წითელი სახლის ლანდები (თავი VIII)
იმ წვიმიან განთიადზე რაღაცას ვერ ელეოდა თარაში და უშფოთველად ეძინა მის საწოლზე კასიანას. წვიმდა ძლიერად, იმ ზაფხულის წვიმასავით არა, სწრაფად რომ მიილევა ვიღაცის ბოლო სიგარეტივის ღერივით. სტიქიამ გააცოცხლა სიბნელე, რომელიც ისე გაიწელა, გეგონებოდათ, ორი ღამე გადაებაო ერთმანეთს. ციოდა. პლედი გადააფარა ისეთი სიფრთხილით, თითქოს ჩვილს ახვევდა ჩვრებში. მისი უხეში მანერები ნელ-ნელა ქრებოდა კასიანასთან. ამჩნევდა ამას თარაში. ფანჯარა გამოაღო ფრთხილად და სიგარეტს გაუკიდა. მიწის სუნი შემოიჭრა ოთახში და ფიჭვის სისველე, მდინარის პირიდან ქარმა რომ მოიტანა. ვერ მოერია მაინც თარაშს, კასის ციტრუსის არომატი სცემდა მძაფრად, მთელ ოთახში რომ მოეფრქვია მძინარეს. ძვალ-რბილში გაიარა სიცივემ. წვიმდა და თენდებოდა, და მის საწოლზე ეძინა კასიანას. ეს საკმარისი იყო. -ისევ წვიმს? - შეეღვიძა კასის. ჭრაქის მკრთალი შუქი ეცემოდა ხორბლისფერ კანზე. მეტად ასწითლებოდა ძილისგან დაბერილი ტუჩები და ნატიფ მხრებზე ეფინა ჩალისფერი ხუჭუჭები. -გაგაღვიძებ, როცა გადაიღებს, - მზრუნველობა მაინც გაეპარა ხმაში თარაშს, - დაიძინე. ყველაფერს იზამდა, ოღონდ წვიმას არ გადაეღო იმ ღამით. არ იცოდა ეს ჯერ თვითონ, მაგრამ გრძნობდა რაღაც ახლებურს, რაც არ სათაურდებოდა არაფრით. ზუსტად ვერ ითვლიდა თარაში, ოცდაორი ღამე გაეტარებინა კასის მასთან ერთად, ან ოცდასამი. მოდიოდა ისე, თითქოს პირველი ჯერი ყოფილიყოს ყოველ ჯერზე, ანდაც ბოლო. თითქოს აღარ მოვიდოდა ამის შემდეგ, აფრთხილებდა ყველა მოძრაობით, რომ აღარ შეეხებოდა მეტად. არასდროს დაუკაკუნებია კარზე. მოდიოდა ფანჯრიდან და წამში მოიცავდა მისი არსებობა ირგვლივ ყველაფერს. საწოლისკენ გაიხედა თარაშმა. ბნელ ნათებაში იბლანდებოდა კასის სახე. სათუთი იყო, მძინარე. ეკარგებოდა ის სიველურე, სიფხიზლისთანავე რომ აუბრჭყვიალებდა ხოლმე თვალებს. ტუჩები გაეპო ოდნავ, სუნთქავდა თანაბრად და ლოყის ქვეშ ამოედო თლილი თითები. თარაში იცნობდა კასიანას. ხედავდა, ამჩნევდა, მისი მიმიკების გარჩევა შეეძლო, იცოდა, რა დროს რა გამომეტყველება ეფინებოდა სახეზე, მის ღიმილებსაც არჩევდა ერთმანეთისგან, ხან და ხან დაღლილს, იმედიანს თუ უიმედოს, ირონიულს და იშვიათად, ძალიან იშვიათად - გულწრფელს. ხედავდა ისე მკაფიოდ, როგორც ბრტყელ ქვას სწორ მიწაზე. კასიანას სიახლოვნე სჭირდებოდა მასთან, იმ დონეზე, რა დონეზეც ეს არ შეაშინებდა. გადაივსებოდა ხოლმე ემოციებით და მასთან მოდიოდა, მის მხრებზე გაუცნობიერებლად რომ შემოელაგებინა