმად ვსაუბრობდით, ტკბილ, საამო იავნანად ჩამესმოდა ლამაზი წარსულის სიტყვებად ქცევა. -ახლაც მახსოვს, მთელი საღამო მოფუზული და ჩუმად იჯექი. -გაქცევა მინდოდა... -არადა, ზოგადად, არ იყავი ასეთი... ჰოდა, მაშინ მივხვდი, რომ უფლება არ მქონდა გამოგკიდებოდი და შენი დაგეგმილი მომავალი უბრალო ოცნებად მექცია. მაგის უფლება არცერთ კაცს არ ჰქონდა. -გმადლობ, რომ გამიგე, ტიტე. -იცი, რა არ სიამოვნებთ კაცებს საყვარელი ქალებისგან? -რა?-ვკითხე და შევეცადე მისი სიტყვებისგან განცდილი ეიფორია უარმეყო. -მადლიერება. -რა სისულელეა... ვაქციე ზურგი. ცოტა ხნის მერე, ვიგრძენი, როგორ აიღო ჩემი თმის ღერი და თამაში დაიწყო მისით. -ისიც ვიცი, რომ შორეულ ბავშვობაში მოგწონდი... -რომელმა ჩიტმა მოგიტანა შენ ეგ ამბავი? -ყველაზე ლამაზმა და ყველაზე ფერადმა. -ჩურჩულებდა კაცი, მე კი უხმოდ ვასველებდი ბალიშს ცრემლებით. ვიღიმოდი და მტკიოდა.-მერე დრო გავიდა... გაიზარდე და ის სასაცილო, შავტუხა ბიჭი აღარ მოგწონდა... სამაგიეროდ მას შეუყვარდი თავდავიწყებით. და ახლა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ აღარასოდეს გეწვოდეს სული ასე. ამოვიტირე და ხმა ვერ დავიმორჩილე. -ვიცი... ვიცი, დალი. -თითები ჩემს თმაზე თამაშს განაგრძობდნენ. იცოდა, რომ მტკიოდა, მაგრამ რა იცოდა ტვირთის სიმძიმე? საკუთარ სხეულში ვიჭ*ყ*ლიტებოდი. როცა ჩამთვლიმა, თბილი საბანი დამაფარა. **** ზუსტად მახსოვს, რომ არაფერი დამსიზმრებია, მაგრამ თვალები გავახილე თუ არა, ჰაერი ძლივს ჩავისუნთქე, სიბნელეს შეეგება ჩემი მზერა და ჩემმა გამყინავმა კივილმა დამისერა კინაღამ გული. შიშისა და უიმედობის გამოძახილად ვიქეცი. ხმამაღალი ტირილისგან ატკიებულმა მხრებმა არ გამიშვეს წამოვწეულიყავი და სული მომეთქვა. ოთახში სანათი აინთო. თვალები ამეწვა. -დალი...-ხმაგატეხილი, სასოწარკვეთილი იყო ტიტეც. ვიგრძენი, როგორ მომხვია წელზე ხელები და მსუბუქად წამომწია. ჩემ უკან დაჯდა და თავის გულ-მკერდს ზურგით მიმაყრდნო. თმა ცალ მხარზე გადმომიწია და ცხელი ოფლისგან დაცვარული კისერი და კეფა შემიმშრალა. ერთი მკლავი მუცელზე შემომხვია, მეორე მხრებზე და გამაკავა. -იტირე, პატარავ, იტირე, მიდი...-ხმამაღალ ქვითინში მაინც გავარჩიე ყურთან მისი ჩურჩული. მის მკლავებს შემოვხვიე ჩემი ხელები და უსიტყვოდ ვთხოვე არ გავეშვი, რადგან თუ მარტო დამტოვებდა, საკუთარი სხეულის ლუკმა-პურად ვიქცეოდი. გულზე ხელი მძიმედ მოვისვი, დავირტყი, დავიკაწრე. მინდოდა ეს საშინელი, ბობოქარი ტკივილის განცდა მომეცილა კანიდან. მინდოდა ჩემი მეორე მე საკუთარი ფრჩხილებით ამომეგლიჯა სისხლ-ხორციდან. ტიტემ მაჯაც დამიჭირა და უფლება არ მომცა გავნძრეულიყავი. არ შემეძლო... როგორც არ უნდა გავემხნევებინე, ეს ფაქტი არაფრის დიდებით არ იცვლებოდა: მარტო ვიყავი და ამ მარტოობის მიზეზი ისევ და ისევ ჩემი თავი მახლდა. ერთი მშვენიერი, სანუკვარი და საყვარელი გოგონა ჩემ გამო ვეღარასოდეს გაიღიმებდა. ვეღარასოდეს შემომხვევდა თავის თბილ მკლავებს. -ნინე...