სახლი სასაფლაოსთან
„მე არასოდეს მჯეროდა მოჩვენებების არსებობის, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში მოსვენებას არ მაძლევდნენ“ ედგარ ალან პო ორთქმავალი რომ ბაქანზე შემოდგა უკვე ბინდდებოდა, გვარიანად ციოდა. შემოდგომა დუბლინში ცივი და წვიმიანი იცის. ალანი დიდხანს ელოდა ტრანსპორტს, მაგრამ უამინდობის გამო სადგურის ირგვლივ ერთი თავისუფალი ტაქსიც აღარ ჩანდა. მართალია ხალხი ბევრი იყო, მაგრამ რომც ეთხოვა ვინმესთვის გამიყოლეთო, უცნობს, რა თქმა უნდა, არავინ დაიმგზავრებდა. აქაურნი კარგად იცნობდნენ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ თაღლითებს, თავს რომ ისაწ....ბენ, სასტუმრომდე მიყვანას რომ დიდი მორიდებით გთხოვენ, გზად კი ყველაფერს გართმევენ, რაც მოესურვებათ, ამიტომაც ალანს არავინ დაიმგზავრებდა. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა, გზას ფეხით გასდგომოდა, იქნებ ამასობაში ბედმა გამიღიმოს და ვიღაც ღვთისნიერი შემომხვდესო, იმედოვნებდა, თუმცა ამაოდ. ათიოდე კილომეტრი ჰქონდა გასავლელი (თავისი ვარაუდით), სიარულით არ დაიღლებოდა, ახალგაზრდა იყო, ძლიერი და მოქნილი სხეულის მქონე. საწვმარი მოიცვა და სადგურიდან გავიდა. წვიმდა. ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე. თუ სადმე არ შევაფარე ცოტახნით თავი გავიყინებიო, ჩაიჩურჩულა. გადაწყვიტა რომელიმე კაფეში შესულიყო, ლორის სენდვიჩი და ცხელი ამერიკანო ეყიდა. დანაყრდებოდა და თან ცოტა გათბებოდა კიდევაც. გზის ბოლოს, პატარა აბრა რომ ციმციმებდა იქით გაემართა. კაფე პატარა იყო. ფანჯარასთან რომ სავარძელი და პატარა მრგვალი მაგიდა იდგა იქით გაემართა, სველი საწვიმარი და ქურთუკი იქვე ჩამოკიდა, დაორთქლილი ფანჯრის მინა ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდა და გაირინდა. გაყინული ხელები გაუთბა. ფანჯრიდან ატალახებული და დაცარიელებული ქუჩები მოჩანდა. იქაურობა ტილოზე გაცოცხლებულ ვიქტორიანული ეპოქის ნახატს ჰგავდა, ქონგურებიანი სახლები და შენობები, წიგნის მაღაზიები და ბიბლიოთეკები. ტროტუარზე ჩამწკრივებული ლამპიონებიდან წამოსული სინათლე წვიმიან ასფალტზე იშლებოდა და მანქანის ყოველი ჩავლისას ტალღისებურად ცეკვავდა. უცნაურ შვებას გრძნობდა უცხო მხარეში მყოფი, აქ არავინ იცნობდა, არც მისი ისტორია იცოდნენ, იქნებ ცხოვრება ახლიდან დაეწყო, ვინ იცის... ფიქრებში ჩაძირული მიმტანის ხმამ შეაკრთო: - გემრიელად მიირთვით. - ახალგაზრდამ მაგიდაზე ლორისა და ყველის სენდვიჩი და ერთი ფინჯანი ამერიკანო დადო. ცხელმა ყავამ გამოაფხიზლა. სენდვიჩი არ ეგემრიელა, მაგრამ შიმშილის განცდა ნამდვილად აღარ აწუხებდა. კაფეში მშვიდ მელოდიასთან ერთად მხოლოდ წვიმის წვეთების წკარუნი და ჭექა-ხულის ხმა ისმოდა. - მიტოვებულ სასაფლაომდე შორია აქედან? - ოცდოლარიანი მაგიდაზე დადო და მორიდებით ჰკითხა სალაროსთან მდგარ ვაჟს. - რამდენიმე კილომეტრია, თუმცა ამ თავსხმაში იქ მისვლა ცოტა გაგიძნელდებათ, სულ გორებია და უსასრულო ტალახიც. - არაუშავს, ალბათ ასეთი ბედი მაქვს. - ღიმილით მიუგო, - ტალახში სიარულს კაგა ხანია მივეჩვიე. - ვაჟს ეგონა წინ მდგარმა მამაკაცმა ხუმრობა სცადა, ამიტომ თავადაც გულიანად გაუღიმა, ფული გამოართვა და დაემშვიდობა. მას შემდეგ, რაც ალანმა ყველაფერი დაკარგა და ცოლმაც განქორწინების ქაღალდი ააფარა სახეზე, ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. ერთ დროს ცნობილ ჟურნალისტს ახლა აღარაფრად აგდებდნენ. ბევრჯერ სცადა დაემტკიცებინა რომ კარგად დაგეგმილი ცილისწამების მსხვერპლი იყო, მაგრამ ზოგიერთი ტყუილი სიმართლეზე კარგად ჟღერს, ამიტომაც სიმართლის მთქმელს აღარავინ უსმენს ხოლმე. ნელ-ნელა ჩამოსცილდნენ ძველი პარტნიორები და მეგობრებიც, ის მეგობრებიც კი, რომელთაც თავად არაერთხელ დახმარებია. რატომღაც ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ უმადურობა, თვისება, რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ცოცხალ არსებებს შორის მხოლოდ ადამიანს ახასიათებს, მის ერთგულ მეგობრებსაც ჰქონდათ. ცოლის ბრალდებები, სამსახურისა და მთელი ქონების დაკარგვაც კი, ისე არ განიცადა, როგორც ღალატი მეგობრების