დარდები. ბევრ რამეს გრძნობდა კასიანა, მაგრამ ეშინოდა ამ შეგრძნებების ძალიან და ღამით, თარაში ხდებოდა ჭურჭელი მისი გრძნობებისთვის. კასისთვის გაუცნობიერებული, თარაშისთვის ყველაზე გაცნობიერებული იყო მთელი მათი ამბავი. ამიტომ მოდიოდა ყოველ ღამით, გრძელი დღის შემდეგ, გადავსებული და ამიტომ ელოდა თვითონაც. ამიტომ იყო ასეთი ავტომატური კასიანა, ასეთი ინსტიქტური. ეს იცოდა თარაშმა და არასდროს კვეთდა იმ უხილავ ზღვარს, მათ შორის დაწესებულს. ჰქონდათ ისეთი ღამეებიც, როცა მანძილი მართლა მცირდებოდა მათ შორის. კასი აღარ ჩანდა ისეთი შორეული, ისეთი ჩაკეტილი, მთელი თავისი უცნაურობით. თარაში ხელზე შეახებდა ხელს და კასი აედევნებოდა ამ შეხებას როგორც ბავშვი, თითქოს უნდოდა გამოერკვია, იყო თუ არა ამაში რამე ნამდვილი. თარაში ყოველთვის ნამდვილი იყო მასთან. მისი შეხებები ღამიდან ღამამდე უფრო ნაზდებდა, ვეღარ იყო მასთან უხეში, თავისთავადი, იმ წამიდან სწორედ, რაწამს დაიწყო მისი გაგება. კასი ისეთ ტკივილს ატარებდა, რომელსაც სახელს ერთხელ უწოდებ და ვეღარასდროს დაუძახებ მეორედ. ძველი ამბები დაჰქონდა ნაზი სხეულით და მთელი არსებით პატივს სცემდა თარაში, მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მოუყოლია რამე კასიანას. ვერ იტყოდით, ეშინოდა, თუ არ სურდა უბრალოდ რამის გამხელა. იმასაც ვერ არკვევდა, სად მთავრდებოდა შიში და სად იწყებოდა სურვილი. კასიც ამჩნევდა, დღითიდღე რომ იცვლებოდა მასთან თარაში. ირონიული, ნაზი ღიმილით გადახედავდა ხოლმე, ყოველი ცვლილებისას. ასე იქცეოდა, როცა ხვდებოდა, თარაშს რაღაც ჭამდა შიგნიდან. გადაიცვამდა უცბად ტანსაცმელს და სწრაფად, უკანმოუხედავად მიდიოდა, თითქოს მისდევენო. არ უნდოდა, რაღაც უფრო დიდის ნაწილი რომ ყოფილიყო. ეს იცოდა თარაშმაც, ამიტომ არ აგრძნობინებდა არასდროს ზედმეტს. კაცისთვის შეუფერებელ სიმახინჯედ მიაჩნდა თარაშს, ვერ მორეოდა საკუთარ გრძნობებს. ისიც არ იცოდა, საერთოდ რა ერქვა ამას. -რატომ მიდის? - ჰკითხა ერთ დილას დედამისმა, კასი თავქუდმოგლეჯილი რომ გაიქცა მათი ეზოდან. ოცდაორივე ღამეს იცოდა დარეჯანმა, მათთან რომ იყო კასიანა და ოცდაორივე დღეს ხედავდა, როგორც ეპარებოდა დარდი თარაშს თვალებში. -სჯერა, რომ ადამიანის სული ლაფით არის სავსე, მისი ბუნებრივი მდგომარეობა კი მარტობაა. ამიტომ მიდის მზის პირველ სხივზე. - უპასუხა ხმადაბლა. -შენ? - გაუღიმა დარეჯანმა, - შენ რისი გჯერა? არ იცოდა, რისი სჯეროდა თვითონ. ერთი ცხადი იყო, მასზე ფიქრები ვეშაპივით შთანთქავდნენ ირგვლივ ყველაფერს. ვერ იტანდა, ყველა საქციელს რომ აანალიზებდა მისას. ყველაფერს რომ აკვირდებოდა და უძებნიდა ახსნას გონებაში. -რატომ მიდიხარ ყოველ ჯერზე, როცა გიყვებიან რაღაცას? მინიმუმ, უზრდელობაა, ასე არ გგონია? - ჰკითხა ერთხელ, როცა კოცონთან კასიანამ მოურიდებლად აარიდა თავი ნიკოს ისტორიებს, სასწრაფოდ წამოხტა და განზე გადგა. არ მოსწონდა, რომ ეხსნებოდნენ ადამიანები. არაფრის მოსმენა უნდოდა. -არ მესმის, რაზე საუბრობ. - გაუღიმა კასიანამ. იმ საღამოს, მასთან რომ მივიდა, მაინც გაუგრძელა საუბარი თარაშმა. მის საწოლზე ფეხმორთხმით იჯდა კასიანა და თლილ თითებში მოექცია ბოლო ღერი სიგარეტი. ჭრაქის თბილ, ყვითელ შუქზე ნაპერწკლებს ყრიდნენ მისი თვალები. -რატომ მიდიხარ ყოველ ჯერზე, როცა ვცდილობ რაღაც გითხრა? - მკაცრი იყო მისი ხმა, პასუხს კი არ სთოვდა, მოითხოვდა. გაეღიმა კასიანას. -თარაშ, რა გინდა, რომ მოისმინო ჩემგან? -სიმართლე. -შენს ამბებს თუ მოვისმენ, - მხრები აიჩეჩა კასიმ, - მათ ამბებს თუ მოვისმენ. თუ გავიგებ, როგორ იწნის თმას მარიამი ყოველ დილით. თუ მეცოდინება, როგორი ბავშვობა ჰქონდა ნიკოს, გიოს ძაღლი რომ ცხრა წლის არის, ამასაც თუ გავიგებ, ასე ხომ შემიყვარდებიან? -ჰო, ალბათ .. შეგიყვარდებიან. - მაშინ პირველად დაფიქრდა ამაზე თარაში. არასდროს შეუხედავს ამ კუთხით. -აი, პასუხიც. იმ ღამეს თვალი არ მოუხუჭავს თარაშს. კასი სავსე იყო უსახელო ტკივილებით და ეძნელებოდა ყველაფრის დატევა თვითონ. -რაღაც არ გასვენებს, - უთხრა ერთ დილას კასიანამ, როცა თმას ისწორებდა სარკის წინ. -ჰო, რაღაც მჭამს, - სახეში შეხედა თარაშმა, - იზრდება, ყველაფერს მაცლის და მბოჭავს შიგნიდან. - უჩვეულოდ გულწრფელი იყო ის. ერთხანს უყურა კასიანამ. არ მოელოდა, ამას რომ ეტყოდა თარაში. მერე, ნაზი ღიმილი მოირგო სახეზე და თვალებში ჩახედა პირდაპირ: -როცა დარდი ფორმას იძენს, მასთან გამკლავება უფრო მარტივდება, თარაშ. თარაშმა ბევრი იფიქრა ამაზე. მაშინ ჯერ არ იცოდა, რისი ფორმა ჰქონდათ მის დარდებს. არ იცოდა, როგორ გამოდიოდა ისე, რომ ერთი ნაბიჯით ყოველთვის უსწრებდა კასიანა. 888 კაკის ეთამაშებოდა ჭადრაკს, ილდანები რომ შემოვიდნენ ეზოში, ურდულის გადაწევით, შინაურულად. თარაში რომ დაინახა, ბრაზი მოაწვა თვალებში. დღის შუქზე, ვეღარ იტანდა ამ კაცს. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, თავი დაიხრჩე” მისი სიტყვები დაუტრიალდა თავში და წამით შეაგება მტრული მზერა. -თარაშ, მოდი ერთი, დაუჯექი ამას, - კასისკენ გაიშვირა ხელი კაკიმ, - გამბურღა დილიდან, პაიკები მელანდებიან ბებერ თვალებში. ილდანებისკენ მიდიოდა უკვე კაკი, გონს რომ მოვიდა კასიანა. -აბა, თარაშს თუ მოუგებ, - გამოსძახა ბაბუამისმა, - საუკეთესოა ამაშიც. თარაშს ეტყობოდა, თვითონაც რომ არ ეპიტნავებოდა კასისთან თამაში, მაგრამ ხათრი ვერ გაეტეხა მოხუცისთვის. უკმაყოფილოდ გამოსწია ხის სკამი და მზერა გააყოლა თავლისკენ მიმავალ თავის ბიძაშვილს. ქარიშხალგადავლილი ჰქონდა ზეთისხილისფერი თვალები. ერთხანს უყურა კასიმ. ლამაზი იყო, ეს ბიჭი ძალიან. საერთოდ, დღის შუქზე დიდად ვერ აკვირდებოდა, რადგან შერეულ ემოციებს უჩენდა ყოველთვის. ვერ იტანდა, გუშინდელის გამო, სიმართლის გამო .. და სადღაც, მოსწონდა მაინც, რომ მიუხვდა. ერთადერთი იყო, ვინც დაინახა, სიმამაცედ რომ არ მოუნათლა საქციელები. ამიტომ მივიდა მასთან ღამით და ამიტომ მისცა თავს უფლება, რომ დაეძინა მის საწოლზე. -ფიგურები დააწყე, ბავშვო, - ძველებურად გრგვინავდა თარაში. ისე უყურებდა, გამჭოლად, თითქოს რაღაც იცოდა მასზე, უპირატესობას აგრძნობინებდა თითქოს. გაღიზიანდა კასიანა. თამაშში ისე ჩაერთო თარაში, კასი ძლივს იკავებდა ღიმილს. ასე იცოდა, ერთბაშად მოიცავდა ხოლმე ის, რისი კეთებაც უყვარდა ძალიან. ფრთხილად ეხებოდნენ თარაშის გრძელი თითები სპილოს ძვლის ფიგურებს. ნაზი იყო ყოველი შეხებისას, ზუსტად ისე, როგორც მასთან, წინა ღამით. ვერ მიხვდა, ამას მნიშვნელობა რატომ მიანიჭა და თავი გააქნია ძლივს შესამჩნევად. არ მოსწონდა, ამაზე რომ ფიქრობდა საერთოდ. -მუდამ ცდილობ მეფე დაიცვა. მთელი ძალით, ყველა ფიგურით. არ გგონია, რომ ეს სიმხდალეა, თარაშ? - ჰკითხა გულწრფელი ინტერესით კასიანამ. თარაშმა წარბები შეკრა. დაფაზე საკუთარ ფიგურებს დახედა და კასიანას დაუბრუნა მზერა წამში. -ამას პასუხისმგებლობა ჰქვია, ზრდასრულთა ენაზე. - უპასუხა მშვიდად. კასი დაფაზეც ისეთივე დესტრუქციული იყო, როგორც ცხოვრებაში. ამას ხედავდა თარაში და წამით არ უნანია, რაც უთხრა გუშინ. -პასუხისმგებლობას ეძახი იმას, რისიც გეშინია? - გულგრილად თქვა მან, - თუ მოვახერხებ და როგორღაც შენს მეფეს დავემუქრები, გგონია დაფა თავზე ჩამოგეშლება. -შენ? - ნიშნისმოგებით გაუღიმა ილდანმა, - ფიგურებს ერთი მეორის მიყოლებით წირავ. გგონია, თუ დაფას ააოხრებ, ეს ხელი შენი იქნება. -ფიგურები იმისთვის არსებობენ, რომ გაიწირონ. ხან და ხან ეს ერთადერთი გზაა თავისუფლების მოსაპოვებლად. - დარწმუნებული იყო საკუთარ სიტყვებში კასიანა. -მაშინაც კი, თუ ამ თავისუფლებას არაფერი მოჰყვება? - ტუჩის კუთხე ღიმილმა ჩაუტეხა თარაშს, - გინდა ყველაფერი