-ამოვიხავლე მისი სახელი. -მაპატიე... გთხოვ, მაპატიე... -დალი, ისუნთქე გეხვეწები... -არ მინდოდა... გეფიცები... არ მინდოდა... მეგონა ყურებიდან გადმომეღვარა ლავა. მეგონა ცეცხლში ვიწვოდი, ისე მტკიოდა თითოეული უჯრედი. საშინლად დამბუჟებოდა ფეხები. უძალო გაფართხალების გარდა, ვერაფერს ვაკეთებდი, არ შემეძლო ამისგან გათავისუფლება... ცივი ტუჩები ვიგრძენი ყელზე. მისი ცრემლიც ვიგრძენი კანზე. ტიტეს თავი არ აუწევია ჩემი სხეულიდან. ნელ-ნელა დავცხრი. უღონოდ გადავაგდე თავი კაცის მხარზე. ძლივ-ძლივობით, კანკალით ჩავისუნთქე ჰაერი. -ასე... ასე ჩემო პატარა...-მაკოცა კიდევ ერთხელ და მას მერე არც კი განძრეულა. ალბათ საათობით ვისხედით და ჩემი სხეული გაჭირვებით აჰყვა მისი სხეულის სუნთქვას. ნელა მოძრაობდა მისი მკერდი, ჩემგან განსხვავებით მშვიდად სუნთქავდა და ისე შემშურდა მისი, ჩემი არსებობა ვინანე. საფეთქლებსა და კეფაში დაბუდებული, აუტანელი ლავა მაინც განაგრძობდა მძვინვარებას. ფანჯრებიდან მკრთალმა, ყვითელმა სინათლემ შემოაღწია ვაებით გათანგულ საძინებელში. ცივი სინათლე მიმოეფინა არეულ, ნაომარ საწოლს. მხოლოდღა მაშინ, მკლავები შემიშვა კაცმა დამშვიდებულს, მერე წყლის ჭიქა მომაწოდა. -დალიე ცოტა. გამშრალ ყელს სამოთხედ მოევლინა წყალი. ბოლომდე გამოვცალე ჭიქა. -ასე... ყოჩაღ... ჩემი ხელები მოიქცია თავის ხელებში. დავხედე. სათუთად მეფერებოდა ჯერ კიდევ მთრთოლვარე თითებზე. ასე, მასთან ახლოს, მახლობლად მყოფი, მის მკლავებში მოქცეული, ალბათ შეეძლო მთელი სამყაროს ბოროტებისგან დავეცავი, მაგრამ ჩემივე თავისგან უსაფრთხოდ ვერასოდეს დამიგულებდა. -უნდა ვიბანაო. -დავიჩურჩულე, თუმცა ვერ წამოვიწიე. სხეული ერთბაშად დამმძიმებოდა. -გინდა დაგეხმარო?-ჩამჩურჩულა გატაცებით და მკლავზე ფაქიზად ამაყოლა თითები. -იდიოტო...-გამეღიმა. ნელა წამოვდექი, კარადასთან მივედი, ტანსაცმელი და ტილო გამოვიღე. -დალი...-გამაჩერა სანამ ოთახიდან გავიდოდი, შევხედე- სააბაზანოს კარი არ ჩაკეტო-მითხრა ამჯერად სერიოზულად. -გეშინია, რომ რამე დამემართება?-ვიყავი სევდიანი. -გთხოვ... მხოლოდღა თავი დავუქნიე. ცხელი წყლის ჭავლს სხეული შევუშვირე და ნება მივეცი წუხანდელი ბრძოლის კვალი ჩამოერეცხა ჩემთვის. ღრუბელს მთელი ძალით ვისმევდი ტანზე, კანი სულ დამიწითლდა, მინდოდა რამენაირად ყურადღება გადამეტანა. ცოტახნით მომშორებოდნენ ეს სულისშემკვრელი ფიქრები. ძალიან მეშინოდა. მაგრამ საკუთარი თავის შიშზე დიდი და ძალმომრე მაინც მწუხარება იყო. და სინანული, ყველა მათგანზე აღმატებული, პირქუში და შემზარავი, ჩემს სხეულში მომაკვდინებელი ურჩხულივით დაძრწოდა. -დალი...-ქალმა გამიღიმა. ნინეს ოთახში ვიყავით, საწოლზე ვიწექით და მზის არეკლილი სხივებისგან წარმოქმნილ ათინათებს ვაკვირდებოდით ჭერზე. ნინე ჩემკენ გადმობრუნდა. -ჰოო... -გაიგე? დედაჩემს თავის დაქალთან რომ უჩხუბია... -გუშინ ხომ მომიყევი მაგაზე. -უი...დამავიწყდა.-მზერა ისევ ჭერს მიაპყრო. -ძაან შემეშინდა.-განაგრძო ისევ. -რისი, სულელო? -ოდესმე ჩვენც რომ ეგრე მოგვივიდეს? ვიჩხუბოთ და ერთმანეთი აღარასოდეს ვნახოთ... -შეუძლებელია.-ვთქვი გადაჭრით. -რატომ...-გამომხედა ინტერესით. -ოცდაოთხი წელია გიტან, ვეღარაფერი გამაკვირვებს... იდაყვი მომარტყა მუცელში. ტკივილისგან სიცილით მოვიკეცე. -არა, მართლა...-მაინც ვერ მოისვენა-სერიოზულად მითხარი. -ნინე, როგორ შემიძლია რამის გამო გაქციო ზურგი? -არ ვიცი. რამე წარმოიდგინე, ყველაზე უარესი, რაც კი შემიძლია გაგიკეთო... -საკუთარი ხუთი თითივით გცნობ. ჩემს ტკივილს საკუთარი ტკივილივით აღიქვამ.-ახლა მე ჩავხედე თვალებში. -სისულელეებს ნუ ბოდავ, რა. -თვალები დახუჭე და რასაც გეტყვი, სამუდამოდ დაიმახსოვრე. -ახლა რა მოიფიქრე? -დახუჭე-მეთქი. მასთან კამათს აზრი არ ჰქონდა. თვალები დავხუჭე. ჭერზე წარმოქმნილი ფერადი ფიგურები რუხმა წყვდიადმა შეცვალა. მისი ხმა გავიგონე და ჩემდაუნებურად, ის სიტყვები სამარადჟამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. -შენ შეიძლება ვერასოდეს, მაგრამ აი მე კი გაქცევ ზურგს თუ საჭირო გახდა. თუ ჩემი წასვლა შენთვის კეთილდღეობის მომტანი იქნება, დამიჯერე, ამას გავაკეთებ. -დალი...-დააკაკუნეს კარზე. სააბაზანოს ორთქლის საფარში გახვეულიყო. -კარგად, ვარ, გამოვდივარ.-გავძახე ტიტეს და ტანი შევიმშრალე. სამოსი ჩავიცვი, კარი გავაღე. კედელთან დამხვდა კაცი მიყრდნობილი. -მოწესრიგდი და ვჭამოთ. -მითხრა, მაგრამ მაინც უკან გამომყვა. კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ხელები გადააჯვარედინა. სარკის წინ ჩამოვჯექი. სველი თმიდან ტილო მოვიხსენი. -რა?-შევეკითხე ღიმილით. სავარცხელი ავიღე. თმის დავარცხნა დავიწყე. -თმა შეიშრე ჯერ.-მომიახლოვდა. სავარცხელი გამომართვა მაგიდაზე დადო, ტილო აიღო და თმის გამშრალება დამიწყო. სარკეში შევხედე მის ანარეკლს. ჩამეღიმა. რუდუნებითა და დაკვირვებით იღებდა ჩემ თმას და ამშრალებდა. მერე სავარცხელი აიღო და ნაზად, გულმოდგინედ დამიწყო ვარცხნა. იმ წამს, იმ მშვიდ და სევდიან მომენტში წარმოვიდგინე, როგორი კარგი იქნებოდა მასთან. ადრე რომ გამბედაობა მომეკრიბა და საკუთარი უნებისყოფობისთვის გადამებიჯებინა, იქნებ ახლა თავისუფლად მოვხვეოდი კაცის მკლავებს. -მგონი მორჩა. -შემომხედა მისმა ანარეკლმა თვალებში. თმის ნაწილი აიღო, მხრებზე გადმომიყარა.-წამოდი.-გამიღიმა და მხარზე მომითათუნა ხელი. პირველი გავიდა ოთახიდან. მძიმედ წამოვდექი. სამზარეულოში შევედი. სუფრა გაეწყო. -დალი...დაჯექი.-მიმითითა სკამისკენ. მაკვირდებოდა. ის სულ მაკვირდებოდა. სკამზე ჩამოვჯექი. -ჩაი ხომ არ გინდა?-მკითხა. უარის ნიშნად გავაქნიე თავი. წინ ჩამომიჯდა. საჭმლის თეფში მოწია ჩემკენ. უხმოდ გადავიღე. ჩანგალს ვატრიალებდი ხელში. პერიფერიულად ვხედავდი, როგორ მიყურებდა ტიტე. სანამ პირველი ლუკმა არ შევჭამე, არც თავად დაუწყია საუზმობა. მეორე ლუკმა ვეღარ გადავყლაპე. წყალი დავლიე. შიმშილს ვერ ვგრძნობდი. ის კი არა და, ჭამაც არ შემეძლო. მესამე ლუკმა ძლივ-ძლივობით ჩავიდე პირში. -დალი...-აღმოხდა კაცს. ვტიროდი. -დალი...-ხელი გამომიწოდა ჩასაკიდად. ჩანგალს მთელი ძალით მოვუჭირე თითები. მისგან ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდი. სუნთქვა ამიჩქარდა. თვალებში ჩავხედე. -აქ რატომ ხარ?-ვკითხე სასოწარკვეთით. ის ლუკმებიც, შხამად შერგული, გულ-მუცელს მისერავდა ყრუ ტკივილისგან. ტიტეს სახე შეეცვალა, გაუქვავდა. მაგრამ ის მზერა არ გასცივებია. -დალი...-გამაფრთხილებელი იყო მისი ხმა. -ისევ აქ რატომ ხარ!-ამოვიყვირე ტირილით და ჩანგალი სამზარეულოს კუთხეში მოვისროლე-ისევ ჩემთან რატომ ხარ?!-მაგიდაზე ხმაურით დავარტყი ხელი. ტიტე წამოხტა, გვერდით მომიჯდა, მხრებზე ჩამეჭიდა. -ბიძაშვილი მოგიკალი,-არ დავინდე-შენი სისხლი და ხორცი მოგიკალი! მე თვითონ, ჩემი პირით ვუთხარი, რომ მომკვდარიყო! -დალი... დალი!-ცეცხლი აფრქვია თვალებიდან-ის შენ არ იყავი!-მავედრებელი ხმა ჰქონდა-შენ არ იყავი, პატარავ. შენ არაფერი გითქვამს. -ჩემი სახე მოიქცია ხელებში და თვალებში ჩამხედა. საშინელმა, დაუძლეველმა კანკალმა ამიტანა. შევეცადე მისი თბილი ხელები მომეშორებინა. -ასე... ასე ნუ მექცევი, გთხოვ...-ვუთხარი და სიტყვების საპირისპიროდ, მის პერანგს ჩავებღაუჭე.-წადი... ნუ ხარ აქ... -რატომ გჯერა მისი სიტყვების? რატომ გჯერა მარიამის სიტყვების? -და შენ არ გჯერა?-გავოგნდი. -სულერთია... -ტიტე!-ხელი ვკარი, ფეხზე წამოვხტი. მისაღებში გავედი. -მოიცადე... -მე მიმიძღვის ბრალი, რომ ნინე აქ აღარაა! გესმის? გესმის რას ვამბობ? მოკვდა! საკუთარმა საუკეთესო მეგობარმა...მე... მე ვუთხარი...-ვუთითებდი ჩემს თავზე, ჩემს გულზე.-მე ვქენი ეს... ტიტე... აქ არ უნდა იყო, არაა ეს სწორი... კაცი კი ჩემკენ ხელგამოწვდილი, სანდო და უსაფრთხო, სიმშვიდეს უანგაროდ მთავაზობდა. ნერვიულ სიარულს ვერ ვწევეტდი. -დალი... -წარმოიდგინე, რა ვაგრძნობინე... მთელი დღეებია ამაზე ფიქრით გამისკდა თავი...-სიტყვებს ვერ ვამაბდი. -დაწყნარდი! -წარმოიდგინე მაინც რას გრძნობდა, როცა ჩემგან იმ საზიზღრობებს ისმენდა? როცა ჩემ გამო ის წამლები დალია... -დალი... -ნინეს არასდროს ვიმსახურებდი, იცი? არც შენ გიმსახურებ... ჩემ თავს მოვკარი ოთახის დიდ სარკეში თავი. -დალი... -გაჩუმდი!-დავუყვირე და სარკე ყვირილით გადმოვაყირავე. ვერცხლისფერი ნამსხვრევები ხმაურით მიმოიფანტა ოთახში. კაცი ძლიერად ჩამეჭიდა მკლავზე და თავისკენ დამქაჩა. -დამშვიდდი-მეთქი!-იყვირა მრისხანედ. -გამიშვი... -რა მოგიხერხო... -გამიშვი! ვერ გავექეცი, გულში მაინც ჩამიკრა. ცხარე ცრემლებით, ვინ მოსთვლის, მერამდენედ დავუსველე მხარი. -რა ვქნა...მითხარი... სად გაპოვნინო სიმშვიდე, პატარავ...-დაუთბა ხმა. თავი გავაქნიე. -დანაშაული არ მიგიძღვის...დალი.-სავარზლისკენ წამიყვანა. დაჯდა. ის იყო, გვერდით უნდა მოვესვი, თავს ვეღარ მოვერიე და კალთაში ჩავუჯექი. უღონოდ მივეყრდენი მის ფართო მხარს. ხელები კალთაზე დავიწყე. უხმოდ შემომხვია წელზე ხელები და ისე ახლოს, მჭიდროდ მიმიკრა, მკერდით ვიგრძენი მისი მძიმე გულისცემა. -დალი...-სახიდან გადამიწია ჩამოყრილი თმა-ნუ ხარ ასე, გეხვეწები. ვეღარ ვტიროდი. საფეთქლებთან ყრუ ტკივილს ვგრძნობდი. რა მექნა? ამ დანაშაულის მწარე შეგრძნებას როგორ გავქცეოდი? როგორ მომეშორებინა ეს ტვირთი? საერთოდ, ვიყავი კი ამის ღირსი? -რა შენი ბრალია მისი არსებობა...-ჩურჩულებდა კაცი. ცდებოდა. უფრო ყურადღებითა და დაკვირვებით უნდა ვყოფილიყავი. ნინეს თავის დროზე რომ გავყოლოდი ფსიქოლოგთან... -ექიმთან წავალთ, კარგად იქნები, ოღონდ შენ ნუ ხარ ასე... რაღა აზრი ჰქონდა მკურნალობას? ჩემს ურჩხულს საქმე უკვე დაემთავრებინა. პირი გავაღე, მინდოდა ყველაფერი ამომეთქვა, ერთხელ და სამუდამოდ დავცლილიყავი ამ შინაგანი ორომტრიალისგან, ხმა ამომეღო და ძალა მომეკრიბა... ვერ შევძელი. საცოდავი კვნესაღა დამცდა მხოლოდ. მის მკლავებში შეყუჟული, მაინც მარტო ვგრძნობდი თავს. ნეტავ მყვარებოდა ეს კაცი. ნეტავ მისით მაინც მეცოცხლა. საკუთარი თავი ხომ აღარ მყავდა, მე აღარ მეკუთვნოდა. აღარც ნინე იყო. ვინღა გადამარჩენდა? ეპილოგი ნათელო, თალხო ნათელო, ცრემლო ყოველთა ზედა, მიჩვენე სახე ნამდვილი, უკანასკნელად გხედავ. დავით წერედიანი. ო, როგორ მინდოდა ეს კოშმარი დასრულებულიყო. რა მოხდებოდა განა? რატომ იყო შეუძლებელი? -დალი...-მედგებოდა თავზე ნინე-ისევ ცუდი სიზმრები გაწუხებს?-მეტყოდა ის. მე, როცა მას დავინახავდი, ვიტირებდი ბევრს. შვებისგან და განვლილი ტანჯვის აუტანლობისგან. -კარგი, მოდი, წყალი დალიე. -მომაწვდიდა ქალი წყალს. საკუთარი ხელით შემასმევდა ცივ სითხეს და, მერე, როცა დავწყნარდებოდი, გაოფლილ შუბლზე მაკოცებდა. -რა დაგესიზმრა ამნაირი?-მკითხავდა ინტერესით და გვერდით მომიწვებოდა. მე ცარიელ თვალებს მივაპყრობდი ჭერს და როცა იქ მოძრავ ფერად ფიგურებს ვერ აღმოვაჩენდი, ოხვრით შევაბრუნებდი მისკენ თავს. -სად წავიდნენ?-ვკითხავდი მათზე. -ჯერ კიდევ ღამეა, დალი.-დამცინებდა ის. მე ფანჯარაში გავიხედავდი. მოწყენილობისგან თვალებს ავატრიალებდი. -მიდი, მომიყევი, რა დაგესიზმრა?-ჩამეძიებოდა ნინე. ჩემგან განსხვავებით, სურდა ყველაზე ყველაფერი სცოდნოდა. მე მას არ ვგავდი, მათსავით არ ვეძიებდი, რა ედო მეგობარს გულში ნაღველად. -დალი... გისმენ. -შენ დამესიზმრე. -და ასე შეგაშინე?!-მიიღებდა ყალბ იმედგაცრუებულ გამომეტყველებას და გულიანად გამაცინებდა. -ჩემი თავის შემეშინდა, მეგობარო.-ვეტყოდი წუთის მერე დანაღვლიანებული. -ასეთი რა ჩაიდინე?-შეკრავდა ქალი შუბლს. შევხედავდი, ალბათ მომინდებოდა მის შუბლზე გაჩენილი ნაოჭი თითით გამესწორებინა. მაგრამ ამას არ გავაკეთებდი. ისეც ლამაზი იქნებოდა. ბავშვობაში დაბრუნების ჩემეულ სურვილს უფლებას არ მივცემდი მაშინდელი ნინეს მშვენიერება გაენადგურებინა. -დალი... -ჰო... -გისმენ. -რა მკითხე? -ასეთი რა გააკეთე, შენი თავის რომ შეგეშინდა? მე უბრალოდ გავუღიმებდი და არასდროს, სიცოცხლის ბოლომდე, არც კი გავივლებდი აზრად, რომ მეთქვა, მე ის სიზმარში მოვკალი. -ენა გადაყლაპე? -იცი? მეძინება...