შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა ერთ ოთახში (მეთორმეტე თავი)


25-12-2021, 00:22
ნანახია 18 941

საფრანგეთში სასწავლებლად ჩავედი, მაგრამ რომ არ დაგიმალოთ, ყველაფერი გავაკეთე, სწავლის გარდა. განათლების მიღებით თავს არ ვიწუხებდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, შინ დაბრუნებულს „გამზადებულ ადგილს“ დამახვედრებდნენ რომელიმე სამინისტროში ან საელჩოში (დიახ, ასარჩევად მქონდა საქმე). ევროპაში მიღებული დიპლომით შემეძლო სხვებისთვის თავიც კი გადამემეტებინა - უმეტესწილად იმ ტიპებისთვის, დღე-ღამეს შრომაში რომ ასწორებდნენ და ობიექტურად, ჩემზე გაცილებით კომპეტენტურებიც იქნებოდნენ; მაგრამ მე ხომ ფრანგული დიპლომი მექნებოდა... ვიცოდი, რომ საზღვარგარეთ მიღებული განათლება და მამაჩემის კავშირები იდეალური ტანდემი იყო უზრუნველი მომავლისთვის - ანუ კარიერისთვისა და წარმატების იმ ჩარჩოსთვის, რომლითაც, ჩვეულებრივ, ადამიანები ხელმძღვანელობენ... ამიტომ, უბრალოდ, ცხოვრებით ვტკბებოდი... შესაძლოა ეს განცხრომა უფრო იყო, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო, მსურდა რაც შეიძლებოდა დიდხანს გაგრძელებულიყო.
სრულიად გულახდილი რომ ვიყო - პარიზში საზიზღრად ვიქცეოდი, ანუ ზუსტად ისე, როგორც ჩემი ასაკის ბიჭების უმეტესობა - ანგარიშმიუცემლად ვხარჯავდი მშობლების გამოგზავნილ ფულს, თავს არ ვიწუხებდი შემოსავლის გაჩენით (მიზეზად ლექცია-სემინარებსა და საშინაო დავალებებს ვიშველიებდი, რა თქმა უნდა), ვწვებოდი ყველა ლამაზ ქალთან, ვთვრებოდი თითქმის ყოველ ღამით, ვეწეოდი ს და ვსინჯავდი ყველა ნარკოტიკს, რომელსაც მეგობრები მთავაზობდნენ; ყოველთვის ვპოულობდი საბაბს აყალმაყალის ასატეხად და მონდომებით ვეხვეოდი გაუგებრობებში; სიამოვნებით ვურტყამდი სიფათში უცნობებს, ჩხუბისგან დახეთქილი მუშტები ან ყბის სასტიკი ტკივილი ნამდვილად გაგრძნობინებს, რომ ცოცხალი ხარ... შესაძლოა იმაზეც დაგაფიქროს, რომ შენში ადამიანი და ცხოველი არცთუ ისე ჰარმონიულად თანაარსებობენ, მაგრამ სიცოცხლის შესაგრძნობად მაგ მხეცის გაცნობაც გიღირს. ისე, ამხანიგისთვისაც გამირტყამს ხელი - მხოლოდ მაშინ, როცა მართლა დაუმსახურებია, მერე კი აღარასდროს მიცდია მასთან ურთიერთობის აღდგენა; კაცი თუ თავს გაცემინებს და სიტყვით ვერ მოგვარდებით, იქ რაღაზე შეიძლება იყოს საუბარი? მშვენივრად მესმოდა, რომ ამ ქაოსს ჩემს ცხოვრებაში კი არ ვიზიდავდი, თავადვე ვქმნიდი და ვტკბებოდი ფრანგული, ბოჰემური სულისკვეთებით.
შეყვარებული არ მყავდა, ან როგორ უნდა ამერჩია ერთი ქალი (რაოდენ განსაკუთრებულიც უნდა ყოფილიყო ის), რომელსაც ერთგულებას დავპირდებოდი, როცა უამრავი ვნებიანი, სასიყვარულო თავგადასავალი მელოდა პარიზის ვიწრო ქუჩებში. ვგიჟდებოდი ქალებზე... და ისინიც გიჟდებოდნენ ჩემზე. განსაკუთრებით ფრანგი ქალები მომწონდა, რაღაცნაირად იდუმალები, ვერასდროს გაიგებდი რაზე ფიქრობდნენ, რა სურდათ ან რას აპირებდნენ... შეიძლება ჩემი ემიგრანტული საზომის ბრალი იყო, ასეოდენ ამოუცნობი და წარმავალი რომ მეჩვენებოდა ყოველი მათგანი (ბოლომდე ასეთებად დარჩნენ ჩემს ცნობიერში); თავისუფლების მოტრფიალენი, არავის ეკუთვნოდნენ, საკუთარი თავის გარდა, ვერც შებედავდი დასაკუთრების სურვილს; სამაგიეროდ, მისი თავისუფლების გაზიარება მოგინდებოდა, მერე კი მარტივადვე დატოვებდი ამ თავისუფლებასთან, თუ თავად არ დაგასწრებდა. მნუსხავდა და მაჯადოებდა ის ფაქტი, რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მივეტოვებინე ყოველ მათგანს, აღარასდროს ეპასუხათ ჩემი ზარისთვის და აღარც შემხვედროდნენ - გამქრალიყვნენ ისე, როგორც კოცნის კვალი ქრება სახის ჩამობანისას... ზომიერად ტრაგიკულები, სასიამოვნოდ ცინიკურები, მომნუსხველად აღვირახსნილები და დაუჯერებლად ვნებიანები იყვნენ. არცერთი მათგანი განმიკითხავს „ერთი ღამის რომანისთვის“ ან „მხოლოდ სექსისთვის“ - რადგან სიღრმისეული წიაღსვლებისთვის არც მე ცხელოდა.
ულამაზესი, ფარფატა პეპლებივით მეხვეოდნენ თავს ქალები - ზოგის თვალები მომწონდა, ზოგის - ტან-ფეხი, ზოგის - სურნელი და სიცილი, იშვიათად - ხასიათიც; იშვიათად იმიტომ, რომ მათ სულში ხელებს არ ვაფათურებდი, არ მინდოდა გამეცნო ან შემეცნო ისინი. მიყვარდა ჩემი საყვარლების განებივრება, მათთან ცოტა ხნით ვრჩებოდი, მაგრამ საერთო მოგონებები ყოველთვის მძაფრი შეგრძნებებით იყო გაჯერებული, ამაზე საგულდაგულოდ ვზრუნავდი; ჭეშმარიტი შემგროვებელი ვიყავი... ქალების კი არა, დაუვიწყარი მოგონებების...