გადაწვა, მხოლოდ იმისთვის, რომ უყურო, როგორ იწვის. შენს თამაშს არსი არა აქვს, კასიანა. აქ მხოლოდ ქაოსია. - დაფასთან დაატრიალა საჩვენებელი თითი თარაშმა. კასი მიხვდა, გუშინდელი საუბარი რომ გრძელდებოდა. -ჩემი ქაოსი, შენს პირქუშ წესრიგზე უფრო გულწრფელია, - ღიმილი შეაგება კასიმ, - კონტროლს დაკარგავ, როცა მიხვდები, რომ ყველაფერი შენს ნებას არ ემორჩილება. ცხენებიც, ნალებიც და ჭადრაკის ფიგურებიც, თარაშ. -შენც. - ჩაეცინა ილდანს. -მეც, მათ შორის, - თავი დაუქნია კასიმ, არ გაღიზიანებულა, - სამყარო არ არის შენი სამჭედლო, თარაშ და ხან და ხან, ქაოსი ერთადერთი არსებული რეალობაა. ამაში არაფერია უცნაური. თარაშმა ნელა, თითქმის მტაცებლურად ჩაიხედა გოგონას თვალებში. მიხვდა, ის არ იყო ერთადერთი, ვინც ყველაფერს ხედავდა. გააბრაზა იმის გაცნობიერებამ, რომ გააზრებულად ექცეოდა კასი ასე საკუთარ თავს. იცოდა, რასაც აკეთებდა და აკეთებდა მაინც, ასე უდრტვინველად. -მართალი ხარ, - დაეთანხმა თარაში, - სამყარო ჩემს სამჭედლოს არაფრით ჰგავს, ბავშვო, მაგრამ დაფაზე შამათს გაგიკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩვენო, თვითდესტრუქცია კარგს არაფერს მოგიტანს. გასცრა ტანში კასიანას. “სიკვდილი თუ გინდა ასე ძალიან, წადი და თავი დაიხრჩე”, თვალებში დაუბნელდა წამით. -ყველაფერი კარგადაა? - იკითხა ნინამ, თავზე რომ წამოსდგომოდათ როგორღაც და არც-ერთმა იცოდა, როდის. თარაშს გაუღიმა ნაზად, - ყაიმია? 888 ნიკოს სახლი სოფლის განაპირას, ფერდობზე იყო შეფენილი. ძველი, ხის ორსართულიანი ნაგებობა, რომელსაც ნიკო საკუთარი ხელებით არემონტებდა, დღეს ფერადი ნათურებით და ხეებზე ჩამოკიდებული გირლანდებით მოერთოთ. ოცდამეხუთე დაბადების დღეს ხვდებოდა იმ საღამოს ნიკო, ილდანების ბავშვობის მეგობარი და ნამდვილი მოსიარულე შარი, იუმორით სავსე, ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ადამიანი, ვისაც გოგონები ოდესმე შეხვედროდნენ. სუფრა ეზოში, კაკლის ხის ძირას გაეშალათ. სავსე იყო იქაურობა ადგილობრივი ნუგბარით, მათივე დაწურული ღვინით და სიცილ-კისკისით, ჯადოსნურად რომ იფანტებოდა მთელს ხეობაში. -ვინმე გვაკლია? - იკითხა ნიკომ მხიარულად და სუფრის თავში, იუბილარის საპატიო სკამზე ჩამოჯდა. -რამდენიმე, - მაგიდას მოავლო თვალი გიომ, - დავიწყოთ და შემოგვიერთდებიან. ისე მოუწია, რომ ანიკას ცხვირწინ ეჯდა ბასილ ილდანი, ნერწყვებს რომ ყლაპავდა მისი დანახვისას, ნინა კი ძალიან გეგმიურად აღმოჩნდა თარაშის გვერდით. -გაეპრანჭე, - გადაუჩურჩულა ანიკამ, - ვიცი, ძალიან რომ მოგწონს, ამიტომაც ამოვირჩიე მე მეორე. ნინამ ხმამაღლა გადაიკისკისა ანიკას სისულელეებზე. ეშინოდა, შემთხვევით თარაშს არ მოესმინა რამე, მაგრამ ვერ მალავდა მის მიმართ ინტერესს და ნაზად უღიმოდა შიგადაშიგ. მხარზე ფრთხილად შეეხო თარაშის მხარი და შესამჩნევად წამოჭარხლდა ნინა. ცხვირში სცემდა მისი სუფთა სუნი და ჭიქას ჭიქაზე სვამდა, რომ შემატებოდა სითამამე და გამოლაპარაკება მოეხერხებინა როგორღაც. ათი სრულდებოდა, კასი რომ შემოვიდა ნიკოს ეზოში მშვიდად. იუბილარს მიულოცა, თმა აუჩეჩა ღიმილით ნიკოს და დებისკენ წამოვიდა დინჯი ნაბიჯებით. მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა, ხორბლისფერი თეძეოები მოუჩანდა ოდნავ. მოხდენილი სიარული იცოდა. ისეთი, თითქოს მისი იყო ირგვლივ ყველაფერი. შეუძლებელი იყო, თვალი არ გაეყოლებინა ვინმეს. დებმა სასწრაფოდ გამოათავისუფლეს მათ შორის ადგილი და შუაში ჩაისვეს კასიანა. ჩანდა, მასზე განსაკუთრებით რომ ზრუნავდნენ. ბასამ გაუღიმა მოპირდაპირე სკამიდან. პირდაპირ უყურებდა კასიანას, ნათურის შუქი რომ ეცემოდა შუბლზე და განსაკუთრებით უციმციმებდა ზღვისფერი თვალები. სევდიანი მოეჩვენა ბასას. რა ხდებაო, თვალებით ჰკითხა. მიხვდა კასი, არაფერიო, დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად და გაუღიმა ოდნავ. -რა მითხარი? - მოუტრიალდა ნინა. -ჭიქა მომაწოდე მეთქი, გთხოვე, ნინა, - ღიმილი შეანათა კასიმ. ბასას გაეცინა და ბიჭებთან განაგრძო საუბარი. დრო და დრო ამოწმებდა კასის გამომეტყველებას, იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა მართლა. -მეგობრებო, - თქვა ნინამ, რომლისთვისაც არავინ იცოდა, ეს მერამდენე ჭიქა იყო, - მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ ამ საღამოს. ნიკო, გილოცავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული ბიჭი ხარ შენ და საერთოდ, თქვენი წყალობით მიყვარს აქაურობა. არც კი მახსენდება, იქამდე როგორ ვცხოვრობდი. ჰო და, გაგიმარჯოთ. ნინას სადღეგრძელოს ჟრიამული მოჰყვა ეზოში. ძალიან უყვარდა ყველას კაკის შვილიშვილები და იმედი ჰქონდათ, რომ აღარ წავიდოდნენ მათგან აღარასდროს. -რამე ხო არ მოგაწოდო? - გვერდიდან მოესმა თარაშის ხმა ნინას და საგრძნობლად აიწია ტემპერატურამ მის სახეზე. კასის გაეცინა და მსუბუქად მიჰკრა მხარი, დამშვიდდიო. -ფორთოხლის წვენი, თუ არ შეგაწუხებ ძალიან, - გაინაზა ნინა და კასის კისკისი რომ მისწვდა მის ყურს, მოუნდა მიწა გასკდომოდა და შიგნით ჩაეტანა. თარაში გრძნობდა, რომ ეპრანჭებოდა ნინა და იმ წამს, კასის გახედავდა ხოლმე უნებურად. არ იმსახურებდა ნინასგან ყურადღებას, რადგან სხვისკენ გაურბოდა გონება გამუდმებით. არ იცოდა, რატომ ადარებდა გოგონებს ერთმანეთს. კასი თავისუფალი იყო ყოველგვარი ზედმეტობისგან. ყველაფრისგან დაცლილი. ერთხელაც არ შემოუხედავს მისთვის ზედმეტად, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, არანაირი ემოცია არ გაუცვლია მასთან. ნინა დახვეწილი იყო, კასიანა კი ნამდვილი ბარბაროსი. ნინა - თავდაჭერილი, კასიანა - იმპულსური და უადგილო. -ჩუ, გოგო, - მიუბრუნდა დას გაგიჟებული, - გაიგონებს. ცოტა ხანში წამოიშალნენ. ზოგი კიბეზე იჯდა, ზოგიც სუფრასთან, დანარჩენები ხის ძირში ლაპარაკობდნენ. ფინქ ფლოიდი ხმადაბლა, ფონად გასდევდა ყველაფერს. -დაგისხა? - მზრუნველად ჰკითხა ბასამ წინიდან და ვისკის ბოთლი, ქალაქიდან ორი დღის წინ რომ წამოეღო, ხელში შეათამაშა. -ასე საღამომდე ვერ მიაღწევ, ბასა, - გაეცინა კასის. -სახლამდე რომ მიმიტან, ვიცი და იმედი მაქვს შენი. - ჩაუკრა თვალი ილდანმა. -და იავნანას გიმღერებ კიდევ, ძილის წინ. - გაეხუმრა კასიანაც და ჭიქა გაუწოდა. ვისკი ძირს ფარავდა მხოლოდ. ჭიქა მსუბუქი მოძრაობით აართვა ხელიდან და გოგონებისკენ წავიდა, ხის ძირში რომ ჩამომსხდარიყვნენ და გულიანად იცინოდნენ რაღაცაზე. -ჭამე? - ჰკითხა ნინამ, მიუახლოვდა თუ არა. -ნინა, გეყოფა, - თვალები გადაატრიალა მან. -კარგი, ხო, - დანებდა ნინა, - ამჩნევ, ანიკა რომ სადაცაა სკამიდან გადმოვარდება? -ვამჩნევ, რომ ბასას კალთაში აპირებს ჩახტომას. -რა იდიოტია, - თავი გააქნია ნინამ უკმაყოფილოდ, - მაგას არც მთა ცვლის და არც ბარი. მაგრამ მართლა მოსწონს, ისე, მგონი. -ჰო. - უპასუხა ინსტიქტურად. შეამჩნია, თარაში რომ უყურებდა და თვალი აარიდა სასწრაფოდ. -ვერ გაამტყუნებ, - მხრები აიჩეჩა უფროსმა, - მოდი და არ მოგეწონოს. -კარგი რა, ნინა, 10 წამია რაც იცნობს. -მეც 10 წამია, რაც ვიცნობ თარაშ ილდანს, მაგრამ ეს ხელს არ მიშლის იმის წარმოდგენაში, როგორ ვიცხოვრებ მთელი ცხოვრება ხუჭუჭთმიან ღმერთკაცთან ერთად სვანეთის მთებში გამოკეტილი, - ამოიხვნეშა ნინამ, - მართლა მომწონს. კასის ვისკი გადასცდა და ხველა აუტყდა. ყველამ მას გამოხედა. -დიდხანს სიცოცხლე, კასიანა! - გადმოსძახა ნიკომ ომახიანად. -მაგას ეგ არ უნდა უსურვო, ნიკო, - გადაიხარხანა ანიკამ, - არა მგონია, უნდოდეს. თარაშს ქარიშხალმა გადაუარა თვალებზე, ბასას უსიამოდ გაჰკრა გულში რაღაცამ. ნიკომ კი, ვერაფერი გაიგო, ცხადია და მეგობრებს მიუბრუნდა სალაპარაკოდ. -რა გალაპარაკებს, სულელო! - მიუჯდა ნინა სასწრაფოდ. მართლა არაფერი შეცვლიდა ანიკას, მაგრამ არც ნინა იყო უკეთეს დღეში. იმ საღამოს გადაეწყვიტა, რომ ძალიან ხმამაღალი უნდა ყოფილიყო თარაშისთვის და ისე იქცეოდა, როგორც არ სჩვეოდა არასდროს. ცოტა ხანში, ნინას თარაში შემოეცალა ხელიდან, ანიკას - ბასა. უკანა ეზოს მიაშურეს მარნიდან ღვინის ჩამოსასხმელად ბიჭებმა. -რა ლამაზია ღმერთო, ეს ბიჭი. - მზერით გააცილა ნინამ თარაში. -ძალიან შესამჩნევია, ნინა, მიხვდება. - უთხრა ანიკამ მაშინ, როცა თვითონაც შეაშფოთა დის უჩვეულო საქციელებმა. ნაზი იყო ნინა და არასდროს არაფერს აკეთებდა ყურადღების მისაქცევად. -მერე რა? - შეთვრა ნინა, - ეგეთ კაცებს ზუსტად ეგ მოსწონთ. შესამჩნევი უნდა იყო და .. თავხედი. -და შენ რომელი ხარ ამ ორიდან? - არ დანებდა შუათანა. -გეყოფა, ანიკა, - გაეცინა კასის და ბრაზისგან გამოწითლებულ ნინას მხარზე დაადო ხელი, - ორივე ხარ და ბონუსად მთვრალიც, ამიტომ, მოდუნდი ნინა, დარწმუნებული ვარ ისედაც ძალიან მოეწონები. -ეს დაათვრეთ, თუ რა კეთილია? - გადაიკისკისა ანიკამ და კასიანას ლოყაზე მიაწება ტუჩები. -გვეყოფა, - ბედნიერი ჩანდა ნინა, - დავბრუნდეთ მაგიდასთან. პატარა შესვენების შემდეგ, მალევე დაუბრუნდნენ ადგილებს. კასი ჰამაკში იჯდა, სუფრისგან ოდნავ მოშორებით რომ გაებათ და იქიდან აკვირდებოდა ყველას სათითაოდ. ნინას თარაშის მხარზე დაედო ხელი და რაღაცას უხსნიდა მონდომებით. თარაში არ იშორებდა უხეშად, უღიმოდა მშვიდად და თითო სიტყვას ეტყოდა ხოლმე, აქა-იქ. ეცინებოდა კასის, მთის ჰაერმა მადა რომ გაუხსნა თავის დებს. თარაში უახლოვდებოდა მძიმე ნაბიჯებით. შორიდანვე წარბები აუწკიპა მაღლა კასიანამ. თარაში მიხვდა, მისი და ნინას საუბარზე კომენტარს რომ ნიშნავდა ეს მიმიკა და არაფრით გაუშვა თავისი მომენტი: -როცა ქალი მთვრალია, ერთი სასიამოვნო სიტყვა ოქროს ძალას იძენს. -თარაშ, - ვისკის ჭიქა ხელში შეათამაშა კასიმ, ძალიან მოუნდა, ნერვები რომ მოეშალა მისთვის, - შენ არაფერი გაგეგება ქალების. -შენ ქალი არა ხარ, კასიანა, - ძალიან მელოდიური იყო მისი ხმა და მშვიდი, - შენ ჯერ ბავშვი ხარ. კასი ნაზად წამოდგა ჰამაკიდან. ოდნავ მიუახლოვდა, ისე, რომ მისი ციტრუსის სურნელმა საკმარისად აუწვა ცხვირი ბიჭს და თვალებში ჩახედა პირდაპირ: -გუშინაც ასე ფიქრობდი? - მაცდურად გაუღიმა ნახევარღიმილით და იქამდე ჩაუარა, სანამ რამეს ეტყოდა ილდანი. შიშველი მხარი გაჰკრა მხოლოდ მსუბუქად. სხეულზე ტაომ დააყარა თარაშს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