მხრიდან. ოცდათორმეტი წლის ასაკში პირველად გაიაზრა, რომ დედამიწაზე მარტოა ადამიანი და ყველაზე დიდ სიმდიდრედ საკუთარი თავი აბადია. ბევრ კომპანიას მიაკითხა, მაგრამ თანამშრომლობაზე ყველგან უარით პასუხობდნენ, ან უფრო უარესი: „მოვიფიქრებთ და დაგიკავშირდებით ერთ-ორ დღეში“ ამბობდნენ და ეს ერთი-ორი დღე თვეებად გადაიქცეოდა ხოლმე. ალანი დაიღალა, გამოიფიტა, დაუძლურდა... ანტიდეპრესანტების უსასრულო გამოყენებამ ცხოვრება მოაძულა. ყველაფერი ნაცნობი გულისამრევი და საძულველი გახდა. ერთადერთი რამ, რაზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობდა ნაცნობი ადგილებიდან და ადამიანებისგან ძალიან შორს წასვლა და მშვიდად ცხოვრება იყო, მანამ, სანამ ისევ ფეხზე არ წამოდგებოდა და ძველ სახელსა და ცხოვრებას არ დაიბრუნებდა. ერთ შუაღამეს, ფიქრების ლაბირინთიდან გამოსავალს რომ ეძებდა, გაზეთის ნაგლეჯზე, რომელშიც დილანდელი სენდვიჩი იყო გახვეული, საინტერესო განცხადებას მოჰკრა თვალი და მითითებულ ნომერზე იმწამსვე დარეკა. სულ ათასამდე დოლარიღა ჰქონდა დაჩენილი, ამ ფულის ნაწილით მომდევნო დღეს ბილეთი იყიდა, რამდენიმე ხელი სამოსიც გადაარჩია, თან წასაღები წიგნებიც და ხელბარგი შეკრა. აი, ასე უცაბედად გადაწყდა მისი დუბლინში გამგზავრება. წინ ისევ აღმართი იყო. დაღლას ისე არ გძნობდა, როგორც სიცივეს, ხელ-ფეხი ეყინებოდა. აღმართს აღმართი მოსდევდა და ეგონა სადღაც ციცაბოზე ავდივარო. ირგვლივ თითქმის აღარაფერი ჩანდა, გარდა ცამდე აზრდილი ხეებისა და ეკლოვანი ბუჩქებისა. ალაგ-ალაგ მიმაგრებული გზის მიმანიშნებელი ისრები რომ არა, ვერც კი იფიქრებდა, რომ ამ უსასრულო აღმართს იქით ვინმე სულიერი სახლობდა. როგორც იქნა წიგნაკში მონიშნულ მისამართს მიადგა. თავის მოწესრიგება სცადა, მაგრამ ვერაფერს გახდა, მუხლებამდე მოსვრილიყო ტალახით. ვინმეს რომ შეეხედა იფიქრებდა საფლავიდან აღდგაო. ღრმად ამოისუნთქა, საწვიმარის საყელო გაისწორა და ხის მასიურ კარზე მთელი ძალით დააკაკუნა. რამდენიმე წუთში ფეხის ხმა მოესმა. კარი ხანშიშესულმა მამაკაცმა გამოაღო. - თქვენ ალბათ ალან ბეკფორდი ხართ? - ჰკითხა მამაკაცმა და სახლში შეიპატიჟა. - როგორ მიხვდით? - ფეხსაცმელი შესასვლელშივე გაიხადა და მისაღები ოთახისკენ გაეშურა. - აქაური ამ დროს და ამ ამინდში არავინ ამოვიდოდა, უცხოები კი აქ არასოდეს მოდიან. აბა, რა არის სანახავი მიტოვებულ სასაფლაოზე? ერთადერთი ვისაც აქ მოსვლის მიზეზი ჰქონდა ამ ღამით ეს თქვენ ხართ, მისტერ ალან. თქვენი წერილი რომ ვნახე მინდოდა მეთქვა ეს კვირა აქ სულ წვიმები იქნება-მეთქი, მაგრამ ისეთი დაჟინებით ამბობდით ბილეთი ვიყიდე და მოვდივარ, ერთ წუთსაც აღარ დავყოვნდებიო, რომ აღარ შეგეკამათეთ. მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ ამ თანამდებობაზე კონკურენცია დიდი იყო, ამიტომ, ალბათ გესმით ჩემი... - მოხუცმა ძველისძველი კარადა გამოხსნა, - კეთილი იყოს თქვენი მოსვლა ამ უცნაურ ქალაქში. აი, გამომართვით, ეს სამოსი არავის სცმია, ისე, ყოველი შემთხვევისთვის ინახებოდა აქ. წესით უნდა მოგერგოთ. იქით აბაზანაა, შედით და მოწესრიგდით, მე მანამდე მოცვის ჩაის ავადგუღებ და რომ გამოხვალთ აქაურობას კარგად გაგაცნობთ. ცხელმა წყალმა დაღლილობა გაუქრო. გასუფთავდა, მოწესრიგდა. სარკეში რომ ჩაიხედა, თითქოს უხერხულობა იგრძნო საკუთარი თავის მიმართ, საიდან სადაო, გამწარებით ჩაილაპარაკა და სააბაზანოდან გავიდა. მოხუცი ყველაფერს დაწვრილებით უხსნიდა, საგულდაგულოდ დაათვალიერებინა სახლის ყოველი კუნჭული და გააფრთხილა კიდევაც, ღამით ბევრი უჩვეულო რამ შეიძლება მოხდეს, თუ აუცილებელი არ იქნება სახლიდან ნუ გახვალთ და უამინდობის ჟამს აქაურობას შორ მანძილზე ნუ გასცილდებითო. მამაკაცი კიდევ ბევრ რამეს უყვებოდა, ალანიც თავაზიანად უქნევდა თავს და გუნებაში ეცინებოდა მოხუცის ამდენ ცრურწმენაზე. - გამომართვით. - კაცმა მოზრდილი ბოქლომი და ძველისძველი რკინის გასაღები გაუწოდა, - რომ წავალ ჭიშკარი ჩარაზეთ. - არამგონია, ვინმე ესტუმროს აქაურობას. - გაეცინა ალანს. - ჩვენი ვარაუდები ყოველთვის როდი მართლდება, მეგობარო. - კაცმა მრავლისმეტყველი მზერით გახედა უკან მოტოვებულ საფლავებს. - აბა, ღამე მშვიდობის, ახალგაზრდავ. მაგიდაზე ამ თვის ანაზაურებაა, დანარჩენს კი ყოველი თვის დასაწყისში მიიღებთ. - მადლობა. მშვიდობით იარეთ. ალანმა კარი მიხურა და მისაღებში დაბრუნებულმა ბუხარში შეშა შეაწყო, სახლი ღარიბული და ძველი იყო. ჰაერში დამწვარი შეშის სურნელი დატრიალდა. ეს სურნელი ღრმა ბავშვობის დროინდელ მოგონებებს უღვივებდა. ყველა ოთახში ნესტისა და სიძველის სუნი იდგა. არც ტელევიზორი, არც კომპიუტერი, არც ინტერნეტი - თითქოს ერთი საუკუნით უკან დაბრუნდა. ნამდვილი სამოთხეაო, გაიფიქრა და წიგნების ამოლაგებასა და დასუფთავებას შეუდგა. ბარგი ბევრი არ ჰქონდა: ორმოციოდე წიგნი და ერთი დიდი ჩემოდანი. ირგვლივ ჩამოწოლილ მკვდარ სიჩუმეს შეშის წვისა და რაფაზე დაცემული წვიმის წვეთების ხმა არღვევდა. მისაღებში ბუხრის თავზე ხის ცარიელი თაროები იყო, თითქოს წინასწარ გაეთვალათ, რომ ოდესმე ეს თაროები ვინმეს გამოადგებოდა. სამოსი საძინებლის ფერდაგასულ კარადაში შეაწყო და ხის საწოლზე ჩამოჯდა. გარეთ წვიმა შეცოტავებულიყო. ნეტავ ამ ამინდში მოხუცი სახლამდე როგორ მიაღწევსო, ახლაღა დაფიქრდა, მაგრამ მისი არც მისამართი იცოდა და არც ტელეფონის ნომერი. აქ ალბათ ერთ წელიწადს დარჩებოდა, ანაზღაურება კარგი იყო და არც ქირა ჰქონდა გადასახდელი. ფულის დაზოგვას მარტივად შეძლებდა. სახლში გაბატონებულმა სიმშვიდემ და სიცარიელემ სევდა მოჰგვარა, რადგან აქაურობის პატრონი ამჟამად თავად იყო, გადაწყვიტა ყველა კუნჭულს დავათვალიერებო. კარადები, ჭურჭელი და თეთრეული სუფთა იყო, გაუკვირდა კიდეც. სამზაერულოში პატარა მაგიდაზე ნიგვზიანი ორცხობილა, ყავა და რძე იდო. გაუხარდა, სპილენძის მადუღარაში ყავა ჩაყარა, წყალი დაასხა და ხარშვას შეუდგა. უჩვეულო განცდა დაეუფლა, ცხოვრებაში პირველად იყო მარტო სასაფლაოსთან, ადგილთან სადაც უამრავი ნიჭი და ისტორია ჩაფლულიყო მიწაში ღრმად. რამდენი შემაძრწუნებელი ამბავი სმენია სასაფლაოებზე, რას აღარ იგონებდა და ამბობდა ხალხი. მაინც რატომ აშინებდათ ადამიანებს ასე ძალიან სიკვდილთან თვალის გასწორება, მიღმიერის პირისპირ ყოფნა - ეს ის შეკითხვები იყო, რაზეც ბავშვობიდან დაეძებდა ალანი პასუხებს. უეცრად ისე დაიქუხა შეკრთა. მშიშარა არასოდეს ყოფილა, ამიტომ თავის ასეთ ბავშვურ ქცევაზე გაეცინა. ყავა ფინჯანში ჩამოასხა და ფანჯარასთან მივიდა. ცაში გველივით იკლაკნებოდა ელვა და მივიწყებულ სასაფლაოს ალაგ-ალაგ ანათებდა. ის-ის იყო მისაღებში უნდა გატრიალებულიყო, რომ ფანჯარაში თითქოს ვიღაცის გამოსახულებას მოკრა თვალი, ნაბიჯი შეანელა, წინ წაიწია, ფინჯანი მაგიდაზე დადგა და გაირინდა. არ შემცდარა, ასიოდე მეტის მოშორებით ერთ-ერთ საფლავთან შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი იდგა. დასველებული თმა მხრებზე მისწებებოდა და ტიროდა. ალანი რამდენიმე წამით გაკვირვებული უმზედა. ამ შუაღამისას, თქეშში რა ესაქმებოდა ასეთ ლამაზსა და ახალგაზრდა ასულს? სიბრალულით გული დაეწვა, ამ ამინდში აქედან ვერ გააღწევსო. - მის! - ფანჯარა გამოაღო და გასძახა მთელი ხმით, - ახლავე გამოვალ და ქოლგას მოგიტანთ. - ქალმა თითქოს ვერაფერი გაიგო, მისკენ არც მოუხედავს. ხელებში სახეჩარგული იდგა და მოთქმით ტიროდა. ალანმა ქოლგას ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა, მაგრამ იქ აღარავინ დაუხვდა. გაბრაზდა საკუთარ თავზე, ალბათ საბრალო ქალს შეეშინდა და სადმე მიიმალაო. წვიმა თითქმის შეწყდა. უჩვეულო სიმშვიდე და მდუმარება ჩამოწვა იგვლივ. უკუნით სიბნელეში ფარნით მიიკვლევდა ალანი გზას, ცდილობდა როგორმე ხეებში მიმალული ქალი ეპოვა და დახმარებოდა. წინ ვიწრო ბილიკი იყო. ცამდე აზიდულიყო ნაძვთა რიგები, მათ კენწეოებს რომ ააყოლა თვალი იფიქრა, ხეები ცაში შეზრდილანო. დრო და დრო საფლავის ქვებზე წაწერილ სახელებსა და თარიღებსაც კითხულობდა. მწერალი რომ ყოფილიყო უამრავ ამბავს მოიგონებდა და დაწერდა ამ ადამიანებზე, მაგრამ იქნებ ისტორიის შეთხზვა არც ყოფილიყო საჭირო, იქნებ თითოეულმა მათგანმა იმაზე საინტერესო და ამაღელვებელი გზა განვლო ვიდრე რომელიმე დიდებულმა პერსონაჟმაო, ჩაილაპარაკა, თუმცა ირგვლივ არავინ იყო, რომ ეპასუხა. ქალი ალბათ გაიქცაო, ივარაუდა ბოლოს, მის კვალს რომ ვერსად წააწყდა. ერთი მილის მოშორებით ხშირი ტყე იწყებოდა. ინტერესით აკვირდებოდა ყოველივეს რასაც მისი თვალი ხედავდა. საფლავებთან აღმართულ ქვის ანგელოზებს ლაქები და ბზარები გასჩენოდათ. „სიკვდილის ანგელოზები“ - წარმოთქვა ალანმა და მათი საგულდაგულოდ დათვალიერება დაიწყო, ცხოვრებაში პირველად ხედავდა ასეთ სევდიან თვალებს, ეჩვენებოდა, რომ ქვისგან ნაძერწი ფიგურები ტიროდნენ, ცამდე აღპყრობილი ხელებით დასტიროდნენ ადამიანთა ამაოებას, მიწის წიაღში ჩატანილ ოცნებებსა და ვნებებს... მომდევნო რამდენიმე დღე მშვიდი და მზიანი იყო. დილაობით ქალაქში ჩადიოდა და იქაურობას ეცნობოდა, წიგნის მაღაზიებს სტუმრობდა და ახალ-ახალ თარგმანებსაც ეცნობოდა. ქალაქის ვიწრო ტროტუარები ოქროსფერი თოთლებით დაითოვა, თვალსა და გულს აამებდა ოქროცურვილი ბაღებისა და ქუჩების თვალიერება. ოქტომბერი მიიწურა. ერთ წვიმიან ღამეს ისევ შენიშნა საფლავთან მდგარი ახალგაზრდა ქალი, მაშინდელივით გრძელი შავი კაბა და მაქმანებიანი მოსაცმელი ემოსა. ალანმა მიახლოება სცადა მაგრამ ქალი თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ, ალბათ საყვარელი ადამიანის საფლავს სტუმრობსო, დაასკვნა და გადაწყვიტა, თუ კიდევ მოჰკრავდა თვალს აღარ გამოპასუხებოდა. ყველას აქვს უფლება თავისი ტკივილი მშვიდად იგლოვოსო. სასაფლაოს სიმშვიდეს მიეჩვია ალანი, ცხოვრება ნელი და ერთფეროვანი გახდა. დილაობით ბარში ჩასული საუზმის დროს უამრავ საინტერესო ამბავს მოჰკრავდა ხოლმე ყურს. ნაშუაღამევს სახლიდან გამოდიოდა და სეირნობდა. გადაწყვიტა ახალი წიგნაკი ეყიდა და პატარა ისტორიები შეექმნა ყველა იმ ადამიანზე, რომლის სახელსა და გვარსაც საფლავის ქვებზე კითხულობდა, ასე აქ ყოფნა უფრო საინტერესო იქნებოდა და დროც უფრო სწრაფად გავიდოდა. ერთი თვის შემდეგ უკვე მესამე წიგნაკის ბოლო ფურცელს ავსებდა. საფლავების მოპირდაპირედ რომ მტირალა ტირიფი იდგა, მის ძირში იჯდა საათობით და წერდა. ზოგ ამბავს თავად იგონებდა, ზოგსაც ადგილობრივთა ჭორებისგან აკოწიწებდა. მართალია, მოხუცმა გააფრთხილა შეიძლება ბევრი უჩვეულო რამ მოხდესო, მაგრამ მსგავსი არაფერი ყოფილა. ერთ ორშაბათ შუადღეს, როდესაც საწოლს თეთრეულს უცვლიდა, კარადაში გაუქმებულ უჯრას მოჰკრა თვალი. ბევრი ეჯაჯგურა, მაგრამ ძვრა ვერ უყო. ინტერესი გაუუორმაგდა. ხელსაწყოების ძებნას შეუდგა და მალე, როგორც იქნა, უჯრა გამოგლიჯა. ნანახმა გააოცა, ძველი გამხმარი მელანი, ბატის ფრთა და უმისამართო წერილები ეწყო. იქვე იყო შავ-თეთრი ფოტოსურათი რომელიც ისე დამტვერილიყო, რომ არაფერი მოჩანდა. სურათის გვერდით ძველი პატარა შუშის ბოთლიც ეგდო, სავარაუდოდ ვისკის, რადგან როგორც კი სახურავი მოხსნა ალკოჰოლის სურნელი შეიგრძნო. რამდენი წელი ინახებოდა ეს ნივთები აქ, ასი? თუ უფრო მეტი. ფოტოსურათი აიღო და, ისე რომ არ დაეზიანებინა, ხელის ფაქიზი მოძრაობით მის გაწმენდვას შეუდგა. ნელ-ნელა გამოსახულება შესამჩნევი ხდებოდა და ახლა ნათლად ხედავდა ულამაზეს ქალს, რომელსაც გრძელი შავი თმა მხრებზე ჩამოეყარა და სევდიანი თვალებით იმზირებოდა. ქალი სარკესთან იდგა. ფოტო მთლიანად რომ გაასუფთავა, სახეზე კარგად დააკვირდა. ეს ქალი სადღაც უკვე ენახა. გონებაში ჩალექილი კადრები ახლა უფრო ცხადლივ წარმოუდგა თვალწინ, იმ ღამით, ერთ-ერთ საფლავთან სწორედ ეს ქალი იხილა. - კი მაგრამ... - გაკვირვებისგან ენა დაება, - არ არსებობს. - ფოტოსურათი გადააბრუნა, უკანა მხარეც გადაწმინდა და ნახევრად გაცრეცილი თარიღი გაჭირვებით ამოიკითხა: „ლანსფილდების მამული, 1889 წელი“. - ხუმრობაა! - გაეცინა. - ვიღაც კარგად ხუმრობს. - თქვა და კარი გაიხურა. მწუხრის ჟამი რომ ჩამოწვა, ჭიშკარი ჩარაზა. მართალია, ამ ორი თვის განმავლობაში აქ სულიერიც კი არავინ ეხილა, უცნობ ქალს თუ არ ჩავთლით, მაგრამ წესი ასეთი იყო. ჯაჭვი საგულდაგულოდ მოახვია რკინის სახელურებს და ბოქლომი ჩარაზა. შინ დაბრუნებულმა ყავა მოხარშა და ნაპოვნი წერილების გახსნას შეუდგა. სინესტისგან ასოები გაცრეცილი და გადღაპნილი იყო, მხოლოდ ორიოდე ფრაზის ამოკითხვა შეძლო: „იმედი აღარ მაქვს. დღეს ყური მოვკარი მათ საუბარს, ჩემზე ლაპარაკობდნენ, უფრო სწორად, კამათობდნენ, მონასტერი ახსენეს. გული მიგრძნობს, რომ დიდი უბედურებაა ჩემს თავს. მელანი და ქაღალდი მამაჩემის კაბინეტიდან ჩუმად წამოვიღე, რომ შენთვის მომეწერა. მინდა იცოდე, რომ არაფერს ვნანობ, ის რამდენიმე კვირა, რაც ვენაში მამიდაჩემის მამულში გავატარე შენს გვერდით, ჩემი ცხოვრების ყველაზე მზიანი და ლამაზი დღეები იყო. არაფერზე მწყდება გული გარდა ერთისა - როცა შენთან ერთად წასვლაზე უარი გითხარი. გულუბრყვილო და გამოუცდელი, რას წარმოვიდგენდი, რომ მშობლები ასე გამწირავდნენ. თურმე სიყვარულს ლამაზ სიტყვებთან საერთო არაფერი ჰქონია. აქაურობა აკლდამასავითაა, ვერავინ გააღწევს გარეთ. ღვთის გულისათვის, როცა ეს წერილი შენამდე მოაღწევს“ - ბოლო რამდენიმე სიტყვა ლაქასავითღა ეცხო ნესტისგან დაობებულ ფურცელს, ბევრი ეცადა, მაგრამ ვერაფრის დიდებით ამოიკითხა. მთელი ღამე წერილზე და ფოტოზე გამოსახულ იდუმალ ქალზე ფიქრობდა ალანი. გონებაში ათასგვარი აზრი ჩნდებოდა. ოთახში დაგუბებულ სამარისებურ სიჩუმეს ქარისა და ხის ტოტების შრიალის ხმა არღვევდა. ვერაფრით დაიძინა, საათზე შუაღამის ოთხი სრულდებოდა. წამოდგა, ფანჯარას მიუახლოვდა და ეულად დარჩენილ საფლავებს დაუწყო თვალიერება. ისტორიული ნარკვევების განხილვისას არაერთხელ უნახავს ძველისძველი ნივთები, დოკუმენტები, ამიტომ ამ ნივთების სიძველეში ეჭვს ვერ შეიტანდა. მაგრამ თუ ეს ყველაფერი ხუმრობა არ იყო, მაშინ იქ ქალი? - არა,არა! - თავი გააქნია, თითქოს გონებაში უნებართვოდ შემოჭრილი ფიქრების გაძევებას ლამობდა. - მოჩვენებები არ არსებობენ! მომდევნო დილით გადაწყვიტა ფოტოსურათი აეღო და ადგილობრივებისთვის ეჩვენებინა, იქნებ რამე ინფორმაცია მიეღო ამ ახალგაზრდა ქალზე. ბიბლიოთეკიდან დაწყებული ყველა სასადილო და სასტუმრო მოიარა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერაფერი გაიგო. მარკეტში შევიდა, კარაქი, ყავა და სიგარეტი იყიდა, ის-ის იყო ავტობუსში უნდა ასულიყო, რომ ქუჩის ბოლოს ანტკივარიატის ძველ მაღაზიას მოჰკრა თვალი. ბოლოჯერაც ვცდი ბედსო, ჩაილაპარაკა და მაღაზიისკენ გაეშურა. მეპატონე მოხუცი კაცი იყო, ენაწყლიანი და თავაზიანი. ალანმა ჯერ თაროებსა და ძირს განლაგებულ მდიდრულ ნივთებს დაუწყო თვალიერება, შემდეგ კი ისე, თითქოსდა ახლა მოაფიქრდაო, მამაკაცს დახმარება სთხოვა. ქურთუკის ჯიბიდან ფოტოსურათი რომ ამოიღო და წინ გაიწოდა მოხუცს ფერი ეცვალა. - საიდან გაქვთ? - ჰკითხა საგონებელში ჩავარდნილმა და ათრთოლებული თითებით სკამის სახელურს ჩაებღაუჭა. - მიტოვებულ სასაფლაოსთან რომ ძველი სახლია, საყარაულო, ასე რომ ვთქვათ, იქ ვიპოვე. ამჟამად სასაფლაოს მეთვალყურე მე გახლავართ. აქ ჩამოსვლის პირველ ღამეს ერთ უსახელო საფლავთან ქალი შევნიშნე. შუაღამე იყო, შემებრალა და გარეთ გავიქეცი ქოლგით, რომ შინ შემეყვანა. ვიფიქრე თავაზიანობას გამოვიჩენ-მეთქი. ზუსტად ორიოდე წამში იქ აღარავინ დამხვდა, ბევრი ვეძებე, ყველა შესაძლო სამალავსა და მივარდნილ კუნჭულს მივაგენი, მაგრამ ქალი არსად იყო. იგივე განმეროდა მეშვიდე ღამეს და მომდევნო თვეს. გუშინ შუადის მიწურულს კი ამ ფოტოს წავაწყდი, ალბათ ვიღაც მეხუმრება. ფიქრობს ახალგაზრდაა და გვარიანად შევაშინებო. ხოდა, გადავწყვიტე დავასწრო და გეგმა ჩავუშალო. - ალანმა კაცის სახეზე უამრავი შეკითხვა ამოიკითხა. - მთავარის თქმა დამავიწყდა. ქალი, რომელიც ვიხილე ძალიან ჰგავს ამ ფოტოსურათზე გამოსახულ მანდილოსანს, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ იგივე ადამიანია. სამოსიც კი იგივეა. - ღმერთო! - ბერიკაცმა ნერვულად დაისვა წვერზე ხელი და ფოტოსურათს კიდევ ერთხელ დახედა. - ის არის, ნამდვილას ის არის. - იცნობთ? - ალანი გამარჯვებისგან მოგვრილმა სიხარულმა აავსო. - არა... მე არა. მაგრამ ჩემი დიდი ბებია მათ მამულში მუშაობდა მოსამსახურედ. - კაცი ღელავდა, ერთი წუთით მაცადეო, სტუმარს მიუგო და წყალი დაისხა, ორიოდე ყლუპი დალია და განაგრძო, - ელეონორა... - დანანებით წარმოთქვა და თვალები აუწყლიანდა. - ვერ გავიგე. ვერაფერი გავიგე. - ალანი მოხუცს მიაჩერდა. - ქალს, რომელიც ამ ფოტოზეა, ელეონორა ერქვა... მისი სურათი ბავშვობაში