-ამოვთქვამდი მობეზრებული, მაგრამ არაფრის დიდებით ვაქცევდი ზურგს. დავამთქნარებდი. ნინე ლაპარაკს დაიწყებდა. მე თვლემა მომერეოდა. -იცი დალი? მერე იცი რა მითხრა? -რა...-ამოვთქვამდი გაუაზრებლად, ნირვანა ნელ-ნელა ჩამითრევდა. -ტიტემ რა თქვა, ვერც კი გამოიცნობ. შენზე თქვა, მეხსიერებას ხშირად კარგავსო... სანამ სიტყვებს ბოლომდე გავიაზრებდე, მანამდე ამიჩქარდებოდა გული, სწრაფად გავახელდი თვალებს და დამფრთხალი საწოლზე წამოვჯდებოდი. -რა? -ჰო...-გაიღიმებდა ქალი, თვითონაც წამოჯდებოდა და სახეს გამისწორებდა. არეული თმა ჩამოეყრებოდა მხრებზე. -საიდან მოიტანა ეგ ტიტემ?-გამოვცრიდი კბილებში გაბრაზებული. ტიტეზე, ჩემს თავზე, იმ სიზმარზე გაბრაზებული. ყველაფერი ხომ იმ კოშმარში უნდა დატოვებულიყო? -არ ვიცი, ასე თქვა...-სევდიანი იქნებოდა პასუხი. -ნინე... რამეს ხომ არ მიმალავ?-უცებ ძალიან, ძალიან შემეშინდებოდა. იმ კოშმარის ახდენის შემეშინდებოდა. -არა, რას უნდა გიმალავდე... -დარწმუნებული ხარ? -ხო! რა გჭირს, დალი? გეძინებოდა მგონი შენ!-მიმითითებდა თვალებით საწოლზე, მაგრამ მე არ დავწვებოდი. კანკალი ამიტანდა. -გცივა? -არა...თუმცა, ხო... და შენ, ნინე? -მე არ მცივა, დალი. ნუ ღელავ. ის ლამაზი, სევდიანი ღიმილი მის პირსახეს არ მოშორდებოდა. -მაპატიე...-ვეტყოდი ქალს. -რა გაპატიო? -სიზმარში ცუდი რაღაც გაგიკეთე... ნინე თავს გააქნევდა უარის ნიშნად. -დალი, ის სიზმარი არ იყო... სიზმარი ესაა. და იმ საბედისწერო წამს სუნთქვა შემეკვრებოდა. ცრემლი, უფერული, უსუნო, ცივი და ცარიელი დამინამავდა ღაწვებს. თვალს მოვავლებდი ქალს, მის ოთახს, მერე ფანჯრისკენ გავაპარებდი მზერას. ცისკრის სინათლეს შემოტანდა მზე ჩვენს სამყოფელში. მერე მაღლა ავიხედავდი. ჭერზე ის ცისარტყელას ფიგურები ისევ არ იკაშკაშებდნენ. -დალი... ქალს შევხედავდი. -გამოიძინე, სამსახურში ხარ წასასვლელი... მე ხმას ვერ ამოვიღებდი, ცრემლის გორგალი ჩამიწვავდა ყელს. -მა-რთლა... მართლა არ გცივა?-ამოვატანდი სიტყვებს სუნთქვას. -ნუ გეშინია... მართლა არ მცივა. -გამიღიმებდა. ყველა გზა მოჭრილი მქონდა. ვერც ერთ სიზმარში, ვერც ერთ ტკბილ ზმანებაში ვერ გავაცოცხლებდი საყვარელს. საკუთარი თავი არ მომცემდა ნებას, ჩემივე ხელებით განადგურებული ხელახლა შემეკოწიწებინა. *** ვერასოდეს ვხვდებოდი, რა იყო საფლავებში ასეთი საინტერესო. ნენეს უყვარდა საფლავების მდუმარება. არცერთს არ გვეშინოდა შებინდებისას გაყინულ ქვებს შორის სიარულის, ამიტომ ერთი-ორჯერ ვიღაცების დასაფლავებასაც დავესწარით. მაშინაც, როცა ნინეს სასახლეს აყრიდნენ მიწას, მეგონა თავად გვერდით მედგა და სადაც იყო ჩუმად, საკმაო ინტერესითა და ოდნავი მწუხარებით გამიზიარებდა თავის აზრს: დალი, მგონი ეს საფლავი არც ისეთი ვერტიკალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნინე ხშირად ჩერდებოდა ვინმე უცნობის ქვასთან და რამდენიმე წუთი რაღაცას აყურადებდა. მე არ მომწონდა საფლავებზე დაკვირვება, დაღუპულთა გვარ-სახელის წაკითხვა, მათი დაბადება-გარდაცვალების წლებით ასაკის გამოთვლა. სამაგიეროდ მომწონდა მეგობრის მხრები, სუნთქვისგან მშვიდად რომ ირხეოდნენ. მერე მე ვიდექი მისი საფლავის წინ და ვეძებდი იმ სიმშვიდეს, ნინე თან რომ დაატარებდა. თუმცაღა, ვხვდებოდი, რომ ისიც მასთან ერთად სამუდამო განსასვენებელში სუფევდა სამარადჟამოდ. ტიტემ მხრებზე პალტო მომასხა და ისევ უკან გაიწია. წუთით თვალები დავხუჭე. აგონია ცოცხლად მჭამდა. სხეული მეწვოდა. მეგონა ძარღვებში სისხლის ნაცვლად ცეცხლი მიმოდიოდა. სიმშვიდე.... სად იყო სიმშვიდე? ნუთუ მხოლოდ ამ... -არა!-საფეთქლებში დაბუდებულმა ლავამ ამწვა თავი. ჩემში ვიღაცამ იკივლა. სახე შევჭმუხნე მოულოდნელობისგან. ჰო... გავახილე თვალები და ცივი ჰაერი ღრმად, ტკივილით ჩავისუნთქე. სიკვდილი. -არა!-თავგამეტებით კიოდა ის. ჩემი სიმშვიდე ეს იქნებოდა. ტიტესკენ შევბრუნდი. მოთმინებით მიცდიდა. -წავიდეთ, გინდა? თავი უხმოდ დავუქნიე. მანქანისკენ გამიძღვა. უკან შევბრუნდი. ბოლოჯერ, მზერით გამოვემშვიდობე მას. პირველად, როცა მისგან წამოვედი, გულში მედგა საშინელი მწუხარება და სინანული, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი ნინეს. მივდიოდი და სხეული ამჯერად იმ მწარე სინანულს მოეცვა, რომლისგანაც კაცთა მოდგმისთვის შეუძლებელია გათავისუფლება. გინდ წმინდა წყალში განიბანე, გინდ კანი აითალე, გინდ ღმერთმა შეგინდოს, საკუთარი დანაშაული მაინც არ ამოგასუნთქებს მშვიდად და თავისუფლად, ყოველგვარი ტკივილისა და სასოწარკვეთის გარეშე. მე არ შემეძლო ამ ტვირთით ცხოვრება. არ ვიყავი საკმარისად ძლიერი. ძლიერი არც არასოდეს ვყოფილვარ. *** არ მახსოვს მერამდენე დღე იყო გასული. დროს ვეღარ აღვიქვამდი. დივანზე ვიჯექი. ტელევიზორში რაღაც იყო ჩართული. ტიტე პალტოს იცვამდა. -დალი, ნახევარ საათში მოვა დედაჩემი... -არ მჭირდება მეთვალყურე, ტიტე. -შევხედე მწყრალად. -გინდა რამე წამოგიღო საღამოსკენ?-მომიახლოვდა. ყურად არ იყო ჩემი ნათქვამი. თავი უარის ნიშნად გავაქნიე. -კინაღამ დამავიწყდა. -პალტოს ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოიღო და გამომიწოდა. გვერდით ჩამომიჯდა. -შენი ფსიქიატრის ნომერია. როცა მზად იქნები, დავრეკავ და სესიაზე შევუთანხმდები. ბარათი გამოვართვი. სახელ-გვარს დავხედე. -კარგი ქალია, ძლიერი ფსიქიატრია... აუცილებლად დაგეხმარება. დალი... -ჰო...-შევხედე. -მითხარი, გინდა სიმშვიდე? ვერაფერი ვუპასუხე. მზერა ამერია. -მენდე და მომყევი. ყველაფერი კარგად იქნება. ნინეც ამას გეტყოდა, ხომ იცი. მისი გულისთვის, გთხოვ, სხვა ყველა აზრი ამოიგდე თავიდან და იფიქრე, ექიმთან როდის წავიდეთ. -ჩემი ხელი აიღო და ხელისზურგზე ნაზად მაკოცა.