№1 სტუმარი სტუმარი ანნა

ოჰოო… რატომ მაქვს განცდა, რომ,რასაც ვკითხულობ ახლა და რასაც შენ წერ, დასრულების ჟამს მთლიანად არევს ჩემში ყველაფერს და რაღაც დაუვიწყებელს მაჩუქებს? რატომ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ,,მცირე” ნამუშევარი ჩემში დიდ გადატრიალებას გამოიწვევს და წარუშლელ კვლას დატოვებს? მგონი უკვე აღვნიშნე, რომ საოცრად გამართულად წერ…შენი სათქმელი იმაზე უფრო ზუსტად მოგაქვს მკითხველამდე, ვიდრე შენ წარმოგიდგენია… ერთი დიდი სიამოვნებაა კითხულობდე შენს თავებს და მერე ყოველი ახლის დადებამდე წინას აანალიზებდე(მიუხედავად იმისა, რომ გამოქვეყნების შეალედი დიდია)… ძალიან მომწონს თითოეული დეტალის სწორად გათვლა და არანაირი ფაქტობრივი შეცდომა… ლუკასის პერსონაჟის დაკვირვებულობა და ამოცნობის უნარი, რეალისტი და ამავდროულად საოცრად რომანტიკული ხასიათი, მისი თვითკრიტიკის ზომიერება და მოვლენების სწორი განსჯა (პიროვნულ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით, ამას სიყმაწვილის გამოუცდელობას და ცოტაოდენ უთავბოლობას მივაწერ), ქმნის ისეთ სინთეზს, რომელიც მინდა რეალურ ადამიანებში ვიპოვო, აღმოვაჩინო და შევიმეცნო… მატილდას გონიერება და ენაწყლიანობა ყოველგვარ საზღვარს სცდება( პ.ს. ჯერ არ ჩანს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მან წარსულში რაღაც ისეთი შეცდომა დაუშვა, რომელიც ვერ გათვალა… არა სხვასთან ან საკუთარ თავთან,არა, არამედ მათ მომავალთან და ვფიქრობ, ამ მხრივ, ცარიელია)… მომწონს და მიყვარს შენი პერსონაჟები… მიხარიხარ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent