მე აქ ვარ (სრულად)
ტბაში არეკლილი სხეულებიდან ერთ-ერთი ალმაცერად მიყურებს. - საით გაგიწევია? - ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარება და მარტივი მოძრაობით სიღრმისკენ მიმათრევს. იმასღა ვასწრებ, რომ მომაკვდავივით ჩავისუნთქო და ჰაერით გავსებული ფილტვებით მანამ მივექანები ქვემოთ, უსასრულობისკენ, სანამ ოფლში მოცურავეს საწოლში არ მეღვიძება. ვინ იცის, მერამდენედ. საგიჟეთის პალატის მარჯენა მხარეს, იქ, სადაც ოდესღაც ფანჯარა იყო, ამოქოლილი ნახვრეტებიდან სინათლე იპარება. ფანჯრის მიღმა დიდი ხე დგას. ადრე, სანამ სიბნელე დაისადგურებდა, ხის ჩრდილები კედელზე გათენებამდე ცეკვავდნენ. ხელის აყოლება იყო საჭრო და როკვით გადაღლილი სხეული მკვდარივით მიეჯაჭვებოდა ხოლმე საწოლს. ჰქონდა ცეკვასაც თავისი ეფექტი, მაგრამ ბალიშზე თავჩამოდებულს სპეციალურად ჩემთვის დადგმული წარმოდგენის ყურება უფრო მიყვარდა. მერე, ჩემი ოთახის მეზობელმა მორიგე ექთანთან ჩამიშვა, ღამღამობით ხეს ელაპარაკებაო და ფანჯარაც მაშინ ამოქოლეს, როცა წამლებისგან გაბრუებულმა დავიძინე და ორი დღის შემდეგ გავიღვიძე. გამეღვიძა უსასრულობაში, ოთხ კედელში გამეფებულ სიბნელეში, რომელიც ისე ხმაურობდა, მივხვდი, მიტოვებული ტოტები კედლის შემონგრევას და მორიგი წარმოდგენის დადგმას ცდილობდნენ. რამდენიმე დღეში მეზობელს სახე დავუკაწრე და მოუწიათ, სხვაგან გადაეყვანათ. - საით გაგიწევია? - არეკლილი სხეულებიდან ახლა მეორე მებღაუჭება და ისიც წინასავით ქვემოთ მიმაქანებს. საკვირველია, ყველა მათგანს ერთი სახე აქვს. წყალი სიღრმისკენ უფრო ცივდება. სადაცაა მომუწული ტუჩები სასიკვდილოდ დამეღება და გადარჩენისთვის აფართხალებული სხეული სამუდამოდ ჩაიძირება. დაყვირებამდე მეღვიძება. პალატაში ახალგაზრდა კაცი შემოდის. აქამდე ნანახი ექთნებიდან თითქოს არც ერთს არ ჰგავს, მაგრამ მაინც მეცნობა. ალაგ-ალაგ თმა შევერცხლია. თვალთან ღიმილის ნაოჭები ეტყობა. ხელში უზარმაზარი ნემსი უჭირავს და თვალებში აკიაფებული მოძალადის მზერით საწოლს ეყრდნობა, ხელით მიჭერს და ვენაში ნემსს რამდენჯერმე მარჭობს. სამწუხაროა, რომ არ იცის, ამდენი აცრისგან ხელში შეგრძნება დამკარგვია. ნებდება. პირიდან ბინძურ ხელს მაშორებს და გადის. საგიჟეთში მომუშავე ყველა ადამიანი ჩვენსავით აფრენს. შეუძლებელია, ამდენ დროს ატარებდე გიჟებთან და შენ ნორმალური დარჩე. მსუქან მედდას რკინის ჯამით ფაფა შემოაქვს. გასვლამდე კოვზს იღებს, პირში ივლებს, იცინის და ლანგარზე აბრუნებს. ერთმანეთში აზელილ მასას ამრეზით ვუყურებ, მხოლოდ რკინის კოვზს ვიღებ და ლანგარს საჭმლიანად კართან ვტოვებ. ფანჯრის ადგილას გაჩენილი ნახვრეტები ღიმილით მიმზერენ. დაღამებამდე კიდევ ორ ნახვრეტს ვაკეთებ და სისხლიან ხელებს ზეწარზე ვიწმენდ. საჭმლის წასაღებად არავინ ბრუნდება. არც შემდეგი ორი დღე. აყროლებულ ოთახში სუფთა ჰაერი მხოლოდ ხვრელებიდან იპარება. - საით გაგიწევია? - მესამე პირდაპირ ყურში მეჩურჩულება და სანამ ჩაყვინთავდეს, საფეთქელზე მკოცნის. უკვე წყალში მყოფმა ჯანდაბას-მეთქი, ვიფიქრე და ამოვისუნთქე. ყვირილით მეღვიძება. დახეთქილი ფილტვები