-თუ რამეა დამირეკე. - წამოდგა. დამხედა, პალტოს საყელო გაისწორა და მერე სახლიდან გავიდა, კარი ფრთხილად გაიხურა. ნახევარი საათი მქონდა. არასოდეს მტოვებდა ტიტე მარტო და ნახევარი საათი მქონდა, გადაწყვეტილება რომ მიმეღო. მის დატოვებულ მობილურს, ჟაკეტის ჯიბეში ხელი მოვუჭირე. ის ვიდეოც კი წაეშალა. ტელევიზორში ვიღაც კაცი გაგულისებული მიმართავდა ტრიბუნიდან აუდიტორიას. სიტყვებს ვერ ვარჩევდი. ერთიანად დამხშობოდა სმენა. წამოვდექი. სამზარეულოში გავედი. მივედი იქ, სადაც დანები მეგულებოდა. ცივი მეტალი ხელში მოვიქციე. -რას აკეთებ!-სულისგამყინავმა კივილმა გაჰკვეთა ჰაერი. ჩემი ურჩხული გრგვინავდა. ამ ურჩხულს, რომ სცოდნოდა, როგორი სასტიკია დანაშაულის შეგრძნება, დიდი ხნის გამქრალი იქნებოდა ჩემგან. სააბაზანოში გავედი. ალბათ იატაკის მოწმენდა აქ არ გაუჭირდებოდათ. საშხაპის კუთხეში დავჯექი და ცივ კედელს მივეყრდენი. როცა მივხვდი, რომ ხელები მიკანკალებდა, თვალები დავხუჭე. მისაღებიდან ტელევიზორის ხმა გამოდიოდა. -დალი...-როგორი საამო იყო.... ტელეფონი აწკრიალდა. ვერ მოვითმინე, ამოვიღე. ტიტე რეკავდა. რომ მეპასუხა, ასე ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ ვერ შევძელი, მისი ხმა კიდევ ერთხელ რომ არ გამეგონა. მუხლზე დავიდე მობილური. -დალი. -ჰო... -დამავიწყდა მეთქვა, საჭმელი მაცივარში დაგიტოვე... მიკროტალღურით გაიცხელე, იცოდე. -ჰო... -ხმა ამიკანკალდა, ქვითინი ძლივს შევიკავე. დანის ტარს მოვუჭირე ხელები. -კარგად ხარ? -ტიტე...-წარმოვსთქვი ჩურჩულით, ნერწყვი გადავყლაპე. რა მეთქვა? როგორ გამეწელა დრო? გული მტანჯველი მღელვარებისგან მიფრთხიალებდა. -გისმენ. ვერაფერი ვუთხარი... მინდოდა, ღმერთია მოწმე, სუნთქვა მინდოდა, მაგრამ ასე არ შემეძლო. -დალი! ხმამაღლა ავტირდი. -დალი!-ყვიროდა კაცი. -მოვდივარ, დაწყნარდი! -დალი!-მუქარანარევი იყო მისი ხმა. -დალი...-ნაზი და ნარნარი-ნინე. -შენც მაპატიე, რა...-ამოვთქვი. -დალი, რას აკეთებ?! დალი! არაფერი ჩაიდინო იცოდე.... არაფერი.... ზარი გავთიშე. თვალები დავხუჭე. ამჯერად იმიტომ, რომ შემეშინდა სიკვდილი დამაფრთხობდა. რომ ისეთი მიმზიდველი აღარ იქნებოდა... -არც კი გაბედო!-მომესმა ხმა ჩემს გონებაში. -თუ შენ არ გსურს, ესეიგი საჭიროა ამის გაკეთება... ტელეფონი შეუწყვეტელად რეკავდა. გამეღიმა. -გთხოვ დალი... ვგრძნობდი, როგორ მევედრებოდა კაცი, მაგრამ სამწუხაროდ, ის ჩემთვის საკმარისი ნამდვილად არ ყოფილა. საამო წვა ვიგრძენი მაჯებზე. თვალები მაინც არ გავახილე. ცრემლები მეპარებოდნენ თვალის კუთხეებიდან. ვგრძნობდი, როგორ იღვრებოდა სისხლი და ამ სისხლს მიჰყვებოდა მწარე სიშლეგე ჩემი სხეულიდან. სინანული სისხლის წვეთებად ქცეულიყო და მტოვებდა. ნინე. პირველად მივხვდი, რომ მასაც ვნახავდი. ალბათ. ვნახავდი და უსათუოდ ბოდიშს მოვუხდიდი. ან არა, ვერ მოვუხდიდი. საკმარისი გამბედაობა არც იქ მექნებოდა. ან შეიძლება „იქ“ საერთოდაც ვერ მოვხვედრილიყავი. -დალი!-ყვიროდა ჩემგან მონსტრი. მინდოდა გულში მაინც გამევლო, რომ ყველაფრის მიუხედავად, ლამაზი იყო სიცოცხლე, რადგან ბოლო, რაც დავინახე, იყო ტიტე. მერე იყო ლამაზი ნინე. და მერე არაფერი. დასასრული. კატერინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.