გერგეთისკენ მიმავალნი 2 (პროლოგი)
შემოდგომის მზე დასავლეთისკენ მიიწევდა. ძალადაკარგულ სხივებს მდინარე ტერტერისკენ გზავნიდა და ალაგ-ალაგ ოქროს ფერს აპარებდა ვულკანური პლატოდან სათავე-აღებულ მდინარეს. ცოტაც და მისთვის აღარ ეცლებოდა, ბოლომდე გადაიხრებოდა დასავლეთისკენ, მუხისა და რცხილის ხეებით შემოსილ ყარაბაღის ქედს ამოეფარებოდა და არემავანუკს გაცოხლების საშუალენას მისცემდა. სომხურ მითოლოგიაში, მზისგან დასჯილი ჭაბუკი მონადირე ცოცხლად ყოფნას დილამდე შეძლებდა. ოდესღაც, სამდღიანი წარუმატებელი ნადირობით განრისხებულმა და შურისძიებით ანთებულმა არევამანუკმა გადაწყვიტა მზე მოეკლა, რათა ის ცას მოსწყვეტოდა და ქვეყნიერება სიბნელეს მოეცვა. როცა ამომავალი მზის მოსაკლავად მშვილდი მოზიდა, მნათობმა ცეცხლოვანი ხელი თმებში ჩაავლო და მონადირე უდაბნოში მოისროლა. ამის შემდეგ ჭაბუკი მხოლოდ ღამით ცოცხლობდა, დღისით კი მკვდარი იყო. არევამანუკის გულშეწუხებული დედა მზეს ეახლა და შვილის გადარჩენა შეავედრა. მან კი ნება დართო საკუთარი, მზის ნაბანი წყალი წაეღო და, სრული გაცოცხლების მიზნით შვილისთვის შეესხურებინა. საღამო პირზე კაცი გამოჩნდა. ხეების ქვეშ, აჩრდილივით მოდიოდა. ნაბიჯების გადადგმა უჭირდა. თითქოს გზა ეკუმშებოდა ფეხებქვეშ. ქვიშიან გზაზე შემოდგომის ფოთოლივით ჭკნებოდა ნაფეხურები. ქარი არ ქროდა, მაგრამ ოქტომბრის სუსხიან სუნთქვაზე ჟრჟოლვა უვლიდა გზის განაპირად ჩარიგებულ ცაცხვებს. დარაბებიანი თეთრი სახლის ეზოში ალუბლის ხეს უდროოდ გაცვენოდა ფოთლები... ან იქნებ სხვები აგვიანებდნენ. შავლაბადიანი მგზავრი მეოცნებესავით მიეყრდნო ღობეს. იქნებ ვეღარასდროს იხილოს გაზაფხული. რამდენჯერ ჩაუხედავს სიკვდილისთვის თვალებში. მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სწყუროდა სიცოცხლე. გააჟრჟოლა... როგორც მაშინ, როცა ხევსურეთის ბალახზე წამოგორებული, ჩამავალი მზის სხივებს მიეფიცხებოდა. საყვარელი მეუღლე მიეახლებოდა, გვერდით მიუწვებოდა, მკერდზე თავს დაადებდა და მზის ჩასვლამდე, გაყუჩებულნი გასცქეროდნენ ჰორიზონტს. გზას განაგრძობდა ჩაფიქრებული კაცი. ნელი რხევით მიჰყვებოდა მხარზე გადაკიდებული ავტომატიც. სამხედრო ბანაკს მიუახლოვდა. თითქოს ალუბლის სურნელთან შეზავებული სისხლის მომწარო სუნი ეცა. რეტდასხმული მიეყრდნო ცივ კედელს. რაღაც მოელანდა... საკუთარი წამორსახვა ეთამაშებოდა. ეჰ, ნეტავ რა იწვევს ამგვარ ფიქრებს? იქნებ ამოუცნობის შიში? თუ სიყვარული შეცნობილად აღიარებული სიცოცხლისა? ამბობენ, სიკვდილი უკანასკნელ მოგონებასავით თბილიაო. ჯერ არ უნდოდა ამის გამოცდა. ჯერ მეუღლე, ჯერ საყვარელი ქალი უნდა დაეგულებინა სამშვიდობოს. კედლისკენ პირმიქცეული კაცი ცხადად გრძნობდა წაბლისფერთმიანი ქალის შეხებას, მის სუნთქვასა და სურნელს. ბოლოს მწიფე ალუბლისფერ კაბაში ნახა, გამალებით უკოცნიდა ტუჩებს. შემდეგ კი, კოცნით დაღლილი , ბედნიერებით სავსე თვალებში უყურებდა. ახლა დედის საუბარი მოაგონდა. „ახალდაბადებული ინკუბატორში მოგათავსეს. უთქვამთ ვერ გადარჩებაო. მშვიდი სახე ჰქონია ექიმს, ალბათ რამდენი უდღეური ბავშვის გადარჩენა უცდია და შეეჩვია. რაც უფრო იფანტებოდა ნარკოზის ნისლი, მით უფრო ვბრუნდებოდი იქ, საიდანაც ეს საშინელება დაიწყო. უზარმაზას ტრაილერს რომ არ შევვარდნოდით ბორბლებში, მამაშენმა გეზი საიაღვრე არხისკენ აიღო, ამოვყირავდით. როცა საავადმყოფოს პალატაში თვალი გავახილე, მზერა მუცლისკენ გამექცა. მკერდქვეშ სიცარიელე და უშენობა ვიგრძენი. მუცელზე ხელი მოვისვი, დიდი ჭრლიობა მქონდა. მტკიოდა, ნაადრევად რომ გასცილდი ჩემს სხეულს, მაგრამ ვგრძნობდი შენს სიცოცხლეს და მჯეროდა დიდხანს ვიცოცხლებდით ერთად. კრიზისმა რომ გადაიარა, ექიმმა მითხრა სამწუხაროდ, მეტი შვილის გაჩენას ვეღარ შეძლებო. ანდა როგორღა გავაჩენდი, მამაშენი აღარა გვყავდა. მეორედ გათხოვებას კი ვიცოდი არასდროს დავაპირებდი. ძალიან პატარა იყავი. რას ვიფიქრებდი მამაშენივით ზორბა თუ გაიზრდებოდი. შენი გაზრდა პირველად მაშინ ვიგრძენი, როცა თორმეტი წლისამ გამომიცხადე, დედავ, ჯარისკაცი უნდა გავხდეო. მეც გიპასუხე, როცა დრო მოვა გაივლი სამხედრო სამსახურს და იქნები მეთქი ჯარისკაცი. არაო, სულ ჯარისკაცი უნდა ვიყო და სამშობლოსთვის ვიბრძოლოო. მაშინ საქართველოს თითქოს არაფერი სჭირდა დასაცავი და მეც მშვიდად გისმენდი. მეამაყებოდა, რომ კაცი მეზრდებოდა, მამაცი და გულადი. შენი არ მოიშალე და მაინც ჯარის გზით წახვედი. ეჰ, ნეტავ იმ დედას, ვინც შვილი ისე გააჩინა, გაზარდა რომ ომი არ უნახავს. ვინც ომში მყოფი შვილის ლოდინით არ გაწამებულა. როდესაც ცხინვალში იბრძოდი, 30 წლის წინანდელი იარა ამტკივდა და მაშინდელი სიცარიელე ვიგრძენი ისევ მკერდქვეშ. არ ვიცი სხვა დედები რას განიცდიან, მაგრამ ტყვიების დარყმას ვგრძნობდი თითქოს. ვერაფერს ვხდებოდი. შენი დაბრუნების შემდეგღა მივხვდი, როცა შენი დაგლეჯილი, შრამიანი სხეული ვნახე... მაპატიე შვილო... რა ვქნა, მე არა ვარ ხერხეულიძეების დედა. ან კი რატომ გასწავლიდი სიყრმიდანვე მათ ამბავს?! გამაყრუებელმა აფეთქების ხმამ დაუფრთხო მოგონენები ზვიად ლიქოკელს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.