ბნელ სინამდვილეშიც იმდენად მტკივა, რომ გვიანღა ვაანალიზებ, პირზე წყალი მესხმევა. პალატაში შემოპარული ექთანი თავთან მადგას და თვალის კუთხეში შეპარული ნაოჭებით ღიმილით დამცქერის. ამოყირავებული ბოთლიდან ყავისფერ სითხეს მაცლის და თან გაურკვეველ ენაზე ბუტბუტებს. შიშისგან გაქნეულ ხელს ცხვირში ვარტყამ. თეთრ ფორმაზე ლაქებად მაჩნდება წითელი წვეთები. ორი დღის შემდეგ ფსიქიატრიულის მიერ დანიშნული ფსიქოლოგი მოდის და ჩემთვის ყვავილები მოაქვს. უხმოდ მიყურებს და ჩალურჯებულ თვალზე მიმანიშნებს. - თავს იზიანებ ხოლმე? უარის ნიშნად თავს ვაქნევ. ეღიმება. ჩანთიდან პატარა წიგნს აცურებს, უხილავ მტვერს წმენდს და მაწვდის. ფრთხილად ვართმევ და საწოლზე ვდებ. - არ გაინტერესებს? უარის ნიშნად თავს ვაქნევ. მერე, ოთახს ათვალიერებს. კართან დატოვებულ დაობებულ უცნობ მასას ცხვირაბზუებული უყურებს და მზერას ჩემს კედელზე აჩერებს. ნახვრეტებიდან შემოპარული მზის სხივები სახეზე ეთამაშებიან. - ამას შენ აკეთებ? თავს ვუქნევ. - რითი? ბალიშის ქვემოდან გაცვეთილი კოვზი გამომაქვს და ცხვირწინ ვუტრიალებ. - რატომ? რამდენიმე ნახვრეტიდან მოჭუტული თვალით იხედება და „გვირაბის“ ბოლოს ხის ტოტებს ხედავს. სუნთქვა მეკვრის. გულისცემას ყელში ვგრძნობ. - ეს დამშვიდებაში გეხმარება ხოლმე? ისევ თავს ვუქნევ და კედელს ვშორდები. იმ იმედით, რომ ისიც წამომყვება. წასვლამდე კიდევ რამდენჯერმე უახლოვდება ფანჯარას. ბლოკნოტში რაღაცას ინიშნავს და დამშვიდობების შემდეგ მიდის. რამდენიმე დღეში მორიგე ექიმი ორ კაცთან ერთად მოდის. კაცები კბილებამდე შეიარაღებულები არიან. ექიმს სხვა ოთახში გავყავარ და ერთი დღით იქ მკეტავს. ისე მეზიზღება ახალი კედლები, მგონია, ისევ თავიდან გავდივარ ერთწლიან ჯოჯოხეთს. კუთხეში მიყუჟული პალატის მეპატრონე დიდი თვალებით მიყურებს და მკერდთან მიტანილ მუხლებს კიდევ უფრო ძლიერად ეჭიდება. პირველად ამ ხნის მანძილზე ვიღაცას ჩემი ეშინია. ჩემს პალატაში ექიმი და ფსიქოლოგი მხვდებიან. მათ უკან სუნთქვისშემკვრელად ირწევიან დაკვირტებული ტოტები. ოთახში გამეფებული სიბნელე ახლა სინათლეს შეეჭამა და არხეინად ნავარდობს ჩემს კედლებში. გასვლამდე სანდომიანი ფსიქოლოგი მხარზე ხელს მადებს. - ვიფიქრე, ასე თავს უკეთ იგრძნობდი. თავხედი ჩრდილები ისევ ნაზად ირწევიან ღამის წყვდიადში. - საით გაგიწევია? - ახალგაზრდა ექთანი ხელზე მეტორღიალება და წყალში უჩინარდება. ჩათრევამდე წყალს ვასკდები და სითხის ქვეშ აფართხალებულ სხეულს თავად მივათრევ... ვიხრჩობი. ფანჯრიდან შემოპარული მთვარის შუქი ჩემ ზემოდან მოქცეულ სხეულს დაჰნათის. მარჯვენა ხელში ავად მომზირალი ნემსი ყელთან ეშვება და მტკივნეულად მესობა. თითის დაჭერამდე მოქნეულ ფეხს ძლიერად ვურტყამ ბეჭებში და სხეულიც საწოლიდან ძირს ვარდება. საწოლზე დაგდებულ ნემსს ხელს ვუჭერ და ღამის შუქზე განათებულ ხეს მეგობრულად ვუღიმი. დილით საჭმლის წასაღებად შემოსულ მსუქან მედდას საინტერესო სანახაობა ხვდება: ტოტზე ჩამოკიდებული ჭაღარაშეპარული ექთანი ჩემს ხესთან ერთად ქარს ეცეკვება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.