ერთადერთხელ ვნახე, მაგრამ არასოდეს დამვიწყებია. - მასზე რამე იცით? - წამოენთო. - რა თქმა უნდა, ვიცი. ჩემი ასაკის ვინც არის აქ, ყველას გვსმენია მასზე. ის ახალგაზდა, მშვენიერი ქალი იყო, ოდესღაც... თუმცაღა, ახლა რაღა აზრი აქვს ამის გახსენებას? - გთხოვთ, რაც იცით, ყველაფერი მიამბეთ, თუ დრო გაქვთ. მე არსად მეჩქარება. ფანჯრის მიღმა ნოემბრის ბოლო დღე იდგა. მწუხრი ჩამოწოლილიყო, გაშიშვლებულ ხეებს ტოტებს უკოცნიდა წვიმა. კედელზე დამაგებული ხის საათი საღამოს ექვსს აჩვენებდა. დაჯექიო, ანიშნა კაცმა ალანს. სამოვარიდან ჩაი ჩამოასხა, ერთი ჭიქა სტუმარს მიაწოდა, ერთიც თვითონ დაიდგა წინ და მოყოლა დაიწყო: - თქვენი სახელი? - ალანი. ალან ბეკფორდი. - კეთილი, ალან. არ ვიცი შეგინიშნავს თუ არა, მაგრამ სასაფლაო, რომელსაც ახლა შენ მეთვალყურეობ, დიდი ხანია მივიწყებულია აქაურთაგან. ალბათ განცვიფრებული ხარ ადგილობრივთა გულგილობით თავიანი მიცვალებულების მიმართ, მაგრამ საქმე ის გახლავს, რომ მაგ ადგილს ყველა დაწყევილს ეძახის, ზუსტად იმ ქალის გამო, რომელიც შენ უკვე რამდენჯერმე იხილე. ელეონორას მოჩვენება ბევრს უხილავს. მესმის, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ სამყაროში ჩვენთვის ხილულს მიღმა კიდევ ბევრი რამ არსებობს, რაც მოკვდავთა გონებისთვის შუცნობელია. ჩემი დიდი ბებია ლანსფილდების მამულში რომ მივიდა ძალზედ ახალგაზრდა იყო, ბუნებით უბრალოსა და გულისხმიერს ოჯახის ერთადერთი ქალიშვილი მალევე დაუმეგობრდა. ყველგან ერთად დადიოდნენ და ერთმანეთს გულისნადებს უზიარებდნენ, თანატოლები იყვნენ. ქალიშვილს ელეონორა ერქვა. მამამისი ცნობილი და პატივსაცემი მღვდელი იყო, რომელიც ოჯახთან ერთად არც ისე დიდი ხნის ჩამოსული იყო ლონდონიდან. მთაზე რომ ეკლესიაა იქ მსახურობდა. დიდი და ლამაზი მამული ჰქონდათ, წვეულებებსაც ხშირად აწყობდნენ, რითიც აქაურთა კეთილგანწყობა მალევე მოიპოვეს. მღვდლის ქალიშვილს ბევრი ეტრფოდა, მაგრამ აბა ვინ შეჰბედავდა რამეს, უგვაროსა და უთვისტომოს არავინ მიათხოვებდა. ერთ დღეს ხალხში ხმა დაირხა, ელეონორა ორსულად არისო. ერთ-ერთ მსახურს ყური მოუკრავს მღვდლისა და ექიმის საუბრისთვის, ხოდა აბა, ასეთ საიდუმლოს ვინ შეინახავდა დიდხანს? ხომ იცით ხალხის ზნე, სხვის უბედურებაზე ხმამაღლა საუბრით საკუთარს ივიწყებენ ხოლმე. არავინ იცოდა ვის ჰყვარობდა მღვდლის ასული. ჭორი ქუჩის ერთი ბოლოდან მეორეში ქარის სისწრაფით ვრცელდებოდა და მამამისი იძულებული გახდა რამდენიმე თვეში ღვთისმსახურებისთვის თავი დაენებებინა. ამ ხნის განმავლობაში ქალიშვილი მამულიდან გამოსული არავის უხილავს. ათას რამეს ამბობდნენ, ვენაში ყოფნის დროს ვიღაც მეზღვაური შეუყვარდა და სულიცა და სხეულიც მას მიუძღვნაო. ერთ ღამეს ჩემი დიდი ბებია თვალცრემლიანი მოვარდნილა შინ, ხელში წერილების დასტა ეჭირა. თურმე ის ვაჟი ელეონორას ყოველკვირა სწერდა წერილებს, დაეძებდა მას და ადგილს ვერ პოულობდა, ახალგაზრდა ქალმა კი ამაზე არაფერი იცოდა, დარდობდა, ეგონა დამივიწყა და მიმატოვაო. დარდისგან ისე ჩამოდნა, მოსიარულე ლანდს დაემსგავსა. - ეგ წერილები თქვენმა დიდმა ბებიამ როგორ იპოვა? - ყარაულმა უთხრა. საბრალო ელეონორას მისავათებულსა და დაუძლურებულს რომ უმზერდა გული ეწვოდა ბერიკაცს, ჩემს ხელში გაიზარდა, საკუთარი შვილივით მიყვარს და არ შემიძლია ამ ცოდვის მხრებით ზიდვაო. მაშინ ყველა წერილი, რომლის დაწვაც მღვდელმა უბრძანა, ქსოვილში გახვეული გამოუტანა ბებიაჩემს და სული მუჭაში ჩაუდო, მიეცი ეს წერილები შენს საბრალო ქალბატონს და უთხარი, ტყუილად ნუღარ იტანჯებაო. - კი მაგრამ, რატომ არ დანიშნეს, ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა? - როგორც უკვე მოგახსენეთ, ლანსფილდების ოჯახი შეძლებული გახლდათ, ის ვაჟი კი მეზღვაური იყო, სიყვარულისა და უსასრულო ერთგულების გარდა, მეტს ვერაფერს შესთავაზებდა ულამაზეს ასულს. ამიტომაც, მათ მამულში მისულს როგოც კი თვალი მოჰკრა მღვდელმა მაშინვე მისი გაგდება ბრძანა. ვაჟი შუპოვარი იყო, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საყვარელი ქალისთვის ბრძოლა, მასზე არც მუქარა ჭრიდა და არც ათასგვარი გაფრთხილება. კვირების განმავლობაში არ სცილდებოდა მათ ჭიშკარს, მაგრამ შეყვარებულამდე მისვლას ვერ ახერხებდა. ერთხელაც ისე ძლიერ სცემეს, რომ თავი სავადმყოფოში ამოჰყო. - დაუჯერებელი ამბავია... და ბავშვი? ბავშვს რა ბედი ეწია, თუ? - ბებიაჩემი მამულიდან იმ ამბების შემდეგ მალევე დაითხოვეს, მას დაბრალდა ახალგაზრდა ქალბატონისთვის თავგზის არევა. ჭორებისა აბა რა დაიჯერება, მაგრამ დეკემბრის მიწურულს მღვდლის მამულიდან პატარა აკვანი გაიტანეს, რომელშიც ჩვილი იწვა. ამას ჩემი დიდი ბებია იმ წერილებში წერდა კაბის მალულ ჯიბეში რომ ინახავდა ხოლმე. მღვდელმა ნაბუშარის სახლში დატოვება არ ისურვა და ბავშვი თავის ნაცნობს გაატანა. ალბათ ფიქრობდა, ეს ამბები ჩაივლის, ქალიშვილს შორს წავიყვან და ღირსეულ ადამიანს მივათხოვებო. ხომ იცით მაშინდელი წესები... ეჰ, - კაცმა თავი ჩაჰქინდრა და დანანებით ამოთქვა: - ზოგჯერ მშობლები ძალიან სცოდავენ შვილების წინაშე... ერთ წვიმიან დილას ელეონორა მამულიდან გამოქცეულა, საბრალო, საღამურების ამარა ქუჩა-ქუჩა თავის ჩვილს დაეძებდაო ამბობდნენ. ბედშავი მეთევზეებმა გულწასული იპოვეს მდინარის ნაპირთან და სახლში დააბრუნეს. მას შემდეგ ხალხი იძახდა მღვდლის ასული ჭკუიდან შეიშალაო. - იმ ვაჟს რა დაემართა, ნუთუ ხელი ჩაიქნია? - მეზღვაური ერთ საბედისწერო ღამეს ისევ მისულა მამულთან, მაგრამ იმ ღამის შემდეგ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცის. მანამდე ამბობდნენ სასაფლაოსთან რომ სახლია, იქ შეაფარა თავიო. - ალანს სახე წამოენთო, - ჰო, იქ, სადაც ახლა თქვენ ხართ და სავარაუდოდ, ეს ფოტოსურათიც და წერილებიც, რაც იპოვეთ მას ეკუთვნოდა ოდესღაც. თუმცაღა, იმ ღამის მერე აღარ გამოჩენილა. ახლა კი, ამ ფოტოსურათსა და წერილს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ის ვაჟი ბოლო წუთამდე თავისი გრძნობის ერთგული იყო. კაცი გაჩუმდა, ჩაი დააგემოვნა, წვერზე ხელი დაისვა და ფანჯარას გახედა. - და ელეონორა, რა ბედი ეწია? - ალანს ხმა უკრთოდა მღელვარებისგან. - ამბობდნენ გაგიჟდაო. ერთხელ, თურმე სახლის გადაწვაც კი სცადა, რის გამოც მამამისმა ღვთისმსახურებს უხმო და საბრალო ქალისგან ავი სულის განდევნა სთხოვა. მღვდელი დაწმუნებული იყო, ჩემს ქალიშვილს ბოროტი სული შეუჩნდა და ამიტომაც ჩავარდა ასეთ ცოდვაშიო. ძლიერ უწამებიათ. იმავე წელს ელეონორა მონასტერში გამოამწყვდიეს, ერთ პატარა საკანში, რომლის სარკმელიც პირდაპირ სასაფლაოს გადაჰყურებდა. - მოხუცმა სტუმარს გაკვირვება შეატყო. - დიახ, იმ სასაფლაოს, რომელსაც ახლა თქვენ ყარაულობთ. ალბათ შეგიმჩნევიათ, საფლავებს რომ მთა დაჰყურებს იქ ერთი პატარა მონასტერია. ახლა მისგან დაცარიელებული საკნები და ნანგრევებიღაა დარჩენილი. - დიახ... მაგრამ რას ვიფიქებდი, რომ... შემდეგ? - მოსმენილისგან შეძრული სტუმარი ცნობისმოყვარეობას ვერ იოკებდა. - მონასტერში მკვიდრი დები ამბობდნენ მღვდლის ასულის საკნიდან გამუდმებით საუბრის ხმა ისმისო. ზოგიერთი ირწმუნებოდა, ელეონორა მიცვლაბეულთა სულებს ხედავს და მათ ესაუბრებაო. ერთ საღამოს, სანამ მწუხრის ლოცვებს აღავლენდნენ, მონაზვნებს მიუკითხავთ. ელეონორა წინა დღეს მკაცრად დაუსჯია წინამძრვარს, მიზეზი არ ვიცი, სამწუხაროდ. ზოგჯერ ბებიაჩემი რაღაცებს მოიმიზეზებდა ხოლმე და მონასტერში ადიოდა, იქ მცხოვრებ რამდენიმე დას დაეხმარა ერთი-ორჯერ, რის გამოც თხოვნაზე უარს ვერ ეუბნებოდნენ ხოლმე და საბრალო ასულთან რამდენიმე წუთით ჩუმად გამოლაპარაკების საშუალებას აძლევდნენ. ხოდა, იმ საღამოს მცირეხნიანი კაკუნის შემდეგ, საკნის კარი რომ არა და არ გააღო მღვდლის ასულმა, დებმა წინამძღვარს სთხოვეს კარის გაღება. - მერე? - უკვე მკვდარი იყო. სასოწარკვეთილს თავი ჩამოეხრჩო. ამ შემთხვევამ ყველას თავზარი დასცა. მღვდელი იძულებული გახდა მამული გაეყიდა და აქაურობა დაეტოვებინა. ამბობდნენ ლონდონში წავიდაო, მაგრამ სიმართლეა თუ არა ვერ გეტყვით. ახლა ლანსფილდების სასახლის ადგილას პატარა ულამაზესი სასტუმო დგას. ელეონორა იმ დღესვე, ყოველგვარი წესის აგებისა და ცერემონიის გარეშე დაკრძალეს. მოგეხსენებათ, თვითმკვლელნი ბევრ პრივილეგიას არიან მოკლებულნი. ამბობდნენ საფლავის ქვაზეც არ დააწერეს მისი სახელი, მხოლოდ დაბადებისა და გარდაცვალების თარიღიაო მითითებული. 1867-1890 წლები. ძალიან ახალგაზრდა იყო, საბრალო. თუმცაღა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. - კიდევ იყო რამე? - ყურებს არ უჯერებდა გაოგნებული ალანი. - მონასტერი მალევე დაიკეტა. მიზეზი მოჩვენება იყო, რომელსაც აქ მცხოვრები დები სავსემთვარობის დღეებში ეჩეხებოდნენ. ყველა ხედავდა შავ კაბასა და თავშალში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალს, რომელიც მონასტრის ეზოდან სასაფლაოზე გადიოდა და ტიროდა, ამბობდნენ მისი ტირილის ხმა ყოველ საკანში აღწევდაო. ყველას სჯეროდა, რომ მოჩვენება ელეონორა იყო, რომელმაც საიქიოში სიმშვიდე ვერ ჰპოვა და შურის საძიებლად დაბრუნდა. ამ ყველაფერს მონასტრის წინამძღოლის უცაბედი სიკვდილი კიდევ უფრო ამძაფრებდა. - კი მაგრამ... რატომ... უფრო სწორად... - ალანს ენა დაება, ყველაფერი ზედმეტად უცნაური იყო და რეალობასთან ვერ აკავშირებდა. - მღვდლის ასულის დასაფლავებიდან მეორე დღესვე ახალგაზრდა დებმა წინამძღოლის უსულო სხეული მონასტრის ეზოში იპოვეს. შემაძრწუნებელი ამბავია. დაახლოებით სამი თვის შემდეგ მონასტერი დაკეტეს, სასაფლაოზე კი თითქმის აღარავინ მიდიოდა. თავზარდაცემული წამოვიდა ანტიკვარიატის მაღაზიიდან ალანი. გონებაში ჯერ კიდევ უამრავი კითხვის ნიშანი და ურთიერთგამომრიცხავი აზრი ბობოქრობდა. ისევ ის ღამე მოაგონდა ქალის ტირილის ხმა რომ მოესმა. სახლში დაბრუნებული იმ ადგილისკენ გავარდა, ზუსტად იქ დადგა სადაც შავებში ჩაცმული ქალი დაინახა. მოპირდაპირედ აღმართულ საფლავის ქვაზე მხოლოდ ციფრები და ინიციალები ეწერა: „1867-1890 წლები. ე.ლ“. - ასეთი რა ცოდვა ჰქონდა, საბრალოს, რომ სახელიც კი არ დაწერეს? - წარმოთქვა ბრაზმორეულმა. იმ ღამითაც თვალი არ მოუხუჭავს, გონებაში ფიქრთა კორიანტელი იყო. მაინც რატომ ითვლება უპატიებელ ცოდვად , განა ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა უფრო დიდი ცოდვა არ არისო? ჯავრობდა. ვინ უფრო დამნაშავეა, ის, ვინც ცხოვრებაში გამოსავალს ვეღარ ხედავს და სიკვდილს ირჩევს, თუ ის, ვინც ადამიანს ამ მდგომარეობამდე მიიყვანსო... ცარიელი წიგნაკი გადაფურცლა და წერას შეუდგა. წერდა ყველაფერს, რაც მოხუცმა გამყიდველმა უამბო, ზოგსაც თვითონ ამატებდა. ცის გუმბათზე ნამგალა მთვარე რუხ ღრუბლებში მიიკვლევდა გზას. ერთი საათიღა იყო დარჩენილი გარიჟრაჟამდე. წერას მალე დაასრულებდა. ყავა მოხარშა, ეს უკვე მეოთხე ფინჯანი იქნებოდა იმ ღამით, მაგრამ რა ექნა, ფიქრის ოკეანეში ჩაფლული ეჭვებისა და ბრაზის აბობოქრებულ ტალღებს ებრძოდა. ფარდა გასწია, ფანჯრის რაფას ჩამოეყრდნო და მიტოვებულ საფლავებს გახედა. ეს ყველაზე სევდიანი სურათი იყო, რაც კი ოდესმე უნახავთ მის თვალებს. სამი თვე ილეოდა რაც აქ იყო და ამ სამი თვის განმავლობაში არავის გახსენებია თავისი მიცვალებული. არც ერთი ვარდი და არც ერთი კონა ია, არ დახვედრია საფლავებს შორის მოარულს. უცნაურები არიან ადამიანები, სიცოცხლეში, რომ ჰკითხო აღმერთებენ ერთმანეთს, მაგრამ როგორც კი მათი თვალსაწიერიდან მიიმალები ისე გივიწყებენ, თითქოს არასოდეს გიარსებიაო, ფიქრობდა. გასცქეროდა მდიდულ და ღარიბულ საფლავებს, მათ გვედით აღმართულ სევდიან ქანდაკებებს და დარდი ეძალებოდა. ვინ იცის, კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავდა ბებერი მიწა... გული სწყდებოდა იმაზე, რომ ადამიანთა სიყვარული სიტყვებით იწყება და სიტყვებითვე მთავრდება, რომ ფიცი: „არასოდეს დაგივიწყებ“ ყველაზე სულმდაბალი ტყუილი იყო, რასაც ადამიანები ერთმანეთს ვეუბნებით ხოლმე. ჰო, ამის მოწმე თავად იყო, გასცქეროდა სამაროვანს და ანცობიერებდა, რომ დროის დინება გრძნობებსა და ტკივილს მალევე ავიწყებდა ადამიანებს. დაზამთრდა, მომდევნო ღამეები თოვლიანი და ცივი იყო, თეთრი სუდარა გადაჰფარებოდათ მივიწყებულ მიცვალებულებს. ტყიდან მგლებისა და ყვავების ხმა მოისმოდა. მხოლოდ ერთ საფლავთან იდგა ღამ-ღამობით გზააბნეული სული და ხმამაღლა დასტიროდა თავის აუხდენელ ოცნებებსა და ნაადრევად დასრულებულ სიცოცხლეს. I.K.???? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.